მშვიდობიანი მეომრის გზა

დენ მილმენი
0
0

სამყაროს უმაღლეს მეომარს, რომელთან შედარებითაც სოკრატე - მხოლოდ მოკრძალებული ანარეკლია.

8. ჭიშკრები იღება

8. ჭიშკრები იღება

ვიწრო გზით, რომელიც ედისონის ტბასთან ახლოს გადიოდა, მე დავიწყე ჩემი გზა იმ იდგილებში, რომლებიც ერთხელ ახსენა სოკრატემ – სიღრმეში და ზემოთ, მთების გულში. ვგრძნობდი, რომ აქ, მთებში ვიპოვიდი პასუხს... ან მოვკვდებოდი.

კლდეებსა და მწვანე მცენარეებს შორის მივაბიჯებდი მთის ტბების ქვეყნისკენ, სადაც ადამიანები უფრო იშვიათად გვხვდებიან, ვიდრე პუმა, ირემი ან პატარა ხვლიკები, რომლებიც ჩემი გამოჩენისთანავე გაირბენდნენ ხოლმე ქვებში.

ბანაკი მწუხრის ჟამამდე გავშალე. მეორე დღეს, ტვირთშემსუბუქებულმა, აღმასვლა განვაგრძე ტყის უმაღლეს ზონამდე, შემდეგ კი გრანიტის ფართო სივრცეებში. გავიარე კანიონები და ხეობები. გზად საკვებად ვარგის ფესვებს და ნაყოფებს ვაგროვებდი. დასასვენებლად კამკამა მდინარის პირას ჩამოვჯექი. მეჩვენებოდა, რომ მრავალი წლის შემდეგ პირველად ვიყავი კმაყოფილი.

საღამოსკენ ქვემოთ, ჩემი ბანაკისკენ დავეშვი, კოცონისთვის ფიჩხი მოვაგროვე, ნაყოფების ერთი მუჭა შევჭამე და ფართე ფიჭვის ქვეშ მოვეწყვე მედიტაციისთვის. ღრმად შევდიოდი მთების განწყობაში. თუ მთები მზად იყვნენ რაიმე მოეცათ, მე მზად ვიყავი მისაღებად.  

მას შემდეგ, რაც ცა გაშავდა, მოგიზგიზე ცეცხლთან ვიჯექი, სახეს და ხელებს ვითბობდი, როცა უეცრად სიბნელიდან სოკრატე გამოვიდა!  

«აქვე მეზობლად ვსეირნობდი და გადავწყვიტე ცეცხლზე შემომევლო», – თქვა მან.

დაბნეული და აღტაცებული გადავეხვიე მას, და სიცილით წავაქციე მიწაზე. შემდეგ კოცონთან ჩამოვჯექით. «შენ ისევ ისეთ მომწიფებულ მეომრად გამოიყურები – ოდნავაც კი არ დაბერებულხარ». (მართლაც დაბერდა, მაგრამ მის რუხ თვალებში იგივე ონავრული ნაპერწკალი ბრწყინავდა).

«შენ პირიქით, საკმაოდ დაკაცებული ხარ», – ფართოდ გაეღიმა მას, – «მაგრამ, უფრო დაჭკვიანებულს არ ჰგავხარ. მომიყევი, რა ისწავლე?»

ჩავისუნთქე და ცეცხლს მივაშტერდი. «რა გაეწყობა, ვისწავლე საკუთარი ჩაის მოდუღება». პატარა ქვაბით წყალი დავადგი ცეცხლზე და ჩაი მოვადუღე ბალახებისგან, რომლებიც იმ დღეს მოვაგროვე. ვინაიდან სტუმრებს არ ველოდი, ჩაი ჩემი ჭიქით მივაწოდე, ჩემთვის კი პატარა „მისკაში“ დავისხი. როგორც იქნა დავიწყე. თხრობასთან ერთად, სასოწარკვეთილებამ, რომელიც ამდენი წლის მანძილზე დაგროვილიყო ჩემში, თანდათან გარეთ ამოხეთქა.  

«მე არაფერი მაქვს სატრაბახო. დაბნეული ვარ... ნაბიჯითაც ვერ მივუახლოვდი ჭიშკრებს მას შემდეგ, რაც პირველად გნახე. მე შენ გაგიცრუე იმედები, ცხოვრებამ კი მე გამიცრუა; ცხოვრებამ გული მატკინა».

ის ზეიმობდა. «დიახ! შენი გული გატეხილია, დენ გატეხილია, რომ მიგითითოს ჭიშკრის სინათლეზე შენს შიგნით. ეს ერთადერთი ადგილია, სადაც არ გიძებნია. გაახილე თვალები, სულელო თითქმის მიზანთან ხარ

შეცბუნებულს და გაღიზიანებულს, შემეძლო მხოლოდ უმწეოდ ვმჯდარიყავი.

სოკი მარწმუნებდა: «შენ თითქმის მზად ხარ…, ძალიან ახლოს ხარ».

მის სიტყვებს ჩავეჭიდე: «ახლოს რასთან?»

«დასასრულთან». ერთ მომენტში შიშმა შემიპყრო. სწრაფად შევძვერი ჩემს საძილე ტომარაში. სოკრატემ თავისი საძილე ტომარა გაშალა. იმ დღის ბოლო შთაბეჭდილება იყო მასწავლებლის თვალები, რომლებიც ცეცხლის ალის ზემოდან მიმზერდნენ, ჩემს სიღრმეში, სხვა სამყაროში.  

ამომავალი მზის პირველ სხივებს სოკრატე მდინარესთან შეეგება. მდუმარედ შევუერთდი მას. წყლის სწრაფ ნაკადში კენჭებს ვისვრიდი და ხმებს ვაყურადებდი. სოკრატე უსიტყვოდ შემოტრიალდა ჩემსკენ და ყურადღებით მაკვირდებოდა.

საღამოს, მთელი დღის უდარდელი სეირნობის, ბანაობის და გარუჯვის შემდეგ, მან მითხრა, რომ უნდოდა გაეგო ყველაფერი, რაც მასთან პირველი შეხვედრის შემდეგ მიგრძვნია. ჩემი მონაყოლი სამი დღე და სამი ღამე გრძელდებოდა..., ჩემი მოგონებების მთელი მარაგი დავხარჯე. სოკრატე სულ ჩუმად იყო და მისმენდა, თუ არ ჩავთვლით მომენტებს, როცა დამაზუსტებელ კითხვებს მისვამდა.

მზის ჩასვლისთანავე ნიშანი მომცა, რომ მის გვერდით დავმჯდარიყავი კოცონთან. სრულიად უძრავად ვიჯექით, ფეხებგადაჯვარედინებულნი, სიერა ნევადას მაღალ მთებში, მოხუცი მეომარი და მე. 

«სოკრატე, ყველა ჩემი ილუზია დამსხვრეულია, მაგრამ მეჩვენება, რომ არაფერი დარჩა ისეთი, მათი ადგილი რომ დაიკავოს. შენ ძიების ამაოება მაჩვენე. მაგრამ რას იტყვი მშვიდობისმოყვარე მეომრის გზაზე? ნუთუ ეს ბილიკი არაა? ძიება არაა?»

სიამოვნებისგან გაეცინა და მხრებში შემანჯღრია. «ამდენი წლის შემდეგ, როგორც იქნა ნამდვილი კითხვა დასვი! თუმცა პასუხი პირდაპირ შენს ცხვირწინაა. მთელი ეს დრო მშვიდობისმოყვარე მეომრის გზას გიჩვენებდი, და არა მშვიდობისმოყვარე მეომრისკენ გზას. სანამ მიჰყვები ამ გზას, ხარ კიდეც მეომარი. უკანასკნელი რვა წლის განმავლობაში შენ უარი თქვი შენს «მეომრობაზე» და მის საძებნელად წახვედი. მაგრამ გზა ახლაა; და ყოველთვის იყო».

«მაშ, რა ვაკეთო ახლა? საით წავიდე?»

«ვისი რა საქმეა?» – დაიყვირა აღტაცებულმა, – «სულელი „ბედნიერია“, როცა მისი სურვილები კმაყოფილდება. მეომარი ბედნიერია უმიზეზოდ. აი რა აქცევს ბედნიერებას უმაღლეს დისციპლინად  – ყველა იმ ილეთზე მაღლა აყენებს მას, რაც კი მისწავლებია შენთვის».

როცა საძილე ტომრებში ვძვრებოდით, სოკის სახე ნარინჯისფრად ირეკლებოდა კოცონისგან მომავალი შუქისგან. «დენ», – თქვა მან, – «აი, უკანასკნელი დავალება, რასაც გაძლევ, სამუდამოდ. იმოქმედე ბედნიერმა, იგრძენი თავი ბედნიერად, იყავი ბედნიერი ამ სამყაროში ყოველგვარი მიზეზის გარეშე. მაშინ შეძლებ შეიყვარო და აკეთო ის, რაც გინდა».

მე უკვე ვთვლემდი. როცა თვალები მეხუჭებოდა, ვუთხარი: «სოკრატე, მაგრამ არის ადამიანები და საგნები, რომელთა შეყვარებაც ძალიან ძნელია; თითქმის შეუძლებლად მეჩვენება მუდამ ბედნიერად ყოფნა».

«რაც არ უნდა იყოს, დენ, აი რას ნიშნავს იყო მეომარი. მე ხომ არ გეუბნები, როგორ იყო ბედნიერი, მე გეუბნები, იყავი ბედნიერი». ამ სიტყვებთან ერთად ჩამეძინა.

სოკრატემ მზის ამოსვლისთანავე გამაღვიძა. «წინ დიდი გზა გველის», – თქვა მან. მალე მაღალი მთებისკენ წავედით.

სოკრატეს სუსტი გულის ერთადერთი ნიშანი მისი ნელი ტემპი იყო აღმასვლის დროს. კიდევ ერთხელ გამახსენდა მისი სუსტი გული და მისი მსხვერპლი. სიარულის დროს გამახსენდა ერთი ისტორია, რომელსაც ადრე ვერ ვგებულობდი: 

ქალი ჯანსაღი აზროვნებით უფსკრულის პირას მიდიოდა. ქვემოთ, რამდენიმე ასეულ ფუტში, მან დაინახა მკვდარი ძუ ლომი და პატარა ბოკვერები, რომლებიც გარს უვლიდნენ მას. ქალი უყოყმანოდ გადაეშვა კლდიდან ქვემოთ, იმისთვის, რომ ბოკვერებს საჭმელი ჰქონოდათ.  

შესაძლოა სხვა დროს და სხვა ადგილას სოკრატეს იგივე ჩაედინა.

მაღლა და მაღლა ავდიოდით, მალე მწვერვალის ძირსაც მივაღწიეთ. უმეტესწილად მდუმარედ მივდიოდით.  

«სოკრატე, საით მივდივართ?» – ვკითხე მე, როცა დასასვენებლად ჩამოვჯექით.

«ჩვენ მივდივართ განსაკუთრებულ ადგილას, წმინდა ადგილას, ყველაზე მაღალ პლატოზე, რომელიც აქედან რამდენიმე მილში მდებარეობს. ეს იყო სამარხი ერთ-ერთი უძველესი ამერიკული ტომისთვის, რომელიც იმდენად მცირერიცხოვანი იყო, რომ ისტორიის წიგნებში საერთოდ არაა მოხსენიებული, თუმცაღა ეს ადამიანები სიმშვიდეში და განმარტოებულად ცხოვრობდნენ».

«საიდან იცი ეს?»

«წინაპრები მყავს ამ ტომიდან. გზა განვაგრძოთ. პლატოს დაბნელებამდე უნდა მივაღწიოთ».

ამ მომენტში მინდოდა ყველაფერი დამეჯერებინა, რასაც სოკრატე ამბობდა…, მაგრამ არ მტოვებდა სასიკვდილო საფრთხის შეგრძნება, და იმის შეგრძნება, რომ ის რაღაცას ბოლომდე არ მეუბნებოდა.  

მზე სახიფათოდ ქვემოთ ეშვებოდა; სოკრატემ ტემპს მოუმატა. ქშინვით გადავედით ერთი უზარმაზარი ბორცვიდან მეორეზე. უკვე მწუხრის ჟამი იყო.  სოკრატე ორ კლეს შუა ნანგრევებს შორის გაუჩინარდა, და მეც მას მივყევი ამ ვიწრო გვირაბში, რომელიც ორი მასიური ნამტვრევისგან იყო ფორმირებული. «იმ შემთხვევაში, თუ მარტო მოგიწევს სახლშ დაბრუნება, ამ გვირაბში უნდა გამოიარო», – ამბობდა სოკრატე, – «ეს ერთადერთ შესასვლელი და გამოსასვლელია». კიტხვების დასმა დავიწყე, მაგრამ ჟესტით შემაჩერა.

სინათლე თითქმის მილეულიყო ზეცაზე, როცა დამასრულებელ ციცაბო აღმართს შევუდექით. ქვემოთ, ჩვენს წინ უზარმაზარი ქვის თასისებური პლატო გადაიშალა, მძლავრი კლდეებით გარშემორტყმული. ბნელდებოდა. ქვემოთ, თასისკენ დავეშვით.  

«მალემივალთ სამარხების ადგილას?» – ნერვიულად ვკითხე მე.

«ჩვენ უკვე მასზე ვდგავართ», – თქვა მან, – «ვდგავართ უძველესი გვარის მოჩვენებებს შორის, მეომრების ტომიდან».

ქარმა დაუბერა, თითქოს მისი სიტყვები დაადასტურაო. შემდეგ მომესმა ყველაზე საზარელი ხმა, რაც კი ოდესმე გამიგია..., თითქოს ადამიანის ხმა კვნესოდა.

«ეშმაკმა დალახვროს, რა არის ეს, ქარი?»

სოკრატე უსიტყვოდ შეჩერდა შავ ხვრელთან კლდეში და წარმოთქვა: «წავედით».

მოახლოებული საფრთხისგან ჩემი ინსტინქტები აჯანყდნენ. სოკრატე უკვე შევიდა. ფანარი ავანთე, მწივანა ქარი უკან მოვიტოვე და მისი ფანარის სუსტ შუქს გავყევი გამოქვაბულის სიღრმეში.

«სოკ, მე არ მომწონს მთებში დამარხვის იდეა». მან მზერით გამბურღა. თუმცა ჩემდა სასიხარულოდ გამოქვაბულიდან გასასვლელს მივადექით. განსხვავება არ იყო. გარეთ ისევე ბნელოდა, როგორც შიგნით. შიგნითვე გავჩერდით. სოკრატემ თავისი ზურგჩანთიდან შეშის ნაჭრები ამოიღო. «ვიფიქრე, რომ გამოგვადგებოდა», – თქვა მან. მალე ცეცხლი აგიზგიზდა და კედელზე ჩვენი ჩრდილები გამოჩნდა.

სოკრატემ ჩრდილებზე მიმითითა და თქვა: «გამოქვაბულის ეს ჩრდილები ილუზიის და რეალობის მნიშვნელოვანი ხატ-სახეა. აი ძველი იგავი, რომელიც პლატონმა გახადა პოპულარული: 

დიდი ხნის წინ ცხოვრობდა ერი, რომლის ხალხიც მთელ ცხოვრებას ილუზიის გამოქვაბულში ატარებდა. ასე ხდებოდა რამდენიმე თაობის მანძილზე, და იმის რწმენა, რომ ჩრდილები კედლებზე რეალობის სუბსტანციაა, ძალიან გამყარდა ამ ხალხში. მხოლოდ მითები და რელიგიური ზღაპრები მოუთხრობდნენ უფრო ნათელი შესაძლებლობების შესახებ.

ჩრდილების თამაშით შეპყრობილი ხალხი შეეჩვია ამას და საკუთარი ბნელი რეალობის ტყვე გახდა.

მე ჩრდილებს ვაკვირდებოდი, ცეცხლის ალი კი ზურგს მიხურებდა. ამასობაში სოკრატე განაგრძნობდა:  

«მთელი ისტორიის მანძილზე, დენ, მოხდა იღბლიანი განთავისუფლება გამოქვაბულის ტყვეებისა. ეს ისინი იყვნენ, რომლებიც დაიღალნენ ჩრდილთა თამაშებით,  დაეჭვდნენ მათში, აღარ აკმაყოფილებდათ ჩრდილები, მიუხედავად მათი ზომისა და ფორმებისა. ისინი სინათლის მაძიებელნი გახდნენ. რამდენიმე იღბლიანმა შეძლო მეგზურის პოვნა, რომელმაც მოამზადა ეს ადამიანები და ილუზიების მიღმა, ღვთიური სინათლისკენ გაიყვანა».

მისი ნაამბობით დატყვევებული ჩრდილებს ვუმზერდი, გრანიტის კედელზე. სოკმა თქვა:

«ამ სამყაროს ყველა ადამიანი, დენ, დატყვევებულია მათი საკუთარი ჭკუის გამოქვაბულის ხაფანგში. მხოლოდ ის ზოგიერთი მეომარი, რომლებიც ხედავენ სინათლეს, თავისუფლდებიან და ყველაფერზე უარს ამბობენ, მხოლოდ მათ შეუძიათ გაიცინონ მარადისობაში. ასე იქნები შენც, ჩემო მეგობარო».

«თითქმის შეუძლებლად ჟღერს, სოკ… და რაღაცნაირად საშიშად».

«ეს ძიებებისა და შიშების საზღვრებს მიღმაა. როცა ეს მოხდება, დაინახავ, რომ ეს თვალნათლივია, უბრალოა, მარტივია, ჩვეულებრივია, მკაფიოდ აღქმადია და სასიხარულოა. ესაა, ის ერთადერთი რეალობა ჩრდილებს მიღმა».

ჩვენ სრულ სიჩუმეში ვიჯექით, რომელსაც მხოლოდ კოცონის ტკაცუნი არღვევდა. ვაკვირდებოდა სიკრატეს, რომელიც თითქოს რაღაცას ელოდა. სიმძიმის შეგრძნება მქონდა, მაგრამ სუსტმა, განთიადისწინა სხივებმა სულის სიმხნევე დამიბრუნეს.  

თუმცაღა იმ მომენტში გამოქვაბული კვლავ სიბნელეში ჩაიძირა. სოკრატე ადგა და სწრაფად გაემართა გასასვლელისკენ. ნაბიჯითაც კი არ ვშორდებოდი მას. როგორც კი გარეთ აღმოვჩნდით, ჰაერში ოზონის სუნი გვეცა. გარე ატმოსფეერო დაელექტროებული იყო. კეფაზე თმები დამებურძგლა. შემდეგ ქარბუქი ამოვარდა.  

სოკრატე მკვეთრად შემოტრიალდა ჩემსკენ. «ძალიან ცოტა დრო დარჩა. გამოქვაბულიდან უნდა გაიქცე. მარადისობა ახლოსაა!»

გაიელვა. მეხმა რომელიღაც ახლო მთას დაარტყა. «იჩქარე!» – თქვა სოკრატემ, ასეთი დაჟინებულობა მის ხმაში აქამდე არ მსმენია. ჩემთან გრძნობა მოვიდა – ზუსტად ის, რომელიც არასოდეს ცდებოდა. ის მეუბნებოდა: «ფრთხილად იყავი! შენსკენ სიკვდილი მოდის!»

სოკრატემ კვლავ დაილაპარაკა ავისმომასწავებელი ხმით. «აქ სახიფათოა. უკან წადი, გამოქვაბულის სიღრმეში». ზურგჩანთაში დავიწყე ქექვა, რაღა ფანარი მომეძებნა, მაგრამ მან დამიყვირა: «გაინძერი!»

უკან დავიხიე, გამოქვაბულის სიბნელეში და კედელს მივეყრდენი. ველოდებოდი, როდის მოვიდოდა ჩემთან, მაგრამ ის გაქრა.  

უკვე ვაპირებდი დამეძახა, მაგრამ უეცრად ჩემს უკან მარწუხებივით ჩამავლო რაღაცამ კეფაში და საშინელი ძალით წამათრია გამოქვაბულის სიღრმეში. «სოკრატე» – ვყვიროდი მე, – «სოკრატე!»

მარწუხებმა გამიშვეს, მაგრამ მაშინვე სხვა ტკივილი დაიწყო, გაცილებით უფრო საშინელი: ჩემს თავს რაღაც აწვებოდა უკნიდან. მე ვყვიროდი, მთელი ძალით ვყვიროდი. ზუსტად იმის წინ, სანამ საშინელი ზეწოლისგან ჩემი თავის ქალა გასკდებოდა, ეს სიტყვები გავიგონე  – ეჭვგარეშეა, ეს სოკრატეს ხმა იყო: «სწორედ ესაა შენი უკანასკნელი მოგზაურობა».

დაფშვნის საშინელ ხმასთან ერთად ტკივილი გაქრა. მე გამოქვაბულის იატაკზე დავეცი. გაიელვა და მომენტალურ შუქში დავინახე სოკრატე, რომელიც თავზე მადგა. შემდეგ გაისმა გაელვება სხვა სამყაროდან. აი მაშინ მივხვდი, რომ ვკვდებოდი.

სოკრატემ უფსკრულშ გადამიშვა. მე ვვარდებოდი, ქვებზე ვენარცხებოდი და უფრო და უფრო მივიწევდი სიღრმისკენ, შემდეგ კი რაღაც ხვრელიდან გადმოვვარდი. მთამ გამიშვა, მზეზე, სადაც ჩემი დასაახიჩრებული სხეული ქვემოთ მიექანებოდა, სანამ ცვრიან ბალახზე არ დაენარცხა, ქვემოთ, შორს.

ამჯერად ჩემი სხეული დამტვრეულ ხორცის გროვად იქცა. ლეშისმჭამელი ფრინველები, მღრღნელები, მწერები და მატლები მოდიოდნენ და ჩემი ხრწნადი ხორცით იკვებებოდნენ. ზუსტად იმით, რომელსაც ოდესღაც «საკუთარ თავად» ვთვლიდი. დრო უფრო და უფრო სწრაფად გადიოდა. დღის სინათლეს სწრაფად ცვლიდა ღამის წყვდიადი; დღეები კვირეებად იქცეოდნენ, კვირები თვეებად.  

იცვლებოდნენ წელიწადის დროები და ჩემი სხეულის ნარჩენები ნიადაგად იქცა. თოვლის ყინულოვანმა საფარმა დროებით შემოინახა ჩემი ძვლები, თუმცა დროთა განმავლობაშ ისინიც მტვრად იქცნენ. იკვებებოდნენ რა ჩემი სხეულით, ამ მინდორზე იზრდებოდნენ და კვდებოდნენ ყვავილები და ხეები. საბოლოოდ თავად მინდორიც გაქრა. 

მე გავხდი ნაწილი ლეშიჭამია ფრინველებისა, რომლებმაც ჩემი ხორცი შეჭამეს, მღრღნელებისა და მწერებისა, ასევე მათი მტაცებლებისა სიცოცხლისა და სიკვდილის დიდ წრებრუნვაში.  

დენ მილმენი, რომელიც ოდესღაც, დიდი ხნის წინ ცხოვრობდა, სამუდამოდ გაქრა – მყისიერი ნაპერწკალი დროში. მაგრამ მე ძველებურად ვრჩებოდი მთელი ეპოქების განმავლობაში. ახლა საკუთარი თავი გავხდი, ცნობიერება, რომელიც აკვირდებოდა ყველაფერს, და იყო ყველაფერი. ჩემი ყოველი ცალკეული ნაწილი მარადიულად იცოცხლებს; მარად შეიცვლება და მარად ახალი იქნება.

ახლა ვაცნობიერებდი, რომ მოხუცი, სიკვდილი, რომლისაც ასე ეშინოდა დენ მილმენს, უდიდესი ილუზია იყო – პრობლემა, არა უმეტესი, ვიდრე სასაცილო ეპიზოდი, როცა ცნობიერებამ დაივიწყა საკუთარი თავი.  

სანამ დენი ცხოვრობდა, მან ვერ გაიარა ჭიშკრები; მან ვერ გააცნობიერა თავისი ჭეშმარიტი ბუნება; ის ცხოვრობდა მოკვდავ ფორმაში და შიშში, მარტო.  

ახლა მე ვიცოდი. აჰ, რომ შეძლებოდა მხოლოდ მიმხვდარიყო იმას, რაც ახლა ვიცი.  

გამოქვაბულის იატაკზე ვიწექი, გაღიმებული, გაოფლილი კედელს მივეყრდენი და სიბნელეშ დავიწყე ცქერა, ცნობისმოყვარეობით, მაგრამ შიშის გარეშე.  

როცა თვალები მიეჩვივნენ, დავინახე თეთრთმიანი ადამიანი, რომელიც ჩემს გვერდით იჯდა და იღიმებოდა. ყველაფერი აწმყოს დაუბრუნდა ათასწლეულოვანი მომავლიდან, და მე წამიერად სევდის შემოტევა ვიგრძენი მოკვდავ ფორმაში დაბრუნების გამო. შემდეგ გავაცნობიერე, რომ ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა – არაფერს არ აქვს დიდი მნიშვნელობა!

ეს ძალიან სასაცილოდ მეჩვენა; ყველაფერი ილუზია ყოფილა…, და ბედნიერად გამეცინა. სოკრატეს შევხედე; ჩვენი თვალები ექსტაზისგან ანათებდნენ. ვიცოდი, რომ მან იცოდა ის, რაც მე ვიცოდი. წამოვხტი და გადავეხვიე. ვცეკვავდით და ველურებივით ვხარხარებდით ჩემს სიკვდილთან დაკავშირებით. 

ცოტა მოვიცადეთ, ნივთები ჩავალაგეთ და ქვემოთ დავეშვით, ძირითადი ბანაკისკენ.

მე ცოტას ვლაპარაკობდი, მაგრამ ბევრს ვიცინოდი. ყოველ ჯერზე, როცა მიწას, ცას, მზეს, ხეებს, ტბას და მდინარეებს ვუმზერდი, მახსენდებოდა, რომ ეს ყველაფერი მე ვარ!  

მთელი ეს წლები დენ მილმენი იზრდებოდა, იბრძოდა იმისთვის, რომ «ვინმე ყოფილიყო». სხვათაშორის, რაც შეეხება წარსულს! დენი იყო ვიღაც, ჩაკეტილი საკუთარ შეშინებულ ჭკუაში და მოკვდავ სხეულში.

«კარგი», – ვფიქრობდი მე, – «ახლა ისევ ვითამაშებ დენ მილმენს, მარადისობის კიდევ რამდენიმე გაელვება და, მივეჩვევი კიდეც მას ცოტა ხნით, სანამ არ გაქრება. თუმცა მე ახლა ვიცი, რომ მხოლოდ ხორცის ნაგლეჯი არ ვარ – ეს საიდუმლო კი ძვირი ღირს!

არ არსებობს გამოთქმა, რომ ამ ცოდნის ჩემზე ზეგავლენა აღწეროს. მე უბრალოდ გამოვიღვიძე.

ამგვარად, მე გამოვიღვიძე რეალობაში, რომელიც ყველანაირი მნიშვნელობისგან და ძიებისგან იყო ცარიელი. რა უნდა ვეძებო კიდევ? ყველაფერი, რაზეც სოკი მელაპარაკებოდა, ჩემს სიკვდილთან ერთად გაცოცხლდა. ამაში მდგომარეობს მთელი პარადოქსი, სიტუაციის მთელი იუმორი და დიადი ცვლილება. ყველა ძიება, ყველა მიღწევა, ყველა მიზანი ერთნაირად სასიხარულო და ერთნაირად უსარგებლო იყო. 

ჩემს სხეულში ენერგია მოძრაობდა. ბედნიერებით სავსე ვიყავი. და სიცილი ამიტყდა; ეს იყო უმიზეზოდ ბედნიერი ადამიანის სიცილი.  

მაღალი მთის ტბების გასწვრივ განვაგრძობდით დაშვებას. მცენარეულობის საზღვარი გადავკვეთეთ და ხშირ ტყეში შევედით, წყაროს მიმართულებით, სადაც რამდენიმე დღის წინ... ან ათასი წლის წინ... ვიყავით.  

მე დავკარგე ყველა ჩემი წესი, ყველანაირი მორალი ყველა ჩემი შიში ზემოთ, მთებში დარჩა. ამიერიდან ჩემი მართვა შეუძლებელი გახდა. რა სასჯელით უნდა დავეშინებინე? ამასთან, თუმცა მე არ შემომრჩა კარგი ტონის მანიშნებელი არანაირი წესი, ვგრძნობდი, რომ სწორად ვიქცეოდი და სიყვარულით სავსე ვიყავი. უნარი მქონდა მხოლოდ სიყვარულით სავსე ქმედებებისა და სხვა არაფრისა. იგი ასეც მეუბნებოდა; რა შეიძლება იყოს უფრო დიდი ძალა?  

მე დავკარგე ჩემი ჭკუა და ჩავიძირე ჩემს გულში. ჭიშკრები როგორც იქნა გაიღო და ფრენით გავიარე ისინი, სიცილით, იმიტომ რომ ესეც ხუმრობა იყო. ეს იყო კარი კარის გარეშე, კიდევ ერთი ილუზია, კიდევ ერთი ხატ-სახე, რომელიც სოკრატემ ოდესღაც მომიქსოვა. საბოლოოდ დავინახე ის, რაც უნდა დამენახა. გზა გაგრძელდება, უსასრულობისკენ; თუმცაღა ახლა გზა სინათლით იყო სავსე.

როცა ჩვენს ბანაკში მივედით, უკვე ბნელდებოდა. ცეცხლი გავაჩაღეთ და ცოტა მზესუმზირა მივირთვით – უკანასკნელი ჩემი მარაგიდან. როცა ცეცხლის ალმა ჩვენი სახეები გაანათა, სოკრატემ თქვა:  

«იცი, შენ დაკარგავ ამას».

«რას დავკარგავ?»

«შენს ხედვას. ის იშვიათობაა… შესაძლოა მხოლოდ იშვიათ ვითარებებში..., ის მხოლოდ გამოცდილებაა, ასე რომ დაკარგავ მას».

«შესაძლოა, ეს მართალია, სოკრატე, მაგრამ ვიღაც იდარდებდა ამის გამო, მე კი არა», გამეცინა მე, – «მე დავკარგე ჩემი განსჯის უნარი და ვეღარსად ვპოულობ მას!»

სასიამოვნოდ გაკვირვებულმა წარბები ასწია. «ჰოდა ძალიანაც კარგი. როგორც ჩანს ჩემმა შრომამ ტყუილად არ ჩაიარა. ჩემი ვალი გადახდილია».

«ოჰო!» ‑გამეღიმა მე, – «გინდა თქვა, რომ ჩემი გამოსაშვები დღე დადგა?»

«არა, დენ, ჩემი გამოსაშვები დღე დადგა».

ის ადგა, თავისი ზურგჩანთა მოიკიდა, წავიდა და სიბნელეს შეერია.

მოვიდა დრო სადგურზე დაბრუნებისა, იქ, სადაც ეს ყველაფერი დაიწყო. რაღაცნაირად ვიცოდი, რომ სოკი იქ იყო და მელოდა. მზის ამოსვლასთან ერთად ნივთები ზურგჩანთაში ჩავალაგე და დაშვება განვაგრძე.

მთებში მოგზაურობას რამდენიმე დღე დასჭირდა. ავტოსტოპით ფრესნომდე ჩავაღწიე, იქიდან 101-ე ავტობუსით სან-ხოსემდე, შემდეგ პალო-ალტომდე. ძნელად ვიჯერებდი, რომ საკუთარი სახლი რამდენიმე კვირის წინ დავტოვე, უიმედო «ვიღაცამ».

ნივთები ამოვალაგე და ბერკლისკენ გავემართე. სოკრატეს ცვლამდე ბევრი დრო იყო, ამიტომ კამპუსში გავისეირნე. ტელეგრაფ ავენიუ მოვინახულე. ვაკვირდებოდი მაღაზიების გამყიდველებს, რომლებიც სრულყოფილად ასრულებდნენ მაღაზიების გამყიდველების როლებს. სადაც არ უნდა მივსულიყავი, ყველგან – ქსოვილების მაღაზიაში, ბუტიკებში, კინოთეატრში და სამასაჟო სალონში – ყოველი ადამიანი უზადოდ ასრულებდა იმ როლს, რისიც სჯეროდა.

მივაბიჯებდი საუნივერსიტეტო ქალაქში, როგორც ბედნიერი ფანტომი, ბუდას აჩრდილი. მინდოდა ადამიანებისთვის ყურში ჩამეჩურჩულა: «გამოფხიზლდით! გაიღვიძეთ! მალე, ადამიანი, რომელიც როგორც ასე ძალიან გჯერათ თქვენ ხართ, მოკვდება. ასე რომ გაიღვიძეთ ახლა და ისიამოვნეთ ამ ცოდნით: ძიება – არაა საჭირო; მიღწევას – არსად არ მივყავართ. მათზე არაფერი არაა დამოკიდებული. ამიტომ იყავით ბედნიერები ახლა! გაიგეთ, სიყვარული – ეს სამყაროს ერთადერთი რეალობაა, რადგანაც ყველაფერი ერთი მთლიანობაა, ხოლოდ ერთადერთი კანონებია პარადოქსი, იუმორი და ცვლილება. პრობლემები არასოდეს ყოფილან, არ არიან და არც იქნებიან. მიატოვეთ თქვენი ბრძოლა და გაუშვით თქვენი ჭკუა. განაგდეთ თქვენი დარდები და შეერწყეთ სამყაროს. არაა საჭირ0ო ცხოვრებასთან წინააღმდეგობა; უბრალოდ გააკეთეთ ყველაფერი საუკეთესოდ. გაახილეთ თვალები და დაინახავთ, რომ თქვენ უფრო მეტი ხართ, ვიდრე გგონიათ. თქვენ ხართ მსოფლიო, თქვენ ხართ სამყარო – თავად თქვენც და სხვებიც! ეს ღმერთის საოცარი თამაშია. გაიღვიძეთ და აღადგინეთ თქვენი იუმორი. არ ინერვიულოთ, უბრალოდ იყავით ბედნიერნი. თქვენ უკვე თავისუფალი ხართ!»  

მინდოდა ეს მეთქვა ყველასთვის, ვინც გზაზე მხვდებოდა, მაგრამ რომ მეცადა ამის გაკეთება, ჩათვლიდნენ, რომ ჰალუცინაციები მაქვს, ან სოციალურად საშიში ვარ. მე შევიცანი დუმილის სიბრძნე.

მაღაზიები იკეტებოდა. რამდენიმე საათში სადგურზე სოკის მორიგეობა დაიწყება. მთაში წავედი. მანქანა დავტოვე და ქვაზე ჩამოვჯექი სახით ბუხტისკენ. სან-ფრანცისკოს შორეულ შუქებს და გოლდენ ჰეიტის ხიდს ვუმზერდი. შემეძლო ყველაფერი მეგრძნო: ტყის ფრინველები გარშემო, ქალაქის ცხოვრება, შეყვარებულებიც ხვევნა, დამნაშავეები საქმის პროცესში, სოციალური მოხალისეები, რომლებმაც ყველაფერი გაიღეს, რისი გაღებაც შეეძლოთ. და მე ვიცოდი, რომ ყველაფერი ეს, კარგიც და ცუდიც, მაღალიც და დაბალიც, ბრძნულიც და სულელურიც, ყველაფერი სრულყოფილი პიესის ნაწილია. ყველა მსახიობი უზადოდ თამაშობდა! მე ყველაფერი ეს ვიყავი, ამ ყველაფრის ყოველი ნაწილაკი. ვჭვრეტდი ამ უკიდეგანო სამყაროს და მთლიანად მიყვარდა იგი. 

თვალები მედიტაციისთვის დავხუჭე, მაგრამ ამ დროს გავაცნობიერე, რომ ყოველთვის ვმედიტირებდი, ფართოდ გახელილი თვალებით.  

შუაღამის შემდეგ სადგურზე მივედი; ზარმა დარეკა ჩემი მისვლის ნიშნად. თბილად განათებული ოფისიდან გამოვიდა ჩემი მეგობარი, რომელიც ძლიერი, ორმოცდაათიოდე წლის მამაკაცივით გამოიყურებოდა, ტანადი და გრაციოზული. მანქანას შემოუარა მძღოლის მხრიდან და ფართოდ გაღიმებულმა მკითხა: «ბოლომდე გავავსოთ?»

«ბედნიერება – ეს სავსე ავზია», – ვუპასუხე მე, და დავფიქრდი იმაზე, თუ სად მქონდა ეს ფრაზა გაგებული. რა უნდა გამეხსენებინა?

სანამ სოკრატე ბენზინს ასხამდა, მე ფანჯრები გავწმინდე. შემდეგ მანქანა სადგურის უკანა მხარეს დავაყენე და უკანასკნელად შევედი ოფისში. ეს ადგილი ჩემთვის წმინდა გახდა – უჩვეულო ტაძარი. მეჩვენებოდა, რომ იმ საღამოს შენობა დაელექტროებული იყო; რაღაც აუცილებლად უნდა მომხდარიყო, მაგრამ აზრზე არ ვიყავი - კონკრეტულად რა.  

სოკრატემ ყუთიდან დიდი რვეული ამოაძრო, დროისგან გახუნებული და გაცრეცილი, და მე მომაწოდა. მასში იყო ჩანაწერები, მკაფიო, თანაბარი ხელწერით.  «ეს ჩემი ჟურნალია – ჩემი ცხოვრების ჩანაწერები ახალგაზრდობის დროიდან. აქ იპოვი პასუხებს ყველა შენს დაუსმელ კითხვაზე. ახლა ეს შენია - ეს ჩემი საჩუქარია. ყველაფერი მოგეცი, რაც შემეძლო. ჩემი შრომა დასრულებულია, მაგრამ შენ კიდევ ბევრი სამუშაო გელის წინ.   

«რა მაქვს კიდევ გასაკეთებელი?» – გამეღიმა მე.

«შენ უნდა წერო და ასწავლო. იცხოვრებ კეთილდღეობით და ისწავლი, თუ როგორ დარჩე უბრალო ამ მშფოთვარე სამყაროში, რომელსაც შენ, რაღაც კუთხით, უკვე აღარ ეკუთვნი. დარჩი უბრალო და სასარგებლო იქნები სხვებისთვის».

სოკრატე თავისი სავარძლიდან წამოდგა თავისი ჭიქა ზუსტად ჩემის გვერდით დადგა. მის ხელს შევხედე. ის ანათებდა, უფრო ძლიერად და მკაფიოდ, ვიდრე ადრე.

«უცნაურად ვგრძნობ თავს», – წარმოთქვა გაკვირვებული ტონით, – «ვფიქრობ, ჩემი წასვლის დროა».

«რით შემიძლია დაგეხმარო?» – ვკითხე მე, რადგან ვფიქრობდი, რომ კუჭის პრობლემებმა შეაწუხა.  

«არა». თითქოს უკვე ვეღარ გვამჩნევდა ვერც მე, და ვერც გარემოს, დაიძრა კარისკენ წარწერით «შესვლა აკრძალულია», ხელი ჰკრა და მის მიღმა გაუჩინარდა.

ავნერვიულდი მის გამო. ვგრძნობდი, რომ ჩვენმა მოგზაურობამ მთებში საკმაოდ დაასუსტა იგი. მიუხედავად ამისა, მისი ნათება იმდენად ძლიერი იყო, როგორც არასოდეს ადრე. როგორც ყოველთვის, სოკრატე არ ჯდებოდა ჩვეულ სქემებში.  

სავარძელში ვიჯექი და დახურულ კარს ვუმზერდი, მისი დაბრუნების მოლოდინში: «ეი, სოკრატე, შენ დღეს ნათურასავით ანათებ. საშობაოდ უნდა დაგპატიჟო; ყველაზე კაშკაშა მორთულობა იქნები ჩემი ნაძვის ხისთვის».

მომეჩვენა, რომ სინათლის მცირე გაელვება დავინახე კარის ქვემოთა ღრიჭოში. ალბათ გადამწვარმა ნათურამ პროცესი გაურთულა. «სოკ, მთელი ღამე აპირებ მანდ ჯდომას? მეგონა მეომრებს არ ჰქონდათ კუჭის აშლილობა».

გავიდა ხუთი წუთი. ათი. ვიჯექი და მისი ნაჩუქარი ჟურნალი ხელში მეჭირა. დავუძახე, შემდეგ კიდევ ერთხელ, მაგრამ პასუხი მხოლოდ დუმილი იყო. უცებ მივხვდი. ეს შეუძლებელი იყო, მაგრამ ვიცოდი, ეს მოხდა.

ფეხზე წამოვხტი, კართან მივირბინე, და იმდენად ძლიერად ვკარი ხელი, რომ კაფელის კედელს მკვეთრად მიენარცხა და ლითონის ხმა ექოდ გაისმა ცარიელ საპირფარეშოში. გამახსენდა სინათლის გაელვება რამდენიმე წუთის წინ. სოკრატე განათებული შემოვიდა აქ და გაქრა.

დიდხანს ვიდექი, სანამ  ზარის ხმა და მოუთმენელი სიგნალი არ შემომესმა. გავედი და მექანიკურად მოვემსახურე ავტომობილს, ავიღე ფული და ხურდა საკუთარი ჯიბიდან მივეცი. როცა ოფისში დავბრუნდი, შევამჩნიე, რომ თურმე გამოსვლისას ფეხსაცმელიც კი არ ჩამიცვამს. ვიცინოდი მანამ, სანამ ჩემი სიცილი ისტერიკაშ არ გადაიზარდა. შემდეგ ჩავწყნარდი. სავარძელზე ჩამოვჯექი, ძველ, მექსიკურ ზეწარზე. მივიხედ-მოვიხედე: ყვითელი, გახუნებული ხალიჩა კაკლის მაგიდასთან, დასალევი წყლით სავსე ავზი; ორ ჭიქას ვუყურებდი, ჩემსას და სოკისას, რომლებიც უწინდებურად ერთად იდგნენ, და ბოლოს მის დაცარიელებულ სავარძელს შევხედე.

მაშინ დაველაპარაკე. სადაც არ უნდა ყოფილიყო ეს ონავარი მეომარი, ბოლო სიტყვას ჩემზე დავიტოვებ.

«კარგი, სოკრატე, აი მეც, წარსულსა და მომავალს შორის, კვლავ დავხეტიალობ ცასა და მიწას შორის. რა შემიძლია გითხრა, რომ გამიგო? გმადლობ, ჩემო მასწავლებელო, ჩემო შთამაგონებელო, ჩემო მეგობარო. მომენატრები. მშვიდობით!».

სადგურს უკანასკნელად ვტოვებდი საოცრების შეგრძნებით. ვიცოდი, რომ არ დამიკარგავს იგი, ეს სამუდამოდ არ იყო. რამდენი წელი დავხარჯე იმაზე, რათა მთელი სიცხადით დამენახა, რომ ჩვენს შორის არასოდეს ყოფილა მანძლი. მთელი ეს დრო, ჩვენ ერთი მთლიანი ვიყავით.  

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff