ავტორი: იოანე შენგელია
ბუნებაში ყველგან ვხდებით ფრაქტალებს. ერთ-ერთი ასეთი გავრცელებული ფრაქტალი სიკვდილ-სიცოცხლის მონაცვლებითი ციკლის ფრაქტალია. უფროსწორედ, სიკვდილ-სიცოცხლის ფრაქტალი ერთი სახის არ არის. მოცემულ სტატიაში ერთ-ერთ კონკრეტულ მათგანზე მსურს საუბარი. ეს არის 4 „ნაბიჯიანი“ ციკლი, რომელიც ბუნების სხვადასხვა დონეებში ჰპოვებს ასახვას. მოცემულ სტატიას საფუძვლად დაედო „იმმას“ წიგნიდან ერთ-ერთი ციტატა, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ ამ ლინკზე.
1-ლი ნაბიჯი: აღდგომა, გამოღვიძება, ახალი სიცოცხლის დაბადება.
მე-2 ნაბიჯი: ახლად დაბადებული სიცოცხლის მომწიფება, „გამყარება“.
მე-3 ნაბიჯი: მოსავლის აღება, შედეგის მიღება.
მე-4 ნაბიჯი: სიკვდილი, დაძინება, რათა მოხდეს ახალი გაღვიძება და ყველაფერი დაიწყოს თავიდან.
როგორც გითხარით, სიკვდილ-სიცოცხლის მონაცვლეობის ციკლი არ არის ერთადერთი სახის და ის შეიძლება შედგებოდეს არა ოთხი ნაბიჯისგან, არამედ სხვა რაოდენობის ნაბიჯებისგანაც, თუმცა, ახლა კონკრეტულად ამ ოთხზე ვსაუბრობ.
ახლა კი განვიხილოთ მაგალითები:
სტიქიები, ანუ აგრეგატული მდგომარეობები:
1-ლი: ცეცხლი - აღდგომა, სიცოცხლე, შემოქმედების ენერგია.
მე-2: მიწა (მყარი) - მყარდება ის, რაც შეიქმნა.
მე-3: ჰაერი - სიმყარე ქრება და იწყება ქაოსი.
მე-4: წყალი (თხევადი) - სიკვდილი, დასასრული, რომელსაც მოსდევს ახალი დასაწყისი - ანუ ცეცხლი.
რაც შეეხება ასტროლოგიურ ნიშნებს, 12 ნიშანი მიიღება სტიქიათა 4-ობრივი ფრაქტალის 3-ობრივ ფრაქტალთან კომბინაციით. სტიქიებსა და ასტროლოგიურ ნიშნებზე შეგიძლიათ იხილოთ ეს სტატია.
განვიხილოთ სხვა მაგალითი: წელიწადის დროები.
1-ლი: გაზაფხული - ბუნება იღვიძებს, ხდება დათესვა.
მე-2: ზაფხული - მოსავალი მწიფდება, სტაბილურდება და მყარდება, მზე ზენიტშია და ყველაზე ახლოს არის დედამიწასთან, ყველაზე მეტად აცხუნებს.
მე-3: შემოდგომა - ხდება მოსავლის აღება. ბუნება ემზადება დაძინებისთვის.
მე-4: ზამთარი - ბუნება იძინებს, კვდება, და ემზადება მომავალი გაღვიძებისთვის.
კიდევ ერთი მაგალითი: დღე-ღამის ციკლი.
1-ლი: დილა - გაღვიძება, მზე ამოდის, იწერება დღის გეგმა.
მე-2: შუადღე - მზე ზენიტშია, დღის გეგმა მოდის შესრულებაში.
მე-3: საღამო - დღის შედეგები ჯამდება.
მე-4: ღამე - დაძინება, მზე ჩადის, ძილი - ანუ სიკვდილის თამაში.
არის კიდევ ერთი ციკლი, რომელიც 4 ნაბიჯისგან არ შედგება (არამედ 7-ისგან), თუმცა მანდაც პირველი ნაბიჯი გამოხატავს მზეს, ანუ ცეცხლს, სიცოცხლის დასაწყისს. ეს არის კვირა (შვიდი დღე), რომლიდანაც პირველი დღე - კვირა (ერთ - შაბათი (ძველქართულად)) არის მზის დღე (sunday).
ახლა კი, მაგალითად, ასეთი შეკითხვა დავსვათ: როდის უნდა ვიდღესასწაულოთ ქრისტეს აღდგომის დღესასწაული?
ძალიან მარტივია ამაზე პასუხის გაცემა. აღდგომის დღესასწაულის მიახლოებითი თარიღი უნდა აკმაყოფილებდეს მოცემული ფრაქტალის 1-ლ ნაბიჯს, ყველა დონეზე. ის იდღესასწაულება ყოველ კვირა დღეს, რადგან კვირა მზის დღეა. თავად ქრისტე და მისი ნათელი, პირველ საუკუნეებში, სიმბოლურად იგივდებოდა მზესთან და მის ნათელთან („ნათელო მხიარულო.. დასვლასა მზისასა ვიხილოთ ნათელი მხიარული..“). ქრისტეს არსის ცენტრი არის აღდგომა, ამიტომ აღდგომა წარმოადგენს მზეს, ამიტომ ის იდღესასწაულება და იხსენიება ყოველ კვირა დღეს.
თუმცა, თუ გავითვალისწინებთ წელიწადის დროებს, ის განსაკუთრებით უნდა ვიდღესასწაულოთ გაზაფხულზე, რადგან გაზაფხული წარმოადგენს სწორედ 1-ლ ნაბიჯს, გაზაფხულზე იღვიძებს ბუნება. ამრიგად, ერთის მხრივ, ყოველ კვირას, და მეორეს მხრივ, გაზაფხულზე განსაკუთრებით ხდება აღდგომის გახსენება. ამიტომ არის აღდგომის დღესასწაული გაზაფხულზე, თანაც, მარტი რომ გადაივლის მერე. რადგან, მარტში ჯერ კიდევ ქაოსურად არის ამინდები, სანამ ბოლომდე არ გამოიდარებს და არ „ამოვა წელიწადის მზე“. ასევე ხდება დილითაც, სანამ მზე ბოლომდე არ ამოვა და გამოჩნდება ცაში, მანამდე ცივი და თბილი ტემპერატურები ერთმანეთს ენაცვლებიან ხოლმე, გარიჟრაჟზე, მარტის მსგავსად. განსხვავება მხოლოდ მასშტაბებშია. დილაობით იცის ხოლმე შეციებები, ხოლო მარტში ხანგრძლივი ვირუსები.
აპრილში უკვე „წელიწადის მზე ამოსულია“. მეტსაც ვიტყვი, გაზაფხული წარმოადგენს, ერთის მხრივ, ბუნების გაღვიძებას და მეორეს მხრივ, ცეცხლის სტიქიის პირველი წარმომადგენელი ასტროლოგიური ნიშანი - ვერძი - ასევე მარტის ბოლოდან გამოჩნდება ხოლმე: მზე სწორედ ამ პერიოდში გადის ამ თანავარსკვლავედს. ასე რომ, გასაგებია, რომ წელიწადში აღდგომა ყოველ კვირას იხსენიება, მაგრამ ყველაზე უფრო განსაკუთრებულად იხსენიება აპრილის პერიოდში, რომელიმე კვირა დღეს. სახარების თანახმად, აღდგომა მოხდა კვირას, გამთენიისას. კვირა, როგორც უკვე ვთქვით, არის მზის დღე. ხოლო დღე-ღამის მონაკვეთი კი დილაა, და ესეც გასაგებია, რადგან დღე-ღამის მონაკვეთში 1-ლი ნაბიჯი (ანუ აღდგომის ნაბიჯი) დილაა, როცა მზე ამოდის. ქრისტეს აღდგომა მზის ამოსვლასთან ერთად ხდება, დილით, გამთენიისას („უპირატესი მზისა მზე შთაჰხდა ოდესმე საფლავსა შინა..“).
ამრიგად, ეს ოთხობრივი სიკვდილ-სიცოცხლის მონაცვლეობის ფრაქტალი ბუნებაში სხვადასხვა დონეზე არსებობს. ადამიანთა ევოლუციაც იმავე პრინციპით მიმდინარეობს. ქრისტე თავის იგავებში ამბობს, რომ მოვა დრო, როცა ღმერთი ანგელოზებს დაავალებს „მკას“, ანუ მოსავლის მიღებას. მამა ღმერთმა დათესა „თესლი კეთილი“, ეს მოხდა ადამიანთა ისტორიულ „გაზაფხულზე“. გავიდა „ზაფხული“ (ანუ მომწიფდა თესლი), და მოვა დრო, და შეიძლება უკვე დაწყებულიც არის, როცა მოსავალი უნდა აიღოს ღმერთმა. ვინც ვერ ივარგებს, უვარგისი ნათესების მსგავსაც, ცეცხლში დაიწვება (სწორედ ეს არის ჯოჯოხეთი - ადამიანებიც წვავენ უვარგის მოსავალს). ხოლო კეთილი ნაყოფი გამოყენებულ იქნება (კაცმა არ იცის რისთვის). შემდეგ კი დაიწყება ახალი „გაზაფხული“ და განვითარებული სულები აღდგებიან და ახალი მსოფლიოს მოქალაქეები გახდებიან. და დაიწყება ევოლუციის ახალი ციკლი.
ამ თემაზე კიდევ შეიძლება მუშაობა და ახალ-ახალი იდეების ჩამოყალიბება..
გააზიარეთ თუ მოგწონთ.