(მამაკაცის მიერ დანახული ცხოვრების არსი, დაუჯერებელი სიკვდილის გამოცდილების შედეგად)

ტრანსკრიბცია ჯეიკობ კინგის ვიდეოდან

მთარგმნელი: დავით ჯანგველაძე

  მოგესალმებით ყველას. ჩემი სახელია ჯეიკობ კინგი, დავიბადე და გავიზარდე მელბურნში, ავსტრალიაში და ეს არის ამბავი ჩემი სიკვდილის გამოცდილების შესახებ. ძალიან მღელვარე გარემოცვაში ვიზრდებოდი. ჩემს ბავშვობაში იყო ბევრი სისასტიკე და მრავალი ტრავმა ორივე მშობლის მხრიდან. ცხოვრება ძალიან რთული აღმოჩნდა. ვიზრდებოდი ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემებით, მწვავე დეპრესიის მომენტებით და ამის მსგავსი სხვა საკითხებით. ამგვარი ყოფისგან თავის დაღწევის ერთადერთ გზას ჩემთვის ყოველთვის წარმოადგენდა სპორტი, ასევე ღრმა ინტერესი გამაჩნდა სულიერი საკითხების და ფსიქოლოგიის მიმართ. 

ასაკის მატებასთან ერთად ვამჩნევდი, რომ მენტალურად ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა უფრო და უფრო უარესდებოდა. მქონდა Პპოსტ-ტრავმული სტრესული აშლილობის სიმპტომები, რომელიც სამკურნალოდ ძალიან რთული იყო. ღრმა დეპრესიაში აღმოვჩნდი, მაწუხებდა სუიციდური წარმოსახვები და უამრავჯერ ვცადე თვითმკვლელობა. ვებრძოდი ნარკოდამოკიდებულებას. ამ მოვლენებმა თავის პიკს 2020 წელს მიაღწია. მოცემული მომენტისათვის ისევ მელბურნში ვიყავი. კოვიდით გამოწვეული იზოლაციის გამო ყველაფერი აუტანელი გახდა. ალკოჰოლისა და ნარკოტიკების გამოყენებამ გასტრონომიულ დოზებს მიაღწია და მთელი ჩემი ცხოვრება ერთ დიდ ქაოსად იქცა. 

  დადგა 2021 წლის ოქტომბერი. ერთ საღამოს, სახლში ვიყავი და ანგარიშის განაღდებას ქიმიური კოქტეილების შესაძენად, ტკივილების გასაყუჩებლად ვცდილობდი, რასაც ჩვეულებრივ ვაკეთებდი ხოლმე. ტკივილისაგან დაბუჟებული, ჩემს ოთახში ვიყავი და სანამ რაიმეს გააზრებას მოვასწრებდი, მოულოდნელად გავითიშე და ძალიან ბნელ სივრცეში აღმოვჩნდი. ვფიქრობ, რომ ეს მდგომარეობა სიცარიელის სახელით არის ცნობილი. წარმოდგენა არ მქონდა სად ვიყავი, არ ვიცოდი რა ხდებოდა ჩემს თავს. ერთადერთი, რასაც ვაცნობიერებდი ის იყო, რომ ჩემს გარშემო ძალიან ლამაზი, თბილი და ასევე ძალიან ძლიერი ენერგიის შეგრძნება მქონდა, რომლის დინებასაც ერთდროულად ჩემში და ჩემს გარშემო ვგრძნობდი. ეს იყო ძალიან მოსიყვარულე თანმყოფობის განცდა. შეგრძნება იმდენად სასიამოვნო იყო, რომ ჩემი არსების ყოველი უჯრედით ვგრძნობდი რელაქსაციისა და სიმშვიდის შეგრძნებას, თითქოს ჩემს ორგანიზმში ყველაფერმა მუშაობა შეწყვიტა, რადგან მას აღარ სჭირდებოდა რაიმე სახით ფუნქციონირება. დაახლოებით ასეთი შეგძნება მქონდა, თითქოს ჩემმა უჯრედებმა მითხრეს: "ჩვენ მუშაობა დავასრულეთ", და მაინც, ჩემი გონება ისევ ფუნქციონირებდა. ამას იმით ვხვდებოდი, რომ ვცდილობდი ამეხსნა, თუ რა ხდებოდა ჩემს თავს. 

ვგრძნობდი, რომ რაღაც ძალიან ძლიერი ენერგიის თანმყოფობის ნაწილი ვიყავი და მან გულში ღრმად ჩამიკრა. რაღაც უზარმაზარ ქმნილებას ვყავდი ხელში აყვანილი და მას მთელი არსებით ვუყვარდი. ეს სიყვარულის შეგრძნება ოდნავაც არ ჰგავდა იმ სიყვარულის ნებისმიერ გამოვლინებას, რაც კი ოდესმე დედამიწაზე მიგრძვნია. თითქმის იმას ჰგავდა, როდესაც ეხუტები შენთვის საყვარელ ადამიანს, რომელიც ძალიან დიდი ხნის მანძილზე არ გინახავს და ამ დროს იგი ძალიან მშვიდადაა, მოდუნებულია, შეგიძლია რომ მის მკლავებში დადნე. შეგრძნება დაახლოებით ამას ჰგავდა, მაგრამ ბევრად, ბევრად ძლიერი იყო, ვიდრე სიტყვებს შეუძლია გამოთქვას. ვგრძნობდი, რომ ეს ემოცია ჩემთვის ნაცნობი იყო, მასთან კავშირი მქონდა და მსგავსი რამ ადრეც განმეცადა, მაგრამ აღარ მახსოვდა როდის. ვცდილობდი გამეხსენებინა ჩემს ცხოვრებაში არსებული ყველა მომენტი, რათა გამეგო, იყო თუ არა ეს შეგრძნება ისეთი, რისი გახსენებაც სიცოცხლის განმავლობაში შემეძლო. ბოლოს გამახსენდა, რომ ეს იყო ვიღაც, ვისთან ერთადაც დრო ჩემს დაბადებამდე მქონდა გატარებული. ეს იყო ღმერთი. 

  როდესაც საბოლოოდ მოვახდინე რეალიზაცია, რომ ახლა სწორედ ღმერთის თანმყოფობას და მის ყოვლისმომცველ სიყვარულს ვგრძნობდი, სწორედ მაშინ გამახსენდა შეგრძნება: "დიახ! როგორც იქნა დავბრუნდი! როგორც იქნა შენთან დავბრუნიდი!" ამ სიყვარულში თავს ძალიან გამთლიანებულად და სრულად ვგრძნობდი. გავაცნობიერე, რომ ყველაფერი, რის გაკეთებასაც ცხოვრებაში ცვდილობდი, ყველა მიზანი, რისი მიღწევის სურვილიც მქონდა, ყველა სიამოვნება, რისი განცდისკენაც ვისწრაფოდი, ყველა შეგრძნება, რასაც მივდევდი, ყველაფერი ამ სისავსის განცდის სურვილით იყო აღვსილი და ახლა, მე დავბრუნდი. არაფერი აღარ დარჩა, რასაც უნდა გამოეკიდო. არაფერი აღარ დარჩა, რისი ძებნითაც უნდა დაკავდე. მე ახლა კარგად ვარ, თავს მშვენივრად ვგრძნობ, მთლიანი ვარ, კმაყოფილი ვარ. ამის შემდეგ, ღმერთმა გამომიყვანა სიცარიელიდან და სხვა განზომილებაშ გადამიყვანა. იმ განზომილებაში, რომელშიც მოვხვდი, ძალიან ბევრი სინათლე იყო, ყველგან რაღაც ანათებდა. თითქოს კოსმიურ სივრცეში ვიყავი ვარსკვლავებთან ერთად, მაგრამ ეს ვარსკვლავები ძალიან განსხვავებულნი იყვნენ, რადგან მათში არსებული სინათლე ძალიან დინამიკური იყო და გამუდმებით იცვლებოდა. ასეთი სინათლე მილიარდობით იყო, მაგრამ ისინი ცნობიერად და ცოცხლად გამოიყურებოდნენ. ფერები, რომელთაც ვარსკვლავები გამოსცემდნენ, ძალიან ლამაზი იყო, დედამიწაზე მსგავსი არასდროს არაფერი მინახავს. ღმერთმა ამ ვარსკვლავების ერთ ადგილას თავმოყრა დაიწყო, რაც საახალწლო მაშხალებს ჰგავდა. ეს იყო შემოქმედების საოცარი ილუსტრაცია, რომელიც გამუდმებით იცვლებოდა, გადასხვაფერდებოდა და უზადო დინამიკა გააჩნდა. გაოცების მიღმა ვიყავი. ეს იყო სილამაზის ისეთი დონე, რომ ვგრძნობდი, შეიძლებოდა დავშლილიყავი, შესაძლებელი იყო მთლიანად გავმქრალიყავი ამ სილამაზის ცქერით. დანახული იმაზე ლამაზი იყო, ვიდრე მასთან გამკლავება შემეძლო. გაოგნებული ვიყავი და ვგრძნობდი, რომ ღმერთს სიამოვნებდა ის, რასაც ამ საოცარი სანახაობით მაჩვენებდა.

  ვგრძნობდი, თითქოს ღმერთი მეუბნებოდა: "უბრალოდ უყურე და ისიამოვნე, ამ ყველაფერს შენთვის ვქმნი, მინდა რომ რაღაც ძალიან ლამაზი გიჩვენო". შემდეგ მან წამიყვანა და ჩვენ ერთად დავფრინავდით ამ უკიდეგანო სივრცეში. მე დავფრინავდი, მაგრამ შეგრძნება წყალქვეშ ცურვის განცდასაც მიტოვებდა. ვგრძნობდი სივრცის ინერციას და ვათვალიერებდი იმ სილამაზეს, რაც ჩემს ირგვლივ ხდებოდა. სიყვარულის განცდა ძალიან ინტენსიური იყო. ვგრძნობდი, რომ მიჭირდა საკუთარი თავის მთლიანობაში შენარჩუნება, განცდილი შეგრძნების ინტენსივობის გამო. ეს ყველაფერი იმაზე მეტი იყო, ვიდრე მასთან გამკლავება შემეძლო. შემდეგ ჩვენ აღმოვჩნდით რაღაც უზარმაზარი კოშკთან. როცა დანიშნულების ადგილზე მივედით, ავიხედე და შევამჩნიე, რომ ეს კოშკიც იმავე სინათლით იყო შექმნილი და მსგავსი დინამიკა მასაც გააჩნდა, ფერები მოძრაობდნენ და იცვლებოდნენ. ჩვენ დავიწყეთ კოშკის წვერისკენ აფრენა და ფრენის სიჩქარე შეუჩერებლად იზრდებოდა და იზრდებოდა. მთელი ეს სიტუაცია, ფრენის სისწრაფე, დანახულის სილამაზე და სიყვარულის ხარისხი იმდენად ძლიერი იყო, რომ ვთქვი: "ღმერთო, მე ამას ვერ გავუმკლავდები. ეს მეტისმეტია, ზედმეტად მეტისმეტია, ვგრძნობ რომ მოვკვდები. მე მოვკვდები ამ სიყვარულისგან და ამ სილამაზისგან, რადგან არ შემიძლია მასთან გამკლავება". ღმერთმა მიმიყვანა განცდის უკიდურეს ზღურბლამდე, რასთან გამკლავებაც შემეძლო. მცირედი გადამეტება და ვგრძნობდი, რომ მთლიანად დავიშლებოდი. 

  ღმერთმა ზუსტად იცოდა სად იყო ჩემი ლიმიტი და მან ზუსტად ზღურბლზე დამაყენა. სანამ გავიაზრებდი, კოშკის უმაღლეს წერტილში აღმოვჩნდით. ღმერთი იყო უხილავი ენერგიის ბურთი, რომელსაც ვგრძნობდი, მაგრამ ვერ ვხედავდი. ამ პერსპექტივიდან ვფიქრობ, რომ ან მისი გამოსახულება არ მახსოვს, ან იმ მომენტში იგი ჩემთვის უხილავი იყო, არ ვარ დარწმუნებული. მაგრამ ის ზუსტად ვიცი, რომ ჩემთან ღმერთი იყო. ჩვენ ზევიდან ვუყურებდით მილიარდობით ნათებას და იმ წარმოუდგენელ სილამაზეს, რომელსაც ისინი ასხივებდნენ. შემდეგ ღმერთმა თქვა: "ახლა დროა პროგრესი განვიცადოთ". მე ვიცოდი მან ამ სიტყვებში რაც იგულისხმა. შემდეგ ისევ მივფრინავდი, ამჯერად სინათლის ხარისხი ბევრად მეტი იყო. ვფიქრობდი: "ღმერთო, კოშკთან კინაღამ მოვკვდი, კინაღამ ნაწილებად დავიშალე და ახლა გინდა რომ ამ სინათლეში ვიფრინო? თუ მასში ფრენა მომიწევს, მე მოვრჩი, ყველაფერი დავასრულე. აღარ დავბრუნდები. დარწმუნებული ვარ რომ მოვკვდები". და ღმერთმა თქვა: "დიახ". მე გავიფიქრე: "გასაგებია, ესეიგი ასე მოვკვდები, თუ მასში გავიარე, ღმერთს კი სურს, რომ მასში გავიარო". ღმერთს ვუთხარი: "კარგი. მე შენ გენდობი". ადამიანური პერსპექტივიდან შესაძლოა ეს ყველაფერი საკმაოდ უცნაურად ჩანდეს, მაგრამ, როდესაც ღმერთის გვერდით ხარ, ღმერთში ეჭვს ვერ შეიტან. იგი წარმოუდგენლად ძლიერი იყო, საოცრად ბრძენი და მოსიყვარულე გახლდათ და ძალიან მშვიდად იყო ამასთან დაკავშირებით. მე გავიფიქრე: "გასაგებია, მან ჩემზე უკეთ იცის. მე ვამბობ რომ მოვკვდები, მაგრამ ღმერთი ამბობს, რომ ამაში არაფერია ცუდი. მაშინ, გავაკეთოთ ეს". 

  შემდეგ, ღმერთმა ამიყვანა, როგორც ქაღალდის თვითმფრინავს აიღებენ და სივრცეში გამაფრინა. საბოლოოდ, დავიწყე ამ სივრცეში და სინათლეში ფრენა. ფრენის სისწრაფე უფრო და უფრო მატულობდა და სინათლის სხივები ჩემს უკან რჩებოდა. მე იგივე წერტილს მივუახლოვდი, როდესაც ვფიქრობდი, რომ ასე თუ გავაგრძელებდი, მოვკვდებოდი. ამ დროს ვიგრძენი, რომ ჩემი კანი თითქოს მოსძვრა ჩემს სხეულს და ძვლებით გავშიშვლდი. ძვლებმაც კი დაშლა დაიწყო. ყველა ეს იდენთიფიკაცია, რომელიც ადამიანურ სხეულთან იყო დაკავშირებული, თანდათანობით მძვრებოდა და მშორდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ სხეულთან იდენთიფიკაციის ასპექტები მშორდებოდა, შეგრძნება ძალიან კარგი იყო. თითქოს ძალიან მჭიდრო ფეხსაცმელი გაიძრე. ვიგრძენი, რომ ყველა ტრავმა, რომელიც ღრმა ბავშვობიდან მომყვებოდა, სხეულთან ერთად მომშორდა. ერთი მეორეს მიყოლებით ვიცილებდი ამ ფენებს, ვიდრე ბოლო ფენამდე არ მივედი, ჩემში არსებულ საბოლოო სუბსტანციამდე. ისევ მივფრინავდი. ვფიქრობდი, რომ როდესაც ეს საბოლოო ფენაც, ეს საბოლოო სუბსტანციაც მომშორდებოდა, ჩემგან აღარაფერი დარჩებოდა. სივრცეში ფრენას განვაგრძობდი და ბოლო სუბსტანცია მაინც ჩემთან რჩებოდა, იგი არ გამქრალა, არ მომცილებია სხვა ნაწილების მსგავსად. ეს იყო ერთადერთი ფენა, რომელმაც არ დამტოვა. დაბნეული ვიყავი და ვფიქრობდი, თუ რა იყო ეს სუბსტანცია, რომელიც ჯერჯერობით არ მცილდებოდა და ჩემთან რჩებოდა. რა არის ის, რაც ჯერაც რჩება? 

  ღმერთმა შეაჩერა ჩემი ფრენა და მიჩვენა, რას ხედავდა თავისი პერსპექტივიდან. იგი უყურებდა პაწაწინა, თეთრ სინათლეს. ეს იყო ჩემი სულის სინათლე. მან მითხრა: "ყველაფერი, რაც აქამდე გამოიარე ან ყველაფერი რასაც ამის შემდგომად გაივლი გაქრება. ეს არის ერთადერთი, რაც რჩება. ეს არის მარადიული. ეს ხარ შენ. არასოდეს დაკარგო ცოდნა ამის შესახებ. დაიმახსოვრე. შემდეგ მე შევერწყი და დავემატე სხვა სინათლეებს. ეს იყო შეგრძნება, როგორც ერთი წვეთი ხდება მომენტალურად მთელი ოკეანის ნაწილი და ერთიანი ხდება მასთან, იდენტურობის ყოველგვარი შეგრძნების გარეშე. ჩემი ეგო აბსოლუტურად გაქრა და შეერწყა სინათლის ოკეანეს. როდესაც სინათლის ოკეანესთან ერთიანი გავხდი, ვიგრძენი რომ თვით ღმერთთან ვიყავი ერთიანი და ეს იყო ყველაზე ლამაზი, ყველაზე სრულყოფილი გამოცდილება. ადამიანური გონება ვერ აღწერს და ვერ ჩასწვდება ამას. ეს იყო გამოცდილება ყოველგვარი წარმოსახვის მიღმა. ეს იყო მშვიდი ექსტაზი. სანამ ამ მდგომარეობაში ვიყავი, არ არსებობდა დროის შეგრძნება, მე უბრალოდ ვიყავი და ვიყავი ერთიანი. სახლში დავბრუნდი. ამის შემდეგ ღმერთმა ისევ ამიყვანა და სინათლის ოკეანისგან განმაცალკევა. ჩემს გვერდით გამოსახულება გამოჩნდა და ამ გამოსახულებაში დავინახე სხეული, რომელიც დედამიწაზე იმყოფებოდა. ღმერთმა თქვა; "უკან დაბრუნების დროა". იცით რანაირად ვიყავი? "აუფ... არ მინდა უკან დაბრუნება". მე ვიკითხე: "მემახსოვრება მაინც რაც ვნახე?" მან თქვა: "რათქმაუნდა". შემდეგ გავიფიქრე: "მოიცა, სანამ წავალ, შემიძლია რაღაც გკითხო?" მან ისევ გაიმეორა: "რათქმაუნდა". მე ვთქვი: "როგორ შემიძლია, რომ ისევ ამ ადამიანს დავუბრუნდე? არ მინდა რომ ის ვიყო. არ მინდა ვიყო ისევ დეპრესიაში მყოფი, ნარკოტიკებზე დამოკიდებული, სუიციდური ფიქრებით სავსე ადამიანი. იგი ძალიან განსხვავებულია იმისგან, როგორც ახლა ვგრძნობ საკუთარ თავს. ზედმეტად დიდი განსხვავებაა ამ ყველაფერს შორის". და მან თქვა: "არაუშავს". მას არ განვუკითხივარ, მას არ უთქვამს, რომ ერთი დიდი ჩავარდნა ვიყავი, მას არაფერი ამის მსგავსი არ უთქვამს. მან უბრალოდ მითხრა: "არაუშავს". მე ვკითხე: "რა მოხდება სხვა ადამიანებთან დაკავშირებით? ისინი არ დამიჯერებენ, როდესაც მათ ამ ადგილის შესახებ ვუამბობ. როგორ შეიძლება ამხელა სიყვარული და მთელი ეს სამყარო არსებობდეს და მე არ ვიცოდე ამის შესახებ? შეგიძლია რომ ეს სიყვარული ჩემს ცხოვრებაში სხვა ადამიანებსაც გადმოაფრქვიო?" მე რამდენიმე ადამიანის სახელი დავასახელე, მან კი მითხრა: "სწორედ ამიტომ ხარ მანდ". ვუთხარი: "მაპატიე, მაგრამ, როგორ შემიძლია ეს სიყვარული მათ მე მივცე, რომელსაც ახლა განვიცდი? გამორიცხულია, რომ მე მათ ამხელა სიყვარული გადავცე". მან მითხრა: "უბრალოდ დამიძახე დასახმარებლად. უბრალოდ მომიხმე, რომ გამოვხატოთ ეს სიყვარული". მე ძალიან დავინტერესდი, რადგან მან ნამდვილად თქვა სიტყვა "გამოვხატოთ". მან იგულისხმა, რომ მე არ მჭირდება სიყვარულის წარმოება, არამედ შემიძლია საკუთარ ეგო განზე გავწიო და სიყვარული ბუნებრივად გამოხატავს საკუთარ თავს ჩემი გავლით. მე ვთქვი: "კარგი. ასე ვიზამ. მაგრამ, როცა აქ ვარ ყველაფერი მარტივად ჟღერს, დედამიწაზე ყველაფერი რთულია. ყველაფერი უფრო მეტად გამაღიზიანებელია". და მან მითხრა: "მე ვარ შენ". მე მქონდა რთული ეტაპი დავთანხმებულიყავი, რომ ღმერთი იყო რაღაც მიუწვდომელი, ძალიან დიადი, უზომოდ მოსიყვარულე, და როგორ შეეძლო მას ჩემთვის ეთქვა, რომ იგი მე ვარ? "მე ვარ შენ". არ შემეძლო ამად დავთანხმებოდი. შემდეგ, ჩემს თავთან დავინახე ძალიან დიდი, უზარმაზარი ოქროს თვალი, რომელიც თითქოს ჩემი თავიდან გამოვიდა. მან შემომხედა და მითხრა: "მე შენს სიცოცხლეს შენი მეშვეობით ვხედავ. ჩვენ ერთნი ვართ". და მან უკან დამაბრუნა. 

  ჩემთვის ძალიან რთული იყო ამ გამოცდილების შემდეგ უკან დაბრუნება. იმიტომ კი არა, რომ დედამიწის ენერგეტიკა იმ ადგილისგან ძლიერ განსხვავებულია სადაც ვიყავი, არამედ იმიტომ, ამ ყველაფრის გააზრება და გადახარშვა ძალიან რთული გამოდგა. დაბრუნების შემდეგ პირველი, რამაც ჩემი ყურადღება მიიპყრო, იყო ის, რომ საგნები იდენტურად არ გამოიყურებოდა. მეჩვენებოდა, რომ სიზმარში ვიყავი ან სადღაც, ყალბ ადგილას. დედამიწა ილუზიაა. დედამიწა ნამდვილად ილუზიაა. ვგრძნობდი, რომ ამიერიდან ჩემი თვალებით კიარ ვიყურებოდი, არამედ ჩემი თვალების გავლით ვიყურებოდი. ჩემი თვალები სარკესავით იყო, რომლის სიღრმეშიც რაღაც იმყოფებოდა. ჩემი მესამე თვალი გაიხსნა. ეს იყო უნიკალური გამოცდილება. ცხოვრების აღქმა ძალიან განსხვავებულად დავიწყე. აღარ მაინტერესებდა საკითხები, რომლითაც აქამდე ჩემი ეგო იყო დაინტერესებული. როდესაც ვიღაც შეურაცმყოფდა, აღარ ვბრაზობდი. აღარ ვცდილობდი საკუთარი რეპუტაციის დამტკიცებისთვის მებრძოლა. ასეთი საკითხები აღარ მაინტერესებდა. მე ისევ მქონდა მრავალი პრობლემა. ახალგაზრდობიდან მოყოლილი ტრავმები ისევ ჩემთან იყვნენ, ზოგჯერ ისევ ვკარგავდი კონტროლს და აჟიტირებული ვხდებოდი, მაგრამ აღარ მივდევდი იგივე მისწრაფებებს. მე დავიწყე განკურნების პროცესი. მე დავიწყე სამყაროს მიმართ კვდომა. დავიწყე დანახვა, თუ რამდენად უაზრო იყო ნარკოტიკები, ალკოჰოლი და ამის მსგავნი. ჩემთვის ძვირფასი იყო ღმერთის სიყვარულისა და თანმყოფობის განცდა, რომელსაც ვგრძნობდი. ახლა ვიცი, რომ მისი თანმყოფობა და სიყვარული დედამიწაზე ყველგანაა. თქვენ შესაძლოა ამას მკაფიოდ ვერ გრძნობდეთ, მაგრამ ღმერთის სიყვარული ყველგანაა და ჩვენ მას შევიგრძნობთ, თუკი ვისწავლით როგორ ვიყოთ მასთან კონტაქტში. მე ვიცი, რომ არ არის აუცილებელი გქონდეთ სიკვდილის გამოცდილება ღმერთის სიყვარულთან კავშირისათვის. 2022 წელს ჩემთვის ბევრი რამ გაცხადდა. ეს იყო პროცესი, როდესაც ჩემი ხილვის მსგავსად ვიშორებდი საკუთარი არსების სხვადასხვა ფენას. ვსწავლობდი, როგორ მეცხოვრა ისეთი ცხოვრებით, რომელიც ჩემს სულს კმაყოფილებას მიანიჭებდა. ხანდახან მაქვს ხოლმე მივიწყების მომენტები, მაგრამ დროის უმეტესი ნაწილის განმავლობაში, მე ვიცი ვინ ვარ სინამდვილეში. ახლა სულიერი მსველობის ფაზაში ვიმყოფები და როდესაც რაღაც არასწორს ვაკეთებ, მომენტალურად ვკარგავ ამ ფაზას, რაც ძალიან მტკივნეულია ჩემთვის. საკითხები, რომლებიც ამ ფაზიდან ჩემს ამოგდებას ახდენენ, აღმოვაჩინე, რომ რელიგიებში "ცოდვის" სახელით არის ცნობილი. 

  როდესაც ვცოდავ, მე აღარ ვარ სულიერი მსვლელობის ფაზაში და ჩემს ძალიან დაზიანებულ ეგოს ვუბრუნდები. სწორედ ამის გაცნობიერებამ მომცა უნარი, მარტივი ყოფილიყო სხვადასხვა ნეგატიური აქტივობებისგან განთავისუფლება. ჩემთვის ახლა უფრო მარტივია ფხიზლად ყოფნა. ასევე მარტივია, რომ აღარ ვიკარგებოდე ავხორცულ ფანტაზიებში. ასევე მარტივია ამბიციური მისწრაფებებისგან თავის შეკავება, ფულის დევნისთვის უარის თქმა, ძალაუფლების მოხვეჭისათვის ბრძოლა და სხვა ამის მსგავსი. ასე რომ, იმ ღამის შემდეგ ჩემი ცხოვრება ნამდვილად შეიცვალა. მე ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო მაქვს შესასრულებელი, რათა მეტად განვიკურნო ბავშვობის ტრავმული გამოცდილებებისგან და მოვიშორო სიმძიმეები, რომელთაც ჯერ კიდევ ვგრძნობ ჩემს მხრებზე. არასდროს მეგონა, რომ მათგან განკურნებას შევძლებდი. ღმერთმა გამაცნო ადამიანები, რომლებიც მეხმარებიან ამ მოგზაურობაში, ამიტომ, მე აღარ მაქვს სტრესის და ნერვიულობის შეგრძნება მათთან დაკავშირებით. ღმერთი ზრუნავს ჩემზე, ისევე როგორც შენზე ზრუნავს. იგი ყველა ჩვენგანზე ზრუნავს. ღმერთი ერთიანია ჩემთან, ღმერთი ერთიანია შენთან და ღმერთი ერთიანია ყველა ჩვენგანთან. მე ძალიან დალოცვილი ვიყავი, რათა მომეცა უფლება ასეთი გამოცდილების საშუალება მქონოდა. მე გიზიარებთ ამ გამოცდილებას, რათა თქვენც დაგეხმაროთ საკუთარ მოგზაურობაში. ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ღმერთი ჩვენშია და მისი სიყვარული ყველგანაა, თუ იცით, როგორ დაუკავშირდეთ მას.

მსგავსი სტატიები

შვილის 10 მცნება


ავტორი: ანა თოფურიძე 1. შეიყვარე სული და არა სხეული. ამ ქვეყნად...

გაკვეთილი ისლანდიიდან: ხალხს შეუძლია ჰქონდეს ძალა


წყარო: The Guardian ავტორი: ბირგიტა ჯონსდოტირი მთარგმნელი: ნინა...

პალმისტრი - შესავალი გაკვეთილი


1. ხელის არჩევა ჯერ უნდა აირჩიოთ ხელი, რომელზეც იმკითხავებთ. - ...

ადამიანი და ეგრეგორები


მთარგმნელი: მამუკა გურული (ბორის მონოსოვის წიგნიდან - "ფსიქოტრონ...

აპოლონური და დიონისური პრინციპების შეერთება


ძველ ბერძნულ ნახატზე გამოსახულია ვეფხის ტყავით შემოსილი დიონისე... ...

რა ხდება ამერიკაში... რა ხდება მსოფლიოში... (ნაწილი პირველი)


ტექსტში მოყვანილი ყველა სიტყვა დადასტურებული იქნება დოკუმენტური მას...

რატომაა დედამიწაზე ამდენი წყალი? (ლირიკული გადახვევა)


ავტორი: ვლასი ჯიბლაძე გიფიქრიათ, როდესმე, რატომაა დედამიწაზე ამდ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff