საიდან მოდის პარალელური სამყაროების ჰიპოთეზა

Admin
მეცნიერება
0
0

ავტორი: იოანე შენგელია პარალელური სამყაროების იდეა ახალი არ არის იმ ადამიანებისთვის, ვისაც განვი...

ავტორი: იოანე შენგელია

პარალელური სამყაროების იდეა ახალი არ არის იმ ადამიანებისთვის, ვისაც განვითარებული აქვს ფანტაზიის უნარი, ან თუნდაც ეზოთერიკოსებისთვის, რომლებიც საუკუნეებია თვლიან, რომ სამყაროში არსებობს უამრავი ძალა და ფორმა, რომელთა შესახებაც ჩვენ არ ვიცით. თუმცა, ყოველივე ეს მეცნიერებასთან კავშირში არასოდეს ყოფილა. მეცნიერება საკმაოდ კრიტიკულად უდგება ბუნების ნებისმიერ გამოვლინებას. მაგრამ ერთხელაც მასშიც წარმოიშვა პარალელური სამყაროების იდეა. მოცემულ სტატიაში ვეცდები ავხსნა, თუ საიდან გაჩნდა ეს ჰიპოთეზა. უფრო კონკრეტულად კი, ამ ჰიპოთეზას განვიხილავ კვანტური მექანიკის და სიმების თეორიის გადმოსახედიდან.

დავიწყოთ შორეული წარსულიდან და ნელ-ნელა მივიდეთ პარალელური სამყაროების იდეებამდე...

კვანტური ფიზიკის „სიგიჟეები“

ნიუტონის ეპოქაში ფიზიკა ეწოდებოდა გარე სამყაროს გამოვლინებების კვლევას. ფიზიკოსებს მიაჩნდათ, რომ გარე სამყარო მათგან დამოუკიდებლად არსებობდა. ისინი იკვლევდნენ სხეულების მოძრაობის კანონებს, კანონზომიერებებს, აყალიბებდნენ სხეულების სივრცე-დროში მოგზაურობის მათემატიკურ ფორმულებს. მოკლედ, არსებობდა მკაცრი მიდგომა - სამყაროში ყველაფერი მიზეზშედეგობრივია, და თუ ცნობილია საწყისი პირობები და გარემო, მაშინ მომავლის წინასწარმეტყველება 100 პროცენტით შესაძლებელია (შემთხვევითი ცდომილებების გათვალისწინებით, რა თქმა უნდა).

ეს მართლაც ასე იყო.. ნიუტონის მეორე კანონი ჯერ არ შემცდარა, და არც აპირებს შეცდომის დაშვებას. მისი საშუალებით შესაძლებელია დავითვალოთ მოძრაობების მახასიათებლები დაწყებული კალმის ვარდნით იატაკზე, დამთავრებული პლანეტების მოძრაობით კოსმოსში. ამ უკანასკნელისთვის უფრო აინშტაინის ფარდობითობის თეორია მუშაობს. თუმცა, არსებითი განსხვავება არ არის. აინშტაინიც, ისევე როგორც ნიუტონი, მოძრაობის კანონებს იკვლევდა, და მათემატიკური ფორმალიზმით აღწერდა მათ.

ეს კლასიკურ ფიზიკაში ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვაა - მოძრაობა, რომელსაც კვანტურმა მექანიკამ ფასი დაუკარგა. ჩვენს გარშემო ყველაფერი მოძრაობს, და ამ მოძრაობებს ნიუტონის ან აინშტაინის თეორიები აღწერს. მაგრამ, იგივე არ ხდება კვანტურ მექანიკაში. იმისათვის, რომ კვანტურ მექანიკაში არსებული ალბათობის არსი გავიგოთ, წარმოიდგინეთ ასეთი სიტუაცია:

თქვენ დგახართ მიწაზე, ხელში გიკავიათ რაიმე ნივთი, მაგალითად კალამი. თქვენ ხელს უშვებთ. რა მოხდება?

ეჭვი არ არის, რომ კალამი ქვემოთ დაიწყებს მოძრაობას და ნიუტონის მათემატიკური აპარატით ზუსტად შეიძლება იმის წინასწარმეტყველება, თუ რომელ წერტილში რა სიჩქარე ექნება კალამს, რამდენ ხანში დაიცემა, და ა.შ. მეტიც, არ აქვს მნიშვნელობა თქვენ უყურებთ ამ კალმის ვარდნას თუ არ უყურებთ (აკვირდებით თუ არ აკვირდებით). ის მაინც ერთსა და იმავე მოძრაობას გააკეთებს და ძირს დაეცემა.

მაგრამ, იგივე რომ გაიმეოროთ კვანტურ მექანიკაში, აქ უკვე მნიშვნელობა აქვს იმას აკვირდებით თუ არა ობიექტს. თუ აკვირდებით, მაშინ ის იმოძრავებს ისე, როგორც ელოდებით (მაგალითად, ნიუტონის კანონების თანახმად). მაგრამ, თუ ხელს გაუშვებთ და არ დააკვირდებით, და მხოლოდ მას მერე შეხედავთ, რაც უნდა დავარდნილიყო, დაინახავთ, რომ კალამი არ არსებობს კონკრეტულ ადგილას სივრცეში, არამედ „გათქვეფილია“ მთლს სივრცეში. თქვენ დაინახავთ, რომ თითქოს კალამი, სანამ თქვენ სხვაგან იმზირებოდით, გაიშალა და ტალღის მსგავსად გავრცელდა სივრცეში.

ეს დაახლოებით იმას გავს, წყალში რომ ქვას ჩააგდებთ. წყალში წარმოიქმნება ტალღები, რომლებიც წრეების სახით ვრცელდება გარშემო. ასე ვრცელდება კვანტური ობიექტი სივრცეში (და დროშიც). თქვენ ვერ იტყვით, რომ კალამი აქ არის ანდა იქ. ის არსად არ არის. მისი არსებობა განაწილებულია სივრცე-დროში. ეს ცოტა გაუგებარია, მესმის. რას ნიშნავს, რომ არსებობა განაწილებულია? იმას, რომ არ არის ფიქსირებული კონკრეტულ წერტილში.

აქედან მოდის კვანტური ალბათობის ცნება. თქვენ შეგიძლიათ მხოლოდ თქვათ, მოცემულ წერტილში ალბათობა იმისა, რომ ობიექტი იმყოფება არის ესა და ეს. მაგრამ, თქვენ ვერ იტყვით, რომ ამ წერტილში იმყოფება ან არ იმყოფება, თქვენ მხოლოდ ალბათობაზე შეგიძლიათ ისაუბროთ.

კიდევ ერთხელ - თუ თქვენ აკვირდებით სხეულის მოძრაობას, მაშინ ის მოძრაობს თქვენთვის ნაცნობი კანონებით. თუ არ აკვირდებით, მაშინ ის საერთოდ არ მოძრაობს და მთელს სივრცე-დროში „ითქვიფება“ მისი არსებობა. ეს სამართლიანია მხოლოდ კვანტური ობიექტებისთვის, მაკრო სხეულებზე ასე არ ხდება.

რა გამოდის?

გამოდის, რომ კვანტურ სამყაროში, ესეიგი, ელემენტარული ნაწილაკების დონეზე, არაფერია ფიქსირებული და მყარი. ნებისმიერი ელემენტარული ნაწილაკი „გათქვეფილია“ მთელს სივრცე-დროში, მათი არსებობა გავრცელებულია გარემოში, როგორც ტალღა. და თუ ასეა, მაშ რატომ არის სტაბილური და ფიქსირებული ჩვენი მაკრო სამყარო, რომელიც ასეთი ნაწილაკებისგან შედგება?

რთული შეკითხვაა. ექსპერიმენტებმა აჩვენეს, რომ ადამიანის დაკვირვება გავლენას ახდენს ფიქსაციაზე. ესეიგი, როგორც ზემოთ ვახსენეთ, დაკვირვების არარსებობის შემთხვევაში ყველაფერი ალბათურია და „გათქვეფილი“. ხოლო დაკვირვების შემთხვევაში კი ყველაფერი იძენს კონკრეტულ ფორმას და სახეს. გამოდის, რომ დაკვირვება აიძულებს ელემენტარულ ნაწილაკებს ერთ წერტილში „მოამწყვდიონ“ მთელი თავისი არსებობა, რომელიც აქამდე სივრცე-დროში უსასრულოდ იყო გათქვეფილი. დაკვირვება „შეკრიბავს“ მის არსებობას და ერთ კონკრეტულ ფორმას მისცემს. ამას კოლაფსსაც უწოდებენ. ნაწილაკის არსებობის სივრცე-დროში განფენილი ალბათობა ერთ წერტილში კოლაფსირდება და ამ წერტილში 100 პროცენტი ხდება, ამიტომაც ის იძენს ფიქსირებულ ფორმას და არსებობს კონკრეტულ წერტილში კონკრეტული ფორმით.

ეს ყველაფერი ფიზიკოსებს აფიქრებს მეტად საინტერესო რამეზე: იქნება და ყველა ის კანონი, რომელიც მაკრო სამყაროში არსებობს (ესეიგი, დიდი მასშტაბების სამყაროში კვანტურთან შედარებით, ანუ ჩვენს ყოველდღიურ სამყაროში), წარმოადგენს დაკვირვებებით ფორმირებულ კანონს. მაშ რატომაა, რომ თუ ობიექტს აკვირდები, ის მოძრაობს ნიუტონის კანონების თანახმად, ხოლო თუ არ აკვირდები, ის გათქვეფილია მთელს სივრცეში? იქნებ და, ყველა ეს კანონი საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა ადამიანების კოლექტიური ცნობიერება-ქვეცნობიერით, და ახლა, ნებისმიერ მაკრო გამოვლინებას აქვს ფიქსირებული სახე.

საინტერესო და საკმაოდ საფუძვლიანი ჰიპოთეზაა. თუ კვანტური სამყაროში, ესეიგი, სამყაროს ყველაზე ელემენტარული ნაწილაკების სამყაროში სხეულები გათქვეფილნი არიან სივრცე-დროში, მაშ რატომ აქვს კონკრეტული სახე ჩვენს სამყაროს? რატომ კონცენტრირდნენ კვანტური ობიექტები სწორედ იმ წერტილებში, რომლებშიც არიან ახლა? რამ აიძულა ეს? ან ვისმა დაკვირვებამ?

ამას პირველყოფილი ადამიანების დაკვირვებაც კი ვერ გამოიწვევდა, რადგან, ადამიანი უკვე მაკროობიექტია, და წარმოადგენს შედეგს მაკრო ობიექტებისთვის ფუნქციონირებადი კანონებისა. ადამიანების დროს მაკრო სამყარო უკვე არსებობდა. მაშ რამ გამოიწვია ის, რომ ოდესღაც სივრცე-დროში გათქვეფილი კვანტური ობიექტები კონრეტულ წერტილებში კოლაფსირდებიან, და იწყებენ რთული ზესისტემების აგებას, როგორიცაა ჩვენი ხილული სამყარო?

ეს ყველაფერი წარმოშობს პარალელური სამყაროების ჰიპოთეზას, რომელიც ასე ჟღერს: ვინაიდან კვანტურ დონეზე ყველაფერი ალბათურია, თითოეულ შესაძლო ალბათურ მოვლენას შეესაბამება გარკვეული სამყარო, და ერთ-ერთი ასეთი სამყარო ჩვენი სამყაროა. ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, ნაწილაკი კონცენტრირდება ყველა შესაძლო წერტილში და თითოეული ეს კონცენტრირება შეესაბამება რაიმე სამყაროს.

ანუ, თუ საქმე გვაქვს მრავალ ნაწილაკთან, რომლიდანაც თითოეულის არსებობა „გათქვეფილია“ სივრცე-დროში, მაშინ მათი ნებისმიერი შესაძლო კონცენტრაცია და ნებისმიერი შესაძლო სტრუქტურა რეალიზდება, და თითოეული ეს რეალიზაცია ქმნის პარალელურ სამყაროს (ერთ-ერთი ასეთი რეალიზაცია ჩვენი ხილული სამყაროა), და ისინი, თავისი სტრუქტურის შესაბამისად აგებენ მაკრო ობიექტებს და მათი მოძრაობის კანონებს.

ეს ძალიან მნიშვნელოვანია.. შესაძლებელია სხვა რეალიზაციაში, ანუ პარალელურ სამყაროში, სულ სხვა ფიზიკური კანონები მოქმედებდეს. რადგან, ეს კანონები, რომლებიც აქ მოქმედებენ, შეიძლება გამოწვეული იყოს სწორედ ამ კონცენტრირების შედეგად, და შესაბამისად, ნებისმიერი ტიპის კონცენტრირება თავისებურ მაკრო კანონებს წარმოქმნიდეს.

მკითხველი რომ შეცდომაში არ შევიყვანოთ, ვიტყვით, რომ პარალელური სამყაროების ჰიპოთეზა არ ექვემდებარება ექსპერიმენტულ დამკტიცებას. ამ ეტაპზე მაინც. ამიტომ, ის რჩება მხოლოდ ჰიპოთეზად.

მოკლედ, იდეა ასეთია, შევაჯამოთ:

კვანტურ სამყაროში თავისთავად ყველაფერი ალბათურია, და ნებისმიერი ნაწილაკის არსებობა „გათქვეფილია“ სივრცე-დროში. ფიქსირება ხდება მხოლოდ მას მერე, რაც აკვირდები.

მაკრო სამყაროში ყველაფერი ფიქსირებულია. ამის გამოწვევა შესაძლებელი იქნებოდა მაგალითად, დაკვირვებით. მაგრამ, ვინ დააკვირდებოდა? ადამიანი უკვე მაკრო სამყაროს შედეგია, და მაშასადამე ის ამას ვერ იზამდა.

ადამიანს ახლა შეუძლია თავისი დაკვირვებით აფორმიროს რეალობა და მისი კანონები (ეს ძალიან უხეში ნათქვამია და მეცნიერულად ჯერჯერობით გაუმართლებელი, მაგრამ საკმაოდ საფუძვლიანი. მოკლედ, შესასწავლია ეს თემა, თუ როგორ ახდენს ადამიანი გავლენას გარე სამყაროზე).

მაკრო სამყაროში ყველაფრის ფიქსირებულობის ახსნა იმით არის შესაძლებელი, რომ შეიძლება არსებობდეს უამრავი პარალელური სამყარო, რომლებშიც რეალიზდება კვანტური ალბათობების ყველა შესაძლო ვარიანტი, და ჩვენი სამყარო ერთ-ერთი მათგანია. რეალიზება კი შეიძლება გულისხმობდეს ფიზიკური კანონების ფორმირებასაც, ამიტომ შესაძლებელია, პარალელურ სამყაროებში (თუ ისინი არსებობენ) სხვა ფიზიკური კანონები ფუნქციონირებდნენ.

მოკლედ, კვანტურად თუ ვიტყვით, გამორიცხული არაფერია.

მაგრამ, ეს მხოლოდ ჰიპოთეზაა, და დამტკიცებას არ ექვემდებარება, ჯერჯერობით მაინც.

parallel universe reality

სიმების თეორიის მოდელი

ახლა მსურს განვიხილო პარალელური სამყაროების ჰიპოთეზა სიმების თეორიის გადმოსახედიდან.

უკვე დიდი ხანია ცნობილია, რომ ნებისმიერი ნივთიერება იყოფა მოლეკულებად, მოლეკულები ატომებად, ატომები ელექტრონებად, ნეიტრონებად, პროტონებად, ისინი კი, თავის მხრივ, კიდევ უფრო ელემენტარულ ნაწილაკებად, კვარკებად, და ა.შ. მოკლედ, ბოლო წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა და დაიხვეწა ე.წ. ელემენტარული ნაწილაკების მოდელი, ნაწილაკების კლასიფიკაციაც მოხდა, და ა.შ.

მეტიც, არა მარტო მატერია იყოფა ნაწილაკებად, არამედ ბუნებაში არსებული ძალებიც. როგორ? შევეცდები ავხსნა..

მაგალითად, თქვენ კალამს ხელს უშვებთ და ის ქვემოთ მოძრაობს გრავიტაციული ძალის გავლენით. თუ ელემენტარული ნაწილაკების მოდელს დავუჯერებთ, ის გვეტყვის, რომ არსებობს ე.წ. გრავიტაციის გადამტანი ნაწილაკი, რომელიც სიგნალს გადასცემს კალამს, რომ მასზე ძალა მოქმედებს, და ის იწყებს მოძრაობას ამ ძალის გავლენით (პირიქითაც ხდება, რადგან გრავიტაცია ორმხრივი ძალაა, თუმცა ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს).

მოკლედ, ნაწილაკების მოდელი ასეთია - მატერიებს შორის ნებისმიერი ძალა გადააქვს ნაწილაკებს, როგორც სიგნალი. გამოდის, რომ მატერიებიც და ველებიც (იგივე ძალები) შედგებიან ელემენტარული ნაწილაკებისგან, და ესეიგი, მთელი ჩვენი სამყარო, მატერიებითა და ძალებით, წარმოადგენს ამ ნაწილაკებისგან აშენებულ სისტემას.

ბოლო ათწლეულებია მეცნიერების სფეროში გაჩნდა სიმების თეორია. რას ამბობს ის?

ნებისმიერი ის ელემენტარული ნაწილაკი, რომლისგანაც შედგება მატერია და რომლის საშუალებითაც ხდება ძალის სიგნალების გადაცემა, წარმოადგენს სხვა და სხვა სიხშირეზე ვიბრირებად ენერგიის სიმებს.

სხვაგვარად რომ ვთქვათ, სამყაროს ნებისმიერი ფუნდამენტალური „აგური“ წარმოადგენს ენერგიას, რომელიც გარკვეული გეომეტრიით და სიხშირით ვიბრირებს. სიხშირის თითოეული ტიპი ქმნის გარკვეული სახის ნაწილაკს, მატერიის ან ძალის.

გამოდის, რომ სამყარო ენერგიის სიმზე დაკრული სიმფონიაა. მაგრამ, მუსიკალური ნაწარმოები უამრავი სახის შეიძლება იყოს. ხომ არსებობს ისეთი სიხშირეები, რომლებიც ამ სამყაროში არ რეალიზდება. შესაძლებელია სხვა ტიპის რხევები სხვა ტიპის ნაწილაკებს იძლეოდნენ, რაც, თავის მხრივ სხვა ტიპის ძალებს და მათი სიგნალის გადამტანებს წარმოქმნის. ამიტომაც არსებობს ასეთი იდეა, რომ რეალიზდება ყველა შესაძლო „სიმფონია“, და ჩვენი სამყარო ერთ-ერთი მათგანია. სხვა სამყაროებში ნაწილაკებს სხვა სახე აქვთ, და შესაბამისად ძალებსაც, ანუ ფიზიკის კანონებსაც. ასეთ პარალელურ სამყაროთა ერთობლიობას მულტისამყაროც კი შეარქვეს.

იდეა დაახლოებით იგივეა, რაც კვანტურ მექანიკაში - არსებობს სხვა სამყაროები, რომლებშიც შეიძლება ფუნქციონირებდნენ ფიზიკის სხვა ტიპის კანონები, რომლებიც ჩვენთვის უცნობია. მაგრამ, როგორც ვთქვით, ეს მხოლოდ ჰიპოთეზაა, და ექსპერიმენტულ დამტკიცებას არ ექვემდებარება.

გააზიარეთ თუ მოგეწონათ..

მსგავსი სტატიები

რა ემართება ტვინს როდესაც გიყვარდება?!


მთარგმნელი: სოფია შანიძე წყარო რა ცვლიებებს განიცდის ადამიანის ...

ფსიქოდელურ ნივთიერებებს ნამდვილად მივყავართ ცნობიერების „უმაღლეს“ მდგომარეობამდე


მთარგმნელი: ია გოისაშვილი წყარო ადამიანებს, რომლებიც მოიხმარენ ...

სიმართლე მარიხუანას შესახებ (Clevermind)


წყარო: clevermind.ru მთარგმნელი: მამუკა გურული დიდი ხანია მთხოვ...

ასტრონომებმა მეორედ დააფიქსირეს იდუმალი, განმეორებითი სიგნალები კოსმოსიდან


მთარგმნელი: გუგა გეგეჭკორი წყარო უკვე მეორედ, ასტრონომებმა იდუმ...

ფიზიკაში შემჩნეული საერთო ტენდენციები


ავტორი: იოანე შენგელია ფიზიკის სწავლისას აღმოვაჩინე ერთი ლამაზი ...

თეორიული ფიზიკა


ავტორი: იოანე შენგელია მარტივად რომ გითხრათ ძვირფასო მკითხველო: ...

როგორ "შევაკეთოთ" სწრაფად სეროტონინი


წყარო: clevermind.ru მთარგმნელი: ნანა აბესაძე დღეს ვისაუბრებთ ი...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff