ავტორი: ანა თოფურიძე
ბავშვობიდანთავს უცხოპლანეტელად ვგრძნობდი, თითქოს საიდანღაც გამომგზავნეს დედამიწაზე ადამიანის ცხოვრების გამოსაცდელად, დასაკვირვებლად, გასაანალიზებლად, შესასწავლად და შემდეგ დაგროვებული ცოდნის ხალხისთვის გადასაცემად. ყოველთვის ვგრძნობდი ინტუიციით რომ „იქ რაღაც მეტია“ და თუმცა ძალიან რთული იყო ასეთი მსოფლმხედველობით და მისიით ცხოვრება, ძიების და გაუცხოების პროცესი, კომბინირებული ადამიანურ კომპლექსებთან, სისუსტეებთან და პრობლემებთან. წლებთან ერთად, საკუთარი შესაძლებლობის და მეს უკეთ გაცნობასთან ერთად ცხოვრება გამარტივდა და მრავალმხრივმა ტრანსფორმაციებმა, ბევრი გაკვეთილიც მასწავლა. ვისწავლე, რომ არსებობს რაღაც უნიკალური ფორმულები, მიზეზ-შედეგობრივი კავშირები და კანონზომიერებები რაზეც დგას დედამიწის რეალობა და მათი თუნდაც თეორიული ცოდნა გამოსადეგია ცხოვრებაში.
რათქმაუნდა არ მაქვს პრეტენზია, რომ რაც მე ვისწავლე სხვის რეალობასაც აუცილებლად ერგება, სამყარო პარადოქსებია და ჩვენ სხვადასხვა ეტაპებზე, სხვადასხვა გამოცდილებებს გავდივართ. რაც ჩემთვის სასარგებლოა სხვისთვის საზიანოა. რა ქმედებაც სხვას სჭირდება მე დამაზიანებს. თუმცა რასაც ახლა გაგიზიარებთ, არის რაც ჩემი ცხოვრებისეული განვლილი გაკვეთილებია და მინდა მათ, ვინც მსგავს გზაზეა, „შპარგალკად“ გამოიყენონ.
ყველაფერი იცვლება!
ყველაფერი ადამიანის შინაგან და გარეგნულ რეალობაში ცვალებადობას ექვემდებარება და ეს ბუნებრივი პროცესია. იცვლება სხეული, ინტერესები, გრძნობები, სამეგობრო წრეები, ინტერესები, ხასიათი, ენერგიები, ინფორმაციული ველები, ის რაც ერთი წლის წინ პროგრესი იყო, ახლა უკვე რეგრესია. ვისწავლე, რომ არაფერი არაა მუდმივი და ყველაზე მოულოდნელი რამეც შეიძლება მოხდეს, რაც უფრო მიღებული გექნება ეს მოცემულობა, ნაკლებ მიეჯაჭვები იმას რაც არ არის და გაუღებ კარს სიახლეებს. მეტ ახალ გამოცდილებას და ახალ ბედნიერების სახეს გამოცდი. გარკვეული კარმული გაკვეთილების გავლის შემდეგ, ახალ ეტაპზე გადასვლისას გვიწვეს შევიცვალოთ ჩვენც და შევცვალოთ ცხოვრებაც ჩვენს გარშემო. ჩვენ ვერ შევეწინააღმდეგებით ცვლილებებს და ეს უფრო საინტერესოსაც ხდის გამოცდილებებს.
შენ არაფერი იცი!
ცოდნა ერთ-ერთი დიდი ილუზია იყო, რის გადალახვაც მომიწია. გავაცნობიერე, რომ არაფერი ვიცი არაფერში. რომც მქონდეს გარკვეული პროფესიული თუ ცხოვრებისეული გამოცდილება ან წაკითხული ასი წიგნი, მაინც ეს ნაწილობრივი და დროებითი ცოდნაა, სხვა განვითარების ეტაპზე და სხვა მდგომარეობაში სხვა პერსპექტივიდან სხვა აზრი მექნებოდა. ასევე ყველაფრის უსასრულოდ შემეცნება და დახვეწა შეიძლება. იცი ხაჭაპურის გამოცხობა, მაგრამ შეგიძლია კიდევ უფრო გემრიელი ხაჭაპური გამოაცხო, კიდევ უფრო მრგვალი სწორი ფორმა მისცე, კიდევ უფრო დახვეწო ყველის დაფხვნის ტექნიკა, კიდევ უფრო მეტი დადებითი ენერგია ჩადო, კიდევ უფრო მედიტაციურ სიყვარულით აკეთო ის საქმე რაც ასჯერ გაგიკეთებია და ეს უსასრულოა. იგივე ეხება ხატვას, წერას, თმის შეჭრას, პროგრამირებას, მარკეტინგ, ურთიერთობებს და ა. შ.. შენ მუდამ შეგიძლია გახდე იმაზე უკეთესი საყვარელი ვიდრე იყავი, უკეთ ისწავლო პარტნიორის სურვილების გამოცნობა და მისი გაბედნიერება. გახდე უკეთესი მშობელი, უკეთესი შვილი, ქმარი და ა. შ..
იზიდავ იმას რასაც შენს თავს თავად აძლევ!
შოთა რუსთაველთან მოკამათედ ნამდვილად ვერ გამოვდგები, მაგრამ ხშირად მიფიქრია, რომ „რასაც გავცემ ჩემი არაა“, რასაც გავცემ იმას სხვა მიიღებს, ხოლო ჩემია ის რასაც მევე ვაძლევ საკუთარ თავს. ჩვენი შინაგანი სამყაროს არქიტექტორები თავად ვართ და შემდეგ რეალობის კანონებით მოიზიდება ის რასაც ჩვენშივე ვქმნით. ჯერ თავად უნდა დაიჯერო რომ გეკუთვნის, რომ შენია, რომ იმსახურებ, შემდეგ გაიღო ენერგია თავად მისცე ის საკუთარ თავს და ამის შემდეგ შემოგეკრიბებიან ადამიანები ვინც მას მოგცემენ. შეიძლება ხუთ ლარიანი საჩუქარი არ მიიღოს ერთმა და მისთვის საჩუქრის ჩუქების სურვილი არც არავის გაუჩნდეს, შეიძლება ხუთი ათას ლარიანი საჩუქრები მიიღოს მეორემ და მასთან კომუნიკაციისას ყველას უნდებოდეს საჩუქრის გაკეთება. თავად გამომიცდია, როგორია როცა გაქვს პარტნიორული ურთიერთობა ადამიანებთან, ვისთვის არც იცი რატომ, მაგრამ გინდება კარგი გააკეთო და ასევე, მქონია შეხება კლიენტთან, რომლისგანაც გაქცევა მინდოდა ისეთ ენერგიას გამოსცემდა. ყველა ადამიანი თავის ქვეცნობიერი სტრუქტურით ქმნის ველს, სადაც წერია რას მიიღებს და რას არა, გარშემომყოფები კი ამას შეიძლება ვერ კითხულობდნენ, მაგრამ გრძნობენ და სწორედ ისე იქცევიან, როგორც მათ სთხოვენ. მაგალითად, ტრამვული ბავშვობა, გვიტოვებს ტრამვებს და ჩვენშივე იბეჭდება წარმოდგენა, რომ კარგად მოქცევას არ ვიმსახურებთ, შესაბამისად არც მოვიზიდავთ მოსიყვარულე და მზრუნველ ადამიანებს. ხოლო თუ თავად საკუთარ თავს წაიყვან კომფორტულ ადგილებში, აირიდებ აგრესიულ ადამიანს და დაიჯერებ რომ ვინც გაგიცნობს, ყველამ ზრუნვა და სიყვარული უნდა გამოავლინოს, ასეც იქნება. მეორეს მხრივ ნებისმერი სიტუაცია, რაშიც ახლა ხართ, თქვენთვის მშვენიერი სარკეა იმის დასანახად, რეალურად რას აძლევთ თქვენს თავს. ეს მრავალჯერ გადამოწმებული ფორმულაა, როგორც ჩემს ასევე მეგობრების ცხოვრებების მაგალითზე და დიდ გამარჯვებას უდრის, როდეს შენშივე ჩაწერ ცუდის მომზიდველ კოდს გადაწერ და რეალობას ცვლი.
გიყვარდეს საკუთარი თავი, როგორც ღმერთი!
ბიბლია გვასწავლის „გიყვარდეს მოყვასი შენი, როგორც თავი შენი..“ მაგრამ საკუთარი თავი როგორ გვიყვარდეს და რას ნიშნავს საკუთარი თავის ჭეშმარიტი სიყვარული, ამას არავინ გვასწავლის, ალბათ იმიტომ, რომ თავადაც არ იციან. საკუთარი თავი გიყვარდეს, ნიშნავს ყველა მხრივ ზრუნავდე მასზე. მის ფიქრებზე, ემოციებზე, ცხოვრებაზე, ჯანმრთელობაზე, ინტერესებზე, სურვილებზე და მდგომარეობებზე. ხრიკი იმაშია, რომ როგორც შენს მეს რეალურად ექცევი, ავტომატურად გადადის სხვების მიმართ. თუ საკუთარი ტავი გულწრფელად გიყვარს და ფარული უარყოფა არ გაქვს, მაშინ ამას გასცემ კიდეც და სხვებზე ისევე ექცევი როგორც შენს მეს. არ განიკითხავ, პატიობ, გაამხნევებ, კარგ რჩევას მისცემ, გაამხიარულებ და ა .შ.. თუ თავად არ გეყვარება ვინც ხარ, თუ თავად არ დაიჯერებ, რომ შენში ღმერთია და შენ ღმერთის ნაწილი ხარ, ამას სხვა არავინ გააკეთებს. ამას თავად ღმერთიც ვერ გააკეთებს, ვერავინ და ვერანაირი ძალა ვერ მოგცემთ იმაზე მეტ ჯადოსნობას, რაც თავად გემეტებათ თქვენი თავისთვის.
სქესი არსებობს!
ეს ერთ-ერთი ბოლო და თითქოს ბუნებრივად უნდა მცოდნოდა, მაგრამ მნიშვნელოვანი გასაცნობიერებელი გაკვეთილი იყო. ეპოქაში სადაც ქალს და კაცს თანაბარი სამუშაო გარემო, პასუხისმგებლობები და ვალდებულებები გაქვს, სადაც მრავალი „იზმები“ და იდეოლოგიები გვირევს გონებას, შეიძლება გვჯეროდეს თანასწორობის, მაგრამ თანასწორობა არ ნიშნავს ერთნაირობას. ქალი და კაცი სხვადასხვა არსებაა. როგორც ფიზიკურ, ასევე მენტალურ, ემოციურ და ბევრ ღრმა დონეებზე. რომელ გზასაც არ უნდა მივუყვებოდეთ. თქვენ პირველ რიგში კაცი ხართ, პირველ რიგში ქალი და შემდეგ შვილი, პროფესიონალი, მეგობარი, შეყვარებული, პარტნიორი და ა. შ.. ხშირად გვერდზე ვდებთ ჩვენს სქესს ისე ვერთვებით თავგანწირვით სხვადასხვა როლებში და ეს ხშირად გვაზიანებს. არიან გამონაკლისები, ვინც იბადებიან სქესის მიღმა ცნობიერებით და მისიით, მაგრამ ასეთი ძალიან ცოტაა. იყო ის ვინც ხარ რთულია. შეიძლება საკუთარ სქესს და მის მოთხოვნილებებს გაექცე ილუზიით, რომ უნდა გასხივოსნდე და იქ სქესი აღარ არსებობს, შეიძლება საქმეში რეალიზებით და წარმატებით გინდოდეს სქესობრივი არარეალიზებულობის კომპენსირება, შეიძლება ქალმა აიღოს თავის თავზე კაცის მრავალი პასუხისმგებლობა და სრულიად დაივიწყოს თავის შინაგანი მოთხოვნილებები და შეიძლება ეს კარგიც იყოს ერთი მხრივ და საჭიროც, მაგრამ.. თუ გინდათ საკუთარი მე სრულად და ნამდვილად შეიმეცნოთ, მაშინ თქვენივე სქესი უნდა იცხოვროთ და გამოსცადოთ ის თავის საუკეთესო გამოვლინებებით.
სამყარო მუდამ გზავნის ნიშნებს!
ჩვენ შეიძლება ვერ ვაცნობიერებთ და ვერ ვხედავთ, მაგრამ არის ის უხილავი ძალა რასაც მუდამ აქვს ჩვენთან კომუნიკაცია. ამას ძალიან ბევრი ადამიანი ამბობს და მეც ჩემს გამოცდილებებში ხშირად მქონია სინქრონიზაციები, დამთხვევები, მსგავსი ციფრები და ისეთი მოვლენები, რომელიც განვითარდა ჩემს გარშემო და გარკვეული დროის მერე მასში გეგმა ჩანაფიქრი და მიზანი ამოვიკითხე. ზოგჯერ გვემართება რაღაც, რასაც მივყავართ სადღაც და მას სასურველია ვენდოთ. შეიძლება გამვლელის ფრაზა, მეგობრის მოყოლილი პრობლემა, სიზმარი ან შინაგანი ჩუმი ხმა იყოს რაღაცის ნიშანი. მე პირადად ყველაფერს, რაც „თავისით’ ჩემი წამოწყების და ჩარევის გარეშე ბუნებრივად ხდება თუნდაც მოულოდნელად სამყაროს მესიჯად, ახალ სათქმელად ვიღებ. ზოგჯერ თითქოს ცხოვრება ვიდეო თამაშიცაა და გარკვეულ გავლილ ლეველს მოსდევს ბონუსი პრიზები, ზოგჯერ ინსტრუქციას ან რუკას გადააწყდები და ა. შ.. მნიშვნელოვანია, რომ ვიცოდეთ. სამყარო ჯერ მსუბუქად მიგვანიშნებს ხოლმე, სხვისი სიტყვებით ან მაგალითით, ფილმის პერსონაჟით, წიგნით ან სოციალურ ქსელში შემხვედრი სტატიით თუ ფოტოთი. თუ არ გავიგებთ, მაშინ გაკვეთილი რომ უკეთ გავიგოთ ის დამძიმდება, შეიძლება ურთიერთობაში უსიამოვნებით ან ფიზიკური ავადმყოფობით გამოვლინდეს. თავად, როცა რაიმე ავადმყოფობას აღმოვაჩენ, მის მიღმა მესიჯს ვეძებ და ვპოულობ კიდეც. ბევრჯერ გამხსენებია ის ჯაჭვური რეაქციები, როგორ უნდა მესწავლა ეს გაკვეთილი ჯერ კიდევ ხუთი წლის წინ, როცა ყველა მეუბნებოდა და არ ვისმენდი. ადამიანის ეგო ჯიუტია, შეიძლება კონცენტრირებული რაღაც მიჯაჭვულობაზე არ იღებდეს ახალ ნიშანს, არ დგამდეს საჭირო ნაბიჯს და ამ დროს სამყარო ჩურჩულიდან ყვირილზე გადადის, ხოლო ყვირილიდან რომ შეგაჯანჯღაროს, ზოგჯერ შემოლაწუნებაცაა საჭირო. ყველაფრის მიღმა გაკვეთილია, თუ რაღაც ცუდი ხდება, რაც გვტკივა ე. ი ეს უკიდურესი მეთოდი იყო, რა მეთოდიც სამყაროს დარჩა შენს გამოსაფხიზლებლად. რათქმაუნდა აქაც გააჩნია ინდვიდუალურ შემთხვევას, მაგრამ ძირითადი ფორმულა ასეთია.
ყველაფერი შენგან იწყება!
ყველაფერი ამ ცხოვრებაში ჩვენივე გაგზავნილი იმპულსიდან იწყება. იქნება ეს კარიერული წარმატება, ურთიერთობის სახე, თავგადასავალი თუ სასწაული. მცდარია დამოკიდებულება თუ ელოდები, რომ გარემო თავად გაგაბედნიერებს. მცდარია თუ გგონია მოვა მხსნელი ან გამოჩნდება განსაკუთრებული ადამიანი ვინც შენს ყველა პრობლემას მოაგვარებს და ცხოვრება შეგეცვლება. სხვისგან არაფერი მოდის, მთავარი ჯერ შენივე იმპულსია და ამის შემდეგ, დაძახებულზე, ღია კარში, თავისუფალ ცნობიერებაში, გახსნილ ენერგეტიკაში მოვა ის რისთვისაც შინაგანად მზად ხარ. არავინ და რაფერი შეიცვლება, არც მთავრობა, არც მზის სისტემაში გადაადგილებული პლანეტა ან სხვა უხილავი ძალები, მოვლენ და უქმად მყოფ ადამიანს რაიმეს აჩუქებენ. სამყაროში ყველაფერი გაცვლაა, გასცემ ენერგიას და გიბრუნდება. იქმნება სინეგრიები, და იქნება სხვადასხვა გამოცდილებები და რეალობები, თუმცა ყველაფერი შენივე შინაგანი და შემდეგ გარეგნული ნაბიჯებისგან მოდის. ცხოვრების ყველა ასპექტი ყალიბდება შენივე აზრებით და ენერგიებით, სიტყვებით და ქმედებებით. პირადად თავად მრავალჯერ შემიცვლია გარემო ჩემივე შინაგანი ცვლილების შემდეგ. ფორმულას მე ასე ვხედავ. ყველაფერს ამ სამყაროში აქვს თავის სიხშირე და გამოყენების ინსტრუქცია, ყველაფერს აქვს ასევე თავისი მოთხოვნილება. შენთან მოდის ის, რაც შენ გერგება, შენივე გაგზავნილი იმპულსის შესაბამისად. მომწონს გამოთქმა, რომ შეუძლებელი არაფერია, თუმცა ამას ჯერ ვერ ვიტყვი, მაგრამ ვიტყვი, რომ ბევრი რამ რაც წარმოუდგენლად გეჩვენება შეიძლება შესაძლებელი გახადო შენივე ძალებით. შენივე რწმენით, შენივე ნდობით, მიჯაჭვულობისგან თავისუფლებით, შენივე ენერგიით და შენივე მიმღებლობით. ყველაფერი ცუდი რაც მომხდარა, ოდესღაც თავად ისურვე და დაუშვი, ყველაფერი კარგიც ასევე, თავად ისურვე და დაუშვი. თუ რაიმე ახალი და კარგი გინდა მოახდინო, ჯერ ვიზუალიზაცია გააკეთე, შემდეგ შეისწავლე რაც გინდა, სხვამ როგორ მიიღო გაცანი განვლილ გზებს, შემდეგ ობიექტურად შეაფასე რამდენად გაქვს უნარი ის მიიღო, გაგზავნე სამყაროში ძლიერი სურვილი და დაიწყე მოქმედება, რომ შენში შექმნა ის, რაც ამ მოვლენას შენი მხრიდან სჭირდება. თუ გინდა საზღვარგარეთ წასვლა ისწავლე ენა, თუ გინდა მოგზაურობა დააგროვე ფული და ა. შ.. თუ გინდა ანგელოზთან შეხვედრა, გაწმინდე შენი გული, გააჩუმე ფიქრები, სმენად და ნდობად იქეცი და მოამზადე ნიადაგი, რომ ის მოვიდეს და მისი ხმა გაიგონო. თუ რამე გინდათ, პირველ რიგში კითხეთ საკუთარ თავს, ეს მოვლენა ჩემგან როგორ დაიწყოს?