ფრანც ბარდონი - კითხვები და პასუხები

ფრანც ბარდონი
0
0

თავი პირველი

თავი პირველი
 
კითხვები და კომენტარები მენტალური სფეროს შესახებ.
  
1. რა არის განზრახვა? იგივე ნების ძალა?
  
განზრახვა, სამშვინველის ფუნდამენტური ატრიბუტია. ეს არის უნივერსალური ცეცხლის ელემენტის ასპექტი. როგორც ხარისხი, განზრახვა გამოიხატება მხოლოდ სურვილის შინაარსში ან მიზანში, რომელსაც ვისახავთ. ადამიანთა უმეტესი ნაწილი, უბრალოდ ცდილობს რაღაცის მიღწევას, მაგრამ ამავდროულად ისინი არასწორად იყენებენ განზრახვის ძალას, რაც შედეგის სახით სურვილის მანიფესტაციას ვერ იწვევს. სწორედ ამიტომ, ჩვენ ყოველთვის განვაგრძობთ ოცნებას საკუთარ თავში. 
  
2. რა არის რწმენა?
   
რწმენა ხარისხია. ზოგადად, რწმენის საფუძველი ყოველთვის განსაკუთრებულია, მაგალითად, ღმერთის არსებობის რწმენა ან სხვა რამ. მანიფესტირებული რწმენის ხარისხი უძლიერესი ძალაა, ეს ჰგავს აბსოლიტურად ურყევ რწმენას, რომელიც დადებით ასპექტში რეალობად იქცევა. რწმენა, როგორც ძალა, შემავსებელი ფაქტორია; ეს არის ერთგვარი ორგანო, რომელიც საკუთარ თავში განზრახვის იმპულსურ ნაწილს ატარებს. მანიფესტირებული რწმენა, აკაშას პრინციპის უმაღლეს ასპექტად ითვლება. 
  
3. განმარტეთ ინტელექტისა და ინტელექტუალობის ასპექტები. ასევე, მეხსიერება და გამჭრიახობა. რა არის ამოცნობისა და დიფერენცირების უნარი? 
  
ინტელექტი და ინტელექტუალობა, მარადიული სულის ფუნდამენტური ასპექტებია. ეს არის უნივერსალური ჰაერის ელემენტის ასპექტი მენტალურ სფეროში. ინტელექტუალური ხარისხის გაზომვა შესაძლებელია, რადგან, იგი რაოდენობრივია. ინტელექტის მეშვეობით ჩვენ ვგებულობთ, ვანსხვავებთ, განვსჯით და ვიმახსოვრებთ ყველაფერს, რისი გაგებაც შეგვიძლია. 
  ინტელექტის ხარისხი, ანუ ინტელექტუალობა, ერთგვარი შინაარსობრივი ნივთიერებაა, რომელზეც ინტელექტი მუშაობს. მას ფიზიკური ცენტრიც გააჩნია; იგი გულ-მკერდის არეში მდებარეობს, რომელიც ასევე ჰაერის ელემენტის მდებარეობად არის მიჩნეული ადამიანის ორგანიზმში. ინდური ფილოსოფიის მიხედვით, ინტელექტის ადგილი, განზრახვასთან ერთად, თავში მდებარეობს; კერძოდ, ასტრალური სხეულის, წარბებს შორის სივრცეში. მეხსიერება ინტელექტის ასპექტია, იგი საკუთარ ხარისხს (აზრები, მოვლენები, შთაბეჭდილებები და ა.შ.) მენტალურ სფეროში არსებული რეზერვიდან იღებს. 
  
4. რა არის შეგრძნება, სიცოცხლე და სიყვარული? 
  
შეგრძნება, სიცოცხლე და სიყვარული, უნივერსალური წყლის პრინციპის ასპექტებია. რა თქმა უნდა, სამივე მათგანი ასევე მარადიული სულის ფუნდამენტური ატრიბუტია მენტალურ სფეროში. შეგრძნება არის თვისება, რომელიც საკუთარ თავს სხვადასხვა სახით, სიამოვნებით, უსიამოვნებით, სიმახინჯით, სილამაზით და მსგავსი ემოციური გამომხატველობით ავლენს. მაგალითად, არსებობს ნორმალური გრძნობების ერთობლიობა, რომელიც გაკონტროლებადია განზრახვის მეშვეობით; ეს შეიძლება იყის ძლიერი ვნება ან რაიმე სხვა. უკონტროლო შემთხვევაში იგივე შეგრძნებები გადაიქცევა ძალიან სუსტ ვიბრაციებად, ასევე ბუნდოვან შეგრძნებებად და შემაფერხებელ ფაქტორად. შეგრძნება საკუთარ თავს ავლენს არსებობის ყველა სფეროზე, გააჩნია შეგრძნების შინაარსისა და სიმძლავრის ეფექტს. 
   
სიცოცხლე არის ელემენტების მუშაობის შედეგი ტეტრაპოლარულ მაგნიტში, რომელიც ყველა სფეროში მოქმედებს. ადამიანის თვისობრივ ცხოვრებას და მის ხასიათს ელემენტების პოლარიზებული გამოსხივება ასახავს. მატერიალურ სფეროში სიცოცხლე გამოიხატება დროსა და სივრცეში; ასტრალურ სფეროში სიცოცხლე გამოიხატება მხოლოდ სივრცეში, რადგან იქ დრო აღარ არსებობს, ხოლო მენტალურ სფეროში სიცოცხლე მარადიულად გამოიხატება, რადგან იქ არც დრო არსებობს და არც სივრცე. სიცოცხლე არის ნებისმიერი სახის საქმიანობა ან მოძრაობა, რომლის აღწერაც შესაძლებელია. 
  
სიყვარული უნივერსალური კანონია. მის მიერ შექმნილი არსებების გასაცნობიერებლად, ღმერთმა უმაღლესი სიყვარულის დონეზე გაჰყო საკუთარი არსება და თავად სიყვარულიც, დადებით და უარყოფით პოლუსად. ეს ნიშნავს, რომ სამყაროში ყველაფერს გააჩნია აქტიური და პასიური, დადებითი და უარყოფითი საწყისი, რომლის მეშვეობითაც სამყაროში აბსოლიტური და უცვლელი კანონები გაჩნდა. 
  
სიყვარული რაოდენობრივია, რადგან მისი გაზომვა შესაძლებელია. სიყვარულის მეშვეობით, ჩვენ პოზიტიურ დამოკიდებულებას ვასხივებთ ყველაფრის მიმართ, რაც მოგვწონს და გვიყვარს. ჭეშმარიტი სიყვარული განზრახვის მეშვეობით უნდა კონტროლდებოდეს. უკონტროლო ვნებები ხშირად წარმოიშვება უკონტროლო სიყვარულიდან, რომელსაც ვნებიან და ცეცხლოვან სიყვარულს ეძახიან. არანორმალურ და უკონტროლო სიყვარულს შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ცხოველების, შვილების, მშობლების და მეუღლეების მიმართაც. შესაძლებელია ღმერთისადმი უკონტროლო სიყვარულიც, რაც უამრავ მისტიკოსს შორის ხდება კიდეც. 
  
განზრახვის მიერ გაკონტროლებული სიყვარული გვიცავს გადატვირთვისგან და ზედმეტი სიმძიმეებისგან. ჩვენ სიყვარულს გამოვხატავთ იმ ფორმითა და შესაძლებლობით, რისი ძალაც გაგვაჩნია, და იმისდა მიხედვით, რასაც პარტნიორი იმსახურებს. აშკარაა, რომ ჩვენ ყველაზე მეტად შემოქმედი ღმერთი გვიყვარს; ის, რომელმაც შეგვქმნა. ეს არის უმაღლესი, უწმინდესი და უძლიერესი სიყვარული, არსებულ სიყვარულთა შორის. 
   
სიყვარულის, როგორც ატრიბუტის თვისება, გამოიხატება მასში არსებული ვიბრაციებით, პოლარობით და სახესხვაობით.
   
5. რა არის თვითგადარჩენის ინსტიქტი?
   
თვითგადარჩენის ინსტიქტი არის აკაშას პრინციპის უმდაბლესი ასპექტი. იგი არსებობს ყველა სფეროში და დამოკიდებულია გარემოებებსა და მიზეზებზე. რაც უფრო დიდია თვითგადარჩენის ინსტიქტის ძალა, მით მეტი საფრთხე ემუქრება ადამიანის სიცოცხლეს, რადგან იგი ხშირ შემთხვევაში ფატალური დაავადებების, სერიოზული ავარიების და სისხლისმღვრელი ომების მიზეზადაც შეიძლება იქცეს. 
   
თვითგადარჩენის ინსტიქტი ემსახურება მიზანს, რომ ადამიანმა რაც შეიძლება დიდხანს იცოცხლოს მატერიალურ სამყაროში. ჩვენ შეგვიძლია მისი ორ ნაწილად დაყოფა, როცა ამ ინსტიქტს ადამიანი კეთილშობილური მიზნებისთვის იყენებს და როცა სხვა ადამიანი ამას ეგოისტური მიზნებისთვის იყენებს. 
  
6. რა არის თვით-ცნობიერება და "მე" ცნობიერება?
  
თვით-ცნობიერება არის მდგომარეობა, როდესაც ჩვენ ვაცნობიერებთ, თუ ვინ ვართ. თვით-ცნობიერება ნიშნავს, რომ ადამიანი მენტალურ სფეროში საკუთარი თავის იდენტიფიცირებას ახდენს უმაღლეს ღვთაებრივ იდეასთან; ეს არის ჩვენში არსებული მარადიული და უკვდავი სულის გაცნობიერება. 
   
"მე" ცნობიერება არის სამშვინველის ფუნდამენტური ატრიბუტი მენტალურ სფეროში და ამავდროულად ის არის უნივერსალური მიწის ელემენტის ასპექტი. ეს ერთგვარი სარკეა, რომელიც ჩვენს აქტიურ მოღვაწეობას ასახავს. "მე" ცნობიერების თვისობრივი ნაწილი მენტალურ სფეროში გვეჩვენება, როგორც რაღაც ძალიან აქტიური. იგი საკუთარ თავში შეიცავს ყველა ფუნდამენტურ ატრიბუტს: სამშვინველს, ცეცხლს, ჰაერს და წყალს, ანუ განზრახვას, ინტელექტს, შეგრძნებებს - სიცოცხლესა და სიყვარულს. იგი ეფექტურია მთელს სხეულში, რადგან ენერგიას წარმოადგენს; მას გარკვეული წილი უკავია ცნობიერებაში და მისი ხარისხი სისხლშიც ვლინდება. ცერებრუმის (ტვინის უდიდესი და ყველაზე განვითარებული ნაწილი) ცნობიერების ცენტრი მდებარეობს მენტალური სფეროს მენტალურ სხეულში.
  
7. რა არის ქვეცნობიერი? 
  
ქვეცნობიერი არის ყველა ჩვენი უარყოფითი ატრიბუტის სარკე, რომელიც მდებარეობს ასტრალურ სხეულში. უკონტროლო ქვეცნობიერი ჩვენი მტერია. იგი განსაკუთრებით აქტიურდება ღამით, სივრცეში და დროის გარეშე, როდესაც სხეული და ნორმალური ცნობიერება ისვენებს. ჩვენ შეგვიძლია გავაკონტროლოთ ქვეცნობიერი ავტოსუგესტიის გზით, ანუ ჩაძინებამდე ქვეცნობიერისთვის ბრძანებით, რომ რაღაც კარგი გააკეთოს ჩვენთვის, სანამ ძილის პროცესში ვიქნებით. მაგალითად, ჩაძინებამდე დააფიქსირეთ აფირმაცია აწმყო დროში: "მე მშვიდად ვარ", "მე ბედნიერი ვარ", "მე ჯანმრთელი ვარ" და ასე შემდეგ. ქვეცნობიერი ჩვენი იდეების საწყობია, სადაც ხარისხობრივი კომპონენტები არსებობს. მისი თვისებაა უარყოფითი ეფექტისა და დაძაბულობის გაძლიერება ნორმალურ ცნობიერებაში. 
 
8. ისაუბრეთ ელემენტებზე, რომლებიც დროსა და სივრცის მიღმა არსებობს, და მათ ეფექტზე.
  
ხუთ ელემენტს შორის, ყოველთვის ვანსხვავებთ ოთხ ძირითად ელემენტს, რომელიც წარმოქმნილია უმაღლესი, უძლიერესი, ყველაზე შეუცნობელი და განუსაზღვრელი ელემენტის მიერ, რომელსაც აკაშას ღვთაებრივი პრინციპი ეწოდება. დანარჩენი ოთხი უნივერსალური ელემენტია: ცეცხლი, ჰაერი, წყალი და მიწა. ყოველ მათგანს გააჩნია ორი პოლუსი, დადებითი და უარყოფითი ან აქტიური და პასიური პოლუსები. 
  
ელემენტების ატრიბუტები და შესაძლებლობები ჩვენთვის ინდივიდუალურად შეცნობადია ტეტრაპოლარული მაგნიტის მეშვეობით.  ცეცხლი, ჰაერი, წყალი და მიწა უნივერსალურ ელემენტებს წარმოადგენენ მენტალურ სფეროში, სადაც ისინი დროსა და სივრცის გარეშე მოქმედებენ. აკაშას პრინციპი, ანუ მარადიული ეთერი, ყველა სფეროში მოქმედებს დროსა და სივრცის გარეშე. აკაშა საკუთარ თავში ყველაფერს შეიცავს რაც კი არსებობს, ანუ, ტეტრაპულარულ მაგნიტსაც და ელექტრომაგნიტურ ფლუიდსაც, რომელიც უნივერსალური კანონია მიკრო და მაკროკოსმოსში. პირველადი იდეები ან პირველადი ელემენტები, წარმოადგენენ პირველყოფილ თვისებებს, რომლებიც შესაბამისი განზრახვის ძალიდან გამომდინარე, რაოდენობრივ ხარისხს შეიცავს. აკაშა ერთდროულად არის ხარისხიც და რაოდენობრივი თვისებაც. 
  
9. რა არის მენტალური ასკეტიზმი? 
  
მენტალური ასკეტიზმი ნიშნავს დისციპლინას, წესრიგსა და სიწმინდეს; ესაა ყოველი აზრის და ხატ-სახის კონტროლი, იმ შთაბეჭდილებების ფილტრაცია, რომლებიც ჩვენს ცნობიერებაში მიზეზ-შედეგობრივი სამყაროდან, მენტალური მატრიცის მეშვეობით აღწევენ. მენტალური ასკეტიზმის მისაღწევად, ჩვენ ვიყენებთ განზრახვას. 
  
10. რა არის ფიქრი/აზროვნება? 
   
აზროვნება ერთდროულად არის ხარისხიც და რაოდენობრივი თვისებაც. იგი ორ ნაწილად იყოფა: ჩვენი ნორმალური ცნობიერების აზროვნება, რომელიც აქტიური ნაწილია, და ჩვენი ქვეცნობიერის აზროვნება, რომელიც პასიური ნაწილია. ორივე მათგანი, ცნობიერიცა და ქვეცნობიერიც, საკუთარ თავში შეიცავს აზროვნების თვისებას. აზროვნების რაოდენობრივი თვისება იზრდება ან მცირდება შესაბამისი ძალისხმევებით. 
  
11. რა არის ცოდნა და რა არის სიბრძნე?
   
ცოდნა ჰაერის ელემენტის აქტიური ატრიბუტია, რომელიც დამოკიდებულია ინტელექტზე, მეხსიერებაზე, მენტალურ მოქნილობაზე, მიმღებლობაზე, ნიჭზე, სიმწიფესა და გამჭრიახობაზე. არ აქვს მნიშვნელობა, ცოდნას ვღებულობთ თეორიული თუ პრაქტიკული გამოცდილებით. 
  
სიბრძნე ასევე წარმოადგენს უნივერსალური ჰაერის ელემენტის ატრიბუტს, მაგრამ არ არის დამოკიდებული ინტელექტზე, მეხსიერებაზე, მენტალურ მოქნილობაზე და ასე შემდეგ. თუმცა, ცოდნა და სიბრძნე გარკვეული ხარისხით ერთმანეთის იდენტურია. 
   
სიბრძნის წყარო ღმერთშია, ანუ მიზეზთა პრინციპში - აკაშას ყველა სფეროში. სიბრძნე დამოკიდებულია სიმწიფის, სრულყოფილების, სიწმინდისა და ინდივიდის კეთილშობილური აზროვნების ხარისხზე. ჩვენ სიბრძნეს ვღებულობთ შთაგონებისა და ინტუიციის მეშვეობით.  ჩვენი სიბრძნის ხარისხი, ყოველთვის ჩვენი განვითარების დონეზე მიუთითებს. ცოდნაც და სიბრძნეც ძირითადად მიმართულია მაკრო და მიკროკოსმოსის კანონების გაგებისა და აღიარებისკენ. სიბრძნე და ცოდნა შეიძლება გაიზომოს, ამიტომ, იგი რაოდენობრივია. მათი ხარისხი გამოიხატება შედეგებში.
   
12. რა არის მანიფესტირებული რწმენის მდგომარეობა? 
 
მანიფესტირებული რწმენის მდგომარეობა არის აბსოლიტური დარწმუნებულობა, რომელიც რეალობად იქცევა. ესაა მანიფესტაცია, რომელსაც ჩვენ ვქმნით განზრახვისა და წარმოსახვის დახმარებით. 
   
განზრახვა ელექტრულია, მას გააჩნია საპირისპირო პროკრეატიული პოლუსი, ანუ მანიფესტირებული რწმენა, რომელსაც მთების გადადგმა შეუძლია. 
   
ამ ორი პრინციპის, ანუ ელექტრული და მაგნიტური ფლუიდების მეშვეობით შეიქმნა სამყაროში ყველაფერი. თუ ჩვენ გვსურს, რომ განვავითაროთ საკუთარ თავში შემოქმედებითი პოტენციალი, განზრახვა, წარმოსახვა და  მანიფესტირებული რწმენა, საჭიროა მოვახდინოთ საკუთარი არსების აკაშას პრინციპთან იდენტიფიცირება, რომელიც ჩვენში მარადიული სულის სახით არსებობს. 
   
მანიფესტირებული რწმენის დონე შესაძლოა შეფასდეს პიროვნების განვითარებისა და სულიერი სიმწიფის ხარისხის შესაბამისად. მაგალითად: სახარებაში მანიფესტირებული რწმენის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია ავადმყოფი ქალის რწმენა, რომელიც აბსოლიტური დარწმუნებულობით, ჩუმად შეეხო ქრისტეს კვართს, რადგან სწამდა რომ მომენტალურად განიკურნებოდა. სახარებაში ვკითხულობთ, რომ ქალი წამიერად განიკურნა. ქრისტე შეჩერდა და იკითხა, თუ ვინ შეეხო მის კალთას, რადგან მისივე სიტყვებით, მან იგრძნო რომ მისგან ძალა გავიდა. აწ უკვე გამოჯანმრთელებული ქალის აღიარების შემდეგ, ქრისტეს პასუხში უდიდესი საიდუმლო გამომჟღავნდა: "შენი რწმენისაებრ მოგეგო შენ", იყო ქრისტეს პასუხი. 
  
13. რა განსხვავებაა შეცნობასა და დარწმუნებულობას შორის? 
   
ჩვენ ცოდნას შეცნობის მეშვეობით ვღებულობთ; ხოლო დარმწუნებულობით (მანიფესტირებული რწმენით) ჩვენ ვიცავთ ამ ცოდნას, რომ ჩვენს მიერ შეცნობილი, კანონიერი და ჭეშმარიტი ფაქტია. ზოგადად, შეცნობა ხარისხია. შინაგანი სიღრმის შეცნობა და აღიარება ყოველი არსებისა და ობიექტის შეცნობის ბირთვს წარმოადგენს. დარწმუნებულობა რწმენის ასპექტია, რომელიც აბსოლიტურ ჭეშმარიტებასთან და კანონიერებასთან არის კავშირში. 
   
როდესაც ჩვენ რაღაცას შევიცნობთ, ვიყენებთ ყველა გარეგან შეგრძნებას, ხოლო საჭიროების შემთხვევაში შინაგან შეგრძნებებსაც ვიყენებთ. შეცნობა ჰაერის ელემენტის ასპექტია. დარწმუნებულობა სათავეს იღებს ჩვენი რწმენისგან, რომელიც პირდაპირ აისახება აკაშას პრინციპში. 
  
14. რა არის ქაოსი და რა არის ჰარმონია? 
  
ქაოსი განსაკუთრებულად უარყოფითი მდგომარეობაა (დისჰარმონია), რომელიც სათავეს იღებს დეგრადაციული მიმართულების მქონე კანონებისგან და იგი ჰარმონიას ეწინააღმდეგება. ჰარმონია არის ყოველივე არსებულის კანონიერი თანხვედრა, რომელიც მთელს სამყაროში მოქმედებს პოზიტიური ან ნეგატიური სახით. ჩვენ ვაკვირდებით, რომ სამყაროში ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია და ისინი აბსოლიტური სიზუსტით მოდიან ერთმანეთთან შესაბამისობაში, ისევე როგორც საათის მექანიზმის ბორბლები. თუკი ჰარმონიაში ქაოსი გაჩნდება, ბუნებრივი და კანონიერი მექანიზმი მწყობრიდან გამოდის. 
   
ქაოსი და ჰარმონია ატრიბუტებს წარმოადგენენ. ორივე მათგანი, ყოველთვის არის აწმყოს თვისება. მათი გავლენა ქაოსის შემთხვევაში დამოკიდებულია უთანხმოების ძალაზე, ხოლო ჰარმონიის შემთხვევაში დამოკიდებულია ღვთაებრივ ძალაზე, ანუ აკაშას პრინციპზე.
  
15. რა არის ლარვა, ელემენტალი და ელემენტარი? 
  
ლარვა შეიძლება იყოს მენტალური ან ასტრალური არსება, მაგრამ ძირითადად იგი ასტრალური არსებაა,  რომელიც იქმნება ერთი და იგივე ფიქრის ინტენსიური გამეორებით. ძირითადად იგი უკავშირდება ვნებას, რომელიმე ცუდ ჩვევას ან მსგავს უარყოფით ატრიბუტს. ხშირად, ადამიანი ამ არსებებს გაუცნობიერებლად ქმნის მენტალური ან ასტრალური სუბსტანციისგან, მენტალურ ან ასტრალურ მატრიცაში. 
  
ლარვები ნახევრად-არსებები არიან, რომლებიც მენტალური ან ასტრალური სფეროს ყველაზე დაბალ სიბრტყში ცხოვრობენ. იმისდა მიხედვით, თუ სად ცხოვრობენ ლარვები, შესაძლოა იკვებებოდნენ მენტალური ან ასტრალური  ნივთიერებებით, რომლებსაც იწოვენ კონკრეტული ვნებიდან ან სხვადასხვა ნეგატიური ატრიბუტებიდან,  რომლისგანაც თავად არიან შექმნილნი. მათ გააჩნიათ საკუთარი ფორმა და გარსი, ასევე აქვთ ძლიერი თვითგადარჩენის ინსტიქტი. ჰერმეტისტულ გზაზე, ძლიერ განვითარებული ლარვას თავიდან მოშორება, როგორც წესი, გადასალახად ძალიან რთულ დაბრკოლებას წარმოადგენს. ადამიანი ლარვებს მაშინ ქმნის, როდესაც იგი ვერ აკონტროლებს საკუთარ უარყოფით და ნეგატიურ ატრიბუტებს. ფსიქიკაში ასეთ ადამიანს გარს აკრავს უამრავი ლარვა, რომლებიც გამუდმებით იყენებენ ხელსაყრელ მომენტს ვნების გაღვივებისთვის ან სხვა ნეგატიური ატრიბუტების წარმოსაქმნელად, რომლის მეშვეობითაც, შემდგომ მათ ხარჯზე იკვებებიან. 
  
ელემენტალი არის მენტალურ მატრიცაში, მენტალური სუბსტანციისგან შექმნილი არსება, რომელიც იქმნება მაგის მიერ. იმისდა მიხედვით, თუ რა მიზნით არის შექმნილი ელემენტალი, მაგი ქმნის არსებას კონკრეტული ან რამდენიმე ელემენტისგან, აძლევს მას ფორმას და ანიჭებს შესაბამის ატრიბუტებს მისი ამოცანის შესაბამისად. მაგი ელემენტალს საკუთარი ცნობიერების ნაწილს აძლევს; ასევე, ანიჭებს სახელს და განსაზღვრავს მისი სიცოცხლის ხანგრძლივობას. დავალების მიცემის შემდგომ, მაგი იშორებს არსებას საკუთარი ფიქრებიდან. ვინაიდან ელემენალს ასტრალური გარსის შექმნა არ შეუძლია, იგი ცხოვრობს და მუშაობს მენტალურ სფეროში. მუშაობის ოროცესში, ელემენტალი იკვებება მისი შემქმნელის მენტალური სუბსტანციისგან. როცა ელემენტალი სხვა ადამიანისთვის იქმნება, ენერგიას და შესაბამის ატრიბუტებს მაგი უშუალოდ სამყაროდან ღებულობს. როგორც წესი, ელემენტალი ასრულებს მხოლოდ ერთ დავალებას; ამასთანავე,  მას არ შეუძლია ისეთი ამოცანების შესრულება, რაც თავად მაგის შესაძლებლობებს აღემატება. 
   
ელემენტარი არის ასტრალური ქმნილება, რომელიც ასევე მაგის მიერ იქმნება. როგორც წესი, იგი იქმნება კონკრეტული ელემენტისგან, ასტრალური მატრიცის ასტრალური სუბსტანციისგან. იგი იტვირთება ერთი ან რამდენიმე ატრიბუტით და არსებობს მისი შემქმნელის ცნობიერების ხარჯზე. გარდა ამისა, ელემენტარს აქვს საკუთარი სახელი და მისი სიცოცხლოს ხანგრძლივობა წინასწარ განსაზღვრულია. განდობილი ელემენტარს რამდენიმე დავალებას აძლევს, მაგრამ არა ერთდროულად. ამ დავალების შესრულების შემდეგ, ელემენტარი ნადგურდება დამოუკიდებლად ან მაგის ჩარევის გზით. იგი უბრუნდება ასტრალურ სუბსტანციას, რისგანაც თავად არის შექმნილი. ელემენტარს აქვს ძლიერი თვითგადარჩენის ინსტიქტი. როგორც წესი, იგი ინტელექტუალურია და დამოუკიდებელი არსებობისკენ ისწრაფვის. თუ მაგი მტკიცედ ვერ შეძლებს საკუთარი განზრახვის ქვეშ მის გაკონტროლებას, ელემენტარი სასწრაფოდ უნდა იქნეს განადგურებული. ამიტომ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ყოველი ელემენტარის სიცოცხლე მკაცრად განსაზღვეულ დროში იქნეს დაფიქსირებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ არსებამ შეიძლება ჩაიდინოს ყველა სახის ბოროტება მისი შემქნელის ხარჯზე, ხოლო კარმულად მთელი პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება, მის შემქმნელს მოუწევს.
   
16. ისაუბრეთ განზრახვის, რწმენისა და ინტელექტის გაუმჯობესების მეთოდების შესახებ. 
  
ჩვენ შეგვიძლია განზრახვის, რწმენისა და ინტელექტის გაუმჯობესება თვითშთაგონების (ავტოსუგესტიის) მეშვეობით. ასევე, განზრახვის გაძლიერება შეგვიძლია ვიზუალური, აკუსტიკური, გრძნობითი, ყნოსვითი და გემოვნებითი სავარჯიშოების მეშვეობით. განზრახვა ძლიერდება ასკეტიზმით, მაგიური ლოცვით და ინტროსპექციით, - ნეგატიურ ატრიბუტებთან უწყვეტი ბრძოლის გზით, სანამ სრულად არ დავეუფლებით მათ. - ასეთი რამ ხორციელდება განვითარების პროცესში ნებისმიერი დაბრკოლების გადალახვის შედეგად. 
   
რწმენას ვაძლიერებთ ცნობიერების დახმარებით, როცა ჩვენი ვარჯიში ემსახურება მარადიული სულის აღმოჩენას და განვითარებას, და არა მატერიალურ მომხვეჭველობას. ამის მეშვეობით, ჩვენ ვახდენთ თავად ღმერთის იმიტაციას, შემოქმედებით საქმიანობაში. ლოცვით, რაიმე ჟესტიკულაციით ან მსგავსი დამხმარე საშუალებით გაცნობიერებულად მოვმართავთ საკუთარ თავს შესაბამის განწყობაზე და ნახევრად ტრანსის მდგომარეობაში ვვარდებით. რწმენა ასევე ძლიერდება კონკრეტული ჭეშმარიტების შემოწმებისა და რეალიზაციის გზით. 
  
ინტელექტი უმჯობესდება უნივერსალური კანონების შესწავლით, მედიტაციით, შეცნობით და დიფერენცირების უნარით. ეს იწვევს სამშვინველის, სულისა და სხეულის გაკეთილშობილებას, რომელიც შემდგომში მიიღწევა ჩვენი ცნობიერების მფარველ ანგელოზთან კავშირით, აკაშას პრინციპთან ან მასთან დაკავშირებულ ინტელექტთან კავშირის მეშვეობით. ინტელექტი წარმოუდგენლად ვითარდება ღრმა მედიტაციის შედეგად მიღწეული შთაგონებისა და ინტუიციის რეალიზაციით, ასევე ჰაერის ელემენტთან და უნივერსალურ, მარადიულ სინათლესთან კავშირით, რომელიც დაჯილდოებულია განუზომელი და შეუცნობელი ინტელექტით. 
  
17. როგორ გავაფართოვოთ ჩვენი ცნობიერება? 
   
ცნობიერებას ვაფართოვებთ სხვადასხვა პრაქტიკების მეშვეობით, რომელიც მოიცავს ოპტიკურ, აკუსტიკურ და შეგრძნებით სავარჯიშოებს. ცნობიერება ფართოვდება თვითშთაგონების, ლოცვის და მედიტაციის დახმარებითაც. 
  
18. რა განსხვავება არსებობს ელემენტების ეფექტთან დაკავშირებით მენტალურ სფეროში? 
   
მენტალურ სფეროში ელემენტები დროსა და სივრცის გარეშე არიან ეფექტურები. როცა საქმე გვაქვს აზროვნების ფორმირებასთან, აბსტრაქტულ აზრებთან ან პლასტიკურ წარმოსახვასთან, ასეთ დროს აზრები დამუხტულია ცეცხლის ელემენტის სუფთა ელექტრული ფლუიდით. ასეთი აზრები ნამდვილ ელექტრულ აზრებს წარმოადგენენ. თუ წყლის ელემენტზე ვსაუბრობთ, მაშინ საქმე გვაქვს ნამდვილ მაგნიტურ აზრებთან. ჰაერის ელემენტი ნეიტრალურ აზრებს წარმოქმნის, ხოლო მიწის ელემენტის შემთხვევაში, ვეხებით ელექტრომაგნიტური ფლუიდის მიერ წარმოებულ აზრებს.
   
ზოგადად, ცეცხლის ელემენტი მენტალურ სფეროში ექსპანსიურად ეფექტურია; იგი გამოიმუშავებს სითბოს და სინათლეს. წყლის ელემენტი საპირისპიროა; იგი შეკუმშვას, სიცივეს და სიბნელეს იწვევს. ჰაერი ანეიტრალებს და აბალანსებს ცეცხლისა და წყლის ელემენტებს, ხოლო მიწის ელემენტი საკუთარ თავში სამივე ელემენტს აერთიანებს და ამავდროულად, ზღუდავს მათ ეფექტს. გარდა ამისა, მიწის ელემენტი აქცენტირებულია ტეტრაპოლარულ მაგნიტთან, ანუ ელექტრომაგნიტურ ფლუიდთან. 
   
მენტალური სფეროს უმაღლეს საფეხურზე, მაგს შეუძლია ცეცხლის ელემენტის მეშვეობით მიაღწიოს ყოვლისშემძლეობას; ყოვლისმცოდნეობა, სიწმინდე, სიცხადე და კანონიერება მიიღწევა ჰაერის ელემენტით; სიყვარული და უკვდავება წყლის ელემენტით; ხოლო ყველგანმყოფობა მიწის ელემენტის უმაღლეს ასპექტშია შესაძლებელი. 
   
ასევე, მარადიული სულის ფუნდამენტური ატრიბუტები მენტალურ სფეროში შესაბამის ელემენტებს უკავშირდება; ესენია: ცეცხლი - განზრახვა; ჰაერი - ინტელექტი; წყალი - სიცოცხლე და სიყვარული; და მიწა - ცნობიერება. 
 
19. რითი განსხვავდება ერთმანეთისგან ელექტრული და მაგნიტური ფლუიდების გავლენა მენტალურ სფეროში? 
  
ელექტრული ფლუიდი მენტალურ სფეროში იწვევს გაფართოებას, სითბოს და სინათლეს, ხოლო მაგნიტური იწვევს საპირისპიროს, - შეკუმშვას, სიცივეს და სიბნელეს. 
   
მაგალითად, ელექტრული ფლუიდი, თავის ატრიბუტებთან ერთად საკუთარ თავს განზრახვაში გამოხატავს, ხოლო მაგნიტური ფლუიდი მანიფესტირებულ რწმენაში გამოიხატება. ელექტრულ ფლუიდს ჩვენ ვხედავთ მუდმივ აქტიურობაში, ენერგიულობაში, კრეატიულობასა და მოძრაობაში; ეს არის ევოლუციური განვითარება და განთავისუფლება.   
   
მენტალურ სფეროში მაგნიტური ფლუდი საკუთარ თავს საპირისპირო ევოლუციური ატრიბუტით გამოხატავს, რაც მარადიული დასვენების და სიმშვიდის მდგომარეობაა.
  
20. რა არის წარმოსახვის ძალა? 
 
წარმოსახვის ძალა ატრიბუტია, ერთგვარი თვისება, რომლის მეშვეობითაც ჩვენ ცოცხალი სახით წარმოვიდგენთ ვიზუალურად, აკუსტიკურად, შეგრძნებით ან ყველა კომპონენტთან ერთად. წარმოსახვის ძალა განსაკუთრებით დიდ როლს თამაშობს სავარჯიშოებში, მაგრამ ცხადია იგი ამა თუ იმ ხარისხით ყოველდღიურ ცხოვრებაშიც გამოიყენება. წარმოსახვის რაოდენობრივი თვისება გამოიხატება მისი გაძლიერებით ან დაქვეითებით. 
  
21. რა განსხვავებაა წარმოსახვასა და ელემენტალს შორის? 
  
ძალიან დიდი. წარმოსახვა არის ფანტაზიის შედეგად ცხადად აღქმული ხატ-სახე; რეალობა კი ის არის, რასაც ჩვენ ვქმნით განზრახვის, კონცენტრაციისა და წარმოსახვის ძალის დახმარებით, - მანიფესტირებულ რწმენასთან ერთად. 
   
ამისდა საპირისპიროდ, ელემენტალური ქმნილება არის მაგიური მანერით შექმნილი ქმნილება, რომელიც მენტალური სუბსტანციისგან და კონკრეტული ელემენტისგან ან ელემენტებისგან იქმნება. ელემენტალს ვანიჭებთ სახელსაც; იგი საარსებოდ ჩვენი ცნობიერების ნაწილს იყენებს.
  
22. რითი კვებავს და ინარჩუნებს საკუთარ სხეულს მენტალური სხეული? 
  
მენტალური სხეული, მენტალური სფეროდან წარმოებული აზრებით და ხატ-სახეებით იკვებება, რომელსაც შთაბეჭდილებებისა და შეგრძნებების სახით აღიქვამს. 
  
23. როგორ გამოხატავს სამშვინველი საკუთარ თავს ასტრალურ და მენტალურ სფეროში? 
  
ასტრალურ სფეროში სამშვინველი საკუთარ თავს ასტრალური სხეულის მეშვეობით გამოხატავს, ასევე სულით, მისი ატრიბუტებითა და ტეტრაპოლარული მაგნიტის ძალებით. მენტალურ სფეროში სამშვინველი ასტრალური მატრიცის მეშვეობით გამოიხატება, საიდანაც სული სხვადასხვა ფერებითა და პოლარული ასპექტებით ახდენს ემანაციას.     
   ატრიბუტების გამოსხივების ემანაციას აურა ეწოდება, რომელიც საკუთარი შეფერილობის მიხედვით ავლენს  ადამიანის ფუნდამენტურ ხასიათს, ელემენტებთან შესაბამისობაში.
   მატერიალურ სფეროში სამშვინველი თავს ავლენს მატერიალურ სხეულში, რომლის ფუნქციაც ასტრალური სხეულის ფუნქციის იდენტურია.
  
24. რა არის კონცენტრაცია, მედიტაცია, ფიქსაცია, ჭვრეტა და ფანტაზია?
  
კონცენტრაცია არის ერთადერთი იდეის, აბსტრაქტული ცნების, აზრის და ა.შ. უწყვეტი შეკავება და დაკვირვება. კონცენტრაცია იყოფა სამ დონედ: პირველი დონეა თორმეტ წამიანი უწყვეტი კონცენტრაცია, რომელსაც დჰარანა ეწოდება. მეორე დონე არის თორმეტჯერ თორმეტ წამიანი კონცენტრაცია, რომელსაც დჰიანა ეწოდება; მესამე დონეა თორმეტჯერ-თორმეტჯერ თორმეტ წამიანი კონცენტრაცია, რომელსაც სამადჰის სახელით იცნობენ, ესაა იგივე ექსტაზი, ობიექტისა და სუბიექტის შერწყმა. 
  მედიტაცია ემსახურებს რაიმე იდეის, კონცეფციის ან წარმოსახვის დაშლას და ანალიზს. ამ დონეზე ხდება დეტალური ანალიზი ყველა შემავალი ასპექტის ჩართვით, - განზრახვით, ინტელექტით და შეგრძნებით. 
   ფიქსაცია არის ზუსტი გაზომვა, სტაბილიზაცია და უწყვეტი კონცენტრაცია კონკრეტულ საგანსა თუ ცნებაზე. ფიქსაცია უშუალოდ კონცენტრაციის დროს ხორციელდება. 
   ჭვრეტა არის იდეის, ცნების და ა.შ. განხილვა ან მისი არსის გაცნობიერების პროცესი. მაგალითად, თუ ჩვენ გვინდა დავრწმუნდეთ, რომ სურათი ან საგანი რეალურია, ვაკვირდებით ღია თვალებით, ამის შემდეგ კი დახუჭული თვალებით. თუ ჩვენს მიერ ნანახი არ გაქრება; ეს რეალობაა. ხოლო თუ გაქრება, - ილუზია და ბოდვა. 
   ფანტაზია საგნის მშვენიერების გაძლიერებული აღქმაა. მას აქვს მასტიმულირებელი ეფექტი ჩვენს შეგრძნებებზე და იზრდება სხვადასხვა მასტიმულირებელი საშუალებების დახმარებით. ფანტაზიას ყოველთვის გააჩნია პერსონალური, სუბიექტური, შედარებითი და ინდივიდუალური დატვირთვა და იგი მიმდინარეობს ტემპერამენტისა და განწყობის შესაბამისად. 
  
25. რა შეიძლება ჩავანაცვლოთ სავარჯიშოების ადგილას?
   
სავარჯიშოების ადგილას ჩვენ შეგვიძლია ჩავანაცვლოთ მედიტაცია, თვითშთაგონება, რწმენა, ლოცვა, კეთილშობილური საქმეები, ასკეტიზმი, მდუმარება, სიყვარული და თავმდაბლობა.
  
26. რა მიზანს ემსახურება სავარჯიშოები? 
   
ჩვენ ვაკეთილშობილებთ, ვწმენდთ და სრულყოფილებისკენ მიგვყავს სხეული, სამშვინველი და სული. ყველაზე მეტად, ჩვენ ვააქტიურებთ ჩვენში არსებულ პოზიტიურ ატრიბუტებს და უნივერსალურ ელემენტებს, რომლებიც ყოველ ჩვენგანში და ჩვენს გარშემო, ყველგან არსებობს. სავარჯიშოების მეშვეობით ჩვენ შევიმეცნებთ ღვთაებრივ იდეებს შინაგან და გარეგან სამყაროში; ვიწყებთ უმდაბლესიდან და ავდივართ უმაღლეს საფეხურამდე, იქამდე, სანამ თავად ღმერთთან არ გავხდებით ერთიანნი.
   
27. რა სახით ფუნქციონირებს აკაშას პრინციპი მენტალურ სფეროში? 
   
მენტალურ სფეროში აკაშას პრინციპი მიზეზობრივ ფუნქციას ასრულებს, რომელიც დროსა და სივრცის გარეშე არსებობს. ეს არის უმაღლესი და ადამიანისთვის ყველაზე გაუგებარი, შეუცნობელი ძალა; იგი შეუქმნელია, და ამავე დროს ყოველ ქმნილებას აკონტროლებს. 
  აკაშას პრინციპი ყველა სფეროში გვევლინება, როგორც უზენაესი მაკონტროლებელი და ღვთაებრივი სინდისის პრინციპი, როცა ვლინდება ინტუიცია, შთაგონება, რწმენა და თვითგადარჩენის ინსტიქტი. აკაშას პრინციპი მენტალურ სფეროში სავარჯიშოების შესრულებისას შემაფერხებელი და დამაბრკოლებელი ფაქტორია, აზრებისა და ხატ-სახეების უწყვეტი მიმოცვლის გამო, თუმცა, მეორე მხრივ, იგი ჩვენს ნებისყოფას და განზრახვას აძლიერებს. 
   მენტალური მატრიცა, აკაშას პრინციპში საუკეთესო სუბსტანციას წარმოადგენს; იგი აკავშირებს მენტალურ სხეულს ასტრალურ სხეულთან და ყოველ აზრსა და შთაბეჭდილებას, სამშინველის ცნობიერებას გადასცემს. აკაშას პრინციპი მენტალურ სფეროში საკუთარ თავს ელექტრული, მაგნიტური, ელექტრომაგნიტური და ნეიტრალური (გულგრილი) აზრებით გამოხატავს. ფიქრებში თქვენ აღმოაჩენთ ფუნდამენტურ იდეებს, რომლებიც აკაშას პრინციპის მიზეზობრივი სამყაროდან წარმოიშობა. ამ იდეების საშუალებით აკაშა ჩვენს ცნობიერებაზე და ქვეცნობიერზე ერთდროულად მუშაობს, რომლის მეშვეობითაც ეს იდეები მიიღება და მუშავდება, ხოლო საბოლოოდ ისინი რეალიზდება ან იგნორდება. 
  
28. რა არის ბედისწერის მიზანი მენტალურ სფეროში? 
  
ყველა ფიქრი, შთაბეჭდილება და ა.შ. რომლებიც მენტალურ სფეროში ფიქსირდება, ზუსტად იდენტურად აღირიცხება ყოველი მათგანი მენტალური სფეროს მიზეზ-შედეგობრივ სიბრტყეში. მათი შინაგანი ღირებულების შესაბამისად, ისინი ყალიბდებიან დადებით ან უარყოფით ეფექტებად და შედეგებად, რომლებიც კანონიერად მოქმედებენ პიროვნებაზე და უზარმაზარ გავლენას ახდენენ ადამიანის ხასიათზე. 
   
მენტალური ეფექტი უკანვე უბრუნდება ადამიანს, რათა გააკეთილშობილოს ადამიანი მისი პოზიტიური აზროვნების შესაბამისად; ხოლო როდესაც ფიქრები ნეგატიურია, ისინიც ასევე თავს ესხმიან ადამიანს, რათა მან დააბალანსოს და გამოასწოროს ასეთი აზრების მიზეზი და შედეგი. 
  
29. რა განსხვავებაა სულიერ სიმწიფესა და სამშვინველის მაღალგანვითარებულობას შორის? 
  
სულიერი სიმწიფე მიიღწევა შეცნობისა და აღიარების შედეგად; იგი ღვთაებრივი პრინციპის ნაწილია და ყოველთვის ეძებს საშუალებებსა და წყაროებს საკუთარი თავის უმაღლეს ღვთაებრივ პრინციპთან იდენტიფიცირებისთვის. მაღალგანვითარებულ სამშვინველს უკვე იდენტიფიცირებული აქვს საკუთარი თავი უმაღლეს ღვთაებეივ პრინციპთან და აგრძელებს საკუთარ გზას უმაღლესი კეთილშობილებისა და სრულყოფილებისაკენ. 
  
30. როგორ მოქმედებს მენტალური და ასტრალური მატერიის ეფექტი სულიერ შეგრძნებებზე? 
  
მენტალური და ასტრალური მატერია სულიერ შეგრძნებებზე ეფექტს შთაბეჭდილებების მეშვეობით ახდენენ, რომლებიც მენტალური მატრიცის დახმარებით, ადამიანის ცნობიერებამდე ყველა სფეროდან აღწევს. მენტალურ მატრიცაში ისინი შეუზღუდავად მოქმედებენ დროსა და სივრცის გარეშე. ასტრალურ სფეროში, ისინი ეფექტურია სივრცეში. 
  
სამშვინველი ამუშავებს ამ შთაბეჭდილებებს მენტალურ და ასტრალურ სხეულში ელემენტების ფუნქციებისა და ტეტრაპოლარული მაგნიტის მეშვეობით. 
  
31. რა არის მენტალური მატრიცა და რა ფუნქცია აქვს მას? 
   
მენტალური მატრიცა, - მას მეორენაირად შეგვიძლია ტეტრაპოლარული მაგნიტიც ვუწოდოთ, - წარმოადგენს დამაკავშირებელ რგოლს მენტალურ და ასტრალურ სხეულებს შორის. ეს არის საუკეთესო სულიერი აკაშური ნივთიერება, (ორიგინალშია: "finest spiritual akashic substance") რომელიც სამშვინველის ფუნქციებით ხელმძღვანელობს. იგი შექმნილია საუკეთესო სულიერი აკაშური ნივთიერებისგან, რაც კი ადამიანის სხეულში არსებობს. მენტალური მატრიცა ყველა აზრს, შთაბეჭდილებას და ა.შ. გადასცემს ცნობიერებას ყველა სფეროდან, სხეულის, სამშვინველის და სულის შეგრძნებების დახმარებით. 
  
32. მოგვეცით მეთოდები ფანტაზიის გასაძლიერებლად. 
   
ფანტაზიის გაძლიერება შესაძლებელია კონკრეტული სტიმულატორების და სხვადასხვა ამაღელვებელი საშუალებების მეშვეობით, როგორებიცაა: საკუთარი აზრებისა და შეგრძნებების ამაღლება, სილამაზის აღქმა, მუსიკა, სიმღერა, ბუნება, სიყვარული, არომაგია (საკმეველი და სხვა არომატული საშუალებები) და ასე შემდეგ. 
  
33. რა სახის ატრიბუტები გააჩნია მენტალურ მატრიცას? 
  
მენტალურ მატრიცას გააჩნია ტეტრაპოლარული მაგნიტის ატრიბუტები და იგი განსაზღვრავს სამშვინველის აქტივობას ასტრალურ სხეულში. მენტალური მატრიცა ელექტრომაგნიტურია და სამშვინველის ცნობიერებაში იგი აზრებსა და წარმოსახვას ხელმძღვანელობს. მენტალური მატრიცა ერთმანეთთან აკავშირებს მენტალურ და ასტრალურ სხეულებს. 
  
34. რა მიზანს ემსახურება მენტალური მატრიცა? 
   
მენტალური მატრიცა, ანუ ტეტრაპოლარული მაგნიტი, მარადიული სულის ყოველი ატრიბუტისა და ძალის ცენტრს წარმოადგენს, რომელსაც იყენებს კიდეც ასტრალურ სხეულში, რაც მისი გარსია. როცა მარადიული სული თავის ორ გარსს ტოვებს, - ანუ მატერიალურ და ასტრალურ სხეულებს, - მენტალური მატრიცა საკუთარ თავში ინახავს ყველა იმ ატრიბუტსა და თვისებას, რომელიც ადამიანს მატერიალურ სამყაროში არსებობისას გააჩნდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მატერიალურ სფეროში დაგროვებული გამოცდილება, ყველა მის ატრიბუტთან ერთად, მარადიულ სულს მენტალურ სფეროში გადააქვს.
   
35. რა განსხვავებაა იდეასა და აზრს შორის?
  
ადამიანს შეუძლია დამოუკიდებლად გაუჩნდეს იდეა, ან მისი განვითარების ხარისხის შესაბამისად და მიზანმიმართული მუშაობის შედეგად ჩაწვდეს კონკრეტული საკითხის იდეას. აზრი მხოლოდ იდეის გარსია, რომელიც მენტალური მატრიცის მეშვეობით აღწევს სამშვინველის ცნობიერებამდე. იდეა სათავეს იღებს მიზეზობრივ სამყაროში.  
  
36. როგორ ღებულობს სამშვინველი აზრებს? 
  
სამშვინველი ყველა აზრს მენტალური მატრიცის მეშვეობით ღებულობს, რომელიც ნებისმიერი იდეის, აზრის და წარმოსახვის გამტარია. 
  
37. რა ხდება, როდესაც მენტალური სხეული გაცნობიერებულად გადასცემს ან ღებულობს აზრებს? 
   
როცა მენტალური სხეული ან სამშვინველი აზრებს შეგნებულად გადასცემს ან ღებულობს, ადგილი აქვს ტელეპათიის ფენომენს. ეს არის აზრების გადაცემა აკაშას პრინციპის დახმარებით მენტალურ სფეროში, დროსა და სივრცის გარეშე. 
  
38. როგორ გამოიხატება ასეთი ფენომენი ასტრალურ და მატერიალურ სამყაროში?
   
ამგვარი გაცემა/მიღება ძალიან კარგად განვითარებულ ასტრალურ ნათელმხილველობას ან ნათელსმენას მოითხოვს. განზრახვის მიზანმიმართული გამოყენებისას აზრები აღწევს ადამიანის ცნობიერებამდე, რომელიც ერთგვარი მილის (ანუ მენტალური მატრიცის) მეშვეობით გადაეცემა პიროვნებას; ასეთ დროს აზრი ხდება ცნობიერი და მენტალურ სფეროში მისი დამუშავება მიმდინარეობს.
  
39. რა არის კონდენსაცია? 
  
როდესაც ჩვენ ვაგროვებთ განზრახვის, ინტელექტის, შეგრძნებისა და მანიფესტირებული რწმენის ძალას, წარმოიქმნება მატერიის შექმნის, ანუ მისი კონდენსაციის შესაძლებლობა. სწორედ ესაა ჩვენს ცნობიერებაში ტეტრაპოლარული მაგნიტის ყველა ასპექტით გამოყენების უნარი.
 
40. რა არის ტელეპათია?
 
ტელეპათია არის აზრების გაცემა/მიღება, მაგრამ უფრო მეტად გაცემა. ჩვენ ამ აზრებს კონკრეტულ პიროვნებას გადავცემთ აკაშას პრინციპის დახმარებით ან ვახდენთ შთაგონებას ადამიანის ასტრალური ყურების გავლით. 
  
41. რა არის მენტალური აურა?
  
მენტალური აურა არის სამშვინველის ატრიბუტების ფერადოვანი გამოსხივება, რომელიც წარმოიქმნება ტეტრაპოლარული მაგნიტის (მენტალური მატრიცის) მიერ, თავისი პოზიტიური და ნეგატიური პოლუსებიდან. 
  
42. როგორ გამოხატავს საკუთარ თავს მენტალურ სფეროში უდროობა და უსივრცობა ადამიანური გადმოსახედიდან? 
  
ადამიანური გადმოსახედიდან, მენტალურ სფეროში უდროობა და უსივრცობა აღიქმება როგორც აბსოლიტური სიცარიელე, რისიც ყველა ქმნილებას ეშინია. 
  
43. მენტალური თვალსაზრისით, როგორ უნდა განვასხვავოთ ერთმანეთისგან ელექტრული და მაგნიტური აზრები? 
  
მენტალურ სფეროში ელექტრული აზრები ჩვენში სითბოს შეგრძნებას აღვივებს, ხოლო მაგნიტური აზრები გვიქმნის სიცივისა და შევიწროების/შეკუმშვის განცდას. 
  
44. რა არის მენტალური ჰარმონია და რა არის მენტალური დისჰარმონია?
  
მენტალურ სფეროში წარმოქმნილი დადებითი/პოზიტიური აზრი, წარმოსახვა და შთაბეჭდილება ჩვენში კმაყოფილების, სიხარულის, სილამაზისა და თანაგრძნობის შეგრძნებას იწვევს, რომელიც მენტალური ჰარმონიის მდგომარეობაა.  
   ნეგატიური აზრი, წარმოსახვა და შთაბეჭდილება წარმოქმნის დისონანსს, ანტიპათიას, უკმაყოფილებას, სიმახინჯესა და სევდას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს არის მენტალური დისჰარმონია.  ჰარმონიაც და დისჰარმონიაც სამყაროსეული, აბსოლიტური კანონიერების გამოხატულებაა. ჩვენ უნდა შეგვეძლოს ორივეს კონტროლი. 
  
45. როგორ გამოიხატება პოზიტიური და ნეგატიური აზრი და როგორ ხდება მათი გარდაქმნა?
  
აქტიური აზრები პოზიტიურად გამოხატავს საკუთარ თავს ნორმალურ ცნობიერებაში, ხოლო ნეგატიური აზრების გამოხატულება ქვეცნობიერში ვლინდება. ჩვენ ვსწავლობთ პოზიტიური და ნეგატიური აზრების დიფერენცირების უნარს ყოველდღიური ინტროსპექციის და ელემენტთა პოლარობის ცოდნის საფუძველზე. ნეგატიური აზრების დაძლევა მხოლოდ მათთან ბრძოლითაა შესაძლებელი. არსებობს ამის ოთხი განსხვავებული გზა:
 
1. განზრახვის მეშვეობით მათი ეფექტის განადგურება.
 2. ტრანსმუტაციის გზით, როდესაც ნეგატიურ აზრებს გარდავქმნით მის საპირისპირო პოლარობაში - ანუ პოზიტიურ აზრებად. 
  3. ნეგატიური აზრების მიღება და გაშვება, მათ გაქრობამდე ყურადღების მიქცევის გარეშე. 
  4. სისტემატიური თვითშთაგონების (ავტოსუგესტიის) გზით.
  
46. რა ვითარებაში შეიძლება გამოვიყენოთ იზოლაცია, ტრანსმუტაცია, თვითშთაგონება და ბრძოლა? 
  
იზოლიაციას მაშინ ვიყენებთ, როდესაც არ გვსურს დავინფიცირდეთ ნეგატიური ატრიბუტებით სხვადასხვა გაუწონასწორებელი არსებების ან ვნებების მიერ. ისინი არ უნდა მოვიდნენ ჩვენთან მჭიდრო კონტაქტში მაგიური ოპერაციების შესრულებისას, მაგალითად მაშინ, როდესაც ვასრულებთ უჩინრად გახდომის მაგიურ ოპერაციას. 
  ტრანსმუტაცია მხოლოდ აზრების შეცვლაში არ გვეხმარება, არამედ იგი გამოიყენება შთაბეჭდილებების, დაავადებების, განწყობის, შეგრძნების და ა.შ. ცვლილებაშიც. ყველა შემთხვევაში, უნდა გვამოძრავებდეს მხოლოდ კეთილშობილური მიზნები. 
   თვითშთაგონების გზით ჩვენ ვაუმჯობესებთ ჩვენს განწყობას და დამოკიდებულებებს. გარდა ამისა, ჩვენ ვაძლიერებთ საკუთარ სამშვინველს და ვამზადებთ ისეთი ამოცანების შესასრულებლად, რომელთა შესრულებაც არ შეგვიძლია ჩვენი ნორმალური ძალებით. თვითშთაგონების მეშვეობით შესაძლებელია წარმატების მიღწევა. ეს ეხება მხოლოდ ჩვენს ასტრალურ, მენტალურ და სულიერ განვითარებას. 
  ბრძოლის გზით ჩვენ აღმოვფხვრით ნეგატიურ ატრიბუტებს და თავიდან ვიშორებთ ნებისმიერ დაბრკოლებას. ასეთ დროს ვიყენებთ განზრახვას, წარმოსახვის ძალას, ფიქსაციას, ჩვენს ცნობიერებას და სხვა ძალებსა და ატრიბუტებს.
  
47. როგორ მუშაობს პერსონალური და უნივერსალური ღმერთი მენტალურ სფეროში?
  
მენტალურ სფეროში პერსონალური ღმერთი ჩვენზე ინტუიციისა და ინსპირაციის მეშვეობით მუშაობს. მას გაცნობიერებისა და აღიარების გზით მივყავართ კეთილშობილებისკენ. პერსონალური ღმერთი ხელმძღვანელობს ჩვენს ღვთაებრივ და მარადიულ სულს, რათა ყოველდღიურად მივუახლოვდეთ მას და საბოლოოდ, მოვახდინოთ საკუთარი თავის ღმერთთან იდენტიფიცირება.
  
უნივერსალური ღმერთი მენტალურ სფეროში გვიქმნის დაბრკოლებებს იქამდე, სანამ ყოველი უნივერსალური ატრიბუტისა და ელემენტის გაკონტროლებას არ შევძლებთ. იგი ვლინდება ინტროსპექციაში, ვარჯიშებში და ყოველდღიურ ცხოვრებაშიც. მენტალურ სფეროში უნივერსალური ღმერთი ჩვენთვის გამოიხატება როგორც ნეგატიური მდგომარეობა დროსა და სივრცის გარეშე; ესაა აბსოლიტური არარაობა, სიცარიელე და სინდისი. 
  
48. რა ანალოგიები არსებობს მენტალურ და მატერიალურ ბუნებას შორის? მაგალითად: როგორ მოქმედებს ალკოჰოლი, ნარკოტიკები და სტიმულატორები? 
  
ალკოჰოლის რეგულარულად მოხმარება, - განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ალკოჰოლი დამოკიდებულების ობიექტია, - აფერხებს ჩვენს აზროვნებას მენტალურ სფეროში. იგი ქვეცნობიერისა და კონცენტრაციის ფუნქციონირებას ანელებს ან საერთოდ მათ პარალიზებას ახდენს. იგივე ემართება ინტელექტს, მეხსიერებას, მენტალურ მოქნილობას, დიფერენცირების უნარს, გრძნობებს და განზრახვას. 
  
ალკოჰოლი აძლიერებს ვნებას და დამოკიდებულებას სიმთვრალის მიმართ, რასაც ალკოჰოლიზმს ვეძახით; მატერიალურ სფეროში იგი აზიანებს ნერვულ სისტემას, რომლის ცენტრი ცერებრუმში მდებარეობს (ზურგის ტვინში). ალკოჰოლი ცეცხლოვანი სასმელია. იგი ცეცხლის პრინციპის ძლიერ კონცენტირებულ დოზას შეიცავს. სისტემატიური მოხმარების შემთხვევაში ეს იწვევს ორგანიზმში ცეცხლის ელემენტის ფუნქციონირების ძლიერ დარღვევას, რომლის უარყოფითი ეფექტიც უფრო და უფრო იზრდება იქამდე, სანამ არ წარმოქმნის რაიმე ტიპის სერიოზულ დაავადებას ნერვულ სისტემასთან ან გრძნობებთან მიმართებაში. 
   
იგივე პრინციპი მოქმედებს ნარკოტიკების და სტიმულატორების მოხმარების შემთხვევაში. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ სუსტი შეგრძნებების მომენტალური სტიმულირება დროებით იწვევს ნათელმხილველობის, ნათელსმენის ან ნათელშეგრძნების ფენომენს. მაგრამ აშკარაა, რომ ასეთი შესაძლებლობის არსებობის შემთხვევაშიც კი, შეიძლება ადგილი ჰქონდეს ჰალუცინაციას და არ შეესაბამებოდეს რეალობას. არც თუ ისე იშვიათად, ადგილი აქვს ძალიან რთულ შედეგებს, რასაც ადამიანი ფსიქიატრიულ დაწესებულებამდე მიჰყავს. 
  
ბუნება და მასში არსებული კანონი მკაფიოდ რეაგირებს ძლიერ უარყოფით დარღვევებზე, მდგომარეობის ბალანსში დაბრუნების მცდელობის გზით. ტრანს-განზომილებიანი ცეცხლის ელემენტის დისბალანსი ხშირად იწვევს  ასტრალური სფეროს, ანუ მეოთხე განზომილების შეგრძნებას, რაც დროსა და სივრცის არარსებობით აღიქმება. ასეთი შეგრძნება გავლენას ახდენს ემოციებზე და ორგანოებზე, განსაკუთრებით თვალებზე, რომელსაც ცეცხლის ელემენტი აკონტროლებს. ასეთ დროს ადამიანმა შეიძლება დაინახოს სხვადასხვა უხილავი სამყაროს არსებები, ან შეიძლება განიცადოს უკიდურესად ძლიერი ჰალუცინაცია, რომელსაც ქვეცნობიერი განსაზღვრავს. ალკოჰოლის გადამეტებულმა მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს სიბრმავე.
  
49. ისაუბრეთ ელემენტარულ ჯგუფებზე მენტალურ სხეულში, და ინდუქციურ და დედუქციურ ფუნქციებზე. 
   
მენტალურ სხეულში არსებობს ორი დადებითი ელემენტარული ჯგუფი, ესენია: ცეცხლის და ჰაერის ელემენტები. ეს ჯგუფები მუშაობენ ინდუქციურად, რიტმულად შიგნიდან-გარეთ. უარყოფით ელემენტარულ ჯგუფებს მიეკუთვნება წყლისა და მიწის ელემენტები; ისინი მუშაობენ დედუქციურად, შეკუმშვის გზით, გარედან-შიგნით. 
  
50. როგორ რეგისტრირდება აზრები, სიმწიფე და განვითარება მენტალურ სფეროში, მიზეზობრივ სამყაროში და აკაშას პრინციპში?
  
მენტალურ სფეროში აზრები კოსმიურ მეხსიერებაში რეგისტრირდება, მიზეზობრივ სამყაროში რეგისტრირდება როგორც მიზეზი, ხოლო აკაშას პრინციპში რეგისტრირდება როგორც შედეგი. სიმწიფე და განვითარების დინე მენტალურ სფეროში სიბრძნის ხარისხით რეგისტრირდება.
   
მიზეზობრივ სამყაროში სამშვინველის განვითარების დონე აბსოლიტურ ეკვილიბრიუმში (ბალანსში) მყოფი ელემენტების სახით გვევლინება, ხოლო აკაშას პრინციპში იგივე განვითარების ხარისხი გაწონასწორებული ადამიანით ვლინდება. ასეთ დონეზე შემდგარი, განვითარებული და გაწონასწორებული სამშვინველი ბედისწერის კანონებს აღარ ექვემდებარება, არამედ მხოლოდ აკაშას პრინციპს, ანუ ღვთაებრივ განგებულებასა და წინამძღვრობას. 
  
51. რა არის მენტალური ევოლუცია? 
   
მენტალური ევოლუცია არის სამშვინველის მაგიური განვითარება ყველა ელემენტისა და ატრიბუტის გათვალისწინებით. იგი მიემართება ღმერთთან გაერთიანების მიზანს. ძირითადად, ეს ხორციელდება ნაბიჯ-ნაბიჯ და ყოველი ღვთაებრივი იდეის შეცნობითა და დამუშავებით, დაწყებული ყველაზე დაბლიდან, დამთავრებული უმაღლესით, რაც ღმერთთან ერთობას ნიშნავს.
   
52. რა არის სულიერი ლტოლვა?
   
მაგიური და ჰერმეტული თვალსაზრისით, სულიერი ლტოლვა არის საკუთარი თავის შეცნობის სურვილი. ასევე, ეს არის საკუთარ არსებაში ღვთაებრივი პრინციპის გაცნობიერების სურვილი. ასეთ დროს ადამიანს სურს შეიცნოს და აღიაროს უნივერსალური კანონები მაკრო და მიკროკოსმოსში. ლტოლვა განსაკუთრებული სურვილია, რომელსაც მენტალირ სფეროში ვაგზავნით, რათა შესრულდეს. მაგრამ, შესაბამისი აქტივობის გარეშე, სურვილი სურვილად დარჩება და იგი არ შესრულდება. როცა გვაქვს გულწრფელი ლტოლვა, მაგრამ არ გვაქვს შესაბამისი საშუალებები ან უფლებამოსილებები ჩვენი მიზნის მისაღწევად, მაშინ შეგვიძლია შევისწავლოთ სათანადო გზა, ასეთი მიზნის ასრულებისთვის. 
  
53. რას ნიშნავს მენტალური პოლარობა?
  
მენტალური პოლარობა არის აქტიური ცნობიერი და პასიური ქვეცნობიერი. ელექტრული და მაგნიტური ფლუიდები ასევე წარმოადგენენ მენტალური რეგიონის პოლარულ ნაწილებს.
  
54. რა არის სიმპათია და ანტიპათია მენტალურ სფეროში? 
  
სიმპათია მენტალურ სფეროში მიუთითებს, რომ კონკრეტული ელემენტის სასიამოვნო აზრები გვხიბლავს და კმაყოფილებას გვანიჭებს. განვითარების საწყის ეტაპზე ჩვენს არსებაზე ყოველთვის დომინირებს ერთი ელემენტი. შესაბამისად, განსხვსვებული ელემენტის აზრები ჩვენში ზიზღს და ანტიპათიას აღვივებს, რადგან ისინი მიეკუთვნებიან ელემენტებსა და პოლარობებს, რომელთაც ვერ ვეგუებით და არღვევენ ჩვენს ჰარმონიას. ჩვენი სიმპათიაც და ანტიპათიაც დამოკიდებულია ელემენტების ორმხრივ ეფექტზე. 
  
55. რა ითვლება მენტალურ სფეროში მორალური ჰარმონიის მაგალითად? 
   
მენტალურ სფეროში მორალური ჰარმონია დამოკიდებულია სულიერ ასკეტიზმზე, რაც ნიშნავს წესიერებისა და დისციპლინის დაცვას, სიწმინდესა და აზრების მოწესრიგებას, რომელთაც სრულად ვაკონტროლებთ. 
  
56. როგორ შეუძლია ნათელმხილველს მენტალურ სფეროში ბედისწერის დანახვა?
   
ნათელმხილველი შედის ტრანსის მდგომარეობაში და წარმოსახვის მეშვეობით კონცენტრირდება აკაშას პრინციპზე, კონკრეტული პიროვნების მენტალურ სფეროში. ამის შემდეგ, მას ცხადად შეუძლია დაინახოს ადამიანის წარსული, აწმყო და მომავალი. იგივე შედეგი მიღწევადია მაგიური სარკის დახმარებითაც.
  
57. როგორ გრძელდება მენტალური არსებობა ასტრალური სხეულის დაშლის შემდეგ?
  
მას შემდეგ, რაც ადამიანი დატოვებს მატერიალურ სხეულს, მისი სამშვინველი აგრძელებს არსებობას ასტრალური სფეროს ასტრალურ სხეულში. გარკვეული დროის შემდეგ, ელემენტარული პროცესების დაშლის შედეგად იგი კარგავს ასტრალურ სხეულსაც, რის შემდეგაც ავტომატურად გადადის მენტალურ სფეროში, სადაც მხოლოდ სული აგრძელებს არსებობას, განვითარების ხარისხის შესაბამის მენტალურ სამყაროში. რაც უფრო სუფთა და გაწონასწორებული იყო ადამიანი, მით უფრო დახვეწილი იქნება მენტალური სფერო, სადაც მოხვდება. შემდეგ სული კვლავ უბრუნდება მატერიალურ სამყაროს, სადაც იგი მთლიანად აბალანსებს, აკეთილშობილებს და სრულყოფს საკუთარ თავს. 
  
58. ისაუბრეთ მენტალურ მდგომარეობებზე: ტრანსულ მედიუმიზმზე, ნათელმხილველობაზე და სპირიტუალიზმზე. 
   
როცა განდობილს საკუთარი ცნობიერება სხეულის შიგნით, მზის წნულში გადააქვს, იგი ვარდება ტრანსის მდგომარეობაში და კავშირს ამყარებს აკაშას პრინციპთან. ჭეშმარიტი მედიუმიზმი ნიშნავს უხილავ არსებასთან პასიური კონტაქტის მდგომარეობას. ასეთ დროს მედიუმიზმს ჩვენი განზრახვა აკონტროლებს. 
   
ნათელმხილველობა არის ნებისმიერი მოვლენის დანახვის უნარი, რის დანახვასაც მაგი ისურვებს. არ აქვს მნიშვნელობა ფიზიკური თვალები ღიაა თუ დახუჭული; მნიშვნელობა არც იმას აქვს, დანახვა ხორციელდება ხილულ თუ უხილავ სამყაროში. განდობილს შეუძლია გამოიყენოს ბროლის ბურთი, მაგიური სარკე, მაგიდის გაპრიალებული ზედაპირი და ა.შ. დანახვის უნარი დამოკიდებულია მაგის განვითარების ხარისხზე და მისი ხასიათის კეთილშობილებაზე. ნათელმხილველობა დამოკიდებულია:
  
1. ნიჭზე. (საუკეთესო შემთხვევაში ნათელმხილველობის თანდაყოლილ უნარზე).
  
2. მაგიურ სიმწიფეზე.
  
3. ასტრალური განვითარების ხარისხზე. 
  
ეს უნარები ძირითადად ვითარდება უნივერსალური სინათლის დახმარებით.
   
სპირიტუალიზმი არის პასიური და უკონტროლო კომუნიკაცია უხილავი სამყაროს არსებებთან, როდესაც მედიუმურ მდგომარეობაში შედიან ტრანსის, ლოცვის და ა.შ. მეშვეობით. ასეთი პროცედურა ძალიან საზიანოა. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია კეთილი ბუნების მქონე ასტრალურ არსებასთან კომუნიკაცია, სპირიტუალები ხშირად ურევენ ერთმანეთში ნამდვილ არსებას და მიცვალებულთა ფანტომებს. პროცედურის ხშირი გამეორების შემთხვევაში, შესაძლებელია შეიქმნას ასობით ფანტომი. ზოგჯერ პროცესში ჩართულია მხოლოდ მედიუმის ქვეცნობიერი და მეტი არაფერი. სპირიტუალი მედიუმი ხშირად აღმოჩნდება უკონტროლო ძალების გავლენის ქვეშ, რომელიც საკუთარი ნების საპირისპიროდ დაემორჩილება  მავნე ზემოქმედების მქონე დაბალი რანგის ასტრალურ არსებებს.
   
59. რა ფენომენია მთვარეულობა? (სომნამბულიზმი).
   
მთვარეულობა სულის სნეულებაა, რომელიც წარმოიქმნება ელექტრომაგნიტური ფლუიდის სერიოზული დარღვევის შედეგად. ადამიანს, რომელსაც ეს დაავადება აწუხებს, უკიდურესად დარღვეული აქვს მაგნიტური ფლუიდი, რომლის გამოც იკლებს მისი გრავიტაცია, ანუ ადამიანი კარგავს კონტაქტს დედამიწის გრავიტაციულ ძალასთან. მდგომარეობა აღინიშნება ღამით, ძილის პროცესში, და  გამოწვეულია მთვარის გავლენით. მთვარეულობის შემთხვევები ფიქსირდება სავსე მთვარის ფაზაში. მთვარეული ადამიანი ხდება ბუმბულივით მსუბუქი და შეუძლია ყველაზე მაღალ და საშიშ ადგილებზე ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე ასვლა. რაც არ უნდა დაუჯერებლად ჟღერდეს, მთვარეულს შეუძლია კავშირგაბმულობის სადენებზე თავისუფლად სიარულიც. ეს არის პათოლოგიური გამოვლინება. 
   
60. რა არის აკვიატება, ეპილეფსია, წმინდა ვიტუსის ცეკვა და რა არის ამ დაავადებების გამომწვევი მიზეზი?
    
აკვიატება სათავეს იღებს ჰალუცინაციებიდან. აქ საქმე გვაქვს ცნობიერების აბსოლიტურ გაყოფასთან, რასაც შიზოფრენია ეწოდება. ეს არის პათოლოგიური, არასასურველი მდგომარეობა. 
   
ეპილეფსია და წმინდა ვიტუსის ცეკვა არის დაავადებები, რომლებიც გამოწვეულია მენტალურ და ასტრალურ სფეროს შორის წინასწორობის დარღვევით. ეს დაავადებები განკურნებადია პოლარობის დახმარებით. მაგალითად: ქალის ტვინი ელექტრულია, ამიტომ მისი განკურნება შესაძლებელია მაგნეტიზმით. მამაკაცის ტვინი მაგნიტურია, მისი განკურნება შესაძლებელია ელექტროობით. 
   
61. რა არის მენტალური სტიმულირების საშუალებები, როგორიცაა საკმეველი, რელიგიური მუსიკა და ლოცვა. 
  
მაგიური ოპერაციების უკეთ შესასრულებლად ან სულიერ არსებებთან კონტაქტში შესვლისთვის, ჩვენს გრძნობებზე ზემოქმედების მიზნით და მეოთხე განზომილებაში შესასვლელად, ჩვენ ვიყენებთ საკმეველს, რელიგიურ მუსიკას და ლოცვას. 
   
62. როგორ ხორციელდება მენტალურ სფეროში კომუნიკაცია? როგორ ესაუბრება ერთი სული მეორეს? 
    
მენტალურ სფეროში სული ურთიერთობს გამომხატველობითი და სიმბოლური საშუალებების მეშვეობით, დაახლოებით ისე, როგორც ქვეცნობიერი გვესაუბრება სიზმარში. უფრო მოწინავე სულები ერთმანეთთან ურთიერთობენ ნათელსმენის მეშვეობით, რადგან ამ საშუალებით ყველანაირი ენის გაგებაა შესაძლებელი. 
  
63. როგორ ხორციელდება აღქმის გადაცემა?
   
აღქმის გადაცემა ხორციელდება ჩვენი ფიზიკური და ასტრალური შეგრძნებების მეშვეობით, - ასტრალური მატრიცის გავლით, რომელიც სამშვინველის ცნობიერებამდე აღწევს და იქვე მუშავდება. 
   
64. რა არის მენტალური პასიურობა?
   
მენტალური პასიურობა წარმოიქმნება მაშინ, როდესაც ადამიანი ექვემდებარება სხვის ნებას ან საკუთარი ქვეცნობიერის ნეგატიური ატრიბუტების ნებას. ასეთი ადამიანი საკუთარ თავს დამოკიდებულ მდგომარეობაში აყენებს. 
   
მენტალური პასიურობა ასევე შეიძლება განისაზღვროს, როგორც აბსოლიტური გულგრილობა საკუთარი უარყოფითი ატრიბუტების მიმართ, ინტროსპექციის (თვითანალიზის) პროცესში.
  
65. რა არის ბუნებრივი მენტალური მდგომარეობა? 
   
ეს არის სამშვინველის მდგომარეობა აკაშას პრინციპში; აზრების, შეგრძნებების და აღქმის არარსებობა, უდროობა და უსივრცობა. ეს არის აბსოლიტური დასვენება, არარაობა, ნირვანა.

 

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff