(1973 წლის საუბრებიდან)
მთარგმნელი: მამუკა გურული
წარმოსახვაზე დაფუძნებული ტექნიკები მხოლოდ მაშინ დაგეხმარებათ, თუ თამაშობთ მათთან. თუ სერიოზულები ხართ, ამ დროს არსს კარგავთ. თამაშის დროსაც კი, მხოლოდ იმისთვის თამაშობთ, რომ რაღაცას მიაღწიოთ, რაღაც მიიღოთ, მოიგოთ. ხოლო თუ მომავალში არაფერია, თამაშის მიმართ ინტერესს კარგავთ. ამბობთ: მაშინ რა აზრი აქვს თამაშს? საერთოდ რა აზრი აქვს თამაშს? ჩვენ ისე ძლიერ ვართ ორიენტირებული საბოლოო მიზანზე, რომ ყველაფერს საშუალებად ვაქცევთ. ერთი რამ უნდა დაიმახსოვროთ: მედიტაცია - ეს უმაღლესი თამაშია, და არა საშუალება რაღაცის მისაღწევად, საშუალება გასხივოსნებისთვის. გასხივოსნება მედიტაციაში ხდება, მაგრამ მედიტაცია - ეს არაა საშუალება გასხივოსნებისთვის; ეს არაა საშუალება უმაღლესი თავისუფლებისთვის. უმაღლესი თავისუფლება მედიტაციაში ხდება, მაგრამ მედიტაცია - ეს არაა საშუალება უმაღლესი თავისუფლებისთვის. თქვენ არ შეგიძლიათ გამოიყენოთ მედიტაცია, როგორც მიზეზი, რომელმაც რაღაც უნდა გამოიწვიოს. ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი მოვლენა ისაა, რომ მრავალი საუკუნის განმავლობაში მათ, ვინც გაიგეს, ამბობდნენ, რომ მედიტაცია მედიტაციისთვის უნდა იყოს. მედიტაციისგან არაფერი არ უნდა გსურდეთ. დატკბით მისით, არ გამოხვიდეთ მისგან, და თანმხლები მოვლენა გასხივოსნება იქნება. დაიმახსოვრეთ - ეს თანმხლები მოვლენა იქნება, და არა შედეგი. მედიტაცია - არაა მიზეზი, მაგრამ თუ ღრმად ხართ თქვენს მედიტაციაში, გასხივოსნება თავისით ხდება. სინამდვილეში, თამაშში ღრმად ყოფნა - აი, ესაა გასხივოსნება. მაგრამ გონება ყველაფერს და ყოველთვის სამუშაოდ აქცევს. ის ამბობს: გააკეთე ეს, რადგან სარგებელს მოგიტანს. წარმოსახვითია ეს, თუ ნამდვილი - გონებას სჭირდება, რომ რაიმეს მოეჭიდოს, რაიმეში მოახდინოს საკუთარი თავის პროეცირება. მხოლოდ მაშინ შეუძლია თავი მიუძღვნას რაიმეს. ასე მუშაობს გონება. ის მოქმედებს აწმყოში მომავლისთვის. მომავალი შესაძლოა ილუზორული იყოს, არასოდეს მოხდეს, მაგრამ გონებას მხოლოდ მაშინ შეუძლია მუშაობა, თუკი მომავლის იმედი აქვს. სწორედ ამას ეწოდება სურვილი - იმუშაო აწმყოში მომავლისთვის. მიზანი ყოველთვის სადღაც სხვაგანაა. საშუალება აქაა, მაგრამ მიზანი - სხვაგან. ეს დაყოფა მიზნად და საშუალებად, ეს შუალედი - თავად სურვილს წარმოადგენს. ხოლო თუ თამაშობთ, სურვილი აღარაა, რადგან აქაა მიზანიც და საშუალებაც. თამაშის დროს არაა მომავალი. თქვენ ისე ძლიერ ერწყმით თამაშს, რომ მომავალი უბრალოდ ქრება.
დააკვირდით, როგორ თამაშობენ ბავშვები. დააკვირდით მათ სახეებს და მათ თვალებს. ზუსტად ახლა ისინი მარადისობაში არიან. ისინი. ბედნიერები არიან იმიტომ, რომ თამაშობენ. მათი ბედნიერება არაა რაიმე მიზანში. ის აქ და ახლაა. ისინი ყოველ წამს ბედნიერები არიან, და არა იმიტომ, რომ რაიმე დიდებული მოხდება. ეს უკვე ხდება, ისინი უკვე მარადისობაში არიან. მათი გონება ჯერ არაა განვითარებული. ჩვენ ვაიძულებთ მათ განვითარებას, რადგან თამაშისგან ამქვეყნად დიდი სარგებელი არაა. მათ მოუწევთ, რომ მუშაობა ისწავლონ, მოუწევთ რომ დაყონ საშუალებები და მიზნები, მოუწევთ, რომ შუალედი შექმნან ამ მომენტსა და მომავალ მომენტს შორის. ვასწავლოთ მათ აწმყოს გაწირვა მომავლისთვის. აი, ესაა გზა, რომლითაც ეს ქვეყანა მიდის. მატერიალური გზა, სურვილების გზა. სურვილი ყველაფერს უტილიტარულად აქცევს.
მედიტაციაში თქვენ კვლავ მოთამაშე ბავშვები ხდებით, მომავალზე წარმოდგენების გარეშე, და უშუალოდ მოქმედებით ტკბებით, და ამ დროს წარმოსახვა - ეს არაა სურვილი, ამ დროს შეგიძლიათ ითამაშოთ მასთან, და ეს ერთ-ერთი უმშვენიერესი მოვლენაა. წამის ბოლომდე შთანთქმის ეს თამაში - არის კიდეც გასხივოსნება. იმ მომენტში, როცა ეს გემართებათ, თქვენ გარდაიქმნებით, ამიტომ გასხოვოსნება არასოდესაა მომავალში. ის ყოველთვის აწმყოშია. და ეს არაა სამუშაო, რომელიც უნდა გააკეთოთ. ესაა თამაში, რომელიც უნდა ითამაშოთ.
ამაშია ლილას ინდური კონცეფციის აზრი. ღმერთი თამაშობს. მას საქმე არ აქვს მუშაობასთან. ეს სამყარო არაა უტილიტარული - იგი მხოლოდ ენერგიის თამაშია. ენერგია თამაშობს და საკუთარი თავით ტკბება. იგი ყოფს საკუთარ თავს, და შემდეგ დამალობანას ეთამაშება საკუთარივე თავს. ამიტომ ინდოელი ბრძელები არასოდეს ამბობდნენ, რომ ღმერთი - შემოქმედია. ისინი ამბობენ, რომ ღმერთი მოთამაშეა. რადგან თავად სიტყვა შექმნა - ისეთ სერიოზულობას ატარებს, თითქოს იყოს რაღაც მიზანი და რაღაცას უნდა მიაღწიო. ღმერთი, რომელიც სამყაროს ქმნის? რა სისულელეა. ეს ნიშნავს, რომ რაღაც არაა საკმარისი, და ღმერთი სამყაროს ქმნის, რომ რაიმეს მიაღწიოს; ასევე ეს ნიშნავს, რომ არსებობს მომავალი და ღმერთი სურვილში ცხოვრობს. ჯაინებს და ბუდისტებს არ ესმით ლილას ინდუისტური კონცეფცია. ამიტომ ისინი ბოლომდე უარყოფენ ღმერთს. რადგან თუკი ღმერთი სამყაროს ქმნის, ეს ნიშნავს, რომ მას სურვილი აქვს. ჯაინები და ბუდისტები ამბობენ, რომ თუ ღმერთს სურვილი აქვს, მაშინ ღმერთი - სამყაროს ნაწილია. ის თავადვე არაა თავისუფალი. ის თავადვე არაა გათავისუფლებული. ამიტომ ისინი ბოლომდე უარყოფენ ღმერთის კონცეფციას, რადგან თვლიან, რომ ღმერთი ისაა, ვინც ყოველგვარი სურვილების მიღმაა. ისინი ამბობენ, რომ მაჰავირა - ღმერთია, რადგან სურვილებს მიღმაა, ხოლო ბრაჰმანი არაა ღმერთი, რადგან იგი სამყაროს ქმნის. მას სამყარო სურს. ისინი ვერ მიჰყვებიან. ლილას კონცეფციას.
ლილას კონცეფცია სრულიად განსხვავდება ქმნილების კონცეფციისგან. ღმერთი უბრალოდ თამაშობს, და მას ვერ ჰკიტხავ - „რატომ“? რადგან თამაშისთვის. არ არსებობს კითხვა - რატომ? რომელზეც შეგიძლია უპასუხო. ჰკითხეთ ბავშვებს: „რატომ თამაშობთ?“ და ისინი გიპასუხებენ: ჩვენ ვთამაშობთ იმიტომ, რომ ვთამაშობთ. თამაში თავისთავადაა კარგი. ამ ენერგია მოძრაობს. ჭარბი ენერგია ჩქეფს და იღვრება. რაც უფრო იზრდებით, უფრო ნაკლებად თამაშობთ. რატომ? იმიტომ რომ ახლა თქვენი ენერგია ისე არ გავსებთ. ახლა უკვე ეკონომიურები ხართ. ახლა თქვენ იცით, რომ ენერგიის გარკვეული მოცულობა გაქვთ. ეს ენერგია სამუშაოზე უნდა მიმართოთ, რაღაცის მიღწევაზე. ბავშვები კი უბრალოდ გადავსებულნი არიან. მათი ენერგია იმხელაა, რომ უბრალოდ იძულებულნი არიან - ითამაშონ. ეს ენერგიის უზარმაზარი მოცულობაა, და ის სულ მოძრაობაშია. ბავშვები ყოველი წამით ტკბებიან. ბავშვი დარბის, დახტის, მაგრამ რაიმე მიზნისკენ არ ისწრაფვის. სირბილი უკვე თავისთავად მშვენიერი განცდაა სასიცოცხლო ენერგიისა. ესაა განცდა იმისა, რომ ცოცხლები ხართ, და ისე ხართ გადავსებული ენერგიით, რომ შეგიძლიათ ასე უბრალოდ მოისროლოთ და ეკონომიაზე არც დაფიქრდეთ.
ღმერთი ნიშნავს აბსოლუტურ ენერგიას, უსასრულო ენერგიას. ღმერთი ვერ იქნება ეკონომიური. მას იმდენი ენერგია აქვს, ისეთი უსასრულო ენერგია აქვს, რომ შეუძლია მხოლოდ ითამაშოს. და ეს თამაში მუდმივად გრძელდება. მას არ აქვს დასასრული. ის ვერ იქნება, რადგან ენერგია უსასრულოა, და ვერ ჰკითხავ - რატომ? ენერგია მოძრაობს. მისთვის არ არსებობს - რატომ. თუ ღმერთმა. შექმნა სამყარო, შეგიძლიათ ღმერთს ჰკითხოთ - რატომ შექმენი სამყარო? მაგრამ თუ ის უბრალოდ თამაშობს, შეუძლებელია ჰკითხო - „რატომ?“
როდესაც თამაშს იწყებთ, თქვენც ღვთაებრივი ხდებით. თუ მუშაობთ, ადამიანი ხართ. თუ თამაშობთ - ღვთაებრივი ხდებით. მაშინ თამაშში მონაწილეობთ. აი, რატომ ვუწოდებთ კრიშნას აბსოლუტურ ავატარს. რამას არ ვუწოდებთ აბსოლუტურ ავატარს. ჩვენ მას ნაწილობრივ ავატარს ვუწოდებთ, კრიშნას კი აბსოლუტურს. განსხვავება იმაშია, რომ რამა სერიოზულია. ის უტილიტარულია, საბოლოო მიზანზეა ორიენტირებული. „ეს სწორია, ეს კი - არასწორია“. სწორი და არასწორი მხოლოდ სამუშაოში არსებობს: ეს უნდა გააკეთო, ეს არ უნდა გააკეთო; ეს კარგია, ეს ცუდია; კრიშნასთვის ყველაფერი თამაშია, ყველაფერი შეიძლება. არსებობს მხოლოდ თამაშის წესები. თუ წესებს მიყვებით და თუ იცით, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ თამაშია, და წესები უნდა დაიცვა, ეს კარგია. თუ წესებს არ მიყვებით, ცუდი ამაში არაფერია. სინამდვილეში თქვენ საწინააღმდეგო თამაშს თამაშობთ. თამაშს, რომელშიც წესებს არ იცავენ. თუ ემორჩილებით, მორჩილებას თამაშობთ. თუ არ ემორჩილებით, დაუმორჩილებლობას თამაშობთ. მაგრამ ამაში არასწორი არაფერია. თქვენი არჩევანია, რა თამაშს ითამაშებთ. თუ არ ხართ სერიოზული და რაც არ უნდა აკეთოთ ბედნიერი ხართ, მაშინ გასხივოსნებული ხართ.
რადგანაც თამაში თქვენსა და სხვა ადამიანებს შორის უნდა გათამაშდეს, არსებობს წესები. თუ მარტო თამაშობთ, წესების საჭიროება არაა. მაშინ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს შეცვალოთ წესები. მაგრამ რადგან სხვებთან ერთად თამაშობთ, თამაში რომ შესაძლებელი გახდეს, წესებია საჭირო. სხვა არანაირი. მიზეზი აქ არაა. მორალი - წესია. სიყვარული - წესია. საზოგადოებაც - ეს მხოლოდ წესებია. ეს ყველაფერი ურთიერთ-შეთანხმებული წესებია, რომლებითაც თამაშს აპირებთ. თუ არ გსურთ თამაში, მაშინ მეამბოხე ხდებით. მაგრამ ნუ იქნებით ამ დროს მეტისმეტად სერიოზული. ითამაშეთ მეამბოხე. და თუ ვინმე გკლავთ, ჯვარს გაცვამთ, იცოდეთ, რომ მეამბოხე ლიდერის როლი აირჩიეთ, და ამიტომაც მოგკლეს. ამისთვის ვერავის გაამტყუნებთ. თქვენ დადგენილ წესებს არ მისდევდით. ეს წესები კი თქვენს წინააღმდეგაა, ასე რომ ყველაფერი რიგზეა. მაშინ ყველაფერი სწორია და არ გჭირდებათ უკმაყოფილების გამოხატვა. როცა აცნობიერებთ, რომ სამუშაოს, სარგებლის, რაიმე მიზნის მიღწევის კონცეფცია - ეს მონობაა, მაშინ ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ წყვეტთ თქვენს თამაშს ამქვეყნიურში. თამაშს აგრძელებთ, მაგრამ ახლა იცით, რომ ეს თამაშია. ეს არ ნიშნავთ, რომ ცოლს შორდებით. თქვენ აგრძელებთ თამაშს სახელწოდებით ცოლ-ქმრობა. მაგრამ კარგად იცით, რომ ეს თამაშია. ნუ იქნებით მასში მეტისმეტად სერიოზულები. თუ გსურთ ითამაშოთ თამაში სახელწოდებით - განქორწინება, ითამაშეთ, მაგრამ გახსოვდეთ. მასშიც ნუ იქნებით მეტისმეტად სერიოზული. ქორწინება ან განქორწინება - ეს მხოლოდ და მხოლოდ შესაძლო თამაშებია. იყო მიწიერი ადამიანი, ან იყო სანიასი - ორი სხვადასხვა შესაძლო თამაშია. ნუ იქნებით მათში მეტისმეტად სერიოზულები. იყავით უდარდელი, მხიარული. შეგიძლიათ ნებისმიერი თამაში ითამაშოთ, რასაც აირჩევთ, და ყველაფერი რაც ამას მოყვება, ბოლომდე მიიღეთ, რადგან ამ ყველაფერში არაფერია სერიოზული.
როცა თამაში თქვენს ცნობიერებაში ღრმავდება... ის კი გაღრმავდება, თუკი მედიტაციის თამაშს დაიწყებთ, მაშინ ეს კარგი დასაწყისია. მედიტაციაში მოთამაშე მხოლოდ თქვენ ხართ. აი, რატომაა ეს კარგი დასაწყისი. თქვენ მარტონი თამაშობთ, ამიტომ შეგიძლიათ დაივიწყოთ საზოგადოება, და საზოგადოებაც არ ჩაერევა თქვენს თამაშში. მედიტაცია - ესაა თამაში ერთისთვის.
ამრიგად, თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერი თამაში ითამაშოთ, რაც კი მოგესურვებათ, მაგრამ ამასთან, დაივიწყეთ საბოლოო მიზნები. თუ არსებობს საბოლოო მიზნები, თქვენ მედიტაციასაც სამუშაოდ აქცევთ. უბრალოდ ითამაშეთ მედიტაციით, დატკბით მისით, გიყვარდეთ იგი. იგი თავისთავში მშვენიერია. იმისთვის, რომ მშვენიერი იყოს, მას არ სჭირდება საბოლოო მიზანი. ჩემთან მოდიან ადამიანები და მეუბნებიან. ჩვენ ვტკბებით მედიტაციით, მაგრამ გვითხარით, რა გამოვა ამისგან? როგორი იქნება საბოლოო შედეგი? მე მათ ვპასუხობ: სწორედ ესაა საბოლოო მიზანი - თქვენი ტკბობა. უფრო მეტად დატკბით. მაგრამ ისინი მაინც მეკითხებიან: „მოგვიყევი რაიმე მასზე, როგორი იქნება საბოლოო შედეგი? რას მივაღწევთ?“ მათ საერთოდ არ აინტერესებთ, სად იმყოფებიან. მათ აინტერესებთ - სადამდე მიაღწევენ. გონებას არ შეუძლია აწმყოში არსებობა, ამიტომ იგი მუდმივად გვაწვდის გამართლებებს მომავლისკენ მოძრაობისთვის. ყველა ეს გამართლება არის კიდეც სურვილი. ამიტომ თუ გსურთ, რომ ღმერთი იყოთ, ან ბუდა იყოთ, მაშინ თქვენი მედიტაცია სურვილი იქნება, მაშინ ის არ იქნება მედიტაცია. ხოლო თუ არაფერი გსურთ და უბრალოდ ყოფიერებით ტკბებით, უბრალოდ ზეიმობთ ცხოვრებას, უბრალოდ ტკბებით შინაგანი ენერგიით, რომელიც თამაშობს წარმოსახვით, სიცარიელით, და ამასთან ერთიანი ხართ ტკბობის ამ წამთან, მაშინ - ეს მედიტაციაა, მაშინ - სურვილი აღარაა, და როცა სურვილი არაა, სამყარო გშორდებათ, როცა სურვილი არაა - მოთამაშე გონებაში შედიხართ. თქვენ უკვე იქ ხართ. მაგრამ ამაში უნდა გაწვრთნათ თქვენი გონება, რადგან თქვენი გონება გარდამქმნელია. ის ყველაფერს სურვილებად გარდაქმნის. მას შეუძლია სურვილის არ-ქონაც კი სურვილად გარდაქმნას. მოდიან ადამიანები და მეკითხებიან: როგორ აღწევენ ადამიანები არ-სურვილის მდგომარეობას? ასე იქცევა არ-სურვილი სურვილად. თქვენს გონებაში გარდამქმნელი მექანიზმია. რაც არ უნდა ჩადოთ მასში, სურვილის სახით გამოდის.
იყავით ყურადღებით ამასთან დაკავშირებით. დატკბით აწმყოს წამით იმდენად ტოტალურად, რომ მომავალში მოძრაობისთვის ენერგია არ დაგრჩეთ. მაშინ ნებისმიერ წამს, ნებისმიერ დღეს მოხდება ის, რომ სიბნელე გაქრება, ყველა დაბრკოლება გაქრება, და უეცრად თავისუფალი გახდებით. მაგრამ უფრო მეტად გააკეთეთ აქცენტი თამაშზე, და უფრო ნაკლებად - მომავალზე.