რა არის დოპამინი?
თქვენ ალბათ დოპამინს ბედნიერებას უკავშირებთ, მაგრამ ყველაფერი ასე მარტივად არ არის. უფრო ზუსტი იქნება თუ ვიტყვით, რომ დოპამინი არის უდიდესი მოტივატორი. თქვენი ტვინი მას იყენებს როგორც ჯილდოს, რათა წაგახალისოთ გარკვეული მოქმედებების შესასრულებლად და დაგეხმაროთ მათ დამახსოვრებაში, რათა მომავალშიც იგივე გაიმეოროთ. თუმცა, არსებობს „ზედმეტი მოტივაციაც“. დოპამინი, ისევე როგორც ყველა კარგი რამ, საუკეთესოა ზომიერების ფარგლებში. აქ იპოვით პასუხებს დოპამინის შესახებ ყველაზე მნიშვნელოვან კითხვებზე და ისწავლით, როგორ შეინარჩუნოთ მისი ჯანსაღი დონე გონებისა და სხეულის ბალანსისთვის.
დოპამინი ეხმარება მოტორული კონტროლისა და აღმასრულებელი ფუნქციების რეგულირებას. ყოველთვის, როცა რაღაცის გაკეთება გჭირდებათ, თქვენი ტვინი გამოყოფს მცირე რაოდენობით დოპამინს, რათა ამისკენ გიბიძგოთ. დოპამინი გეხმარებათ დაგეგმვაში, პრიორიტეტების განსაზღვრასა და იმის კონტროლში, თუ რას აკეთებთ.
როდესაც რაღაც ახალს სწავლობთ, დოპამინი გეხმარებათ როგორც დაწყებაში, ისე გაგრძელებაში. ეს ნიშნავს, რომ დოპამინის დაბალი დონის შემთხვევაში, უფრო დიდია ალბათობა იმისა, რომ სირთულეების დროს საქმეს თავი დაანებოთ. დოპამინის გავლენა მოტორულ კონტროლზე ჩანს ისეთ დაავადებებში, როგორიცაა პარკინსონი, რომლისთვისაც დამახასიათებელია უნებლიე მოძრაობები და ტრემორი (კანკალი), რაც დოპამინის დაბალ დონეს უკავშირდება.
დოპამინი აკავშირებს სიამოვნების შეგრძნებას ქცევასთან - მოქმედების სტიმულირებისთვის. იგი არის ნეირომედიატორი, რომელიც გამოიყოფა ტვინის ნეირონების მიერ, როდესაც აკეთებთ რაიმე სასიამოვნოს ან სასარგებლოს. ნეირომედიატორები აგზავნიან შეტყობინებებს ნერვული სისტემის მეშვეობით და დოპამინის გზავნილია: „ეს შესანიშნავია! მოდი, დავიმახსოვროთ და კიდევ გავიმეოროთ!“
ამ დაჯილდოების სისტემას ბნელი მხარეც აქვს. თუ დოპამინის მიმართ ლტოლვა გაგიძლიერდათ, შესაძლოა დაიწყოთ სასიამოვნო აქტივობებში ზედმეტი ჩართვა, რაც საბოლოოდ შეიძლება გადაიზარდოს იძულებით ქცევაში ან დამოკიდებულებაში (ადიქციაში). ალკოჰოლმა და ნარკოტიკებმა შეიძლება გამოიწვიოს დოპამინის მოზღვავება, რაც ადამიანს მათი მოხმარების გაგრძელებისკენ უბიძგებს.
გაგრძნობინებთ თუ არა დოპამინი თავს კარგად?
არა, თავად დოპამინი რეალურად არანაირ შეგრძნებას არ იწვევს. დოპამინი ხშირად ასოცირდება სიამოვნებასთან, მაგრამ სინამდვილეში ეს ნეირომედიატორი უფრო მეტად ეხება „სურვილს“, ვიდრე „მოწონებას“. ის უბრალოდ გაიძულებთ, რომ მოგინდეთ ქმედების კვლავ გამეორება.
ნარკოტიკები იწვევს დოპამინის მასიურ გამოფრქვევას, რაც ეიფორიის შეგრძნებას ქმნის. სამწუხაროდ, ნარკოტიკები ასევე ართულებს ორგანიზმის მიერ დოპამინის ბუნებრივ გამომუშავებას, რაც ადამიანს დამოკიდებულების ციკლში ამწყვდევს.
რა იწვევს დოპამინის გამოყოფას?
დოფამინის გამოყოფას იწვევს ქცევები, რომლებსაც თქვენი ტვინი სასარგებლოდ მიიჩნევს. თქვენი ტვინი დოპამინს მცირე დოზებით გასცემს — ზუსტად იმდენს, რომ გაკეთებული საქმე სიამოვნებასთან დააკავშიროთ და კვლავ მოგინდეთ მისი გაკეთება.
მაგალითად, ვარჯიშის დროს ტვინი მუდმივად გამოყოფს დოპამინის მცირე დოზებს, რაც მოტივაციას გაძლევთ და თავს კარგად გაგრძნობინებთ. ჯანსაღ ტვინში დოპამინის გამოყოფა თვითრეგულირებადი პროცესია. თქვენ არ შეგიძლიათ აკონტროლოთ, როდის ან როგორ გამოყოფს თქვენი ტვინი დოპამინს.
როგორ მოქმედებს დოპამინის დისბალანსი ყოველდღიურ ცხოვრებაზე?
ზედმეტმა დოფამინმა შეიძლება გამოიწვიოს იმპულსების კონტროლის პრობლემები. თუ ზედმეტი დოპამინი გაქვთ, შესაძლოა დაუფიქრებლად იმოქმედოთ, რამაც შეიძლება სინანულამდე მიგიყვანოთ. მაღალმა დონემ ასევე შეიძლება გაგხადოთ ჰიპერ-კონკურენტული და აგრესიული.
ზედმეტად ცოტა დოპამინი ამცირებს მოტივაციასა და ენთუზიაზმს. მისი დეფიციტის დროს შესაძლოა საწოლიდან ადგომის ან ჭამის მოტივაციაც კი დაკარგოთ. ასევე შესაძლოა იგრძნოთ ძლიერი დაღლილობა ან ლეთარგია.
შესაძლებელია თუ არა დოპამინის შემცირება „დოპამინური მარხვით“?
არა, ზედმეტად მასტიმულირებელი აქტივობებისგან თავის არიდება რეალურად არ ამცირებს დოპამინს. „დოპამინური მარხვის“ კონცეფცია დაფუძნებულია არასწორ წარმოდგენაზე იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს ეს ნივთიერება. გაჯეტებზე უარის თქმას აქვს სარგებელი (მაგალითად, უკეთესი ძილი), მაგრამ ეს არ არის დაკავშირებული დოპამინის მარაგების „შევსებასთან“.
დოპამინთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემები
ADHD (ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომი): ADHD-ის მქონე ადამიანებს შესაძლოა უჭირდეთ საქმის დაწყება და დაგეგმვა დოპამინის დეფიციტის გამო.
დეპრესია: დაბალი მოტივაცია და სიამოვნების განცდის უუნარობა ასოცირდება დოპამინის ნაკლებობასთან.
შიზოფრენია: ამ დაავადების დროს ზოგიერთი სიმპტომი გამოწვეულია დოპამინის დეფიციტით (მაგ. მეხსიერების გაუარესება), ხოლო სხვები (ჰალუცინაციები და ბოდვები) — მისი ჭარბი რაოდენობით ტვინის გარკვეულ უბნებში.
დამოკიდებულებები: ნარკოტიკები იწვევს დოპამინის არაბუნებრივ მოზღვავებას, რაც იწვევს მათ მიმართ ძლიერ ლტოლვას და არღვევს ორგანიზმის მიერ დოპამინის ბუნებრივ წარმოებას.
დოპამინის მედიკამენტები
მეთილფენიდატი (რიტალინი): გამოიყენება ADHD-ის სამკურნალოდ; ის ბლოკავს დოპამინის უკუშთანთქმას, რითაც ზრდის მის რაოდენობას ორგანიზმში.
დოპამინის უკუშთანთქმის ინჰიბიტორები: მაგალითად, ბუპროპიონი (ველბუტრინი), გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ.
დოპამინის შემამცირებელი პრეპარატები: გამოიყენება მოძრაობის დარღვევების (ტეტრაბენაზინი და სხვ.) სამკურნალოდ, რომლებიც გამოწვეულია ზედმეტი დოპამინით.
როგორ შევინარჩუნოთ დოპამინის ჯანსაღი დონე ბუნებრივად?
მიირთვით L-თიროზინით მდიდარი საკვები: ეს ამინომჟავაა, რომელსაც სხეული დოპამინის დასამზადებლად იყენებს. ასეთი საკვებია: ქათამი, რძის პროდუქტები, ავოკადო, ბანანი, სოია, გოგრის და სეზამის თესლი.
მოაწესრიგეთ ძილი: ყოველღამე 7-9 საათი ძილი აუცილებელია. ძილის ნაკლებობა აზიანებს დოპამინის რეცეპტორებს.
ივარჯიშეთ მედიტაციაში: რეგულარული მედიტაცია (დღეში 20-30 წუთი) ზრდის დოპამინის დონეს.
ფიზიკური ვარჯიში: დღეში 20-30 წუთი ვარჯიში აუმჯობესებს განწყობას და კონცენტრაციას დოპამინის გამოყოფის ხარჯზე.
სიკეთე და ქველმოქმედება: როდესაც სხვას ეხმარებით, თქვენი ტვინი გამოყოფს დოპამინს, რასაც მკვლევარები „დამხმარეს ეიფორიას“ (helper’s high) უწოდებენ.
მასაჟი: მასაჟი ამცირებს სტრესის ჰორმონ კორტიზოლს და ზრდის დოპამინისა და სეროტონინის დონეს. კვლევებმა აჩვენა, რომ მასაჟის შემდეგ დოპამინი საშუალოდ 31%-ით იზრდება.
როგორ ვლინდება მაღალი მაჩვენებლების დროს?
შინაგანი დრაივი: ადამიანი არის ძალიან გახსნილი, ცნობისმოყვარე, არაკონსერვატიული და არადოგმატური.
სამყაროს გაგება: ჩვენ ვხედავთ კავშირებს და გვესმის, როგორ არის მოწყობილი ცხოვრება; არ გვაქვს სხვისი ინფორმაციის „ყავარჯნების“ საჭიროება იმის გასაგებად, თუ რა რასთან არის დაკავშირებული.
განწყობა: მდგომარეობა, როდესაც ყველაფერი გინდა, ყველაფერი გაინტერესებს და ცხოვრება საინტერესოა.
როგორ მოვახდინოთ ნორმალიზება?
ფიზიკის მეშვეობით
მიკრომოძრაობები: არსებობს მარტივი და ძლიერი გზა — მიკრომოძრაობები. ვიწყებთ თითების ნაზ მოძრაობას, შემდეგ გადავდივართ მაჯებზე და ნელ-ნელა ვააქტიურებთ სხეულს.
ნერვულ-კუნთოვანი კავშირი: დოფამინი გამოიყენება ნერვულ-კუნთოვანი შეკუმშვისთვის. თუ მაშინვე ინტენსიურ მოძრაობას დავიწყებთ, ვრისკავთ დარჩენილი მარაგების გამოფიტვას.
ეტაპობრივი გააქტიურება: თუ ნელ-ნელა დავიწყებთ მის გამოყოფას დიდი მოძრაობისთვის, სისტემა ამუშავდება და უკვე შევძლებთ სასეირნოდ გასვლას, რითაც გავუშვებთ ჩვენი დოპამინის გამომუშავებას.
ფსიქიკის მეშვეობით
ინფორმაციული ჰიგიენა: უნდა გავაცნობიეროთ, როგორ მოქმედებს ჩვენზე პასიურ რეჟიმში მიღებული „ამაღელვებელი“, მაგრამ უსარგებლო ინფორმაცია (მაგალითად, ვიდეოები „ტოპ 10 ყველაზე საშინელი მანიაკი“). ასეთი რამ გვასწავლის, რომ არ ვმართოთ საკუთარი ცხოვრება, ამიტომ პირველ რიგში ეს ყველაფერი უნდა გამოვრიცხოთ.
აქტიური გართობა: ნამდვილად დაინტერესებულ ადამიანებს, რომლებსაც უყვართ მოგზაურობა და კვლევა, აქვთ ჩამოყალიბებული პატერნი — მათ საკუთარი თავი მიაჩვიეს აქტიური ქმედებებით გართობას.
სოციუმის მეშვეობით
რაც უფრო მეტი მიღწევა და აქტივობა გვაქვს სოციუმის ფარგლებში, მით ნაკლებია მიდრეკილება განმარტოებისკენ, ნარკომანიის ყველა ფორმისა და რეალობისგან გაქცევისკენ.
თუ გსურთ მიიღოთ მეტი ინფორმაცია დოპამინის შესახებ, გაეცანით წიგნს (ქართულად) - "მოლეკულა მეტი".
მომზადებულია სხვადასხვა სტატიებზე დაყრდნობით
ავტორი: მამუკა გურული
