ავტორი: იოანე შენგელია
იუმორი სიცოცხლეს ახანგრძლივებს, ამიტომაც მაგმა გთავაზობთ შედარებით იუმორისტულ სტატიას - როგორ შევქმნათ ეზოთერული ეგრეგორი. მაგმა ზრუნავს თქვენს ჯანმრთელობაზე და გისურვებთ ხანგრძლივ სიცოცხლეს, რათა მეტის და მეტის შეცნობა მოასწროთ ამ განსხეულებაში.
მაშ ასე, დავიწყოთ:
რამოდენიმე ეზოთერულ ეგრეგორზე დაკვირვების შედეგად ჩამოვაყალიბე სქემა, თუ როგორ უნდა შეიქმნას ეზოთერული ეგრეგორი. ზოგადად, ეგრეგორის განმარტების გაგება და ეგრეგორებზე წარმოდგენის შექმნა შეგიძლიათ ამ სტატიაში.
ქვემოთ გთავაზობთ რამდენიმე პუნქტს, რასაც აკმაყოფილებს მეტ-ნაკლებად ყველა რეალიზებული ეზოთერული ეგრეგორი:
1. ხსნის სამყაროს მოწყობის მოდელს, ადამიანის ისტორიას. საუბრობს ადამიანის ძირითად არსზე (ეს პუნქტი აუცილებელია მათ მისაზიდად, ვისი ძირითადი მიზანია სამყაროს შეცნობა)
2. საუბრობს ადამიანის მახასიათებელ პარამეტრებზე და ადამიანებს ჰყოფს ტიპაჟებად (ეს პუნქტი აუცილებელია, რათა ადამიანებმა მოახდინონ თვითიდენთიფიკაცია რომელიმე ტიპაჟ(ებ)თან, და ამით ირწმუნონ ეგრეგორი)
3. აუცილებელია კაცობრიობის წარსული ისტორია განხილულ იქმნას ამ ეგრეგორის მოდელში. მაგალითად, დავყოთ ისტორია ეპოქებად (ეს პუნქტი აუცილებელია, რათა დავინახოთ ეგრეგორის მასშტაბურობა). აგრეთვე, აუცილებელია მომავლის წინასწარმეტყველება.
4. ეგრეგორი აუცილებელია მეტ-ნაკლებად აღიარებდეს ევოლუციის იდეას, და აუცილებელია შეიცავდეს რაიმე პრაქტიკებს. ეს შეიძლება იყოს გარკვეული ცეკვები, ან გონებრივი აქტივობები, და სხვა (ეს პუნქტი (აქტივობები და პრაქტიკები) აუცილებელია იმისათვის, რომ ადამიანებმა ირწმუნონ ის, რომ ეს ეგრეგორი არ წარმოადგენს მხოლოდ მეტაფიზიკურ იდეას, არამედ ფიზიკურ სამყაროში ფუნქციონირებს). მაგრამ, არ უნდა იქნეს გადაჭარბებული ფიზიკური და გონებრივი პრაქტიკები, რათა ზედმეტი გადაჭარბებისას არ გაჩნდეს ეჭვი, რომ ეს ყველაფერი სისულელეა.
5. აუცილებელია რომელიმე ძველ ცივილიზაციას შეხება ჰქონოდა ამ ეგრეგორთან, ან რაიმე ნაირსახეობით არსებულიყო ეს ეგრეგორი ძველ ცივილიზაციებში (ეს პუნქტი აუცილებელია მათთვის, ვინც ფიქრობს, რომ "ყველაფერი ძველი - უკეთესია"). შეგიძლიათ რაიმე ძველი ეგრეგორის ტრანსფორმაცია მოახდინოთ ახალი მოდელით.
6. აუცილებელია თანამშრომლობა სხვა ეზოთერულ ეგრეგორებთან. აუცილებელია ეგრეგორული მუშაობის პრინციპის ცოდნა და სხვა ეგრეგორებთან კავშირი. იზოლირებული ეგრეგორისადმი შეიძლება უნდობლობა არსებობდეს (ისევე, როგორც წარსულის არ მქონე ეგრეგორისადმი)
7. აუცილებელია ელემენტარულ მათემატიკას შეიცავდეს. მაგალითად, ნატურალური ან მთელი რიცხვების სტრუქტურას. ასევე, სასურველია ევკლიდური გეომეტრიის ელემენტები. მაგალითად, წესიერი ფიგურები, როგორიცაა ტოლგვერდა სამკუთხედი, ან ტოლგვერდა ექვსკუთხედი. პირამიდა, კუბი, და სხვა სიმეტრიული ფიგურები. და ყველა მათგანს სიმბოლური დატვირთვა უნდა ჰქონდეს. უფრო რთული მათემატიკა არ არის ხელმისაწვდომი ყველასთვის, ამიტომაც არ არის რეკომენდირებული (ეს პუნქტი აუციელებელია, ისევე, როგორც ფიზიკური აქტივობები და პრაქტიკები, რათა ადამიანებმა ირწმუნონ, რომ რეალურ სამყაროში მოქმედებს ეს ეგრეგორი და არა მხოლოდ იდეათა სამყაროში)
8. აუცილებელია თანამშრობლობა ფსიქოლოგიასთან. ფსიქოლოგიის ამ ეგრეგორის ჭრილში გატარება. ასევე, მეცნიერებასთან. სასურველია, თუ ფიზიკის ელემენტებს ცოტა ბუნდოვნებას შესძენთ და მისგან შექმნით იდეებს ეგრეგორისთვის, რადგან ასე უფრო დამაჯერებელი იქნება ეგრეგორის ჭეშმარიტება. მაგალითად, ისაუბრეთ ფიზიკის ტერმინებით, როგორიცაა "ძალა", "ენერგია" და ა.შ.
9. და ბოლოს - მაგალითები. აუცილებელია უკვე არსებობდეს რამდენიმე შემთხვევა, რომელიც აღწერს ამ ეგრეგორის გავლენას ადამიანის ცხოვრებაზე. აუცილებელია პრაქტიკების ჩატარება და ზუსტად ჩამოყალიბება ადამიანის ევოლუციის მექანიზმის და გზის. სასურველია, თუ წიგნებსაც გამოუშვებთ პერიოდულად და ორატორულ უნარებსაც გამოიმუშავებთ.
ქვემოთ გთავაზობთ მაგალითის სახით ჩემი ფანტაზიის ნაყოფს:
"მე მოგიყვებით გაცნობიერების და რეალობის მართვის საიდუმლო ტექნიკას, რომელიც ჩემმა მასწავლებელმა მასწავლა. მას, თავის მხრივ, თავისმა მასწავლებელმა ასწავლა. ამ ცოდნას საიდუმლოდ ფლობდა ძველი ეგვიპტის გარკველი მოსახლეობა. ის საიდუმლოდ გადაეცემოდა თაობიდან თაობას. თუ ვის გადაეცემოდა, ამას თავად ჯგუფი ირჩევდა ზენა განგების შთაგონებით. მე ვარ ერთ-ერთი, რომელიც არჩეული გავხდი ამ ეგრეგორისგან. და მე მსურს ეს ცოდნა თქვენ გადმოგცეთ. ეს წინგიც ხელში მხოლოდ მათ ჩაუვარდებათ, ვისაც რეალურად სჭირდება ის.
ძველი ეგვიპტური წარმოდგენით, სამყაროში არსებობს 37 სისტემური დონე. ადამიანი წვდება ჩვეულებრივ მხოლოდ 5-10 მათგანს, მაგრამ უფრო ღრმად ვერ მიდის. ინტელექტის დონეზე მაქსიმუმ მე-8 დონეს ჩასწვდება. მაგრამ, რეალურად არსებობს უფრო მეტი დონე. ევოლუციურად მაღალ საფეხურზე მდგარი ადამიანები წვდებოდნენ 20-30 -მდე დონეს.
წინამდებარე წიგნი მოგითხრობთ ეგვიპტურ პრაქტიკებზე, რომლებიც დაგეხმარებათ უფრო და უფრო ღრმად გააცნობიეროთ რეალობა და შეცვალოთ ის (რა დონეზეც აცნობიერებთ, იმ დონეზე შეგიძლიათ შეცვალოთ). უმაღლეს იდეალურ დონეზე (37-ეზე) თქვენ ხართ, ფაქტობრივად, ღმერთი (თუმცა, ასეთი მდგომარეობისთვის ჯერ არავის მიუღწევია). მაგალითისთვის, ქრისტემ მიაღწია 33-ე დონეს (ანუ ცოტაღა ჰქონდა დარჩენილი 37-მდე). აქედან მოდის მისი სიმბოლური ასაკი."
როგორც ხედავთ, მოცემული ეგრეგორი არ აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მე-2 და მე-3 პუნქტებს, თუმცა ის მაინც მუშა ეგრეგორი იქნებოდა. ეზოთერული ეგრეგორის შექმნა არ წარმოადგენს ძალიან დიდ სირთულეს. მთავარია, ნებისყოფა და ენთუზიაზმი. ხო, და ცოტა კრეატივიც.
თუ მოგეწონათ გააზიარეთ..