ჯეიმს ფრეის წიგნიდან - "როგორ დავწეროთ გენიალური რომანი?"
მთარგმნელი: მამუკა გურული
არ შეგიძლიათ, შექმნათ პერსონაჟი, რომელთა ხატ-სახეებიც ცეცხლს დაანთებენ მკითხველის წარმოსახვაში? ე.ი. კარგი რომანი არ გამოგივათ. პერსონაჟები მწერლისთვის იგივეა, რაც აგურები მშენებლისთვის. პერსონაჟები - ესაა მასალა, რომლისგანაც მთელი რომანი შენდება.
არცერთი პერსონაჟი - homofictus (გამოგონილი ადამიანი) არ ჰგავს homo sapiens-ს (გონიერ ადამიანს). პერსონაჟი უნდა განსხვავდებოდეს ჩვენგან, ხორციელი ადამიანებისგან. მკითხველი განსაკუთრებულისკენ ისწრაფვის; საშუალო მას არ აინტერესებს. მკითხველს სურს, რომ გამოგონილი ადამიანი უფრო ლამაზი, ან უფრო უსახური იყოს, უფრო კეთილშობილი, ან უფრო ვერაგი, ვიდრე ნამდვილი, რეალურ სამყაროში მცხოვრები ადამიანი. გამოგონილ ადამიანს უფრო ცხელი ვნება აქვს, უფრო ცივი რისხვა, იგი მეტს მოგზაურობს, მეტს ჩხუბობს, უფრო ხშირად უყვარდება, უფრო ხშირად იცვლება და სექსიც უფრო ხშირად აქვს. გამოგონილი ადამიანი ყველაფერში აღემატება გონიერ ადამიანს. მაშინაც კი, თუ პერსონაჟი მარტივი, მოსაწყენი და უჟმურია, თავის უბრალოებაში, მოსაწყენობაში და უჟმურობაში იგი თავის ორეულს რეალურ სამყაროში ასი ქულით აჯობებს.
ადამიანები რეალურ ცხოვრებაში არასტაბილურები, წინააღმდეგობებით და შეცდომებით სავსენი არიან: ხან უხარიათ, ხან სასოწარკვეთილებაში ვარდებიან. ჩვენი განწყობა ყოველ ჩასუნთქვასთან ერთად იცვლება. გამოგონილი ადამიანი შეიძლება რთული იყოს, ცვალებად, იდუმალიც კი, მაგრამ იგი ყოველთვის გასაგები უნდა იყოს მკითხველისთვის. თუ უეცრად გაუგებარი გახდება, მკითხველი უბრალოდ დახურავს წიგნს, და ამით ყველაფერი დამთავრდება.
რეალურ სამყაროში არსებობისას, ჩვენ, გამოგონილი პერსონაჟისგან განსხვავებით, არ ვართ შეზღუდულნი სიუჟეტის სივრცობრივი ჩარჩოებით. გამოგონილი პერსონაჟი უფრო მარტივია, რადგან ცხოვრება, რომელიც რომანშია აღწერილი, იმაზე უფრო მარტივია, ვიდრე ის, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ.
დავუშვათ, გადაწყვიტეთ, რომ ფურცელზე გადმოიტანოთ ყველაფერი, რაც დღეს საუზმეზე შეგემთხვათ, გამონაკლისის გარეშე. შედეგად უზარმაზარი ტომი გამოგივათ: მოგიწევთ, რომ მოყვეთ უამრავი შეგრძნების, აზრის, ხატ-სახეების შესახებ, რომლებიც თავში გიტრიალებენ. როცა მწერალი თავისი ნაწარმოების პერსონაჟის შესახებ გვიყვება, მან თავისი გმირის მხოლოდ ის აზრები, გრძნობები, შთაბეჭდილებები და სურვილები უნდა აღწეროს, რომლებიც მისი პიროვნების განვითარებასთან არიან დაკავშირებულნი და მის ქმედებებზე ზემოქმედებენ. ისინი უნდა შეესაბამებოდნენ ხასიათის იმ შტრიხებს, რომლებიც გადამწყვეტ როლს ითამაშებენ, როცა გმირი სიუჟეტით განპირობებულ ცხოვრებისეულ კოლიზიებს შეეჯახება.
მწერალი თავად ირჩევს, რა მოყვეს და რა დამალოს. ასე იბადებიან პერსონაჟები - რომლებიც მაშინაც კი, თუ ძალიან მკაფიონი არიან, არ წარმოადგენენ ადამიანებს სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. homofictus - ესაა აბსტრაქცია, რომელიც კვინტესენციას წარმოადგენს, მაგრამ არა homosapiens-ის არსის სისავსეს.