ფრანც ბარდონი - კითხვები და პასუხები

ფრანც ბარდონი
0
0

თავი მეორე

თავი მეორე

კითხვები და კომენტარები ასტრალური სფეროს შესახებ 
 
1. რას ნიშნავს სიტყვა "ასტრალი"?
 
ასტრალური სამყარო და ასტრალური სხეული, აკაშას პრინციპის მეშვეობით ფუნქციონირებს, საიდანაც ელექტრული და მაგნიტური ფლუიდები წარმოიქმნება. ასტრალურ სფეროს სივრცე გააჩნია, რადგან იგი სივრცეში არსებობს. ასტრალურ სამყაროში ჩვენ ვპოულობთ ყველაფერს, რაც კი ოდესმე დედამიწაზე მომხდარა. ასტრალში წარსული, აწმყო და მომავალი ერთდროულად არსებობს. 
  
აკაშას პრინციპში მოქმედი ელექტრული და მაგნიტური ფლუიდების ვიბრაციებით შეიქმნა სამყაროში ყველაფერი. ასტრალურ სფეროში ჩვენ აღმოვაჩენთ სიცოცხლის ნიშან-თვისებებს: სინათლეს, სიბნელეს, ხმას, ფერს და რიტმს. სიცოცხლის ყველა თვისება ასტრალიდან იღებს სათავეს. ასტრალური სფერო, მეოთხე განზომილების, ანუ მარადიულობის ემანაციას წარმოადგენს. ამ სფეროში ცხოვრობენ გარდაცვლილი სულები, ლარვები, ელემენტარები და ელემენტებთან დაკავშირებული არსებები: მიწის გნომები, წყლის ქალთევზები, ჰაერის ფერიები და ცეცხლის სალამანდრები.
 
 2. რა სახის ფუნდამენტურ ატრიბუტებს ატარებს ასტრალური სხეული? 
  
ასტრალური სხეულის ელემენტებთან შესაბამისობაში მყოფი ფუნდამენტური ატრიბუტებია: გამძლეობა (ცეცხლი), შრომისმოყვარეობა (ჰაერი), მოთმინება (წყალი) და სისტემატიურობა (მიწა). 
  
3. როგორ ინარჩუნებს ასტრალური სხეული საკუთარ სიცოცხლეს და რა არის მისი საზრდო? 
  
ასტრალური სხეული საკუთარ სიცოცხლეს ინარჩუნებს მარადიული სულის მეშვეობით, ხოლო მის საზრდოს მხოლოდ სუნთქვა წარმოადგენს. 
  
4. რა ფუნქციებს ასრულებენ ელემენტები ასტრალურ სხეულში? 
   
ასტრალურ სხეულში ელემენტების ფუნქციები მატერიალურ სხეულში არსებული ფუნქციების იდენტურია. ცეცხლის ელემენტი აქტიურ პოლარობაში კონსტრუქციულ ძალას წარმოადგენს, ხოლო პასიურ პოლარობაში დესტრუქციულს. სხვა სიტყვებით, ცეცხლის დესტრუქციული ნაწილი ყველაფერს ანადგურებს. წყლის ელემენტი აქტიურ პოლუსში ყველაფერს აცოცხლებს, ხოლო პასიურ პოლუსში ყველაფერს კლავს. ჰაერი დამაბალანსებელი ელემენტია ცეცხლსა და წყალს შორის. მიწის ელემენტი აერთიანებს სამივე ელემენტს და იწვევს მის გამყარებას, მატერიალიზებას. ეს ყველაფერი განსაზღვრავს ასტრალური სხეულის ზრდისა და სიკვდილის მიზეზებს. 
 
5. როგორ გამოიხატება ხასიათობრივი მახასიათებლები ასტრალურ სხეულში?
  
იმისდა მიხედვით, თუ რომელი ელემენტი ჭარბობს ადამიანის ასტრალურ სხეულში, ჩვენ განსვასხვავებთ ოთხ ტემპერამენტსა და მახასიათებელს: 
 
1. ქოლერიკული ტემპერამენტი ცეცხლის ელემენტის ანალოგია. 
 2. სანგვინიკური ტემპერამენტი ჰაერის ელემენტის ანალოგია. 
 3. მელანქოლიური ტემპერამენტი წყლის ელემენტის ანალოგია.
 4. ფლეგმატური ტემპერამენტი მიწის ელემენტის ანალოგია. 
  
ცალკეული ელემენტების პოლარული ინტენსივობის შესაბამისად, ადამიანს გააჩნია მეტ-ნაკლებად გაწონასწორებული ხასიათი. 
 
6. რა არის ასტრალური აურა?
  
ასტრალური აურა შედგება სხვადასხვა ფერის ელემენტალური ატრიბუტების ემანაციებისგან, რომელსაც ტეტრაპოლარული ასტრალური მაგნიტის პოზიტიური და ნეგატიური პოლუსები წარმოქმნის. 
 
7. რა აკავშირებს ერთმანეთთან მენტალურ და ასტრალურ სხეულებს?
  
ელექტრომაგნიტური გავლენების შედეგად, მენტალური და ასტრალირი სხეულები ერთმანეთს მენტალური მატრიცის მეშვეობით უკავშირდება. 
 
8. ასტრალური სხეული მოკვდავია?
  
დიახ. ასტრალური სხეული მოკვდავია, რადგან იგი მარადიული სულისთვის მხოლოდ ინსტრუმენტს წარმოადგენს. 
  
9. რა ხდება, როცა მენტალური სხეული ასტრალურ სხეულს ტოვებს?
   
მენტალური სხეულის განცალკევების შემდეგ ასტრალური სხეული იმ ნივთიერებებად იშლება, რისგანაც თავად შეიქმნა. 
 
10. რა ფუნქციას ასრულებს ასტრალური სხეული, როდესაც გვძინავს?
  
ვინაიდან მატერიალურ და ასტრალურ სხეულებს იდენტური ფუნქციები გააჩნიათ, ძილის დროს სხეულთან ერთად ასტრალური სხეულიც ისვენებს. დასვენების პროცესში ასტრალური სხეული უფრო ინტენსიურად შეისუნთქავს იმ ასტრალურ ნივთიერებებს, რომლის ხარჯზეც ძლიერდება. გარდა ამისა, თავისი შეგრძნებებით ასტრალური სხეული ეხმარება ქვეცნობიერს თვითგამოხატვაში, რომლის აქტივობაც ყველაზე მაღალია ძილის დროს. 
  
11. ისაუბრეთ ასტრალური სხეულის ოკულტური უნარების შესახებ. 
  
ასტრალურ სხეულს შეუძლია გააჩნდეს შემდეგი ოკულტური შესაძლებლობები: ნათელმხილველობა, ნათელსმენა, ნათელშეგრძნება და ასევე პარანორმალური ყნოსვისა და დაგემოვნების უნარი. ეს ყველაფერი ერთად წარმოქმნის აბსოლიტურ ელემენტარულ წონასწორობას. მატერიალურ სხეულში ყოფნისას, ასტრალურ სხეულს შეუძლია დატოვოს ფიზიკური სხეული და გადავიდეს ასტრალურ სფეროში (ასტრალური მოგზაურობა). ასტრალურ სხეულს შეუძლია უჩინრად გახდომაც. 
  
მაგს შეუძლია ასტრალური კონტაქტის დამყარება ნებისნიერ ადამიანთან, ასევე საკუთარი ან სხვა ადამიანის წარსულის, აწმყოს და მომავლის შესახებ ზუსტი ინფორმაციის მიღება. 
  
ასტრალური სხეულის გაკონტროლება შესაძლებელია განზრახვის მეშვეობით. მას შეუძლია დაკავშირება ყველა უმაღლეს ღვთაებასთან და  ინტელექტუალურ ქმნილებასთან. ასტრალურ სხეულს, შესაბამისი განვითარების საფუძველზე შეუძლია ოთხივე ელემენტის კონტროლი და მათთან მუშაობა როგორც შინაგანად, ასევე გარეთაც. ასტრალური სხეული არის ინსტრუმენტი, რომელსაც აკონტროლებს აკაშას პრინციპი. სწორედ აკაშას პრინციპის მეშვეობით ხორციელდება ცნობიერად გამოწვეული ტრანსის მდგომარეიბა. 
 
12. რა შესაძლებლობები აქვთ ელექტრულ და მაგნიტურ ფლუიდებს ასტრალურ სხეულში?
  
ჩვენ შეგვიძლია ასტრალური სხეულის სითბოთი, სინათლით და ელექტრული ფლუიდით გაჟღენთვა; ასევე, შეგვიძლია მაგნიტური ფლუიდით, სიგრილით და შეკუმშვით კონდენსირებაც. ასტრალურ მატრიცას ორივე ატრიბუტი გააჩნია, ელექტრულიც და მაგნიტურიც. ნათელმხილველობა ასტრალური სხეულის ელექტრული უნარია, ნათელშეგრძნება კი მაგნიტური. ქოლერიკული, სანგვინიკური, მელანქოლიური და ფლეგმატური ტემპერამენტი საკუთარ თავს სულში გამოხატავს. 
   
აურა, რომელიც ფერად ატრიბუტებს გამოყოფს, ტემპერამენტის შესაბამისად შეიძლება იყოს ელექტრული ან მაგნიტური. ადამიანის სულში არსებობს ელემენტების ცენტრები; სამშვინველი ამ ცენტრებს კონკრეტული ამოცანების შესასრულებლად იყენებს. ჩაკრა სვადჰისტანა არის წყლის ელემენტის ცენტრი და მას აქვს მაგნიტური შესაძლებლობები. ჩაკრა მანიპურა ცეცხლის ელემენტის ცენტრია, მას ელექტრული შესაძლებლობები აქვს. ცენტრალური არხი, ანუ სუშუმნა უკავშირდება უმაღლეს ელემენტარულ ცენტრს - საჰრასრარა ჩაკრას, სხვა ელემენტარულ ცენტრებთან ერთად, რომელსაც მთლიანობაშო ლოტოსი ეწოდება; აქედან იგი კონტაქზე გადის აკაშას პრინციპთან, ე.წ "იდასთან" (ელექტრული ფლუიდი) და "პიდასთან" (მაგნიტური ფლუიდი).
   
13. როგორ გამოხატავს მსგავსი პოლარობა საკუთარ თავს ასტრალურ სხეულში?
  
ასეთი პოლარობა ტეტრაპოლარული მაგნიტის სხივებით გამოიხატება; ამის შედეგია ფერადი, მასხივებელი აურა. ნათელმხილველს შეუძლია პიროვნების აურის ფერთა გამის დანახვით ამოიცნოს, როგორი ძირითადი პიროვნული მახასიათებლები გააჩნია ადამიანს. 
  
14. რა არის ჰარმონია და დისჰარმონია ასტრალურ სხეულში?
 
ასტრალურ სხეულში ჰარმონია შეესაბამება ელემენტარულ წონასწორობას და ტეტრაპოლარულ მაგნიტში ელექტრული და მაგნიტური ფლუიდების უნისონს. დისჰარმონია არის ელემენტარული ატრიბუტების დისბალანსი და ელექტრული და მაგნიტური ფლუიდების არათანაბარი აქტივობა. ორივე მათგანი, ჰარმონიაც და დისჰარმონიაც, რათქმაუნდა აბსოლიტური კანონიერებისა და სამართლიანობის გამოხატულებაა. 
  
15. რა საშუალებით ხორციელდება გავლენა ასტრალურ სხეულზე?
  
ამის რამდენიმე საშუალება არსებობს: ინტროსპექცია, თვით-შთაგონება, ასტრალური ასკეტიზმი, სხვადასხვა სავარჯიშოები, ლოცვა, ღვთაებრივი იდეების განხორციელება და საკუთარი "მეს" გაცნობიერება. 
 
16. რა იგულისხმება ასტრალური სხეულის სიცოცხლისუნარიანობაში? 
  
ეს იგივე სასიცოცხლო ენერგიაა, რომელიც აკაშას პრინციპში ან სუშუმნაში მიედინება, როგორც ელექტრომაგნიტური ფლუიდი. სწორედ ეს სასიცოცხლო ენერგია ამარაგებს და აკავშირებს ყველა ელემენტარულ ცენტრს ადამიანის სულში. 
 
17. რისი მეშვეობით გამოხატავს მენტალური გავლენა საკუთარ თავს ასტრალურ სხეულზე?
  
ასეთი გავლენა მენტალური მატრიცის მეშვეობით ხორციელდება. 
 
18. რა არის ე.წ. "ასტრალური ფილტრი"?
 
ასტრალური ფილტრი არის იგივე სინდისი, აკაშას პრინციპი, რომლის მეშვეობითაც ყოველი აზრი, აღქმა, გარემოება, ემოცია და შთაბეჭდილება ფიქსირდება შესაბამის სფეროში.
 
19. ისაუბრეთ სითხის კონდენსატორებზე და მათ ეფექტზე ასტრალურ სხეულში.
 
სითხის, იგივე ფლუიდ კონდენსატორი, ჩვენთვის აღნიშნავს სპეციალური რეცეპტით შედგენილ თხევად, მყარ ან აირად ნივთიერებას, რომელშიც კონდენსირებულია ელექტრული და მაგნიტური ან უნივერსალური ელემენტარული ენერგიები. სითხის კონდენსატორები ასტრალური შეგრძნებების განვითარებას ემსახურება. 
 
 ჩვეულებრივი გამოყენებისთვის საკმარისია მარტივი სითხის კონდენსატორები, რომელთა დამზადებაც შედარებით ადვილია, მაგრამ, განსაკუთრებით ძლიერი ეფექტისათვის, (მაგ: ელემენტარის შექმნა, სურათის მაგიური დამუხტვა და ა.შ.) საჭიროა რთული სითხის კონდენსატორის შექმნა, რომლებიც ძირითადად მცენარეული ექსტრაქტებისგან მზადდება.
  
20. როგორ გამოიხატება დარღვევები ასტრალურ სხეულში?
  
ასტრალურ სხეულში დარღვევები სხვადასხვა დაავადების სახით ვლინდება, როგორიცაა: ეპილეფსია, მთვარეულობა, გაუწონასწორებელი ნეგატიური ატრიბუტები, უსუსურობა და სხვა სულიერი დაავადებები. ასეთი დაავადებები გამოწვეულია ელექტრული და მაგნიტური ფლუიდების სერიოზული დარღვევით, ამიტომ, ისინი დარღვევებს მენტალურ და ფიზიკურ სხეულებშიც იწვევენ. 
  
21. რა არის ასტრალური სამკურნალო მეთოდები? 
  
ჩვენ ვკურნავთ ასტრალურ დაავადებებს ინტენსიურად კონცენტირებული სასიცოცხლო ენერგიით, რომელსაც ვავსებთ პაციენტის სრული გამოჯანმრთელების სურვილით. სასიცოცხლო ენერგიის პროექციას და გამოხმობას ვახდენთ პირდაპირ სამყაროდან და მივმართავთ პაციენტის ასტრალურ სხეულზე, სასიცოცხლო ენერგიის ჩვენსავე სხეულში გავლის გარეშე. ამით ჩვენ თავიდან ვიცილებთ საკუთარი სიცოცხლისუნარიანობის დაქვეითებას და პაციენტის ავადმყოფობის გავლენას. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა დავინფიცირდეთ პაციენტის უარყოფითი ატრიბუტებით.
   
ზოგიერთი დაავადება, როგორიცაა მაგალითად მთვარეულობა და ეპილეფსია, შესაძლოა განიკურნოს იმ ფლუიდის გაძლიერებით, რომელიც პაციენტს აკლია. სადაც არ უნდა იყოს დარღვევა, ფიზიკურში, მენტალურში თუ ასტრალურ სხეულში, მაგს შეუძლია მათი აღმოფხვრა ელექტრული და მაგნიტური ფლუიდების ან ელემენტარული გავლენების შემცირებით ან გაძლიერებით.
 
22. რა არის ექსტერიორიზაცია? 
 
ექსტერიორიზაცია არის ასტრალური სხეულის ფიზიკური სხეულიდან ცნობიერი განცალკევება. პირველ რიგში, ჩვენ ვსწავლობთ ფიზიკური სხეულიდან მენტალური სხეულის განცალკევებას; შემდგომ, წარმოსახვისა და განზრახვის დახმარებით, ფიზიკური სხეულიდან ვანცალკევებთ ასტრალურ სხეულსაც; შემდეგ, ვაერთიანებთ მენტალურ და ასტრალურ სხეულებს ერთმანეთთან და ვიწყებთ ასტრალურ სხეულში სუნთქვას.  ამ მომენტიდან, ფიზიკური სხეული წყვეტს სუნთქვას.
   
ფიზიკური სხეული მენტალურ და ასტრალურ სხეულთან დაკავშირებულია ვერცხლისფრად მბზინავი სიცოცხლის ძაფით, (ასტრალური მატრიცა) თუ ამ სავარჯიშოს შესრულებისას ფიზიკურ სხეულს ვინმე შეეხება, სასიცოცხლო ძაფი მაშინვე გაწყდება და დადგება ფიზიკური სიკვდილი.
  
23. რა არის იდეალური ასტრალური სხეული?
   
იდეალური ასტრალური სხეული სრულიად ერთიანი ხდება ღმერთთან. 
  
24. ფიზიკური სხეულის გადმოსახედიდან, რა ფუნქციებს ასრულებენ ასტრალური და მენტალური სხეულები?
  
ასტრალური სხეული არის სამშვინველის ყველა ატრიბუტისა და ძალის ცენტრი. ეს არის მარადიული სულის ინსტრუმენტი ასტრალურ სფეროში და იგი თავისი შეგრძნებების მეშვეობით აღიქვამს ფიზიკურ სამყაროში ყველაფერს. ეს აღქმა გადადის მენტალურ მატრიცაში, საიდანაც ყოველი აზრი და შთაბეჭდილება სამშვინველის ცნობიერებისკენ მიემართება. სამშვინველი აზრებსა და შეგრძნებებს ასტრალური და ფიზიკური სხეულების დახმარებით ამუშავებს. 
  
25. როგორ მოქმედებს აკაშას პრინციპი ასტრალურ სხეულზე? 
  
აკაშა ასტრალურ სხეულზე საკუთარ გავლენას მარადიული სულის აქტიური ნების/განზრახვის ძალით ახორციელებს, - რომელიც აკაშას პრინციპის ნაწილია, - ამაში ერთვება წარმოსახვის ძალა და მანიფესტირებული რწმენა, შემოქმედებით ძალასთან ერთად. აკაშას პრინციპი ეფექტურია მენტალური მატრიცის ელექტრომაგნიტური ფლუიდის გავლით, (რომელიც საუკეთესო სულიერი სუბსტანციაა ადამიანში), იგი ასტრალურ სხეულში ყველაფერს ხელმძღვანელობს. 
  
26. რა არის ასტრალური სხეულის კარმა? 
  
ასტრალური სხეულის კარმა შედგება ყველა იმ მიზეზისგან, რომელიც ადამიანმა შექმნა საკუთარი თავისთვის ასტრალურ სფეროში. ეს მიზეზები, იქნება ეს ნეგატიური თუ პოზიტიური, იწვევს შესაბამის შედეგებს ასტრალურ სფეროში. ეს ყველაფერი ზედმიწევნით ჩაწერილი და რეგისტრირებულია ასტრალური სფეროს მიზეზობრივ სამყაროში. 
  
27. როგორ შეიძლება გახანგრძლივდეს ასტრალური სხეულის სიცოცხლე, და რას წარმოადგენს მისი განსაკუთრებული გავლენა სულიერებაზე?
  
ასტრალური სხეულის სიცოცხლის გახანგრძლივება შესაძლებელია ადამიანური არსების უწყვეტი გაკეთილშობილებით, სანამ არ მიიღწევა აბსოლიტური ელემენტარული წონასწორობა. ამავდროულად, ჩვენ ვაკეთილშობილებთ ფიზიკურ და მენტალურ სხეულებს, საიდანაც გავლენა ავტომატურად გადადის მენტალურ და ასტრალურ მატრიცაზე. როცა ეს პროცესი წარმატებით ხორციელდება, ფიზიკური, მენტალური და ასტრალური სხეულები აღწევენ სრული ჯანმრთელობის მდგომარეობას და შესაბამისად, მათი სიცოცხლეც უფრო ხანგრძლივი ხდება. 
 
28. ისაუბრეთ ასტრალურ სფეროზე და მასთან კავშირში მყოფ ასტრალურ სხეულზე.
  
ასტრალური სფერო არის ჩვენი თვალისგან უხილავი სამყარო, რომელიც შექმნილია აკაშას პრინციპის მეშვეობით, ტეტრაპოლარული მაგნიტის ელექტრული და მაგნიტური ფლუიდების ზემოქმედების შედეგად. 
  
ასტრალურ სფეროს მეოთხე განზომილებასაც უწოდებენ. მასში დევს ყველაფერი რაც უკვე მოხდა, ხდება ან მომავალში მოხდება. ამ სფეროში, ელექტრული და მაგნიტური ვიბრაციები გადაადგილდებიან და ვრცელდებიან. ყველაფერი, რაც მატერიალურ სამყაროში არსებობს, ასტრალურ სამყაროშიც არსებობს; იქ არის: სინათლე, სიბნელე, ხმა, ფერი, რიტმი - ცხოვრების მთელი სპექტრი. 
  
ასტრალური სფერო სივრცეში არსებობს. აქ იმყოფებიან გარდაცვლილ ადამიანთა სულები, ელემენტარები, ლარვები და ელემენტების უმაღლესი გამოვლინებები: ცეცხლის სალამანდრები, ჰაერის ფერიები, წყლის ქალთევზები და მიწის გნომები. არსებობენ სხვა არსებებიც: სატირები, სილვები, სპრაიტები და ასე შემდეგ.  
   
ასტრალური სხეული იგივე სუბსტანციისგან შედგება, რისგანაც ასტრალური სფერო, რადგან სხეული - სფეროს ანალოგიურია. ასტრალური სხეული ამ სუბსტანციისგან სუნთქვის მეშვეობით იკვებება. ასტრალურ სფეროში მცხოვრებ არსებებზე მოკვდავობის ჩარჩო მოქმედებს, მატერიალურ სამყაროში მოქმედი კანონის მსგავსად. 
  
29. რა არის ასტრალური სხეულის გენია?
   
ასტრალური სხეულის გენია იღვიძებს სამშვინველში უმაღლესი ღვთაებრივი სათნოებების დაგროვების მეშვეობით, რომლებიც ოთხ უნივერსალურ ელემენტს შეესაბამება.
  
30. რა არის მედიუმიზმი და სპირიტუალიზმი? 
  
მედიუმიზმი არის დამხმარე ატრიბუტი, რომელიც კონკრეტულ არსებებთან და ძალებთან პასიური კომუნიკაციის შესაძლებლობას იძლევა. ასეთი პროცედურა უნდა ჩატარდეს ჩვენი განზრახვისა და კონტროლის ქვეშ, წინააღმდეგ შემთხვევაში სეანსი გადაიქცევა უკონტროლო მედიტაციად, სადაც მოქმედებაში უხილავი სამყაროს უკონტროლო არსებები ჩაერთვებიან. ამ არსებების სპექტრს და მათთან კომუნიკაციის სფეროს სპირიტუალიზმი ეწოდება.
  
31. ისაუბრეთ ასტრალური სხეულის ღვთაებრივი ატრიბუტებით დატვირთვის შესახებ. 
  
ასტრალური სხეულის ღვთაებრივი ატრიბუტებით დატვირთვა ემსახურება საკუთარი არსების ოთხი უმაღლესი თვისებით აღვსებას: პირველია ყოვლისშემძლეობა, რომელიც ცეცხლის ელემენტს ეკუთვნის. მეორეა სიბრძნე და ყოვლისმცოდნეობა, რომელიც ჰაერის ელემენტს განეკუთვნება. მესამეა ყოვლისმომცველი სიყვარული, სიცოცხლე და უკვდავება, რომელიც წყლის ელემენტს ეკუთვნის. და ბოლო, მეოთხეა ყველგანმყოფობა, რაც მიწის ელემენტს ეკუთვნის. ეს არის უმაღლესი ღვთაებრივი იდეის ასტრალურ სხეულში მანიფესტაცია. 
  
32. რა არის მორალის ოკულტური დანიშნულება ასტრალურ სხეულში?
  
ჩვენ ასტრალურ სხეულს მარადიული სულის ყველაზე ლამაზ და წმინდა ინსტრუმენტად მივიჩნევთ. იგია აბსოლიტურად სუფთა პოზიტიური და ნეგატიური ატრიბუტების ცენტრი, რომელთაც გამუდმებით ვანვითარებთ საკუთარ არსებაში. ასტრალური სხეულის მორალსა და არსს გამოხატავს ძველი აღთქმის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სიტყვები, რომელსაც ღმერთი წარმოთქვამს: "მე ვარ, რომელიცა ვარ!" (გამოსვლა - 3:14).
 
33. რა არის ძილი? 
  
ძილი არის არაცნობიერი მდგომარეობა, რომლის დროსაც ფიზიკური და ასტრალური სხეულები ისვენებენ. ასეთ დროს სამშვინველში მუშაობს მხოლოდ ქვეცნობიერი, რომელიც დროსა და სივრცის გარეშე მოქმედებს. შთაბეჭდილებები, რომლითაც მენტალური სხეული დღის განმავლობაში იკვებებოდა, ძილის დროს ქვეცნობიერში გამოიხატება. ძილის პროცესში მენტალური სხეული იმუხტება და ივსება სასიცოცხლო ენერგიით, რომელიც "განახლებული ენერგიის" განცდას გვანიჭებს. საჭიროების შემთხვევაში, ქვეცნობიერი სიზმრის მეშვეობით გვაძლევს გამოსადეგ რჩევასაც, რაც ძირითადად ყოველდღიური ცხოვრების სტრუქტურასა და დაგეგმარებას ეხება. 
 
34. რა არის სიზმარი?
   
სიზმარი არის ჩვენი ქვეცნობიერის თვითგამოხატვის საშუალება, რომელიც აქტიურდება მაშინ, როდესაც ნორმალური ცნობიერება მიძინებულია და ისვენებს. როგორც წესი, სიზმარი იმ განცდების დამახინჯებული ანარეკლია, რომლებიც ჩვენს ატრიბუტებს, შესაძლებლობებს და სამშვინველის უნარებს წარმოადგენენ. ზოგჯერ სიზმარი სიმბოლოების დახმარებით გვაფრთხილებს. ისინი საუბრობენ ბუნების ენით, ანუ ხატ-სახეებისა და სიმბოლოების მეშვეობით. 
 
35. როგორ მუშაობს ქვეცნობიერი ასტრალურ სხეულში? 
  
ქვეცნობიერი ასტრალურ სხეულში ნეგატიური ატრიბუტების გამოვლენის გზით მუშაობს, როგორიცაა - ვნებები, უხამსი აზრები, წარმოსახვები და ხატ-სახეები, - რაც, რა თქმა უნდა არ არის საკმარისად კონდენსირებული იმისათვის, რომ მატერიალურ სამყაროში გამოვლინდეს. თუმცა, ქვეცნობიერს შეუძლია საკუთარი თავის ისეთ სიტუაციაში გამოხატვა, რომელიც ხელსაყრელ პირობებს ასრულებს მატერიალურ სფეროში გამოვლინების მიზნით.
  
36. როგორ ვლინდება ნეგატიური ატრიბუტები ასტრალურიდან მენტალურ და ფიზიკურ სხეულებში?  
  
დადებით ან უარყოფით შთაბეჭდილებებს, რომლებიც აზრებისა და ხატ-სახეების მეშვეობით აღიქმება, ერთდროულად ღებულობს ფიზიკური, მენტალური და ასტრალური სხეული. მენტალური მატრიცის დახმარებით, შთავეჭდიკება აღწევს ქვეცნობიერამდე,  რომელიც ჩვენი სურვილის საპირისპიროდ, ცდილობს მის რეალიზებას. გააჩნია რომელ სხეულში სურს ქვეცნობიერს შთავეჭდიკების რეალიზაცია, ფიზიკურში, ასტრალურში თუ მენტალურში. ეს ყველაფერი პრაქტიკულად და ავტომატურად ხორციელდება ტეტრაპოლარული მაგნიტის უნივერსალური ელემენტების მიერ, მათივე ფუნქციების შესაბამისად. აქ წარმმართველი ძალა არის ქვეცნობიერი. 
  
37. როგორ მანიფესტირდება მენტალურ სხეულში ან მენტალურ სფეროში წარმოქმნილი პოზიტიური ან ნეგატიური სიტუაცია ასტრალურ სხეულში და შემდგომ, მატერიალურ სამყაროში?
  
1. პირველ რიგში, კონკრეტული აზრი თავდაპირველად ჩნდება ჩვენს ინტელექტში, ანუ მენტალურ სფეროში. არ არის აუცილებელი ეს მაინცდამაინც აზრი იყოს, შესაძლოა წარმოსახვას ან რაიმე ხატ-სახეს ჰქონდეს ადგილი. ძირითადად, ასეთი აზროვნების პროცესი მიეკუთვნება ჰაერის ელემენტის საქმიანობის სფეროს. ამავდროულად, აზრი ღებულობს საკუთარ შეფერილობას, მისი შინაარსის შედეგად წარმოქმნილი ემოციის შესაბამისად; ანუ, აქ უკვე აქტიურდება წყლის ელემენტიც. როდესაც საქმე გვაქვს აქტიური ატრიბუტის გამოხატვასთან, ჩვენი განზრახვა და რწმენა ავითარებს ამ კონცეფციას წარმოსახვის მეშვეობით და მენტალური მატრიცის დახმარებით გადასცემს ამ ყველაფერს ცნობიერებას. 
  
ცნობიერების ინტენსიური ეფექტურობის გამო, აზრი ან შთაბეჭდილება ასტრალური მატრიცის გავლით ხვდება ასტრალურ სფეროში. ასტრალურ სფეროში შთაბეჭდილება ხვდება ელექტრული და მაგნიტური ფლუიდების გავლენის ქვეშ, - სადაც ჰაერის ელემენტი ნეიტრალიზდება და მყარდება მიწის ელემენტში. სამშვინველი ამ საქმიანობით კავდება ასტრალური სფეროს სივრცეში. 
  
უკვე იქამდე მივედით, რომ ელემენტები, რომელთაც ეს სიტუაცია ჩამოაყალიბეს, იწყებენ კონდენსაციას, ანუ ძლიერად გამყარებას. როცა ეს მოხდება, სიტუაცია ნამდვილ მოვლენად მანიფესტირდება მატერიალურ სფეროში. 
  
ეს არის მანიფესტაციის პროცესი მიზეზობრივი სამყაროდან მატერიალურ სამყარომდე.
 
2. როდესაც ასტრალურ სფეროში რაღაც სიტუაციას პასიური მანერით ვქმნით, ვიყენებთ იგივე პროცესს, რაც აქტიური მანერის დროს მიმდინარეობს. მაგრამ, ნაცვლად იმისა, რომ ვიმუშაოთ განზრახვასთან, წარმოსახვასთან და ნორმალურ ცნობიერებასთან, ჩვენი ქვეცნობიერი მუშაობს პასიური ატრიბუტებით, შესაფერის გარემოში და ხელსაყრელი პირობებით. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია დადებითის უარყოფითისგან განსხვავება და ბრძოლა უარყოფითის წინააღმდეგ. არასოდეს უნდა დავუშვათ, რომ ნეგატივი გახდეს დომინანტი ჩვენს არსებაში. 
  
38. რა სახის გავლენების განხორციელება შეუძლიათ სხვადასხვა არსებებს ასტრალურ სხეულზე? 
  
უხილავი სამყაროს ქმნილებებსა და არსებებს არანაირი გავლენის განხორციელება არ შეუძლიათ მაგის ასტრალურ სხეულზე, - იმ პირობით, როდესაც ისინი მაგის განზრახვისა და კონტროლის ქვეშ არიან და კავშირი მხოლოდ კეთილშობილური მიზნებისათვის გამოიყენება. მფარველი სულებისა და უმაღლესი ინტელექტის მქონე არსებების შემთხვევაში, მათ შეუძლიათ გავლენის განხორციელება, - კარგი გაგებით. ისინი შეასრულებენ მაგის სურვილებს, გააუმჯობესებენ მაგის ჯანმრთელობას, ოკულტურ უნარებს, ატრიბუტებს და ასე შემდეგ. 
  
სპირიტუალი მედიუმების შემთხვევაში, როდესაც ისინი კავშირს ამყარებენ გარდაცვლილ ადამიანებთან, მათ ფანტომებთან, ლარვებთან ან დაბალი რანგის არსებებთან, ასტრალურ სხეულზე განხორციელებული გავლენა, პოზიტიურთან ერთად, შეიძლება ძალიან ნეგატიურიც გამოდგეს.
  
39. რა არის ჩაკრები ასტრალურ სხეულში?
  
ინდური ფილოსოფიის მიხედვით, ეს არის ელემენტარული ცენტრები ასტრალურ სხეულში, რომლებიც მიმართულია უმაღლესი ელემენტარული ცენტრისკენ, - რასაც საჰრასრარა ჩაკრას ან ათასფურცლოვან ლოტოსს უწოდებენ. ყოველი ჩაკრა ერთმანეთთან დაკავშირებულია აკაშას პრინციპით. 
 
40. რა არის იდა, პინგალა და სუშუმნა ასტრალურ სხეულში და რა არის მათი ფუნქცია ასტრალური სხეულის გადმოსახედიდან? 
  
იდა არის ელექტრული ფლუიდი, ხოლო პინგალა მაგნიტური ფლუიდი. სუშუმნა არის იგივე აკაშას პრინციპი. იდა და პინგალა შეესაბამება ტეტრაპოლარულ მაგნიტს, მათში არსებული პოლარობის გამო. ისინი აძლიერებენ ელემენტარულ ცენტრებს ასტრალურ სხეულში და აკაშასთან ერთად ქმნიან ჩვენი სასიცოცხლო ენერგიის კვინტენსეციას. 
  
41. როგორ გამოხატავს საკუთარ თავს ოთხი ღვთაებრივი თვისება საშუალო სტატისტიკურ ადამიანში და სრულყოფილ ადამიანში? 
  
საშუალო სტატისტიკური ადამიანისთვის ოთხი ღვთაებრივი თვისება მისი პიროვნების გარეთ არსებობს. შესაბამისად, მისი რელიგიური ცნება ღმერთის შესახებ არის ყოვლისშემძლეობა, ყოვლისმცოდნეობა, სიყვარული და ყველგანმყოფობა, რომელიც სამოთხეში მყოფ ღმერთს გააჩნია. ასტრალურ სხეულში ეს თვისებები გამოიხატება როგორც რწმენა, ინტელექტი, სიყვარული, ერთგულება და ცნობიერება. 
  
სრულყოფილმა ადამიანმა ღმერთთან იდენტიფიკაციის გზით საკუთარ არსებაში გააერთიანა და გაააქტიურა ოთხივე ღვთაებრივი თვისება, რომელიც ნაბიჯ-ნაბიჯ მოიპოვა სრულყოფის გზაზე.  ეს არის ასტრალური სხეულის გამოვლინების მაქსიმალური ფორმა. 
  
42. ისაუბრეთ ნათელმხილველობისა და ნათელსმენის პრობლემატური ბუნების შესახებ. როგორია მათი განვითარება და საბოლოო პათოლოგიური შედეგები? 
  
ნათელმხილველობა და ნათელსმენა არის ოკულტური ხედვისა და სმენის უნარი დროსა და სივრცის მიღმა. მნიშვნელობა არ აქვს, ვეხებით წარსულს, აწმყოს თუ მომავალს. არსებობს ნათელმხილველობის სხვადასხვა სახეები:
 
1. საუკეთესო შემთხვევად ითვლება ნათელმხილველობის თანდაყოლილი უნარი.
 
2. ნათელხილვა შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა დაავადებამ, ტვინის შერყევამ ან ფსიქიკის შოკურმა მდგომარეობამ. იგივე ვლინდება ინსულტის ან ემოციური აშლილობის შედეგად. ასეთ შემთხვევებში ნათელხილვა ხორციელდება დამოუკიდებლად, სხვა არსებების დახმარების გარეშე. ძალდატანებითი ნათელხილვის მაგალითებად ითვლება  ხილვები სხვადასხვა ჰალუცინოგენური საშუალებების გამოყემების შედეგად, როგორიცაა ჰაშიში, პეიოტი, ოპიუმი და ასე შემდეგ. ყველა შემთხვევა, რომელიც აქ არის ჩამოთვლილი, საზიანოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის ყოველი სფეროს ყველა სხეულში. ასეთი ექსპერიმენტები ხშირად სრულდება ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოხვედრით. ვისაც ნათელმხილველობის უნარის მიღწევა სურს, არასოდეს გამოიყენოს ასეთი მავნე და საეჭვო საშუალებები. 
  
3. კიდევ ერთი მეთოდი არის მხედველობის დროებითი ან სამუდამო დაქვეითება. მაგიურ სარკეში ან ბროლის ბურთში ყურებამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს ნათელმხილველობა. ნათელხილვისას, არ უნდა მოხდეს მხედველობის ნერვების გაღიზიანება. სარკეები და ბროლები წარმოადგენენ მხოლოდ დამხმარე საშუალებებს და ყველაფერი დამოკიდებულია განდობილის სიმწიფის ხარისხზე.
  
4. არსებობს ნათელხილვის განვითარების ჰერმეტული მეთოდიც, რომელიც შეესაბამება განვითაების სიმწიფეს და დამოკიდებულია სავარჯიშოების წარმატებით შესრულებაზე. სავარჯიშო ტარდება თვალებში უნივერსალური სინათლის დაგროვების გზით და აქტიური წარმოსახვის დახმარებით. შეგვიძლია გამოვიყენოთ ნათელხილვის დაუფლებაში დამხმარე კარგი საშუალება - სითხის კონდენსატორიც, რომელიც კონკრეტულად ამ მიზნისთვის, სპეციალური რეცეპტით არის შექმნილი.
 

 

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff