ტოლკინის მითოლოგია, როგორც მზრუნველობა

Admin
ხელოვნება
0
0

ავტორი: მეკო გელაშვილი

ტოლკინის ლეგენდარიუმის გენიალურობა იმაშია, რომ მისი მონუმენტური მითოლოგია არ იწყება კოსმოგონიიდან, ის იწყება ყველაზე წმინდა ამბიდან. ტოლკინი პირველ რიგში არის მამა, რომელიც ყოველ შობას წერს თავის შვილებს წერილებს.

არსებობს წიგნად გამოცემული “შობის პაპის წერილები”, რომლის წერაც ტოლკინმა 1920 წელს დაიწყო და აგრძელებდა თითქმის ყოველ წელს 1943 წლამდე. ეს არის პერიოდი, როცა მისი შვილები პატარები იყვნენ. ის თავის შვილებს ყოველ წელს უგზავნიდა წერილებს თავისივე ნახატებით. ცდილობდა, რთულ პერიოდში მათ ახალი წლის ჯადოსნურობის შეგრძნება არ დაეკარგათ. აქ ტოლკინი ჯერ მამაა და არა ეპოსის არქიტექტორი. აქ ფანტაზია ჯერ კიდევ უმანკოა. არა იმ გაგებით, რომ არაფერი სახიფათო არ ხდება (უკვე პირველ წერილებში შობის პაპას ჩამოეცლება საკვამური, დათვები იწვევენ ქაოსს), არამედ, იმ გაგებით, რომ ძალაუფლება არ არის მოტივი.

შობის პაპა არ არის ღმერთი, რომელიც ქმნის სამყაროს. ის არის მოხუცი, რომელიც ცდილობს, ცდება, იღლება, მაგრამ, მაინც გრძნობს პასუხისმგებლობას. ეს არის სწორედ ის, რაც ტოლკინს განასხვავებს თავისივე მეგობარი ლუისისგან (ნარნიას ავტორი) ან სხვა ქრისტიანული ფანტაზიის ავტორებისგან. მისი თეოლოგია არ იწყება ღვთის ყოვლისშემძლეობიდან, ის იწყება მზრუნველობის ხელმისაწვდომობიდან.
შობის პაპის წერილებში ელფი "Ilbereth" არის ის, ვინც სინამდვილეში წერს. ეს ზუსტად ასახავს ვარდას (Elbereth) როლს ტოლკინის კოსმოლოგიაში. ვარდა არის "Elbereth Gilthoniel" - „ვარსკვლავთა დედოფალი“, რომელმაც აანთო ვარსკვლავები მანამ, სანამ მელკორი შემოიტანდა ბნელს. თუმცა, ვარდას როლი არ არის მხოლოდ „შექმნა და გაცხადება“. „სილმარილიონში“ ვარდა არის ის ვალა, რომელსაც ელფები ყველაზე ხშირად მიმართავენ, რადგან მან მოისმინა მათი ხმა უფრო ადრე, ვიდრე სხვა ვალარებმა. მისი ვარსკვლავები არა უბრალოდ სილამაზე, არამედ, ნავიგაციის წერტილებია, რომლებიც დაკარგულ ელფებს გზას უჩვენებს. „შობის პაპის წერილებში“ "Ilbereth" ინარჩუნებს უწყვეტობას, ყოველწლიურ რიტუალს, კავშირს ბავშვებთან.

ევროპული მითოლოგია (სკანდინავიური, გერმანული) ძირითადად პატრიარქალურია - ოდინი, თორი, დიდი მეომრები და მეფეები. ტოლკინი, რომელსაც სწორედ ეს მითოლოგია უყვარდა, აგებს სამყაროს, სადაც: მანუე (ცის მბრძანებელი კაცი), ვალარების მეუფე ლიდერია იმიტომ, რომ ის უახლოვდება ერუს (ტოლკინის სამყაროს ღმერთი) ნებას. თუმცა, ვარდა (მანუეს ცოლი) არის ის, ვინც ხედავს უფრო შორს. ვარდა ქმნის ვარსკვლავებს სწორედ მაშინ, როდესაც პირველი ელფები იღვიძებენ Cuiviénen-ში. ეს არ არის შემთხვევითობა. ტოლკინი წერს, რომ ვარდამ „დაასრულა თავისი დიდი შრომა“ სწორედ ამ მომენტში. ისაა დედა, რომელიც ამზადებს სახლს ბავშვების გამოღვიძებამდე.

და აქ ვბრუნდებით "Ilbereth"-თან: რატომ წერს ის შობის პაპის სახელით? დედის სიყვარული უხილავია. ის არის სტრუქტურა, რომელშიც ბავშვი ცხოვრობს. შობის პაპა არის დისკურსი, ხილული, სახელდებული, რომელსაც ბავშვი მოელის.

"Ilbereth" კი არის პირობა, ის, რაც ხდის შობის პაპის არსებობას შესაძლებელს.

• "შობის პაპა" (მამა) - ხილული, რომელიც ქმნის ნარატივს, მაგრამ, ხშირად ცდება;
• "Ilbereth" (დედა) - უხილავი, რომელიც სინამდვილეში წერს, ინარჩუნებს კავშირს;
• "Manwë" (მამა) - ლიდერი, რომელიც ცდილობს გაიგოს ერუს ნება;
• "Varda" (დედა)- ის, ვინც ანთებს ვარსკვლავებს, რათა სიბნელეში გზა ხილული გახდეს.

ორივე შემთხვევაში, მამა არის დისკურსი. დედა არის პირობა.

როდესაც ტოლკინი იწყებს "Ainulindalë"-ში თავისი კოსმოგონიის დაწერას, ის აგებს სამყაროს, რომელშიც მატერია და სული ერთმანეთთან შეჯამებულნი არიან.

„Fëa“ (სული) არის ის, რაც გაგრძელდება სიკვდილის შემდეგაც.
„Hröa“ (სხეული) არის ის, რაც შექმნილია არდას მატერიიდან და უნდა იყოს სულის სახლი, არა საპყრობილე.
„Arda Unmarred“ (დაუზიანებელი არდა) არის არქიტექტურული იდეა. სამყარო, სადაც სხეული არ არის ტვირთი. სადაც განსხეულება არა დაცემას, არამედ, სამყაროსთან კავშირის სისრულეს ნიშნავს.
„Arda Marred“ (დაზიანებული არდა) - როდესაც მელკორს შემოაქვს დისონანსი მუსიკაში და ეს დისონანსი ჩაიწერება არდას თავად სტრუქტურაში.

აქედან მოყოლებული:
„Hröa“ კარგავს თავის უმანკოებას. სხეული ხდება მოწყვლადი, დაბერებადი, მიღმა.
„Fëa“ იწყებს გრძნობას, რომ ამ სამყაროში ის უცხოა. ელფებს სურთ ვალინორის დაბრუნება. ადამიანები კი გრძნობენ, რომ სიკვდილი არის გამოსავალი, მაგრამ, ამავდროულად - დაკარგვა.
და სწორედ ამ ბზარში იბადება ისტორია.
თუ „Arda Unmarred“ არის სიმღერა, „Arda Marred“ არის ეპოსი - ადგილი, სადაც არჩევანი ხდება აუცილებელი, რადგან ჰარმონია უკვე დაშლილია და ყოველი ქმედება არის მცდელობა რაღაცის გადარჩენისა.
ზუსტად აქ ჩნდება არაგორნი.

სიტყვა „Estel“ სინდარინზე ნიშნავს „იმედს“, მაგრამ არა როგორც ემოციას, არამედ, როგორც ფილოსოფიურ დამოკიდებულებას. ეს არის ის, რასაც არაგორნი ატარებს სახელად. ეს არის რწმენა, რომ სამყაროს შიშველი სტრუქტურა არ არის საბოლოო მისი მნიშვნელობა. ტკივილი, დაქვეითება, სიკვდილი არ ამთავრებს ნარატივს.

„Estel“ არ არის ოპტიმიზმი. „Estel“ არის უარი იმაზე, რომ დამარცხება იყოს იდენტობა.

„Arda Healed“ (განკურნებული არდა) - აქ მოდის ყველაზე რთული ნაწილი ტოლკინის თეოლოგიაში. „Arda Healed“ არ არის „Arda Unmarred“-ის აღდგენა. არ ხდება დაბრუნება „პირვანდელ სიწმინდესთან“. ეს იქნებოდა მითოლოგიური ინფანტილიზმი, უგულებელყოფა იმისა, რაც მოხდა. „Arda Healed“ არის სამყარო, რომელმაც იცის „Marring“-ის (ზიანის) შესახებ, ატარებს მის კვალს, მაგრამ, არჩევს მთლიანობას. ეს არის განსხვავება „უმანკოსა“ და „განკურნებულს“ შორის. უმანკო ნიშნავს, რომ ჭრილობა არასდროს ყოფილა. განკურნებული ნიშნავს, რომ ჭრილობა იყო, მაგრამ, ნაწიბური არის ახალი ტიპის მთლიანობა.აქ ჩნდება სრული წრე.

თუ ტოლკინის მითოლოგიის არქიტექტურა შემდეგნაირია:
„Unmarred“ - სიჩუმე, შესაძლებლობა;
„Marred“ - ბზარი, ისტორია;
„Estel“ - არჩევანი მთლიანობისკენ;
„Healed“ - განკურნება, რომელიც ატარებს წარსულს.
მაშინ „შობის პაპის წერილები" ნიშნავს განკურნებულ არდას.
შობის პაპა არ არის უტყუარი. ის არის მოხუცი, რომელიც ცდება, იღლება, ხანდახან თითქმის ვერ ასწრებს, მაგრამ მაინც წერს წერილებს.
ეს არის განკურნებული სამყაროს ეთიკა: არა სრულყოფილება, არამედ, მოვლა. არა ყოვლისშემძლეობა, არამედ, ერთგულება.
ტოლკინი, რომელმაც დედა ცხრა წლისამ დაკარგა, რომელიც იბრძოდა პირველ მსოფლიო ომში, რომელმაც იცოდა, რას ნიშნავს „დაზიანებული არდა“ - ირჩევს მზრუნველობას.

ტოლკინის გენიალურობა ის არის, რომ მან შექმნა მითოლოგია, რომელიც:
არ იწყება ღმერთის ყოვლისშემძლეობით;
არ მთავრდება აპოკალიფსით;
არ აკეთებს ტკივილის რომანტიზებას.
ის იწყება მამით, რომელიც წერს წერილებს და დედა ანათებს გზას, რათა ამ წერილმა დანიშნულების ადგილზე მიაღწიოს.
სამყარო, რომელმაც ტკივილი გადაიტანა, მაინც შეიძლება იყოს სახლი.
არა იმიტომ, რომ ტკივილი აღარ არსებობს. არამედ, იმიტომ, რომ ზრუნვა - არჩევანია.
ტოლკინის სამყაროში მამა გვიყვება ზღაპარს, დედა კი ანთებს ვარსკვლავებს, რათა ზღაპარი არ დაიკარგოს.

მსგავსი სტატიები

ორაკული მატრიცაში


"მატრიცაში" ორაკულის არ არის მხოლოდ საინტერესო პერსონაჟი, ის თავად ...

წამი


ავტორი: ქრისტინე ბებია იყო ერთი ზარმაცი. ეჯავრებოდა შრომა. ღმერ...

არიადნეს მისტერია


არიადნეს მისტერია კადრი გიორგი ალექსიძის სახელობის თბილისის თანა...

εμη τανατογενοσ - რაზედ ჩურჩულებს ველი


 ველი ჩურჩულებს ორი ინგლისურენოვანი ქვეყნის  ურთიერთობაზე, კინოინდუ...

რუმისა და შამს თებრიზის შეხვედრა


 ლეგენდის მიხედვით, როცა ჯალალ-ედ-დინ რუმი იჯდა და წიგნებს კითხულობ...

დრაკონის გამოსვლა


ფილმში "დრაკონის გამოსვლა" ბრიუს ლი არის შაოლინის მონასტრის ერთ-ერთ...

ინტერვიუ უინგ შიასთან


მთარგმნელი: ანეტ შტრაუსი    - უინგ შია   &n...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff