დაისი თუ აისი

Admin
აზრები
0
0

ავტორი: ბადრი მეფარიშვილი „შეიცან თავი შენი, შეიცნობ სამყაროს და შეიცნობ ღმერთებს“-ძველი ბერძნ...

philosophy

ავტორი: ბადრი მეფარიშვილი

„შეიცან თავი შენი, შეიცნობ სამყაროს და შეიცნობ ღმერთებს“-ძველი ბერძნების ეს შეგონება წინ მიუძღვის ადამიანს სააზროვნო სივრცეში და ცდილობს ამოიცნოს; რას წარმოადგენს, საიდან მოდის და საით მიდის. საკითხისადმი დამოკიდებულება განსაზღვრავს ადამიანის დღევანდელ და მომავალ საკეთებელს. ამიტომ დღეს, როცა კაცობრიობის წინაშე, მთელი სიმწვავით, დადგა თავისუფლების, დემოკრატიის, განათლების და ცივილიზაციის სხვა გამოწვევების საყოველთაო გაცნობიერების საჭიროება. თითოეული ჩვენგანის პოზიცია საშური და საინტერესოა.

ვნახოთ, მე რა გამომივა...

ადამიანი - ქართული სახელი ჰომო-საპიენსისა, დაკავშირებულია ბიბლიურ ადამთან, რომლის შთამომავლობასაც ეწოდება ადამიანები ანუ კაცობრიობა. მიმაჩნია, რომ განსხვავება ადამსა და ადამის მოდგმისა, დედამიწაზე არსებული სხვა დანარჩენი სულიერი არსებებისაგან , არის გასაღები ადამიანობის არსისა და კაცობრიობის ისტორიის ასახსნელად.

აი, ერთი განსხვებაც - ისტორია. ისტორია არ გააჩნია დედამიწაზე არსებულ სულიერთა არც ერთ სახეობას. რადგან არც ერთი მათგანი დროში კვალს არ ტოვებს. ადამიანი კი თავისი არსებობის სხვადასხვა ეტაპზე, ნამოქმედარის კვალს აჩნევს სამყაროს და სწორედ ამ კვალს ჰქვია ისტორია.

საინტერესოა, კვალის დაჩნევის ასეთი რა უნარი აქვს, რითაც სრულიად გამოირჩევა დანარჩენი სამყაროსაგან? ძველი ბერძენი ფილოსოფოსებიდან დღემდე, უმრავლესობა თანხმდება, რომ ადა-მიანობა არის გონის განსაკუთრებული მდგომარეობა, აღმატებული გონი. მაგრამ, ვფიქრობ, გონე-ბრივ შესაძლებლობათა სხვაობა ვერ იქნება საკმარისი პირობა ადამიანსა და სხვა ცოცხალ არსებათა შორის პრინციპული განსხვავებულობისა. რამ გამოიწვია ეს გონებრივი განსხვავება?
დავიწყოთ უმთავრესით: „ღმერთმა შექმნა ადამიანი მსგავსად სახედ და ხატად თვისა.” (ბიბლია)

ხოლო, ვინ არის ღმერთი? “რომელმან შექმნა სამყარო ძალითა მით ძლიერითა.” (რუსთაველი)

ღმერთი სამყაროს შემოქმედია და ადამიანის მისდამი მსგავსებაც, მის მიერ ბოძებულ შემოქმედების უნარში უნდა ვეძიოთ. ადამიანის ტრანსცენდენტულ ბუნებას ბევრი აღიარებს, მაგრამ მას აპრიორად, გონების „ამძრავ“ მიზეზად, ვფიქრობ, არავინ მიიჩნევს. არადა, შემოქმედების (შექმნის) უნარი არის ის უმთავრესი მახასიათებელი, რითაც უზენაესმა შემოქმედმა შექმნა „მსგავსი თვისა“ ადამიანი.

თუ ჩავთვლით, რომ პირველადი მაინც გონია, ხოლო შემოქმედება გონის თანამდევი უნარი, მაშინ განვითარებული გონის ადამიანისათვის შემოქმედების ნებისმიერი სფერო მიღწევადი უნდა იქნეს, როგორც შემოქმედებითი ასპარეზი. მაგრამ რაც უნდა მაღალი გონებრივი IQ-ს მქონე იქნეს ადამიანი, შესაბამისი შემოქმედებითი ნიჭის გარეშე, ცალკეულ დარგებში, ვერავითარ ღირებულს ვერ შექმნის. რაც უნდა კარგად შევისწავლოთ ნოტები, როიალის აგებულება, დაკვრის ტექნიკა, მუსიკის ნიჭის გარეშე ვერც კომპოზიტორი გახდები და ვერც შემსრულებელი. ასევე მათემატიკოსი, მწერალი, მენეჯერი თუ სხვა. განვითარებული გონით არ არსებულ შემოქმედებით ნიჭს ვერ შეიძენ, ხოლო არსებული შემოქმედებითი ნიჭით გონს კი განავითარებ. ამიტომაც მიმაჩნია, რომ შემოქმე-დების უნარი არის გონის განვითარების ერთადერთი სტიმულატორი.

ადამიანის მიერ პირველი შექმნილი ნივთით, ალბათ შუბიდან დაწყებული, დღევანდელობის ტექნოლოგიური მიღწევებით დამთავრებული, ყველაფერი ადამიანის შემოქმედებითი გონის ძალისხმევის შედეგია. პროგრესისაკენ გადადგმული ყოველი ნაბიჯი, მატერიალური თუ სულიერი, შემოქმედებითი აზროვნებით არის მიღწეული. ადამიანი არის ერთადერთი არსება ბუნებაში, რომელიც ღმერთის მსგავსად შემოქმედია და ამ უნარმა შვა ადამიანში ადამიანი. აქედან გამომდინარე, თუ ადამიანობის ამოსავალ წერტილად განვიხილავთ მისი, როგორც შემქმნელის-შემოქმედის ბუნებას, (როგორც რეალობას) მაშინ ჩვენ უამრავ კითხვაზე შევძლებთ პასუხის გაცემას.

I. ადამიანი–შემოქმედი

არ არსებობს ბუნებაში ადამიანი შემოქმედებითი მუხტის გარეშე. ზოგიერთში იგი ძალიან სუსტია და მის მოძიებასა და განვითარებას უდიდესი ძალისხმევა ჭირდება. ზოგიერთში კი ისეთი სიმძლავრისაა, როგორც იტყვიან -„მთებს შესძრავს“. ზოგიერთისთვის გარემო არ არის შესაბამისი. უმრავლესობა კი საერთოდ ვერ პოულობს თავის თავში შემოქმედს. ცხოვრებაში, ადამიანის მიერ თავისი თავის მარადიული ძი¬ება, საკუთარი შემოქმედებითი უნარების აღმოჩენისა და შეძლებისდაგვარად რეალიზების პროცესია, რითაც იგი ვითარდება და მიისწრაფის სრულყოფილებისაკენ.

შემოქმედება არ არის; უბრალოდ შრომა, სწავლა, სასიცოცხლო აზროვნება, რაც აგრეთვე ახასიათებს ცოცხალ სამყაროს. შემოქმედება, ეს არის: სიახლის ძიება, კრიტიკული მიდგომები, აღმოჩენები, არ არსებულის შექმნა. შექმნილის გაუმჯობესება. შემოქმედი უნარი წარმოადგენს ადამიანური ქმედების ღვთიურ საწყისს, რაც ადამიანის გონს არ აჩერებს უძრავ მდგომარეობაში და უბიძგებს მას ცნობიერების ზრდისაკენ, რითაც ანვითარებს საკუთარ თავსაც და ქმნის ახალ სამყაროს. სწორედ ამით ემსგავსება იგი უზენაეს შემოქმედს და შესაბამისად, ყველაფერი ეს აისახება მეცნიერებაში, კულტურაში და ადამიანის ყოფიერების ყველა სფეროში, მატერიალურსა თუ სულიერში. ადამიანის ქმედებას, რომელსაც არ ახლავს შემოქმედებითი მიდგომები, პერსპექტივა არ გააჩნია. იგი ემსგავსება ინსტიქტურ შრომას, რითაც მოცულია ცოცხალი ბუნება. მაგ: ფრინველების მიერ ბუდეების, ხოლო თახვების მიერ კაშხალების შენება და მსგავსი ქმედებები, რომლებიც მილიონი წლების მანძილზე არ იცვლება. ფრინველის მიერ აშენებულ ბუდეზე შეიძლება ვიფიქროთ, რომ იგი ფრინველის შემოქმედებას წარმოადგენს, მაგრამ ვინაიდან ბუდეებს შორის არ არსებობს განსხვავებები და არც არავინ ანვითარებს დროში, ამიტომ ბუდე, ეს არის ფრინველის სიცოცხლის შემადგენელი ნაწილი, დარად მისი კვერცხისა, რომლის გარეშეც სიცოცხლე არ გაგრძელდება. იქ, სადაც პროგრესი არ არსებობს, არც შემოქმედი არსებობს.

ბუნებაში, ყველა სულიერ არსებას გააჩნია მეტ-ნაკლებად განვითარებული სასიცოცხლო გონი - აზროვნება.. ცხოველთა გონება ემსახურება მხოლოდ მათ, მათში ჩადებული სასიცოცხლო ინსტიქტების მოთხოვნების შესრულებას. ისინი გონიერი მშობლებიც არიან, მონადირეები, შემგროვებლები და ასე შენდეგ. მათი ინსტიქტებისა და მისი მომსახურე გონის ერთობლიობა ბუნებაში ქმნის ენერგიის მოხმარებაზე დამყარებულ ბალანსს, კანონზომიერებას, სადაც ერთის არსებობა დამოკიდებულია მეორეზე და შეკრულია ერთი, მთლიანი სასიცოცხლო ჯაჭვი.

სასიცოცხლო აზროვნების ჩემეულ გაგებაში ვგულისხმობ -ინფორმაციის მიღების, დაგროვებისა და განსჯის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღების პროცესს.

მათგან განსხვავებით, ამ კანონზომიერებიდან, ერთადერთი ადამიანია ამოვარდნილი, ვინაიდან იგი არ არის მხოლოდ საკუთარი ეგოს (ვიტალურის) მომსახურე არსება და გარემოს მომხმარებელი. იგი ერთადერთია ბუნებაში ვინც არეგულირებს მასში არსებულ „საწყისს“, ვითარდება და ქმნის. ქმნის მისთვის საჭირო მოხმარების საგნებს, საცხოვრებელ გარემოს, კულტურას, მეცნიერებას. ყოვე-ლივე ამის მიზეზია შემოქმედი აზროვნების უნარი რომელიც ქმნის „ადამიანს“, ადამიანურ გონს.
მხოლოდ აზროვნება აქცევს გონად იმ სულს, რომლითაც ცხოველიც არის დაჯილდოვებული. (ჰეგელი)

ადამიანი = სასიცოცხლო გონი(ბაზა) +შემოქმედების უნარი(შესაბამისი ნიჭით) + მორალი.

რას წარმოადგენს ადამიანისთვის მორალი?

ცხოველის ეგოცენტრიზმის შემაკავებელი ძირთადი ფაქტორი არის შიში, შიში მასზე ძლიერის მიმართ. რაც აგრეთვე ახასიათებს განუვითარებელ ადამიანსაც. ხოლო განვითარებული ადამიანისათვის, ეგოცენტრიზმის მუხრუჭს შემოქმედის თანამდევი მორალი წარმოადგენს.

შემოქმედების უნარი, ეს არის ყველაზე დიდი ძალა სამყაროში. მან შექმნა სამყარო და მასვე შეუძლია მისი განადგურებაც. ადამიანისათვის ბოძებული შემოქმედების უნარის კონტროლი, ასევე მინიჭებული, ადამიანური მორალით ხდება. სწორედ ის ანვითარებს ადამიანში პასუხისმგებლობას თავის ნამოქმედარზე. მორალი თავისუფალი, გარედან შეუზღუდავი, შინაგანად რეგულირებადი, მაღალგანვითარებული, ინტელექტუალი ადამიანისა, რომელსაც ანდობ ამ უძლიერეს ფენომენს, რასაც შემოქმედება ქვია. შემოქმედი მორალის გარეშე სამყაროს მტერია, შემოქმედების დამანგრე-ველი. დღეს კაცობრიობის ხელში უდიდესი ენერგიაა თავმოყრილი, ხოლო წინ ვინ იცის კიდევ რა მასშტაბებია და თუ არა მორალი, სხვა ვერაფერი ვერ გაუწევს მას კონტროლს. მორალის გარეშე არავითარი პროგრესი არ მოხდება. ცხოველს იმიტომ არ გააჩნია მორალი, რომ იგი არაფერს ქმნის და შესაბამისად არავითარ საფრთხეს არ წარმოადგენს სამყაროსათვის. ვფიქრობ; რაც არ უნდა განავითარო ხელოვნური ინტელექტი, მას ვერასოდეს გადასცემ შემოქმედების უნარსა და მორალს, ვინაიდან ორივე, ღვთისაგან „მობარებული ჯვარია“ და მესამე პირზე გადაცემას არ ექვემდებარება.

აქედან გამომდინარე; ადამიანი არის ცნობიერებისა და შექმნის შესაძლებლობის განვითარების უსასრულობა, შემოქმედებითი აზროვნებისა და მორალის საზღვრებით.
მორალის არსია- არა ძალადობას. რომელიმე საზღვრის მორღვევის შემთხვევაში ადამიანი ქრება. ადამიანში მორალის განმტკიცებას რელიგია და ხელოვნება ემსახურება.

ეს არის განსხვავება არსში. რით განსხვავდება ადამიანის ცხოვრება დანარჩენთა ყოფისაგან?

II. რა არის საჭირო შემოქმედი ადამიანისათვის?

იმისთვის, რომ ადამიანი შედგეს როგორც სრულფასოვანი შემოქმედი, ამისათვის საჭიროა სამი ძირითადი პირობა: 1. თავისუფლება, 2. ეკონომიკური კეთილდღეობა და 3. ინტელექტუალური განვითარება. განვიხილოთ თითოეულის საჭიროება ცალ-ცალკე.

1.თავისუფლება. დავიწყოთ იმით, რომ ადამიანმა ნიჭის და უნარების მიხედვით თვითონ უნდა აირჩიოს თავისი შემოქმედებითი მოღვაწეობის სფე¬რო. შემდეგ იგი, სწავლობს და იწყებს მის მიერ დაგროვილი ცოდნის გამოყენებას შემოქმედებითი საქმიანობით. ადამიანში ეს პროცესი შინაგანი, ვულკანური ამოფრქვევაა და გარედან მოხვეული ყოველგვარი წინაღობა ან კლავს ადამიანში შემოქმედს, ან შემოქმედებას ემჩნევა ხელოვნურობის, მკვდრადშობილობის კვალი.

თავისუფლება ორგვარია, ფიზიკური და ინტელექტუალური. შემოქმედისათვის ორივე საჭიროა. ფიზიკურად დამონებული ადამიანი ვერ შეარჩევს უნარების მიხედვით მოღვაწეობის სფეროს, ხოლო ინტელექტუალურად შებოჭილი კი, ვერ გასცდება იმ ჩარჩოებს, რომელშიც მას ამყოფებს რაიმე იდეოლოგია, ან ვინმე „დამკვეთი“. შემოქმედი ადამიანი ვერ შეიბოჭება რელიგიური და მორალური დოგმატებით. პარტიული იდეებით და ეროვნული ადათ-წესებით. მისთვის თავისუფალი აზროვნება უპირველესია, რითაც იგი ახდენს პიროვნულ-შემოქმედებით განვითარებას. ადამიანური თავისუფ-ლების ერთადერთი ზღვარი, ზემოთ ნახსენები, განვითარებული ადამიანის შინაგანი მორალია.

ადამიანური თავისუფლება არის არა ეგოცენტრული , არამედ შემოქმედებითი თავისუფლება.

2. ეკონომიკური კეთილდღეობა. შემოქმედებით დაკავებულ ადამიანს, უპირველესად უნდა გააჩნდეს საშუალება ელემენტალური საარსებო, ფიზიოლო¬გიური და საყოფაცხოვრებო მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებ¬ლად. დაწყებული საკვებიდან, საცხოვრებლიდან, ჯანმრთელობის დაცვიდან და სხვა. უნდა შეეძლოს სა¬თანადო განათლების მიღება და მისი სრულყოფა, რაც დღეისათვის, განსაკუთრებით დიდ ფინანსურ სახსრებს მოითხოვს. ხოლო ადამიანის შემოქმედების განხორციელება, ყველა სფეროში, მოითხოვს უდიდეს კაპიტალ-დაბანდებებს რისი მოძიებისას შემოქმედი არ უნდა კარგავდეს დამოუკიდებლობას. ეკონომიკური საშუალებების არ ქონის გამო, ბევრი ნიჭიერი შემოქმედი ვერ შემდგარა და „დაკარგულა“ ცხოვრებაში. ამიტომ ადამიანი ყოველთვის მიისწრაფის თავისი ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესობისაკენ. რათა იყოს უფრო და-მოუკიდებელი და შეძლოს თავისი პიროვნების, როგორც შემოქმედის განვითარება და რეალიზება.

ცივილიზებული ადამიანისათვის, მატერიალური უზრუნველყოფა საჭიროა არა ფუფუნე-ბისათვის, არამედ პიროვნული რეალიზებისათვის.

3. ინტელექტუალური განვითარება. ყოველი შექმნის საწყისია შემქმნელი გონი. მისი აზროვნებით ხდება შემოქმედებისათვის საჭირო ცოდნის დაგრო¬ვება, გაანალიზება და შედეგის მიღწევა, მიღწეულის შემდგომი განვითარება. არ არსებობს ადამიანის მოქმედების სფერო, რომელიც არ საჭიროებდეს შემოქმედის აზროვნებას და არ იყოს გამოყენებული შესაბამისი ცოდნა. იქნება ეს, მეღვინე, მზარეული, ფიზიკოსი, მხატვარი თუ სხვა, ყველა მათგანის შრომა შემოქმედებითი მოღვაწეობაა და მოითხოვს შესაბამის პროფესიულ განათლებას. განათლება კი, შემოქმედებითი პროცესის მკვებავი ენერგიაა, რისი მუდმივი ზრდით ხდება ინტელექტის განვითარება. და, რაც გამოიხატება სამყაროს არსში წვდომისა და შექმნის შესაძლებლობის უსასრულოდ განვითარებაში.

ადამიანის პიროვნულ განვითარებას გააჩნია პირობითი ეტაპები: ბავშვობა, ახალგაზრდობა და სიბრძნე. იგი ცვალებადობს არა ასაკით, არამედ ცნობიერების განვითარების დონით.

ვინაიდან ადამიანი სოციალური არსებაა. შესაბამისად, იგი როგორც შემოქმედი, ყალიბდება და რეალიზდება მხოლოდ საზოგა¬დოებაში. ამიტომ ადამიანის¬თვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს არა მარტო პირადი შემოქმედებითი პირობების შექმნას, არამედ მისი გარემომცველი საზოგადოების, რო¬გორც ინდივიდის შემოქმედების დამფასებლის, მომხმარებლის და გან-მავითარებელის არსებო-ბასაც. წინააღმდეგ შემთხვევაში, შემოქმედი ადამიანი, საზოგადოებისათვის რჩება გაუგებარი, უსარგებლო და დაუნდობლად სპობს შემოქ¬მედსაც და შემოქმედების ნაყოფსაც (ჯორდანო ბრუნო).

რაც არ უნდა უსასრულოდ განვითარდეს ერთეულ ადამიანთა ცნობიერება, ისინი ყოველთვის კონფლიქტში იქნებიან განუვითარებელ საზოგადოებასთან. ამიტომ პიროვნული განვითარების აუცილებელი პირობაა საზოგადოების განვითარებაც. შესაბამისად, ზემოთ აღნიშნული სამი პირობა საზოგადოების განვითარებისთვისაც აუცილებლობაა. აქედან; სამოთხედან გაძევებული ადამიანის ისტორია საკუთარი „სამოთხის“ შენების ანუ შემოქმედებისათვის საჭირო გარემოს შექმნის პროცესია. გარემოსი რომელშიც ადამიანი-შემოქმედი სრულფასოვნად შეძლებს საკუთარი უნარების რეალიზებას და რომლის პარამეტრებიც განისაზღვრება: თავისუფლების ხარისხის, ინტელექტის განვითარებისა და ეკონომიკური კეთილდღეობის შესაძლებლობათა გამუდმებული ზრდის დონით. სწორედ ეს სამი ვექტორი წარ¬მოადგენს ადამიანის ისტორიის ხერხემალს.

III. ადამიანის ისტორია

1) ეკონომიკური კეთილდღეობის გარემოს შექმნა. „საწყისიდან“ მომავალ ადამიანში, როგორც სხვა არსებებში, ჩადებული იყო და არის, არსებობისათვის ბრძოლის ძირითადი პრინცი¬პი–„ძლიერი იმარჯვებს სუსტზე“. ამ პრინციპით მოქმედებდა და დღესაც მოქმედებს, მომხმარებლურ ინსტიქტზე დამყარებული, განუვითარებელი ადამიანი. მის მიერ, კაცობრიობის ისტორიაში, წარმოებულ ქმედებათა უმრავლესობა, ემსახურება ადამიანი-ერი-სახელმწიფოს ეკონომიკურ მოთხოვნილებათა, სხვის ხარჯზე ძალადობრივ დაკმაყოფილებას, დაწყებული საკვების მოპოვებით, დამთავრებული სხვათა ტერიტორიული ანექსიით, კოლონიური კაბალით. შესაბამისად, ისტორიაში ყალიბდებოდა და იშლებოდა იმპერიები და სახელმწიფოები. სახელმწიფოებრიობის ყველა ატრიბუტი: ტერიტორია, ეკონომიკა, შეიარაღება, პოლიტიკა და სხვა, უპირველესად მიმართულია ქვეყნის ეკონომიკური ძლიერების გაზრდისა და შემდგომ მისი დაცვისაკენ. ადა¬მიანის ინტელექტუალურ ზრდასთან ერთად, ეკონომიკური განვითა¬რების მეთოდებიც იცვლება დროში. განვითარებულმა ერებმა, ტექნოლოგიურ პროგრესის მეშვეობით, შესძლეს წარმოების ისეთ დონეზე აყვანა, რომ სხვისის მითვისება კი არა, ჭარბი დოვლათის სხვებზე რეალიზაციის პრობლემა შეექმნათ.

XX საუკუნის II ნახევრიდან ცივილიზაცია ახალი ეკონომიკური რეალობის წინაშე დადგა. შემოქმედებითი თანამშრომლობით ისე განავითარეს ეკონომიკა, რომ ვერავითარი ომით ასეთ შედეგს ვერ მიაღწევდნენ. ცივილიზაციაში, ძალადობა და მათი გამოხატულება, იმპერიები და კოლონიები ეკონომიკური განვითარების მუხრუჭებად გადაიქცნენ, ამიტომ ყველა განვითარებულმა ქვეყანამ, თითქმის ნებაყოფლობით აიღო ხელი იმპერიულ პოლიტიკაზე და დაადგა თანამშრომლობის გზას. ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა არის ერთ-ერთი განმსაზღვრელი, ადამიანის შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენის და რეალიზების შესაძლებლობისა.

2) თავისუფალი გარემოს შექმნა. ერთა შორის პყრობით ძალადობას, არა მხოლოდ ეკონომიკური ძარცვა, არამედ ფიზიკური თავისუფლების დაკარგვა მოყვებოდა. დამპყრობელი ცდილობდა დაპყრობილები სრულ მორჩილებაში ჰყოლოდათ. ისინი იძულებულები იყვნენ ემსახურათ მოძალადეთა სასიკეთოდ, ეხადათ ხარკი, მიეღოთ მათ ომებში მონაწილეობა. ხოლო საკუთარი პიროვნული და ეროვნული განვითარებისათვის არავითარი შანსი აღარ რჩებოდა. ისინი შეიძლება საერთოთ შეწირვოდნენ სხვათა კეთილდღეობას და გამქრალიყვნენ როგორც ერი, რისი მაგალითებიც ძალიან ბევრია ისტორიაში. დრო და დრო დაპყრობილი ერები და სახელმწიფოები ცდილობდნენ დამპყრობელისაგან თავის დახსნას, იწყებოდა აჯანყებები და განმათავისუფლებელი ომები. ყოველი ადამიანი-ერი ცდილობს გარედან თავს მოხვეული მოძალადის თავიდან მოცილებას, რათა მან საკუთარი საარსებო გარემო შეინარჩუნოს, სადაც იგი უნდა განვითარდეს როგორც შემოქმედი. განვითარებულ ერებში, ანალოგიური დამოკიდებულება ჩნდება ერთ დროს საჭირო, დღეს უკვე მუხრუჭებად ქცეული, ბელადებისა და ავტოკრატიული მმართველობისადმი, რომელთა დიქტატისადმი მორჩილება განვითარების არავითარ შანსს აღარ იძლევა.

ადამიანის შემოქმედებითი პროცესი გამორიცხავს მიზნის მიღწევის ძალადობრივ ფორმებს. იგი ემყარება მხოლოდ საკუთარ ინტელექტუალურ შესაძლებლობებს. ამიტომ, დროთა განმავლობაში, ცნობიერების ზრდასთან ერთად, ადამიანმა უარყო ერთმანეთთან მონური და ბატონყმური დამოკიდებულება. გასაქანი მისცა თავისუფალ, შემოქმედებითად მოაზროვნე ინტელექტუალებს. რის შედეგადაც არნახული ტემპებითით იზრდება შემოქმედე¬ბითი პროგრესი, მათში ჩართული ადამიანების რაოდენობა. ცივილიზაციისათვის, თავისუფლება არის ადამიანის-ერის რეალიზე-ბისათვის სრული შესაძლებლობის გარემო და ცნობიერება.

3) ინტელექტუალური განვითარებისათვის გარემოს შექმნა. ისტორიული განვითარების სხვადასხვა ეტაპზე, ადამიანთა ერთი ჯგუფი, ერი ან სახელმწიფო აღწევდა ინტელექტუალური განვითარების გარკვეულ დონეს. ისინი აარსებდნენ საგანმანათლებლო კერებს. სამეცნიერო აკადემიებს, ბიბლიოთეკებს. ამავე დროს ცდილობდნენ მის გარშემო არსებულ არეალში შეძ-ლებისდაგვარად გაევრცელებინათ და თავს მოეხვიათ მათი აზრები. იქნებოდა ეს ცხოვრების წესები თუ რელიგიური შეხედულებები. რაც დაპირისპირების ან შეკავშირების მიზეზად იქცეოდა. მსოფლიო ისტორია სავსეა რელიგიური თუ იდეოლოგიური ომებითა თუ გადატრიალებებით .„დიდი ერები“ ცდილობდნენ გავლენის ქვეშ მოექციათ „პატარა ერები“. მაგრამ ისინი, ყოველთვის ცდილობდნენ საკუთარი იდენტობის, თვითმყოფადობის შენარჩუ¬ნებასა და შემდგომ განვითარებას. დღეისათვის,

ერის ინტელექტუალური იდენტობა და მათ ბაზაზე მძლავრი სასკოლო საუნივერსიტეტო და სამეცნიერო კერების არსებობა, ყველა ცივილიზებული სახელმწიფოს პრესტიჟისა და ძლიერების საქმეა, რისი განვითარებისათვისაც უზარმაზარი სახსრები იხარჯება.

ადამიანური ინტელექტის ერთ-ერთი მძლავრი გამოვლინებაა რელიგია. რელიგია არის ადამიანის ინტელექტუალურ-ზნეობრივი ყავარჯენი შემოქმედებითი განვითარების, ღმერთისაკენ მიმავალ გზაზე. რელიგია ადამიანების გონებაში თავიდანვე იკავებს გაბატონებულ მდგომარეობას. რელიგიური რიტუალების ცოდნა და მათი აღსრულება, თითქმის ყველასათვის სავალდებულო იყო.რაც გარკვეული ცოდნის მიღების აუცილობლობასთანც იყო დაკავშირებული. რელიგიური ცენტრები ზნეობრივი განათლების კერებად გადაიქცა. მათი ამოცანა იყო განუვითარებელი მასის მორალური ჩარჩოების განსაზღვრა და ამ ჩარჩოებში მისი მოქცევა. ადამიანი ქვეცნობიერად აღიარებდა ამ ჩარჩოების საჭიროებას, რადგან მასში „საწყისის“ თვითრეგულაციის უნარი ძალიან მცირე იყო და ნებით თუ ძალით ემორჩილებოდა მის ნებას. აქედან გამომდინარე, განუზომლად დიდია რელიგიის როლი განუვითარებელი ადამიანის სულიერი და ზნეობრივი აღზრდის პრო-ცესში. განვითარების სხვადასხვა ეტაპზე ხდებოდა რელიგიურ რწმენათა ცვლილებები, რომლებიც ახალ მორალურ და ინტელექტუალურ პარადიგმებს უწესებდნენ და ამზადებდნენ ადამიანს სააზროვნოდ. საბოლოოდ, განვითარებული ადამიანისათვის, ღმერთის ძიების რელიგიურ-დოგ-მატური, რწმენაზე დაფუძვნებული აზროვნება იცვლება „უზენაესთან მსგავსების“ მეცნიერული შემეცნების თემად. ღმერთის (თავის) შეცნობისა და „ღმერთად ქცევის“ დაუოკებელი სურვილით.

ცივილიზაციაში, ღმერთი აღარ არის მიზნის მიღწევის საშუალება, ღმერთი თვითონ მიზანია.

„ადამიანი დაიბადა იმისთვის, რომ ადამიანს დავალებული აქვს თვით გახდეს ღმერთი“. (იოანე ოქროპ.) ხოლო, ჩემის მხრივ, ამ სიტყვებს დავამატებ:-ერთი ადამიანი ვერასოდეს გახდება ღმერთი. ვინაიდან ღმერთი უნივერსალური შემოქმედია. უნივერსალური შემოქმედი კი, მხოლოდ კრებსითი ადამიანია-კაცობრიობა. კაცობრიობა-უსასრულოდ ერთთა შემოქმედებითი, ჰარმონიული ურთიერთობა (წარსულის მონაწილეობით), რომელზედაც გადის გზა უზენაესი შემოქმედისაკენ.
ვფიქრობ, სწორედ ამ აზრს უნდა ეფუძვნებოდეს ქრისტესმიერი სწავლება:- „გიყვარდეს მტერი შენი“.

human

IV. ერი და კაცობრიობა

ადამიანთა ჯგუფური საქმიანობის პროცესში, ყალიბდება მათი ისტო¬რიული გაერთიანება - ერი.

ერი- გარკვეულ გეოგრაფიულ ტერიტორიაზე, დროში ჩამოყალიბებული და ჩამოყალიბების პროცესში მყოფი, ადამიანთა ნებაყოფლობითი გაერთიანებაა, სადაც ცალკეული პიროვნებები  ერთად იღწვიან მათთვის შესაბამისი შემოქმედებითი გარემოს შესაქმნელად და ახდენენ თავისი უნარების რეალიზებას, რის შედეგადაც ყალიბდება გარკვეული იდენტობის მატარებელ საზოგადოებად.

ერის მიერ დაკავებული ისტორიული სივრცე; ლანშაფტი, ჰავა, ნიადაგი წარმოადგენს ერის იდენტობის ჩამოყალიბების უმთავრეს ფაქტორს. ეს კავშირი, ერთგვარად შეიძლება შევადაროთ ვაზისა და მისი პროდუქტის-ღვინის მაგალითს. ვაზის ერთი და იგივე ჯიში, სხვადასხვა გეოგრაფიულ გარემოში, იძლევა ისეთ განსხვავებულ ღვინოს, რომ იგი ენდემურ ჯიშთან საერთოდ კარგავს იდენტობას და ყალიბდება ახალ მოცემულობად. დედამიწის სხვადასხვა კუთხეში მაცხოვრებელი აბორიგენი მოსახლეობა განსხვავდება ერთმანეთისაგან, როგორც ვიზუალით, ასევე შემოქმედე-ბითი იდენტობებით. ისინი, ჯგუფური მიგრაციის შემთხვევაში, უცხო ტერიტორიაზე, საკმაოდ ცილდე-ბიან მშობლიურ იდენტობას და ახალი გეოგრაფიის გავლენით, ახალ, განსხვავებულ მოცემულო-ბად ყალიბდებიან. მაგ: შეერთებული შტატებში, ქვეყანაში, რომელიც შექმნეს ანგლო-საქსებმა უცხო ტერიტორიაზე, დიდი ხანია დაიწყო ამერიკელი ერის-ახალი იდენტობის ჩამოყალიბების პროცესი, რომელიც საკმაოდ გამიჯნულია, ერთ დროს მშობლიურ იდენტობასთან. ასევე ავსტრალია და ა.შ.

აღნიშნული პროცესი მიმდინარეობს ადამიანი-შემოქმედის ჩამოყალიბების თანამდევად. ასე, რომ, თავდაპირველად საარსებო, შემდგომ კი სამოქმედო გეოგრაფიული არეალი (სამშობლო), მიწის, ჰავის და გარემოს ზემოქმედებით ადამიანის ბიოლოგიასა და ფსიქიკაზე, უდიდეს გავლენას ახდენს მის შემოქმედებით აზროვნებაზე. სწორედ, აღნიშნული კანონზომიერება ქმნის ბუნებაში მრავალფეროვნებას, რაც აუცილებელი პირობაა სამყაროს შეცნობისა და შექმნის პროცესში მრა-ვალწახნაგა ხედვისათვის. მრავალფეროვნება, ეს არის შემოქმედების უმთავრესი მახასიათებელი და სტიმულატორი, რომლის გარეშე სამყარო, როგორც შემოქმედების შედეგი, აღარ არსებობს.

აქედან გამომდინარე; მშობლიური ერი და სამშობლო წარმოადგენს ინდივიდთა ჰარმონიული ყოფისა და შემოქმედებითი რეალიზებისათვის საჭირო უპირველეს ბაზას და რაც უფრო ძლიერია ეს ბაზა (სამივე პარამეტრით), მით უფრო მეტია განვითარების შესაძლებლობა.

ასეთ ბაზათა გაერთიანებით იქმნება კაცობრიობა -გლობალიზმში ეროვნულობისა და ინდივიდუალიზმის თავისუფალი განვითარების შესაძლებლობა- შემოქმედებითი ჰარმონია.

მიუხედავად ნეოლიბერალთა მხრიდან ეროვნული საზღვრების რღვევის მოლოდინისა, დაიწყო საპირისპირო პროცესი და ერი სახელმწიფოების, როგორც პიროვნების რეალიზების ძირითადი ბაზის, დამკვიდრების პროცესი გრძელდება. სსრკ-ს დაშლა, შემორჩენილ იმპერიებსა და უნიტარულ ქვეყნებში მოქცეული ერთა სეპარატიზმი, არჩევ¬ნების გზით დიქტატორებისა და ავტოკრატიული რეჟიმების თავიდან მოცილების დაწყებული პროცესები ადასტურებენ, ერების სწრაფვას ფიზიკური და ინტელექტუალური განთავისუფლებისაკენ, მის გარდუვალობას.

ერისა და კაცობრიობის ცნობიერების განვითარების პროცესს გააჩნია საფეხურები: არსებობა შიშით, დოგმატური აზროვნება, შემოქმედებითი ცხოვრება, სამყაროს შემეცნება. ხოლო საქმიანობის მიხედვით; მომხმარებელი, მომსახურე და ბოლოს შემქმნელი-შემოქმედი.

VII. ხალხის ნება და პიროვნება (მასის როლი ისტორიაში)

კაცობრიობის განვითარების საწყის ეტაპზე, ადამიანის ცნობიერებაში, უპირველეს ადგილს
იკავებს საზოგადოებრივი წესრიგის საჭიროება, რათა მან დაარეგულიროს თითოეული ადამიანის მონაწილეობა „საზოგადოებაში“ და აქ ჩნდება პირველი ბელადი, რომელიც ძალი¬თ და გონებითაც აღმატებულია სხვებზე. იგი, ლიდერი, თავის თავზე იღებს ჯგუფის დაცვისა და საყოფაცხოვრებო პირობების შექმნის ორგანიზებას. დანარჩენები მათ მონურად ემორჩილებიან. ასეთი სტრუქტურა ახასიათებს ცხოველთა „საზოგადოებებსაც“, მაგრამ „საწყის¬თან“ ახლად გამიჯნულმა შემოქმედმა ადამიანმა, ეს სასტარტო მოდე¬ლი გონივრულ აქტად აქცია, რომელიც შემდგომ თანდათან განავი¬თარა დროში. ბელადებისგან წარმოიშვნენ მეფეები, იმპერატორები, დიქტატორები, რაც ჩაანაცვლა დემოკრატიულმა მმართველობამ. პარალელურად, ადამიანთა ჯგუფები¬დან და ტომებიდან შეიქმნა ერები და სახელმწიფოები.
აქედან გამომდინარე: მასისა და პიროვნების თანხვედრა, ორ¬მხრივად შეთავსებული აქტია. ერის, ხალხის ნება გამოიხატება, თი¬თოეული წევრის ნების ჯამის აბსოლიტური სიდიდით. თუ ამ ნებას პიროვნება გამოუჩნდება, მასა ნებაყოფლობით აბარებს საკუთარ თავს, ემორჩილება მას და ერთად ახორციელებენ დასახულ მიზნებს. ხოლო, ბელადების მეტ-ნაკლებ გადაცდომებზე მას რეაქცია არ გააჩნია, რადგან აქ უმთავრესი შედეგია. თუ პიროვნების და მასის ნებათა თანხვედრა არ მოხდა, პიროვნე¬ბა ვერ აიძულებს მასას გააკეთოს ის, რაც მის ნებაში არ არის, გარდა იმ შემთხვევისა თუ პიროვნებას გვერდით, მასის ძალაზე აღმატებული სხვა ძალა არ უდგას. აქედან გამომდინარე, მაგ: ჰიტლერი ან სტალინი არ შეძლება განვიხილოთ როგორც მასის სათავეში შემთხვევით მოხვედრი-ლი უზურპატორები. ჰიტლერი წარმოადგენდა I მსოფლიო ომში დამარცხებული გერმანელი ერის რევანშიზმის სიმბოლოს. ხოლო სტალინი-„აღმოსავლური კეთილდღეობის“ -სოციალიზმის მშენებელს. რევანში არ შედგა და დასავლეთისათვის ჰიტლერი და დიქტატურა ანაქრონიზმად იქცა. ხოლო პოსტსაბჭოთა სივრცის უდიდეს ნაწილში, „სტალინებზე“ მოთხოვნა ჯერაც არ განელებულა და ვინც ეძებდა, „გაბედნიერდა“ კიდეც, რადგან იდეა-„აღმოსავლური კეთილდღეობა“ კვლავ ძალაშია. ამიტომ, ბელადომანია ვიღაც ბელადის დანაშაული კი არ არის, არამედ პასიური, განუვითარებელი ადამიანის, ერის მონური ფსიქოლოგიისა, რომელთა კეთილდღეობა დამოკიდებულია არა საკუთარი შემოქმედებითი აქტიურობით შექმნილ ცხოვრებაზე, არამედ ისევ ბელადის მიერ ორგანიზებულ არსებობაზე.

ცივილიზებული ერი, ვერტიკალურ მმართველობას (ბელადის მიერ ორგანიზებულ არსებობას) ანაცვლებს თვითორგანიზებული ცხოვრებით-დემოკრატიით. ერის განვითარების ინდიკატორია მათი საარსებო გარემოს, შემოქმედებით გარემოდ გადაქცევს ხარისხი, რაც მმართველთა ნაბოძები “წყალობა“ კი არა, მასის შემოქმედებითი მონაპოვარია. ცივილიზებული ერი ქმნის ისეთ სახელმწი-ფოს, რომელიც ორგანიზებას უკეთებს ერის შემოქმედებით უნარებს, ეძებს, ზრდის და სტიმულს აძლევს შემოქმედებითად აქტიურ ადამიანებს. ადგენს ცივილიზებული თამაშის წესებს. რითაც ხდება ერის ჩამოყალიბება, სამოქალაქო საზოგადოებად გადაქცევა, რაც ადამიანი-შემოქმედის გარემოა.

ავტოკრატიული მმართველობის, ან რაიმე გაბატონებული იდეოლოგის პირობებში შეიძლება რაღაც მიმართულება, ნაწილობრივ, განვითარდეს კიდეც, მაგრამ სრულყოფილი განვითარება ანუ ცივილიზაცია მხოლოდ დემოკრატიაში, ერის შემოქმედებითი უნარების მასობრივ გამოვლენაშია.

დღეს, კაცობრიობა, განვითარების დონით, იმყოფება დოგმატური აზროვნებიდან შემოქმედებით ცხოვრებაში გარდამავალ ეტაპზე. ადამიანმა, თავისი არსებობის განმავლობაში, უკვე მოამზადა ნია-დაგი (პიროვნული,ტექნოლოგიური,ინფორმაციული) შემოქმედებითი ცხოვრებისათვის. შესაბა-მისად, მასობრივი განათლების ეპოქა, რომლის საწყისად ევროპის „აღორძინების“ ხანა შეიძლება მივიჩნიოთ, უნდა გადავიყვანოთ საყოველთაო შემოქმედებით ეპოქაში, მასობრივი ადამიანი-შემქმნელის ჩამოყალიბების ხანაში, რასაც, უპირველესად, განათლების სისტემის რეფორმა ესაჭიროება. სადაც აპრიორი იქნება არა ცოდნის დაგროვება, არამედ ბავშვობიდანვე შემოქმედი ნიჭის ძიება და მასში შემქმნელი უნარის განვითარება.

განუვითარებელი ადამიანისათვის, დოგმატური ყოფიერება ბევრად იოლი და კომფორტულია, ვიდრე შემოქმედებითი ცხოვრება, სადაც ადამიანი პირადად არის პასუხისმგებელი პირადსა და საყოველთაოზე. აქ კი, პიროვნულ და საზოგადოებრივ განვითარებაა საჭირო. ამიტომაც მძიმედ ვითარდება გარდამავალი ეტაპი, რასაც მსოფლიოში მიმდინარე კრიზისული პროცესებიც ადასტურებს.

ბოლო დროს გახშირებული მიგრაციული ტალღები, განვითარებული ქვეყნებისაკენ, ახალი ტიპის დაძაბულობას ქმნიან. ტექნოლოგიური განვითარება, რომელიც ბუნებრივ რესურსებზე დამოკიდე-ბულებას ამცირებს, მხოლოდ ამ რესურსების რეალიზაციაზე დაფუძვნებული ეკონომიკის მქონე ქვეყნების ეკონომიკურ კრახს გამოიწვევს, რის შედეგადაც მიგრაციული პროცესები უკონტროლო სახეს მიიღებს. რაც მომავალის უდიდესი პრობლემაა. ამიტომ საჭიროა ყველა ჩამორჩენილმა ქვე-ყანამ დროზე გაითავისოს განვითარების აუცილებლობა თავიანთ საზღვრებში, საკუთარი ადამია-ნური რესურსებით. ხოლო, ამ პროცესში წინ წასულმა ერებმა, თავისი ძალისხმევითა და რესურსე-ბით, უდიდესი წვლილი უნდა შეიტანონ მათ განვითარებაში.

ადამიანმა, შემოქმედებითი აზროვნებით, ცხოველური არსებობიდან-ცივილიზაციამდე ურთულესი გზა გაიარა. მაგრამ წინ, კიდევ მრავალი საფეხურია გასავლელი. წინა პლანზე, უკვე თანდათან მკვიდრდება ახალი პოსტულატი: - „ყველაზე დიდი ღირებულება თავად ადამიანია“.

VIII. ადამიანი

ადამიანის ორბუნებობა, აიხსნება იმით, რომ „ადამიანი“ სხეულთან ერთად არ შექმნილა. არამედ იგი უკვე ჩამოყალიბებულ სხეულში ჩაისახა, რომელსაც გააჩნდა ყველა ის სასიცოცხლო უნარები (ბიოლოგია, არსებობის წესი, ფსიქიკა, ეგოცენტრული ბუნება და სხვა). რაც გააჩნია სხვა, დანარჩენ ცოცხალ სამყაროს. მაგ. თუ ახალდაბადებულ ადამიანს გავზრდით ადამიანურ გარემოდან იზოლი-რებულად, მივიღებთ რიგით ცხოველს, ყოველივე სასიცოცხლო თვისებებით. ბუნებასთან ნაკლებად ადაპტირებულს (მაუგლის ტიპი). ხოლო, ადამიანურ გარემოსაგან იზოლირებულ, უკვე ჩამოყალი-ბებულ ადამიანში, მიმდინარეობს გაველურების პროცესი. ეს კი ადასტურებს, რომ „ადამიანი“ და მისი სხეული არ არის ურყევი ერთობა. არამედ იგი წარმოადგენს რიგით ბიოლოგიურ სხეულს, ყველა სასიცოცხლო თვისებებით პლიუს ადამიანობა-ამ სხეულში „ჩანერგილი მუხტი“- განსაკუთრებული ფენომენი, რომელიც ადამიანად ვითარდება მხოლოდ ადამიანურ გარემოში, სოციუმში. ამიტომ, ჩვენ, ყოველ ახალ ინდივიდს, გენეტიკურად გადმოგვეცემა არა ჩამოყალი-ბებული ადამიანი, არამედ საადამიანე „მასალა“, რომელსაც ჩამოყალიბება ჭირდება.

ადამიანად განვითარება, ეს არ არის ერთჯერადი, მყისიერი პროცესი, განხორციელებადი ერთ თაობაში. არამედ იგი დაიწყო ათასწლეულების წინ და გაგრძელდება მომავალშიც. ამისათვის კი საჭიროა ადამიანმა შეინარჩუნოს ბიოსხეული და მისი უპირველესი თვისება, სიცოცხლის გაგრძე-ლების უნარი, რათა გაადამიანების პროცესი განხორციელდეს თაობებში.

კაცობრიობა დაიბადა იმ მომენტიდან, როცა სხეულში ჩაისახა „ღვთიური მუხტი“ და დაიწყო განვითარება. განვითარების საწყის ეტაპზე, სადაც ადამიანი მცირე დოზით არის წარმოდგენილი, სხეულის ვიტალური მოთხოვნები (ეგო) დომინირებენ მასზე და შესაბამისად ადამიანი, სასიცოც-ხლო გონთან ერთად ემსახურება მათ დაკმაყოფილებას. ადამიანი, განვითარებასთან ერთად, თანდათან „ათვინიერებს“ ეგოს და ხდება მისი განმკარგველი. მაგრამ სხეულის ვიტალური მოთხოვნების სრული იგნორირება გამოიწვევს მის პროტესტს. შედეგად ფსიქიურ აშლილობას და კვდომას, რაც შეაჩერებს გაადამიანების პროცესს. განვითარებული ადამიანი სწავლობს ბიოსხე-ულის „კაპრიზებს“ და ამყარებს მასთან ჰარმონიულ ურთიერთობას. სიყვარული, ბედნიერება, სიზარმაცე ბიოსხეულის მახასიათებლებია. მათთან ადამიანის ორმხრივი ჰარმონია ადამიანს ხდის უფრო სრულყოფილს და ეხმარება კიდეც თავისი მისიის შესრულებაში. აქედან: სხეული, თავისი მახასიათებლებით არის მუდმივობა. მხოლოდ ადამიანია მუდმივად განვითარებადი დროში. მათ შორის ჰარმონიის ძიება კი, არის პროცესი - „შეიცან თავი შენი, შეიცნობ სამყაროს.“

IX-შემოქმედის მისია

ის ფაქტი, რომ შემოქმედი ბუნება ქმნის ადამიანურ პროგრესს და ეს პროგრესი თანდათან ჩქარდება დროში, ბადებს კითხვას- არსებობს კი, ზღვარი ადამიანის განვითარებისა? შემოქმედების ზღვარი რომ არ არსებობს, ეს უდაოა. შემოქმედის შეჩერება კი, მხოლოდ მისი განადგურებით თუ შეიძლება. ხოლო თუ ანადგურებ, რაღა აზრი ქონდა მის შექმნას? და თუ ეს ასეა, მაშ საით?

ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად, ჯერ გავიაზროთ როგორ ხდება შემოქმედება. სამყარო სავსეა ადამიანისათვის ცნობილი თუ უცნობი მოვლენებით, რომლებიც ემორჩილებიან ადამიანისათვის ცნობილ თუ, ჯერ კიდევ უცნობ კანონზომიერებს. რა არის პირველადი, მოვლენა თუ კანონზომიერება? მოვლენების შემდგომ კანონის დადგენას, კანონის უაზრობამდე მივყევართ.

ხოლო, კანონზე დამყარებულ მოვლენას „კანონის გონიერების“ აღიარებამდე. (კანონს ქმნის გონი) ე.ი. არსებობს „კანონმდებელი გონი“.

დასაბამიდან იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან, და ღმერთი იყო სიტყვა. (იოანე. I. 1.)

ე.ი. სამყარო შემოქმედების შედეგია, რომელიც დაიწყო სიტყვით, სიტყვა კი გაჟღერებული აზრია. შემოქმედ გონებაში გააზრებული აზრი, გარკვეული ძალისხმევით, გარდაიქმნება შემოქმედების შედეგად, ამიტომ ბუნებაში შექმნილი, თვით უმცირესი ნაწილაკის საწყისი არის ნაწილაკის არსობის აზრი, რაც მას აძლევს შინაარსს, პარამეტრებს, ხასიათს და სხვა უამრავ მახასიათებლებს. აზრი არის ყოველივე ქმნილისა და სამყაროში მიმდინარე პროცესების ფუძე. აზრით ხდება სამყაროს განკარგვა. მისთვის არ არსებობს დრო მანძილი, წინაღობა და დაუძლევლობა. იგი ყველგან და ყველაფერშია და ამავე დროს უდიდესი ინფორმაციის შემცველია.

მატერია შედგება ენერგიისაგან, ყველაფერი იქმნება აზრით. (მაქს პლანკი)

აზრით ხდება ადამიანის მიერ სამყაროს აზრის ძიების და შეცნობის, შემდეგ კი, მის მიერ, ახლის შექმნის პროცესი, რითაც იქმნება ახალი რეალობა. არ არსებობს ადამიანი, რომელიც თავის გონებაში გააზრებულ სამყაროს არ ქმნიდეს ოცნებასა თუ ფიქრებში. რის შემდეგაც იგი, ახდენს მათ ნაწილობრივ რეალიზებას, შემოქმედების სახით, რაც გამოიხატება ხელოვნებაში, მეცნიერებაში, საერთოდ, ყოფიერებაში. ადამიანი, თავისი აზრების რეალიზაციას ახდენს დამხმარე საშუალე-ბებით; დაწყებული ხელიდან, გაწრთვნილი ცხოველებით, სამუშაო იარაღებით, რომლებმაც ტექნოლოგიების სახე მიიღეს. მათი განვითარებით ადამიანი სულ უფრო და უფრო ღრმად წვდება ქმნილი სამყაროს შემადგენელ აზრებს და მათ ბაზაზე ახდენს თავისი პატარა, ადამიანური სამყაროს კონსტრუირებას. მაგრამ მისთვის, ჯერ კიდევ, მიუწვდომელია შემოქმედი გონის ყოვლისშემძლე-ობის ის დონე, რის დემონსტრირებასაც ვხედავთ ქრისტეს ქმედებაში, სადაც იგი, აზრის ზემოქმედებით, წყალს ღვინოდ აქცევს, პურს და თევზს ამრავლებს, ავადმყოფებს კურნავს და ლაზარეს მკვდრეთით აღადგენს. ამგვარი ქმედების ფაქტებს, ცალკეული ადამიანის უნარებშიც ხშირად ვხვდებით. მაგ. აზრებით მანძილზე ზემოქმედება, ლოცვებით ავადმყოფის მორჩენა, ნათელმხილველნი, ექსტრასენსები, ჰიპნოზიორები და სხვა.
განვითარების უსასრულობა, ალბათ, მიგვიყვანს იმ მდგომარეობამდე, სადაც შემოქმედ გონსა და შედეგს შორის, შუალედური რგოლი (ტექნოლოგიები) აღარ დაგვჭირდება და შემოქმედი გონი, აზრის მეშვეობით, პირდაპირ შექმნის შედეგს. ე.ი. მივალთ იქ, სადაც ქრისტეს - განკაცებული ღმერთის ბიბლიური სასწაულები, გაღმერთებული კაცის შესაძლებლობა გახდება.

ამ პერსპექტივიდან გამომდინარე, უნდა ვიფიქროთ, რომ ადამიანის მისია, როგორც აბსოლუტური შემქმნელი გონის მიმღწევისა, მის მიერ, უზენაესთან გაერთიანებით, კიდევ ერთი, ახალი სამყაროს შექმნა ყოფილა, რითაც თავისი წვლილი უნდა შეიტანოს სამყაროს გაფართოებაში. განვითარების იმ ეტაპზე კი, მისი, უზენაესს გატოლებული, ადამიანური გონი, რომელზედაც დედამიწისა და ბიოსხეულის გავლენა, მის შემოქმედებით მრავალფეროვნებაზე, უკვე ნულს გაუტოლდება, დატო-ვებს ბიოსხეულს და შეუერთდება უზენაეს გონს-ღმერთს.

და ბოლოს, შეიძლება იმის დაშვებაც, რომ ჩვენი მსგავსი „ადამიანი-შემოქმედები“, ჩვენთვის უხილავი და ჯერჯერობით აუხსნელი ფორმებით, ჩვენამდეც არსებობდნენ, დღესაც არსებობენ და მერმისაც იარსებებენ, რომელთაც, თავიანთი შემოქმედი აზროვნების შესაბამისად; უკვე შექმნეს, დღესაც ქმნიან და მომავალშიც შექმნიან თავიანთ, განსხვავებულ სამყაროებს, რითაც მიმდინარეობს სამყაროს შექმნისა და გაფართოების დაუსრულებელი პროცესი.

სამყარო თვითონ ქმნის სამყაროს შემქმნელებს!!!

უსაზღვრო უნივერსუმში ისახება უსაზღვროდ სრულყოფილი გონების შემოქმედება (ა.აინშტაინი)

თუ მოგეწონათ, გააზიარეთ...

მსგავსი სტატიები

რაობის თავისთავადობა


ავტორი: ნიკა ვასაძე და შეიქმნა სამყარო, რამეთუ დაიწყო ადამიანმა ...

შვიდი მილიარდი მატრიცა


ავტორი: ანა თოფურიძე - ტრიიიინ ტრიიიიინ ტრიიიინ - (ტელეფონი ზარი...

არამეცნიერული კომენტარები სიმების თეორიაზე


ავტორი: იოანე შენგელია სიმების თეორიის თანახმად, სამყაროს ყველა ის...

სისტემა


ავტორი: ოლეგ ბოკაჩოვი მთარგმნელი: მამუკა გურული სისტემა – ესაა ...

წმინდა გიორგი და ბრძოლა საკუთარ თავთან


წმინდა გიორგის ორი დიდი დღეობა აღინიშნება წლის განმავლობაში. ერთი გ...

ბედნიერების გასაღები - გულწრფელი სურვილები


იყო გულწრფელი ნიშნავს არ გრცხვენოდეს საკუთარი სურვილების. არ გრც...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff