6. სიამოვნება ჭკუის საზღვრებს მიღმა
6. სიამოვნება ჭკუის საზღვრებს მიღმა
ხელში ჩემოდნით პირდაპირ ლინდას ბინას მივადექი. კოცნებს შორის მოვუყევი ჩემპიონატზე, მაგრამ არაფერი მითქვამს იმ სევდიანი განწყობის და აღმოჩენების შესახებ, რომელიც ბოლოს განვიცადე.
ლინდამ თავისი გადაწყვეტილების შესახებ მამცნო, რითაც დროებით საკუთარ საზრუნავს მომწყვიტა: «დენი, მე სწავლას თავს ვანებებ. ბევრი ვიფიქრე ამაზე. სამუშაოს ვიპოვნი, თუმცა არ მინდა მშობლებთან დაბრუნება. რას იტყვი?»
მაშინვე გამახსენდა ჩემი მეგობრები, რომლებთანაც ძალები აღვიდგინე ავარიის შემდეგ. «ლინდა, მე შემიძლია სანტა-მონიკაში შარლოტას და ლუს დავურეკო. ისინი - ძალიან კარგები არიან, გახსოვს, გიყვებოდი მათზე, და თავს დავდებ, რომ ძალიან დიდი სიხარულით მიგიღებენ».
«აჰ, ეს ძალიან კარგი იქნებოდა! შემიძლია სახლში მივეხმარო მათ, სამუშაოზე მოვეწყო, რომ პროდუქტებითაც დავეხმარო».
ხუთწუთიანი საუბარი ტელეფონზე და ლინდას მომავალი გაუჩნდა. როგორ მინდოდა, რომ ჩემთვისაც ყველაფერი ასე მარტივი ყოფილიყო.
სოკრატე გამახსენდა და ლინდას ვუთხარი, რომ ერთი ვინმე უნდა მენახა.
«ამ შუაღამეს?»
«დიახ. მე... უჩვეულო მეგობრები მყავს, რომლებიც გვიანობამდე არ იძინებენ. მართლა უნდა წავიდე». კიდევ ერთი კოცნა და წავედი.
ისევ ჩემოდნით, ამჯერად სადგურს მივადექი.
«ჩემთან გადმოდიხარ?» – გაიხუმრა სოკმა.
«არ ვიცი, რა გავაკეთო, სოკ?»
«ნუ, ჩემპიონატზე ხომ იცოდი რა უნდა გეკეთებინა. გაზეთში წავიკითხე შენი ამბები. გილოცავ. ალბათ ძალიან ბედნიერი ხარ».
«შენ ძალიან კარგად იცი, რასაც ვგრძნობ, სოკ»
«რა თქმა უნდა, ვიცი», – თქვა მსუბუქად და ავტო-ფარეხისკენ გაემართა ძველი ფოლკსვაგენის ტრანსმისიის გასაცოცხლებლად, – «შენ პროგრესი გაქვს… ზუსტად განრიგით».
«მოხარული ვარ», – ვუპასუხე ენთუზიაზმის გარეშე, – «მაგრამ განრიგით საით?»
«ჭიშკრებისკენ! ნამდვილი სიამოვნებისკენ, თავისუფლებისკენ, სიხარულისკენ, უმიზეზო ბედნიერებისკენ! იმ ერთადერთი მიზნისკენ, რომელიც ოდესღაც გქონდა; და დასაწყისისთვის დრო მოვიდა კვლავ გავაღვიძოთ შენი გრძნობები».
გავჩუმდი და გადავხარშე, რაც მითხრა. «ისევ?» – ვკითხე მე.
«ო, დიახ. ერთხელ შენ იცურავე ნათებაში და უბრალო რაღაცეებში პოულობდი ბედნიერებას».
«ეს დიდი ხნის წინ იყო».
«არც ისე დიდი ხნის წინ», – თქვა მან, ჩემი თავი ხელებშ დაიჭირა და ახალშობილობისკენ დამაბრუნა.
ფართოდ გახელილი თვალებით კაფელის იატაკზე მივღოღავდი და ყურადღებით ვაკვირდებოდიფერთა ფორმებს ჩემი ხელისგულების ქვეშ. ხალიჩას შევეხე, ის კი საპასუხოდ შემეხო. ყველაფერი ისეთი ნატელი და ცოცხალია.
პაწაწინა ხელით კოვზს ვიღებ და ჭიქაში ვაწკარუნებ. ჟღერადი ხმები ჩემს სმენას ელამუნება. ხმამაღლა ვყვირი! შემდეგ თავს ვწევ და ვხედავ კაბის ქვედაბოლოს, რომელიც ჩემს ზემოთ ფრიალებს. ხელში ავყავარ. დედის არომატში ჩაძირული, ჩემი სხეული მის სხეულს ერწყმის. ნეტარება მავსებს.
მოგვიანებით ბაღში მივღოღავ. ჩემს სახეს გრილი ნიავი ეხება. გარშემო მკაფიო და ცოცხალი ფერებია, ახალი სურნელები. ერთ-ერთ ყვავილს ვწყვეტ და ვკბენ მას. ჩემს პირს მწარე გემო ავსებს. უკან ვაფურთხებ.
დედა მიახლოვდება. ხელს ვუწვდი, რომ დავანახო მცოცავი შავი რაღაც, რომელიც ჩემს ხელზე დადის. ის იხრება და მაშორებს მას: «საზიზღარი ობობა!» შემდეგ რაღაც ნაზს მადებს სახეზე; ის ჩემს ცხვირს ესაუბრება. «ვარდი», – წარმოთქვა მან, შემდეგ ისევ იმეორებს ამ ხმაურს, – «ვარდი». ზემოთ ვიხედები მისკენ, შემდეგ გარშემო და კვლავ ვიძირები სურნელოვანი ფერების სამყაროში.
სოკის ანტიკვარულ მაგიდას ვუყურებ და ქვემოთ ყვითელ ხალიჩას. თავი გავაქნიე. ყველაფერი ისეთი ფერმკრთალი მეჩვენება; ფერებს სიცოცხლე არ ჰყოფნით. «სოკრატე, მეჩვენება, რომ ნახევრად მძინავს, თითქოს ცივ წყალში უნდა ჩავიძირო, რომ გამოვფხიზლდე. დარწმუნებული ხარ, რომ ამ მოგზაურობამ ზიანი არ მომიტანა?»
«არა, დენ, ზიანი მრავალი წლის განმავლობაში მოდის. როგორ? მალე თვითონ ნახავ».
«ეს ადგილი… ეს ბაბუაჩემის ბაღია. მახსოვს იგი; სამოთხეს ჰგავდა».
«აბსოლუტურად მართალია, დენ. ეს იყო კიდეც სამოთხე. ყოველი ახალშობილი ნათელ ბაღში ცხოვრობს, სადაც ყველაფერი უშუალოდ აღიქმება, ფიქრების ჩარევის გარეშე».
«სამოთხიდან განდევნა» ყოველ ჩვენგანს გვემართება, როცა ვიწყებთ ფიქრს, როცა ვხდებით ისინი, ვინც სახელებს არქმევს, და ისინი, ვინც შეიცნობს. გესმის, არა მხოლოდ ადამი და ევა, ყოველი ჩვენგანი. ჭკუის დაბადება – ეს გრძნობების სიკვდილია… ეს სულაც არაა ის, როცა ვაშლს მივირთმევთ და ეს ცოტათი აგვაღელვებს ხოლმე!»
«როგორ მინდა იქ დაბრუნება», – ჩავისუნთქე მე, – «იქ ყველაფერი ისეთი მკაფიო და ნათელი იყო, სიხარულით სავსე».
«ის, რამაც ბავშობის დროს მოგიტანა სიხარული, შესაძლოა ისევ შენი გახდეს. იესომ ნაზარეთიდან, ერთ-ერთმა უდიადესმა მეომარმა, ერთხელ თქვა, იმისთვის, რომ ღმერთის სასუფეველში შეხვიდეთ, პატარა ბავშვებივით უნდა გახდეთო. ახლა შენ გესმის ეს».
«სანამ დღეს ჩემგან წახვალ, დენ», – თქვა და ჭიქაში წყალი დაისხა, – «გინდა კიდევ ჩაი?»
«გმადლობ, სოკ. ჩემი ავზი დღეს სავსეა».
«კარგი. ხვალ დილის რვა საათზე ბოტანიკურ ბაღთან შევხვდეთ. დროა ნორჩი ნატურალისტებიც გავხდეთ».
მე წამოვედი, და უკვე მოუთმენლად ველოდი ამ მომენტს. რამდენიმე საათიანი ძლისი შემდეგ საღმა და ფხიზელმა გავიღვიძე. შესაძლოა დღეს, შესაძლოა ხვალ, ბედნიერების საიდუმლოს ამოვხსნიდი.
მარწყვის კანიონამდე სირბილით ვიარე და სოკრატეს ბოტანიკური ბაღის შესასვლელთან დაველოდე. როცა მოვიდა, ჩვენ გავისეირნეთ ყველა შესაძო სახის ხესთან, ბუჩქთან და ყვავილთან. ამის შემდეგ შევედით დიდ გუმბათის ფორმის სათბურში. ჰაერი თბილი და ტენიანი იყო. სოკმა ხელი მოატარა გარშემო ტროპიკულ მცენარეულობას და თქვა:
«როცა ბავში იყავი, მთელი სამყარო წარსდგებოდა შენი მხედველობის, სმენის და შეხების წინაშე, თითქოს პირველად. ახლა კი დასახელებები და კატეგორიები გაქვს ყველაფერ ამისთვის – ეს კარგია, ეს ცუდია, ეს მაგიდაა, ეს სკამია, ეს მანქანაა, სახლი, ყვავილი, ძაღლი, კატა, წიწილა, მამაკაცი, ქალი, დაისი, ოკეანე, ვარსკვლავი. შენთვის მოსაწყენი ხდება სამყაროს გამოვლინებები, რადგანაც ისინი მხოლოდ დასახელებებად დარჩნენ. მშრალი ჭკუისმიერი ცნებები ზღუდავენ შენს ხედვას».
სოკრატემ მიმითითა პალმებზე, რომლებიც თითქმის ეხებოდნენ შუშის ჭერს. «ახლა შენ აღიქვამ გარემოცვას ასოციაციების ჭრილში, რომლებიც ფარავენ პირდაპირ, უშუალო გაცნობიერებულობას. შენ „უკვე ნახე ეს ყველაფერი ადრე“; ეს იგივეა, რომ კინოს უყურო მეოცედ. შენ ხედავ მხოლოდ მოგონებებს საგნებზე, და ეს მოსაწყენი ხდება. გესმის, მოწყენილობა - ეს ცხოვრების ფუნდამენტალური გაუცნობიერებლობაა; მოწყენილება გაცნობიერებულობაა, რომელიც ჭკუის ჩაფხუტში მოექცა. უნდა მოადუნო ჭკუა, რომ „გრძნობაზე მოხვიდე“.
მომდევნო ღამეს ოფისში ზუსტად იმ დროს შევედი, როდესაც ჩაიდანს ღუმელზე ადგამდა. ფრთხილად გავიხადე ფეხსაცმელი და სავარძლის გვერდით ხალიჩაზე დავდე. ისე რომ არც შემოტრიალებულა, მითხრა: «რას იტყვი პატარა შეჯიბრებაზე? შენ ტრიუკს აკეთებ, მერე კი შევხედოთ, ვინ აჯობებს».
«კარგი, თუ ასე გინდა...». არ მინდოდა უხერხულ მდგომარეობაშ ჩამეყენებინა, ამიტომ უბრალოდ დგომი გავაკეთე ცალ ხელზე, მის საწერ მაგიდაზე, შემდეგ ხელი გავმართე და უკუღმა სალტოთი ხალიჩაზე დავეშვი.
სოკრატემ თავი გააქნია, ცხადია, რომ დემორალიზებული იყო. «ვიმედოვნებდი, რომ ეს ნამდვილი შეჯიბრი იქნებოდა, მაგრამ ჩემმა იმედებმა არ გაამართლა».
«მაპატიე, სოკ, მაგრამ ბოლოს და ბოლოს შენ არ ხდები უფრო ახალგაზრდა, მე კი ამ საქმეშ ძალიან მაგარი ვარ».
«მინდოდა მეთქვა», – ფართოდ გაეღიმა მას, – «რომ არანაირი შანსი არა გაქვს».
«ეს როგორ?»
«აი ასე», – თქვა მან, შეტრიალდა და აბაზანაში შევიდა. მე ყურადღებით ვადევნებდი თვალყურს. ყოველი შემთხვევისთვის, რომ ადრინდელივით ხმლით არ გამოვარდნილიყო, შემოსასვლელთან გავიწიე. მაგრამ ის მხოლოდ თავისი ჭიქით ხელში გამოვიდა. ჭიქა წყლით გაავსო, გამიღიმა, ხელში ასწია, თითქოს სადღეგრძელოს ამბობდა და ნელა დალია.
«და რა მერე?» – ვკითხე მე.
«ზუსტად ის».
«რას ნიშნავს, ზუსტად ის“? შენ არაფერი არ გაგიკეთებია».
«ზუსტადაც, რომ გავაკეთე. უბრალოდ შენი თვალები არ გაძლევენ საშუალებას, რომ მომხდარი შეაფასო. მე მსუბუქ დაბინძურებას ვგრძნობდი თირკმელებზე; რამდენიმე დღეში ეს ნეგატიურად აისახებოდა მთელს სხეულზე. ამგვარად, იმისთვის რომ თავიდან ამეცილებინა შემდგომი გართულებები, პრობლემის ლოკალიზება მოვახდინე და თირკმელები გავიწმინდე».
გამეცინა. «სოკ, შენ უდიდესი და ყველაზე ტკბილადმოუბარი მატყუარა ხარ, რომელსაც შევხვედრივარ. აღიარე წაგება. შენ ბლეფობ».
«მე სრულიად სერიოზულად ვამბობ. ის, რაც მე აღვწერე, მართლა მოხდა. ეს მოითხოვს მგრძნობიარობას შინაგანი ენერგიებისადმი და ზოგიერთი ნატიფი მექანიზმის მართვას. მეორე მხრივ, შენ», – თქვა და ჩემს ჭრილობას მარილი მოაყარა, – «ძლივს აცნობიერებ იმ პროცესებს, რაც კანის ამ ტომარაში ხდება. როგორც თოკზე მოსიარულე, რომელიც ხელებზე დგომას სწავლობს, შენ ჯერ კიდევ არ შეგიძლია იგრძნო, როდის კარგავ წონასწორობას და შეიძლება ძველებურად გადმოვარდე ავადმყოფობისგან შეპყრობილი».
«საქმე იმაშია, სოკ, რომ მე საკმაოდ კარგი წონასწორობა გამოვიმუშავე გიმნასტიკაში. ეს უბრალოდ აუცილებელია იმისთვის, რომ ასეთი რთული...».
«სისულელეა. შენ უბრალოდ გაცნობიერებულობის უხეში დონე განივითარე; რომლებიც საკმარისია მხოლოდ ზოგიერთი ელემენტარული ფიზიკური მოძრაობისთვის, მაგრამ ამაში არაფერია განსაკუთრებული».
«გააკეთე ეს, შეასრულე სამმაგი სალტო და მერე მელაპარაკე».
«ადვილზე ადვილია. ესაა ტრიუკი, რომელიც მოითხოვს რამდენიმე ორდინალურ თვისებას. მაგრამ როდესაც იგრძნობ ენერგიის დინებებს საკუთარ სხეულში და შეძლებ განწყობის შექმნას, აი მაშინ იქნები გმირი. ასე რომ განაგრძე ვარჯიში, დენ. გაანატიფე შენი შეგრძნებები დღითიდღე ცოტ-ცოტათი; გაწელე ისინი, ისევე როგორც დარბაზში იწელები. შედეგად შენი გაცნობიერებულობა ღრმად შეაღწევს შენს სხეულში და სამყაროში. მაშინ შეძლებ, რომ ნაკლები იფიქრო ცხოვრებაზე და მეტად იგრძნო იგი. მაშინ შეძლებ სიხარულს წვრილმანებით და მეტად აღარ იქნები მიჯაჭვული მიღწევებზე და ძვირფას გართობებზე. შემდეგ ჯერზე», – გაეცინა მას, – «შესაძლოა გამოგვივიდეს კიდეც ნამდვილი შეჯიბრება».
კიდევ ერთხელ გავაცხელე წყალი ჩაისთვის. ცოტა ხანს ჩუმად ვიჯექით, შემდეგ კი ფარეხში შევედით და სოკს მივეხმარე, ფოკსვაგენიდან ძრავის ამოღებაში და კიდე ერთი გაფუჭებული ტრანსმისიის დაშლაში.
გარეთ გავედით, რომ შავ ლიმუზინს მოვმსახურებოდით. ამის შემდეგ, როცა ოფისში დავბრუნდით, ვკითხე სოკს, ფიქრობდა თუ არა, რომ მდიდრები უფრო ბედნიერები არიან, ვიდრე ისეთი ღარიბები, როგორებიც „ჩვენ ვართ“.
ჩვეულებისამებრ მისი პასუხი შოკისმომგვრელი აღმოჩნდა ჩემთვის. «მე ღარიბი არ ვარ, დენ. მე უკიდურესად მდიდარი ვარ. და საერთოდ, ბედნიერი რომ იყოს, ადამიანი მდიდარი უნდა გახდეს». მას გაეღიმა ჩემი გამოშტერებული სიფათის დანახვაზე, კალამი აიღო და სუფთა ფურცელზე დახატა:
ბედნიერება = დაკმაყოფილება / სურვილები
«დენ, თუ შენ საკმარისი ფული გაქვს, რომ სურვილები დაიკმაყოფილო – მდიდარი ადამიანი ხარ. მაგრამ არსებობს მდიდრად ყოფნის ორი საშუალება: შენ შეგიძლია გამოიმუშაო, მემკვიდრეობით მიიღო, ისესხო, ითხოვო ან მოიპარო ფული შენი ძვირფასი სურვილების დასაკმაყოფილებლად; ან შეგიძლია მოახდინო უბრალო ცხოვრების სტილის კულტივირება მცირე სურვილებით; ამ შემთხვევაშ ყოველთვის გექნება საკმარისზე მეტი ფული.
მხოლოდ მეომარს ჰყოფნის უნარი და დისციპლინა, რომ მეორე გზაში ნახოს სარგებელი. სრული ყურადღება ყოველი წამისადმი, ეს არის ჩემი ვნება და ჩემი სიამოვნება. ყურადღება არ ღირს ფული; შენი ერთადერთი ინვესტიცია – სწავლაა. აი, მეომრის კიდევ ერთი უპირატესობა, დენ – ეს უფრო იაფია! ბედნიერების საიდუმლო მცირედით სიხარულშია და არა უსასრულო ძიებებში».
მსიამოვნებდა მისი სიტყვების მოსმენა. გაუთავებელი ძიებები და სასოწარკვეთილი მცდელობები უკვე აღარ არსებობდნენ ჩემთვის. სოკრატემ მაჩვენა საგანძური ჩემს საკუთარ სხეულში.
სოკრატემ ალბათ შეამჩნია ჩემი ოცნებები, ამიტომ უეცრად ხელი მტაცა და მაღლა ამისროლა, ისე მაღლა, რომ კინაღამ თავი ავარტყი ჭერს! ვარდნისას კი დამიჭირა და რბილად დამსვა ფეხებზე.
«უბრალოდ მინდოდა დავრწმუნებულიყავი შენს ყურადღებაში ჩემი საუბრის მომდევნო ნაწილის მიმართ რომელი საათია ახლა?»
ჯერ კიდევ ფრენის შთაბეჭდილების ქვეშ მყოფმა, ვუპახუხე: «დრო ფარეხის კედელზე ღამის 2:35-ს აჩვენებს.
«პასუხი არასწორია! დრო ყოველთვის იყო, არის და იქნება - ახლა! ახლა – ეს ნამდვილი დროა; ნამდვილი დრო – ეს ახლაა! გასაგებია?»
«ნუ, კი… ყველაფერი გასაგებია».
«სად ვიმყოფებით?»
«ბენზინ-გასამართი სადგურის ოფისში… ჩვენ ხომ ვითამაშეთ ეს თამაში ადრე?»
«დიახ, ვითამაშეთ, და შენ ჯერ კიდევ მაშინ გაიგე, რომ შენ სრული სიზუსტით იცი, რომ აქ იმყოფები, სადაც არ უნდა იყოს ეს „აქ“. ამ მომენტიდან, როცა არ უნდა გაიქცეს შენი ყურადღება სხვა დროსა და ადგილებში, მინდა რომ დაუყოვნებლივ დააბრუნო იგი. გახსოვდეს, დრო – ახლა, ადგილი – აქ».
ზუსტად ამ მომენტში ოფისში შემოვარდა კოლეჯის სტუდენტი და თან სახელურზე თავის მეგობარს ექაჩებოდა. «არ შემიძლია ამის დაჯერება!», – უთხრა თავის მეგობარს და სოკრატეზე მიუთითა, შემდეგ კი მას მიმართა, – «აქვე მივდიოდი ქუჩაზე და შემთხვევით შიგნით შემოვიხედე, დავინახე როგორ აისროლეთ ეს ბიჭი პირდაპირ ჭერში. ვინ ხართ?»
სულ ცოტაც და სოკრატეს სამუდამოდ გაშიფრავდნენ. მან სტუდენტს გაუგებარი თვალებით შეხედა, შემდეგ კი გაეცინა. «ა-ა!», ‑სიცილით თქვა მან, – ნომერი ცოდად არ გამოსულა! არა, ჩვენ უბრალოდ ვვარჯიშობდით, რომ დრო მოგვეკლა. დენ, შენ ხომ გიმნასტი ხარ?» მე თავი დავუქნიე. სტუდენტის მეგობარმა თქვა, რომ მიცნობდა; ის რამდენჯერმე დაესწრო შეჯიბრებებს გიმნასტიკაში. სოკის ვერსია სიმართლეს ემსგავსებოდა.
«ჩვენ აქ მინი-ბატუტი გვაქვს საწერი მაგიდის უკან», – სოკრატე საწერი მაგიდის უკან დადგა და ჩემდა გასაკვირად დაიწყო არარსებული მინი-ბატუტის „დემონსტრირება“ იმდენად კარგად, რომ მე თვითონაც კი დავიჯერე მისი არსებობა. უფრო და უფრო მაღლა ხტებოდა, ისე რომ თითქმის ჭერს მიწვდა, შემდეგ კი მისი ნახტომების ამპლიტუდა შემცირდა. ბოლოს სულ გაჩერდა და ქედი მოიხარა. მე ტაში დავუკარი.
დამშვიდებული ბიჭები წავიდნენ. მე მაშინვე საწერ მაგიდას შემოვუარე. რა თქმა უნდა იქ არანაირი ბატუტი არ იყო! ისტერიული ხარხარი ამიტყდა. «სოკრატე, შენ საოცრება ხარ!»
«აჰა», – თქვა მან. იგი არასოდეს იტანბჯებოდა ცრუ თავმდავბლობისგან.
ამ დროისთვის ცა უკვე განათდა, და მე და სოკმა წასვლა გადავწყვიტეთ. ვგრძნობდი რომ ეს ჩემი განთიადიც იყო.
სახლისკენ მივაბიჯებდი და იმ ცვლილებებზე ვფიქრობდი, რომლებიც იმდენად გარეთ არა, რამდენადაც ჩემს შიგნით მოხდა. ახალი სიცხადით ვგრძნობდი, საით მივყავდი ჩემს გზას და სად იყო ჩემი პრიორიტეტები. როგორც ამას ოდესღაც მოითხოვდა ჩემგან სოკი, გავუშვი მოლოდინები იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა შეესაბამებოდეს სამყარო ჩემს მოლოდინებს, ამიტომ ჩემი იმედგაცრუებებიც გაქრა. ეჭვგარეშეა, გავაგრძელებ ყველაფრის კეთებას იმისთვის, რომ ყოველდღიურ სამყაროშ ვიცხოვრო, მაგრამ ამჯერად ჩემი საკუთარი პირობებით. თავისუფლებას ვგრძნობდი.
ასევე შეიცვალა ჩემი სოკისადმი დამოკიდებულებაც. აღარ დამრჩა ჩემთვის ძვირფასი იმდენი ილუზია, რაც ადრე მქონდა. თუ ვირს მიწოდებდა, შემეძო მხოლოდ გამცინებოდა, იმიტომ რომ ვიცოდი: ყოველ შემთხვევაში, მისი სტანდარტებით ის მართალი იყო. და ამჯერად უკვე აღარც მაშინებდა.
როცა ჰერიკის საავადმყოფოსთან გავიარე, ვიღაცამ მხარზე მტაცა ხელი და მე ინსტინქტურად დავიხარე, როგორც კატა, რომელსაც არ უნდა, რომ მოეფერონ. შემოვრუნდი და სოკრატე დავინახე.
«ო, შენ უკვე აღარ ხარ დამფრთხალი თევზი, ასე არაა?»
«აქ რას აკეთებ, სოკ?»
«სასეირნოდ მივდივარ».
«ჰოდა ძალიან კარგი».
ცოტა ხანს ჩუმად მივდიოდით. შემდეგ მკითხა: «რომელი საათია?»
«ახლა-ა დაახლოებით…», – და მაშინვე გამოვფხიზლდი, – «დაახლოებით ახლაა».
«და სად ვართ?»
«აქ».
მეტი არაფერი უთქვამს, მე კი ლაპარაკი მომინდა და მოვუყევი თავისუფლების ახალ შეგრძნებაზე, მომავალ გეგმებზე.
«რომელი საათია?»
«ახლა», – ჩავისუნთქე მე, – «არაა საჭირო ყოველ წუთში…»
«სად ვართ?» – უცოდველად მკითხა ისევ.
«აქ, მაგრამ…»
«მომისმინე», – შემაწყვეტინა მან, – «დარჩი აწმყოში. შენ არაფერი შეგიძლია შეცვალო წარსულში, მომავალი კი არასოდეს მოვა ზუსტად ისე, როგორც წარმოგედგინა, ან ისურვებდი. არასოდეს არ ყოფილან წარსული მეომრები, და არც მომავალი მეომრები იქნებიან. მეომარი - აქაა, ახლა. შენი ტანჯვა, შიში და რისხვა, მწუხარება და დანაშაულის გრძნობა, შური, გეგმები და სურვილები ცხოვრობენ მხოლოდ წარსულით... ან მომავლით».
«მოიცა, სოკრატე. მე ზუსტად მახსოვს, როგორ ვბრაზდებოდი აწმყოში».
«ასე არა», – თქვა მან, – «შენ გულისხმობ, რომ გაბრაზებული მოქმედებდი იმ მომენტში. ეს ბუნებრივია; მოქმედება ყოველთვის აწმყოში ხდება, იმიტომ რომ ეს სხეულის გამოხატულებაა, რომელსაც მხოლოდ აწმყოში არსებობა შეუძლია. მაგრამ ჭკუა, ჰგავს ფანტომს, და ფაქტიურად არასოდეს არსებობს აწმყოში. მისი ერთადერთი ძალაუფლება შენზე მდგომარეობს იმაში, რომ მოწყვიტოს შენი ყურადღება აწმყოს».
მე დავიხარე, რომ ფეხსაცმლის თასმები შემეკრა, და ამ დროს საფეთქლებთან შეხება ვიგრძენი.
თასმები შევიკარი და როცა გავიმართე, აღმოვაჩინე, რომ პატარა, მტვრიან კოშკში აღმოვჩნდი, ანჯრების გარეშე. ნახევრად სიბნელეში ძლივს ვარჩევდი ძველ კუბოებს, რომლებიც ვერტიკალურად იდგნენ კედელთან.
მაშინვე საშინელმა შიშის გრძნობამ შემიპყრო. განსაკუთრებით მაშინ, როცა მივხვდი, რომ ამ მყრალ ჰაერში ვერ ვარჩევდი ვერანაირ ბგერას, თითქოს ყველა ბგერა მოკვდაო. როცა ნაბიჯი გადავდგი, მივხვდი, რომ პენტაგრამის - ხუთქიმიანი ვარსკვლავის შიგნით ვიმყოფებოდი, რომელიც იატაკზე ყავისფერ-წითელი ფერით ეხატა. კარგად დავაკვირდი... ეს გამხმარი სისხლი იყო.
ჩემს უკან ხარხარი მესმოდა. იმდენად საზიზღარი, იმდენად შემზარავი, რომ პირშ მაშნვე ლითონის გემოს შეგრძნება გამიჩნდა. ინსტინქტურად შევბრუნდი საზიზღარი არსებისკენ. ის პირდაპირ სახეშ მასუნთქებდა და მკვდრის სიმყრალემ კინაღამ ძირს დამაგდო.
არსებამ კბილები დააღჭრიალა და ეშვები გამოაჩინა. შემდეგ დაიშიშინა: «მო-ო-დი ჩე-ე-მთან!» მინდოდა დავმორჩილებოდი, მაგრამ ინსტინქტები ჩამერთო და არ გავნძრეულვარ.
მან ხმამაღლა დაიღრიალა: «შვილებო! შეიპყარით იგი!» კუბოები ოთახის კუთხეში ჯერ შეინძრნენ, შემდეგ გაიხსნენ და მათგან ზომბებივით დაიწყეს ამოსვლა საზიზღარმა, ხრწნადმა ადამიანთა გვამებმა. მაშნვე გასასვლელის ძებნა დავიწყე. ამ დროს ოთახის კარი ჩემს უკან გაიღო და შემოვიდა ახალგაზრდა ქალი, ცხრამეტიოდე წლის. იგი პირდაპირ პენტაგრამის საზღვართან დაეცა. კარი ღია დარჩა და გარედან სინათლის ნაკადი შემოიჭრა.
ქალი მშვენიერი იყო; თეთრებში ჩაცმული. დაიკვნესა, თითქოს ტკივილისგან, და ძლივს გასაგონი ხმით წარმოთქვა: «დამეხმარე. გთხოვ, დამეხმარე». მისი თვალები ცრემლით იყო სავსე და ვედრებას გამოხატავდნენ. მათში აისახებოდა მადლიერების, ჯილდოს და მწველი სურვილის დაკმაყოფილების პირობა.
ამასობაშ გვამები მიახლოვდებოდნენ. ქალს შევხედე, შემდეგ კარისკენ გავიხედე.
ამ დროს ჩემთან შეგრძნება მოვიდა: «დარჩი იქ, სადაც დგახარ. პენტაგრამა – ეს ნამდვილი მომენტია. მის შიგნით შენ უსაფრთხოდ ხარ. დემონი და მისი ამფსონები – ეს წარსულია. კარი – ეს მომავალია. ყურადღებით იყავი».
ზუსტად ამ მომენტში ქალმა კვლავ დაიკვნესა და ზურგზე გადატრიალდა. კაბა თითქმის თეძოებამდე აეწია და ერთი ფეხი გაუშიშვლა. ჩემსკენ ხელს იწვდიდა, მევედრებოდა და მნუსხავდა: «დამეხმარე…»
სურვილით მთვრალმა პენტაგრამას გადავაბიჯე.
ქალმა დაიჩხავლა და წითელი ეშვები გამოაჩინა. დემონმა და მისმა კომპანიამ გამარჯვების ნიშნად დაიხუვლეს და მეცნენ. მე პენტაგრამაში დავბრუნდი.
ტროტუარზე მწოლიარე სოკრატეს მივშტერებოდი.
«თუ საკმარისად დაისვენე, წინააღმდეგი ხომ არ იქნები, რომ კიდე გავისეირნოთ?» – მითხრა მან.
«აუცილებელია, რომ ყოველ ჯერზე სასიკვდილოდ შემაშინო, როცა რაიმეს ახსნა გჭირდება?» – ძლივს აღმომხდა მე.
«ალბათ», – მიპასუხა მან, – «როცა საქმე რაღაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანს ეხება».
ცოტა მოგვიანებით სულელური გამომეტყველებით ვკითხე: «ალბათ შენ არ გამოართმევდი ტელეფონს იმ ქალბატონს, ასე არაა?» სოკრატემ ხელი შუბლზე შემოირტყა და თვალები ზეცისკენ აღაპყრო.
«იმედი მქონდა მაინც აიღებდი გაკვეთილს ამ მელოდრამიდან».
«მთლიანობაში», – ვთქვი მე, – «უნდა დარჩე აწმყოში – ეს უფრო უსაფრთხოა. და არ უნდა გადააბიჯო პენტაგრამას, ვისი გულისთვისაც არ უნდა მოგიწიოს, განსაკუთრებით თუ მას ეშვები აქვს».
«მართალია», – გაეცინა მას, – «არ მისცე ნება, ვინც არ უნდა იყოს და რაც არ უნა იყოს, მითუმეტეს შენს ფიქრებს, რომ აწმყოდან მოგაცდინონ. ალბათ გსმენია ეს ლეგენდა ორ ბერზე:
ორი ბერი, ერთი მოხუცი და ერთი ახალგაზრდა, მიდიოდნენ წვიმისგან დასველებულ ტყის ბილიკზე. ისინი იაპონიაში, თავიანთ მონასტერში ბრუნდებოდნენ. გზად ახალგაზრდა, ძალიან ლამაზი ქალი შეხვდათ, რომელიც ჭუჭყიანი და მჩქეფარე მდინარის ნაპირთან იდგა. როცა მისი გაჭირვებული მდგომარეობა დაინახა, მოხუცმა ხელში აიყვანა ქალი და მდინარეზე გადაიყვანა. ქალმა გაუღიმა და ყელზე ხელებით მოეხვია, სანამ ნაპირზე არ დასვამდა. შემდეგ მადლობა გადაუხადა, თაყვანი სცა და ორივე ბერმა გზა განაგრძო.
როცა მონასტრის ჭიშკარს მიუახლოვდნენ, ახალგაზრდა ბერმა, ბოლოს და ბოლოს ვეღარ გაძლო: «როგორ შეგეძლო ის ლამაზმანი ხელში აგეყვანა? ვფიქრობ ასეთი საქციელი არ შეეფერება სულიერ გზაზე მყოფ ადამიანს?»
მოხუცმა შეხედა თავის ახალგაზრდა მეგობარს და უთხრა: «მე იქ დავტოვე იგი, შენ კი ახლაც თან ატარებ?»
«როგორც ჩანს წინ ბევრი სამუშაო გველის», – ჩავისუნთქე მე, – «სწორედ მაშინ, როცა მეჩვენებოდა, რომ უკვე მივედი სადღაც».
«შენი საქმეა არა „სადმე მისვლა“ – არამედ აქ ყოფნა. დენ, ჯერ კიდევ ძლივს ცხოვრობ აწმყოში. შენ ჭკუის ფოკუსირებას აქ და ახლა მხოლოდ მაშინ ახერხებ, როცა სალტოს აკეთებ, ან მე გაჯანჯღარებ. დრო მოვიდა, ძალისხმევა არ დაიშურო, რომ შანსი მაინც გაგიჩნდეს ჭიშკრის პოვნისთვის. ის აქაა, შენს წინ; თვალები გაახილე, ახლა!»
«კი მაგრამ, როგორ?»
«უბრალოდ შეინარჩუნე ყურადღება აწმყო მომენტში, დენ, და ამით განთავისუფლდები ფიქრებისგან. როცა ფიქრები აწმყოს ეხებიან, ისინი იფანტებიან». იგი წასასვლელად მოემზადა.
«მოიცადე, სოკრატე. სანამ წახვალ მითხარი, ეს მოხუცი ბერი შენ იყავი? მგონია, რომ შენც ასე მოიქცეოდი».
«შენ ჯერ კიდევ ატარებ მას?» გაეცინა და ქუჩის კუთხეს მიეფარა.
სახლამდე დარჩენილი რამდენიმე კვარტალი სირბილით გავიარე, შხაპი მივიღე და მაშინვე ღრმად დამეძინა.
როცა გავიღვიძე სასეირნოდ გავწიე და განვაგრძე მედიტაცია ისე, როგორც სოკმა მირჩია. უფრო და უფრო მეტად ვახდენდი ყურადღების ფოკუსირებას აწმყო მომენტზე. სამყაროსთან მიმართებაში ვიღვიძებდი და ბავშვივით კვლავ ვუბრუნდებოდი გრძნობებს. ცა უფრო ნათელი მეჩვენებოდა, მაისის ბურუსიან დღეებშც კი.
სოკრატესთვის ლინდაზე არაფერი მითქვამს. შესაძოა ამავე მიზეზით ლინდასაც არაფერს ვუყვებოდი ჩემს მასწავლებელზე. ისინი ჩემი ცხოვრების სხვადასხვა ნაწილები იყვნენ; და მე ვგრძნობდი, რომ სოკრატეს უფრო მეტად აინტერესებდა ჩემი შინაგანი მომზადება, ვიდრე ჩემი მიწიერი ურთიერთობები.
ჯოისგან არანაირ შეტყობინებებს არ ვიღებდი, გარდა მოგონებებისა და სიზმრებისა. ლინდა თითქმის ყოველდღე მწერდა, და ზოგჯერ მირეკავდა, რადგანაც ბელლის სატელეფონო კომპანიაში მოეწყო სამუშაოდ.
უნივერსიტეტის მეცადინეობებიც კარგად მიდიოდა. მაგრამ ჩემი ნამდვილი სასწავლო კლასი მარწყვის კანიონი გახდა, სადაც ქარივით დავქროდი მთებზე და კურდღლებს ვეჯიბრებოდი სირბილში. ხანდახან ვჩერდებოდი, ხეების ქვეშ ვჯდებოდი და ვმედიტირებდი, ან უბრალოდ მსუბუქი ბრიზის სურნელებას ვისუნთქავდი. ვჯდებოდი და ნახევარი საათის განმავლობაში ვუმზერდი ამომავალ მზეს ან ღრუბლებს ჩემს თავზე.
მე თავისუფალი ვიყავი წარსულის ყველა «მნიშვნელოვანი მიზნისაგან» გარდა ერთისა: ჭიშკრებისა. ზოგჯერ, სპორტულ დარბაზში ესეც კი მავიწყდებოდა, ექსტატიურად ვთამაშობდი და ბატუტზე დავხტოდი: ხან სწრაფად ვაკეთებდი რთულ სალტოებს, ხან კი ტალღისებურად და თანაბარზომიერად ვმოძრაობდი.
მე და ლინდა მიმოწერას ვაგრძელებდით და მალე ჩვენი წერილები პოეზიად იქცა. მაგრამ ჯოის ხატ-სახე უცვლელად მყავდა თვალწინ, და ეშმაკურად და ბრძნულად მიღიმოდა, სანამ არ გავაცნობიერე ვინ და რა მინდა სინამდვილეში.
ამასობაშ ჩემი სწავლება უნივერსიტეტში დასასრულს უახლოვდებოდა. გამოსაშვები გამოცდები უბრალო ფორმალობა გახდა ჩემთვის. ვიცოდი, რომ ჩემი ცხოვრება იცვლებოდა, როცა საგამოცდო ფურცლებზე პასუხებს ვწერდი. იდეები უბრალოდ ცვიოდა ჩემი თავიდან. მათ ხელს არ უშლიდა დაძაბულობა და შფოთვები. შემდეგ ყველაფერი დასრულდა, და მივხვდი - ჩემი საუნივერსიტეტო განათლება დამთავრდა.
სადგურზე ახალი ვაშლის წვენი მივიტანე, რათა ეს მოვლენა აღმენიშნა სოკრატესთან ერთად. სანამ ვიჯექით და წვენს მივირთმევდით, ფიქრები გამოსხლტდნენ ჩემი ყურადღებიდან და მომავლისკენ გასწიეს.
«სად ხარ?» – მკითხა სოკრატემ, – «რომელი საათია?»
«აქ, სოკ, ახლა. მაგრამ ჩემი ამჟამინდელი რეალობა იმაში მდგომარეობს, რომ პროფესია უნდა ავირჩიო. რას მირჩევ?»
«აი ჩემი რჩევა: აკეთე ის, რაც გინდა».
«ეს არც ისე პრაქტიკული რჩევაა. შეგიძია რაიმე დაამატო?»
«კარგი, აკეთე ის, რაც უნდა აკეთო».
«კი, მაგრამ რა?»
«არა აქვს მნიშვნელობა რას აკეთებ, მნიშვნელობა აქვს მხოლოდ იმას, თუ რამდენად კარგად აკეთებ ამას. სხვათაშორის», – დაამატა მან, – «ამ შაბათ-კვირას ჯოი შემოგვიერთდება».
«შესანიშნავია! რას იტყვი პიკნიკზე შაბათს? დილის ათ საათზე ნორმალურია?»
«მშვენიერია. აქ შევხვდეთ».
მე დავემშვიდობე და ივნისის გრილ და ვარსკვლავებიან ღამეში გამოვედი. დაახლოებით ღამის ორის ნახევარი იყო, როცა სადგურიდან წამოსულს რაღაცამ მაიძულა შევტრიალებულიყავი და სადგურის სახურავისკენ ამეხედა. იქ ის იდგა, ზუსტად ისეთი, როგორიც მრავალი თვის წინ ვნახე. სრულიად უძრავად იდგა და მაღლა ვარსკვლავებს უცქერდა, მისი სხეულის გარშემო კი რბილი ნათება იყო. მიუხედავად იმისა, რომ ჩემგან ოცდათხუთმეტ მეტრშ იმყოფებოდა და ძალიან ჩუმად ლაპარაკობდა, მისი ხმა ჩემთან ახლოს გავიგე: «დენ, მოდი აქ».
მე სწრაფად შემოვუარე სადგურს, და ზუსტად იმ მომენტში, შევხვდი მას, როცა სიბნელიდან გამოდიოდა.
«სანამ წახვალ, არის კიდევერთი რაღაც, რაც უნდა დაინახო. იგი ორივე საჩვენებელი თითით ჩემს ყვრიმალებს შეეხო. შემდეგ ნაბიჯით უკან დაიხია და სახურავზე ახტა. მე მოჯადოებულივით ვიდექი და თვალებს არ ვუჯერებდი. სოკი ისევ ჩამოხტა და თითქმის უხმოდ დაეშვა მიწაზე. „საიდუმლო“, – ფართოდ გაეღიმა მას, – „წვივების ძალაშია“.
მე თვალები მოვისრისე. «სოკრატე, ეს ნამდვილად მოხდა? ანუ იმის თქმა მინდა, რომ დავინახე ეს; მაგრამ შენ ხომ ჯერ ჩემს თვალებს შეეხე».
«არ არსებობს რეალობის მკვეთრად გამოხატული საზღვრები, დენ. დედამიწა არაა მყარი. ის მოლეკულებისგან და ატომებისგან შედგება – სივრცით სავსე პაწაწუნა სამყაროებისგან. ეს ადგილი – სინათლის და ჯადოსნობის ადგილია, თუ შენ მხოლოდ გაახელ თვალებს».
ერთმანეთს მშვიდობიანი ღამე ვუსურვეთ და წამოვედი.
როგორც იქნა შაბათიც მოვიდა. მე ოფისში შევედი და სოკი თავისი სავარძლიდან წამოდგა. ამ დროს ვიგრძენი ნაზი ხელის შეხება, რომელიც თეძოზე მომეხვია და თვალის კუთხით შევამჩნიე ჯოი, ჩემს გვერდით.
«როგორ მიხარია შენი დანახვა», – ვუთხარი და გადავეხვიე.
მისი ღიმილი სინათლეს ასხივებდა. «ოი-ოი», – თქვა მან, – «შენ მართლა ძლიერდები. ოლიმპიადისთვის ემზადები?»
«სიმართლე გითხრა», – სერიოზულად თქვი მე, – «ვაპირებ მივატოვო სპორტი. გიმნასტიკამ უკვე მომცა, რაც შეეძლო; დრო მოვიდა უფრო წინ ვიარო». მან კომენტარების გარეშე დამიქნია თავი.
«კარგი, წასვლის დროა», – თქვა სოკრატემ და თავისივე მოტანილ საზამთროს ხელი დაავლო. მე ზურგჩანთაში სენდვიჩები მქონდა.
ზემოთ, მთებისკენ დავიძარით. დღე მშვენიერი გამოდგა. ლანჩის შემდეგ სოკმა გადაწყვიტა მარტონი დავეტოვებინეთ და ხეზე აძვრა.
მოგვიანებით ჩამოვიდა და გაიგო, ჩვენი საუბარი.
«ჯოი, ოდესმე წიგნს დავწერ სოკრატესთან გატარებულ ამ დროზე».
«შეიძება ამაზე ფილმიც გადაიღონ» – თქვა მან. სოკრატე ხესთან იდგა და გვისმენდა.
ენთუზიაზმმა შემიპყრო. «და მაისურებსაც გააკეთებენ მეომრებისთვის…»
«და საპნებს მეომრებისთვის».
«სახაზავს მეომრებისთვის».
«და საღეჭ რეზინს!»
სოკრატესთვის ეს საკმარისი იყო. თავი გააქნია და კვლავ ხეზე აძვრა.
ორივეს გაგვეცინა და ბალახზე დავიწყეთ გორაობა. სასხვათაშორისოდ ვკითხე: «მერი-გოუ-რაუნდისკენ სირბილში ხომ არ შევჯიბრებოდით ერთმანეთს?»
«დენ, შენ ალბათ წაგებების საიდუმლო მოყვარული ხარ» – დაიტრაბახა ჯოიმ, – «მამაჩემს გეპარდს ეძახიან, დედაჩემს ანტილოპას, ჩემს დას - ქარს, და...»
«და შენს ძმებს – პორშეს და ფერარის», – მან სიცილით შეიკრა ბოტასების თასმები.
«წაგებული მინდორს დაასუფთავებს» – ვთქვი მე.
ვანესა ფილდსის იდეალური პაროდირებით, ჯოიმ თქვა: «ყოველ წუთში ქვეყანაზე ახალი მახინჯი იბადება». და მაშინვე სტარტი აიღო. ფეხსაცმელს ვიცვამდი და თან დავუყვირე: «ალბათ ბიძაშენს კურდღელი ერქვა!» «მალე დავბრუნდებით», – დავუყვირე სოკრატეს და ჯოის გავეკიდე, რომელიც უკვე შორს წასულიყო.
ის სწრაფად დარბოდა…, მაგრამ მე უფრო სწრაფად დავრბოდი და ვიცოდი ეს. ჩემმა მომზადებამ ფიზიკური ფორმის ისეთ მწვერვალამდე მიმიყვანა, რომელზეც ვერც კი ვიოცნებებდი.
ტემპის დაგდების გარეშე, ჯოიმ უკან გამოიხედა და თავისდა გასაკვირად, თუ არ ვიტყვით რომ შოკირებულმა, აღმოაჩინა რომ მის უკან, ახლოს ვიყავი. მე მივრბოდი და თანაბრად ვსუნთქავდი.
მან ტემპს მოუმატა და ისევ მოიხედა. საკმარის მანძილს ვინარჩუნებდი იმისთვის, რომ ოფლის წვეთები შემემჩნია მის კისერზე. როცა გადავასწარი, ჯოიმ ამოისუნთქა: «რას აკეთებდი? არწივებს ეჯიბრებოდი?»
«დიახ», – ვუთხარი ღიმილით, – «ერთ ბიძაშვილს». შემდეგ ჰაეროვანი კოცნა გავუგზავნე და უფრო სწრაფად გავიქეცი.
უკვე შემოვურბინე მერი-გოუ-რაუნდს და საპიკნიკე ადგილისკენ უკან მოვრბოდი, როცა დავინახე, რომ ჯოი ასიოდე იარდით ჩამომრჩა. როგორც ჩანს მთელი ძალით ცდილობდა და უკვე დაიღალა. შემეცოდა და გავჩერდი, ჩამოვჯექი და ველური მდოგვის ყვავილი მოვწყვიტე. როცა მომიახლოვდა ტემპი შეანელა, რათა შევეთვალიერებინე, თუ როგორ ვყნოსავდი ყვავილს. მე ვუთხარი: «კარგი დღეა, არა?»
«იცი, ამან გამახსენა ისტორია კუზე და... კურდღელზე». რის შემდეგაც საოცარი სიჩქარე აკრიფა.
გაოგნებული წამოვხტი და გავეკიდე. ნელა, მაგრამ თავდაჯერებულად ვეწეოდი, მაგრამ უკვე ვუახლოვდებოდით ჩვენს ადგილს, მას კი საკმაო ფორა ჰქონდა. ვუახლოვდებოდი, სანამ მისი ძვირფასი ქშენა არ გავიგე. უკანასკნელი ოცი იარდი ფეხდაფეხ, მხარდამხარ ვირბინეთ. შემდეგ ხელი ჩამკიდა და სიცილით გავჩერდით. ბოლოს ინერციით დავეცი და სოკრატეს მიერ დაჭრილი საზამთრო აქეთ-იქით მიმოვფანტე.
როცა საზამთროს რბილობით გათხვრილი სახე ავწიე, სოკრატემ ტაში დაუკრა და ხიდან ჩამოვიდა.
ჯოიმ შემომხედა და მანჭვით თქვა: «ძვირფასო, არაა საჭირო ასე გაწითლება! ბოლოს და ბოლოს კინაღამ მომიგე».
ხელით სახე მოვიწმინდე: «ეჰ ჩემო წიწაკა, სულელიც კი მიხვდება, რომ მე გავიმარჯვე».
«აქ მხოლოდ ერთი სულელია», – თქვა სოკმა, – «და ამ სულელმა ამწუთას საზამთრო გაანადგურა».
ყველას გაგვეცინა და ჯოისკენ შევბრუნდი, სიყვარულით სავსე თვალებით. თუმცა როდესაც დავინახე, როგორ შემომხედა, სიცილი შევწყვიტე. ხელი ჩამკიდა და მინდვრის კიდესტან მიმიყვანა, საიდანაც იშლებოდა ხედი ტილენდ პარკის მთებისკენ.
«დენი, მე რაღაც მაქვს სათქმელი. შენ – ძალიან განსაკუთრებული ადამიანი ხარ ჩემთვის. მაგრამ როგორც სოკრატე ამბობს», – მან სოკრატეს შეხედა, რომელიც იდგა და თავს ნელა აქნევდა აქეთ-იქეთ, – «შენი გზა არასაკმარისად ფართოა ჩემთვის, ყოველ შემთხვევაში ახლა. მე ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა ვარ, დენი... და მეც ბევრ რამეს უნდა მივაქციო ყურადღება».
მე მაკანკალებდა. «მაგრამ ჯოი, მე მინდა რომ ყოველთვის ჩემს გვერდით იყო. მინდა ბავშები გვყავდეს, მინდა ღამე გათბობდე. ჩვენი ერთობლივი ცხოვრება მშვენიერი იქნებოდა».
«დენი», – თქვა მან, – «არის კიდევ ერთი რამ, რაც ადრე უნდა მეთქვა შენთვის. ვიცი, რომ გამოვიყურები და ვიქცევი... ნუ, იმ ასაკში, რომელზეც ფიქრობ. მაგრამ მე მხოლოდ თხუთმეტი წლის ვარ».
მე მივაშტერდი და გაოცებისგან ყბა ჩამომივარდა. «ეს ნიშნავს, რომ თვეების განმავლობაში უკანონო ფანტაზიების აურაცხელი რაოდენობა მქონდა?».
სამივეს გაგვეცინა, მაგრამ ჩემი სიცილი ნაძალადევი იყო. ჩემი ცხოვრების ნაწილი ნამსხვრევებად იქცა. «ჯოი, მე დაგელოდები. ჯერ კიდევ გვაქვს შანსი».
ჯოის თვალები ცრემლებით აევსო. «ო, დენი, შანსი ყოველთვის არის... რისთვისაც გინდა. მაგრამ სოკრატემ მითხრა, რომ უკეთესი იქნება, თუ დამივიწყებ».
როცა ჯოის სხივოსან თვალებს ვუმზერდი, სოკრატე უხმოდ მომიახლოვდა უკნიდან. ხელები ჯოისკენ გავიწვდინე და ამ დროს იგი თავის ქალის გუძესთან შემეხო. ყველაფერი ბუნდოვანი გახდა და მე მაშნვე დამავიწყდა, რომ ოდესღაც ვიცნობდი ქალს - სახელად ჯოი.