მშვიდობიანი მეომრის გზა

დენ მილმენი
0
0

სამყაროს უმაღლეს მეომარს, რომელთან შედარებითაც სოკრატე - მხოლოდ მოკრძალებული ანარეკლია.

7. უკანასკნელი ძიებანი

  წიგნი მესამე ბედნიერება მიზეზის გარეშე 7. უკანასკნელი ძიებანი

როცა თვალები გავახილე ზურგზე ვიწექი. ცას შევხედე.

ალბათ ცოტა ხნით ჩამეთვლიმა. გავიზმორე და ვთქვი: «ჩვენ ორივეს გვჭირდება პიკნიკებზე ხშირად სიარული, როგორ ფიქრობ?»

«დიახ», – ნელა წარმოთქვა მან, – «მხოლოდ მე და შენ».

ჩვენი ნივთები მოვკრიბეთ და ავტობუსამდე მილზე მეტი ტყის ბილიკით გავიარეთ. მთელი უკანა გზა შეგრძნება მქონდა, რომ რაღაცის თქმა ან რაღაცის გაკეთება დამავიწყდა, თუმცა როცა ავტობუსმა დაბლობს მიაღწია, ეს შეგრძნება გაქრა.

სანამ ავტობუსიდან გადმოვიდოდი, ვკითხე: «მომისმინე, სოკ, ხვალ მთებში ხომ არ ვირბინოთ?»

«ხვალინდელ დღეს რატომ ველოდოთ?» – მიპასუხა მან, – «ხიდთან შევხვდეთ 23:30-ზე. შესანიშნავ შუაღამის გარბენს გავაკეთებთ მთის ბილიკებზე».

იმ ღამით სავსე მთვარემ ვერცხლისფრად შეაფერადა ხის კენწეროები. ბნელოდა, მაგრამ ჩემთვის ამ ადგილების ყოველი ფუტი ნაცნობი იყო და სრულ სიბნელეშც შემეძო მერბინა.   

ციცაბო აღმართის შემდეგ ჩემი სხეული ტოსტერზე გამომცხვარი პურივით გაცხელდა. მალე მწვერვალს მივუახლოვდით და მასზე გადარბენა დავიწყეთ. ის, რაც თვეების წინ გადაულახავად მეჩვენებოდა, ახლა ოდნავ ძალისხმევას მოითხოვდა ჩემგან. სირბილის დროს თანაბრად და ღრმად ვსუნთქავდი, სისულელეებს ვაკეთებდი და უკან მყოფ სოკრატეს ვეღლაბუცებოდი: «მიდი, ბებერო… დამეწიე, თუ შეგიძლია!»

რაღაც მომენტში უკან გავიხედე და სოკი ვეღარ დავინახე. სიცილით გავჩერდი, მისგან მოსალოდნელი ხაფანგის მოლოდინში.  დაე ირბინოს და მეძებოს. ჩამოვჯექი და სან-ფრანცისკოს შუქებისკენ დავიწყე ყურება.  

ამ მომენტშ ქარმა დაიქროლა და მივხვდი, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო... წამოვხტი და უკან გავიქეცი.

სოკრატე ბილიკის შემაღლების მიღმა აღმოვაჩინე. ცივ მიწაზე მუცლით უძრავად გაწოლილიყო. სწრაფად დავეშვი მუხლებზე, ფრთხილად გადმოვატრიალე ზურგზე და ყური მკერდზე დავადე. გული არ უცემდა. «ღმერთო, ო ღმერთო», – წარმოვთქვი მე, ქარის ძლიერმა დაქროლვამ კი ჩემი ხმა ქვემოთ, კანიონისკენ წაიღო.

პირი პირზე დავადე და ჰაერი ჩავბერე; მზარდი პანიკით მკვეთრად ვაჭერდი ხელებს გულმკერდზე.

საბოლოოდ მხოლოდ ის შევძელი, რომ მისი თავი ხელებში დავიკავე და ჩუმად წარმოვთქვი: «სოკრატე, არ მოკვდე… ძალიან გთხოვ, სოკრატე». ეს ჩემი იდეა იყო გარბენის მოწყობა. გამახსენდა, რა გაჭირვებით ამორბოდა შუალედური კიბეების საფეხურებზე. ოღონდაც..., უკვე ძალიან გვიანია. მე სამყაროსადმი უსამართლობის  და რისხვის გრძნობამ შემიპყრო; ეს რისხვა უზარმაზარი იყო.  

«არაააააააააააა!» – დავიყვირე მე, და ჩემი ყვირილი ტკივილად გაისმა მთელს კანიონში.

ის არ უნდა მოკვდეს… არ მივცემ სიკვდილის საშუალებას! მე ვიგრძენი ენერგიის დინება, რომელმაც ხელებში, ფეხებში და მკერდში დამიარა. მთელს ენერგიას მივცემ მას. თუ საფასური ჩემი საკუთარი სიცოცხლე იქნება, სიამოვნებით გადავიხდი მას.  «სოკრატე, იცოცხლე, იცოცხლე!» ხელები მკერდზე ჩავჭიდე და თითები ნეკნებში ჩავავლე. დაელექტროებული ვიყავი და ნათებას ვხედავდი ხელების გარშემო, როცა ვაჯანჯღარებდი, რათა მისი გული ამემუშავებინა. «სოკრატე», – გავცემდი ბრძანებას, – «იცოცხლე!»

მაგრამ არაფერი ხდებოდა… არაფერი. ჩემს ჭკუაში გაურკვევლობა შემოიჭრა და დავნებდი. ყველაფერი დამთავრდა. უძრავად ვიჯექი და ცრემლები ღვარ-ღვარით მომდიოდა. «გთხოვ», – თვალები მთვარით შევერცხლილი ღრუბლებისკენ აღვაპყრე. «გთხოვ», – ვუთხარი უფალს, რომელიც არასოდეს მინახავს. «დაე მან იცოცხლოს». ბოლოს და ბოლოს შევწყვიტე ბრძოლა, შევწყვიტე იმედოვნება. ის უკვე ჩემი შესაძლებლობების ზღვარს მიღმა იყო. ვერ შევძელი დახმარება.

ორი პატარა კურდღელი გამოძვრა ბუჩქებიდან, რათა ეცქირათ, როგორ ვიჯექი თავჩაღუნული მოხუცი ადამიანის უსიცოცხლო სხეულის წინ.

აი მაშინ ვიგრძენი – ზუსტად ის თანამყოფობის შეგრძნება, რომელიც მრავალი თვის წინ მეწვია. მან ჩემი სხეული აღავსო. მე ვსუნთქავდი მისით, ის კი ჩემით სუნთქავდა. «გთხოვ», – ვუთხარი უკანასკნელად, – «ჯობია მე წამიყვანო». არ ვხუმრობდი. და ამ მომენტში პულსი ვიგრძენი სოკის კისერზე. სწრაფად მივადე ყური მკერდზე. ძლიერმა გულისცემამ ყურში დამარტყა. ჰაერს შთავბერავდი მასში მანამ, სანამ მისმა მკერდმა დამოუკიდებლად არ დაიწყო გაბერვა და შეკუმშვა.

როცა სოკრატემ თვალები გაახილა, მე დამინახა, მოცინარი და მადლიერი ცრემლებით. მთვარის შუქი კი ვერცხლის ფერში გვაცურავებდა.  

«სოკრატე, შენ ცოცხალი ხარ».

«ვხედავ, რომ შენი დაკვირვების უნარი როგორც ყოველთვის მაღალ დონეზეა» – სუსტად წარმოთქვა მან.

წამოდგომას შეეცადა, მაგრამ ძალიან სუსტად იყო. გულმკერდი ტკიოდა. მაშინ მხრებზე მოვიკიდე და ზემოთ, ბილიკის ბოლოსკენ წავათრიე ორ მილში. ღამის მორიგეს ლოურენსის სამეცნიერო ლაბორატორიაში შეეძლო ტელეფონით სასწრაფო გამოეძახა.  

გზის დიდი ნაწილი ჩუმად ეკიდა ჩემს მხრებზე, მე კი დაძაბული და გაოფლილი მივათრევდი. დროდადრო ამბობდა: «მოგზაურობის ერთადერთი საშუალება – ამის ხშირად კეთებაა» ან  «თავბრუ მეხვევა».

სახლში მხოლოდ მას შემდეგ დავბრუნდი, რაც ჰერიკის საავადმყოფოში, ინტენსიური თერაპიის პალატაში მოვათავსე იგი. იმ ღამით ჩემი სიზმარი დაბრუნდა. სიკვდილმა სოკრატესკენ გაიწია და მე ყვირილით გამეღვიძა».

მთელი მომდევნო დღე მასთან გავატარე.  დროის უმეტესი ნაწილი ეძინა, საღამოსკენ კი ლაპარაკი მოინდომა.  

«კარგი… რა მოხდა?»

«მე მიწაზე სახით მწოლიარე აღმოგაჩინე. გული არ გიცემდა და არ სუნთქავდი. მე... ვისურვე, რომ გეცოცხლა».

«გამახსენე, რომ ჩემს ანდერძში მოგიხსენიო. რას გრძნობდი?»

«ეს ყველაზე უცნაურია, სოკ. თავიდან ენერგიის ნაკადი ვიგრძენი, რომელიცჩემში გადიოდა. ვეცადე, რომ შენთვის გადმომეცა. უკვე თითქმის დავნებდი, როდესაც...»

«არასოდეს არ თქვა - მოკვდა», – წამოიძახა მან.

«სოკრატე, მე სერიოზულად ვამბობ!»

«განაგრძე… ყურადღებით გისმენ. მაინტერესებს, როგორ გამოვიდა ეს ყველაფერი».

ფართოდ გამეღიმა. «ეშაკმა დალახვროს, შენ უკეთ იცი როგორც გამოვიდა. გული ისევ აგიძგერდა..., მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ყველა მცდელობა შევწყვიტე. ეს თანამყოფობის გრძნობა, რაც ადრეც შევიგრძენი – ეს მან აიძულა შენს გულს ამუშავება».

მან თავი დამიქნია. «შენ გრძნობდი მას». ეს კითხვა კი არა მტკიცება იყო.

«დიახ».

«ეს კარგი გაკვეთილი იყო», – თქვა მან და მსუბუქად გაიზმორა.

«გაკვეთილი! შენ გულის შეტევა გქონდა, და ეს იყო პატარა, საოცარი გაკვეთილი ჩემთვის? შენ ასე ხედავ ამას?»

«დიახ», – თქვა მან, – «და იმედი მაქვს, რომ დიდ სარგებლობას მიიღებ მისგან. მიუხედავად იმისა, რა ძლიერებიც არ უნდა ვჩანდეთ, ყოველთვის არსებობს დაფარული სისუსტე, რომელიც შესაძლოა დამღუპველი წინააღმდეგობა აღმოჩნდეს ჩვენთვის.  საშინაო წესი: ყველა ძალაშია სისუსტედა პირიქით. ჩემი სისუსტე ბავშვობიდან გული იყო. შენ კი, ჩემო ახალგაზრდა მეგობარო, „გულის შეტევის“ სხვა სახეობით იტანჯები.  

«მართლა?»

«დიახ. შენ ჯერ კიდევ ვერ გახსენი შენი გული ბუნებრივად, რომ ემოციები გაუშვა ცხოვრებაში, როგორც წარსულ ღამეს მოახერხე ეს. შენ ისწავლე სხეულის მართვა და ცოტა ჭკუის მართვაც, მაგრამ შენი გული კვლავაც არაა გახსნილი. შენი მიზანი დაუმარცხებლობა კი არა, უმწეობაა... სამყაროსთან, ცხოვრებასთან, და ამგვარად თანამყოფობის გრძნობასთან, რომელიც შენ შეიგრძენი. 

მე ვეცადე, მაგალითით მეჩვენებინა შენთვის, რომ მეომრის ცხოვრების გზა შედგება არა წარმოსახვითი სრულყოფისგან და გამარჯვებებისგან; მეომრის ცხოვრების აზრისიყვარულშია. სიყვარულიეს მეომრის მახვილია; იქ, სადაც ურტყამს, სიცოცხლე მოაქვს და არა სიკვდილი».

«სოკრატე, მომიყევი სიყვარულზე. მინდა გავიგო».

მან წყნარად გაიცინა. «ეს ის არაა, რისი გაგებაც შეიძება; ეს შეიძება მხოლოდ შეიგრძნო».

«კარგი. მაშინ მითხარი, რა გრძნობაა ეს?»

«ხედავ?» – თქვა მან, – «შენ გინდა კიდევ ერთ მენტალურ კონსტრუქციად აქციო იგი. უბრალოდ დაივიწყე საკუთარი თავი და იგრძენი!»

შევხედე მას და ვიგრძენი მისი მსხვერპლის მთელი სისავსე..., ის, თუ როგორ მავარჯიშებდა და ბოლომდე იხარჯებოდა, თუმცა იცოდა თავისი სუსტი გულის ამბავი... და ყველაფერი ეს იმისთვის, რომ შეენარჩუნებინა ჩემი ინტერესი სწავლებისადმი.  თვალები ცრემლებით ამევსო. «მე მართლა ვგრძნობ, სოკ…»

«გრძნობ არა, ნეხვი! სიბრალული არ გამოდგება».

ჩემი გრძნობა გაღიზიანებით შეიცვალა. «ხანდახან ზღვარამდე მიგყავარ, ბებერო ჯადოქარო! რა გინდა ჩემგან, სისხლი?»

«რისხვაც არ გამოდგება». – წარმოთქვა დრამატული ტონით, და თვალებს ისე ატრიალებდა, როგორც კინოს ბოროტი გმირი.  

«სოკრატე, შენ ნამდვილად შეიშალე!» – გამეცინა მე.

«აი! სიცილი გამოდგება!»

ჩვენ ორივემ აღტაცებულებმა გავიცინეთ; შემდეგ კი მომღიმარეს ჩაეძინა. წყნარად გამოვედი პალატიდან.

როცა მეორე დილით მივედი სანახავად, შესამჩნევად მოძლიერებული ჩანდა. მაშნვე საყვედურით მივმართე. «სოკრატე, რატომ არ შეწყვიტე სირბილი, უფრო მეტიც, მთელი ეს ნახტომები და ფოკუსები, თუ იცოდი, რომ მათ შეეძოთ სიცოცხლის ფასად დაგჯდომოდნენ ყოველ წამს?»

«რა საჭიროა ნერვიულობა? ჯობია ვიცხოვროთ იმ მომენტამდე, სანამ არ მოვკვდებით. მემეომარი ვარ. ჩემი გზა მოქმედებაა», – თქვა მან, – «მე მასწავლებელი ვარ. მე მაგალითით ვასწავლი. ოდესმე, შესაძოა შენც ასწავლო სხვებს ის, რაც მე გასწავლე. მაშინ მიხვდები, რომ სიტყვები არაა საკმარისი; შენც მაგალითით უნდა ასწავლო, და მხოლოდ ის, რაც შენი უშუალო გამოცდილებით გააცნობიერე».

შემდეგ ისტორია მომიყვა:

დედამ თავისი ბიჭი მაჰატმა განდისთან მიიყვანა. ევედრებოდა:  «გთხოვ, მაჰატმა. უთხარი ჩემს შვილს, რომ შაქარი არ ჭამოს».

განდი დუმდა. შემდეგ კი თქვა: «ისევ მოიყვანე შენი შვილი ორი კვირის შემდეგ». გაკვირვებულმა დედამ მადლობა გადაუხადა და უთხრა, რომ ასე მოიქცეოდა.

ორი კვირის შემდეგ შვილთან ერთად დაბრუნდა. განდიმ თვალებში შეხედა ყმაწვილს და უთხრა:  «აღარ ჭამო შაქარი».

მადლიერმა, მაგრამ გაკვირვებულმა ქალმა ჰკითხა: «რატომ მთხოვე ორი კვირის შემდეგ მოყვანა? მაშინვე არ შეგეძლო ამის თქმა?».

განდიმ უპასუხა: «ორი კვირის წინ მე თვითონ ვჭამდი შაქარს».

«დენ, აკეთე ის, რასაც ასწავლი, და ასწავლე ის, რასაც აკეთებ».

«რა უნდა ვასწავლო გიმნასტიკის გარდა?»

«გიმნასტიკა საკმარისი იქნება, თუ მას უფრო უნივერსალური გაკვეთილების გადაცემის საშუალებად გამოიყენებ», – თქვა მან, – «პატივი ეცი სხვებს. თავიდან მიეცი ის, რაც მათ უნდათ, და შესაძლოა თანდათან, ზოგიერთმა მათგანმა მოგთხოვოს მისცე ის, რაც შენ გინდა. მოთმინებით ასწავლე ილეთები, სანამ ვინმე მეტს არ მოგთხოვს».

«როგორ გავიგებ, რომ მეტი უნდათ?»

«გაიგებ».

«მაგრამ, სოკრატე, რატომ ხარ ასე დარწმუნებული, რომ მე მასწავლებელი გავხდები? რაღაც არ მხიბლავს ეს იდეა».

«როგორც ჩანს, ამ მიმართულებით მიდიხარ».

«ამას იმ კითხვამდე მივყავართ, რომელიც დიდი ხანია მინდოდა დამესვა…, ხშირად შენ იცნობ ხოლმე ჩემს ფიქრებს ან იცი ჩემი  მომავლის შესახებ. დროთა განმავლობაშ მეც გამიჩნდება მსგავსი უნარები?» ამის მოსმენისთანავე დისტანციური მართვის პულტი აიღო, ტელევიზორი ჩართო და მულტფილმების ყურება დაიწყო. მე გამოვრთე ტელევიზორი.  

იგი ჩემსკენ შემობრუნდა და ჩაისუნთქა: «იმედი მქონდა, რომ ბოლომდე გადალახავდი უნარებით მოხიბლულობას. მაგრამ რადგან რადგანაც ამოგიტივტივდა, შეგვიძლია მისგანაც განვთავისუფლდეთ. აბა, რა გინდა რომ გაიგო?»

«დასაწყისისთვის, მომავლის წინასწარმეტყველება. მგონი ხანდახან შეგიძია ამის გაკეთება».

«მომავლის წინასწარმეტყველების საფუძველი აწმყოს რეალური აღქმაა. მომავლის თემა არ უნდა გაღელვებდეს, სანამ მკაფიოდ არ დაინახავ აწმყოს».

«და აზრების კითხვაზე რას იტყვი?»

სოკრატემ ჩაისუნთქა: «რა გაინტერესებს?»

«ცხადია, რომ ჩემს აზრებს ხშირად კითხულობ».

«კი, ფაქტიურად ასეა», – აღიარა მან, – «მე მართლა ვიცი, რაზე ფიქრობ დროის უმეტესი ნაწილის განმავლობაში. შენიჭკუაადვილად იკითხება, იმიტომ რომ შენი ყველა აზრი შენს სახეზე წერია».

მე შეცბუნებისგან მოვიღუშე.

«ხედავ რას ვგულისხმობდი?» – გაეცინა მას და ჩემს შეკრულ კოპებზე მიმითითა, – «და ამისთვის არაა საჭირო, რომ ჯადოქარი იყო; პოკერის მოთამაშეები შესანიშნავად კიტხულობენ სახეებზე».

«კი მაგრამ, რას იტყვი ნამდვილ უნარებზე?»

ის საწოლზე წამოჯდა და თქვა: «განსაკუთრებული უნარები რა თქმა უნდა არსებობს. მაგრამ მეომრისთვის ისინი სრულიად უმნიშვნელოა. დაე ამან შეცდომაშ არ შეგიყვანოს. ბედნიერება – ეს ერთადერთია, რასაც მნიშვნელობა აქვს. შენ არ შეგიძია მიაღწიო ბედნიერებას; ის აღწევს შენამდე..., მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ყველაფერ დანარჩენზე უარს ამბობ».

მომეჩვენა, რომ სოკრატე დაიღალა. ცოტა ხანი დაჟინებით მიყურებდა, თითქოს რაღაც გადაწყვეტილებას იღებდა. შემდეგ ერთდროულად კეთილი და მტკიცე ხმით წარმოთქვა სიტყვები, რომლებისაც ყველაზე მეტად მეშინოდა: «ჩემთვის სრულიად ნათელია, რომ შენ უწინდებურად ხაფანგში ხარ, დენ..., უწინდებურად ეძებ ბედნიერებას ყველგან. დაე იყოს ასე. ეცდები მის პოვნას მანამ, სანამ არ დაიღლები ყველანაირი ძიებისგან. ჩვენ უნდა დავშორდეთ რაღაც დროის განმავლობაში. ეძებე ის, რაც გჭირდება და ისწავლე ის, რასაც შეძლებ. შემდეგ შევხედოთ».

ხმაში ბზარი გამიჩნდა: «რამდენი... რამდენი ხნით უნდა დავშორდეთ?»

მისმა სიტყვებმა საერთოდ ამომაყირავა: «ცხრა ან ათი წელი საკმარისი უნდა იყოს».

გაოგნებული ვიყავი. «სოკრატე, მე არც ისე მაინტერესებს ეს უნარები. მართლა გავიგე, რასაც მეუბნებოდი. გთხოვ, მომეცი უფლება, რომ შენთან დავჩე».

მან თვალები დახუჭა. «ჩემო ახალგაზრდა მეგობარო, ნუ გეშინია. შენი გზა იქნება შენი მეგზური; გზას არ აცდები».

«მაგრამ, როდის გნახავ ისევ, სოკრატე?»

«როცა შენი ძიებები დასრულდება…, ნამდვილად დასრულდება».

«როცა მეომარი გავხდები?»

«მეომარი – ეს ის არაა, ვინც ხდებიან, დენ. ისინი ან არიან მოცემულ მომენტში, ან არა. გზა თავისთავად ქმნის მეომარს. ახლა კი საერთოდ უნდა დამივიწყო. წადი და გასხივოსნებული დაბრუნდი».

მე ძალიან გავხდი დამოკიდებული მის განსჯაზე, მის განსაზღვრებებზე. ჯერ კიდევ ვკანკალებდი, შემოვბრუნდი და გასასვლელისკენ წამოვედი. შემდეგ კიდე ერთხელ, ბოლოჯერ შევხედე სხივმფენ თვალებში. «ისე გავაკეთებ, როგორც მთხოვე, სოკ…, გარდა ერთისა. მე არასოდეს არ დაგივიწყებ».

საავადმყოფოდან გამოვედი და კამპუსის ქუჩებით გაურკვეველი მომავლისკენ გავემართე.

გადავწყვიტე ლოს-ანჯელესში, ჩემს მშობლიურ ქალაქში დავბრუნებულიყავი. ავტოსადგომიდან ჩემი ძველი ვალიანტი წამოვიყვანე და უკანასკნელი შაბათ-კვირა ნივთების ჩალაგებაშ გავატარე. ლინდაზე გავიფიქრე, სატელეფონო ჯიხურთან მივედი და მისი ახალი ბინის ნომერი ავკრიფე. როცა მისი ნამძინარევი ხმა მომესმა, უკვე ვიცოდი, რისი გაკეთებაც მინდოდა.

«ძვირფასო, მე რამდენიმე სიურპრიზი მაქვს. ლოს-ანჯელესში გადმოვდივარ; შეგიძლია ხვალ რაც შეიძლება ადრე ჩამოფრინდე ოკლენდში? შეგვეძლო ავტომობილით დავბრუნებულიყავით; რაღაცაზე უნდა დავილაპარაკოთ».

ხაზის მეორე ბოლოზე სიჩუმე ჩამოწვა. «ო, სიამოვნებით! დილის 8 საათზე ჩამოვფრინდები. ე-ეე… (გრძელი პაუზა)… რაზე გინდა საუბარი, დენი?»

«იმაზე, რაზეც მხოლოდ პირისპირ საუბარი შეიძლება, თუმცა მინიშნებას მოგცემ: ჩვენს ერთობლივ ცხოვრებაზე, შვილებზე, დილით ერთად, ჩახუტებულებს გაღვიძებაზე». ამას ძალიან გრძელი პაუზა მოჰყვა. «ლინდა?»

ხმა უკანკალებდა. «დენ…, ახლა არ შემიძლია ლაპარაკი. დილით ჩამოვფრინდები».

«გამოსასვლელთან შევხვდებით. დროებით, ლინდა».

«დროებით, დენი». მოკლე ზუმერები ხაზზე.

გამოსასვლელთან 8:45-ზე ვიყავი. ის უკვე მელოდებოდა: ლურჯთვალება ლამაზმანი დამაბრმავებელი წითური თმით. ჩემთან სიცილით მოირბინა და ხელები მომხვია: «ო, რა კარგია შენთან ჩახუტება, დენი!»

ვგრძნობდი, როგორ იღვრებოდა მისი სხეულის სითბო ჩემსაში. სწრაფი ნაბიჯით გავემართეთ ავტოსადგომისკენ. თავიდან არ ვიცოდი რაზე მელაპარაკა.

ავტომობილი უკან, ტილდენ პარკისკენ წავიყვანე და შთაგონების ადგილას გავაჩერე. ყველაფერი წინასწარ დავგეგმე. ვთხოვე სკამზე ჩამომჯდარიყო და უკვე მზად ვიყავი დამესვა კითხვა, როცა იგი ყელზე ჩამომეკიდა და თქვა «დიახ!», შემდეგ კი ატირდა. «რაღაც ისე ვერ ვთქვი?» – იყო ჩემი სუსტი მცდელობა გახუმრებისა.

ჩვენ ლოს-ანჯელესის მუნიციპალიტეტის შენობაშ დავქორწინდით. საქორწინო ცერემონია ლამაზი და მცირერიცხოვანი იყო. ჩემი ნაწილი ძალიან ბედნიერი გახდლათ; მეორე ნაწილი კი გაურკვეველ დეპრესიაში იყო. შუაღამისას გამეღვიძა და ფეხაკრეფით გავიპარე ახალდაქორწინებულთათვის განკუთვნილი ჩვენი ნომრის აივანზე. უხმოდ ვტიროდი. რატომ არ მტოვებდა გრძნობა, თითქოს ხელიდან გავუშვი, დავივიწყე რაღაც მნიშვნელოვანი?» ეს გრძნობა არასოდეს არ მტოვებდა.

მალე ახალ ბინაშ გადავედით. მე ძალები სიცოცხლის დაზღვევის სფეროში მოვსინჯე; ლინდა ბანკშ მოეწყო მოლარედ, ნახევარ განაკვეთზე. ძალიან დაკავებული ვიყავი, რომ საკმარისი დრო დამეთმო ჩემი ახალგაზრდა ცოლისთვის. ღამ-ღამობით, როცა მას ეძინა. მედიტაციისთვის ვჯდებოდი. დილით სავარჯიშოების კომპლექსს ვაკეთებდი. თუმცა სამუშაოს გამო დრო თითქმის აღარ მრჩებოდა მსგავსი ვარჯიშებისთვის; მთელი ჩემი მომზადება და დისციპლინა დნებოდა.   

სადაზღვეო აგენტად მუშაობის ექვსი თვის შემდეგ, უკვე ყელში მქონდა ამოსული ეს ყველაფერი. პირველად, მრავალი კვირის შემდეგ, მე და ლინდა დავჯექით, რომ სერიოზულად დაგველაპარაკა.

«ძვირფასო, რას ფიქრობ უკან, ჩრდილოეთ კალიფორნიაში დაბრუნებაზე და სხვა სამსახურის მოძებნაზე?»

«თუ ეს ისაა, რაც შენ გინდა, დენი. მე შენ გამოგყვები. თანაც კარგი იქნებოდა, თუ ჩემს მშობლებთან ახლოს ვიცხოვრებდით. ისინი შესანიშნავი ძიძები არიან» 

«ძიძები?»

«დიახ. შენ მალე მამა გახდები».

«გინდა თქვა, რომ მალე ბავშვი გვეყოლება? შენ… მე… და ბავშვი?» – მოვეხვიე და დიდხანს ვიყავით ასე ჩახუტებულები.

ამის შემდეგ აღარ შემეძლო დაუფიქრებელი ნაბიჯები გადამედგა. ჩრდილოეთში გადასვლიდან რამდენიმე დღეში, ლინდამ თავისი მშობლები მოინახულა, მე კი ახალი სამუშაოს საძებნად გავემართე. ჩემი ძველი მწვრთნელისგან, ჰელისგან, შევიტყვე, რომ სტემფორდის უნივერსიტეტში გიმნასტიკის მწვრთნელის ვაკანსია გამოჩნდა. ამავე დღეს გავიარე გასაუბრება და ლინდას მშობლებთან წავედი, ახალი ამბის შესატყობინებლად. როცა მივედი, მათ მითხრეს, რომ  სტენფორდის უნივერსიტეტიდან სპორტის ათლეტური სახეობების დირექტორმა დამირეკა და მწვრთნელის ადგილი შემომთავაზა სექტემბრიდან. მე დავთანხმდი; ასე მარტივად და სწრაფად ვიპოვე კარიერა ჩემთვის.   

აგვისტოს ბოლოს ჩვენი საყვარელი ქალიშვილი - ჰოლი დაიბადა.  ჩვენი ყველა ნივთი მენლოს პარკის რაიონში გადავიტანე, ახალ, კომფორტულ ბინაში. ლინდა და ბავშვი ორი კვირის შემდეგ ჩამოფრინდნენ. რაღაც პერიოდი ცხოვრებით ვტკბებოდით, მაგრამ მალე თავით გადავეშვი ახალ სამუშაოში. სტემფორდისთვის გიმნასტიკის პროგრამაზე ვმუშაობდი. ყოველ დილით მრავალმილიან გარბენს ვასრულებდი გოლფის მოედნებზე და ხანდახან ლაგუნიტის ტბის ნაპირთანაც ჩამოვჯდებოდი ხოლმე. და კვლავაც, ჩემი ყურადღება და ძალები მრავალი მიმართულებით მოძრაობდნენ, მაგრამ არა ლინდას მიმართულებით.   

ასე შეუმჩნევლდ გავიდა ერთი წელი. ყველაფერი ისე შესანიშნავად იყო, რომ ვერ ვახერხებდი რაღაც ადრეული დანაკარგის შეგრძნების წყაროს გაცნობიერებას. ჩემი და სოკრატეს ერთად ყოფნის ნათელი და მკაფიო სურათები - მთებზე სირბილი, უჩვეულო ვარჯიშები ღამით, მრავალსაათიანი საუბრები - ყველაფერი ეს თანდათან ფერსა და სიმკვეთრეს კარგავდა ჩემს მეხსიერებაში.  

ცოტა მოგვიანებით, ჩვენი ქორწინების წლისთავის შემდეგ, ლინდამ მითხრა, რომ უნდოდა მიემართა კონსულტანტისთვის ქორწინების საკითხში. ჩემთვის ეს ნამდვილი შოკი გახდა, და ეს სწორედ მაშნ მოხდა, როცა ვიგრძენი, რომ ჩემთვის მოდუნების და ოჯახთან მეტი დროის გატარების ჟამი დადგა.

კონსულტანტი მართლაც დაგვეხმარა, და მაინც, რაღაც სიცივემ გაირბინა მე და ლინდას შორის..., ან იქნებ ეს სიცივე მიმალულად არსებობდა ჩვენი ქორწინების პირველი ღამიდან მოყოლებული. ის უფრო თავდაჭერილი და ჩაკეტილი ხდებოდა. მე ყოველდღე ლიმონივით გამოწურული ვბრუნდებოდი სამუშაოდან. თითქმის არ მრჩებოდა ძალები არც ლინდასთვის და არც ჰოლისთვის.  

სტენფორდში მუშაობის მესამე წელს განცხადება შევიტანე საუნივერსიტეტო ქალაქში დასახლების თხოვნით იმისთვის, რომ ლინდას მეტად შეძლებოდა ხალხთან ურთიერთობა. მალე ცხადი გახდა, რომ ამ მეთოდმა ძალიან კარგად იმუშავა, განსაკუთრებით სასიყვარულო ინტრიგებთან მიმართებაში. მან თავისი სოციალური წრის ფორმირება მოახდინა, მე კი განვთავისუფლდი ტვირთისგან, რომლის ტარებაც არ შემეძლო, ან არ მინდოდა. მე და ლინდა გაზაფხულზე დავშორდით, სტენფორდშ ყოფნიდან მესამე წელს. უფრო მეტი ყურადღება დავუთმე სამუშაოს და კვლავ დავიწყე ჩემი შინაგანი ძიებანი: დილაობით ძენის ჯგუფის ვარჯიშებზე ვიჯექი ჩვენს სპორტულ დარბაზში, საღამოობით კი აიკიდოს ვსწავლობდი. უფრო და უფრო მეტს ვკითხულობდი და იმედი მქონდა, რომ რაიმე გასაღებს ან მინიშნებას მოვძებნიდი ჩემს დაუმთავრებელ საქმესთან დაკავშირებით.   

როცა სტაბილური თანამდებობა შემომთავაზეს თავისუფალი სტილის ხელოვნებებზე ობერლინის კოლეჯში, ოჰაიოს შტატში, მომეჩვენა, რომ მეორე შანსი გვეძლეოდა. იქ უფრო მეტი გულმოდგინებით შევუდექი ბედნიერების ძიებას. გაძლიერებულად დავიწყე გიმნასტიკის სწავლება და ორი კურსი შევიმუშავე:  «ფსიქო-ფიზიკური განვითარება» და «მშვიდობიანი მეომრის გზა», სადაც გამოხატულება ჰპოვა ზოგიერთმა ილეთმა და უნარ-ჩვევამ, რომლებიც სოკრატესგან ვისწავლე. პირველი წლის ბოლოსთვის სპეციალური გრანტიც მივიღე კოლეჯისგან: მემოგზაურა და ჩამეტარებინა კვლევები ჩემს მიერ არჩეულ სფეროში. 

ჩვენი ოჯახური ცხოვრების ყველა პერიპეტიის შემდეგ მე და ლინდა დავშორდით. დავტოვე ლინდა და პატარა ჰოლი და გავემგზავრე უკანასკნელ, როგორც მაშინ ვიმედოვნებდი ძიებებისთვის.

მრავალი ადგილი მოვინახულე მთელს მსოფლიოში – ჰავაი, იაპონია, ოკინავა, ინდოეთი და მრავალი სხვა ადგილი, სადაც ბევრი ექსტრაორდინალური მასწავლებელი, იოგას, საბრძოლო ხელოვნების და ჯადოქრობის სკოლა გავიცანი. დიდი გამოცდილება მივიღე, მეტი ცოდნა შევიძინე, მოკლედ ყველაფერი გარდა ხანგრძლივი სიმშვიდის გრძნობისა.  

ჩემი მოგზაურობის დასასრულთან ერთად იზრდებოდა ჩემი სასოწარკვეთილება, გამოწვეული უმოწყალო კითხვებით: «რა არის გასხივოსნება? როდის მივაღწევ სიმშვიდეს?» სოკრატე მეუბნებოდა ამის შესახებ, მაგრამ იმ დროს არ შემეძლო მისი სიტყვების აზრის გაგება.

როცა ჩემი მოგზაურობის უკანასკნელ პუნქტში ჩავაღწიე, მცირე ადგილ კასკასში, პორტუგალიის სანაპიროზე, ამ კითხვებმა ღრმად და განუწყვეტლივ დაიპყრეს ჩემი გონება.  

დილით ცარიელ სანაპიროზე გამეღვიძა, სადაც ორი დღის წინ კარავი გავშალე. ჩემი მზერა წყალმა მიიპყრო. მოქცევამ ჩემი ციხე-სიმაგრეს ნარჩენები შთანთქა, რომელიც დიდი გულმოდგინებით აღვმართე ჯოხებისგან და ქვიშისგან.  

რაღაც მიზეზით ამან ჩემი სიკვდილი გამახსენა, და ის, რისი თქმაც სოკრატეს უნდოდა. მისი სიტყვები და ჟესტები ნაგლეჯებად ამოტივტივდნენ მეხსიერებაში, როგორც ჩემი ციხე-სიმაგრრის ნარჩენები ქვიშაზე. «იფიქრე წლებზე, რომლებიც გარბიან, დენი. ერთხელ აღმოაჩენ, რომ სიკვდილი სულაც არაა ის, რასაც ელოდი; მაგრამ იმ მომენტში თავად სიცოცხლე შეიცვლის თავის მნიშვნელობას. ორივე ეს მოვლენა შეიძლება საოცარი იყოს, ცვლილებებით სავსე; სხვაგვარად, თუ არ გაიღვიძებ, ისინი შესაძლოა სასტიკ იმედგაცრუებად გექცნენ».

მისი სიცილი მთელი ძალით გაჟღერდა ჩემს მეხსიერებაში. მაშინ გამახსენდა ერთი ეპიზოდი, რომელიც სადგურზე მოხდა. მე ნახევრადმძინარე ვმოქმედებდი; სოკრატემ მოულოდნელად ხელი მტაცა და შემანჯღრია. «გაიღვიძე! ვთქვათ იცი, რომ განუკურნებელი სენით ხარ ავად და ცოტა დაგრჩა სიცოცხლე, დაკარგავდი ცხოვრების რომელიმე ძვირფას მომენტს? გეუბნები დენ, შენ მართლა უკურნებელი სენით ხარ ავად შენს ავადმყოფობას დაბადება ჰქვია. რამდენიმე სწრაფადმავალი წლის მეტი არ დაგრჩა. არავის არ დარჩა! ასე რომ იყავი ბედნიერი ახლა, უმიზეზოდ... ან საერთოდ არასდროს არ იქნები ბედნიერი».

მე რაღაც საჩქაროს მზარდმა გრძნობამ შემიპყრო, მაგრამ გასაქცევი არსად იყო. ამიტომ სანაპიროზე დავრჩი, ქვიშის მწმენდავის მსგავსად, რომელიც არ წყვეტდა კითხვების დასმას: «ვინ ვარ მე? რა არის გასხივოსნება?»

ოდესღაც ადრე, სოკრატემ მითხრა, რომ მეომრისთვისაც კი არ არსებობს სიკვდილზე გამარჯვება; არსებობს მხოლოდ იმის გაცნობიერება, თუ ვინ ვართ სინამდვილეში.  

მზეზე ვიწექი და ვიხსენებდი, როგორ ვაცილებდი ხახვის უკანასკნელ შრეს სოკრატეს ოფისში, იმისთვის, რომ გამეგო - «ვინ ვიყავი». გამახსენდა სელენჯერის რომანის ერთი გმირი, რომელიც იმის დანახვაზე, თუ როგორ სვამს ვიღაც რძეს, ამბობს:  «თითქოს ღმერთი ერწყმის ღმერთს, თუ გესმით რასაც ვამბობ».

ლაო-ძის სიზმარი გამახსენდა:

ლაო-ძის ეძინა და ხედავდა სიზმარს იმის შესახებ, თუ როგორ იქცა პეპელად. გაღვიძებისას კითხვა დაუსვა საკუთარ თავს: «ის ადამიანი ვარ, ვისაც ეძინა და პეპელა ესიზმრა, თუ მე ვარ სწორედ ის პეპელა, რომელსაც ჩაეძინა და ხედავს, როგორ იქცა ადამიანად».

ნაპირზე ვსეირნობდი და საბავშვო ლექსს ვღიღინებდი:

«იცურე ჩემო ნავო, ქვემოთ, დინებისკენ,

ცხოვრება მხოლოდ მსგავსებაა სიზმრებისა».

ერთხელ, სეირნობის შემდეგ, ჩემს კარავთან დავბრუნდი და ზურგჩანთიდან წიგნი ამოვიღე, რომელიც ინდოეთში მქონდა ნაყიდი. ეს იყო სულიერი ლეგენდების და ზღაპრების უხეში ინგლისური თარგმანი. ფურცლებს ვშლიდი და გადავაწყდი ისტორიას გასხივოსნებაზე:  

«მილარეპა ყველგან გასხივოსნებას ეძებდა, მაგრამ ვერ პოულობდა პასუხს... სანამ ერთხელ არ შეხვდა მოხუცს, რომელიც მთის ბილიკზე ნელა მიაბიჯებდა, ზურგზე მძიმე ტვირთით. უეცრად მილარეპამ იგრძNო, რომ ამ ადამიანმა იცოდა პასუხი, რომელსაც ის ასე შეუპოვრად ეძებდა მრავალი წლის განმავლობაში.  

«მოხუცო, გთხოვ, მითხარი: რა არის გასხივოსნება?» (enlightenment – გასხივოსნება, შემსუბუქება)

მოხუცმა გაიღიმა, ტვირთი მიწაზე დააგდო და გასწორდა.  

«დიახ! მე გავიგე!» – დაიყვირა მილარეპამ, – «გმადლობ, მოხუცო. მაგრამ ჰქმენ სიკეთე, მიპასუხე კიდევ ერთ კითხვაზე. რა ხდება გასხივოსნების შემდეგ?»

მოხუცმა ისევ გაიღიმა, კვლავ მოიკიდა თავისი ტომარა ბეჭებზე, შეისწორა და გზა განაგრძო».

იმ ღამით სიზმარი მესიზმრა:

სიბნელეში ვიდექი, დიდი მთის ძირას, და ყოველი ქვის ქვეშ ძვირფას ალმასს ვეძებდი. ბნელოდა და ვერ ვპოულობდი ჩემს ძვირფასეულობას.  

შემდეგ მთის მბრწყინავ მწვერვალს შევხედე. თუ მეწერა ალმასის პოვნა, ეს მხოლოდ მწვერვალზე მოხდებოდა. დამქანცველი გზა განვვლე რომელიც მრავალი წელი გაიწელა. როგორც იქნა მივაღწიე მოგზაურობის მიზანს. ვიდექი და კაშკაშა სინათლეში ვცურავდი. 

ახლა ჩემს ხედვას აღარაფერი უშლიდა ხელს, მაგრამ ალმასი მაინც არსად ჩანდა.  ჩემს ქვეშ დაბლობს გადმოვხედე, საიდანაც აღმასვლა დავიწყე მრავალი წლის წინ. მხოლოდ მაშინ გავაცნობიერე, რომ ალმასი ყოველთვის ჩემთან იყო, ქვემოთაც კი, და მისი შუქი ყოველთვის ბრწყინავდა. მაგრამ ჩემი თვალები იყო დახუჭული.   

ღამით გამეღვიძა, ნათელი მთვარის ქვეშ. ჰაერი თბილი იყო, გარესამყარო კი მდუმარე. ისმოდა მხოლოდ ტალღების რბილი და რითმული ხმები. სოკის ხმა მომესმა, თუმცა ვიცოდი, რომ ეს მხოლოდ მოგონება იყო: «გასხივოსნება, დენ, ეს მონაპოვარი არაა; ეს გაცნობიერებაა. და როცა გაიღვიძებ, ყველაფერი შეიცვლება და არაფერი არ შეიცვლება. თუ ბრმა მიხვდება, რომ ხედვა შეუძლია, ამით სამყარო შეიცვლება?»

ვიჯექი და წყალზე არეკლილ ვერცხლისფერ მთვარის შუქს ვუმზერდი.  «რას ამბობდა მთებზე, მდინარეებზე და ძიებებზე?» «აა, ჰო», – გამახსენდა მე:

«თავიდან მთები – ეს მთებია, მდინარეები კი მდინარეებია.

შემდეგ – მთები აღარაა მთები, და მდინარეები – აღარაა მდინარეები.

საბოლოოდ კი, მთები ხდებიან მთები, მდინარეები კი მდინარეები».

მე ავდექი, ქვემოთ, სანაპიროსკენ დავეშვი, ბნელ ოკეანეში შევვარდი და შორს გავცურე. როცა ხელის მოსმა შევწყვიტე, უეცრად ფეხებქვეშ რაღაც არსება ვიგრძენი, რომელიც ოკეანის სიღრმეებიდან მეპარებოდა. რაღაც ძალიან სწრაფად მიახლოვდებოდა: ეს სიკვდილი იყო.  

გაცოფებულმა გავცურე ნაპირისკენ და აქოშინებული სველ ქვიშაზე დავეგდე. ჩემს ცხვირწინ პატარა კიბორჩხალამ ჩაიარა და მოვარდნილმა ტალღამ სველ ქვიშაში დამარხა იგი.

მე წამოვდექი, ტანი შევიმშრალე და მშრალი ტანსაცმელი ჩავიცვი. მთვარის შუქზე ნივთები მოვკრიფე, ზურგჩანთა მოვიკიდე და საკუთარ თავს ვუთხარი: 

«ჯობია არასოდეს დაიწყო; მაგრამ თუ დაიწყებ დაასრულე!».

ჩემი სახლში დაბრუნების დრო მოვიდა.

როცა რეაქტიული თვითმფრინავი კლივლენდში, ჰოპკინსის აეროპორტზე დაეშვა, მე შევიგრძენი მზარდი შფოთვა ჩემს ქორწინებასთან და მომავალ ცხოვრებასთან დაკავშირებით. ექვს წელზე მეტი გავიდა. ვგრძნობდი, რომ გავიზარდე, მაგრამ ბრძენი ვერ გავხდი. რა შემეძლო მეთქვა ცოლ-შვილისთვის? ვნახავდი სოკრატს კვლავ?.. თუ კი, რითი უნდა მივსულიყავი მასთან?»

აეროპორტში ლინდა და ჰოლი დამხვდნენ. ჰოლიმ ჩემთან მოირბინა და აღტაცებული გადამეხვია. ლინდას ნაზად და თბილად გადავეხვიე, მაგრამ ნამდვილი ვნების გარეშე, თითქოს უბრალოდ ძველი მეგობრები ვიყავით. აშკარა იყო, რომ წლებმა და ცხოვრებისეულმა გამოცდილებამ ჩვენი გზები გაჰყარა.

ლინდამ აეროპორტიდან სახლში წაგვიყვანა. კმაყოფილ ჰოლის ტკბილად ეძინა ჩემს მუხლებზე.  

როგორც გავიგე, ლინდა არ იტანჯებოდა მარტოობით ჩემს არყოფნაში. მან იპოვა მეგობრები... და სიახლოვე. ისე მოხდა, რომ ობერვილში ჩემი დაბრუნების შემდეგ, მალევე, გავიცანი განსაკუთრებული ადამიანი – სტუდენტი, ახალგაზრდა და თავბრუდამხვევი გოგო, სახელად ჯოისი. შეჭრილი შავი თმა სასიამოვნო სახეს და დამაბრმავებელ ღიმილს უმშვენებდა. მაღალი არ იყო, მაგრამ სიცოცხლით იყო სავსე. მაგნიტივით მიზიდავდა. ყოველ თავისუფალ წუთს ერთად ვატარებდით, ვსეირნობდით და ვსაუბრობდით პარკის შემოგარენში. შემეძლო მასთან ისე მელაპარაკა, როგორც ვერასოდეს დაველაპარაკებოდი ლინდას..., არა იმიტომ, რომ ლინდას არ შეეძლო გაგება, არამედ იმიტომ, რომ მისი ინტერესები და გზა სხვა ცხოვრებისეულ სფეროებში იყო.

ჯოისმა უნივერსიტეტი გაზაფხულზე დაასრულა. უნდოდა ჩემს გვერდით დარჩენილიყო, მაგრამ ვალს ვგრძნობდი ჩემი ოჯახის წინაშე, და დაშორება მოგვიწია. ვიცოდი, რომ ვერასოდეს დავივიწყებდი მას, მაგრამ ოჯახი პირველ ადგილზე უნდა დარჩენილიყო.

მომდევნო ზამთარში ლინდა, ჰოლი და მე კვლავ ჩრდილოეთ კალიფორნიაშ გადავედით. ალბათ ჩემი შეპყრობილობა სამსახურით და საკუთარი თავით უკანასკნელი დარტყმა გახდა ჩვენი ქორწინებისთვის. თუმცა სხვა ვერანაირი ნიშანი ვერ იქნებოდა უფრო სევდიანი, ვიდრე ის ეჭვები და მელანქოლია, რაც პირველ საქორწინო ღამეს განვიცადე...  – ის ავადმყოფური ეჭვები, გრძნობა, რომ უნდა მახსოვდეს რაღაც, რაც მრავალი წლის წინ დავტოვე. მხოლოდ ჯოისთან ვიყავი თავისუფალი ამ გრძნობებისგან. 

განქორწინების შემდეგ, ლინდა და ჰოლი ლამაზ ძველებურ სახლში გადავიდნენ, მე კი თავით გადავეშვი სამუშაოში. ბერკლის უნივერსიტეტში გიმნასტიკას და აიკიდოს ვასწავლიდი.  

სიკვდილამდე მინდოდა ბენზინ-გასამართი სადგურის მონახულება, მაგრამ არ შემეძლო ამის გაკეთება, სანამ არ დამიძახებდნენ. თანაც როგორ უნდა დავბრუნებულიყავი? არაფერი მქონდა სათქმელი ამდენი წლის შემდეგ».

პალო ალტოში გადავედი და განმარტოებით ცხოვრება დავიწყე. ხშირად ვფიქრობდი ჯოისზე, მაგრამ ვიცოდი რომ არ მქონდა მასთან დარეკვის უფლება. ჯერ კიდევ დარჩენილი მქონდა დაუმთავრებელი საქმე.

ჩემი მომზადება განვაახლე. ვვარჯიშობდი, ვკითხულობდი, ვმედიტირებდი, და საშალებას ვაძლევდი კითხვებს უფრო და უფრო ღრმად შემოსულიყვნენ ჩემში, მახვილის მსგავსად. რამდენიმე თვეში კვლავ მოვიპოვე კეთილდღეობის ის შეგრძნება, რომელიც ამდენი წელი აღარ განმიცდია. იმ დროს დავიწყე სოკრატესთან გატარებულ დროზე მოგონებების ჩაწერა. იმედი მქონდა, რომ ეს საიდუმლოს გასაღების პოვნაშ დამეხმარებოდა. რეალურად არაფერი შეცვლილა..., ყოველ შემთხვევაში ჩემთვის შესამჩნევი..., მას შემდეგ, რაც მან გამომიშვა.   

ერთხელ, დილით, ჩემი პატარა სახლის ზღურბლთან ვიჯექი. ფიქრებით ცხოვრების ბოლო რვა წელს დავუბრუნდი. დავიწყე სულელად ყოფნით და თითქმის მეომარი გავხდი. შემდეგ სოკრატემ სამყაროში გამომიშვა, რომ მესწავლა, მე კი კვლავ სულელი გავხდი.

მეჩვენებოდა, რომ მთელი ეს რვა წელი უაზროდ დავკარგე. ასე ვიჯექი და შორეულ მთებს ვუცქერდი. უცებ ჩემი ყურადღება გამახვილდა და მცირე ნათება შევამჩნიე მთების ირგვლივ. ამ წამს ვიცოდი, რა უნდა გამეკეთებინა. 

გავყიდე ჩემი მცირე ქონება და სამხრეთში, ფრესნოსკენ გავწიე. შემდეგ აღმოსავლეთისკენ შევუხვიე სიერა-ნევადას მთებისკენ. ზაფხულის ბოლო იყო – ყველაზე შესაფერისი დრო მთებში მოგზაურობისთვის.

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff