ნახევარ გამტარი

Admin
ფსიქოლოგია
0
0

ერთი შეხედვით თითქოს ადამიანები განსხვავებულები ე.წ ინდივიდუალური ერთეულები არიან, ყველას თავი...

thinker

ავტორი: აკაკი სხულუხია

ერთი შეხედვით თითქოს ადამიანები განსხვავებულები ე.წ ინდივიდუალური ერთეულები არიან, ყველას თავისი გზა აქვს, ყველა უნიკალური და განსხვავებულია სხვისგან, თუმცა კაცობრიობის ისტორიას თუ გადავხედავთ დავინახავთ რომ ჯერ კიდევ ანტიკური დროიდან არსებობდნენ გარკვეული როლური პიროვნებები, რომლებიც შეიძლება არც იყვნენ რეალურები თუმცა გარკვეული პიროვნული კატეგორიის სახით არსებობდნენ და კაცობრიობის არანაკლებ ცოცხალ ნაწილს წარმოადგენდნენ, ვიდრე ნებისმიერი ადამიანი. ქცევითი ბაზისები და როლური ხატსახეები წარმოადგენდნენ წარმატებისა და „სიკარგის“ საზომს და ერთურთის ხარისხს ზომავდნენ იმის მიხედვით თუ რამდენად შეესაბამებოდა ესა თუ ის ადამიანი ამ ხატსახეს. ჩემეული ტერმინებით საუბრისთვის ველოსიპედის გამოგონება რომ არ დამჭირდეს თავიდანვე გეტყვით, რომ ერთგვარ სივრცეს სადაც ეს ხატსახეები არსებობდნენ და არსებობენ დღესაც იუნგმა კოლექტიური არაცნობიერი, თვითონ ხატსახეებს კი არქეტიპები უწოდა.

 მსგავს არქეტიპებს ვხვდებით ყველა მეტნაკლებად ავტონომიური ადამიანების ჯგუფის ასე ვთქვათ ეთნოსის ფოლკლორში. მაგალითად უძველესი მითიური თქმულება რაც მახსენდება არის გილგამეშიანი, რომლის პერსონაჟები ახლო აღმოსავლეთში იმ პერიოდში მცხოვრები ხალხის არქეტიპებად ჩამოყალიბდნენ, შემდეგ უკვე ჰომეროსის გმირები საბერძნეთში და ა.შ კონკრეტულ არქეტიპებზე ბევრს არ ვისაუბრებ რადგან ჩემი მიზანი არაა არქეტიპების დახარისხება და მათი ისტოარიული ანალიზი. მსგავსი არქეტიპები იქმნებოდნენ საუკუნეების განმავლოობაში ან უბრალოდ ძველი არქეტიპების ტრანსფორმაცია განცდილ სახეებს წარმოადგენდნენ და გარკვეული ჯგუფში ქმნიდნენ იდეალს რომლისკენაც ყველა ისწრაფვოდა. ხაზს გავუსვამ სიტყვას ისწრაფვოდა და არა მთლიანად ისისხლხორცებდა მას. მაგალითისთვის ვფიქრობ გამოდგება ვეფხისტყაოსანი. იმ მრავალი ღირსების გარდა რაც ამ ნაწარმოებს გააჩნია მისი პერსონაჟები იმ დროისთვის იდეალური ქართველების სახეს წარმოადგენდნენ, ეს არ ნიშნავს იმას რომ თქვენ მოივლიდით საქართველოს და ყოველი ფეხის ნაბიჯზე ავთანდილებსა და ტარიელებს ან თინათინებსა და ნესტან-დარეჯანს შეხვდებოდით თუმცა შეიძლებოდა გამორეულიყო ასეთი ერთი ან სულაც ორი ადამიანი მილიონიდან, ასევე დანარჩენებშიც დაკვირვებული თვალი შეამჩნევდა რომელიმე ხატსახეს ჩანასახოვან დონეზე მაგრამ არა სრული სახით. ასეთივე სიტუაცია იყო მსოფლიოს დანარჩენ ნაწილშიც თუმცა კაცობრიობის ისტორიაში დადგა დრო როდესაც საუკუნეების განმავლობაში გაბატონებულ არქეტიპებს დაუპირისპირდნენ. ამას წინ უძღვოდა გარკვეული პროცესები რომლებიც ბევრად ადრე ანტიკურ ეპოქაში დაიწყო.

 პირველი და ყველაზე ადრინდელი რაც მახსენდება იყო სოკრატე თავისი კითხვებით რომელმაც უხეშად რომ ვთქვათ „არაფერი წმინდა არ დატოვა“ და ყველაფერს ამოუყენა გვერდით ერთი დიდი კითხვის ნიშანი. აი მაგალითად თქვენ მეუბნებით რომ არსებობს სიკეთე და ბოროტება, სოკრატე გკითხავდათ რას ნიშნავს სიკეთე? რა იგულისხმება მასში? რა არის ის? როგორია მისი იდეალური სრული გამოვლინება? ამ ტიპის კითხვებზე არამარტო სიკეთესთან დაკავშირებით იდეალური ანუ ისეთი პასუხის გაცემა რომელთან დაკავშირებითაც ერთი კითხვაც კი არ გაჩნდება საკმაოდ რთული შეიძლება ითქვას თითქმის შეუძლებელიც კია. ასევე ამას ემატება ის რომ თავის შეწუხება და უბრალოდ იმ დროინდელი სოციალურ-კულტურული ხმის გამოძახილად ყოფნა ბევრად მარტივია ვიდრე საკუთარ თავში ურყეი მტკიცებულებების საკუთარი ფიქრით ჩამოყალიბება, რასაც შემდეგ მთელი ცხოვრება გაჰყვები ამიტომაც სოკრატეს გარკვეული პერიოდი უსმინეს, ზოგჯერ შეეკამათნენ ბოლოს კი სასიკვდილო განნაჩენიც გამოუტანეს. მართალია მისი სიკვდილით ფილოსოფია და ფილოსოფოსები არ გამქრალან თუმცა სახე იცვალეს და ერთ-ერთ არქეტიპად ჩამოყალიბდნენ. ფილოსოფოსები არსებობდნენ თუმცა ადამიანებისთვის ცხოვრების „გართულება“ და მათი კოლექტიური არაცნობიერის გავლენისგან გამოხსნა (ვფიქრობ თითქმის ან სულაც უბრალოდ შეუძლებელია თუმცა ვინ იცის... ავტ. შენიშვნა) მეტად აღარ უცდიათ და სოციუმის მაგივრად თავიანთი თავით და იმ ადამიანებით დაკავდნენ რომლებმაც მათ ირგვლივ მოიყარეს თავი. ადამიანებმა ჩვეული რიტმით განაგრძეს ცხოვრება იმ განსხვავებით რომ მათ გარკვეული ნაწილი ფილოსოფოსების სახით გამოეყო და აბსოლუტური ჭეშმარიტებ(ებ)ის ძიებას მიჰყვეს ხელი. ცხოვრება ჩვეული რიტმით მიდიოდა სანამ სამყაროს იესო არ მოევლინა რომელმაც მეორეჯერ აურია ცხოვრება ადამიანებს და მიუხედავად იმისა რომ ეს უკანასკნელი ამბობდა „მიეცით ღმერთს ღვთისა და კეისარს კეისრისა“ რისი ჩემეული პერიფრაზი შემდეგნაირად ჟღერს: სოკრატეს გზას გაყევით და პარალელურად სოციუმისთვისაც ნუ იქნებით ხიჭვი ფრჩხილის ქვეშ, ამის მიუხედავად ამ უკანასკნელს უფრო მეტი სისასტიკითაც კი მოექცნენ ვიდრე სოკრატეს რისი მიზეზადაც ორიდან ერთ-ერთი შეიძლება მივიჩნიოთ: პირველი ის რომ სოკრატეს თანამედროვე ბერძნული საზოგადოება დემოკრატიული იყო რომელშიც რიგი საკმაოდ დახვეწილი და მეტნაკლებად ჰუმანური ბიუროკრატიული წესები მოქმედებდა (იგულისხმება კარგად გამართული სასამართლო ინსტიტუტი ავტ. შენიშვნა) მაშინ როდესაც ებრაული საზოგადოება არათუ დემოკრატიული არამედ გვაროვნული წყობილების საზოგადოებას წარმოადგენდა და მასში მართალია გასაგები თუმცა საკმაოდ პრიმიტიული წესები მოქმედებდა და მეორე თუ სოკრატე ყველას და ყველაფერს კითხვას უსვამდა და ეძებდა იდეალს, ჭეშმარიტებას იესომ შეიძლება პოვა კიდეც ეს ურყევი ჭეშმარიტება/ები თავის თავში რამაც შექმნა პრეცენდენტი კარგად გადგმული წეს-ჩვეულებების ეპოქაში კი იმის საწინააღმდეგოს დამამტკიცებელი პრეცენდენტი რაზეც მთელი აქამდელი და იმედოვნებ მომავალი ცხოვრებაცაა დაფუძნებული, საკმაოდ მტკივნეული და ძლიერი დარტყმაა რასაც მოჰყვა ის რაც მოჰყვა. ალბათ გაგიჩნდებათ კითხვა მაშინ რატომ გაუჩნდა ქრისტეს ამდენი მიმდევარი? ვფიქრობ პასუხი პავლე მოციქულში იმალება რომელმაც მისი „ღვთიური“ და ნამდვილად განსაცვიფრებელი პრეცენდენტი გააადამიანურა ასე ვთქვათ რამოდენიმე საფეხურით ქვემოთ ჩამოიყვანა ვიდრე ის სინამდვილეში იმყოფებოდა. ერთის მხრივ იესოს ნამდვილად დიდებულმა პიროვნებამ და მეორეს მხრივ პავლე მოციქულის ერთ-ერთმა ყველაზე მოქნილმა ფსიქიკამ კაცობრიობის ისტორიაში (სხვა შემთხვევაში ის შედეგი რაც მის „ინტერპრეტირებას“ მოჰყვა უბრალოდ არ მოხდებოდა ავტ. შენიშვნა) რომელმაც მოახდინა სასწაული და ღვთიური გააადამიანურა, თავისი ქნა და ქრისტიანობა ყველაზე გავრცელებულ რელიგიად, პავლეს და ოთხი მახარებლის მიერ შექმნილი ქვე-არქეტიპები (არქეტიპები ტრანსფორმირებული ახალი სახით და სახელით ავტ. შენიშვნა) კი ყველაზე გავრცელებულ ქცევით და პიროვნულ ბაზისებად აქცია სამყაროში. ერთის მხრივ ამას მოყვა გარკვეული ტიპის დადებითი შედეგები კერძოდ ადამიანის სიცოცხლე ცოტა მეტად დაფასდა, მონა როგორც საკუთრების ფენომენი ფასადურად თუმცა მაინც გაქრა და ის გლეხმა ჩაანაცვლა რომელიც „ღმერთის“ წინაშე მაინც იყო მისი ბატონის თანასწორი, თუ აქ მიწაზე არა, თუმცა მეორეს მხრივ ადამიანის კვლევა ძიებები დიდი ხნით გადაიდო რადგან თუ მაგალითად ქრისტიანების წინამორბედი წარმართი რომაელები დიდად არ ნაღვლობდნენ დანარჩენები რომელ ღმერთებს ეთაყვანებოდნენ სანამ ისინი თვითონ რომის დიდებას არ უქმნიდნენ საფრთხეს გამომდინარე იქიდან რომ მათი მოქმედების არეალი და ასპარეზი იმდენად სულიერი არ იყო რამდენადაც მატერიალური, ქრისტიანების სარბიელი კი ფორმალურად მაინც სულიერება იყო ამიტომ ქრისტიანებს ობიექტურად ჭეშმარიტების სტატუსზე და სულიერ-იდეოლოგიურ სამყაროში პირველობაზე გაუჩნდათ პრეტენზია და აქ უკვე ვფიქრობ არაა ძნელი მისახვედრი რა დამოკიდებუება გაჩნდა: უკვე გაკეთებულია ყველაფერი რაღატომ ირჯები? ნუთუ ქრისტიანულ სწავლებებში გეპარება ეჭვი? მაშინ ერეტიკოსი ხარ და განდევნილი (რბილად რომ ვთქვათ ავტ. შენისვნა).

 გავიდა საუკუნეები და არც ქრისტიანობა გადაურჩა „მაძიებელთა სივერაგეს“ და მას მარტინ ლუთერის სახით მოევლინა „შემეცნების შავი ჭირი“ რომელიც ჯერ აღმოსავლეთ ევროპას მოედო და დროთა განმავლობაში ინგლისში და ნაწილობრივ საფრანგეთშიც მოიკიდა ფეხი. სწორედ ამ ქვეყნიდან გახლდათ შემდეგი „დასნეულებული“ რენე დეკარტი რომელმაც გადაწყვიტა უარი ეთქვა მისთვის გამზადებულ და ლანგარზე მორთმეულ „ცოდნაზე“ და მხოლოდ ის მიეღო რისი უტყუარი მტკიცებულებებიც ეპყრა ხელთ. ამ უკანასკნელზე ბევრი სასაუბრო არაფერია რადგან ლუთერისგან განსხვავებით დროებამ შეუწყო ხელი და მისი სიცოცხლე არა სოციუმის მის ყელზე მიბჯენილმა მახვილმა არამედ შვედეთის სუსხიანმა ზამთარმა დაასრულა სიცოცხლეში კი თავისი თავით უფრო იყო დაკავებული ვიდრე „სოციუმისთვის თავის ატკიებით“ ისევე როგორც სოკრატეს შემდგომი ფილოსოფოსები. ახლა კი მივედით იმ ეტაპამდე როდესაც ბრძოლას არათუ ახალი სული შთაებერება არამედ ომის სასწორი საპირისპირო მიმართულებით იწყებს გადახრას. მივედით ფრიდრიხ ნიცშემდე რომლის ნაშრომის სათაურის ხსენებაც კი ვფიქრობ საკმარისი იქნება იმის ასახსნელად თუ რატომ მოხვდა ეს ადამიანი ჩვენს საუბარში. ეს ნაშრომია „კერპების მწუხრი ანუ როგორ ფილოსოფოსობენ ჩაქუჩით“ მან ჯერ მოგვიწოდა რომ ფილოსოფიის ჩაქუჩის შემოკვრით შეგვემოწმებინა კერპების ავკარგიანობა შემდეგ კი სულაც განაცხადა რომ ღმერთი მოკვდა რითიც ფაქტიურად ერთ-ერთი მთავარი (თუ ყველაზე მთავარი არა ავტ. შენიშვნა) არქეტიპის სიკვდილის შესახებ გვაუწყა (ვთვლი რომ უფრო მისი „დამსხვრევის“, მოკვლის სურვილის შესახებ ავტ. შენიშვნა). ამას მოჰყვა ევროპის ორად გაყოფა რომელთაგან ერთნი იძახდნენ, იქიდან გამომდინარე რომ სამყაროში მარტონი ვართ ყველაფერი ნებადართულია მეორენი კი აღნიშნავდნენ, სწორედ იმიტომ რომ მარტონი ვართ გვაკისრია პასუხისმგებლობა ჩვენთვითონ ვიყოთ ჩვენი ცხოვრების „ღმერთები“ და გამგებლები მოკლედ რომ ვთქვათ სამყაროში ღმერთიც შენ უნდა იყო და კაციც. ვფიქრობ ამ მომენტში გამოჩნდა რა მოხდებოდა კოლექტიური არაცნობიერის სოციალური როლების და ზოგადად სოციუმში დამკვიდრებული ხატსახეებისა და ქცევითი ბაზისების გარეშე, ჩვენ მივიღებდით სამყაროს სადაც ერთის მხრივ არის ქაოსი, რადგან ადმიანთა ერთი ნაწილი ქაოტურად თავისი სურვილების დაკმაყოფილებითა და ყველაფრის რაც წინ გადაეღობება მოსპობითაა დაკავებული. პირობითად დავარქვათ მათ ადამიანი-ცხოველები, და მეორეს მხრივ ადამიანები რომლებიც უარს აცხადებენ ამ ქაოსის მიღებაზე და ცდილობენ თავიანთი ცხოვრების სადავეები ხელთ იპყრონ რათა არ იყვნენ მინდობილნი მთლიანად შემთხვევითობაზე უნდათ განვითარება დაცულობა თუნდაც მეტი კომფორტი ოღონდ წინამორბედთაგან განსხვაავებით მეტნაკლებად რაციონალური გზებით ვუწოდოთ მათ პირობითად გონიერი-ადამიანები . ალბათ უკვე მიხვდით მეორე კატეგორიის ადამიანები გამოიწვევდნენ სოციუმის შექმნას თავიდან, თავიდან წარმოიქმნებოდა კოლექტიური არაცნობიერი თავისი არქეტიპებით. ვინ იცის იქნებ პიონერთა ნაწილი თაობათა მიბაძვის ობიექტად შესაბამისად არქეტიპად ჩამოყალიბებულიყო რაც უკვე აღწერილი მოქმედებების ჯაჭვს თავიდან აამოქმედებდა.

ჩვენს რეალობას რომ დავუბრუნდეთ და გავაგრძელოთ საუბარი იმაზე თუ რა მოხდა ამ ყველაფრის შემდეგ და რა ხდება დღეს.

 მიუხედავად იმისა რომ ნიცშეს ტიპის საკმაოდ აქტიური მებრძოლი გამოჩნდა ეს იმას არ ნიშნავს რომ საზოგადოება რომელზეც ვსაუბრობდი სადმე წავიდა ან გაქრა და ნიცშე ამ ყველაფერს სხვა ნიცშეების გარემოცვაში აკეთებდა. საზოგადოება ისევ იქ იყო და ასევე მისი საჭეთმპყრობელები რომლებიც ამ ყველაფერს უყურებდნენ და ფიქრობდნენ, ამ შემთხვევაში რითი შეიძლებოდა სიტუაციის ჩვეულ კალაპოტში დაბრუნება რადგან მოგეხსენებათ მხოლოდ ნიცშე არ იყო მსოფლიო სარბიელზე და მითუმეტეს მეოცე საუკუნეში კაცობრიობის სოციალურმა ყოფამ მრავალი როგორც ფიზიკური ასევე ფსიქო-ემოციური დარტყმა მიიღო. ორი უდიდესი მასშტაბის ომი, უდიდესი მასშტაბის ექსპერიმენტი კაცობიობაზე (იგულისხმება კომუნიზმი ავტ. შენიშვნა) ცივი ომი რომელიც ვერა და ვერ აალდა მაგრამ ნაპერწკლები მსოფლიოში მიმოიფანტა, მრავალი მცირე ლოკალური კონფლიქტის სახით, სადაც ზესახელმწიფოთა ახალგაზრდები იხოცებოდნენ ან მახინჯდბოდნენ როგორც ფიზიკურად ასევე შინაგანად. ამ ყველაფერმა უდიდესი დარტყმა მიაყენა ზოგადად კაცობრიობას, თუმცა წარსული შემთხვევებისგან განსხვავებით როცა მკვლევარ-მაძიებელი (ვუწოდოთ ფილოსოფოსი თუ გნებავთ) იყო მოვლენების ეპიცენტრში და თავისი ძიებებით ხალხს თავს ატკიებდა ან თუნდაც გამოყოფილი იყო ჯგუფი რომელიც ამას აკეთებდა როგორც ფილოსოფიური სკოლები ანტიკურ ევროპაში, ამისგან განსხვავებით ეს არ მომხდარა. მოვლენები სრულიად განსხვავებულად წარიმართა საზოგადოებას რომელიც ძირითადად ტრამვირებული ახალგაზრდებისგან შედგებოდნენ დაჭრილი დათვის მსგავსად მრისხანების ღრიალი აღმოხდათ რაც მთელს მსოფლიოს მოედო. ამაში არ იყო არც კვლევა არც ძიება არც რაიმე ჭეშმარიტის პოვნის მცდელობა ან რაიმესგან რეალურად გათავისუფლების სურვილი, საკითხისა და სიტუაციის ღრმა გააზრებით. არა ეს იყო საპროტესტო გამოსვლები რომლებიც არაფერი იყო თუარა სახეცვლილი ტირილი რომელიც ჩვილს ახასიათებს, მაშინ როდესაც მას რამე აწუხებს. ბავშვობაში გაჭედილ თაობებს მუდმივ კომფორტში ყოფნა სურდათ რასაც მუდმივი სიამოვნების წყაროს ძიებითა და მათ ხარჯზე სიამოვნების ხელოვნურად გამოწვევით ინაზღაურებდნენ. ეს წყარო შეიძლება ყოფილიყო სექსი, ნარკოტიკი, მოსაწევი და ათასი სხვა რამ თუმცა მექანიზმი, მიზეზი და ზოგადად ბაზისი რაზეც ეს სიტუაცია იყო დაფუძნებული ერთი და საკმაოდ მარტივი რამ იყო: სურვილი დაბრუნებოდნენ ბავშვობას რადგან რეალობა რომლისგანაც მათ ბავშვობაში მეტნაკლებად იცავდნენ ზედმეტად დამთრგუნველი აღმოჩნდა მათთვის.

ეს კიდევ უფრო სახიფათო აღმოჩნდა „კეისრისთვის“ ვიდრე მაძიებელ(ებ)ი რომელიც ხიჭვივით ერჭობოდა საუკუნეების განმავლობაში რადგან ამ შემთხვევაში მას რეალური მოწინააღმდეგე არ ედგა წინ. ამ შემთხვევაში იკარგებოდა ასე ვთქვათ უამრავი ცოცხალი რესურსი რომელთაც შემდგომში არქეტიპების არსებობა და ხატსახეთა განხორციელება უნდა უზრუნველეყოთ ამის მაგივრად კი ისინი ნელი და მათთვის სასიამოვნო გზით იკლავდნენ თავს. სიტუაცია დაუყოვნებლივ გამოსწორებას საჭიროებდა რადგან ეს სცენარი არამარტო „კეისრის რესურსს“ ამცირებდა არამედ მის სიკვდილსაც მოასწავებდა, სიკვდილს ისე რომ რეალურად მას არც არავინ არ კლავდა. შეიძლება ითქვას რომ რაღაცას/ვიღაცას ვისაც მისი გამოცდილებით მხოლოდ ვინმე თუ მოკლავდა ბრძოლაში და მთელი მისი გამოცდილება ასეთ მოწინააღმდეგეებთან ბრძოლაზე იყო დაფუძნებული, ამ შემთხვევაში შიგნიდან ჭამდა რაღაც რაც მისთვის ახალი იყო. თუმცა როგორც სხვა შემთხვევებში სისტემამ ( ამ მომენტიდან ასე ვუწოდოთ) კიდევ ერთი ტრანსფორმირება განიცადა. არქეტიპები რომლებიც აქამდე კოლექტიურ არაცნობიერში იყვნენ და იქიდან გვმართავდნენ ჩანაცვლდნენ ცოცხალი და საკმაოდ თვალსაჩინო ბევრად უფრო ეფექტური ხატსახეებით რომლებიც ამჯერად არა იდეურ-აზრობრივი წარმონაქმნები არამედ ცოცხალი ადამიანები იყვნენ. სისტემა მიხვდა რაზე შეჯდნენ თაობები კოლექტიური დროში გაწელილი სუიციდის პერიოდში და ეს ყველაფერი მანიპულირების მექანიზმად აქცია. შეიქმნა ახალი არქეტიპები, ხატსახეები რათქმაუნდა ძველების ტრანსფორმირებით თუმცა მათში მაინც მრავალი ახალი ელემენტები იყო შემოსული და მორგებული იყო ამჯერად იმათზე ვინც მათი გამტარი უნდა ყოფილიყო. თუ აქამდე იქმნებოდა ხატსახე და ადამიანები მას ერგებოდნენ ამჯერად ეს სქემა ამოტრიალდა თუმცა მექანიზმი არ შეცვლილა შეიძლება ითქვას უფრო გართულდა კიდეც, კერძოდ არქეტიპები მოერგო ადამიანებს და მათი გამტარობა ისეთი სასურველი გახდა როგორც არასდროს, გათვალისწინებულ იქნა რა რომ ახალი ტიპის ადამიანები დიდწილად ისევ ბავშვურ ფსიქიკას ფლობდნენ მთელი სამყარო ბრჭყვიალა არქეტიპებითა და ხატსახეებით სავსე სათამაშოების მაღაზიად იქცა ამან თითქოს გაზარდა ადამიანის როლი იქიდან გამომდინარე რომ ახლა მას იქით ემსახურებოდნენ თუმცა ეს ფარსი გამოყენებულ იქნა იმისთვის რომ ადამიანებისგან აქამდე გაუგონარი რაოდენობის კერძოდ კი მთელი ენერგია მიეღოთ.

 თუ ადრე ადამიანები ერგებოდნენ არქეტიპებს რათა თავიანთი ცხოვრების გზა გაეკვალათ მათი გავლით ახლა უკვე არ არსებობს რამოდენიმე ბაზისური გზაც კი რომელთაგან ერთ-ერთს აირჩევ საუბარი ზედმეტია შიდა ეთნიკურ არქეტიპებსა და ხატსახეებზე რაც სამყაროში მეტნაკლებად შედარებით მრავალფეროვნებას ქმნიდა დღეს უკვე არსებობს ერთადერთი გზა დახარჯო ერთადერთი რაც რეალურად გაქვს - დრო, იმაში/იმად გახდომაში რაც დაგაჯერეს რომ ასე ძალიან გინდა. ნუ ჩათვლით რომ ერთხელ სასურველის მოპოვებით ყველაფერი გამოვა რადგან სანამ თქვენ მის მოსაპოვებლად გასცემდით ენერგიას უკვე ახალი პროდუქტების მთელი წყება გამოჩნდა „ბაზარზე“. ის რაც რეალურად ფასეული იყო გუშინ და რაშიც თქვენი ენერგია ჩადეთ, ხვალ უკვე გაუფასურებულია. ეს ყველაფერი იმდენად სწრაფად ხდება რომ ვერც კი ასწრებ გაიაზრო რომ: პირველი პროცესებს გამოკიდებული ვერც კი ასწრებ რაიმე ერთი კონკრეტულით სიამოვნებას და ხარ ნახევარ გამტარი და მეორე ყველა უკვე მუდმივტრანსფორმირებადი და ახალი ხატსახის უკან რასაც მუდმივად უნდა მოერგო ერთი სისტემა/ მექანიზმი იმალება რომელიც მთელ შენს ენერგიას გართმევს და იმდენს გიტოვებს რომ არ მოკვდე და ამ ყველაფერთან ერთად ილუზია გრჩება რომ დღეს ადამიანის ცხოვრება ისეთი თავისუფალი და კარგი, ისეთი დაფასებულია როგორც არასდროს მაშინ როცა ყველაფერი აბსოლუტურად პირიქითაა

მსგავსი სტატიები

KEIRSEY ტემპერამენტთა თეორია, სისტემა და ისტორია


მთარგმნელი: კესო გოგოშიძე წყარო ტემპერამენტთა თეორიას ჯერ კიდევ...

ცხოვრების 12 წესი: ქაოსის ანტიდოტი (წესი II)


ავტორი: ჯორდან პიტერსონი მთარგმნელი: ნინა ფხაკაძე შესავალი წეს...

როგორ იცვლება ქალის ტვინი მას შემდეგ, რაც დედა ხდება


მთარგმნელი: სოფია შანიძე წყარო სახლის მოწყობა, ახალშობილის დაბა...

ინტერვიუ კარლ გუსტავ იუნგთან


მთარგმნელი: მაია სტეფნაძე  წყარო ნება მომეცით, შეკითხვა დაგი...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff