იახსარის  მისტერია

woody180
ხელოვნება ისტორია
0
0

%E1%83%98%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%20%E1%83%A1%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%93%20%E1%83%A9%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98

(ანდრეზების მიხედვით ტექსტი მოამზადა ხათუნა თავდგირიძემ)

ადრე ქვეყანა(აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთი) დემონურ, ბოროტ არსებებს – დევ-კერპებს ჰქონდათ დაპყრობილი, ჭიანჭველაც ვერ გაივლიდა მათი შიშით. მაშინ ადამიანები მიწურ სახლებში ცხოვრობდნენ და დევების შიშით გარეთ ვერ გამოდიოდნენ. 

დევ-კერპების გასანადგურებლად მორიგე ღმერთმა ზეციდან მეომარი ღვთაებები - ღვთიშვილები, იგივე ჯვარ-ხატები გადმოუშვა.  ამ ბრძოლებს კვირია და იახსარი მეთაურობდა, ღვთიშვილებმა ადამიანების მონაწილეობით გაათავისუფლეს აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის მიწა-წყალი დევ-კერპებისაგან.  ამ ბრძოლების დასასრულს, უკანასკნელ დევს იახსარი შეებრძოლა.

გამხვეურა დევის მრავალსულიანი ოჯახის ამოწყვეტის შემდეგ, იახსარი გამხვეურთკარის მოპირდაპირე მხარეს, არაგვის ხეობაში, თხილიანაში მოსახლე დევებთან გავარდა, დევების კიდევ ერთი დიდი სოფელი გაანადგურა. იახსარი თხილიანას დევებს რომ დაერია და დედა-ბუდიანად ამოწყვიტა, იქ შეიტყო, რომ გამხვეურთკარიდან ერთი დიდი დევი ხევსურეთისაკენ გაიქცა.

მიგრი ერთ დევი გაგვექცა, შორს გაგვიკაფნა გზანია.
მაინც უვნებლად წავიდა, ლოდს მააფარა თავია.

დაედევნა იახსარი გამხვეურთკარიდან ხევსურეთისკენ გაქცეულ მიგრი დევს, კვალში მიჰყვა. დევმა არაგვი გაიარა, ქმოსტ-როშკა აიარა და აბუდელაურის ტბის პირას ერთ კლდეში შეძვრა, იმ კლდეს შეაფარა თავი. დაეწია იახსარი, სტყორცნა კლდეს ლახტი და ოთხად დაანაფოტა. ახლა დევს ესროლა ლახტი და თვალი გამოსთხარა.  გაიქცა თვალდათხრილი, დაჭრილი დევი და იქვე, აბუდელაურის ტბაში ჩახტა. 

იახსარიც თან ჩაჰყვა დევს. ტბის ძირას ჩასულს დაჰკრა ლახტი და მოკლა. დევის უწმინდურმა სისხლმა ტბის ზედაპირი შეკრა და ვეღარ ამოვიდა იახსარი, ზემოთ ამოსასვლელი გზა შეეკრა:

დევს მოვუქნიე საგმირო,
კლდეს მააფარა თავია.
კლდე ოთხად გავანაძოძე,
დევს გამოვთხარე თვალია.
დევი წავიდა, გაიქცა,
თან გაჰყვა სისხლის კვალია,
მიჩქვიფ-მოჩქვიფა წყეულმა
აბუდელაურთ ტბანია.
არ დავიშალე, თან ჩავყევ
პატარა იახსარია.
ჩავე და ვეღარ ამოვე,
სისხლმა გამიბნა მხარნია.

სამი წელი ეძებდა დაკარგულ იახსარს ხალხი: 

- სად წავიდა ის დევების მხოცავი იახსარი, რომელმაც დევებისაგან გაგვათავისუფლაო.

ბოლოს იახსარის ამბავი ერთმა ნაწილიანმა კაცმა, ღვთიშვილთა მკადრემ გაიგო და ხალხს უთხრა:

- იახსარი აბუდელაურის ტბაშია ჩარჩენილი, იქ მან დევი მოკლა, დევის სისხლი ტბას გადაეფარა და ვეღარ ამოდის. სანამ სისხლი არ გაიხსნება, გზა არ ექნება და ზემოთ ვერ ამოვაო.

დაღონდა ხალხი, არ იცოდნენ აბუდელაურის ტბისთვის როგორ მოეშორებინათ დევის უწმინური სისხლი, რომ დატყვევებულ ღვთიშვილს გზა გახსნოდა და წყლიდან  ამოსულიყო. ისევ იმ მკადრემ აუწყა ხალხს:

- ოთხრქა, ოთხყურა ცხვარს თუ იმ ტბაში ჩაჰკლავთ, იმის წმინდა სისხლი უწმინდურის სისხლს გადაჰფარავს, ტბის შეკრული ზედაპირიც გაიხსნება და იახსარიც ამოვაო. 

შვიდი წელი ეძებეს იახსარის ყმებმა ოთხრქა, ოთხყურა ცხვარი. ბოლოს სოფელ ბლოში მიაგნეს, ერთ კაცს, რომელსაც ოთხრქა, ოთხყურა ცხვრები ჰყავდა და იმას სთხოვეს ღვთიშვილისთვის შეეწირა ისინი. ბლოელმა კაცმა მისცა ცხვრები, წამოიყვანეს და აბუდელაურის ტბაში ჩაკლეს. სისხლი ტბაში ჩაიღვარა, გაიხსნა ტბის ზედაპირი, ერთი ბროლის ქვა ამოვიდა და თან იახსარიც ამოჰყვა. იმ ქვაზე მტრედის აღით დაჯდა. დაინახა საყმომ თავისი ღვთიშვილი და თაყვანი სცა მას:

,,ხატი დაგვრჩება ტბაშია” –
დაღონდნენ ჩემნი ყმანია.
შვიდ წელ ეძებეს ჩემ ყმათა
ოთხრქა, ოთხყურა ცხვარია.
მაიყვანეს და ჩამოკლეს –
,,ჭმერთო შენ მოგვეც ძალია!”
ზეცით ჩამოდგა ნათელი,
გამეხსნეს სისხლის გზანია:
შამოვჯე ბროლის ქვაზედა
შამოვიბერტყენ მხარნია.
ტრედივით შამოვღუღუნდი,
მთა-ბარს მუავლე თვალია,
შავისაკ გამუემართე
მენ, ხატი იახსარია.
ავისგორს შამიკიდოდეტ
ჩემი პატარა ზარია;
დავკრა, ხმა ახადს გავარდეს,
იქ დაიწერონ ჯვარია.

აბუდელაურის ტბიდან მტრედის აღით ამოფრენილი იახსარი აქედან გაფრინდა ლიქოკში და კარატისწვერზე მოიკიდა კოჭი (დაბრძანდა). მას აქეთ იქ იახსარის ნიში და საზარე ააშენეს. აქედან გაფრინდა და უბისთავს, წვერმაღალ მთაზე მოიკიდა კოჭი. აქაც საზარე და კოშკი ააშენეს. აქედან შუაფხოში გამოფრინდა იახსარი და აქ სამუდამოდ დაარსდა. 

***

მას შემდეგ ყოველ წელს შუაფხოში იხდიან დიდ დღესასწაულს და იახსარის მისტერიას აღასრულებენ. ხევისბერი ხატით ხელში პროცესიას უძღვება. მისი წინამძღოლობით, იახსარის საყმო თავისი მფარველი, დევების შემმუსვრელი ღვთიშვილის უწმინდურებთან ბრძოლისას განვლილ გზას იმეორებს. მისტერია შუაფხოდან, ავისგორიდან იწყება, სადაც იხსარმა გამხვეურა დევის ოჯახი გაანადგურა, შემდეგ ხევსურეთისაკენ მიემართებიან. სადაც კი იახსარის ნიშებია* (სალოცავები) ხევსურეთის სოფლებში – ღულს, ქმოსტში, ღელისვაკეში, ყველგან ხვდებიან და თან მისდევდნენ თოფ-იარაღით აღჭურვილი ყმაწვილები. შემდეგ ყველანი აბუდელაურის ტბასთან მიდიან. ტბასთან ხევისბერი ქადაგობას იწყებს და ტბაში ჩასავარდნად იწევა ისე ძლიერად, რომ შვიდი-რვა კაცი ძლივს იჭერს. დანარჩენები კი ტბასა და მასში ოდესზღაც მოკლულ უკანასკნელ დევს თოფებს უშენენ. ამის შემდეგ სამსხვერპლო ოთხრქა-ოთხყურა ცხავრს კლავენ და მის სისხლს ტბაში ღვრიან, როგორც თავდაპირველად, ღვთიშვილის გასათავისუფლებლად ჩაჰკლეს იქ ოთხრქა ოთხყურა ცხვარი. მისტერიის ბოლოს უკან მოდიან, იახსარის ნიშებში ყველგან ღამეს უთევენ ღვთიშვილს და შუაფხოში ბრუნდებიან.

მაგმას ინტერვიუ ხათუნა თავდგირიძესთან შეგიძლიათ იხილოთ ამ ლინკზე.

მსგავსი სტატიები

ვიდეო თამაშები როგორც ხელოვნება


ავტორი: ანა თოფურიძე ინტერვიუ: გიორგი აბელაშვილთან არის თუ არა ...

დრაკონის გამოსვლა


ფილმში "დრაკონის გამოსვლა" ბრიუს ლი არის შაოლინის მონასტრის ერთ-ერთ...

რას ნიშნავს იყო „ნამდვილი“?


მონაკვეთი მარჯერი უილიამსის წიგნიდან „ვილვეტის კურდღელი“ მთარგმნ...

გულწრფელობის ხელოვნება კინოში


ავტორი: ფჯოსიდ ვრდოორი ბევრისთვის ხელოვნება თავისუფლებასთან ასოცირდ...

გაი რიჩის დანახული "უძღები შვილის დაბრუნების" იგავი..


  მთარგმნელი: ანა თოფურიძე წყარო "..ამ იგავის გაგება ადვი...

„შენი სახელი დამიძახე“: მიმზიდველი კადრების მიღმა


მთარგმნელი: ანეტ შტრაუსი (ფოტოები იხილეთ გალერეაში) წყარო ფილმი ...

სიყვარულის მაღაზია


ავტორი: ქრისტინე ბებია  სიყვარულის მაღაზია გაიხსნა. ყველანა...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff