ღმერთების დაღუპვა

Admin
აზრები
0
0

"რაგნაროკი არ არის ერთხელ მომხდარი ამბავი. და არც სამომავლო მოვლენა. რაგნაროკი არის ბუნების სიცოც...

ავტორი: გიორგი დოლიძე

"რაგნაროკი არ არის ერთხელ მომხდარი ამბავი. და არც სამომავლო მოვლენა. რაგნაროკი არის ბუნების სიცოცხლე-სიკვდილი-აღორძინების ციკლი. რაგნაროკი არა მხოლოდ გარესამყაროში, არამედ ადამიანშიც ხდება. ამის კარგი მაგალითი იყო 60 მილიონი წლის წინ, როცა დედამიწა გაუდაბურდა მასზე კოსმიური სხეულების შემოჭრით და დასრულდა ტრიასული ხანა. ადამიანში კი ეს ხდება შინაგანი ფერისცვალებით, როცა იცვლება მისი ცხოვრება და ხედვა."(რობერტ ბლუმეტი. "ჩრდილოეთის ღმერთები და მათი მითები")

ცბიერი ლოკი, რომელიც ქვესკნელის ძალებსა და გოლიათებს აუმხედრებს ოდინს, მანამდე არ ერიდება რომ ყოველი ღმერთი მასხრად აიგდოს. ის ითვლება გერმანულ-სკანდინავიურ პანთეონში გვიან შემოსულ ღვთაებად, როცა ეს სისტემა იწყებს დამარცხებას ქრისტიანობის წინაშე. ლოკი ერთგვარი ეჭვის განსახიერებაა, რომელიც შეიპარა ჩრდილოეთის ხალხების წარმოდგენებში. ძველ გერმანელს ჰყოფნის იმის გამბედაობა, რომ დაამხოს საკუთარი ზეციური მფარველებიც კი, როცა თავად ადამიანი განვითარდა, ღმერთები გახუნდნენ მის თვალში და ახალი ღმერთების, ახალი სისტემების დრო მოვიდა. ღმერთების დაისი კიდევ გაცოცხლდება მეცხრამეტე საუკუნეშიც, როცა რიხარდ ვაგნერი ქმნის თავის ციკლს "ნიბელუნგების ბეჭედი" და რომელიც სრულდება რაგნაროკით - მსოფლიო ხანძრით. ვაგნერის თანამედროვე, ფრიდრიხ ნიცშე წამოწევს "ღმერთის სიკვდილის" თემას და თავის ნაშრომში "ესე იტყოდა ზარათუსტრა" აცხადებს: "„მკვდარნი არიან ყველა ღმერთები: აწ ვისურვოთ, რათა ზეკაცმა იცოცხლოს“. სხვა ვინ წამოწევდა ღმერთების დაღუპვის თემას, თუ არა გერმანელი ინტელექტუალები... ღმერთი კვდება, რადგან ნებისმიერი სისტემა, რომელიც მას წარმოადგენს და აღწერს, ჩვენი მოგონილი. ყოველი ასეთი სისტემა არის კონკრეტულ დროსა და სივრცეში ჩამოყალიბებული, ანუ იმ აზროვნების მოდელებით ჩაკეტილი და პრეტენზიას აცხადებს აღწეროს ის, რის აღწერასაც შეუძლებლად ვთვლით და ამას აღვნიშნავთ სიტყვით "ღმერთი". ყოველი ასეთი ღმერთის აღქმა განწირულია ოდესმე სიკვდილისთვის და გზას დაუთმობს უფრო მაღალი განვითარების ღმერთს. ამაში ვრწმუნდებით, როცა რელიგიების ისტორიას ვეცნობით და ვაკვირდებით, როგორ იცვლებიან და იხვეწებიან ღვთაებები უფრო ძველი სისტემიდან ახალ სისტემაში გადასვლისას. ეს არის სწორედ რაგნაროკი. მაგრამ რაგნაროკის შემდეგაც, ჩრდილოეთის მითოლოგიის მიხედვით, ზოგიერთი ღმერთი ფერფლიდან აღდგება, ეს კი მინიშნებაა სწორედ ახალი ღმერთების, ახალი საყრდენი წერტილების გამოჩენაზე ადამიანში.

gods_death

მაგრამ ყოველი ეპოქის დასასრულს თან ახლავს ფასეულობათა გადაფასება - ცნება, რომელსაც მუდმივად იმეორებს ისევ ნიცშე. ფილოსოფოსი მიზანში იღებს სიკეთე-ბოროტების ცნებებს და უმკაცრესი კრიტიკით უტევს მათ. სიკეთის და ბოროტების ღმერთები, როგორც პირველი და მკაფიოდ დუალისტური სისტემა, მიეწერება ლეგენდარულ ზარათუსტრას. პირველმა მან გაუსვა ხაზი ორი საწყისის, კეთილისა და ბოროტის, როგორც ტყუპი ძმების დაპირისპირებას. და ნიცშე სიმბოლურად თავის პერსონაჟს სწორედ მის სახელს არქმევს: ზარათუსტრა უნდა მობრუნდეს და თვითონ უარყოს ის, რაც ოდესღაც დაამკვიდრა როგორც მორალის ტრადიციული გაგება - სიკეთე და ბოროტება. სიკეთისა და ბოროტების ტრადიციული გაგება კარგავს ფერს ჩვენს თვალში და გადაფასდება, ეპოქიდან ეპოქამდე შეიძენს ახალ მნიშვნელობას. ნიცშეს ამ სულისკვეთებას რომ ვგრძნობთ, ასეთ დროს კონსტანტინე გამსახურდიასავით მივმართავთ ფილოსოფოსს: "შენ გვაგრძნობინე, სინამდვილე რომ სიზმარია, რომ ახლოვდება ძველ ღმერთების შემობინდება..." ეს აისახა სიმბოლურად რაგნაროკის სიუჟეტშიც: ჯერ ღმერთები ებრძვიან ერთმანეთს, მაგრამ ომი გაიწელება, ცეცხლოვანი გოლიათი სურტრი ხედავს, რომ ბრძოლამაც კი აზრი დაკარგა და გააჩენს დიდ ხანძარს, რომელიც მთელ მსოფლიოს მოედება, ფერფლად აქცევს, ზედ მიყვება კეთილიც და ბოროტიც.

ღმერთების დაღუპვას, როგორც ფორმების არამუდმივობას აღმოსავლეთიდან ეხმიანება ბუდას მიერ გადმოცემული პრინციპი -ანიტჲა, არამუდმივი მდგომარეობა, რომელიც არის ყოფიერების ერთ-ერთი თვისება. ლამა ანაგარიკა გოვინდა წერს: "ანიტჲა უარყოფს არა საგნების "არსებობას", არამედ მხოლოდ მათ პერმანენტულობას, მუდმივობას, ასევე ანატმანის იდეა აცხადებს არა იმას, რომ "თვითობა" არარსებობს, არამედ იმას, რომ არ არსებობს უცვლელი "თვითობა", როგორც მუდმივი ერთეული. სინამდვილეში სწორედ ანატმანის იდეა იძლევა საშუალებას ინდივიდუალობა გაიზარდოს და განვითარდეს, აჩვენებს, რომ "მე" ან "თვითობა" არის არა აბსოლუტური ერთეული, არამედ პირობითი მოვლენების აღმნიშვნელი, რომელსაც თავად ინდივიდუალობა ქმნის თავისი ცოდნის შესაბამისად. პირველყოფილი ადამიანი სხეულს აღიქვამდა როგორც "თვითობას", უფრო განვითარებული ადამიანი "მე"-დ აღიქვამს თავის გრძნობებსა და მენტალურ ფუნქციებს. მაგრამ ბუდა არ მიიჩნევს არც სხეულს და არც გონებას როგორც "თვითობას", რადგან იცის მათი პირობითობა და ურთიერთდამოკიდებულება... ანიტჲას იდეა არ აქცევს სამყაროს ნაკლებ რეალურად, პირიქით, ის გვაჩვენებს, რომ სამყარო მხოლოდ მოქმედების ადგილია. არსად არაფერი ჩერდება, არაფერია შეზღუდული. არაფერი არსებობს თავისთავად ან განკერძოებულად საკუთარ თავში. არაფერია მუდმივი. და მკვდარი საგნებით სავსე სამყაროს მაგივრად არსებობს ცოცხალი კოსმოსი, რომელიც თავის მსგავსებას პოულობს ყოველ ინდივიდში და ფოკუსს აკეთებს ყოველ ატომში, ისევე როგორც ყოველი წამი, მარადიულობიდან დანახული, შეიცავს დროის უსაზღვრობას. ამგვარად, ჩვენ აღმოვაჩენთ ჩვენში მარადიულობისა და სისავსის შეგრძნებას, რომელიც მიუწვდომელია ჩვენთვის იქამდე, სანამ მას ვეძებთ გარესამყაროს ფანტასმაგორიაში ან განცალკევებულ მცირე ეგოში. ვინც ბუდას გზას შეუდგება, უნდა მოიცილოს ყოველგვარი აზრი "მე"-სა და "ჩემი"-ს შესახებ. მაგრამ ეს მოცილება კი არ გვაღარიბებს, პირიქით, გვამდიდრებს, რადგან ვიცილებთ და ვანადგურებთ ჩვენი ტყვეობის კედლებს, და შევიძენთ უმაღლეს თავისუფლებას, რომელიც არ უნდა გავიგოთ როგორც უბრალოდ მთლიანში გათქვეფა ან სხვებთან იდენტურობის შეგრძნება, არამედ ეს უნდა გავიგოთ როგორც უსასრულო და უთვალავ ურთიერთდამოკიდებულებებად, რომლის თანახმად ყოველი ინდივიდი კავშირშია ყველაფერთან რაც არსებობს. თავის ცნობიერებაში ის მოიცავს ყველა ცოცხალ არსებას და მონაწილეობას იღებს მათ დაფარულ განცდებში, იზიარებს მათ ტანჯვასა და სიხარულს..."

როცა ადამიანს აქვს გამბედაობა, რომ დაამხოს ძველი ღმერთები, რომლებიც ადამიანური გონების წინაშეც კი უსუსურად გამოიყურებიან, ადამიანის წარმოსახვა და მის გონებაში დაბუდებული სურათ-ხატები აღიქვამენ ამას როგორც სამყაროს დასასრულს, აპოკალიფსისს. თაობიდან თაობამდე ატაცებულები ადამიანები აპოკაპიფსისის იდეით, ძრწიან ხვალინდელი დღისა და სამყაროს აღასრულის წინაშე, მაგრამ ავიწყდებათ რომ ეს შიში მათ ღმერთებს კლავს და განკითხვის დღეს უწყობს მათივე გულებში. სინამდვილეში არავითარი სამყაროს დასასრული არ ხდება. სამყარო იყო, არის და იქნება, მხოლოდ დიდი დროის ინტერვალებით შეიცვლის თავის გამოვლინებებს, ფორმებს და ამის მცირე მოდელია ადამიანის წარმოსახვაში მომხდარი ძვრები, როცა ის საკუთარი სისტემების პირობითობას გააცნობიერებს და ამ დროს მოხდება იგივე, რაც ჩაწერილია ბიბლიის ბოლო თავში, იოანე მოციქულის გამოცხადებაში: "ვიხილე ახალი ცა და ახალი მიწა, რადგანაც პირველი ცა და პირველი მიწა გადაეგო..." სამყარო რჩება იგივე, უბრალოდ ჩვენ სხვანაირად დავინახავთ მას...

მსგავსი სტატიები

ბედნიერების გასაღები


ავტორი: მამუკა გურული რომ კითხოთ ყველას, რა არის ბედნიერებაო? ყვ...

როგორ გვმატებს თვითრწმენას ქვეცნობიერის აღმოჩენა?!


ავტორი: ნინო დიდებაშვილი ჩვენ ვიბადებით, ვიზრდებით - საზოგადოება...

ღამის ფიქრები


ავტორი: აკაკი სხულუხია როცა კაჭკაჭთა იდუმალ ხიდზე ნაპერწკლებს გ...

მასმედიის და სოცქსელების როლი მასების მათვაში


არავისთვის უცხო არაა ის ფაქტი, რომ ადამიანზე ზეგავლენის მოსახდენ...

ურთიერთობების ფსიქოლოგიური ასპექტები


ავტორი: ნანა აბესაძე     წლებთან ერთად ადამიანებს...

დეფრაგ(მე)ნტაცია


ავტორი: ანა თოფურიძე მსოფლიოში გავრცელებულია მცდარი წარმოდგენა, რო...

ჩარჩო რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ


ავტორი:გურამ ჟღამაძე   დიდიხანია ვფიქრობ ადამიანის გონებაზე, ...

აირჩიე წარსული - რომელიც გსურს


ავტორი: ანა თოფურიძე „შენ შეგიძლია აირჩიო ნებისმიერ წარსული..“ - რ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff