თავი მესამე
თავი მესამე
კითხვები და კომენტარები მატერიალური სფეროს შესახებ
1. ისაუბრეთ ფიზიკურ სხეულზე და მის ანატომიაზე.
ფიზიკური სხეული აკაშას პრინციპის მეშვეობით წარმოიქმნება, - მისი ელექტრული და მაგნიტური ფლუიდების ზემოქმედებით. ყველაფერი, რაც ხდება და არსებობს მაკროკოსმოსში, ასევე იდენტურად ხდება და არსებობს მიკროკოსმოსშიც ანუ ადამიანის სხეულშიც. ღვთაებრივი განგებულება ადამიანის არსებაში ყველაფერს ირეკლავს. ჯანმრთელობა ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია ჩვენს სხეულში. ჰერმეტისტული თვალსაზრისით, ნამდვილი ჯანმრთელობა სხეულში არსებული ყველა ფუნდამენტური აქტიური და პასიური ძალის სრულ ჰარმონიასთან და ელემენტების წონასწორობასთან ასოცირდება. სრული ჯანმრთელობის მისაღწევად, აუცილებელია ელემენტარული წონასწორობის შენარჩუნება ჩვენს ორგანიზმში.
ადამიანის სხეული იკვებება და ნარჩუნდება ჭამისა და სუნთქვის მეშვეობით, რაც ორგანიზმში წვის პროცესს იწვევს. სხეულის სიცოცხლე კვებასა და სუნთქვაზეა დამოკიდებული. თუმცა, ჩვენი საზრდო თითქმის ყოველთვის ელემენტარული ნივთიერებების არარეგულარულ პროპორციებს შეიცავს. ყოველი საკვები ინგრედიენტი ერთი კონკრეტული ელემენტის ძლიერ კონდენსაციას შეიცავს, მაგალითად: წიწაკა კონცენტრირებული ცეცხლის ელემენტია, კიტრი წყლის, ლიმონი ჰაერის, ხოლო კარტოფილი მიწის. ჩვენ უნდა მივირთვათ სხვადასხვა სახის საკვები, რათა ყველა ელემენტმა საწვავის საჭირო რაოდენობა მიიღოს. ხშირად ერთი და იგივე საკვების მიღება ავადმყოფობის მიზეზად იქცევა, რადგან ასეთ დროს საკმარისად ვერ იკვებებიან ჩვენს ორგანიზმში არსებული სხვა ელემენტები.
ადამიანის ორგანიზმში ელემენტები შემდეგნაირად არიან განლაგებულნი: ცეცხლის ელემენტი თავშია, ჰაერის ელემენტი გულ-მკერდის მიდამოში, წყლის ელემენტი მუცლის არეში იმყოფება, ხოლო მიწის ელემენტს დანარჩენი სხეული, ხელები, ფეხები, კუნთები და ძვლები ეკუთვნის. ამ ელემენტებს ან კონსტრუქციული ფუნქცია გააჩნიათ, ან დამაბალანსებელი, ან დესტრუქციული. ცეცხლის ელემენტი კონსტრუქციულ ასპექტში ენთუზიაზმს და ძლიერ განზრახვას იძლევა, დესტრუქციულ ასპექტში კი უკონტროლო სიბრაზეს და ნგრევას. წყლის ელემენტი კონსტრუქციულად სიყვარულის და სიმშვიდის მომნიჭებელია, დესტრუქციულად კი მწუხარების, მოწყენილობის, დეპრესიისა და სიკვდილის მიზეზი ხდება. ჰაერის ელემენტი ნეიტრალურია, ის ცეცხლსა და წყალს აბალანსებს, რისი მიღწევაც გაცნობიერებული სუნთქვითაა შესაძლებელი. მიწის ელემენტი ოთხივე ელემენტს აერთიანებს და იწვევს მათ გამყარებას. დადებით ასპექტში იგი ხელს უწყობს ზრდასა და სხეულის გაფურჩქვნას, ხოლო უარყოფით ასპექტში იწვევს სიბერეს, უძლურებას და სიკვდილს. მიწის ელემენტი ადამიანის სხეულში ტეტრაპოლარული მაგნიტის როლს ასრულებს, რომელიც ელექტრომაგნიტური ფლუიდის მეშვეობით, ყველა დანარჩენ ელემენტს უფრო მეტ ეფექტურობას ანიჭებს. ჰერმეტისტულ მეცნიერებაში, ელექტრული და მაგნიტური ფლუიდების ფუნქციონირების ცოდნას, სხეულის საიდუმლო ანატომიას უწოდებენ.
2. როგორ ნარჩუნდება ფიზიკური სხეული?
ფიზიკური სხეული სუნთქვის და საკვების შედეგად გამოწვეული წვის პროცესის შედეგად ნარჩუნდება.
3. როგორ იყრის თავს ერთ სხეულში ერთდროულად ფიზიკური, ასტრალური და მენტალური სხეულები?
მატერიალურ და ასტრალურ სხეულებს ასტრალური მატრიცა ინარჩუნებს. ასტრალურ და მენტალურ სხეულებს მენტალური მატრიცა ინარჩუნებს. ხოლო ორივე შემთხვევაში ეს ელემენტების გავლენის მეშვეობით ხორციელდება.
4. ისაუბრეთ სხეულში არსებული ელემენტების ეფექტურობის შესახებ.
ადამიანის სხეულში ეფექტურია ცეცხლის, ჰაერის, წყლის, მიწის და აკაშას უნივერსალური ელემენტები. ცეცხლის ელემენტი თავშია, - ყველაფერი აქტიური სწორედ ამ მიდამოში ხდება. ჰაერის ელემენტი გულ-მკერდში ჭარბობს, რომელიც სუნთქვით ავტომატურად აწონასწორებს ცეცხლის და წყლის ელემენტის ეფექტს. წყლის ელემენტი ეფექტურია მუცლის არეში, სადაც ქიმიურად ამუშავებს თხევად ნივთიერებებს. ზემოთ აღნიშნული ელემენტები მიწის ელემენტის მეშვეობით ინახება დანარჩენ სხეულში, მაგრამ ძირითადად ხორცში, კუნთებსა და ძვლებში. სიმტკიცისა და შეკუმშვის გავლენით, მიწის ელემენტი ზღუდავს სხვა ელემენტებს მათ საქმიანობაში. აკაშას პრინციპი გამოიხატება სიცოცხლისუნარიანობაში, რაც ნიშნავს სისხლისა და სპერმის ეფექტურობას.
5. ისაუბრეთ ელექტრული და მაგნიტური ფლუიდების გავლენაზე.
თუ ელექტრული ფლუიდის გავლენის ქვეშ ვიმყოფებით, ეს ნიშნავს, რომ ჩვენში უფრო ეფექტურია ცეცხლის ელემენტი. ასეთ დროს ვართ უფრო აქტიურები, უფრო გულმოდგინედ ვმუშაობთ, ანუ შინაგანად ჩვენში ცეცხლის ელემენტი აქტიურობს.
მაგნიტური ფლუიდი სიცივეს და შეკუმშვას წარმოქმნის.
6. რა განსხვავებები არსებობს ელექტრულ და მაგნიტურ ფლუიდებს შორის?
ელექტრული გავლენა საკუთარ თავს გამოხატავს ქოლერიკულ ტემპერამენტსა და განზრახვაში. მაგნიტური გავლენა გამოიხატება მელანქოლიურ ტემპერამენტსა და რწმენაში. ადამიანის სხეულის ზედაპირზე, ელექტრომაგნიტური ფლუიდი ეფექტურია, როგორც სასიცოცხლო მაგნეტიზმის გამოსხივება. სხეულის მარჯვენა მხარე (მემარჯვენეებში და არა ცაციებში) არის აქტიური ანუ ელექტრული, ხოლო მარცხენა მხარე პასიური ანუ მაგნიტური. პირიქითაა ცაცია ადამიანებში.
ელექტრული ფლუიდი მდებარეობს ყველაფრის ცენტრში, რაც კი შექმნილა; ანუ, იგი არსებობს დედამიწის ცენტრშიც, ხოლო მაგნიტური ფლუიდი მის ზედაპირზე მოქმედებს, ისევე როგორც ყველაფრის ზედაპირზე, რაც კი შექმნილა. ელექტრული ფლუიდი საკუთარ თავს გამოხატავს სითბოთი და გაფართოებით, ხოლო მაგნიტური ფლუიდი სიცივით და შეკუმშვით. ამ ორ ფლუიდს შორის არსებული განსხვავება და ურთიერთდამოკიდებულება იწვევს მიზიდულობის ძალას (გრავიტაციულ წნევას). ელექტრული ფლუიდი წარმოქმნის მჟავას ყველა ორგანულ ან არაორგანულ სხეულსა და ნივთიერებაში, ქიმიური და ალქიმიური გადმოსახედიდანაც. მაგნიტური ფლუიდი კი ყველაფერში ტუტეს წარმოქმნის.
7. როგორ შეიძლება გავლენა მოვახდინოთ მატერიალურ სხეულზე? (ევქარისტია).
ფიზიკურ სხეულზე გავლენის მოხდენა შესაძლებელია ჰაერის, წყლის და საკვების დახმარებით; როდესაც ჩვენ ჩავუთქვამთ სხეულის გაკეთილშობილების სურვილს ჰაერს, წყალსა და საკვებს, რათა მივაღწიოთ უმაღლეს მიზანს, მოვიპოვოთ ელემენტარული წონასწორობა და ასე შემდეგ. ამ გზით შესაძლებელია ჯანმრთელობის, სიმშვიდის, წარმატების, ენერგიის და მსგავსი წყალობების მოპოვება. აკაშას პრინციპს სურვილი გადააქვს შესაბამის სუბსტანციაში; სუნთქვისას ეს იქნება ჰაერი, სითხის დალევისას ან ბანაობისას წყალი, ხოლო კვებისას საკვები, რაც ჩვენს ორგანიზმსა და სისხლს შესაბამისი სურვილის ვიბრაციებით ამდიდრებს. აქედან სურვილი ელექტრომაგნიტური ფლუიდის და მენტალურ-ასტრალური მატრიცის მეშვეობით გადადის სულის ცნობიერებამდე, უმაღლეს აკაშას ორგანომდე, რომელიც აცნობიერებს ჩვენს სურვილს და ახდენს მის რეალიზაციას.
8. როგორ გამოიხატება პოლარობა ქალსა და მამაკაცში?
პოლარობა მამაკაცში გამოიხატება შემოქმედებითი უნარით, ხოლო ქალში შვილების გაჩენის უნარით. ასეთი პოლარობა სქესობრივ კავშირსაც ეხება. მამაკაცში დადებით შემოქმედებით ძალას მისი სასქესო ორგანო წარმოადგენს, ისევე როგორც ქალის სასქესო ორგანო წარმოადგენს პასიურ ძალას.
9. ისაუბრეთ სექსუალური მაგიის შესახებ.
მაგო-სექსუალური ოპერაცია, რომელშიც ვათავსებთ ყველაზე სუფთა, ყველაზე კეთილშობილურ სურვილსა და მიზანს, არის წმინდა აქტი; ესაა ლოცვა, რომლითაც ჩვენ კოსმიური სიყვარულის იმიტაციას ვახდენთ, რადგან კოსმოსში წარმოქმნილი ყოველი დეტალი, სიყვარულის აქტის შედეგად ქცეული რეალობის ნაწილია. სექსუალური მაგია არის ყველაზე ძლიერი მაგიური ინსტრუმენტი რაც კი ხელთ გაგვაჩნია და იგი სიყვარულის უნივერსალურ კანონს ემყარება.
ასეთი კავშირის დროს, ორმაგი პოლარობის გადაჭარბებულად დაძაბული ენერგიები ახდენენ უზარმაზარ ეფექტს, რომელიც პარტნიორებს შორის ურთიერთობისას მოქმედებაში შემოდის. ეს არ ნიშნავს ახალი სიცოცხლის დაბადებას, არამედ ნიშნავს სასურველი შედეგის მანიფესტაციას, რა მიზნითაც ხორციელდება სიყვარულის აქტი. ტეტრაპოლარული მაგნიტი იოდ-ჰე-ვაუ-ჰე, ამ წმინდა აქტის დროს ფუნქციონირებს როგორც უძლიერესი ვოლტი და იგი შემოქმედებაში სიყვარულის მისტერიის უმაღლეს საიდუმლოს ეკუთვნის.
10. რას წარმოადგენენ ფიზიკური მატერიის ფუნდამენტური კანონები?
ფიზიკური მატერიის ფუნდამენტური კანონებია: დრო, სივრცე, წონა და ზომა. ესენია ტეტრაპოლარული მაგნიტის შემოქმედებითი აქტივობის ეფექტები.
11. რა არის დაავადება ჰერმეტული თვალსაზრისით და როგორ შეიძლება მასზე გავლენის მოხდენა?
ადამიანის სხეულში დაავადების მიზეზი შეიძლება რამდენიმე ფაქტორმა წარმოქმნას. ესენია: დარღვევები ფიზიკურ, ასტრალურ ან მენტალურ სხეულში, ელემენტალური ფუნქციების დისბალანსი და ელექტრომაგნიური ფლუიდების მოშლა სამი სხეულიდან რომელიმეში ან ყველაში ერთად. ასევე, დაავადება შეიძლება იყოს კარმის შედეგი. ბუნებრივი განკურნების პროცესის გარდა, გამოჯანმრთელების მიღწევა შესაძლებელია ელემენტების ან ელექტრომაგნიტური ფლუიდის დახმარებით. არსებობს დაავადებების განკურნების ან მათი გამოწვევის მრავალი საშუალება: უხილავი სამყაროს არსებების დახმარება, მუმიალური მაგია, ნეგატიური მდგომარეობა, ასკეტიზმი, ვამპირიზმი, აბსტრაქტული წარმოსახვა, სექსუალური მაგია, პრანა (სასიცოცხლო ენერგია), ლოცვა, კაბალისტური რიტუალები და ასე შემდეგ.
12. ჰერმეტული თვალსაზრისით, რა არის სისხლი და სპერმა?
სისხლი და სპერმა აკაშას პრინციპის მატარებელია. ორივე მათგანის ნიშანთვისება გამოიხატება სიცოცხლისუნარიანობაში.
13. მატერიალური საქმიანობა აკაშას სფეროში როგორ რეგისტრირდება?
ფიზიკური სამყაროს მიზეზობრივ სფეროში ყველა ქმედება ერთდროულად აღირიცხება როგორც მიზეზი და ეფექტი.
14. როგორ შეიძლება დავინახოთ წარსული, აწმყო და მომავალი?
ეს ხორციელდება ნათელმხილველური უნარის განვითარების შედეგად და მაგიური სარკის დახმარებით, როდესაც მაგი მიზანმიმართულად იწვევს საკუთარ თავში ტრანსის მდგომარეობას. ამ გზით მას აკაშას პრინციპში შეუძლია დაინახოს ნებისმიერი ადამიანის წარსული, აწმყო და მომავალი.
15. როგორ ხორციელდება ფიზიკურ ასპექტში ადამიანის მიზანმიმართული განკურნება?
ასეთ დროს მაგის მთელი სხეული ან მხოლოდ ხელები იჟღინთება სასიცოცხლო ენერგიით და ამ გზით გადაეცემა დაავადებულის სხეულის ნაწილს ან კონკრეტულ ორგანოს.
16. როგორ ემზადება სხეული ასტრალური კონტაქტისათვის?
ასტრალურ სფეროში მოსახვედრად ჩვენი სხეული სავსე უნდა იყოს ასტრალური სუბსტანციისგან, სხვა სიტყვებით, აკაშას იმ ნაწილისგან, რომელიც სივრცეში ასტრალური სინათლის ელექტროობასა და მაგნეტიზმს შეიცავს.
17. როგორ შეიძლება სხეულის გაახალგაზრდავება? ისაუბრეთ ასეთი მეთოდების, კანონებისა და პირობების შესახებ.
ფიზიკური სხეულის გაახალგაზრდავება შესაძლებელია სიცოცხლის ელექსირის მეშვეობით. ესენციები გამოიყენება მენტალური სფეროსთვის, ნაყენები ასტრალური სფეროსთვის, ხოლო მარილები ან ექსტრაქტები მატერიალური სფეროსთვის. ალქიმიკოსთა მიხედვით, ე.წ. "ფილოსოფიური ქვა", "წითელი ნაყენი" ან "მწვანე ლომი" წარმოადგენს ოთხივე ელემენტის კონცენტრირებულ ენერგიას, რომელსაც ემატება მეხუთე, ელემენტთა კვინტენსეცია. ასეთი ნაყენის გამოყენება არამარტო ნებისმიერ დაავადებას კურნავს, არამედ აახალგაზრდავებს მთელს სხეულსაც.
ასტრალური ელექსირები ალქიმიურ აკუმულატორებს წარმოადგენენ. ისინი ელემენტალური წინასწორობის მიღწევას ემსახურებიან. ასტრალური სხეულის გაახალგაზრდავება ცეცხლის ელემენტით ხორციელდება. ასტრალური მანერით გაახალგაზრდავება ყველაზე ეფექტურ და უსაფრთხო საშუალებად ითვლება.
ალქიმიკოსს ან ჰერმეტისტ ადეპტს, რომელიც ელემენტებს სრულყოფილად აკონტროლებს, შეუძლია გამაახალგაზრდავებელი ელემენტალური ატრიბუტების ელექსირებში ან ესენციებში მოთავსება. ასეთი ელექსირები მაგიურად ძალიან ეფექტურები არიან და მოქმედებენ სამივე სხეულზე (ფიზიკურზე, ასტრალურზე და მენტალურზე).
მენტალური ელექსირი წარმოადგენს იდეალურ და უაღრესად ინტელექტუალურ რეცეპტს, რომელიც ცოცხალი წარმოსახვისა და აზროვნების ძალებს აღადგენს. მისი გამოყენებისას ადამიანის შეგრძნებებიც ორმაგდება და ცოცხლდება. მენტალური ელექსირის გამოყენებისას შესაძლებელია აზრის მატერიალიზაციის ეფექტის გაზრდა.
ჰერმეტისტ ადეპტს, რომელსაც ელექსირების ეფექტით ბოლომდე დატკბობა სურს, კარგად უნდა ესმოდეს ელემენტების ანალოგია და სრულყოფილად უნდა ფლობდეს ყველა ელემენტს. ჩვენ შეგვიძლია ფიზიკურ და ასტრალურ სხეულებს გაახალგაზრდავებისკენ მოვუწოდოთ ავტოსუგესტიის (თვითშთაგონების) გზითაც.
მაგრამ, აქ ერთი გაფრთხილება აუცილებლად გასათვალისწინებელია. ფიზიკური და ასტრალური სხეულების გაახალგაზრდავება ჩრდილოვანი მხარეა და მას განსხვავებული შედეგიც აქვს. უნივერსალური კანონების შესაბამისად, ჩვენ გაახალგაზრდავების პროცესში ვუბრუნდებით ჩვემი ახალგაზრდობის წლებს, და აქ მხოლოდ ფიზიკური სხეულიდან ნაოჭების გაქრობა არ იგულისხმება; მიაქციეთ ყურადღება, რომ ეს ეხება ასტრალურ და მენტალურ სხეულებსაც, ანუ გაახალგაზრდავების პროცესში ჩვენ ვკარგავთ იმ დროის განმავლობაში დაგროვებულ ჰერმეტულ ცოდნასა და გამოცდილებას, რა დროის შუალედშიც გვინდა უკან დაბრუნება. ნებისმიერმა განდობილმა მკაფიოდ გაიაზროს ეს საკითხი, უღირს თუ არა რამდენიმე წლით გაახალგაზრდავების მიზნით ამხელა სულიერი საფასურის გადახდა.
18. ისაუბრეთ მატერიალურ და მენტალურ სხეულებზე სტიმულატორების ზემოქმედების შესახებ.
სტიმულატორები თრგუნავენ აზროვნებას და იწვევენ არასასურველ ჰალუცინაციებს, რაც უმეტესად მენტალურ სფეროში ელექტრული და მაგნიტური ფლუიდების დარღვევით გამოიხატება. ხანდახან ამან შეიძლება გამოიწვიოს სენსორული ორგანოების მოშლა, ანუ ადამიანი შესაძლოა აღმოჩნდეს მეოთხე განზომილებაში. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რის მიღწევას ცდილობს პიროვნება სტიმულანტების გამოყენებით. ასეთ დროს მცირე ხნით შეიძლება განვითარდეს ნათელმხილველობა, ნათელსმენა ან ნათელშეგძნება.
როგორც წესი, დაბალ ასტრალურ არსებებს მოსწონთ ასეთი შესაძლებლობები. ისინი ხშირად ჩნდებიან მედიუმურ ასპექტში, რაც პიროვნების მხრიდან ყოველგვარი კონტროლის გარეშე ხორციელდება. სტიმულანტების მიერ წარმოქმნილი მდგომარეობა ყოველთვის საზიანოა, რადგან იგი წარმოიქმნება მოულოდნელად და დაძალებით, არაბუნებრივი გზით. ასეთი შემთხვევები მენტალურ შეგრძნებებზე (აზროვნება, ჰაერის ელემენტი და მისი ასპექტები) სერიოზულ გავლენას ახდენს.
ფიზიკური, ასტრალური და მენტალური სხეულები დუნდება მანამ, სანამ მდგომარეობა არ გადაიქცევა შესამჩნევ ფიზიკურ, ასტრალურ ან მენტალურ დაავადებად.
19. ისაუბრეთ სხეულში არსებული ჰარმონიისა და დისჰარმონიის შესახებ.
ჰარმონია არის სხეულში არსებული ყველა ელემენტის უნისონში ფუნქციონირება. სხეულის ჯანმრთელობა გამოიხატება სულისა და სამშვინველის ჯანმრთელობაში, სილამაზესა და ენერგიულობაში.
დისჰარმონია გამოიხატება სხეულში ელემენტების ფუნქციონირების დარღვევით. თუ დაავადება უკვე შეინიშნება, ეს ნიშნავს რომ საქმე გვაქვს რომელიმე ელემენტის სერიოზულ და თვალსაჩინო დარღვევასთან. ჰარმონიაც და დისჰარმონიაც კანონიერების გამოხატულებაა.
20. რა არის ახალგაზრდობა და რა არის სიბერე?
ახალგაზრდობა არის ადამიანური სხეულის გამვითარების საწყისი ეტაპი სქესობრივ მომწიფებამდე. ამ დროს სხეული იზრდება და ძალას იძენს; ამავდროულად ვითარდება შეგრძნებებიც და სხვადასხვა პიროვნული ატრიბუტებიც. სროლწლოვანობის ასაკამდე ბავშვის აღმზრდელები პასუხისმგებლები არიან მის განვითარებაზე, ხოლო დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყების შემდეგ, პიროვნება თავად ხდება საკუთარ შეგრძნებებზე, აზრებსა და გრძნობებზე პასუხისმგებელი. ამ დროიდან, ადამიანი აწარმოებს საბედისწერო მიზეზებსა და შედეგებს აკაშას პრინციპში. ზრდის პროცესში ყველა ელემენტი პიროვნების ჩამოყალიბებაზე მუშაობს, განსაკუთრებით კი მიწის ელემენტი, რომელიცსხეულის ზრდის პროცესს არეგულირებს.
სიბერე არის სხეულის სიკვდილის ეტაპის შემადგენელი პროცესი, რომელიც ვითარდება მიწის ელემენტის დაშლის აქტივობის გამო. ეს ეტაპი გამოიხატება ენერგიის შემცირებით, ცალკეული ელემენტების ფუნქციის დარღვევით და დაავადებებით.
21. რა არის ლამაზი სხეული ჰერმეტული თვალსაზრისით?
ჰერმეტული თვალსაზრისით ლამაზი სხეული არის მარადიული სულის ლამაზი გარსი, რომელსაც სული მატერიალურ სფეროში ინსტრუმენტად იყენებს. ლამაზი სხეული სრული ჯანმრთელობის სიმბოლური გამოხატულებაა.
22. როგორ ხორციელდება სხეულის გაჟღენთვა?
ფიზიკური სხეულის გაჟღენთვა შესაძლებელია სხვადასხვა სურვილებით, შესაძლებლობებითა და ელემენტალური ატრიბუტებით, რომლებიც სხვადასხვა სახით შეგვაქვს სხეულში. ყოველი სურვილი და ატრიბუტი, რომლითაც სხეულის გაჟღენთვა გვსურს, ჩვენს სულიერ განვითარებას უნდა ემსახურებოდეს. გაჟღენთვა ხორციელდება აკაშას პრინციპის დახმარებით, რომელიც საკუთარ თავს ეფექტურად გამოხატავს ელექტეომაგნიტურ ფლუიდში და ელემენტებში.
23. რა არის ელექტრომაგნიტური დინამიკის მნიშვნელობა ადამიანის სხეულში?
ელექტრომაგნიტური დინამიკა არის სტაბილური და ჰარმონიული დაძაბულობის მდგომარეობა ელექტრულ და მაგნიტურ ფლუიდებს შორის. ეფექტურობის დინამიკა დამოკიდებულია ორივე პოლუსის ფუნქციონირებაზე. აქტიური, ანუ ელექტრული პოლუსი უდრის აქტივობას, ხოლო პაისური ანუ მაგნიტური პოლუსი უდრის უმოქმედობას.
24. როგორ მუშაობენ ელემენტები ადამიანის ორგანიზმში?
ელემენტები ადამიანის ორგანიზმში მათი ფუნქციებისა და უფლებამოსილებების მიხედვით მუშაობენ. ცეცხლის ელემენტი მუშაობს თავში, სადაც ყველაფერი აქტიური ხდება. ჰაერის ელემენტი გულ-მკერდის არეში სუნთქვის სახით ფუნქციონირებს. წყლის ელემენტი მუშაობს მუცლის არეში, ხოლო მიწის ელემენტი აერთიანებს ყველა ელემენტს და ამყარებს ადამიანის სხეულს კუნთებისა და ძვლების მეშვეობით. ეს უკანასკნელი ელემენტი პასუხისმგებელია ადამიანის ფიზიკური სხეულის ზრდისა და სიკვდილის პროცესზე. გარდა ამისა, სპეციფიკური ელემენტი არსებობს ადამიანის ყველა ორგანოში, რომლებიც ერთობლივად სრულ ჰარმონიას ქმნიან.
25. რა არის სხეულის "ოქროს შუალედი", - ანუ აკაშა?
ეს არის ადამიანში აბსოლიტური წონასწორობისა და ჰარმონიის წერტილი, რომელიც სხეულის ცენტრში მდებარეობს. ამ ცენტრიდან აკაშას პრინციპი აკონტროლებს მთელს სხეულს ფიზიკურ სფეროში. ამ ადგილს მზის წნულსაც უწოდებენ.
26. რა იწვევს სხეულის ზრდას?
სხეულის ზრდას იწვევს რეგულარული სუნთქვა და საჭმლის მონელების პროცესი, რომელსაც წვის პროცესსაც ეძახიან. ძილი, დასვენება და მოძრაობა ცხადია აუცილებელ მოცემულობაში თავისთავად იგულისხმება.
27. როგორ მოქმედებს კარმა ადამიანის სხეულზე?
ნეგატიური კარმის ეფექტი ადამიანის სხეულზე მოქმედებს კონკრეტული დაავადებების სახით, რომლებიც ვერანაირად განიკურნება სანამ კარმის ეფექტი თავს არ ამოწურავს.
28. ისაუბრეთ მთვარის ეფექტზე მენსტრუაციის ციკლთან კავშირში.
ელექტრული ფლუიდი ეტაპობრივად ძლიერდება მთვარის ფაზის ზრდის მომენტში და პიკს აღწევს სავსე მთვარის დროს, რომელიც განსაკუთრებულად განმწმენდ გავლენას ახდენს ქალის სისხლზე. მთვარის მაგნიტური ფლუიდისა და ქალის სისხლის ელექტრული ფლუიდის მეშვეობით ვითარდება განსაკუთრებული დაძაბულობა, რომლითაც სისხლი იჟღინთება. ამ დროს სისხლში არსებული ზედმეტი მინარევები გამოიყოფა სუფთა სისხლისგან და სახეზე გვაქვს მენსტრუაციის ეტაპი. ეს არის ინდუქციის ეფექტი, რომელიც რეგულარული რიტმით მიმდინარეობს.
29. რა არის მენტალური ნაყოფიერება?
მენტალური ნაყოფიერება არის იდეალურად რეალიზებული წარმოსახვა, რომელიც რწმენის, განზრახვისა და კონცენტრაციის მეშვეობით ყველაფრის მიღწევის უნარს იძლევა.
30. რა არის სიცოცხლე და რა არის სიკვდილი?
სიცოცხლე არის ტეტრაპოლარულ მაგნიტში ელემენტების მუშაობის შედეგი. ყველაფერი იბადება, იზრდება, მწიფდება და კვდება. ეს არის ცხოვრების, არსებობისა და ევოლუციის ციკლი. ადამიანის სიკვდილი მხოლოდ სულიერი და ასტრალური სხეულების ასტრალურ სფეროში გადასვლას ნიშნავს.
31. რა ემართება ფიზიკურ სხეულს, როდესაც მარხავენ ან კრემაციას უტარებენ?
სხეული იშლება იმ ელემენტალურ ნივთიერებებად, რომლებისგანაც თავად შეიქმნა.
32. ისაუბრეთ ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, სხვადასხვა სამკურნალო მეთოდების შესახებ.
1. დიეტა, რომელიც გამოიყენება სხეულში მსუბუქი ელემენტალური დარღვევის აღდგენის მიზნით.
2. ბუნებრივი მკურნალობა: კომპრესები, ნაყენები, ცხელი ნაჭრები, მასაჟი, ელექტროთერაპია, აბაზანები, მზის აბაზანები, შხაპი, ჰიდროთერაპია, სუფთა ჰაერი, ფიზიკური ვარჯიში ან მცენარეების ხალხური მკურნალობის მეთოდები.
3. ოფიციალური სამედიცინო ხელოვნება.
4. ალოპათია. დაავადების გამომწვევი საპირისპირო სუბსტანციით მკურნალობა.
5. ჰომეოპათია. დაავადების გამომწვევი იდენტური სუბსტანციით მკურნალობა.
6. ელექტროთერაპია. ელექტრული ფლუდით მკურნალობა.
7. ელექტრო-ჰომეოპათია. ელექტრული და მაგნიტური ფლუიდით მკურნალობა.
8. ბიოქიმია.
9. ხალხური, ჰერმეტული ან ალქიმიური მედიცინა.
10. ჰერმეტიზმში ბევრი სხვა მკურნალობის მეთოდიც არსებობს, მაგრამ მიზანი ყოველთვის ერთია: დარღვეული ელემენტის ფუნქციონირების აღდგენა და დაავადების გაქრობა.
33. ისაუბრეთ სხვადასხვა სახის ფლუიდ (სითხის) კონდენსატორების შესახებ.
არსებობს სამი სახის კონდენსატორი:
1. მყარი კონდენსატორი, რომელიც დამზადებულია სხვადასხვა მეტალისგან.
2. თხევადი კონდენსატორი.
3. ჰაეროვანი (აირის) კონდენსატორი.
გარდა ამისა, არსებობს მარტივი სითხის კონდენსატორებიც. მაგალითად, ერთ-ერთი მათგანი მზადდება გვირილისგან, რუსული შავი ჩაისგან და სალბისგან (Salvia officinalis).
ეს კონდენსატორი ემსახურება ასტრალური შეგრძნებების განვითარებას. უნივერსალური სითხის კონდენსატორი შედგება მრავალი მცენარეული ექსტრაქტისგან, რომელიც ემსახურება მატერიაზე გავლენის მოხდენას. მყარი კონდენსატორები სხვა მიზნებთან ერთად გამოიყენება მაგიური სარკის დამზადებისთვის ან ჯადოსნური ჯოხის დამუხტვისათვის.
34. როგორ მოქმედებს დრო და სივრცე სხეულთან მინართებაში?
დრო და სივრცე ეფექტურია მხოლოდ მატერიალურ სფეროში, რაც ადამიანის სხეულზე შეზღუდვის სახით მოქმედებს. ეს გამოცდილება ეკუთვნის ცხოვრებისეული გამოცდილების მესამე განზომილებას, რომელიც მატერიალურ სფეროს აღნიშნავს.
35. რატომ ვკარგავთ ჩვენს მეხსიერებას და ცოდნას წინა ცხოვრებების შესახებ?
ჩვენ მიზანმიმართულად ვკარგავთ წინა ცხოვრებების ხსოვნას, რათა შეგვეძლოს, რომ ბედისწერის მიმართ კონცენტრაცია აწმყო დროში შევინარჩუნოთ და შევძლოთ ბედის (კარმის) განვითარება. თუ ჩვენ წინა ცხოვრებები გვემახსოვრებოდა, წინასწარ გვეცოდინებოდა როგორ დაბალანსდებოდა წარსულში მომხდარი მოვლენები ამ ცხოვრებაში და ვიცხოვრებდით ერთგვარი სტერეოტიპული ცხოვრებით. ამასთან ერთად, გაგვიქრებოდა ყოველგვარი ინტერესი ჩვენი ცხოვრების მიმართ.
36. როგორ განისაზღვრება ჩვენი ბედისწერა და ფიზიკური სიცოცხლის ხანგრძლივობა?
კარმული კანონი ამბობს: "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". ეს ნიშნავს, რომ ყოველი ადამიანი აწარმოებს გარკვეულ მიზეზებს, შეგრძნებებს, ქმედებებს და აზრებს, რომლებიც ავტომატურად და სრული სიზუსტით ფიქსირდება ფიზიკური სფეროს მიზეზობრივ სამყაროში, ასევე ასტრალურ და მენტალურ სამყაროებშიც. ყოველი მიზეზი იწვევს შესაბამის შედეგს; დადებითი დადებითს, ხოლო უარყოფითი უარყოფითს. ნეგატიური შედეგი არის ის, რაც ჩვენ უნდა გადავიხადოთ, უფრო სწორად ის, რაც უნდა გამოვასწოროთ ფიზიკურ სამყაროში ცხოვრების განმავლობაში.
სწორედ ამიტომ, ყოველი ადამიანის ცხოვრებას აკონტროლებს უმაღლესი კარმული კანონი და სწორედ ამ მიზეზის გამო არის განსაზღვრული თითოეული ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა. კარმა ადამიანს აყენებს შესაბამის დროში, საზოგადოებაში, გარემოში და ცხოვრებისეულ სიტუაციებში, რომელთა მეშვეობითაც ადამიანს შეუძლია გააუმჯობესოს საკუთარი თავი. ცხოვრებაში საკუთარი უმთავრესი მიზნის განსახორციელებლად ადამიანს ასობით შანსი ეძლევა.
როგორც წესი, ყველაფერს უნივერსალური სიყვარულის კანონი წარმართავს. მაგიური განვითარების გზაზე დამდგარ ადამიანს ღვთაებრივი განგებულება ხშირად უხანგრძლივებს სიცოცხლეს, რადგან იგი აბსოლიტური ჭეშმარიტებისკენ მიმავალ გზაზე მოძრაობს. სიცოცხლის ხანგრძლივობა ყოველთვის სულის კეთილშობილებაზეა დამოკიდებული, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ახალგაზრდა ასაკში გარდაცვლილი ადამიანი მაინცდამაინც ბოროტი უნდა იყოს. ყველაფერს კარმული კანონი განსაზღვრავს. ცხოვრების უმთავრესი მიზანი სხეულის, სამშვინველისა და სულის გაკეთილშობილებას წარმოადგენს. ადრე თუ გვიან ყველა მიაღწევს ამ მდგომარეობას.
37. როგორ გამოიხატება მენტალი და ასტრალი ადამიანური ორგანიზმის ხუთი შეგრძნების მეშვეობით?
მენტალი მატერიალურ სამყაროში გამოიხატება ადამიანის წერილობითი, ვერბალური და ხატ-სახეობრივი საშუალებებით.
ასტრალი გამოიხატება როგორც ნეგატიური ატრიბუტები და მიდრეკილებები, ვნება, ცუდი ჩვევები და ასე შემდეგ. ასტრალის პოზიტიური გამომხატველობა არის სიყვარული, პატიოსნება, შრომა და შემოქმედება. ამისათვის ჩვენ ფიზიკური სხეულის ყველა შეგრძნებას ვიყენებთ.
38. რა მიზანს ისახავს ჰერმეტიზმი?
ჰერმეტიზმი ისწაფვის ადამიანური კეთილშობილებისა და სრულყოფისაკენ. ჰერმეტიზმი შეისწავლის მაკრო და მიკროკოსმოსის კანონებს და მის შესაბამისობას მეტ-ნაკლებად ფილოსოფიურ ასპექტებთან მიმართებაში. ეს არის სამყაროს კანონების შესწავლა. შესაბამისად, ჰერმეტიზმი არის მაგია.
39. რა არის ცალმხრივი განვითარება და ცალმხრივი პრაქტიკა, როდესაც პრაქტიკოსი სრულყოფილების გზას არ მიჰყვება?
ცალმხრივ განვითარებას და ცალმხრივ პრაქტიკას სრულყოფილებასთან საერთო არაფერი აქვს. პირიქით, ყველაფერი ცალმხრივი ელემენტალურ დისბალანსს ზრდის, ასუსტებს ჯანმრთელობას და ამოკლებს სიცოცხლის ხანგრძლივობას. ასეთ დროს ერთი ელემენტი ძალიან განვითარებულია, ხოლო დანარჩენი ელემენტები ზედმეტად ჩამორჩენილები არიან.
40. ისაუბრეთ ჭეშმარიტი რელიგიისა და ფანატიზმის შესახებ.
ჭეშმარიტი რელიგია არის ინიციაციის გზაზე შემდგარი ადეპტის უნივერსალური შეხედულება სამყაროსა და ღმერთის შესახებ, რომელიც ღრმა მედიტაციისა და პრაქტიკების მეშვეობით ეცნობა უნივერსალურ კანონებს. ეს არის ნამდვილი, უნივერსალური რელიგია.
რელიგიური ფანატიზმი ეკლესიური დოგმატიზმის განსაკუთრებული გაზვიადებით გამოიხატება. ღმერთის არსებობის იდეა ყოველთვის ფარდობითია. ფანატიზმი არის უკიდურესად უარყოფითი გამოხატულება, როდესაც ძალიან იზრდება ერთი საკითხის მნიშვნელობა და კნინდება მეორეს საზრისი. რელიგიური ფანატიზმის ერთ-ერთი მაგალითია უკიდურესი სიმკაცრით დაცული ასკეტური მარხვა.
41. ისაუბრეთ ღმერთსა და ადამიანს შორის არსებული ურთიერთობის შესახებ.
ყოველი ადამიანი ღვთის ხატად არის შექმნილი. ვისაც ეს იდეა სწორად ესმის, ხვდება, თუ რას ნიშნავს ეს ფაქტი; ღმერთი მასში არსებობს. ამიტომ, ადამიანი ცდილობს მიუახლოვდეს ღმერთს და საბოლოოდ მოახდინოს საკუთარი თავის ღმერთთან იდენტიფიცირება. ღმერთის რეალიზაცია ხორციელდება საკუთარ თავში ღვთაებრივი იდეების გახსნით, დაწყებული ყველაზე ფუნდამენტური იდეებიდან, დამთავრებული უმაღლესი იდეით, სანამ არ განხორციელდება ღმერთთან უმაღლესი კავშირი.
მორწმუნეთა უმრავლესობა თავიანთ ღმერთს არ იცნობს. მას უბრალოდ ეთაყვანებიან და მხოლოდ სიყვარულს გამოხატავენ. ღმერთი არის საყრდენი, რადგან ღვთაებრივი განგებულება წარმოადგენს ყოველი იდეის სიწმინდეს და იგი აისახება ადამიანის თვისებებში, ცნობიერებასა და სინდისში. ადამიანი ამ ატრიბუტებისაგან აწყობს საკუთარ არსებას.
42. როგორი უნდა იყოს მოსწავლის დამოკიდებულება მასწავლებლის მიმართ?
უპირველეს ყოვლისა მოსწავლემ პატივი უნდა სცეს მასწავლებელს და უნდა უყვარდეს იგი, რადგან მოსწავლემ იცის, რომ მასწავლებელი მას მოუწოდებს ღვთაებრივი იდეების რეალიზაციისკენ და საკუთარი არსების სრულყოფილებისაკენ. ეს არის დიადი საიდუმლოებები კოსმოსში და ადამიანში, მიკრო და მაკროკოსმოსში, რომლებიც დაფარულია იმ ადამიანთა თვალთაგან, რომელთა დანახვის უფლებასაც მათ მიმართ ღვთაებრივი განგებულება არ იძლევა.
43. რისი გაკეთება შეუძლია და რისი გაკეთება არ შეუძლია მასწავლებელს?
მასწავლებელს შეუძლია გააუმჯობესოს მოსწავლის ინტელექტი და ცნობიერება, რათა მოსწავლემ უკეთესი პროგრესი განიცადოს უმაღლესი მიზნისკენ მიმავალ გზაზე.
მასწავლებელს არ შეუძლია შეცვალოს მოსწავლის ხასიათი, რადგან მას არასოდეს ეძლევა უმაღლესი განგებულებისგან ამის გაკეთების უფლება. უნივერსალური კანონების შესაბამისად, ცხოვრების განმავლობაში ადამიანმა შესაძლოა თავად შეცვალოს საკუთარი ხასიათი. ადამიანის ხასიათის შეცვლის შემთხვევაში, მასწავლებელი მოსწავლის კარმულ პასუხისმგებლობებს საკუთარ თავზე იღებს. თუმცა, მასწავლებელს შეუძლია მოსწავლეს ასწავლოს მეთოდები, ხასიათის გაუმჯობესების მიზნით.
44. რა განსხვავებაა სრულყოფილებასა და სიწმინდეს შორის?
სიწმინდესა და სრულყოფილებას შორის უზარმაზარი განსხვავება არსებობს. სრულყოფილი ადამიანი უმაღლეს ელემენტალურ წონასწორობაში იმყოფება და მისი არსება ღვთაებრივი სათნოებებით არის გაჟღენთილი, რომლებიც ოთხ უნივერსალურ ელემენტს შეესაბამება. ასეთმა ინდივიდმა მიაღწია ღმერთთან ერთობას საკუთარ სულში.
ამისგან განსხვავებით, წმინდანი სრულყოფილი ადამიანი არ არის, რადგან მას საკუთარ თავში მხოლოდ ერთი ღვთაებრივი თვისება აქვს გახსნილი. წმინდანი განაგრძობს დაბრუნებას მატერიალურ სამყაროში, სანამ არ მიაღწევს სრულყოფილებას.
45. ისაუბრეთ ღმერთის იდეის შესახებ.
ყველაზე დაფარულ არსში, ღმერთი ჰგავს შეუქმნელ სინათლეს. ღმერთის უმაღლესი ასპექტები შეუცნობელია; ჩვენ ვერ შევძლებთ მის წარმოდგენას და აღქმას გარეგანი ან შინაგანი შეგრძნებების მეშვეობით, იგი წარმოუდგენელია. ეზოთერული თვალსაზრისით, ადამიანი ყოველთვის ცდილობს აკაშას აღწერას, როდესაც სიტყვა "ღმერთს" იყენებს. ღმერთი არის აკაშური, ე.წ. ეთერული პრინციპი, პირველყოფილი არსება, ყველაფრის პირველმიზეზი და ამ ქვეყნად ყველაფრის შემქმნელი. იგი ინარჩუნებს ყველაფერს წონასწორობაში. ღმერთი არის დასაწყისი და ყოველი იდეისა და აზრის სისუფთავე. ღმერთი, უმაღლესი სფეროებიდან უმდაბლეს სფეროებამდე, ყველგან არსებობს. ის არის ალქიმიკოსების კვინტენსეცია; ყოვლისმომცველი ქმნილება.
ღვთაებრივი განგებულება ადამიანშიც არსებობს; იგი აისახება ჩვენში არსებული საუკეთესო თვისებებითა და შესაძლებლობებით. მიკრო და მაკროკოსმოსის შემსწავლელმა ადეპტმა ძალიან კარგად იცის, რომ თავადაც ღვთაებეივი "მე"-ს ნაწილს წარმოადგენს. ადეპტს წმინდა მოვალეობად მიაჩნია მაგიურ და ჰერმეტულ გზაზე ღმერთთან ერთობის მიღწევა. ადეპტი აყალიბებს პერსონალური ღმერთის უმაღლეს ღვთაებრივ იდეას და მიიწევს მისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ, უმდაბლესიდან უმაღლესამდე. ადეპტს ყველაფერზე მეტად ღმერთი უყვარს და მას ყველაზე დიდ თაყვანს სცემს. საშუალო სტატისტიკური ადამიანი არ იცნობს თავის ღმერთს, სწორედ ამიტომ მისდამი მხოლოდ რწმენა შეუძლია. იგი თაყვანს სცემს ღმერთს და უყვარს ღთვაება, მას შეუძლია ღმერთში საყრდენის პოვნა, რათა საკუთარი თავი არ დაკარგოს.
46. რა არის მაკროკოსმოსი და მიკროკოსმოსი?
მაკროკოსმოსი არის ღმერთის გამოხატულება შექმნილ სინათლეში; იგი წარმოიქმნება აკაშას პრინციპიდან ოთხი ელემენტის ეფექტით - ცეცხლი, ჰაერი, წყალი და მიწა.
მიკროკოსმოსი არის ადამიანი, რომელშიც მაკროკოსმოსი, ანუ გარეგანი სამყარო აისახება. ყველაფერი რაც უსასრულო სამყაროში არსებობს, შეიძლება მოიძებნოს ადამიანშიც. ადამიანი არის ღმერთის ჭეშმარიტი სახე.
47. რა არის ოკულტური ანალოგიების ჰერმეტული მნიშვნელობა?
ოკულტური ანალოგია არის ბუნების სიმბოლიზმისა და გამომხატველობის ადამიანურ არსებაში ასახვა, ტეტრაპოლარული მაგნიტის შესაბამისად.
48. რა არის სიმბოლიზმი ბუნებაში?
სიმბოლიზმი ბუნების ენაა. ეს არის ხატ-სახეების, ნიშნების, ფერებისა და ხმების ენა. ჩვენ ამ სიმბოლოებს იმ საიდუმლოებების დასაფარად ვიყენებთ, რომლებიც არაგანდობილთათვის დაფარულად უნდა დარჩეს. ბუნება თავად გვესაუბრება ამ ენით სიზმრების სახით. კაბალისტური სიცოცხლის ხე, სიმბოლიზმის უმაღლესი მაგალითია. ნებისმიერი საკითხი, ვნება, სურვილი და ა.შ. შესაძლებელია გამოიხატოს სიმბოლიზმის სახით. ჰერმეტისტულ სწავლებაში, ყველას ინტერესში შედის ბუნების სიმბოლიზმისა და საკუთარი სიმბოლური გამომხატველობების შესწავლა.
49. ჩამოთვალეთ ღვთაებრივი იდეის ათი ფუნდამენტური ჭეშმარიტება. რატომ აქვს ადამიანს ათი თითი?
ათი ფუნდამენტური ჭეშმარტიებაა:
1. ღმერთი. უმაღლესი ღვთაებრივი პრინციპი.
2. სიყვარული.
3. სიბრძნე.
4. ყოვლისშემძლეობა.
5. ყოვლისმცოდნეობა.
6. კანონიერება/სამართლიანობა.
7. მარადიული სიცოცხლე.
8. ყველგანმყოფობა.
9. უკვდავება.
10. ყოველი იდეისა და აზრის სიწმინდე.
მარჯვენა ხელზე ხუთი თითი მიუთითებს ხუთ ელემენტს - ცეცხლს, ჰაერს, წყალს, მიწას და აკაშას.
შუა თითი შეესაბამება აკაშას პრინციპს, რომელიც უმაღლესი ელემენტია და იგი აკონტროლებს დანარჩენ თითებს, ანუ ელემენტებს.
მარცხენა ხელის ხუთი თითიც იგივეს გამოხატავს, მაგრამ ნეგატიურ პოლარობაში.
საჩვენებელი თითი არის ცეცხლი, ცერა თითი წყალი, შუა თითი აკაშა, არათითი მიწა და ნეკა თითი ჰაერი.
50. რა იგულისხმება ღმერთის უმაღლეს კონცეფციაში?
ღმერთის უმაღლესი კონცეფცია არის უნივერსალური და მარადიული მზე, აბსოლიტური სრულყოფილება, არსებობა დროსა და სივრცის გარეშე.
51. ისაუბრეთ იდეების სამყაროსა და მიზეზობრივი სამყაროს შესახებ.
იდეების სამყარო მენტალურ სფეროში აკაშას პრინციპის უმაღლესი გამოხატულებაა. ეს სამყარო ყოველი აზრის და იდეის საფუძველია. მიზეზობრივი სამყარო არის ეთერული პრინციპი, რომელიც ყველა სფეროში არსებობს. აქ იწერება ადამიანის ყოველი ნაბიჯი და ყოველი აზრი, რაც ფუნქციონირებს მისი არსებობის სამივე სფეროში, მატერიალურ სამყაროში ცხოვრების დროს.