1. ჯადოქრობის შემოტევები
წიგნი პირველი ცვლილებების ქარები 1. ჯადოქრობის შემოტევები
გვიანი საღამო იყო. ვარჯიშის და ვახშმის შემდეგ ჩავთვლიმე. როცა გამეღვიძა თითქმის შუაღამე იყო. აუჩქარებლად გავისეირნე ღამის სუფთა ჰაერზე, პირდაპირ სადგურისკენ. ძლიერი ქარი ზურგში მირტყამდა, თითქოს წინისკენ მიბიძგებდა.
როცა ნაცნობ გზაჯვარედინს მივუახლოვდი, თითქმის შევჩერდი. მცირე ცივი წვიმა დაიწყო. ოფისის თბილ შუქში სოკის სილუეტი დავინახე, რომელიც თავისი ჭიქიდან სვამდა. ერთმანეთში არეულმა შიშის და წინასწარი სიამოვნების განცდამ ფილტვები შემიკუმშა და გულისცემა გამიხშირა.
ცივი ქარი პირდაპირ კეფაში მირტყამდა. შემცივნებულმა უეცრად ავწიე თავი და დავინახე სოკრატე, რომელიც პირდაპირ კარის შესასვლელში იდგა და მგელივით იყნოსავდა ჰაერს. მეჩვენებოდა, რომ ჩემს მიღმა იყურებოდა. მაშინვე დამიბრუნდა მოგონება ჩემს სიზმარზე სიკვდილის შესახებ. ვხვდებოდი, რომ ამ ადამიანის შიგნით დიდი სითბო და თანაგრძნობა იმალებოდა, მაგრამ ასევე ვგრძნობდი, რომ მისი შავი თვალების სიღმეში უდიდესი და ამოუცნობი საფრთხეც იყო დამალული.
ჩემი შიში გაიფანტა, როცა მშვიდად მითხრა: «კარგია, რომ დაბრუნდი». ხელის მოძრაობით ოფისში შემიპატიჟა. როგორც კი ქურთუკი და ფეხსაცმელი გავიხადე, ზარმა დარეკა. ფანჯარაში გავიხედე და დავინახე ძველი პლიმუთი დაშვებული საბურავით. სოკრატე უკვე უახლოვდებოდა მანქანას თავის პონჩოში. ვაკვირდებოდი და ვფიქრობდი, როგორ მოახერხა ჩემი შეშინება.
წვიმის ღრუბლებმა გაშავება დაიწყეს და კვლავ დამიბრუნეს კაპიუშონიანი სიკვდილის შეგრძნება ჩემი სიზმრიდან. წვიმის რბილი შხაპუნი შეცვალა სახურავზე მობრახუნე ძვლიანი თითების ხმამ. ინტენსიური ვარჯიშებისგან გადაღლილმა მოუსვენრად დავიწყე წრიალი. მომდევნო კვირას რეგიონალური ჩემპიონატი უნდა ჩატარებულიყო და დღეს ბოლო, სერიოზული ვარჯიში იყო.
სოკრატემ ოფისის კარი გააღო და ისე, რომ არც შემოსულა, თქვა: «გარეთ გამოდი. ახლავე» – და წავიდა. მე წამოვდექი, ფეხსაცმელი ჩავიცვი და ბურუსში გავიხედე. სოკრატე მოშორებით იდგა, იქ სადაც სადგურის ფანარების აურა მთავრდებოდა. წამით მომეჩვენა, რომ მას შავი კაპიუშონი ეცვა.
ნამდვილად არ მინდოდა იქ მისვლა. ოფისი ციხე-სიმაგრესავით იყო, აღმართული ღამისა და იმ სამყაროს წინააღმდეგ, რომელიც ჩემს ნერვებზე მოქმედებდა. არა, არ გავალ. სოკრატე სიბნელიდან მანიშნებდა, კვლავ და კვლავ. ბედს დამორჩილებული, გარეთ გავედი.
ფრთხილად მივუახლოვდი. მან მითხრა: «მოუსმინე, გრძნობ?»
«რას?»
«შეიგრძენი!»
სწორედ ამ წამს, წვიმა შეწყდა, და ქარმა თითქოს მიმართულება იცვალა. უცნაურია, ქარი თბილი იყო. «ქარი?»
«ჰო, ქარი. ის შეიცვალა. ახლა, ეს ნიშნავს ცვლილების. შენ ალბათ ვერ მიხვდი ამას. ალბათ მეც ვერ მივხვდი. მაგრამ დღეს შენთვის - კრიტიკული მომენტია დროში. შენ წახვედი, მაგრამ ისევ დაბრუნდი. და ახლა ქარები იცვლებიან». წამით შემომხედა, შემდეგ კი ფართო ნაბიჯებით გაემართა ოფისისკენ.
მე უკან გავყევი და და ნაცნობ სავარძელში მოვკალათდი. სოკრატე სრულიად უძრავად იჯდა თავის რბილ ყავისფერ სკამზე. მისი მზერა გამჭოლად მბურღავდა. საკმაოდ მაღალი, და ამავე დროს საკმაოდ დამამშვიდებელი ხმით, განმიცხადა: «ახლა ერთი რაღაც უნდა გავაკეთო, არ შეგეშინდეს».
და წამოდგა. «სოკრატე, ძალიან მაშინებ!», – წამოვიძახე გაბრაზებულმა და სავარძლის კუთხეში მივიყუჟე. ის კი მიახლოვდებოდა, როგორც ვეფხვი ნახტომის წინ. შემდეგ ჩემს წინ მუხლებზე დაეშვა და ჩუმად წარმოთქვა: «დენ, გახსოვს, გეუბნებოდი, რომ ერთად მოგვიწევდა შენი ჭკუის შეცვლაზე მუშაობა მანამ, სანამ მეომრის გზას დაინახავდი?»
«კი, მაგრამ არა მგონია…»
«ნუ გეშინია» – გაიმეორა სოკრატემ. «კონფუციმ თქვა, – გაიღიმა მან, – «მხოლოდ ნამდვილი ბრძენები და უმეცრები არ ყოყმანობენ» . ამ სიტყვების შემდეგ, ხელები გამოიწოდა და ფრთხილად, მაგრამ ძლიერად მომადო საფეთქლებზე.
რამდენიმე წამი არაფერი არ ხდებოდა. უცებ, მოულოდნელად მზარდი ზეწოლა ვიგრძენი თავში. ყურები მიწუოდა, შემდეგ ზღვის ნაპირზე ტალღების ხმა მომესმა, შემდეგ ზარებმა დარეკეს. ჩემი თავი გასკდომის ზღვარზე იყო. სწორედ ამ დროს დავინახე სინათლე და ჩემი ჭკუა მისი სიკაშკაშისგან აფეთქდა. რაღაც კვდებოდა ჩემში, ეს ნამდვილად ვიცოდი, და რაღაც ახალი იბადებოდა! შემდეგ სინათლემ ყველაფერი მოიცვა.
როცა გონს მოვედი სავარძელში ვიწექი. სოკრატემ ჩაი შემომთავაზა და რბილად დამადო ხელი მხარზე.
«რა დამემართა?»
«მოდი, უბრალოდ ვთქვათ, რომ მე შენი ენერგიების მანიპულირება მოვახდინე და რამდენიმე ახალი ცენტრი გავხსენი. ფეიერვერკი - ეს უბრალოდ შენი გონების აღტაცება იყო ენერგეტიკული აბაზანისგან. შედეგი კი შენი ცხოვრებისეული ილუზორული ცოდნისგან განთავისუფლებაა. ვშიშობ, ამ მომენტიდან ჩვეულებრივი ცოდნა უკვე ვეღარ დაგაკმაყოფილებს».
«ვერ ვხვდები».
«მალე მიხვდები», – თქვა მან ღიმილის გარეშე.
ძალიან დავიღალე. ჩუმად მივირთმევდით ჩაის. შემდეგ ბოდიში მოვიხადე, სვიტერი ჩავიცვი და თითქოს სიზმარში ვიყავიო, ისე წავედი სახლში.
მეორე დღეს ბევრი მეცადინეობა მქონდა, მესმოდა პროფესორების სიტყვები, რომლებმაც აზრი და მნიშვნელობა დაკარგეს ჩემთვის. ისტორიის ლექციაზე უოტსონი საუბრობდა იმაზე, თუ როგორი გავლენა მოახდინეს მსოფლიო ომის მსვლელობაზე ჩერჩილის პოლიტიკურმა ინსტინქტებმა. ლექციის კონსპექტირება შევწყვიტე. ძალიან დაკავებული ვიყავი ოთახის ფერების და ტექსტურის აღქმით, გარშემომყოფი ადამიანების ენერგიების შეგრძნებით. პროფესორების ხმის ბგერები გაცილებით საინტერესო იყო, ვიდრე სიტყვები და მათში არსებული აზრი. სოკრატე, ეს რა მიქენი? ახლა ვერაფრით ვეღარ ჩავაბარებ გამოცდებს.
აუდიტორიიდან გამოსვლისას ნაცნობი ხმა შემომესმა.
«გამარჯობა, დენი! დიდი ხანია არ მინახიხარ. ყოველ საღამოს გირეკავ, მაგრამ სახლში არ ხარ. სად იმალები?»
«აა, გამარჯობა სიუზი. გამიხარდა შენი ნახვა. მე... ვმეცადინეობდი». მისი სიტყვები ჰაერში ცეკვავდნენ. ძლივს მესმოდა მათი აზრი, მაგრამ ვგრძნობდი, რას განიცდიდა - წყენას და ცოტა ეჭვიანობას. თუმცა მისი სახე ანათებდა, როგორც ყოველთვის.
«სიამოვნებით ვისაუბრებდი შენთან, სიუზი, მაგრამ დარბაზში მეჩქარება».
«აჰ, სულ დამავიწყდა». მისი იმედგაცრუება ვიგრძენი. «რა გაეწყობა, – თქვა მან, – იმედია, მალე შევხვდებით?»
«აუცილებლად».
«ეი, – თქვა მან, – უოტსონმა შესანიშნავი ლექცია წაიკითხა! სიამოვნებით ვისმენდი ჩერჩილის ცხოვრების შესახებ. საინტერესოა, არა?»
«კი. კარგი ლექცია იყო».
«კარგად, დენი»
«კარგად». როცა შემოვბრუნდი, სოკის სიტყვები გამახსენდა ჩემი «სირცხვილისა და შიშის შაბლონებზე». შესაძლოა მართალი იყო. მე მართლაც უხერხულად ვგრძნობდი თავს ადამიანებთან - არასოდეს ვარ დარწმუნებული იმაში, თუ რა ვუპასუხო.
იმ საღამოს, გიმნასტიკის დარბაზში, ზუსტად ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა. ჩემი ენერგიის ჭანჭიკი გავხსენი და მთელი სიმძლავრით გამოვცოცხლდი. ვთამაშობდი, ვქანაობდი, ვხტუნაობდი; კლოუნი ვიყავი, მაგი, შიმპანზე. და საერთოდ, ეს ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო დღე იყო. ჩემი ჭკუა იმდენად გამჭვირვალე გახდა, რომ ზუსტად ვიცოდი, როგორ გამეკეთებინა ის, რაც მინდოდა. სხეული მოდუნებული, დამყოლი, სწრაფი და მსუბუქი იყო. ვარჯიშისას გამოვიგონე უკუღმა სალტო, ერთნახევარი წტით, გვიანი ნახევარ-წრით და გამოსვლისას ტრიალით; ზემოთა ღერძიდან, შევასრულე ასხლტომა სამ ღერძზე ტრიალით, - ორივე ეს მოძრაობა პირველად იქნა შესრულებული შეერთებულ შტატებში.
რამდენიმე დღის შემდეგ გუნდი რეგიონალურ ჩემპიონატზე გაემგზავრა. ჩვენ გავიმარჯვეთ და უკან დავბრუნდით. ეს იყო სიზმარივით,რომელიც ფანფარისგან, მოძრაობებისგან და დიდებისგან შედგებოდა, მაგრამ ვერაფრით ვახერხებდი განვშორებოდი შფოთვას, რომელიც არ მასვენებდა.
გამახსენდა მოვლენები, დაწყებული სინათლის აფეთქებიდან. როგორც სოკმა იწინასწარმეტყველა, რაღაც ნამდვილად მოხდა, მაგრამ ეს უფრო მაშნებდა, ვიდრე მომწონდა. შესაძლოა სოკრატე ის არ იყო, ვინადაც თავს ასაღებდა; შესაძლოა ის გაცილებით ჭკვიანი და მანკიერია, ვიდრე მე წარმოვიდგენდი.
ეს აზრები ქრებოდნენ, როგორც კი ოფისის ზღურბლს გადავკვეთავდი ხოლმე და მის მბრწყნავ თვალებს და ღიმილს ვხვდებოდი. დაჯდომაც ვერ მოვასწარი, სოკრატემ მითხრა: «მზად ხარ მოგზაურობისთვის?»
«მოგზაურობისთვის?» – გავიმეორე მე.
«ჰო, მოგზაურობა, ხეტიალი, დროებითი არ ყოფნა, შვებულობა, მოკლედ თავგადასავალი».
«არა, გმადლობ. სათანადოდ არ ვარ ჩაცმული».
«სისულელეა! – დაიყვირა ისე ხმამაღლა, რომ ორივემ მივიხედ-მოვიხედეთ, ვინმე გამვლელმა ხომ არ გაიგონა. „ტსსსსს!!! – ხმამაღლა დაიშიშნა მან, – ჩუმად! თორემ ყველას გააღვიძებ“.
ამ კარგი განწყობით ვისარგებლე და გადმოვულაგე: «სოკ, ჩემს ცხოვრებას აზრი აღარ აქვს. არაფერი არ მუშაობს, თუ არ ჩავთვლით გიმნასტიკის დარბაზს. ნუთუ არ უნდა გააუმჯობესო ჩემი ცხოვრება? ვფიქრობ, ნამდვილმა მასწავლებელმა ასე უნდა გააკეთოს».
მან ლაპარაკი დაიწყო, მაგრამ შევაწყვეტინე.
«და კიდევ ერთი. მე ყოველთვის მჯეროდა, რომ ჩვენით უნდა ვიპოვოთ ცხოვრების გზები. არავინ არავის არ უნდა ასწავლიდეს, როგორ იცხოვროს».
სოკრატემ შუბლზე ხელი შემოირტყა, შემდეგ თვალები ცისკენ აღაპყრო მორჩილად. «მე – შენი ცხოვრების ნაწილი ვარ, სულელო. აკვნიდან არ მომიპარიხარ და ძალით არ ჩამიკეტიხარ აქ. შეგიძლია წახვიდე, როცა მოგინდება». იგი კართან მივიდა და ფართოდ გააღო.
სწორედ ამ დროს სადგურს შავი ლიმუზინი მოუახლოვდა, და სოკმა ინგლისური აქცენტით წამოიძახა: «თქვენი მანქანა ადგილზეა, სე-ერ». დაბნეულმა ვიფიქრე, რომ სწორედ ამ ლიმუზინით წავიდოდით სამოგზაუროდ. რატომაც არა? ასე რომ უდარდელად გავეშურე ლიმუზინისკენ და უკანა სავარძელზე შევძვერი. შემდეგ მომენტში აღმოვაჩინე, რომ გამჭოლად მიყურებდა პატარა დანაოჭებული მოხუცი, მას წელზე ხელი მოეხვია თექვსმეტიოდე წლის გოგონასთვის, რომელიც შესაძლოა სულაც ბერკლის ქუჩებიდან იყო აყვანილი. ისე მიყურებდა, როგორც მტრულად განწყობილი ხვლიკი.
სოკმა სვიტერში მომკიდა ხელი და უკან გამომათრია. კარი დახურა და მოიბოდიშა: «აპატიეთ ჩემს ახალგაზრდა მეგობარს. მას არასოდეს უმგზავრია ასეთი ძვირფასი მანქანით, ამიტომ ცოტა გაუტია. ხო ასეა, ჯეკ?»
მე სულელივით თავი დავუქნიე. «რა ხდება აქ?» – გაბრაზებულმა წავისისინე პირის კუთხით. მაგრამ ის უკვე ფანჯრებს წმენდდა. როცა მანქანა წავიდა, შეცბუნებისგან ლოყები შემეფაკლა. «რატომ არ გამაჩერე, სოკრატე?»
«სიმართლე გითხრა, ეს ძალიან სასაცილო იყო. ვერ წარმოვიდგენდი, თუ ასეთი ადვილი იყო შენი შთაგონება».
ასე ვიდექით ღამეში და ერთმანეთს ვუყურებდით. სოკრატემ ფართოდ გაიღიმა. ამან უფრო გამაბრაზა. კბილები ერთმანეთს მივაჭირე. «მე დავიღალე შენს გვერდით სულელის როლის თამაშით!» – დავიყვირე მე.
«რა გაეწყობა, უნდა ავღნიშნო, რომ ძალიან მონდომებულად მუშაობდი შენს როლზე: პრაქტიკულად სრულყოფილად გამოგივიდა». გამოვბრუნდი, ნაგვის ვედროს ფეხი ვკარი და უკან შევედი, ოფისში. უცებ ჩემამდე დავიდა: «მოიცა, ცოტა ხნის წინ რატომ მიწოდე „ჯეკი?“»
«შემოკლებული ვირისგან, – თქვა მან და უკან შემომყვა. (სოკმა უწოდა მას „ჯეკი“, ინგლისური სიტყვისგან “Jackass” – ვირი. (მთარგმ. შენ.))
«კარგი, ეშმაკმა დალახვროს! – ვთქვი მე. „წავიდეთ სამოგზაუროდ. მომეცი ყველაფერი, რისი მოცემაც შეგიძლია, მზად ვარ ყველაფრის მისაღებად!“
«ო‑ო! ეს შენი ახალი მხარეა - ფიცხო დენი».
ფიცხი ვარ თუ არა არ ვიცი, მაგრამ შენი „შესტიორკა“-კურდღელი არ ვარ. მითხარი, სად მივდივართ? თქვი, სად მივდივარ მე? ეს მე უნდა ვმართავდე პროცესებს, და არა შენ!»
სოკრატემ ღრმად ჩაისუნთქა. «დენ, მე არაფრის თქმა არ შემიძლია შენთვის. მეომრის გზის უმეტესი ნაწილი უჩინარია უზიარებლებისთვის. ამ მომენტამდე, მე გიჩვენებდი, თუ რას არ წარმოადგენს მეომარი, შენივე საკუთარი ჭკუის მაგალითით. მალე ჩაწვდები გზის არსს, მაგრამ ამისთვის თან უნდა წაგიყვანო სამოგზაუროდ. წამომყევი».
მან წამიყვანა ფარეხში, მიმალულ ადგილას, რომელიც აქამდე არ მქონდა შემჩნეული ინსტრუმენტების თაროებს მიღმა. ეს იყო ადგილი პატარა ხალიჩით და მძიმე სწორ-საზურგიანი სკამით. ნახევრად-სიბნელე სუფევდა. ჩემმა მუცელმა შეკუმშვა დაიწყო.
«დაჯექი» – რბილად მითხრა მან.
«არ დავჯდები, სანამ არ მეტყვი, რას ნიშნავს ეს ყველაფერი?» – ხელები გულმკერდზე გადავიჭდე..
ახლა მისი აფეთქების დრო მოვიდა. «ეს მე ვარ – მეომარი! შენ კი – მაიმუნი! არაფერს არ აგიხსნი. გაჩუმდი და დაჯექი, ან გაბრუნდი უკან, შენი გიმნასტიკური დიდებისკენ და დაივიწყე, რომ მიცნობდი!»
«სერიოზულად ამბობ?»
«დიახ, სერიოზულად». წამით კიდევ ვყოყმანობდი, შემდეგ დავჯექი.
სოკრატემ ყუთისკენ გაიწია და იქიდან რაღაც ქსოვილი ამოიღო, რომლითაც ჩემს სკამზე მიბმას შეუდგა.
«რას აპირებ? უნდა მაწამო?» – მე მხოლოდ ნაწილობრივ ვხუმრობდი.
«არა. გთხოვ, გაჩუმდი ახლა» – თქვა მან, და უკანასკნელი ლენტი მომახვია, როგორც ღვედი თვითმფრინავში».
«ჩვენ რა, გავფრინდებით, სოკ?» – ნერვიულად ვკითხე მე.
«სიტყვებით თუ გამოვხატავთ, კი», – თქვა და ჩემს წინ მუხლებზე დაიჩოქა. ჩემი თავი ხელებში დაიჭირა და ცერა თითები წარბებს ქვეშ დამადო. კბილები ამიკაწკაწდა. შარდის ბუშტმა სასწრაფოდ მომთხოვა დაცლა. თუმცა მომდევნო მომენტში ეს ყველაფერი დამავიწყდა. აინთო ფერადი შუქები. მეჩვენებოდა, რომ მისი ხმა მესმოდა, მაგრამ ვერ ვარჩევდი; ის ძალიან შორს იყო.
ჩვენ ლურჯი ბურუსით მოცულ კორიდორში მივდიოდით. ჩემი ფეხები მოძრაობდნენ, მაგრამ მიწას ვერ ვგრძნობდი. გარშემო გიგანტური ხეები მოჩანდა, რომლებიც შემდეგ შენობებად იქცნენ, შენობები ბორცვებად, და ჩვენ უკვე მაღლა ავდიოდით, მთაზე, რომელიც მოულოდნელად ციცაბო ფერდობის მწვერვალად იქცა.
ბურუსი გაქრა; ჰაერი ყინულივით ცივი გახდა. ჩვენს წინ მრავალ მილზეგადაშლილიყვნენ მწვანე ღრუბლები, რომლებიც ფორთოხლისფერ ცას ერწყმოდნენ ჰორიზონტზე.
მაკანკალებდა. ვცადე რაღაც მეთქვა სოკრატესთვი, მაგრამ ჩემი ხმა მოგუდულად და ჩუმად ისმოდა. ჩემი კანკალი უმართავი გახდა. სოკმა ხელი მზის წნულზე დამადო. ის თბილი იყო და საოცრად დამამშვიდებელი ზეგავლენა მოახდინა. მოვდუნდი. მან მაგრად მომხვია ხელები, მიბიძგა და ერთად გადავეშვით სამყაროს უფსკრულში.
მოულოდნელად ღრუბლები გაიფანტნენ და ჩვენ გადახურული სტადიონის „ბალკებზე“ ჩამოვეკიდეთ. მინდვრის ზემოთ სახიფათოდ ვირწეოდით, როგორც ორი ჩამოკიდებული ობობა.
«ოიჰ! – თქვა სოკმა, – ცოტათი ვერ გავთვალე».
«რა ჯანდაბაა!» – დავიყვირე მე და უფრო მაგრად ვცადე მოჭიდება. „ბალკაზე“ ავბობღდი და ხელებითა და ფეხებით შემოვეხვიე. სოკრატე იოლად მოკალათდა ჩემს წინა „ბალკაზე“. შევამჩნიე, რომ ძალიან კარგად მოძრაობდა მოხუცის კვალობაზე.
«მხოლოდ შეხედე, – მივუთითე მე, – ეს ხომ შეჯიბრებაა გიმნასტიკაში! სოკრატე, შენ უბრალოდ შეიშალე».
«ეს მე შევიშალე?» – ჩუმად გაიცინა მან, – ჯობია შეხედო, ვინაა ბალკაზე ჩემს გვერდით».
«როგორ ჩავალთ აქედან?»
«ისევე, როგორც ამოვედით, რა თქმა უნდა».
«და როგორ ამოვედით?»
მან თავი მოიფხანა. «მთლად არ ვარ დარწმუნებული; მე იმედი მქონდა პირველ რიგში მოვხვდებოდით. ალბათ დღეს გაყიდული იყო».
ხმამაღლა გადავიხარხარე. ეს უკვე ნამეტანი იყო. სოკმა პირზე ხელი მომადო. «ტსსს!» ხელი მომაშორა. ეს შეცდომა იყო მისი მხრიდან.
«ხა-ხა-ხა-ხა!!! ‑ სიცილისგან თავს ვერ ვიკავებდი, სანამ ისევ არ გამაჩუმა. დავმშვიდდი, მაგრამ სიცილი მაინც არ მასვენებდა.
სოკმა მკაფიოდ ჩამჩურჩულა: «ეს მოგზაურობა რეალურია – უფრო რეალური, ვიდრე შენი სიზმრები ცხადში, ჩვეულებრივი ცხოვრებიდან. ყურადღებით იყავი!»
ამასობაში ქვემოთ მიმდინარე მოვლენებმა მართლაც მიიპყრო ჩემი ყურადღება. ამ სიმაღლიდან მაყურებლები სხვადასხვა ფერის წერტილებად მოჩანდნენ. ჩემი თვალთახედვის არეში გამოჩნდა პოდიუმი, არენის ცენტერში, ნაცნობი ლურჯი მატრასით, რომლის გარშემოც სხვადასხვა გიმნასტიკური აღჭურვილობა იყო განლაგებული. მუცელი ამიბუყბუყდა; გამოსვლისწინა ნაცნობ მღელვარებას ვგრძნობდი.
სოკრატემ პატარა ზურგჩანთაში ჩაყო ხელი (საიდან გააჩინა?) და ბინოკლი მომაწოდა, სწორედ იმ მომენტში, როცა გოგონა გიმნასტი ავიდა პოდიუმზე.
ბინოკლი გოგონასკენ მივმართე და დავინახე, რომ იგი საბჭოთა კავშირიდან იყო. გამოდის, რომ საერთაშორისო შეჯიბრებაზე მოვხვდით. სანამ ის მოძრაობებს აკეთებდა, ჩემამდე დავიდა, რომ შემეძლო მომესმინა როგორ ლაპარაკობდა საკუთარ თავთან! «აკუსტიკა აქ, – გავიფიქრე მე, – უბრალოდ ფანტასტიურია». თუმცა პრაქტიკულად მაშინვე ამ ფიქრის შემდეგ შევამჩნიე, რომ სპორტსმენის ტუჩები არ ინძრეოდნენ».
სწრაფად გადავიტანე ბინოკლი აუდიტორიისკენ და უამრავი ხმა მომესმა, თუმცა მაყურებლები ჩუმად იჯდნენ. მაშინ მივხვდი. მათ აზრებს ვკითხულობდი!
ბინოკლი უკან, გიმნასტიკენ მივმართე. მიუხედავად ენობრივი ბარიერისა, მესმოდა მისი აზრები: «დამშვიდდი… მოემზადე…» დავინახე, როგორ ატრიალებდა თავშ საკუთარი გამოსვლის პროგრამას.
ამის შემდეგ კონცენტრაცია მოვახდინე ადამიანზე მაყურებელთა დარბაზიდან, რომელიღაც ბიჭზე თეთრი მაისურით, რომელიც გართული იყო სექსუალურ ფანტაზიაში ერთ-ერთი აღმოსავლეთ-გერმანელი სპორტსმენის მონაწილეობით. მეორე ადამიანი, ალბათ მწვრთნელი, ბოლომდე ჩაფლული იყო თავისი მოსწავლის გამოსვლაზე. ერთ-ერთი ქალი ასევე გამომსვლელს უყურებდა და ფიქრობდა: «ლამაზი გოგოა… შარშან სერიოზული ტრავმა მიიღო... იმედია კარგად გაართმევს თავს».
ყურადღება გავამახვილე იმაზე, რომ ვერ ვიჭერდი სიტყვებს, მაგრამ ვგრძნობდი ცნებებს, ხანდახან ჩუმს და მიყრუებულს, ხანდახან ნათელს და მკაფიოს. ასე შემეძლო «გამეგო» რუსული, გერმანული და სხვა ენები.
კიდევ ერთი რამ შევამჩნიე. როცა საბჭოთა სპორტსმენი თავის პროგრამას ასრულებდა, მისი ჭკუა ჩუმად იყო. როცა დაასრულა და თავის სავარძელს დაუბრუნდა, მისი ჭკუა ისევ ამოძრავდა ფიქრებით. იგივე ხდებოდა გერმანელი და ამერიკელი გიმნასტების შემთხვევაშიც. უფრო მეტიც, გამომსვლელთა შორის საუკეთესოებს ყველაზე მდუმარე ჭკუა ჰქონდათ გადამწყვეტ მომენტში.
ერთი ბიჭ აღმოსავლეთ გერმანიიდან ტრიბუნებიდან ხმაურმა მოაცდინა სალტოს შესრულების დროს. ვიგრძენი, როგორ გაჰყვნენ მისი აზრები ხმაურს, მან გაიფიქრა: «რა?…» და გააფუჭა თავისი გამოსვლა».
ტელეპატივით ვაკვირდებოდი აუდიტორიის ჭკუებს. «მშიერი ვარ…, თერთმეტისთვის თვითვრინავს უნდა მივუსწრო, თორემ ჩამეშალა მთელი გეგმები დიუსელდორფში... როგორ მშია!» მაგრამ როგორც კი ვინმე იწყებდა გამოსვლას, მაყურებელთა ჭკუებიც ჩუმდებოდნენ.
პირველად გავაცნობიერე, რის გამო მიყვარს გიმნასტიკა. ის ჩემს თავში ხმაურისგან დასვენების საშუალებას მაძლევდა. როცა სალტოს ვაკეთებდი, სხვა არაფერი არსებობდა ჩემთვის. როცა ჩემი სხეული აქტიურად მოძრაობდა, ჩემი ჭკუა სიჩუმის წამებში ისვენებდა.
ფიქრების ხმაურმი აუდიტორიაში მაღიზიანებდა, ისევე როგორც ხმამაღალი რადიო. ბინოკლი დავუშვი და მინდოდა ყელზე ჩამომეკიდა, მაგრამ რემენის ჩამოკიდება დამვიწყნოდა და ბინოკლი ქვემოთ ჩავარდა, პირდაპირ პოდიუმისკენ! მე კი კინაღამ თან გადავყევი მისი დაჭერის მცდელობის დროს.
«სოკ!» – აღშფოთებულმა დავიყვირე. ის უშფოთველად იჯდა. ქვემოთ ჩავიხედე, რომ ვარდნის შედეგი მენახა, მაგრამ ბინოკლი გამქრალიყო.
«სანამ შენ აქ ხარ, ჩემთან, მოვლენები ცოტა სხვა კანონებს ემორჩილებიან», – გაეცინა სოკრატეს.
ის გაქრა და მე ტრიალით წამიღო სივრცემ, მაგრამ არა ქვემოდ, არამედ ზემოთ. გამიჩნდა სუსტი შეგრძნება, რომ მთის კიდიდან დაღმართზე დავეშვი, ბურუსში, როგორც კინოში უკუღმა.
სიკრატემ სახე სველი ნაჭრით გამიწმინდა. უწინდებურად სკამზე მიბმული, ძალგამოცლილი მივეყუდე საზურგეს.
«აბა, როგორ ხარ? – მკითხა მან, – კარგი მოგზაურობა იყო?»
«რასაკვირველია. არ გამხსნი? »
«ჯერ არაა დრო», – მიპასუხა მან და ჩემი თავისკენ გადმოიწია.
მე ჩავილუღლუღე: «არა, არ გინდა!» თვალებშ მაშინვე დამიბნელდა, ქარი ამოვარდა, რომელმაც წამიღო შორს, დროსა და სივრცეში.
მე ქარად ვქეცი, ოღონდ თვალებით და ყურებით. ვხედავდი და მესმოდა შორს და ფართოდ. ინდოეთის აღმოსავლეთ სანაპიროსთან ვქროდი, დამლაგებელთან ახლოს, რომელიც იატაკს ასუფთავებდა. ჰონკ-კონგში აბრეშუმის გამყიდველის მაღაზიასთან აღმოვჩნდი. მერე სან-პაოლოს ქუჩებში ჩავიქროლე და ოფლი შევაშრე პატარა გერმანელი ტურისტების კანზე, რომლებიც ფრენბურთს თამაშობდნენ ცხელი ტროპიკული მზის ქვეშ.
ყველა ქვეყანას შემოვუფრინე, ხმაურით გავიარე ჩინეთი და მონღოლეთი, ასევე საბჭოთა კავშირის უზარმაზარი და მდიდრული სივრცეები. ავსტრიის ველები, სუსხიან ქარად მოვევლინე ნორვეგიას. ერთხელ ქარბორბალა ვიყავი ტეხასის შუაგულში, შემდეგ კი მსუბუქი ბრიზი გავხდი და თმაზე მოვეფერე ახალგაზრდა გოგოს, რომელიც რომელიც თვითმკვლელობაზე ფიქრობდა კანტონაში, ოჰაიოს შტატში.
ყველა ემოცია განვიცადე, ყველა ყვირილი და სიცილი მესმოდა. ყოველი ადამიანური მდგომარეობა გახსნილი იყო ჩემი მზერისთვის. მე შევიგრძენი ყველაფერი, და გავიგე.
სამყარო სავსე იყო აზრებით, რომლებიც ქარბუქზე სწრაფად მოძრაობდნენ გართობის ძიებაში, ცვლილებების სირთულეებისგან, სიცოცხლის და სიკვდილის დილემებისგან გასაქცევად; მიზნების, უსაფრთხოების, სიამოვნებების, საიდუმლოს არსის წვდომის ძიებაში. ყოველი ადამიანი დედამიწის ყოველ წერტილში ამ მოუწესრიგებელი და მწარე ძიებებით ცხოვრობდა. რეალობა არასოდეს ემთხვეოდა მათ ოცნებებს; ბედნიერება ყოველთვის იქვე, კუთხეშ იყო, იმ კუთხეში, სადაც თითქმის არასოდეს უხვევდნენ. და ამ ყველაფრის წყარო ადამიანის ჭკუა იყო.
სოკრატე ლენტებს მხსნიდა. მზემ ფანჯრიდან პირდაპირ თვალებში მომაჭყიტა. და ამიცრემლიანა თვალები, რომლებმაც ამდენი რამ ნახეს.
სოკრატე ოფისამდე მისვლაში დამეხმარა. აკანკალებული სავარძელში ვიჯექი და ვაცნობიერებდი, რომ ვეღარასოდეს ვიქნებოდი ის მიამიტი და მედიდური ახალგზარდა, რომელმაც იმავე სავარძელში მრავალი წუთი და საათი გაატარა. თავს ძალიან დაბერებულად ვგრძნობდი. მე დავინახე მსოფლიოს ტანჯვა და ადამიანის ჭკუის მდგომარეობა, და თითქმის ვბღაოდი უნუგეშო სევდისგან. გამოსავალი არ ჩანდა.
სოკრატე, პირიქით, ფრიად გამოცოცხლებულიყო. «თამაშის დრო ამოიწურა. ჩემი ცვლა თითქმის დამთავრდა. ახლა სახლშ წადი და გამოიძნე».
ჭრაჭუნით წამოვდექი და ხელი შეცდომით გავუყარე ქურთუკის მეორე სახელოში.
«სოკრატე, და რატომ დამაბი?»
«ვხედავ, კითხვებისთვის ყოველთვის გრჩება ძალა. იმიტომ დაგაბი, რომ სკამიდან არ გადმოვარდნილიყავი, როცა პიტერ პენს განასახიერებდი».
«მე რა, მართლა ვიფრინე? მე ვგრძნობდი ფრენას», – კვლავ მძმედ დავეშვი.
«მოდი, ჯერ-ჯერობით იმაზე შევჩერდეთ, რომ ეს წარმოსახვითი ფრენა იყო».
«დამაჰიპნოზე, თუ როგორ?»
«იმ გაგებით არა, როგორც შენ გგონია, და რა თქმა უნდა არც იმ ხარისხით, როგორც შენ თვითონ იყავი დაჰიპნოზებული საკუთარი ჭკუისმიერი პროცესებით».
მან გაიცინა, თავისი ზურგჩანთა ასწია (სად მინახავს ადრე?) და წასასვლელად მოემზადა. «რაც მე გავაკეთე, ის იყო, რომ სხვა პარალელურ რეალობაშ გამეყვანე - შენი გართობისთვის და შემეცნებისთვის».
«როგორ?»
«ეს შედარებით რთულია. მოდი მომდევნო ჯერისთვის დავტოვოთ», – სოკრატემ დაამთქნარა და კატასავით გაიზმორა. როცა კარიდან გავდიოდი, უკნიდან მომესმა: «მშვიდად იძინე, როცა გაიღვიძებ, პატარა სიურპრიზი გელოდება».
«გთხოვ, ოღონდაც სიურპრიზების გარეშე» – ჩავიბურტყუნე მე და სახლისკენ გავეშურე. ძლივს მახსოვს, როგორ დავეგდე ჩემს ლოგინზე... შემდეგ სიბნელე.
დასაქოქი საათის წიკწიკის ხმამ გამაღვიძა, რომელიც კომოდზე იყო გამოსაწევი უჯრებით. მაგრამ მე არ მქონდა დასაქოქი საათი; მე არ მქონდა ცისფერი კომოდი გამოსაწევი უჯრებით; და არც ეს სქელი გადასაფარებელი მქონდა, რომელიც ჩემს ფეხებთან ეგდო. შემდეგ შევამჩნიე, რომ ფეხებიც არ იყო ჩემი. «ძალიან პატარებია», – გავიფიქრე მე. მზე ჩემთვის უცნობ ვიტრაჟულ ფანჯარაში მკვეთრად ანათებდა.
ვინ ვარ და სად ვიმყოფები? ვცადე გამეხსენებინა, მაგრამ უშედეგოდ.
ჩემმა პატარა ფეხებმა გადასაფარებლის ნარჩენი მოისროლეს და ლოგინიდან წამოვხტი სწორედ იმ მომენტში, როდესაც დედაჩემმა დაიყვირა: «დეე-ნიი, ადგომის დროა ძვირფასო». ეს იყო ჩემი მეექვსე დაბადების დღე - 1952 წლის 22 თებერვალი. პიჟამო გავიძრე და ფეხით ლოგინქვეშ შევაგდე. შემდეგ სირბილით დავეშვი კიბეზე ტრუსებშ და მაისურში, წარწერით - მარტოხელა მოგზაური. რამდენიმე საათში ჩემი მეგობრები მოვლენ საჩუქრებით, ტორტი გვექნება, ბევრი ნაყინი და მხიარულება!
მას შემდეგ, რაც ჩემი მეგობრები დაიშალნენ, მე, ინტერესის გარეშე ვთამაშობდი ახალი სათამაშოებით. მომწყინდა. მუცელი მტკიოდა და დავიღალე. თვალები დავხუჭე და ძილს მივეცი თავი.
ვაკვირდებოდი, როგორ გადიოდა ყოველი ახალი დღე, ზუსტად ისევე, როგორც წინა: სამუშაო დღეებში სკოლა, შემდეგ შაბათ-კვირა, სკოლა, შაბათ-კვირა, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი და გაზაფხული.
წლები გადიოდნენ, და აი მე ერთ-ერთი საუკეთესო უფროსკლასელი გიმნასტი ვარ ლოს-ანჯელესში. გიმნასტიკის დარბაზში ცხოვრება დუღდა, მის გარეთ კი სრული იმედგაცრუება იყო. ყველაზე დასამახსოვრებელი რამდენიმე მომენტი გახდა: ჩემი ვარჯიშები დარბაზში და მხურვალე ხვევნა-კოცნა ფილისთან, ჩემს პირველ მომხიბვლელ გოგოსთან, ჩემი ვალიანტის უკანა სავარძელზე.
ერთ მსვენიერ დღეს ბერკლიდან მწვრთნელმა - ჰაროლს ფრაიმ დამირეკა და სტიპენდია შემომთავაზა უნივერსიტეტში! ძლივსღა ვითმენდი, სანამ ახალ ცხოვრებას დავიწყებდი. თუმცაღა ფილისი არ იზიარებდა ჩემს ენთუზიაზმს. ვიკამათეთ ჩემი გამგზავრების გამო და მალევე დავშორდით. გავბრაზდი, მაგრამ სტუდენტური ცხოვრების მომავალი გეგმებით დავიმშვიდე თავი. მალე, დარწმუნებული ვიყავი ამაში, ახალი ცხოვრება უნდა დაწყებულიყო!
წლები კოლეჯში მიზანსწრაფულად გადიოდა, გიმნასტიკაში გამარჯვებებით, მაგრამ ამავე დროს სხვა დასამახსოვრებელი მომენტები ცოტა იყო. ბოლო კურსზე, ოლიმპიური ტურების შესარჩევ გამოსვლებამდე ცოტა ხნით ადრე, სიუზიზე დავქორწინდი. ბერკლიში დავრჩით, რათა ვარჯიში შემძლებოდა. ისეთი დაკავებული ვიყავი, რომ არც დრო და არც ძალა აღარ მრჩებოდა ახალგაზრდა მეუღლისთვის.
შესარჩევი ფინალი ლოს-ანჯელესში ტარდებოდა. როცა ქულები დათვალეს, ექსტაზში ვიყავი. ოლიმპიურ ნაკრებში მოვხვდი! თუმცაღა, ჩემი შედეგები ოლიმპიადაზე შორს იყო მოლოდინისგან. სახლშ დავბრუნდი და შეფარდებით ანონიმურობას მივეცი თავი.
მალე ბიჭი შემეძინა, და თავს დამატყდა მზარდი პასუხისმგებლობა და მოვალეობები. სიცოცხლის დაზღვევის აგენტად მოვეწყვე, და ამას ჩემი დღეებისა და ღამეების უმეტესობა მიჰქონდა. ოჯახისთვის საერთოდ აღარ მრჩებოდა დრო. ერთი წლის შემდეგ მე და სიუზი დავშორდით; შედეგად მან განქორწინება მიიღო. ახალი ცხოვრება, სევდიანად გავიფიქრე მე.
ერთხელ, როცა სარკეში ჩავიხედე, მივხვდი, რომ ორმოცს უკვე დიდი ხანია გადავცდი; ვბერდებოდი. სად წავიდა ჩემი ცხოვრება? ფსიქოთერაპევტის მეშვეობით შევძელი ალკოჰოლისადმი მიდრეკილების გადალახვა. ყველაფერი მქონდა: სახლები, ფული, ქალები. ახლა კი მარტოხელა ვიყავი.
გვიანობამდე ვიწექი ლოგინში და ვფიქრობდი, თუ სად იყო ჩემი შვილი - უკვე მრავალი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ბოლოს ვნახე. ვფიქრობდი სიუზიზე და ჩემს მეგობრებზე ძველი კარგი დროიდან.
ახლა დროს ჩემს საყვარელ სარწეველა სავარძელში ვატარებდი, ღვინოს ვწრუპავდი, ტელევიზორს ვუყურებდი და ძველ დროს ვიხსენებდი. ვხედავდი, თუ როგორ თამაშობდნენ ბავშები ჩემი სახლის წინ. ეს კარგი ცხოვრება იყო, ვმსჯელობდი მე. ყველაფერი მქონდა, რაც მინდოდა. მაშ, რატომ არ ვარ ბედნიერი?
ერთხელ, გუბურის წინ მოთამაშე ბიჭუნა მომიახლოვდა და მეგობრულად მკითხა, რამდენი წლის ვიყავი.
«ორასი წლის ვარ» – მივუგე მე.
მან ჩაიხითხითა და ხელები ბარძაყებზე დაიტყაპუნა: «ტყუილია». მეც გამეცინა და ხველების შეტევა დამეწყო. მერის,ჩემს სიმპათიურ ახალგაზრდა ძიძას მოუწია, რომ ბავშვისთვის წასვლა ეთხოვა.
მას შემდეგ, რაც სუნთქვის აღდგენაში დამეხმარა, ხრინწიანი ხმით ვუთხარი: «მერი, თუ შეიძლება ცოტა ხნით მარტო დამტოვეთ».
«რა თქმა უნდა, მისტერ მილმენ». არ ვუყურებდი, როგორ მიდიოდა - ეს ცხოვრების ერთ-ერთი სიხარული იყო, რომელიც უკვე დიდი ხანია მოკვდა ჩემთვის.
მარტოობაშ ვიჯექი. მეჩვენებოდა, რომ მთელი ცხოვრება მარტომ გავატარე. სარწეველას საზურგეზე გადავწექი და ვსუნთქავდი. ეს ჩემი უკანასკნელი სიხარულია. მალე ისიც მიმატოვებს. მწარედ და უხმოდ ვტიროდი. «ჯანდაბა! – ვფიქრობდი მე, – რატომ არ შედგა ჩემი ქორწინება? სად მოვიქეცი არასწორად? როგორ უნდა მეცხოვრა უკეთესად?»
უეცრად საშინელი შიში ვიგრძენი, ყველაზე ძლიერი ცხოვრებაში. იქნებ ყველაზე მნიშვნელოვანი გავუშვი ცხოვრებაში, ის, რასაც მთავარი მნიშვნელობა ჰქონდა? „არა, ეს შეუძებელია!“ - ვარწმუნებდი საკუთარ თავს. ხმამაღლა ჩამოვთვალე საკუთარი ცხოვრებისეული მიღწევები. შიში მაინც არ მტოვებდა.
სასწრაფოდ წამოვდექი, აივნიდან ქვემოთ, ქალაქს გადავხედე და დავფიქრდი: «სად გაქრა ჩემი ცხოვრება? რატომ მომეცა იგი? ყველაფერი... „ოხ, ჩემი გული, ოხ, ჩემი ხელი, მტკივა!“ ვცადე დამეყვირა, მაგრამ ძალა აღარ დამრჩა.
თითები გამითეთრდა იმ ძალისგან, რომლითაც მოაჯირს მოვეჭიდე. შემდეგ ჩემი სხეული ყინულად იქცა, გული კი ქვად. უკან, სავარზელზე დავეცი, თავი გულ-მკერდზე ჩამომივარდა.
ტკივილი უეცრად შეწყდა და გამოჩნდა სინათლეები, რომლებიც აქამდე არასოდეს მენახა და ბგერები, რომლებიც არასოდეს გამიგია. ჩემს წინ ჩვენებებმა ჩაიარეს.
«ეს შენ ხარ, სიუზი?» – თქვა ხმამ ჩემს თავში. ბოლოს ყველა ჩვენება და ბგერა სინათლის ერთ წერტილად შეიკრა და გაქრა.
მე ერთადერთი შვება მოვიპოვე, რაც კი ოდესმე ვიცოდი.
მეომრის სიცილი გავიგე. შოკისგან შევხტი. წლები სწრაფად შედიოდნენ უკან, ჩემში. მე საკუთარ ლოგინშ ვიყავი, კალიფორნიაში, ბერკლიში. მე ჯერ კიდევ კოლეჯის სტუდენტი ვიყავი, ჩემი ელექტრონული საათი კი 18:25-ს აჩვენებდა. ძლის გამო ყველა გაკვეთილი და ვარჯიშ გავაცდინე!
საწოლიდან წამოვხტი და სარკეში ჩავიხედე. ჩემს უწინდებურად ახალგაზრდა სახეს შევეხე და შვებით ამოვისუნთქე. მთელი ეს ცხოვრება ერთ სიზმარშ ჩვენება აღმოჩნდა. აი ის, „პატარა სიურპრიზი“ სოკისგან.
გაოგნებული ვიყავი. ჩემს ოთახშ ვიჯექი და ფანჯრიდან ვიყურებოდი. ჩემი სიზმარი საოცრად ცოცხალი და მკაფიო იყო. ჩემი წარსული მასში აბსოლუტურად ზუსტი იყო, დეტალებშც კი, რომლებიც დიდი ხანია დამავიწყდა. სოკრატე მეუბნებოდა, რომ ეს მოგზაურობები ნამდვილია. ე.ი. ეს სიზმარი ჩემი მომავლის წინასწარმეტყველება იყო?
21:50-ზე სადგურზე მივედი და სოკრატეს შევხვდი, რომელიც ცვლაში ახალი მოსული იყო. როცა შიგნით შემოვიდა, დღის შემცვლელი კი წავიდა, ვკითხე: «კარგი, სოკ, რა იყო ეს?»
«შენ ჩემზე უკეთ იცი. მადლობა ღმერთს, რომ ეს შენი და არა ჩემი ცხოვრება იყო».
«სოკრატე, გევედრები! – მისკენ ხელები გავიწოდე, – ასეთი იქნება ჩემი ცხოვრება? თუ კი, მაშნ ვერ ვხედავ მასშ აზრს».
მან ძალიან ნელა და ჩუმად დაიწყო ლაპარაკი, როგორც ყოველთვის, როცა რაიმეზე ჩემი ყურადღების გამახვილება სჭირდებოდა: «წარსულის ახსნასთან და აწმყოს შეცვლასთან დაკავშირებულ მრავალ საშალებასთან ერთად, არსებობს შესაძლო მომავლის უსასრულო რაოდენობა. ის, რაც სიზმარში ნახე, ყველაზე მეტად სავარაუდო მომავალია - ის, საითკენაც შენ მიდიოდი, მე რომ არ შეგხვედროდი».
«გინდა თქვა, რომ იმ ღამეს სადგურის გვერდით რომ ჩამევლო, ეს სიზმარი იქნებოდა ჩემი მომავალი?»
«სრულიად შესაძებელია. და სხვათა შორის ახლაც. მაგრამ შენ შეგიძია გააკეთო არჩევანები და შეცვალო შენი აწმყოს ვითარებები. შეგიძლია შეცვალო შენი მომავალი».
სოკრატემ ცოტა ჩაი მოამზადა ჭიქა ჩემს გვერდით დამიდგა. მისი მოძრაობები გაცნობიერებული გრაციოზულობით იყო სავსე.
«სიკ, – ვთქვი მე, – არ ვიცი რა მოვუხერხო ამას. ჩემი ცხოვრება ამ უკანასკნელი თვეების განმავლობაშ დაუჯერებელ რომანს ჰგავს, სენ გესმის, რასაც ვგულისხმობ. ხანდახან ძალიან მინდა ჩვეულებრივ ცხოვრებას დავუბრუნდე. ყველა ეს საიდუმლო, სიზმრები და მოგზაურობები მძიმეა ჩემთვის».
სოკრატემ ღრმად ჩაისუნთქა; ახლა რაღაც ძალიან მნიშვნელოვანს იტყვის.
«დენ, მე გავზრდი შენდამი მოთხოვნებს, შენი მზადყოფნის შესაბამისად. გარანტიას გაძლევ, რომ მოგინდება იმ ცხოვრების მიტოვება, რომელსაც იცნობ და უფრო მიმზიდველი, უფრო სასიამოვნო, უფრო „ნორმალური“ პერსპექტივების არჩევა. ახლა დაბრუნება იმაზე მეტი შეცდომა იქნებოდა შენი მხრიდან, ვიდრე ამის წარმოდგენა შეგიძლია».
«კი, მაგრამ მართლა ვხედავ იმის ღირებულებას, რასაც შენ მაჩვენებ».
«შესაძლოა ასეცაა, მაგრამ შენ ძველებურად გაქვს უზარმაზარი უნარი, რომ მოატყუო საკუთარი თავი. აი, რატომ დაგჭირდა საკუთარი ცხოვრების სიზმრად ნახვა. გაიხსენე ხოლმე იგი, როცა ილიზიების დევნაში გზიდან გადახვევის ცდუნება წაგძლევს ხოლმე».
«არ იდარდო ჩემზე, სოკ. მე შევძლებ».
რომ მცოდნოდა, რა მელოდა წინ. ჩუმად ვიქნებოდი.