თავი მეოთხე
თავი მეოთხე
კითხვები და კომენტარები აკაშას ფუნქციონირების შესახებ
1. რა არის რიტმი მატერიალურ სამყაროში და მატერიალურ სხეულში?
რიტმი არის ელექტრული და მაგნიტური ფლუიდების შეფერხებების შედეგი, რომლებიც ინდუქციურად და დედუქციურად მუშაობენ როგორც ჩვენს სხეულში, ასევე გარესამყაროშიც. ინდუქციური მუშაობა ნიშნავს შეფერხებას შიგნიდან გარეთ, ხოლო დედუქციური გარედან შიგნით. შეფერხება შეიძლება მოხდეს რეგულარულად ან არარეგულარულად. თუ შეფერხება ხდება რეგულარულ ინტერვალებში, შედეგის სახით გვაქვს დაბალანსებული გავლენა. არარეგულარული შეფერხება ქაოსს წარმოქმნის. რიტმის სიჩქარის შენელება ან აჩქარება დამოკიდებულია ტალღის სიმძლავრეზე და მის სიგრძეზე. რაც უფრო გრძელია ტალღა, მით უფრო რბილია ეფექტი. თუ ტალღა მოკლეა, მისი ეფექტიც უფრო მძლავრია. ეს არის გასაიდუმლოებული მაგიური დინამიკა, ეგრეთ წოდებული "წრის კვადრატურა".
2. როგორ გამოხატავს რიტმი საკუთარ თავს?
რიტმი ჩვენს სხეულში სუნთქვით გამოიხატება. ინდუქციური რიტმი არის ჩასუნთქვა, ხოლო დედუქციური ამოსუნთქვა. ადამიანის გულსაც აქვს ინდუქციური და დედუქციური რიტმის ფუნქცია. ცნობიერების ფუნქციონირება სიფხიზლის დროს და ქვეცნობიერის ფუნქციონირება ძილის დროს ასევე წარმოადგენს რიტმული დინამიკის მაგალითს.
სამყაროში რიტმის მაგალითებია დღისა და ღამის თანმიმდევრობა, ასევე სეზონების მონაცვლეობა, - გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა და ზამთარი. რიტმს ასახავს პლანეტარული მოძრაობები, ნებისმიერი ხმა, მუსიკა, მოძრაობა; ყველაფერი არის რიტმის გამოხატულება მატერიალურ სამყაროში.
3. რა არის ინდუქცია ჰერმეტული თვალსაზრისით?
ინდუქცია არის ცხოვრების რიტმის საფუძველი; იგი თავის თავში შეფერხებას შეიცავს. როცა ინდუქციაზე ვსაუბრობთ, საქმე გვაქვს ფიზიკის კანონთან; კერძოდ - ელექტრობის და მაგნეტიზმის კანონთან.
4. რა მნიშვნელობა ენიჭება ჰერმეტიზმში თვითშთაგონებას?
სათანადო ინტროსპექციის ჰერმეტული მნიშვნელობა შედგება ელემენტების წონასწორობის შენარჩუნებისაგან ყველა სფეროში, იქამდე, სანამ არ მიიღწევა აბსოლიტური ელემენტალური წონასწორობა. ასეთი წონასწორობა სრული ჯანმრთელობისა და სიცოცხლისუნარიანობის გარანტიას იძლევა. ყოველი უნივერსალური ელემენტის ენერგია ჩვენში არსებობს, რომელთა მეშვეობითაც შეგვიძლია გავაგრძელოთ განვითარება სულიერად და ასტრალურად.
5. რა არის ღვთაებრივი სამსჯავრო? ვინ არის ასტრალური სამეფოს მფარველი?
ღვთაებრივი სამსჯავრო არის ყოველი ჩვენი დადებითი და უარყოფითი ქმედების მკაცრი აღრიცხვა, რომლის შედეგებსაც ვიმკით მოკვდავი ცხოვრების დასრულების შემდეგ, ასტრალურ სფეროში გადასვლისას. ასტრალური სამეფოს მფარველი არის აკაშას პრინციპი, რომელიც მთელი სიზუსტით აფიქსირებს ჩვენს აზრებს, ემოციებს, საქმეებს, მიზეზებსა და შედეგებს, იქამდე, სანამ საბოლოოდ არ მივაღწევთ ბალანსის მდგომარეობას; სწორედ ეს განსაზღვრავს ჩვენს შემდგომ ბედისწერას.
6. როგორ გამოხატავს აკაშას პრინციპი საკუთარ თავს საშუალო სტატისტიკურ ადამიანში და ჰერმეტიზმში?
საშუალო სტატისტიკურ ადამიანში აკაშას პრინციპი არის ცნობიერება, ხოლო ჰერმეტიზმში თვით-ცნობიერება; გახდე ის, ვინც ხარ.
7. რა არის მატერია ჰერმეტული თვალსაზრისით?
მატერია არის ელემენტებისა და ელექტრომაგნიტური ფლუიდის მუშაობის შედეგი, რომლებიც სათავეს აკაშას პრინციპიდან იღებენ. მატერია არსებობს დროსა და სივრცეში; მას აქვს წონა და ზომა. მატერიაში მუდმივად აქტიურობენ ელექტრული და მაგნიტური ფლუიდები.
8. რა არის მატერიის ტრანსმუტაცია?
ტრანსმუტაცია არის ატომის ბირთვის შემადგენლობის შეცვლა ალქიმიური ოპერაციის შედეგად. ელექტრომაგნიტური ფლუიდი შეიცავს გარკვეულ ნივთიერებას, რომლის მიმართაც შესაძლებელია კონკრეტული ზემოქმედების განხორციელება ისე, რომ მატერიამ მისი ფუნდამენტური საფუძველი შეიცვალოს.
9. რა არის ფილოსოფიური ქვა?
ფილოსოფიური ქვა არის შესანიშნავი ფლუიდ კონდენსატორი; იგივე ელექსირი, წითელი ტინქტურა ან მწვანე ლომი; მისი სხვადასხვა დასახელება გვხვდება ალქიმიაში. ფილოსოფიური ქვა არამარტო კურნავს ყველა დაავადებას და აღადგენს სასიცოცხლო ენერგიას, არამედ აახალგაზრდავებს მთელს სხეულსაც. ეს ელექსირი ძალიან იშვიათად გამოიყენება განდობილების მიერ, რადგან ერთი დიდი მინუსი აქვს. გაახალგაზრდავება ხორციელდება არამარტო ფიზიკურად, არამედ ასტრალურად და სულიერადაც. ამის შედეგად იკარგება ყველა გამოცდილება, რომელიც განდობილმა წლების მანძილზე მოიპოვა უწყვეტი შრომით და დაუღალავი ძალისხმევებით.
10. ისაუბრეთ ელემენტალურ არსებებზე, მათ ფუნქციებსა და ეფექტებზე.
ელემენტალური არსებები ცხოვრობენ ასტრალურ სამყაროში. როდესაც მათ ეძლევათ გარკვეული დავალება, ისინი მუშაობენ მაგის მიზნების შესაბამისად მატერიალურ სამყაროშიც. ელემენტალებს შეუძლიათ მატერიაზე გავლენის მოხდენა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მაგი საკმარის სასიცოცხლო და ასტრალურ ენერგიას გაიღებს მათ მიმართ. დავალების შესასრულებლად ელემენტალებს უნდა შეეძლოთ საკუთარი თავის მატერიაში კონდენსირება.
11. რა არის მატერიის ეფექტურობის ოთხი კანონი?
მატერიის ეფექტურობის ოთხი კანონია: დრო, სივრცე, წონა და ზომა.
12. რა არის მაია და რა ფუნქციას ასრულებს იგი?
ინდური ფილოსოფიის მიხედვით მაია არის ბოდვისა და ილუზიების სამყარო. როდესაც მაიაზე ვსაუბრობთ, ზუსტად იმ სამყაროს ვგულისხმობთ, რომელშიც ახლა ვიმყოფებით. ღვთაებრივი განგებულების პასუხისმგებლობას წარმოადგენს საიდუმლოებების გულდასმით დამალვა -როგორც მაკროკოსმოსში, ასევე მიკროკოსმოსშიც, რათა არ ეზიარონ საიდუმლო ცოდნას ისინი, რომელთაც ამის დამსახურება არ გააჩნიათ.
სინამდვილეში, ბოდვისა და ილუზიის სამყარო მხოლოდ იმისთვის არსებობს, ვისაც უნივერსალური კანონები არ ესმის. ინიციაციის გზაზე შემდგარი ადეპტისთვის ილუზია მხოლოდ დაბრკოლების ილუსტრაციაა, რომელსაც განდობილი ადვილად აცნობიერებს; მაგს შეუძლია ილუზიის ახსნა და მისადმი შეწინააღმდეგება, სანამ საბოლოოდ არ მოიშორებს საკუთარი ცხოვრებიდან.
13. რა განსხვავებაა მისტიციზმსა და კაბალას, მაგიასა და ჰერმეტიზმს შორის?
მისტიციზმის გზაზე შემდგარი მისტიკოსი, თუ იგი მაგი არ არის, ღმერთს უახლოვდება ყოვლისმომცველი სიყვარულის მეშვეობით. მაგი ირჩევს რომ საკითხს მიუდგეს განზრახვისა და კონტროლის დაუფლებით. როცა საქმე თავად ინციაციას ეხება, განსხვავება არ არსებობს მისტიციზმსა და მაგიას შორის, რადგან ინიცირებული მაგი, თავისთავად არის მისტიკოსიც.
მაგია და კაბალა არის უმაღლესი მეცნიერებები, რაც კი სამყაროში არსებობს. ჰერმეტისტული ფილოსოფია პასუხს სცემს ყველა კითხვას, ღმერთთან დაკავშირებით. კაცობრიობა და კოსმოსი ამ კითხვებზე მეტ-ნაკლებად ფილოსოფიური მანერით მსჯელობს. ჰერმეტიზმის ცნება ლიტერატურაში ერთმანეთისგან განსხვავებულად არის განმარტებული, მაგრამ მისი პირველსაწყისი ძირითადად ჰერმეს ტრისმეგისტოსს მიეწერება. მაგია პრაქტიკული მეცნიერებაა, რომელიც ხელოვნებისა და შემოქმედების უმაღლეს ფორმას წარმოადგენს, ხოლო კაბალა დაფუძნებულია მკაცრად განსაზღვრულ და უზუსტეს შემეცნებაზე; ეს არის უმაღლესი, ყოვლისმომცველი სიბრძნე და სამყაროს შემოქმედების მეცნიერება.
14. როგორ აღიქვამენ პლანეტათაშორისი არსებები ადამიანს, რომელიც ჰერმეტიზმის გზას შეუდგა?
პლანეტათაშორისი არსებები ჰერმეტისტ ადეპტს სრულყოფილ ქმნილებად აღიქვამენ, რადგან ისინი ადვილად ხედავენ განსხვავებას ჰერმეტისტსა და დანარჩენ ადამიანებს შორის, განდობილის ნათელი, გასხივოსნებული აურის დანახვის შედეგად.
15. ისაუბრეთ სოლომონის ტაძარზე. როგორ მოქმედებს სოლომონის ტაძარი მენტალურ, ასტრალურ და მატერიალურ სფეროში?
სოლომონის ტაძრის ოთხი ძირითადი სვეტია: ცოდნა, გამბედაობა, ნებისყოფა და დუმილი. მენტალურ სფეროში ჩვენ ვაცნობიერებთ ოთხივე ატრიბუტს; შემდეგ ვმედიტირებთ მათზე და ვიყენებთ ამ ატრიბუტებს მოქმედებაში.
ცოდნა ვითარდება ყოველდღიურად, როდესაც ვხედავთ და ვსწავლობთ მაკრო და მიკროკოსმოსში არსებულ კანონებს. ჩვენ ვღებულობთ მტკიცე გადაწყვეტილებას, რომ მთელი სულისკვეთებით განვავითაროთ ჩვენში გამბედაობა და ნებისყოფა. როდესაც დუმილზე ვსაუბრობთ, ჩვენ არ ვაიგივებთ საკუთარ თავს ფიქრებთან, რადგან, დუმილი მაინცდამაინც მეტყველებას არ ეხება.
ასტრალურ სფეროში საკუთარ ცოდნას ჰაერის ელემენტის დახმარებით ვაგროვებთ. სწავლისას ვგებულობთ, რომ მაკრო და მიკროკოსმოსში არსებული ყოველი კანონი ჩვენთვის უკვე ცნობილია, ყოველი კანონი ჩვენში უკვე არსებობს, ჩვენთან ერთად დაიბადა და მთელი მარადისობა ჩვენთან ერთად იქნება. როგორც წესი, ცოდნა მეტყველებით გამოიხატება; ასტრალურ სფეროში ასეთი გამომხატველობა ხორციელდება შეგრძნების ან ხმამაღლა ფიქრის სახით.
გამბედაობა ასტრალურ სფეროში ცეცხლის ელემენტის შეცნობით იზრდება. გამბედაობის გამომუშავება იზრდება იქამდე, სანამ ყველაზე რთული დაბრკოლებების გადალახვას არ შევძლებთ და არ მივაღწევთ ჩვენს მიზნებს ნებისმიერ ფასად.
ნებისყოფა ასტრალურ სფეროში წყლის ელემენტს ეკუთვნის. ჩვენ წარმოვიდგენთ, რომ ყოველივე, რისი მიღწევაც გვსურს, - ცხადია კეთილშობილური მიზნები იგულისხმება, - უკვე გაგვაჩნია. წარმოსახვა იქამდე გრძელდება, სანამ ნათლად არ დავრწმუნდებით ამაში.
მდუმარება ასტრალურ სფეროში არის საიდუმლოთა გაუთქმელობის მტკიცე გადაწყვეტილება. ჩვენ მიგვაჩნია, რომ წმინდა საიდუმლოს ვფლობთ და არ შეიძლება მისი საჯაროდ აფიშირება. გაუთქმელობის შესახებ ფიცი იდება. განდობილი ამ ფიცს დებს მისი ოსტატის ან ღვთაებრივი განგებულების წინაშე. ამ გზით, ჩვენ ვაერთიანებთ ოთხივე სოლომონის სვეტს.
მატერიალურ სფეროში ცოდნის პროექცია გამოიხატება მეტყველებით, ხმამაღალი ფიქრით ან ქაღალდზე გადატანილი სიტყვებით. როდესაც ცოდნა მატერიალიზდება, სწორედ ამ ფორმით ხდება იგი ყველაზე ეფექტური.
გამბედაობა, რომელიც მენტალურ და ასტრალურ სფეროებში განვავითარეთ, უცილობლად იძლევა მატერიალურ ნაყოფს. ამიტომაც, უმაღლეს მიზნამდე დაუღალავად მივიწევთ წარმოსახვისა და მანიფესტირებული რწმენის დახმარებით. ეს არის უზენაესი შემოქმედებითი აქტი, რომლის მეშვეობითაც ჩვენში თავად შემოქმედი აირეკლება.
ნებისყოფა მატერიალურ სფეროში ქმედებებით ვლინდება; ეს არის პროცესი, როდესაც საქმის დასაწყისში ჩაფიქრებული მიზანი რეალობად იქცევა.
მდუმარება უდიდესი ძალაა, რომელსაც მაგი ყველა სფეროში იყენებს იმ შემთხვევაში, თუ მან იცის, როგორ გაჩუმდეს. როდესაც მაგი ისწავლის როგორ მიაღწიოს მდუმარების მდგომარეობას შეგრძნებებსა და ფიქრებში, იგი დუმილს შეინარჩუნებს მატერიალურ სფეროშიც, სადაც განსაკუთრებით რთული პირობები მოქმედებს მდუმარების დაცვასთან დაკავშირებით. მატერიალურ სფეროში აბსოლიტური მდუმარება მიღწევადია. თუ მაგი ამას შეძლებს, მისი ძალაუფლება ფიზიკურ სამყაროში ავტომატურად გაიზრდება.
16. რა აცოცხლებს, ასტიმულირებს და ამშვიდებს გრძნობებს ადამიანის სხეულში?
ადამიანის ორგანიზმში ნებისმიერი შეგრძნების სტიმულირება შესაძლებელია შესაბამისი სავარჯიშოებით, რომლებიც კონკრეტულ შეგრძნებებს განეკუთვნება. მოდუნება ხორციელდება ხელოვნური პრეპარატებით, ნარკოტიკებით, ალკოჰოლით ან თამბაქოს დახმარებით.
17. რა არის მატერიალური აურა?
მატერიალური აურა არის შემადგენელი ატრიბუტების ფერადოვანი გამოსხივება, რომელიც ფიზიკურ სფეროში, ბუნებაში ყველაფერს ახასიათებს. ადამიანის მატერიალური სხეულის აურა ზუსტად შეესაბამება ასტრალური სხეულის აურას.
18. რა არის ბრაჰმას სუნთქვა?
ბრაჰმას სუნთქვა არის იგივე სიცოცხლის სუნთქვა, რომელიც შემოქმედმა ღმერთმა თავისი სასიცოცხლო ენერგიის სუნთქვით შექმნა და ამით მიანიჭა სიცოცხლე ყოველ ქმნილებას.
19. პრაქტიკული საქმიანობის მხრივ, როგორ ინაწილებს დღის განმავლობაში სამუშაოს ელექტრომაგნიტური ფლუიდი?
მოდით დავაკვირდეთ; ადამიანში კონკრეტული ელემენტის გავლენა და დომინირება ცვლილებას განიცდის ყოველ ოცდაოთხ წუთში ერთხელ. თანმიმდევრობა ასეთია:
0-დან 24 წუთამდე - აკაშას პრინციპი.
25-დან 48 წუთამდე - ჰაერის ელემენტი.
49-დან 72 წუთამდე - ცეცხლის ელემენტი.
73-დან 96 წუთამდე - მიწის ელემენტი.
97-დან 120 წუთამდე - წყლის ელემენტი.
ზემოთ მოცემული ციკლი ათვლას იწყებს შუა ღამიდან.
დომინანტური ელემენტების სრული ციკლის გავლას (ტატვებს) სჭირდება სრული ორი საათი, რომლის დასრულებისთანავე ციკლი თავიდან იწყება. ოპტიკურ სავარჯიშოებში საუკეთესო შედეგს მიაღწევთ მაშინ, როდესაც ივარჯიშებთ ცეცხლის ელემენტის დომინანტობის მონაკვეთში. აკუსტიკური სავარჯიშოები ეფექტურია ჰაერის ელემენტის დომინანტ ფაზაში, ემოციური სავარჯიშოები წყლის ელემენტის აქტიურობისას, ხოლო ცნობიერების ზრდის სავარჯიშოები მიწის ელემენტის მონაკვეთში. აკაშას პრინციპის დომინანტობისას, თქვენში გააქტიურდება ნეგატიური მდგომარეობა, მაგრამ ამავდროულად სწორედ ამ მონაკვეთში შეგიძლიათ გააცნობიეროთ აწმყოს ეფექტი, ე.წ. "ახლანდელის მარადიული დიადი მომენტი".
თუ გვსურს, რომ მაგიაში დიდებულ წარმატებას მივაღწიოთ, კონკრეტული სავარჯიშოები სწორედ ზემოთ აღნიშნული განრიგის შესაბამისად უნდა შევასრულოთ.
20. რა არის ცოდვა?
ცოდვა არის მაკრო და მიკროკოსმოსის კანონების დარღვევის შედეგად ჩადენილი შეცდომა. როცა ვიცით, რომ რაღაც არასწორია, მაგრამ ამას მაინც ვაკეთებთ, ჩვენ ვუშვებთ სერიოზულ შეცდომას, ანუ დიდ ცოდვას.
21. რა არის სულიწმიდის წინააღმდეგ ჩადენილი ცოდვა?
მაგი სულიწმიდის წინაშე სცოდავს მაშინ, როცა ნებისმიერი მიზეზის გამო, შეგნებულად არღვევს მის მიერ დადებულ ფიცს ან პირობას.
სულიწმიდის წინააღმდეგ ჩადენილი ცოდვა არის განდობილის მიერ უნივერსალური კანონის შეგნებულად დარღვევა ყველაზე უარეს ასპექტში, რაც განსაკუთრებით მძიმე შედეგებს იწვევს.
22. რატომ იგზავნებიან ინიცირებული ადეპტები მატერიალურ სფეროში და რა არის მათი მისია?
ინიცირებულები მიწიერ სამყაროში კაცობრიობისთვის კეთილშობილური მიზნების აღსრულების მიზნით იგზავნებიან. ყოველ ინიცირებულს გააჩნია მისთვის განსაზღვრული, კონკრეტული მისია; მაგალითად - სტუდენტების მაგიურ ხელოვნებაში განათლება, დაავადებულთა განკურნება, მიკრო და მაკროკოსმოსის კანონების სწავლება კატასტროფების თავიდან აცილების მიზნით, წმინდა წიგნების დაწერა და ა.შ.
23. რას ნიშნავს დროზე ადრე გამჟღავნებული ცოდნა და სამეცნიერო აღმოჩენები მატერიალურ სფეროში?
ეს არის კაცობრიობის ცოდნისა და ევოლუციის განვითარებაში უკანონო ჩარევა, თუ ასეთი რამ საჭირო დროის დადგომამდე ადრე დაფიქსირდება. განვითარებისა და ევოლუციის კანონი არის იგივე მიზეზისა და შედეგის კანონი, რომელიც ყველაზე ამაღლებული კანონია. სწორედ ამ მიზეზით, ყოველმა მაგმა აბსოლიტური და უპირობო პატივი უნდა სცეს ამ კანონს.
24. რატომ ჩნდება მუდმივად ახალი დაავადება და რა არის მათი წარმოშობის მიზეზი?
სამედიცინო მეცნიერება წარმატებით მოქმედებს უამრავი მძიმე დაავადების განკურნებაში, რის შედეგადაც კარმულ კანონს სამყაროში შემოაქვს ახალი დაავადებები, რათა ადამიანთა რასა არ გაექცეს სამყაროსეული და ბუნებრივი წონასწორობის კანონებს, რომლებიც თავისთავად ჩნდება. აქ საქმე გვაქვს როგორ კარმულ, ასევე ევოლუციის პროცესთანაც.
ასეთი დაავადებები ადამიანის ორგანიზმში ელემენტალური დაღვევების შედეგად წარმოიქმნება. უპირველეს ყოვლისა, ელემენტალური ფუნქციის დარღვევას იწვევს რადიკალურად ნეგატიური ატრიბუტები, ვნებები და ცუდი ჩვევები, რომლითაც ადამიანები იკვებებიან. ყოველი დაავადება არის განვლილ ცხივრებაში დაგროვებული კარმული ტვირთის ელემენტალური დისბალანსი.
25. რა არის დაღლილობა და რა ფიზიოლოგიური პროცესი მიმდინარეობს ორგანიზმში, რომელიც ამას იწვევს?
თუ ადამიანში მიწის ელემენტის დომინანტობა იზრდება, შედეგის სახით მთელი სხეული იღლება. დაღლილობისას აღინიშნება ელექტრომაგნიტური ფლუიდის დროებითი დარღვევა. ბუნებრივია, ნერვებისა და კუნთების გადატვირთვა დაღლილობას იწვევს.
26. ისაუბრეთ ნერვების ეფექტურობაზე და გარემოებებზე, რომლის დროსაც ისინი გადატვირთულნი ხდებიან.
ნერვები არის მთავარი ფაქტორი, რომელიც უდიდეს გავლენას ახდენს ყველა გრძნობაზე. ნერვების ცენტრი არის ზურგის ტვინში. ყოველი გრძნობა დაკავშირებულია თავის ან ტვინის ნერვებთან, როგორც ელექტრო მავთული და ყოველი მავთულის დამაკავშირებელი ცენტრი.
ნერვები სუსტდება, როდესაც ისინი ამა თუ იმ გზით გადაიტვირთებიან. მაგალითად: თვალები შეიძლება ძალიან გადაიტვირთოს ძლიერი შუქის ზემოქმედებით, ყურები მაღალი ხმის ზემოქმედებით და ა.შ. ნერვების დაზიანება შეიძლება სხეულის ნებისმიერ ადგილში აღინიშნოს. ნერვები შეიძლება დაავადდეს, რაც ძალიან ცუდ გავლენას მოახდენს ჩვენს ჯანმრთელობაზე და გრძნობებზე.
27. როგორ გამოიხატება დისბალანსი მენტალურ, ასტრალურ და მატერიალურ სფეროებში?
მენტალურ სფეროში ელემენტალური დისბალანსი სამშვინველის სნეულებებით და ნეგატიური ატრიბუტებით გამოიხატება. ასეთი დისბალანსი არ არის საკმარისად კონდენსირებული იმისთვის, რომ ასტრალურ სფეროშიც გამოვლინდეს.
ასტრალურ სფეროში დისბალანსი ვითარდება ნეგატიური ატეიბუტების და დაავადებების გზით, რომელსაც კონკრეტული სიტუაცია იწვევს.
მატერიალურ სფეროში დისბალანსის გამოწვევა ძალიან მარტივია. ამის მაგალითია უხამსი მეტყველება, აზრები ან ემოციები, რისი მეშვეობითაც ასტრალური სფეროდან ნეგატიური ატრიბუტები მატერიალურ სფეროში გადადის. ეს ყველაფერი ერთიანად გამოხატავს საკუთარ თავს მენტალურ, ასტრალურ და მატერიალურ აურაში.