2. ილუზიების ქსელი
2. ილუზიების ქსელი
მარტის ქარები ჩაწყნარდნენ. გაზაფხულის ყვავილობა ყველგან ავრცელებდა თავის სურნელებას, რომელიც საშხაპეშიც კი აღწევდა, სადაც ოფლს და დაღლილობას ვიშორებდი კარგი ვარჯიშის შემდეგ.
სწრაფად ჩავიცვი და ქვემოთკენ გავიქეცი «ჰარმონ ჯიმის» კომპლექსის უკანა კიბით, და დავინახე, როგორ აფერადებდნენ ფორთოხლისფრად მზის უკანასკნელი სხივები ცას ედვარდსის ველის ზემოთ. გრილი ჰაერი მაფხიზლებდა. მოდუნებული და დამშვიდებული აუჩქარებლად მივდიოდი ქალაქის ცენტრისკენ, რათა გზად კინოთეატრისკენ ჩიზბურგერით დავნაყრებულიყავი. დღეს იქ შესანიშნავი ფილმის, დიდი გაქცევის ჩვენება იყო, ინგლისელი და ამერიკელი ტყვეების შესახებ, რომლებმაც გაქცევა გაბედეს.
როცა ფილმი დასრულდა, ზემოთ, უნივერსიტეტ-ავენიუსკენ გავირბინე, შემდეგ კამპუსისკენ, შატაკს გავცდი, მარცხნივ შევუხვიე და ბენზინ-გასამართ სადგურზე აღმოვჩნდი თითქმის სოკრატეს მისვლისთანავე. საღამო დატვირთული აღმოჩნდა და შუაღამემდე ვეხმარებოდი. ოფისში შესვლისთანავე ხელები დავიბანეთ, რის შემდეგაც სოკრატე ჩინური ვახშმით და სწავლების ახალი ფაზით გამიმასპინძლდა.
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ „დიდი გაქცევის“ შესახებ დავიწყე მოყოლა.
«როგორც ჩანს, შესანიშნავი ფილმია, – თქვა მან და თან ბოსტნეულს ალაგებდა პაკეტიდან, – ასევე ძალიან შესაფერისი».
«ეგ როგორ?»
«აი ასე. დენ, შენც ასევე უნდა მოახდინო გაქცევა. შენც ასევე საკუთარი ილუზიების ტყვე ხარ – საკუთარ თავთან და გარესამყაროსთან დაკავშირებით. იმისთვის, რომ განთავისუფლდე, უფრო მეტი სიმამაცე და ძალა დაგჭირდება, ვიდრე ნებისმიერ კინოგმირს».
იმ ღამით ისე კარგად ვგრძნობდი თავს, რომ სოკის სიტყვებს სერიოზულად ვერ აღვიქვამდი.
«მე არ მიგრძვნია თავი ტყვედ, გარდა იმ ეპიზოდისა, როცა სკამზე მიმაბი».
მან ბოსტნეულის რეცხვა დაიწყო. «შენ ვერ ხედავ საკუთარ ციხეს იმიტომ, რომ მისი გისოსები უჩინარია. ჩემი ამოცანის ნაწილი იმაში მდგომარეობს, რომ მიგითითო სირთულეებზე და იმედი მაქვს, რომ ეს შენი ყველაზე დიდი იმედგაცრუება იქნება შენს ცხოვრებაში (disillusioning experience) ».
«რა გაეწყობა, გმადლობ, მეგობარო», – ვთქვი მე, მისი ბოროტი განზრახვით შოკირებულმა.
«შენ ვერ გაიგე, იმედგაცრუება (ილუზიების დანგრევა) – ეს უდიდესი საჩუქარია, რომელიც შემიძლია მოგცე. თუმცა თუ გავითვალისწინებთ შენს მიჯაჭვულობას ილუზიებისადმი, შენ ამ ტერმინს ნეგატიურად თვლი. შენ თანაგრძნობას გამოხატავ მეგობრისადმი ფრაზით: „როგორი იმედგაცრუება გახდა ეს შენთვის!“, იმის ნაცვლად, რომ მიულოცო მას. სიტყვა „იმედგაცრუება“ (disillusion) სიტყვასიტყვით ნიშნავს «კლანჭებისგან (ილუზიებისგან) განთავისუფლებას“. მაგრამ შენ ეჭიდები შენს ილუზიებს.
«დამიმტკიცე», – გამოვიწვიე იგი.
«მტკიცებულება იმაშია, დენ», – თქვა მან, – «რომ შენ იტანჯები; შენ ვერ იღებ ფუნდამენტალურ სიამოვნებას შენი ცხოვრებისგან. შენი გართობები, შენი სასიყვარულო ინტრიგები, და შენი გიმნასტიკაც კი მხოლოდ დროებითი საშუალებებია, რომლებიც მოახლოებული შიშისგან გაცდენენ ».
«ერთი წუთით, სოკ, – დავიბენი მე, – შენ რა, გინდა თქვა, რომ გიმნასტიკა და სექსი ეს ცუდია?»
«აუცილებელი არაა. თუმცა შენთვის ისინი დამღუპველი ვნებებია, და არა ჭეშმარიტი სიხარული. შენ მათ იყენებ იმისთვის, რომ ყურადღება მოაცდინო იმისგან, რაც სინამდვილეში უნდა გააკეთო: განთავისუფლდე».
«მაპატიე სოკ, ეს არაა მტკიცებულება».
«დიახ, ეს – მტკიცებულებაა, და მასში ადვილია დარწმუნება, თუმცა ეს ჯერ არ გესმის. შენ, დენ, მიღწევებზე და გართობებზე სტანდარტულ ნადირობაში თავს არიდებ ყველა ტანჯვის ძირითად წყაროს».
«ეს შენ ფიქრობ ასე!» – მკვეთრად გავაპროტესტე მე და ვერ დავფარე ხმაში აგრესია.
«ეს ის არაა, რისი გაგებაც გინდოდა, ხომ ასეა?»
«დიახაც. ეს საინტერესო თეორიაა, მაგრამ არა მგონია, რომ ჩემთან მიმართებაში იყოს მართალი, და მორჩა. მოდი რამე უფრო გამამხნევებელი მითხარი».
«კეთილი, – თქვა მან და კვლავ მიუბრუნდა ბოსტნეულს, – ჭეშმარიტება მდგომარეობს იმაშ, რომ შენი ცხოვრება მშვენივრად მიდის, და არ გაქვს ნამდვილი მიზეზი ტანჯვისთვის. მე შენ არ გჭირდები. შენ უკვე მეომარი ხარ. როგორ მოგწონს ეს?»
«უკეთესია!» – ჩემი განწყობა მაშინვე გაუმჯობესდა. მაგრამ ვიცოდი, რომ ეს დიდი ხნით არ იყო. «შესაძლოა, ჭეშმარიტება სადღაც შუაშია, როგორ ფიქრობ? »
ისე, რომ ბოსტნეულისგან თვალი არ მოუშორებია, სოკრატემ წარმოთქვა: «ჩემი აზრით, ეს შენი „შუაში“, უბრალოდ - ჯოჯოხეთია».
თავდაცვის მიზნით ვკითხე: «მითხარი, საქმე იმაშია, რომ მე ვარ ასეთი ჭკუასუსტი, თუ საერთოდ სულიერად არასრულფასოვნებზე ორიენტირდები?».
«შეიძლება ასეც ითქვას, – გაიღიმა მან, კუნჟუტის ზეთი ქვაბში ჩაასხა და ელექტრო-ღუმელზე დადგა, – თითქმის მთელ კაცობრიობას იგივე წინააღმდეგობა აქვს, რაც შენ».
«რა წინააღმდეგობა?»
«ვფიქრობდი, რომ უკვე აგიხსენი, – თქვა მან მოთმინებით, – თუ არ ღებულობთ იმას, რაც გინდათ, იტანჯებით. თუ ღებულობთ იმას, რაც არ გინდათ, იტანჯებით. და თუ ღებულობთ იმას, რაც ზუსტად გინდათ, მაინც იტანჯებით, იმიტომ რომ სამუდამოდ ვერ შეინარჩუნებთ ამას. თქვენი „ჭკუა“ თქვენი წინააღმდეგობაა. მას უნდა თავისუფალი იყოს ცვლილებებისგან, ტკივილისგან, ცხოვრების და სიკვდილის მოვალეობებისგან. მაგრამ ცვლილებები - ეს კანონია, და მოჩვენებითობის ვერანაირი რაოდენობა ვერ შეცვლის ამ რეალობას».
«სოკრატე, შენ შეგიძლია მოსაწყენი გახდე! იცოდი ეს? უკვე მადაც დავკარგე. თუ ცხოვრება მხოლოდ ტანჯვაა, რაღა საჭიროა იგი საერთოდ?»
«ცხოვრება - ტანჯვა არაა. უბრალოდ შენ იტანჯები, იმის ნაცვლად, რომ გაიხარო მისით. ეს გაგრძელდება მანამდე, სანამ არ განთავისუფლდები შენი ჭკუის მიჯაჭვულობებისგან და არ გაემგზავრები სამოგზაუროდ თავისუფლად, მიუხედავად იმისა, რაც არ უნდა ხდებოდეს»
სოკრატემ ბოსტნეული ქვაბში ჩაყარა და მოურია. ოთახი არაჩვეულებრივმა არომატმა მოიცვა. მთელმა აღშფოთებამ გამიარა. «მგონი მადა დამიბრუნდა». სოკრატეს გაეცინა, ოქროსფერი ბოსტნეული ორ თეფშზე დააწყო და თავის საწერ მაგიდაზე დადგა, რომელიც სასადილო მაგიდის ფუნქციასაც ასრულებდა.
ის ჩუმად ჭამდა, და თავისი ჩხირებით პატარა ულუფებს იღებდა. მე კი ხარბად გადავსანსლე ჩემი ულუფა სადღაც ოცდაათ წამში. ძალიან მომშივნოდა. სანამ სოკრატე ტრაპეზს იღებდა, ვკითხე: «და როგორიღაა ჭკუის დადებითი ასპექტები?»
მან მზერა თეფშს მოაცილა: «ასეთები არ არსებობს». თქვა და მშვიდად დაუბრუნდა თავის ტრაპეზს.
«არანაირი?! სოკრატე, ეს სიგიჟეა. მაშ, რას იტყვი ადამიანური გონების ქმნილებებზე? წიგნებზე, ბიბლიოთეკებზე, ხელოვნებაზე? რას იტყვი ჩვენი საზოგადოების მიღწევებზე, რომლებიც ნათელმა გონებებმა გახადეს შესაძლებელი?»
მას ჩაეცინა, ჩხირები გვერდზე გადადო და თქვა: «არ არსებობენ არანაირი ნათელი გონებები». ამის შემდეგ კი თეფშები ნიჟარისკენ წაიღო.
«სოკრატე, შეწყვიტე შენი უპასუხისმგებლო განცხადებების კეთება და ახსენი!»
იგი საპირფარეშოდან გამოვიდა, თავზე ბრწყინვალებამდე გაპრიალებული თეფშებით.
«მომიწევს, რომ ახალი განსაზღვრება მივცე გარკვეულ ტერმინებს. „ჭკუა“ – ერთ-ერთი ისეთივე საეჭვო ტერმინია, როგორც „სიყვარული“. შესაფერისი განსაზრვრება დამოკიდებულია ცნობიერების მდგომარეობაზე. შემდეგნაირად შეხედე ამას: შენ გაქვს ტვინი, რომელიც მართავს სხეულს, აგროვებს ინფორმაციას, და ასევე თამაშობს ამ ინფომრაციით. ჩვენ ვეყრდნობით აბსტრაქტულ პროცესებს, რომლებიც ტვინშ მიმდინარეობს, როგორც „ინტელექტს“. ადრე არსად არ მიხმარია სიტყვა „ჭკუა“. ტვინი და ჭკუა - განსხვავებული ცნებებია. ტვინი რეალურია, ჭკუა - არა».
«ჭკუა – ეს ილუზორული გამონაზარდია საბაზისო ცერებრალური პროცესებისგან. იგი სიმსივნეს ჰგავს. იგი საკუთარ თავში ახდენს ყველა შემთხვევითი, უკონტროლო აზრების სუმირებას, რომლებიც ბუშტუკებივით ამოდიან ქვეცნობიერიდან ცნობიერის ზედაპირზე. ცნობიერება არ წარმოადგენს ჭკუას. გაცნობიერებულობა - ეს ჭკუა არაა. ყურადღებაც არაა ჭკუა. ჭკუა - ხელის შემშლელია, დამამძიმებელია. ეს ერთგვარი ევოლუციური შეცდომაა ადამიანის არსებაში, მთავარი სისუსტე ადამიანურ ექსპერიმენტში. მე ვერ მივცემ ჭკუას სხვანაირ განმარტებას».
მე ჩუმად ვიჯექი და ნელა ვსუნთქავდი. არ ვიცოდი ზუსტად რა მეპასუხა., თუმცა მალე სიტყვებიც მოვიდნენ:
«შენ უნიკალური შეხედულება გამოთქვი, სოკ. ბოლომდე არ მესმის, რისი თქმა გინდა, მაგრამ ხმა გულწრფელი გაქვს».
მან გაიღიმა და მხრები აიჩეჩა.
«სოკ», – განვაგრძე მე, - «მე რა, მომიწევს თავი მოვიჭრა, რომ ჭკუისგან განვთავიოსუფლდე?»
მან ღიმილით მითხრა: «ეს რა თქმა უნდა მეთოდია, მაგრამ ამას არასასურველი უარყოფითი ეფექტებიც აქვს. ტვინს შეუძლია იყოს ინსტრუმენტი. მას შეუძლია გაიხსენოს ტელეფონის ნომრები, გადაწყვიტოს მათემატიკური ამოცანები და შეთხზას ლექსები. ამ თვალსაზრისით ის დანარჩენ სხეულზე მუშაობს, როგორც ტრაქტორი. მაგრამ როდესაც შენ არ შეგიძლია აღარ იფიქრო მათემატიკურ ამოცანაზე ან ტელეფონის ნომერზე, ან აკვიატებული აზრები და მოგონებები მოდიან შენი სურვილის გარეშე, მაშინ ეს შენი ტვინის მუშაობა კი არა, შენი ჭკუის უაზრო ხეტიალია. მაშინ ჭკუა გმართავს და ტრაქტორი ჭკუიდან იშლება».
«მესმის».
«იმისთვის, რომ მართლა გაიგო ეს, საკუთარ თავს უნდა დააკვირდე. შენში ამოტივტივდება ბრაზიანი ფიქრი და შენ ბრაზდები. იგივე ეხება ყველა დანარჩენ ემოციას. ისინი - მარიონეტულები არიან, უპირობო-რეფლექსურნი, რეაქციები აზრებზე, რომლებსაც ვერ მართავ. შენი აზრები ველური მაიმუნებივით არიან, რომლებსაც მორიელმა უკბინა».
«სოკრატე, მე ვფიქრობ…»
«შენ ძალიან ბევრს ფიქრობ!»
«ჰო, მე მხოლოდ მინდოდა მეთქვა, რომ მართლა მინდა შევიცვალო. ეს ერთ-ერთი თვისებაა, რომელიც დამახასიათებელია ჩემთვის: მე ყოველთვის ღია ვარ ცვლილებებისთვის».
«ეს, – თქვა სოკმა, – შენი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ილუზიაა. შენ ყოველთვის გინდოდა შეგეცვალა ტანსაცმელი, ვარცხნილობა, ქალები, სახლები, სამუშაო. თქვენ ძალიან გინდათ შეცვალოთ ყველაფერი გარდა საკუთარი თავისა, გარდა საკუთარი სურვილებისა. ან მე აგიხელ თვალებს, ან ამას დრო გააკეთებს, მაგრამ დრო სულაც არაა ასეთი შემწყნარებელი» – თქვა მან მქუხარედ. «შენ თვითონ აირჩიე. მაგრამ ჯერ გააცნობიერე, რომ ციხეში ხარ. შემდეგ კი შენს გაქცევას დავგეგმავთ».
ამ სიტყვების შემდეგ საწერ მაგიდას მიუჯდა, ფანქარი აიღო და ჩეკების შემოწმება დაიწყო დაკავებული ადამიანის გამომეტყველებით. მკაფიოდ ვიფრძენი, რომ დღეისთვის მორჩა გაკვეთილი, და გამიხარდა.
მომდევნო დღეები კვირეებად გაიჭიმნენ, ძალიან ვიყავი დაკავებული, რომ სოკრატე მენახა, მაგრამ მისი სიტყვები თავიდან არ ამომდიოდა; უნებურად მათ აზრზე ფიქრი დავიწყე.
პატარა რვეულში საკუთარი აზრების ჩაწერა დავიწყე. ორი დღის შემდეგ უფრო დიდი რვეულის ყიდვა დამჭირდა; ერთ კვირაშ ისიც გავავსე. გამაოგნა ჩემი აზრობრივი პროცესების რაოდენობამ და საერთო ნეგატიურობამ.
ამ პრაქტიკამ უფრო ცნობიერი გახადა ჩემი ჭკუის ხმაური; თუმცა ამან მხოლოდ ხმამაღალი გახადა იმ ფიქრების ხმა, რომლებიც მანამდე მხოლოდ ფონური ბგერები იყვნენ ჩემს ქვეცნობიერში. ჩანაწერების კეთება შევწყვიტე, მაგრამ ფიქრები კიდევ უფრო გამაყრუებლად ისმოდა. იქნებ, სოკი დამეხმაროს ხმის დაწევაში. გადავწყვიტე იმ საღამოსვე მივსულიყავი.
სოკრატე ავტო-ფარეხში იდგა და ძველი შევროლეს ძრავს რეცხავდა. პირის გაღება დავაპირე თუ არა, ზღურბლზე ახალგაზრდა ქალის ფიგურა გამოჩნდა. სოკმაც კი ვერ გაიგონა, როგორ შემოვიდა იგი, რაც თავისთავად უჩვეულო იყო. მან ჩემზე ცოტათი ადრე შეამჩნია ქალი და ხელებგაშლილი მისკენ გაემართა. ქალი ჰაეროვანი ნაბიჯებით მიუახლოვდა, ერთმანეთს გადაეხვივნენ და ოთახშ ტრიალებდნენ. მომდევნო რამდენიმე წუთი მხოლოდ თვალებში უყურებდნენ ერთმანეთს. სოკრატე თითქოს ეკითხებოდა «ხო?», ის კი პასუხობდა «ხო». სანახაობა საკმაოდ ექსცენტრული იყო.
უსაქმურობის გამო მხოლოდ მზერით ვაცილებდი ქალს, როცა ჩემთან ახლოს ტრიალებდა. ის ხუთ ფუტზე ცოტა მაღალი იყო, ძლიერად ჩამოსხმული, მიუხედავად ამისა გარემოცული იყო ნატიფი დახვეწილობის აურით. გრძელი შავი თმა შეკრული ჰქონდა და ნათელს ხდიდა ლამაზ მაღალ შუბლს და სახის მშვენიერ კანს. მისი სახის ყველაზე აღსანიშნავი შტრიხი თვალები იყო - დიდი, შავი თვალები.
როგორც იქნა ჩემი ქვედა ყბის მოძრაობამ ყურადღება მიიქცია.
სოკრატემ თქვა: «დენ, ეს – ჯოია».
იმ წამსვე გამიტაცა ამ ქალმა. მისი თვალები სინათლეს ასხივებდნენ, ღიმილი მომნუსხველი და ცოტათი ეშაკური ჰქონდა.
«ჯოი, ეს სახელია თუ შენი განწყობის მახასიათებელი?» – ვკითხე მე და ვეცადე ჭკვიანი გამოვჩენილიყავი.
«ერთიც და მეორეც», – მიპასუხა და სოკრატეს შეხედა. მან თავი დაუქნია. რის შემდეგაც ჯოი გადამეხვია. მისი ხელები რბილად და ძალიან ნაზად მოეხვივნენ ჩემს თეძოებს. უეცრად ენერგიის მოულოდნელი მოზღვავება ვიგრძენი. სრულიად განკურნებული, დამშვიდებული, დასვენებული და ელვის მსგავსად სიყვარულით განგმირული ვიყავი.
ჯოიმ თავისი დიდი მბრწყინავი თვალებით შემომხედა, და ჩემმა თვალებმა საპასუხოდ გაიბრწყინეს. «მოხუცმა ბუდამ ალბათ ცეცხლში და წყალში გამოგატარა?» – თქვა ხმადაბლა.
«მმ‑კი, რაღაც ეგეთი». გამოფხიზლდი, დენ!
«ღირს მაგად, დამიჯერე. ოდესღაც ჩემზეც მუშაობდა».
ჩემი პირი ძალიან დასუსტებული იყო, რომ კითხვები დაესვა. იგი სოკრატესკენ შებრუნდა და უთხრა: «მოდი, შაბათს, ათ საათზე აქ შევხვდეთ და ტილდენ პარკში წავიდეთ პიკნიკზე. მე ლანჩს მოვამზადებ. ვფიქრობ, კარგი ამინდი იქნება. კარგი?». ჯერ სოკრატეს შეხედა, შემდეგ მე. მე მხოლოდ უსიტყვოდ დავუქნიე თავი, ის კი უხმაოროდ გავიდა კარიდან.
მთელი დარჩენილი საღამო სრულიად უსარგებლო ვიყავი სოკრატესთვის. რა საღამო, მთელი დარჩენილი კვირა დაკარგული იყო. როგორც იქნა დადგა შაბათი და სადგურზე გაშიშვლებული ტორსით მივედი. მინდოდა ცოტა გავრუჯულიყავი გაზაფხულის მზეზე, მაგრამ უფრო მეტად მინდოდა ჯოიზე მომეხდინა შთაბეჭდილება ჩემი დაკუნთული ტორსით.
პარკამდე ავტობუსით მივედით, შემდეგ კი ფეხით გავიარეთ ფიჭვნარი. საჭმელი მზის გულზე გადმოვალაგეთ, პატარა შემაღლებულ მინდორზე. გადასაფარებელზე გავიშხლართე, რომ გავრუჯულიყავი, და იმედი მქონდა, რომ ჯოიც შემომიერთდებოდა.
ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, უეცრად ქარი ამოვარდა და ცაზე ღუბლები შეიკრნენ. ვერ ვიჯერებდი. წვიმა დაიწყო, ჯერ წვრილი, შემდეგ კი ნამდვილი თავსხმა. საკუთარი ნივთები ავკრიფე და ყველაფერს ვწყევლიდი ამქვეყნად. სოკრატე მხოლოდ იცინოდა.
«ფიქრობ – ეს სასაცილოა?» – ვბუზღუნებდი მე. «ჩვენ ახლა დავსველდებით, ავტობუსი კი მთელი საათი არ მოვა. ჩვენი პროდუქტებიც გაფუჭდება. ჯოიმ მოამზადა ყველაფერი; დარწმუნებული ვარ, რომ ისიც ვერ იქნება ხა...» ჯოიც იცინოდა.
«მე წვიმაზე არ ვიცინი, – თქვა სოკმა, – მე შენზე ვიცინი». გადაიხარხარა და ფოთლებზე გადაწვა. ჯოიმ რიტუალური ცეკვა შეასრულა, «წვიმის სიმღერას» მღეროდა. ვერაფერს იტყოდი – ჯინჯერ როჯერსი და ბუდა ერთად.
წვიმამ ისევე მოულოდნელად გადაიღო, როგორც დაიწყო. მზემ გამოანათა და მალე საჭმელიც და ტანსაცმელიც გაშრა.
«როგორც ჩანს ჩემმა წვიმის ცეკვამ იმოქმედა» – ჯოიმ თაყვანი სცა.
მან ჩემს უეცრად მოხრლ ზურგზე შემომხედა და დაზელვა დამიწყო. სოკრატემ თქვა: «შენთვის დადგა დრო, რომ გაკვეთილები აიღო შენი ცხოვრებისეული გამოცდილებიდან, და არა იწუწუნო მასზე ან ისიამოვნო მისით, დენ. ახლახანს შემოგთავაზეს ორი ძალიან მნიშვნელოვანი გაკვეთილი; ისინი უბრალოდ ციდან ჩამოვარდნენ». მე ბოლომდე ჭამით ვიყავი დაკავებული და ვცდილობდი არ მესმინა.
«პირველ რიგში, ‑ თქვა მან, თან გემრიელად ღეჭავდა სალათის ფოთოლს, – წვიმა არც შენი იმედგაცრუების და არც შენი გაბრაზების მიზეზი არ ყოფილა».
პირში სალათის ზედმეტად ბევრი პორცია მქონდა, რომ გამეპროტესტებინა.
«წვიმა ბუნების კანონების სრულფასოვანი გამოვლინება იყო შენი „გაბრაზება“ გაფუჭებული პიკნიკის გამო, ისევე როგორც შენი „სიხარული“ კვლავ გამოჩენილი მზის გამო, შედეგი იყო შენი ფიქრებისა. მათ არანაირი კავშირი არ ჰქონდათ რეალურ მოვლენებთან. მაგალითად, ყოფილხარ თუ არა „უბედური“ რაიმე დღესასწაულების დროს? ცხადია, რომ სწორედ შენი ჭკუა და არა ვითარებები, ან სხვა ადამიანები არიან შენი განწყობების მიზეზი. ამაში მდგომარეობს პირველი გაკვეთილი».
სოკმა კარტოფილის სალათის თავისი პორცია გადაყლაპა და განაგრძო: «მეორე გაკვეთილი გამომდინარეობს იმაზე დაკვირვებიდან, თუ როგორ გაბრაზდი უფრო ძლიერ, როცა შეამჩნიე, რომ მე საერთოდ არ ვიყავი გაბრაზებული. საკუთარი თავი მეომართან - უფრო სწორად ორ მეომართან შედარებით დაინახე». მან ჯოის გაუღიმა. «შენ ასეთი არ ხარ დენ, ხო მართალია? ალბათ ამან მიგიყვანა ცვლილებების აუცილებლობის აზრამდე».
ვიჯექი და მოღუშული ვისრუტავდი მის სიტყვებს. ძლივს მესმოდა, რომ ის და ჯოი უბრალოდ ხუმრობდნენ. მალე კვლავ დაიწყო წვიმა.
სოკრატე და ჯოი გადასაფარებელზე დაბრუნდნენ. სოკრატე აქეთ-იქით დახტოდა და ჩემი ცოტა ხნის წინანდელი საქციელის პაროდიას აკეთებდა. «დაწყევლილი წვიმა! – ყვიროდა იგი, – ჩვენი პიკნიკი გააფუჭა!». ხმამაღალი ოხვრით წინ და უკან დადიოდა, შემდეგ მკვეთრად შეჩერდა, გადმომხედა და იქედნურად გაიღიმა. მერე მუცლით პირდაპირ სველ ფოთლებზე გაწვა და თითქოს ცურავსო, ხელების ქნევა დაიწყო. ჯოი მღეროდა, ან იცინოდა - ზუსტად ვერ ვხვდებოდი რას აკეთებდა.
მე საკუთარ თავს მოდუნების უფლება მივეცი და მათთან ერთად ფოთლებში გორაობა დავიწყე ჯოისთან ერთად. ეს თამაში განსაკუთრებით მომეწონა. ვფიქრობ ჯოისაც. გაუჩერებლად დავრბოდით და ვცეკვავდით, სანამ სახლში დაბრუნების დრო არ დადგა. ჯოი თამაშის მოყვარული ლეკვივით იყო, თუმცა ძლიერი, ამაყი ქალის ყველა თვისება ჰქონდა.
იმ დროს, როცა ავტობუსი ქვემოთ, ბუხტისკენ ეშვებოდა, ცა ჩამავალი მზის სხივებმა ოქროსფერ-ვარდისფერად შეღება. სოკრატემ წარუმატებლად სცადა დასკვნა გაეკეთებინა ჩემი გაკვეთილებისთვის, მე კი მთელი ძალით ვცდილობდი მის იგნორირებას და ჯოის ვეწეპებოდი ავტობუსის უკანა სავარძელზე.
«ჰმ! ერთი წუთით შენი ყურადღება მჭირდება» – თქვა მან. ჩემი ცხვირი თითებს შორის მოიქცია და თავისკენ მიმართა.
«რა გიდ-და?» – ვკითხე მე. ჯოი ყურშ ჩამჩურჩულებდა. სოკრატეს ცხვირით ვეჭირე. «მირჩევნია ჯოის ვუსმინო», – ვთქვი მე.
«ის მხოლოდ სიამოვნებების გზაზე გატარებს», – გაეცინა მას და ცხვირზე ხელი გამიშვა, – «ახალგაზრდა სულელმაც კი, შეყვარებულობის შემოტევის დროს არ უნდა გაუშვას შეუმჩნევლად, როგორ ქმნის მისი ჭკუა მის იმედგაცრუებებს, ასევე სიხარულებს».
«შესანიშნავად შერჩეული სიტყვებია» – ვთქვი მე, ჯოის თვალებშ ჩაკარგულმა.
ავტობუსი აღმართს აუყვა, და ჩვენ საღამოს სან-ფრანცისკოს ხედებით დამტკბარნი, გავჩუმდით. ავტობუსი შეჩერდა. ჯოი სწრაფად ადგა და ჩამოვიდა, მას სოკრატეც მიჰყვა. მეც მათ უნდა გავყოლოდი, მაგრამ სოკრატე შემობრუნდა და მითხრა: «არა». და მორჩა. ჯოიმ ღია ფანჯრიდან შემომხედა.
«ჯოი, როდის გნახავ კიდევ?»
«შესაძლოა მალე. ყველაფერი დამოკიდებულია...» – თქვა მან.
«რაზეა დამოკიდებული? – ვკითხე მე, – ჯოი, მოიცა, არ წახვიდე. ეი, მძღოლო, გამიღეთ კარი!» მაგრამ ავტობუსი უკვე საკმაოდ მოშორდა მათ. მალე ჯოი და სოკრატე სიბნელეში გაქრნენ.
კვირა დღე მძიმე დეპრესიაში გავატარე, რომელთან გამკლავების ძალა საერთოდ არ მქონდა. ორშაბათს, ლექციაზე, ძლივს ვარჩევდი პროფესორის სიტყვებს. ვარჯიშის დროს მთლიანად საკუთარ ფიქრებში ვიყავი ჩაფლული, და ჩემი ძალები მილევის ზღვარზე იყო. იმ პიკნიკის შემდეგ არაფერი მეჭამა. სადგურზე ღამის ვიზიტისთვის მოვემზადე. თუ ჯოი იქ დამხვდება, ყველაფერს გავაკეთებ, რომ მასთან ერთად წავიდე... ან ის წამოვიდეს ჩემთან ერთად.
როცა ოფისშ შევედი, ის იქ იყო, სოკრატესთან ერთად. თავს უცხოდ ვგრძნობდი და ვმარჩიელობდი, ჩემზე იცინოდნენ თუ არა. ფეხსაცმელი გავიხადე და ჩამოვჯექი.
«აბა, როგორ ხარ დენი? ცოტათი მაინც დაჭკვიანდი წინა შაბათის მერე, თუ არა?» – თქვა სოკრატემ. ჯოიმ მხოლოდ გაიღიმა, მაგრამ მისმა ღიმილმა ტკივილი მომაყენა. «არ ვიყავი დარწმუნებული, რომ დღეს მოხვიდოდი, დენ, შიშის გამო, რომ რაღაც ისეთს გეტყვი, რისი გაგებაც არ გინდა». მისი სიტყვები პატარა ჩაქუჩებივით იყვნენ. კბილები მაგრად მივაჭირე ერთმანეთს.
«სცადე მოდუნდე, დენ» – თქვა ჯოიმ. ვიცოდი, რომ ჩემი დახმარება უნდოდა, მაგრამ გაოგნებული ვიყავი იმით, რომ ორივე მე მაკრიტიკებდა.
«დენ, – განაგრძო სოკრატემ, – თუ ბრმა დარჩები საკუთარი სისუსტეების მიმართ, ვერც მათ კორექტირებას შეძლებ და ვერც საკუთარ ძლიერ მხარეებზე იმუშავებ. გიმნასტიკაშიც ასეა. შეხედე საკუთარ თავს!»
მე ძლივს ვლაპარაკობდი. როცა ეს მოვახერხე, ხმა დაძაბულობისგან, ბრაზისგან და საკუთარი თავისადმი სიბრალულისგან მიკანკალებდა: «მე ვხე-ე-დავ...». ძალიან არ მინდოდა ჯოის წინაშე ამ რაკურსით წარვმდგარიყავი!
ვითომც აქ არაფერიაო, სოკრატემ განაგრძო. «მე უკვე გეუბნებოდი, რომ შენი მთავარი შეცდომა სწორედ შენი აკვიატებული ყურადღებაა საკუთარი ჭკუის განწყობებისადმი და იმპულსებისადმი. თუ გაჯიუტდები, ისეთივე დარჩები, როგორიც ხარ, მე კი ვერ წარმოვიდგენ უარეს ხვედრს შენთვის!» – ამ სიტყვებთან ერთად სოკრატეს გულიანად გაეცინა, ჯოი კი დადასტურების ნიშნად თავს აქნევდა.
«იცის, როგორ იყოს მოსაბეზრებელი, ხომ ასეა?» – ფართედ გაიღიმა მან.
მე სრულიად გაუნძრევლად ვიჯექი, მუშტებშეკრული. როგორც იქნა ლაპარაკის უნარი დამიბრუნდა: «ვფიქრობ, რომ თქვენი ხუმრობა არ შედგა». ყველანაირად ვცდილობდი მეკონტროლებინა საკუთარი ხმა.
სოკრატე თავისი სკამის საზურგეზე გადაწვა და ცივსისხლიანი სისასტიკით წარმოთქვა: «შენ განრისხებულიხარ, არადა ცდილობ დაფარო რისხვა, ვირო». («ოღონდაც ჯოისთან არა!» – გამიელვა თავში). «შენი რისხვა, – განაგრძო მან, – შენი ფესვგამდგარი ილუზიების მტკიცებულებაა. რატომ იცავ შენს „მე“-ს რომლისაც არც კი გჯერა? როდის უნდა გაიზარდო?»
«მომისმინე, შენ, შიზოიდო ბებერო ნაბიჭვარო!» – მთელი ძალით დავიყვირე მე. «მე ყველაფერი რიგზე მაქვს! მე აქ მხოლოდ ბოქსიორის მსხალის როლს ვასრულებდი, და ვნახე ის, რაც უნდა მენახა. როგორც ჩანს შენი სამყაროა ტანჯვით სავსე, და არა ჩემი. მე მართლა დათრგუნული ვარ, ოპღონდ მაშინ, როცა აქ ვარ, შენთან!»
არც სოკრატეს და არც ჯოის სიტყვაც არ დაუძრავთ. ისინი მხოლოდ თანამიგრძნობდნენ და ამის ნიშნად თავს იქნევდნენ. ჯანდაბას მათი თანაგრძნობა! «თქვენ ორივეს გგონიათ, რომ ყველაფერი ასე ნათელია, ასე მარტივია და ასე სასაცილოა? მე არ მესმის თქვენი არც ერთის, და არა მგონია მინდოდეს, რომ გავიგო».
თავს ფიქრების ნიაღვარი დამატყდა და გარეთ გამოვედი, ეზოში. დავიფიცე, რომ დავივიწყებდი ორივეს, და დავივიწყებდი იმ დღესაც, როცა ერთ ვარსკვლავებიან ღამეს ამ სადგურზე შემოვეხეტე.
ჩემი განრისხება ყალბი იყო, და მე ვიცოდი ეს. ასევე ვიცოდი, რომ ეს მათაც კარგად იცოდნენ, და ყველაზე ცუდი სწორედ ეს იყო. მე წავაგე. სუსტი და სასაცილო აღმოვჩნდი, პატარა ბავშვივით. შემეძლო დამეკარგა სახე სოკრატეს წინაშე, ოღონდაც არა ჯოის წინაშე. ახლა კი დარწმუნებული ვიყავი, რომ სამუდამოდ დავკარგე იგი.
ქუჩებში მივრბოდი, როცა შევამჩნიე, რომ სახლისგან საპირისპირო მხარეს ვმოძრაობდი. რომელიღაც ბარში შევედი უნივერსიტეტ-ავენიუზე და გათიშვამდე დავთვერი, ისე, რომ როგორც იქნა სახლს მიღწეული, მადლობელი ვიყავი იმისთვის, რომ არაფერი მახსოვდა.
უკან დასაბრუნებელი გზა მოჭრილი მქონდა. გადავწყვიტე დავბრუნებოდი ნორმალურ ცხოვრებას, რომელიც მრავალი თვის წინ მივატოვე. პირველ რიგში სწავლაშ უნდა ამომექაჩა იმ დონემდე, რომ უმაღლესი განათლების მიღება დამემთავრებინა. სიუზიმ თავისი ისტორიის კონსპექტი მომცა, ფსიქოლოგიის კონსპექტი კი თანაგუნდელმა მათხოვა. გვიანობამდე ვუჯექი წერილობით დავალებებს; წიგნებშ ჩავიძირე. ბევრი უნდა დამემახსოვრებინა და ბევრიც დამევიწყებინა.
დარბაზში არაქათის გამოცლამდე ვვარჯიშობდი. თავიდან მწვრთნელი და მთელი გუნდი გაკვირვებული იყო ჩემი ახალი შემართებით. საუკეთესო მეგობრები - რიკი და სიდი აღფრთოვანებულნი იყვნენ ჩემი თავგანწირულობით და ხუმრობდნენ «დენის ანდერძის» თაობაზე; ყველანაირ სავარჯიშოს ვასრულებდი, მიუხედავად იმისა, მზად ვიყავი თუ არა. ისინი ფიქრობდნენ, რომ სიმამაცის მოზღვავება მქონდა, სინამდვილეში კი ტკივილის მიყენება მინდოდა საკუთარი თავისთვის - გარეგნული, ფიზიკური ტკივილი მჭირდებოდა იმ ტკივილის ჩასახშობად, რომელიც შიგნით მქონდა.
რამდენიმე ხნის შემდეგ რიკის და სიდის ხუმრობა აკვიატებაშ გადაიზარდა. «დენ, თვალები შეშუპებული გაქვს? როდის გაიპარსე წვერი უკანასკნელად?» – მეკითხებოდა რიკი.
სიდს ეჩვენებოდა, რომ ძალიან გავხდი: «პრობლემები გაქვს დენ?»
«ეს ჩემი საქმეა» – ვპასუხობდი მე. «სიდ, სწორად გამიგე, ყველაფერი ნორმალურადაა».
«კარგი, მეტი იძინე, თორემ ზაფხულისთვის შენგან აღარაფერი დარჩება».
«აუცილებლად» – არ ვუთხარი, რომ უბრალოდ გაქრობა მინდოდა..
ჩემი ცხიმის ცოტაოდენი უნციები კუნთებად ვაქციე. გარედან ძლიერი ვჩანდი, როგორც მიქელანჯელოს ქანდაკება. ჩემი კანი მარმარილოს დაემსგავსა - თეთრი და ნახევრადგამჭვირვალე.
კინოშ თითქმის ყოველდღე დავდიოდი, მაგრამ არ შემეძლო თავიდან ამომეგდო სოკრატეს სახე, სადგურზე მჯდომის, შესაძლოა ჯოისთან ერთად. ხანდახან მეჩვენებოდა, რომ რომ ისინი ერთად დამცინოდნენ. როგორც ჩანს „საცდელი კურდღელი“ გავხდი მეომრისთვის.
თავს ვარიდებდი სიუზის და ყველა ნაცნობ ქალს. ყველანაირ სექსუალურ აღტკინებას სპორტულ დარბაზში ვახშობდი. ამასთან, როგორ შემეძლო სხვისთვის შემეხედა თვალებშ, როცა ერთხელ უკვე შევხედე ჯოის? ერთხელ, ღამით კარზე კაკუნმა და სიუზის მოგუდულმა ხმამ გამაღვიძა. “დენი, სახლში ხარ? დენი?” კარის ქვეშ წერილი შემოაცურა. არც კი ავმდგარვარ, რომ წამეკითხა.
ჩემი ცხოვრება წამებად იქცა. სხვა ადამიანების სიცილი გულზე მხვდებოდა. მელანდებოდა, რომ სოკრატე და ჯოი, როგორც ჯადოქარი და ალქაჯი, მორიგ ხრიკს მიმზადებდნენ. კინოფილმებმა, რომლებსაც ვუცქერდი, ფერები დაკარგეს. საჭმელმა, რომელსაც ვჭამდი, გემო დაკარგა. ერთხელ, პროფესორ უოტკინსის ლექციის დროს, წამოვხტი და თავდავიწყებულმა მთელი ძალით ვიყვირე: “სრული ნეხვობაა!” უოტკინსი შეეცადა იგნორირება გაეკეთებინა, მაგრამ ხუთასიოდე წყვილი თვალი მიყურებდა აუდიტორიიდან. ო, მსმენელებო! ახლა გიჩვენებთ! „სრული ნეხვობაა!“ - კიდევ დავიღრიალე მე. მოისმა რამდენიმე ანონიმური აპლოდისმენტი, სიცილთან და ჩურჩულთან შერეული.
უოტკინსმა, რომელიც არასოდეს კარგავდა თავის სიცივეს ხმაში, შემომთავაზა:
“იქნებ გამოხვიდეთ და აგვიხსნათ თქვენი თვალსაზრისი?”
რიგები გავარღვიე და სცენაზე გავიჭერი. უეცრად სურვილი გამიჩნდა, რომ წვერი გამეპარსა და სუფთა ტანსაცმელი ჩამეცვა. მასთან ახლოს მივედი და ვუთხარი: “რა დამოკიდებულება აქვს იმას, რასაც თქვენ გვეუბნებით, ბედნიერებასთან? ცხოვრებასთან?“ უფრო მეტი აპლოდისმენტები აუდიტორიიდან. ვხედავდი, როგორ მზომავდა თვალებით, თითქოს ამოწმებდა - სახიფათო ვარ თუ არა. ალბათ გადაწყვიტა, რომ სახიფათო ვარ. თანაც როგორ, ეშმაკმა დალახვროს! თავდაჯერებულობის მოზღვავება ვიგრძენი.
“შესაძლოა, თქვენ მართალი ხართ” – შემპარავად წარმოთქვა მან. ღმერთო ჩემო, ხუთასი ადამიანის თვალწინ დამცინოდნენ! ახლა ყველაფერს ვეტყვი მათ! ვასწავლი ჭკუას, რომ გამოფხიზლდნენ. სახით აუდიტორიისკენ შევბრუნდი და დავიწყე მოყოლა უჩვეულო ადამიანთან ბენზინ-გასამართ სადგურზე შეხვედრის შესახებ, რომელმაც მაჩვენა, რომ ცხოვრება სულაც არაა ისეთი, როგორიც გვეჩვენება. დავიწყე ზღაპრით მეფის შესახებ, რომელიც მარტო დარჩა იმის გამო, რომ ქალაქის ყველა მცხოვრები ჭკუიდან შეიშალა. თავდაპირველად სამარისებური სიჩუმე ჩამოწვა. შემდეგ რამდენიმე ადამიანმა სიცილი დაიწყო. რა მოხდა? სასაცილო არაფერი მითქვამს. მოყოლა განვაგრძე, მაგრამ მალე სიცილის ტალღამ მთელი აუდიტორია მოიცვა. ისინი შეიშალნენ თუ მე?
უოტკინსი ჩუმად რაღაცას მეუბნებოდა, მაგრამ არ მესმოდა. ყურადღებას არ ვაქცევდი და ვაგრძელებდი. მან ისევ მიჩურჩულა: „შვილო, ვფიქრობ იმიტომ იმიტომ დაგცინიან, რომ შარვალზე ელვა-შესაკრავი გაქვს გახსნილი”. გახევებულმა ქვემოთ დავიხედე, შემდეგ ისევ აუდიტორიას შევხედე. არა! ოღონდ ეს არა! ისევ სულელი! ისევ ვირი! ტირილი დავიწყე და სიცილი ჩაწყნარდა.
აუდიტორიიდან სირბილით გამოვვარდი და მანამდე ვირბინე, სანამ ძალა არ გამომეცალა. გვერდით ორმა ქალმა ჩამიარა - პლასტმასის რობოტებმა, სოციალურმა დრონებმა. მათ ზიოზღით შემომხედეს, შემდეგ კი გზა განაგრძეს.
ჩემს ჭუჭყიან ტანსაცმელს შევხედე, რომელსაც ალბათ სუნიც ცუდი ჰქონდა. თმა დიდი ხნის დაუვარცხნელი მქონდა; უკვე რამდენიმე დღეა წვერი არ გამეპარსა. გონს სტუდენტურ პროფ-კავშირში მოვეგე, თუმცა არ ვიცი როგორ აღმოვჩნდი იქ. რომელიღაც სავარძელზე დავეგდე და ძილს მივეცი თავი. მესიზმრა, რომ ხის ცხენზე ვიჯექი და ხელში მბრწყინავი ხმალი მეკავა. ცხენი კარუსელზე იყო დამაგრებული და განუწყვეტლივ მატრიალებდა მანამ, სანამ უშედეგოდ ვცდილობდი გამომრთველს მივწვდომოდი. ისმოდა სევდიანი და უაზრო მუსიკა. და ყველაფერი ეს საშინელი ხარხარის ფონზე. გამოღვიძებულს საშინლად მეხვეოდა თავბრუ. მაშინვე სახლისკენ წავლასლასდი.
მოჩვენებასავით დავდიოდი ყოველდღიურ მეცადინეობებზე. ჩემი სამყარო ამოტრიალდა და თავდაყირა დადგა. ვცდილობდი განმეახლებინა ჩემი ძველი ცხოვრება, გამეღვიძებინა ინტერესი მეცადინეობისადმი და ვარჯიშისადმი, მაგრამ უკვე აღარაფერი მშველოდა და ყველაფერმა აზრი დაკარგა.
ამასობაშ კი პროფესორები აგრძელებდნენ რენესანსზე, ვირთხების ინსტინქტებზე და მილტონის შუა წლების შესახებ ბურტყუნს. სტუდენტური ცხოვრება ვერ მამხიარულებდა, ნარკოტიკებს არ შეეძლოთ შვების მოცემა. ორ სამყაროს შორის ვიყავი გაჩხერილი და ვერც ერთს ვერ ვეჭიდებოდი.
ერთ საღამოს წითელი ხეების ხეივანში ვიჯექი, კომპუსის ქვემოთა მხარეს და გონებაში თვითმკვლელობის ვარიანტებს განვიხილავდი. უკვე აღარ ვეკუთვნოდი ამ მიწას. სადღაც ფეხსაცმელი დამკარგვოდა; მხოლოდ ერთი წინდა მეცვა, ფეხები კი ყავისფერი შედედებული სისხლით მქონდა დაფარული. ტკივილს ვერ ვგრძნობდი. საერთოდ ვერაფერს ვერ ვგრძნობდი.
გადავწყვიტე უკანასკნელად მომენახულებინა სოკრატე. ფეხებს ძლივს ვადგამდი. სადგურთან მივედი და მის მოპირდაპირე, გზის მეორე მხარეს დავდექი. სოკრატე ეს-ესაა მორჩა ავტომობილის გამართვას. ამ დროს სადგურზე გამოჩნდა ლედი, ოთხი წლის გოგონათი; ალბათ გზას ეკითხებოდა მას. მოულოდნელად გოგონამ მისკენ გაიწია. სოკრატემ ხელში აიყვანა, გოგონამ კი ხელები კისერზე გადახვია. ლედი ცდილობდა მოეწყვიტა მისთვის ბავშვი, მაგრამ ნურას უკაცრავად. სოკრატე იცინოდა და ბავშვს ელაპარაკებოდა, შემდეგ რბილად დასვა მიწაზე, მუხლებზე დაიჩოქა და ერთმანეთს გადაეხვივნენ.
გამოუთქმელი სევდა შემომაწვა და ტირილი დავიწყე. სხეული ქვითინისგან მითრთოდა. შევბრუნდი, რამდენიმე ასეული იარდი გავირბინე ბილიკზე და არაქათგამოცლილი დავეცი. ძალა აღარ მქონდა, რომ სახლამდე მივსულიყავიუ, ან საერთოდ რაიმე გამეკეთებინა. შესაძლოა სწორედ ამან გადამარჩინა.
საავადმყოფოშ გამეღვიძა. ხელში წვეთოვანის ნემსი მქონდა გარჭობილი. ვიღაცამ გამპარსა და დამბანა. სხვა თუ არაფერი გამოვიძინე მაინც. მეორე დღესვე გამომწერეს. გამოსასვლელში ჯანმრთელობის ცენტრ კაუელში დავრეკე: «დოქტორ ბეიკერის მისაღები» – მიპასუხა მისმა მდივანმა.
«მე დენ მილმენი მქვია. სასწრაფოდ მჭირდება დოქტორ ბეიკერთან მიღებაზე მოსვლა».
«დიახ, მისტერ მილმენ, – თქვა მან მეგობრულ-პროფესიონალური ტონით, – у დოქტორს თავისუფალი დრო ერთი კვირის შემდეგ, დღის პირველ საათზე აქვთ. გაწყობთ ეს დრო?»
«უფრო ადრე არ შეიძლება?»
«სამწუხაროდ არა...»
«ქალბატონო, მე მანამდე მოვიკლავ თავს, სანამ ეს ერთი კვირა გავა».
«შეგიძიათ დღეს მოხვიდეთ ორ საათზე?» – მისი ხმა დამამშვიდებლად ჟღერდა.
«დიახ».
«მშვენიერია. შეხვედრამდე, მისტერ მილმენ».
დოქტორი ბეიკერი მაღალი, გამხდარი მამაკაცი აღმოჩნდა, ძლივს შესამჩნევი ტიკით მარცხენა თვალთან ახლოს. უეცრად მასთან საუბრის ყოველგვარი სურვილი გამიქრა. საიდან დავიწყებ? «იცით, ექიმო, მე მყავს მასწავლებელი, სახელად სოკრატე, რომელსაც სახურავებზე ახტომა შეუძლია... არა, სახურავიდან არა - ეს ზუსტად ისაა, რის გაკეთებასაც ვაპირებ. და კიდევ, მას შორეულ მოგზაურობებშ მივყავარ, სხვა განზომილებებში და დროში, და მე შემიძლია ქარი გავხდე, კიდევ ცოტა არეული ვარ. კარგად ვსწავლობ, გიმნასტიკის ვარსკვლავი ვარ და თვითმკვლელობა მინდა».
მე წამოვდექი. «გმადლობთ, რომ დრო დამითმეთ, ექიმო. ბევრად უკეთ გავხდი. უბრალოდ მინდოდა მენახა როგორ ცხოვრობს კაცობრიობის საუკეთესო ნახევარი. დავრწმუნდი, რომ შესანიშნავად».
მან რაღაცის თქმა დააპირა, „საჭირო“ სიტყვებს ეძებდა, მაგრამ მე უკვე გავედი, სახლისკენ გავემართე და უბრალოდ დავწექი. იმ მომენტში ძილი საუკეთესო ალტერნატივა აღმოჩნდა.
იმავე საღამოს სადგურზე მივედი. ჯოი იქ არ იყო. ჩემი ნაწილი უკიდურეს იმედგაცრუებას განიცდიდა: ისე მინდოდა კიდევ ერთხელ ჩამეხედა მის თვალებში, ხელი ჩამეკიდა; ჩემმა მეორე ნაწილმა შვებით ამოისუნთქა. კვლავ ერთი ერთზე - მე და სოკი.
როცა ჩამოვჯექი, მას არაფერი უთქვამს ჩემს არყოფნაზე, მხოლოდ: «დაღლილი და დათრგუნული ჩანხარ». და ეს ყოველგვარი სიბრალულის გარეშე წარმოთქვა. თვალები ცრემლებით ამევსო.
«დიახ, მე დათრგუნული ვარ. დასამშვიდობებლად მოვედი. ეს ჩემი ვალია - შენი პატივისცემა. შუა გზაზე გავიჭედე და აღარ შემიძლია ამის ატანა. სიცოცხლე აღარ მინდა».
«შენ ორ რამეში ცდები, დენ». მოვიდა და ჩემს გვერდით დაჯდა სავარძელში. «პირველ რიგში, შენ არ ხარ შუა გზაზე, ამასთან ახლოსაც კი არ ხარ. მაგრამ შენ ძალიან ახლოს ხარ გვირაბის ბოლოსთან. და მეორეც, - თქვა მან და ხელი ჩემი საფეთქლისკენ გამოიშვირა, - შენ არ აპირებ თავის მოკვლას».
სოკრატეს მივაჩერდი. «ვინ თქვა ეს?» უეცრად გავაცნობიერე, რომ ოფისში აღარ ვიყავით. რომელიღაც იაფფასიანი სასტუმროს ოთახში ვიჯექით. შეცდომა შეუძლებელი იყო: მტვრის სუნი, თხელი, რუხი ხალიჩები, ორი ვიწრო საწოლი და პატარა სარკე.
«რა ხდება?» რაღაც მომენტში ჩემს ხმას სიცოცხლე დაუბრუნდა. ეს მოგზაურობები ყოველთვის ძრავდა ჩემს მსოფლმხედველობას. ენერგიის მოზღვავება ვიგრძენი.
«სწორედ ამ მომენტში აქ თვითმკვლელობა ხდება. მხოლოდ შენ შეგიძია ამის შეჩერება».
«და მე არც ვცდილობ პირდაპირ ახლა მოვიკლა თავი» – ვთქვი მე.
«შენ არა, სულელო. იქ, ფანჯრის იქით, კარნიზზე, ახალგაზრდა ბიჭი დგას. ის სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტში სწავლობს. სახელად დონალდი ჰქვია. ფეხბურთელია, და ფილოსოფიური ფაკულტეტის უფროსკურსელი. ეს მისი უკანასკნელი სასწავლო წელია უნივერსიტეტში. და მას სიცოცხლე აღარ უნდა. წინ». სოკრატემ ჟესტით ფანჯრისკენ მიმითითა.
«სოკრატე, მე არ შემიძლია».
«მაშინ ის დაიღუპება».
ფანჯრიდან გავიხედე. თხუთმეტი სართულით ქვემოთ ადამიანების პაწაწინა ფიგურები ზემოთ იყურებოდნენ, ლოს-ანჯელესის ცენტრალური ქუჩებიდან. თავი შევატრიალე და ფანჯრიდან ათიოდე ფუტში დავინახე ქერათმიანი ახალგაზრდა ყავისფერ „ლევისის“ ჯინსებში და მაისურში. იგი კარნიზზე იდგა და გადასახტომად ემზადებოდა.
რომ არ შემეშინებინა, ჩუმად დავუძახე. ვერ გაიგო. მე კვლავ დავუძახე. «დონალდ».
მან მკვეთრად შემოატრიალა თავი და კინაღამ წაიქცა. «არ მომიახლოვდე!» – გამაფრთხილა მან. «საიდან იცი ჩემი სახელი?»
«ჩემი ერთი მეგობარი გიცნობს, დონალდ. შეიძლება მეც ჩამოვჯდე კარნიზზე და გაგესაუბრო? ახლოს არ მოვალ».
«არა. არავითარი სიტყვები» – მისმა სახემ და სიტყვებმა თითქმის დაკარგეს სიცოცხლე.
«დონ? ხალხი დონს გეძახის?»
«ჰო» – მექანიკურად მიპასუხა მან.
«კარგი, დონ. ეს ხომ შენი ცხოვრებაა. რაც არ უნდა იყოს, მსოფლიოში ადამიანების 99% იკლავს თავს».
«რა ჯანდაბა გინდა ამით მითხრა?» – მის სიტყვებშ სიცოცხლის სხივები გამოკრთა. კარნიზზ უფრო მაგრად მოეჭიდა.
«გეტყვი. მრავალი ადამიანი თავისი ცხოვრებით თავს იკლავს, ასე არაა, დონ? მათ შეუძლიათ ამაზე დახარჯონ მოწევის, დალევის, ზედმეტი ჭამის და ნერვული გადაღლილობის 30-40 წელი, მაგრამ ისინი მაინც თავს იკლავენ».
რამდენიმე ფუტით მივუახლოვდი. სიტყვები ძალიან ფრთხილად უნდა შემერჩია. «დონ, მე დენი მქვია. საწყენია, რომ ადრე არ მოგვეცა ურთიერთობის საშუალება. ბევრი საერთო გვაქვს. მეც სპორტსმენი ვარ, ბერკლის უნივერსიტეტში».
«ნუ…» – უეცრად გაჩუმდა და აქეთ-იქით რწევა დაიწყო..
«მისმინე, დონ, მეშინია ამ კარნიზზე ჯდომა. ახლა ავდგები, რომ რამეს მოვეჭიდო». ნელა ავდექი. მცირე კანკალმა ამიტანა. «უფალო იესო, – გავიფიქრე მე, რას ვაკეთებ აქ, ამ კარნიზზე?»
ჩუმად ვლაპარაკობდი და მინდოდა ურთიერთგაგების ხიდი გამედო ჩვენს შორის. «დონ, გავიგე, რომ დღეს ლამაზი მზის ჩასვლა უნდა იყოს; დარწმუნებული ხარ, რომ აღარ მოგინნდება მზის ჩასვლის, ან მზის ამოსვლის ნახვა? დარწმუნებული ხარ, რომ აღარ მოგინდება მთაშ გასეირნება?»
«მე არასოდეს ვყოფილვარ მთაში».
«ვერც კი წარმოიდგენ, დონ. იქ ზემოთ, ყველაფერი სუფთაა - ჰაერი, წყალი. ყველგან ხეების სუნია. იქნებ ერთად წავიდეთ მთაში? რას იტყვი? ჯანდაბა, თუ თავის მოკვლა გინდა, ყოველთვის შეძლებ ამის გაკეთებას, ყოველ შემთხვევაში მთაში წასვლის შემდეგ».
ამჯერად ყველაფერი ვთქვი რაც შემეძლო. ახლა მან გადაწყვიტოს. რაც უფრო მეტს ვლაპარაკობდი, მით უფრო მეტად მინდოდა, რომ გადარჩენილიყო.
«კმარა! – თქვა მან, – სიკვდილი მინდა... ახლა».
მე დავნებდი. «კარგი, – ვთქვი მე, – მეც შენთან ერთად ვხტები. მე უკვე ვნახე ეს დაწყევლილი მთები».
მან პირველად შემომხედა. «შენ ამას სერიოზულად ამბობ?»
«დიახ, სერიოზულად. ვინ იქნება პირველი, შენ თუ მე?»
«მაგრამ, – თქვა მან, – რად გინდა სიკვდილი? ეს სიგიჟეა. შენ ისე ჯანმრთელად გამოიყურები – ალბათ ბევრი მიზეზი გაქვს, რომ იცოცხლო».
«მისმინე, – ვთქვი მე, – მე არ ვიცი შენ რა უსიამოვნებები გაქვს, მაგრამ ჩემთან შედარებით, ისინი არარაობაა. ვერც კი გაიგებ ჩემს პრობლემებს. მე ყველაფერი ვთქვი».
ქვემოთ ჩავიხედე. რა ადვილია, უბრალოდ გადაიხარე და დანარჩენს გრავიტაცია გააკეთებს. თუნდაც ერთხელ დავუმტკიცებ ამ ბებერ სოკრატეს, რომ ის მართალი არაა. შემიძლია გადავხტე და თან დავიყვირო: «შენ ცდები, ბებერო ნაბიჭვარო!» და უკანასკნელად ვიფრინო მანამ, სანამ ჩემი ძვლები და ორგანოები ასფალტზე არ დაიფშვნება.
«მოიცა!» ეს დონი იყო. მან ხელი გამომიწოდა. წამით შევყოყმანდი, შემდეგ კი ხელი ჩავკიდე. როცა თვალებში ჩავხედე, დონის სახე შეიცვალა. თმები გაუშავდა, სახე დაუვიწროვდა, სხეული დაუპატარავდა. ვიდექი და საკუთარ თავს ვუყურებდი. შემდეგ ანარეკლი გაქრა და მარტო დავრჩი.
შეშინებულმა უკან დავიხიე და ფეხი დამიცურდა. ტრიალით ვვარდებოდი, კვლავ და კვლავ ვტრიალებდი. შინაგანი თვალით სიკვდილის შავ კაპიუშონს ვხედავდი, რომელიც ქვემოთ მელოდა. სოკრატეს ხმა მესმოდა, რომელიც სადღაც ზემოდან ყვიროდა: «მეათე სართული – ქვედა საცვალი, თეთრეული, მერვე სართული - საოჯახო საქონელი, კამერები».
ოფისის დივანზე ვიჯექი და სოკრატეს რბილ ღიმილს ვუყურებდი.
«რა გადაწყვიტე? – მკითხა მან, – მოიკლავ თავს?»
«არა». თუმცა ამ სიტყვებთან ერთად პასუხისმგებლობა საკუთარ ცხოვრებაზე, კვლავ მხრებზე დამაწვა. ჩემი შეგრძნებები აღვუწერე. სოკრატემ მხრებზე ხელი მომკიდა და მითხრა: «დაიმახსოვრე ეს, დენ».
იმ საღამოს, სანამ დავტოვებდი, ვკითხე: «სადაა ჯოი? კიდევ მინდა მისი ნახვა».
«თავის დროზე. ის მოვა შენთან, შესაძლოა შემდეგ».
«კი მაგრამ, რომ შემეძლოს დაველაპარაკო, გაცილებით კარგად გავხდებოდი».
«ვინ გითხრა, რომ ეს ადვილი იქნება?»
«სიკრატე, მე ის უნდა ვნახო! »
«შენ არაფერი არ უნდა გააკეთო, გარდა იმისა, რომ სამყაროს მხოლოდ შენი სურვილების (მოთხოვნილებების) თვალთახედვით ხედვა შეწყვიტო. მოეშვი! როცა გაუშვებ შენს ჭკუას, შეგრძნებები დაგიბრუნდება. მანამდე, რამდენადაც ეს შესაძლებელია, მინდა, რომ დააკვირდე შენი ჭკუის ნარჩენებს».
«რომ შემეძლოს, დავურეკო მაინც…»
«წინ, სიმღერით!» – მომიჭრა მან.
მომდევნო რამდენიმე კვირა ჩემს თავში ნამდვილი დომხალი იყო. დაუმორჩილებელი, შემთხვევითი, სულელური აზრები, დანაშაულის შეგრძნება, შფოთვა, სურვილების მოზღვავება - სრული დომხალი. ღამითაც კი სიზმრების აურაცხელი რაოდენობა არ მასვენებდა. სოკრატე თავიდანვე მართალი იყო. მე ციხეშ ვიმყოფებოდი.
სამშაბათს, საღამოს ათ საათზე სადგურზე შევირბინე. ოფისში შევვარდი და ამოვიხვნეშე:
«სოკრატე! მე ჭკუიდან შევიშლები თუ ამ ხმაურს არ გავაჩერებ თავში! ჩემი ჭკუა გაგიჟდა - შენ თავიდან ბოლომდე მართალი ხარ!»
«შესანიშნავია!» – თქვა მან. «მეომრის პირველი გაცნობიერება».
«თუ ეს პროგრესია, მაშინ რეგრესი მირჩევნია».
«დენ, როცა ველურ ცხენზე ჯდები და ფიქრობ, რომ ის გახედნილია, რა ხდება ამ დროს?»
«გადმომაგდებს და კბილებს დამაყრევინებს».
«ცხოვრებას კბილების ჩამტვრევის ბევრი მეთოდი აქვს».
შესაწინააღმდეგებელი არგუმენტი არ მქონდა.
«თუმცაღა როცა იცი, რომ ცხენი ველურია, შეგიძლია შესაბამისად მოეპყრა მას».
«ვფიქრობ, რომ მესმის შენი, სოკრატე».
«შენ გინდა თქვა, რომ გესმის რას ფიქრობ?» – გაიღიმა მან.
მე წამოვედი ინსტრუქციით - შემდეგი რამდენიმე დღის განმავლობაში მიმეცა ჩემი გაცნობიერებულობისთვის სტაბილიზაციის საშუალება. ვცდილობდი, როგორც შემეძლო. უკანასკნელ რამდენიმე თვეში ჩემი გაცნობიერებულობა გაიზარდა, თუმცა ოფისში უწინდებური კითხვებით შევდიოდი: «სოკრატე, მე ვაცნობიერებ ჩემი ჭკუისმიერი ხმაურის დონეს; ჩემი ცხენი - ველურია, როგორ გავხედნო იგი? როგორ შევამცირო ხმაური? რა შემიძლია გავაკეთო?»
მან თავი მოიფხანა: «ნუ, მოგიწევს კარგი იუმორის გრძნობა განავითარო». სიცილი აუტყდა, შემდეგ დაამთქნარა და გაიზმორა - ისე არა, როგორც ამას ადამიანების უმეტესობა აკეთებს ხელების განზე გაშლით, არამედ ზუსტად ისე, როგორც კატამ. მან ზურგი გამოზნიქა, და მისი ხერხემლის მალების ტკაცუნი გავიგე.
«სოკრატე, იცი, კატას ჰგავდი, როცა იზმორებოდი».
«ჰო, ალბათ» – უდარდელად მიპასუხა მან. «ცხოველების ზოგიერთი სასარგებლო ჩვევის კოპირება - კარგი ვარჯიშია, სწორედ ასევე შეგვიძლია ზოგიერთი დადებითი ადამიანური თვისების იმიტაცია მოვახდინოთ. ერთხელ ძალიან აღვფრთოვანდი კატით. ის მეომარივით მოძრაობდა. შენ მაგალითად კარგად გამოგდის ვირის იმიტაცია. დრო მოვიდა შენი რეპერტუარი გაამდიდრო, ასე არაა?»
«დიახ, ვფიქრობ მართალი ხარ» – მშვიდად ვუპასუხე მე, მაგრამ შინაგანად გავბრაზდი. შუაღამის შემდეგ მოვიბოდიშე და სახლში წავედი. ხუთი საათი მეძინა, სანამ მაღვიძარა გამაღვიძებდა, შემდეგ კი ისევ სადგურისკენ გავწიე.
იმ ღამით გადაწყვეტილება მივიღე: აღარ მინდა მსხვერპლის როლის თამაში, რომელთან დამოკიდებულებაშიც ის ყოველთვის სიმაღლეზეა. გადავწყვიტე ახლა მონადირე ვყოფილიყავი; ეს მე ვადევნებ მას თვალყურს.
განთიადამდე ანუ მისი მორიგეობის შეცვლამდე კიდევ ერთი საათი რჩებოდა. სადგურის მახლობლად ბუჩქებში დავიმალე. ვუთვალთვალებ და იქნებ ჯოიმდეც მიმიყვანოს.
ფოთლებს მიღმა ვიყურებოდი და მის ყოველ მოძრაობას ვადევნებდი თვალყურს. ინტენსიური დაკვირვების შედეგად თავშ გამინათდა. ჩემი ერთადერთი მიზანი იყო - მეტი გამეგო მის ცხოვრებაზე სადგურის გარეთ - ამ თემას იგი ყოველთვის დუმილით უვლიდა გვერდს. ახლა თავად მოვძებნი ყველა პასუხს.
ბუსავით ვუმზერდი მას. ვაკვირდებოდი მისი მოძრაობების გრაციოზულობას. ფანჯრებს ყოველგვარი ზედმეტი მოძრაობის გარეშე წმენდდა, და მსახიობივით არჭობდა გასამართ პისტოლეტს მანქანის ავზის ყელში.
სოკრატე ავტო-ფარეხს მიეფარა. ალბათ ავტომობილის შესაკეთებლად შევიდა. მოლოდინისგან ვეღარ ვითმენდი. ცა უკვე მთლიანად განათდა, როცა წუთიერი თვლემისგან გამომეღვიძა. ო, არა! მე ხელიდან გავუშვი იგი!
ამ დროს დავინახე - წასასვლელად ემზადებოდა. გული შემეკუმშა, როცა ოფისიდან გამოვიდა, ქუჩა გადაკვეთა და პირდაპირ იმ ადგილისკენ გამოემართა, სადაც ვიყავი ჩასაფრებული: ერთ ადგილზე ყოფნით გაშეშებული, მაგრამ კარგად შენიღბული. უკან დავიხიე, ფოთლებისკენ და სუნთქვა შევიკარი. წყვილმა სანდალმა გვერდით ჩამიარა, სამი-ოთხი ფუტის მოშორებით. ძლივს მესმოდა მისი მსუბუქი ნაბიჯის ხმა. მარჯვნივ შეუხვია, გზისკენ.
სწრაფად, მაგრამ ფრთხილად, ციყვივით გავიქეცი გის გასწვრივ. სოკრატე საოცრად სწრაფად მოძრაობდა, ძლივს ვეწეოდი მის ფართო ნაბიჯებს და თითქმის ხელიდან გავუშვი იგი, როპცა მოულოდნელად კვლავ დავინახე თეთრთმიანი თავი. ის ბიბლიოთეკაში შევიდა. «რა დარჩენია იქ? – გავიფიქრე მე და ცნობისმოყვარეობით შეპყრობილი მივუახლოვდი.
მუხის ხის მიღმა აღმოვჩნდი და სტუდენტების ჯგუფს გავყევი, რომლებმაც შემამჩნიეს და გაეცინათ. ყურადღება არ მიმიქცევია და გრძელ კორიდორს გავუყევი. დავინახე, როგორ შეუხვია მარჯვნივ და გაქრა. სირბილით მივვარდი იმ ადგილას, საიდანაც გაუჩინარდა. შეცდომა შეუძლებელი იყო. ის ამ კარებში შევიდა. ეს მამაკაცების ტუალეტი იყო, საიდანაც სხვა გამოსასვლელი არ არსებობდა.
შესვლას ვერ ვბედავდი. უახლოეს სატელეფონო კაბინასთან მოვეწყვე. ათი წუთი გავიდა; ოცი წუთი. როგორ შემეძლო ხელიდან გამეშვა? ჩემი შარდის ბუშტი განგაშს სიგნალებს მიგზავნიდა. უნდა შევსულიყავი, არა მხოლოდ სოკრატეს მოსაძებნად, არამედ უბრალოდ იმისთვისაც, რომ ტუალეტით მესარგებლა. და რატომაც არა? ბოლოს და ბოლოს ეს ჩემი სამფლობელო იყო და არა მისი. პირიქით, აქეთ უნდა მოვთხოვო ახსნა, მაგრამ რაღაცნაირად უხერხულად ვგრძნობდი თავს.
ტუალეტშ შევედი. თავიდან ვერავინ დავინახე. როცა საკუთარი საქმე მოვითავე, უფრო გულმოდგინედ დავიწყე ძებნა. სხვა გასასვლელი არ იყო, ამიტომ სადღაც აქ უნდა ყოფილიყო. კაბინიდან გამოსულმა ერთმა ახალგაზრდამ დამინახა - წელში მოხრილი და კაბინის ქვეშ მოთვალთვალე. ამ უცნაური სანახაობისგან აღშფოთებულმა შუბლი შეიჭმუხნა, თავი გააქნია და გავიდა.
ჩემი საქმე განვაგრძე. რიგ-რიგობით ყველა კაბინის ქვეშ შევიხედე. როცა უკანასკნელს მივუახლოვდი სანდალების წყვილის ქუსლები შევაჩნიე. და მოულოდნელად, კაბინის კარის ქვედა სივრცეში სოკის სახე გამოჩნდა, ნიკაპით ზემოთ, ცალყბაღიმილით. ის კარისკენ ზურგით იდგა და კიდევ უფრო დაიხარა ისე, რომ სახე მუხლებს ქვემოთ ჰქონდა.
გაოგნებულმა უკან დავიხიე. არ ვიცოდი, ტუალეტში ამ სულელური ქცევისთვის რა ახსნა მომეძებნა.
სოკრატემ კაბინის კარი ფართოდ გააღო და ღიმილად იქცა: «ვააააჰ, შეიძლება შეკრულობა აიკიდო, როცა ახალგაზრდა მეომარი გითვალთვალებს!». მისი ხარხარი კედლებს ექოდ მოეფინა, მე კი სირცხვილის ალმურმა სახე ამიწითლა. ისევ გააკეთა ეს! თითქმის ვგრძნობდი, როგორ გრძელდებოდა ჩემი ყურები და ვირისას ემგვანებოდა. ჩემს სხეულში სირცხვილი და რისხვა ერთმანეთში არეულიყო.
სახე სიწითლისგან მეწვოდა. სარკეშ ჩავიხედე და იქ, ჩემს თმებში აკურატულად გაკეთებული ყვითელი ბაფთა აღმოვაჩინე. გონებაშ სურათი აღმიდგა: შემხვედრი ადამიანების ღიმილი და სიცილი, ბიჭი, რომელმაც საპირფარეშში უცნაურად შემომხედა. ალბათ სოკრატე, მაშინ გამიკეთა ბაფთა, როცა ბუჩქებში ჩავთვლიმე. დაღლილობისგან დამძიმებული კარს მივეყრდენი.
მანამ, სანამ კარი დაიკეტებოდა, სოკრატეს სიტყვები გავიგე, ხმაში ყოველგვარი თანაგრძნობის გარეშე: «ეს მხოლოდ იმისთვის, რომ შეგახსენო, ვინ არის მასწავლებელი და ვინ მოსწავლე».
ამ დღეს გაცოფებული ვვარჯიშობდი. არავისთან მილაპარაკია და საბედნიეროდ სხვებსაც სიტყვა არ დაუძრავთ ჩემთან. გულში დავიფიცე საკუთარ თავთან, რომ ყველაფერს გავაკეთებდი რაც შემეძლო იმისთვის, რომ სოკრატეს მეომრად ვეღიარებინე.
ერთ-ერთმა თანაგუნდელმა დარბაზიდან გასვლის წინ კონვერტი გადმომცა. «ვიღაცამ მწვრთნელის ოთახში დატოვა. შენთვისაა, დენ. თაყვანისმცემელია, ხო?»
«არ ვიცი, გმადლობ, ჰერბ».
გარეთ გამოვედი და კონვერტი გავხსენი. ფურცელზე ეწერა: «რისხვა უფრო ძლიერია, ვიდრე შიში; უფრო ძლიერია, ვიდრე სიბრალული; შენი სული ძლიერდება. მზად ხარ მახვილი მიიღო. სოკრატე» .