რატომ ვანგრევთ საკუთარ თავს? - სიკვდილისკენ სწრაფვა რელიგიური ასკეზიდან დაწყებული ფსიქოლოგიური მსხვერპლობით დამთავრებული

Admin
ფსიქოლოგია
0
0

მთარგმნელი: ეკატერინე სამხარაძე წყარო საზოგადოება ხშირად განსჯის მაზოხიზმს და მით უფრო სუიციდ...

Samorazrushenie 5 1024x717

მთარგმნელი: ეკატერინე სამხარაძე

წყარო

საზოგადოება ხშირად განსჯის მაზოხიზმს და მით უფრო სუიციდს: ტანჯვა ცუდია, საკუთარი თავის სიყვარული - კარგი. მაგრამ თითქმის ყველა ქვეყნის კულტურა იცნობს ამბებს რადიკალურ ასკეტიზმსა და რიტუალურ თვითმკვლელობებზე. საკუთარი თავის მსხვერპლად წარმოდგენა კი მენტალური მაზოხიზმია. მოდით გავერკვეთ, რა ვუყოთ ჩვენს მისწრაფებას სიკვდილისადმი.

რა არის სიკვდილის ნება

ფროიდამდე დიდი ხნით ადრე ბევრი ფილოსოფოსი დაფიქრებულა იმაზე, თუ რა განაპირობებდა ადამიანის სიცოცხლისუნარიანობას და რა როლს თამაშობდა მასში ლტოლვა. თავიდან ფროიდი მხოლოდ სექსუალურ ლტოლვას განიხილავდა, რომელიც მისი აზრით თავის თავში მოიცავდა პოლარულ წყვილს - შემოქმედებით სიყვარულს და სწრაფვას სიკვდილისკენ. აქედან მან დაასკვნა, რომ ადამიანის ქმედებებს განაპირობებს „სიცოცხლისა და სიკვდილის ინსტინქტების“ - ეროსისა და თანატოსის ერთიმეორეზე გადახლართვა. ეს ძალები - ძირითადი არაცნობიერი ლტოლვაა, რომლებიც ადამიანის მთელს მოღვაწეობას განსაზღვრავენ. ეროსს ცხოველმყოფელ ძალად თვლიან და ეს გასაკვირიც არაა, მაგრამ რატომღა მიიჩნევა ასეთად თანატოსიც?

ფროიდმა სიკვდილის ინსტინქტის არსებობა ივარაუდა ყველაფერი ცოცხალის ევოლუციის იდეიდან გამომდინარე. ქმნილება აღწევს რა ორგანული ყოფიერების მაქსიმუმს იწყებს უკუსვლას და სიკვდილის შემდეგ უბრუნდება არაორგანულ მდგომარეობას. ამ ჰიპოთეზის თანახმად სიცოცხლის შენარჩუნებისადმი სწრაფვა ცოცხალ ორგანიზმს სიკვდილის საკუთარ გზას უქმნის. ფროიდმა ამ მდგომარეობის ფორმულირება ასე შეძლო: „ყველანაირი სიცოცხლის მიზანი არის სიკვდილი“.

ჟაკ ლაკანი და ფრიდრიჰ ნიცშე სიკვდილის ინსტიქტს განიხილავენ, როგორც ნებისმიერი ადამიანისათვის დაბადებიდანვე თანდაყოლილ აგრესიას. თავის ნაშრომში „აგრესიულობა ფსიქოანალიზში“ ლაკანი აღწერს იმ სისასტიკეს, რომელსაც ადამიანები მალავენ თავიანთ ფსიქიკაში, ამის ილუსტრირებას კი იერონიმ ბოსხის ნაწარმოებებით ახდენს, სადაც შეიძლება „ყველა იმ აგრესიული ხატის ატლასის გარჩევა რომლებიც ადამიანებს აწუხებენ“.

ცოდვა და ვნებები ყოველთვის ხდებოდა მხატვრული გამოსახვის ობიექტები. მაგრამ სექსისა და ძალადობის სხვა და სხვა ფორმები ხელოვნების თვითმიზანი არაა. არამედ მხოლოდ ხერხი მთავარი გმირის საზოგადო თუ პირადი დრამის საჩვენებლად. შემთხვევითი არაა, რომ როდესაც უამრავ დასავლეთელ მწერალს თუ რეჟისორს, როდესაც დანაშაულის ეპიზოდების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებენ, ისინი თითს შექსპირის პიესებისა და ზოლას რომანებისკენ იშვერენ.

პოსტ-სტრუქტურალიზმის ერთ-ერთი ლიდერი ჟაკ ბოდრიარი თავის ნაშრომში „სიმბოლური გაცვლა და სიკვდილი“ სიკვდილისადმი ლტოლვის იდეას განიხილავს, როგორც გარკვეულ აბსტრაქტულ იდეას, რომელსაც საფუძვლად გარკვეულ საზოგადოებაში მიღებული სიკვდილის კულტურა უდევს. ამ კულტურას მითოლოგიური ხასიათი აქვს და ინტერპრეტაციას საჭიროებს.

რატომ უნდოდათ მაგებს სხეულისგან განთავისუფლება?

სიკვდილის კულტურასა და მითოლოგიას ღრმად აქვს ფესვები გადგმული ორი ფუნდამენტური, სრულიად ერთმანეთის ტოლი ძალის ყველაზე ადრეულ დაპირისპირებაში: ღმერთი და სატანა რელიგიურ აღქმაში, მენტალური და ფიზიკური - ფილოსოფიურში, შავი და თეთრი - ყოფითში. ეს სიკვდილ-სიცოცხლის აღქმის დუალიზმი ბევრ კულტურაში გამოხატულია დროის გაგებით.

მიწიერ დაბადებას წინ უსწრებს სიკვდილი - სიკვდილით სხეული უერთდება მიწას, სული კი ზეციურ, უმაღლეს სულს. სიკვდილი ასევე აღდგომასაც ნიშნავს და ეს იდეა გამოხატულია უძველეს სიმბოლოში - დრაკონი (გველი) პირში საკუთარი კუდით.

ის მთელ რიგ კულტურებში გვხვდება, მაგრამ ცნობილია თავისი ბერძნული სახელით - „ურობორუსი“. ამ სიმბოლოს აზრი მდგომარეობს იმაში, რომ „დასაწყისი იქაა, სადაც დასასრულია“. მას იყებენენ ალქიმიაში, გნოსტიციზმში და ფსიქოანალიზშიც კი თვითგანადგურებისა და ნაყოფიერების მუდმივად განახლებადი პროცესის აღსანიშნად.

სიკვდილის სხვა ასპექტი - ესაა უცნობობა, მიუწვდომლობა, „იქიდან“ ხომ კონკრეტული ინფორმაციით არავინ დაბრუნებულა. სწორედ აქედან მოდის მითოლოგიური აღქმა მკვდრების ყოვლისმხედველობის იდეის შესახებ. გარდაცვლილი ხომ ღმერთების საიდუმლო ცოდნის მოზიარე ხდება და თავადაც თაყვანისცემის ობიექტამდე მაღლდება. ანტიკურ სამყაროში გავრცელებული იყო წინაპრების კულტი - ძველ აღმოსავლეთში, ცენტრალური ამერიკაში და უძველეს სლავებში. განღმრთობილი წინაპარი საკუთარ ოჯახს მფარველობს - მას მიმართავდნენ ქურუმები და ჯადოქრები მომავლის წინასწრმეტყველებისა და საკრალური ცოდნის მისაღებად.

შამანიზმის ამ ფორმიდან იღებენ სათავეს ნეკრომანტიის რიტუალები - პრაქტიკული მაგიის იმ დარგის რომელსაც იყენებენ მიცვალებულებთან კონტაქტის დასამყარებლად ან გვამებზე სამარჩიელოდ.

თუ პლინიუს უფროსის „ბუნებრივ ისტორიას“ ვენდობით მაგიური რიტუალები ზარატუსტრას შექმნილია სპარსეთში, მაგია ასევე არსებობდა ბაბილონში მერე კი საბერძნეთსა და რომის იმპერიაში გავრცელდა.

სტრაბონი თავის „გეოგრაფიაში“ წერს „სიკვდილის შემლოცველებზე“ როგორც მთავარ წინასწარმეტყველებზე სპარსელ ჯადოქრებს შორის.

ეგვიპტურ მაგიურ პაპირუსებში აღწერილია მიცვალებულის სულის გამოხმობა. ეგვიპტოლოგი რობერტ რიხტერი თვლის, რომ ეს პრაქტიკები არაა სხვა კულტურებიდან ნასესხები და რომ ძირძველი რწმენებიდან და ადათებიდან განვითარდა.

მაგიაზე უფრო მეტი რომ შეეტყოთ, ფილოსოფოსები - პითაგორა, დემოკრიტე და პლატონი ხანგრძლივ მოგზაურობებში მიდიოდნენ, მერე კი ბრუნდებოდნენ და ყვებოდნენ, თუ რა ნახეს. როგორც პლინიუსი თვლის, მაგიის გავრცელებას ყველაზე მეტად დემოკრიტეს შრომებმა შეუწყო ხელი. ხოლო ნეკრომანტიის ყველაზე ძველი რიტუალის აღწერა კი ჰომეროსის „ოდისეაში“ გვხვდება.

გრძნეული კირკეს მითითებების თანახმად ოდისევსი მიწისქვეშა სამაყაროში ჩადის რათა გაიგოს როგორ დაბრუნდეს შინ - ითაკაში. ამ რიტუალს ჰომეროსი დაწვრილებით აღწერს. სიკვიდილის სამეფოს კართან მისული ოდისევსი და მისი თანმხლებები თხრიან ორმოს და მის თავზე კლავენ მსხვერპლს, რომელთა სისხლი მკვდრებს გამოიხმობს, მერე მოგზაურები ძღვენს მიართმევენ მიწისქვეშა სამყაროს ღმერთს - ჰადესს და მის ცოლს პერსეფონეს. ოდისევსის მიზანი მედიუმ ტირეზიას სულის გამოხმობაა. ის მოდის, შავ სისხლს შესვამს და ოდისევს პასუხებს აძლევს.

შუა საუკუნეებში მაგიასა და მეცნიერებას შორის დიდი სხვაობა არ იყო. ბევრ ადამიანს სჯეროდა, რომ მომავლის გაგება ვარსკვლავებზე დაკვირვებით შეიძლებოდა და სამეფო კარზე ასტროლოგები მიღებულნი იყვნენ როგორც მნიშვნელოვანი მრჩევლები საჭირბოროტო საკითხებში. ასტროლოგიას უნივერსიტეტშიც კი ასწავლიდნენ, ის მათემატიკის უმაღლეს საფეხურად და მედიცინის განუყოფელ ნაწილად ითვლებოდა. შუა საუკუნეების სწავლულთა არანაკლებ ინეტრესს იწვევდა ალქიმია და ნეკრომანტია. მათ წმინდა წერილების სიტყვის გარკვეული ზებუნებრივი ძალისა სჯეროდათ, თვლიდნენ მათ საიდუმლო ტექსტებად და ბიბლიას ალეგორიულად განმარტავდნენ. წმინდა წერილის ყოველ რიცხვში ისინი მისტიურ აზრს ხედავდნენ და თვლიდნენ, რომ ყოველ ასოში იმალებოდა ცოდნა რომლის საშუალებითაც შეიძლებოდა სამყაროს პროცესების მართვა.

იტალიელი მოაზროვნე პიკო დე ლა მირანდოლა თვლიდა, რომ მაგიური და კაბალისტური სწავლებები ყველაზე მეტად ამტკიცებენ ქრისტეს ღვთაებრივ ბუნებას.

გერმანელი ჰუმანისტი იოჰან რეიჰლინი წმინდა წერილის ცალკეულ ასოებს გარკვეულ ანგელოზებს უკავშირებდა. რეიჰლინის შრომებით ( De verbo mirifico და De arte cabbalistica) შთაგონებულმა აგრიპამ განაცხადა - მან, ვინც იცის როგორ წაიკითხოს სწორად IHVH „თავის ენაზე მთელი სამყარო გააჩნია“. აგრიპას ოკულტური შრომები დააფასა მეცხრამეტე საუკუნის კაბალისტმა ელიფას ლევიმ, რომელმაც აღწერა ბერძენ ფილოსოფოს აპოლონიუს ტიანელის სულთან ურთიერთობა, მაგიური ნიშნებისა და საგნების გამოყენებით - რიტუალის შედეგი სომნაბულური ტრანსი ხდება.

დედოფალ ელისაბედ პირველის პირადი ასტროლოგი და მრჩეველი ჯონ დი, რომელიც აგრეთვე ჯადოქარიც იყო, აცხადებდა, რომ ჰქონდა მაგიური სარკე, ბედის ჩვენება რომ შეეძლო. მაგრამ ის ვერ ახერხებდა სარკეში რაიმეს დანახვას, სანამ მედიუმმა ედუარდ კელიმ თავისი დახმარება არ შესთავაზა. მოგვიანებით კელიმ განაცხადა, რომ სარკის მეშვეობით მას ესაუბრებოდნენ ანგელოზები ენოქის ენაზე. მოგვიანებით მას შარლატანობაში დასდეს ბრალი.

ყველა მისტიკოსი თვლიდა, რომ თუ უსხეულო არსება მოკვდავი გონების ჩარჩოებისგან დაიხსნიდა თავს შესძლებდა ჩასწვდომოდა იმას, რაც ადამიანური აღქმის მიღმა იყო.

აზრი,რომ სხეული მხოლოდ ხელს უშლის საკრალური ცოდნის მიღებას სხვა და სხვა რელიგიურ-ფილოსოფიური სწავლებების ასკეტურ პრაქტიკებს ახლავს თან.

თავდაპირველად, ძველ საბერძნეთში, ასკეტიზმს ეძახდნენ სათნოების ვარჯიშებს. ის მდგომარეობდა თვითშეზღუდვასა და ისეთ სიამოვნებებზე უარის თქმაში, როგორიცაა - საკვები, ტანსაცმელი, ძილი, სქესობრივი ცხოვრება. ასევე ნებაყოფლობით უარს ამბობდნენ გართობასა და მათრობელ სასმელებზე.

ითვლებოდა, რომ ასეთი პრაქტიკით ადამიანი საკუთარ თავს სძლევს და იზრდება, იმეცნებს უმაღლესს და აღწევს სრულფასოვან სულიერ ცხოვრებას.

რელიგიური ეგზისტენციონალიზმის სკოლის წარმომადგენელი ნიკოლაი ბერდიაევი ხსნის ასკეზას როგორც მეტაფიზიკურ და რელიგიურ პრინციპს და ასკეტური მეტაფიზიკის ორ ძირითად ფორმას აყალიბებს. პირველი ესაა სამყაროს და სიცოცხლის ბოროტებად გამოცხადება როგორც ესაა ინდუიზმში - ისინი სამყაროს ილუზორულად და ბოროტად თვლიან. ასეთი ფილოსოფიის უკიდურესი გამოხატულებაა ბუდიზმი. ასკეტური მეტაფიზიკის სხვაგვარ ფორმას საბერძნეთში ვხვდებით - როგორიცაა მაგალითად ნეოპლატონიზმი, რომელიც მატრიალური სამყაროსგან მოშორებას მოითხოვს. ბერძნული ფილოსოფიური აზრი ბოროტების სათავეს ყოველთვის მატერიაში ხედავდა, თუმცა ამას სხვაგვარად განმარტავდა, ვიდრე დეკარტი და 19-20 საუკუნის მოაზროვნეები. ამ თვალსაზრისით უმდაბლესი (მატერია) არ შეიძლება ავამაღლოთ უმაღლესამდე (სული).

ასკეზა სულის მატერიალური საწყისიდან მოცილებას ნიშნავს, „ბოროტი“ მატერიის არც დამარცხება შეიძლება და არც გარდაქმნა, მხოლოდ მისგან განდგომაა შესაძლებელი.

სულიერი ასკეზის პარალელურად ბერდიაევი ასევე განიხილავს რევოლუციურ და სპორტულ ასკეზას. მისი აზრით სპორტსმენს სჭირდება სერიოზული მომზადება არა მხოლოდ ფიზიკური, სულიერიც, იმიტომ რომ სიცოცხლეს რისკავს და ფსიქოლოგიურად მზად უნდა იყოს სიკვდილისთვის. რევოლუციურ ასკეზაზე მსჯელობისას ბერდიაევი მიმართავს ნეჩაევის „რევოლუციის კატეხიზმოს“ და წერს, რომ რევოლუციონერი განწირული ადამიანია, რომელსაც არ გააჩნია პირადი ინტერესი რადგან მისი ყოველი ნაწილი ერთ ვნებას მოუცავს.

Samorazrushenie 1 1024x717

ჭიანჭველები და ჯვალო - რატომ მიმართავდნენ თვითგვემას ქრისტიანები

ადრეულ ქრისტიანობაში ასკეტებს ეძახდნენ მათ, ვინც ცხოვრებას მარტოობასა და თვითგვემაში ატარებდა, ლოცულობდა და მარხულობდა.

ტრადიციული თვითგვემა ხშირად გვხვდება სხვადასხვა კულტურებში. ბრაზილიაში სატერე-მავეს ტომის ინდიელებს აქვთ მამაკაცად გახდომის რიტუალი ბიჭებისთვის - რომელიც იმაში მდგომარეობს, რომ ბიჭმა მთელი რიტუალის განმავლობაში უნდა ითმინოს ჭიანჭველების ნაკბენები. ინდუისტური პანთეონის ღმერთის მურუგანის დღესასწაული გულისხმობს ლუსმნებით მოჭედილი ფეხსაცმლის ტარებას.

ძალიან ცნობილია ისლამური დღესასწაული აშურა, მას ყველა მუსლიმი აღნიშნავს თუმცა მისი მნიშვნელობა ვარირებს სხვა და სხვა განშტოებაში. სუნიტები მუჰარამის მეათე დღეს აღსანიშნავად თვლიან: სწორედ ამ დღეს შექმნა უზენაესმა ადამი, დასრულდა დიდი წარღვნა და წინასწარმეტყველი მუსა (მოსე) გამოვიდა ეგვიპტიდან. ხოლო შიიტებისთვის ესაა გლოვის დღე რელიგიისთვის წამებულებისთვის და პირველ რიგში ესაა ჰუსეინ ბენ ალი. გლოვა მუხარამის პირველ დღეს იწყება, სამგლოვიარო რიტუალის კულმინაცია კი მეათე დღეს - აშურაზე დგება. 680 წლის 10 ოქტომბერს ქარბალთან ბრძოლისას დაიღუპა იმამი ჰუსეინი, მისი ძმა აბასი და 70 მათი მომხრე. მათი წამებული სიკვდილის ხსოვნის საპატივსაცემოდ შიიტები აწყობენ რელიგიურ მისტერიებს, რაც თავის თავში მოიცავს თვითგვემას როგორც ჰუსეინის ტანჯვის სიმბოლიზებას სიკვდილის წინ. რიტუალის დროს მორწმუნეები გულზე მჯიღს იცემენ და ზურგს იტყავებენ სპეციალური ჯაჭვით - ზანჟირით. ყოველი ასეთი დარტყმა კანს გლეჯს და სისხლიან ჭრილობებს ტოვებს. ზოგიერთი კაცი თავის კანსაც იჭრის და სახეზე სისხლი ჩამოსდით.

ქრისტიანებთან რელიგიური თვითგვემა ძველი იუდეური ტრადიციის გავლენით შემოვიდა, ეს იყო უხეში ქსოვილის ტანისამოსის ტარება გლოვისა და მიცვალებულების ხსოვნის საპატივსაცემოდ.

ჯვალო უნდა ეტარებინათ მიცვალებულის ახლო ნათესავებს, ზოგჯერ ამ უხეში ტილოს ტანსაცმელს ღამითაც არ იხდიდნენ.

შუა საუკუნეებში ჯვალო სამღვდელოების ძირითადი სამოსი გახდა. მღვდლები და მორჩილები მას მორჩილებისა და სხეულის დათრგუნვის მიზნით ატარებდნენ. კანის გაღიზიანება და ქავილის გამუდმებული შეგრძნება კი ლოცვითა და სულის სიძლიერით უნდა დაეთმინათ. ჯვალოს ტარება ღვთისმსახურების განუყოფელი ნაწილი იყო, ხოლო ჭრილობები სხეულზე აღიქმებოდა როგორც ქრისტეს წამების მოწმობა და რწმენისთვის თავდადება.

რწმენისთვის ერთგულება, რაც თვითგვემაში გამოიხატებოდა, ნებაყოფლობითი სიკვდილის ერთადერთი გამართლებაა აბრაამულ და აღმოსავლურ-ფილოსოფიურ სწავლებებში. ქრისტიანობაში, იუდაიზმსა და ისლამში თვითმკვლელობა იკიცხება რადგან მკვლელობასთან ერთად სასოწარკვეთის ცოდვასაც გულისხმობს. ამას გარდა ქრისტიანობაში თვითმკვლელებს არ უგებენ წესს, ხოლო ცოდვა მხოლოდ იმ შემთხვევაში მიეტევება თუ ადამიანს შეშლილად სცნობენ.

ანტიქრისტეს სამეფოდან გამოსვლა: სტაროვერები და თავის დაწვის რიტუალი

1650-1660 წლებში პატრიარქმა ნიკონმა გადაწყვიტა რუსული რელიგიური რიტუალები მისივე თანამედროვე ბერძნული ტრადიციისთვის დაეახლოვებინა. თუმცა ბევრი მორწმუნე, რომლებსაც მოგვიანებით სტაროვერები და რასკოლნიკები ეწოდათ, კატეგორიულ უარს აცხადებდა ღვთისმსახურების წესში რაიმე ცვლილების შეტანაზე: სამი ბეჭდით ნათლობაზე, მუხლებზე დგომაზე, ქრომატულ სიმღერაზე საეკლესიო გუნდებში. გარდა ამისა რასკოლნიკებმა გამოაცხადეს, რომ ტახტზე ანტიქრისტე ავიდა, რომლის სამწყსოში ცხოვრება მართებული აღარ იყო და ხელისუფლება იძულებული გახდა რადიკალური ზომებისთვის მიემართა.

თავიანთ ქადაგებებში სტაროვერები ხშირად ეყრდნობოდნენ „აპოკალიფსს“ - ახალი აღქმის უკანასკნელ წიგნს. მის ავტორს, მოციქულ იოანეს ხილვაში გაემხილა როგორ მოვიდოდა ანტიქრისტე დედამიწაზე, ქრისტეს მეორედ მოსვლა, საშინელი სამსჯავრო და სამყაროს აღსასრული. წიგნი სრულდება წინასწარმეტყველებით, რომ სიკეთის გამარჯვება ბოროტებაზე გაასრულებს რწმენისთვის მტანჯველ ბრძოლას.

მეფე ალექსეის სასტიკმა რეპრესიებმა მოგვიანებით პეტრე პირველს დაუთმო ადგილი და რასკოლნიკებს შორის შეიქმნა თხზულებები „კრებული წმიდა წერილიდან - ანტიქრისტეს შესახებ“, სადაც რადიკალურად იგმობოდა იმპერატორების საქმიანობა. ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი ბრალდება რომელსაც სტაროვერები პეტრეს უყენებდნენ იყო პატრიარქობის გაუქმება რათა „მას ერთადერთს ემართა და არავინ მისი ტოლი არ ყოფილიყო“. არ იღებდნენ რა ახალ წესებს, სტაროვერებს სჯეროდათ, რომ შეძლებდნენ „ნიკონიანელი-ერეტიკოსების“ დამარცხებას და ძველი რჯული აღზევდებოდა. მაგრამ ასე არ მოხდა. აკრძალვებმა, გადასახადებმა და ძალადობამაც კი ვერ შეძლეს განხეთქილების აღმოფხვრა, მაგრამ გამოიწვიეს ტრაგიკული შედეგები როგორიცაა - მასობრივი შიმშილობები და „გარი“ - თვითდაწვის აქტი.

17 საუკუნის ბოლოს და 18 დასაწყისში თვითმკვლელობათა ქადაგების ყველაზე ცნობილი ცენტრი გახდა ვიგოვის ერთობა - სტაროვერების საზოგადოება, სადაც მქადაგებლები ადამიანებს თვითდაწვას, როგორც ღმერთისთვის მოსაწონ საქციელს ისე აცნობდნენ. ერთ-ერთი ასეთი იყო სიმონ დენისოვი, ადგილობრივი ზედამხედველი, რომელიც თავის თხზულებებში დიდი პატივით მოიხსენიებს მათ ვინც „სათნო ცეცხლით განწმენდის“ გზით დაიღუპა. ვიგოვის საზოგადოების მეორე ზედამხედველი ივან ფილიპოვი თავის „ ვიგოვის სტაროვერების უდაბნოს ისტორიაში“ ხაზს უსვამდა თვითდაწვისთვის განწირული პირების სულიერ უპირატესობას მათ დაუნდობელ მდევრებისადმი „დიდი რეპრესიების ხანაში“.

ვიგოვის მქადაგებლები არა მხოლოდ შესაძლებლად მიიჩნევდნენ მასობრივ თვითმკვლელობებში მონაწილეობას, არამედ გარდაუვალ ზომადაც კი და საპირწონედ „ბოროტი ცხოველმყოფელობა“ მოჰყავდათ, ანუ არასწორი, არამართებული ცხოვრება სამყაროში სადაც მეფობს ანტიქრისტე.

ძველი რუსული მართმადიდებლობისთვის წამებულების განსაკუთრებული თაყვანისცემა დამახასიათებელი არაა. ამიტომაც სტაროვერებმა მისაბაძი მაგალითისთვის ადრექრისტიანულ მორწმუნეთა ცხოვრებას მიმართეს. მაშინ თვითდაწვის მოწინააღმდეგეებმა განაცხადეს, რომ თვითმკვლელობა წმინდა წერილის კანონებს ეწინააღმდეგებოდა. რასკოლნიკები კი აცხადებდნენ, რომ ადრეული ქრისტიანობის ბევრი მორწმუნე წაბილწვას სიკვდილს არჩევდა.

თვითდაწვას წინ უსწრებდა ხანგრძლივი, ცივსისხლიანი მზადება. როგორც წესი მქადაგებლის როლში გამოდიოდა მოგზაური უხუცესი, რომელიც მორიგ სოფელში მისვლისას იწყებდა „ცეცხლოვანი სიკვდილის“ აუცილბლობაზე საუბრას. წამებულის გზით ღმერთთან შეერთების იდეით შეპყრობილი ხალხი თავისი ხელით აგებდა „მოგიზგიზე ქოხებს“, იმარაგებდნენ ფისს, დენთს, რათა მთელი ოჯახი ერთად დამწვარიყო.

თვითდაწვის რიტუალი კარგად ჩაჯდა ხალხურ წარმოდგენებში, ცეცხლს განსაკუთრებული განმწმენდავი ძალა მიენიჭა და უნარი გარდაცვლილთა სულები საიქიოში გადაეყვანა. თვითდაწვის მომხრეებს ეს წარმოდგენა გადაექცათ „წმინდა ცეცხლით მეორედ ნათლობის“ იდეად.

ჩრდილოელი ქრისტიანები თვლიდნენ, რომ ცეცხლი თავისი ბუნებით არაა ერთიანი და ორი გამოვლინება გააჩნია. პირველს ზიანის მოტანა არ შეუძლია რადგან ეს წმინდა, ღვთაებრივი ცეცხლია, ხოლო მეორე საზიანოა - ის აჩენს ხანძრებს. ამიტომაც კრემაციის იდეა დაკავშირებულია ცხოველმყოფელ ძალასთან, მის დაუმარცხებლობასთან და მარადიულობასთან. მაგრამ ახლა ეს ძალა უკვე სხვაგან არსებობს - ზეცაში, სადაც სულები კრემაციის კოცონის ბოლთან ერთად ადიან.

სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ყველა სტაროვერი იღებდა თვითდაწვის იდეას. მისი მოწინააღმდეგეები რთულ მდგომარეობაში ვარდებოდნენ, მასობრივ თვითმკვლელობაზე უარის თქმით ისინი სტაროვერების ძირითად სწავლებს ესხმოდნენ თავს - მათ წარმოდგენას საიქიო ცხოვრებაზე და სამყაროს აღსასრულზე. ცეცხლოვანი სიკვდილების მთელი სერიის მერე სტაროვერებმა შექმნეს ძალიან ნიჭიერი პოლემიკური ნაწარმოებები, რიტუალური თვითმკვლელობების აღსაკვეთად.

ახალი ოფიციალური სარწმუნოება კი არა მხოლოდ არ თვლიდა ასეთ თვითშეწირვას გმირობად, არამედ მკაცრად განიკითხავდა მას და ყველა დამწვარს ანათემას გადასცემდა. როგორც ეს არც ისე იშვიათად ხდება, მსოფლიოს ისტორიაში ეკლესია თავად წყვეტს, ვისი წამება უფრო სათნოა ღვთისთვის და ვინ დაიმკვიდრებს მის სასუფეველს.

თვითმკვლელობა, როგორც პოლიტიკური პროტესტი

ნებაყოფლობით სიკვდილის ცივი და გაწონასწორებული გადაწყვეტილება შეიძლება იყოს როგორც კეთილი ნების აქტი, ისე პროტესტის ფორმაც.

1963 წლის 10 ივნისს სამხრეთ ვიეტნამში ამერიკული გაზეთების ფილიალებში მივიდა შეტყობინება, რომ მეორე დღეს საიგონის (დღევანდელი ხოშიმინი) ერთ-ერთ მოედანზე რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი მოხდებოდა. ბევრმა ჟურნალისტმა არ გაითვალისწინა ეს ამბავი, მაგრამ ზოგიერთი მაინც გამოცხადდა 11 ივნისს დადგენილ დროსა და ადგილას. საიგონის ერთ-ერთ ხალხმრავალ გადასასვლელზე 3 ბუდისტი ბერი გამოჩნდა. ერთმა ძირს მედიტაციის ბალიში დადო, მეორე კი მასზე ლოტოსის პოზაში დაჯდა. მესამე ბერმა საბარგულიდან ბენზინის ჭურჭელი გადმოიღო და მჯდომარეს ბენზინი გადაასხა. მან კი, როგორც კი მანტრის კითხვა დაამთავრა ასანთს გაჰკრა და ცეცხლი წაიკიდა. ბერები, გამვლელები და პოლიციეებიც კი მიწაზე განერთხნენ. ერთ-ერთმა ბერმა კი რამდენჯერმე ჩაჰყვირა მეგაფონში ვიეტნამურ და ინგლისურ ენებზე: „ბუდისტმა ბერმა თავი დაიწვა. ბუდისტი ბერი წამებული გახდა!“

მოწამეს ტჰიგ კუანგ დიკი ერქვა. თვითშეწირვის აქტით მან პროტესტი გამოხატა სამხრეთ ვიეტნამის მთავრობის მიმართ, რომელიც ბუდისტებს დევნიდა.

ტჰიგ კუანგ დიკის უკანასკნელი სიტყვები ცნობილი მისი წერილიდან გახდა:“იქამდე, ვიდრე თვალს დავხუჭავ და მზერას ბუდას მივაპყრობ, მე მოკრძალებით ვთხოვ პრეზიდენტ ნგო დინ ზემს გულმოწყალება გამოიჩინოს ხალხის მიმართ და უზრუნველყოს რელიგიური თანასწორობა, რომ ჩვენი სამშობლოს ძლიერება მარადიული იყოს. მე მოვუწოდებ სანგჰის პატივცებულ წევრებს და მშვიდობიან ბუდისტებს გამოავლინონ ორგანიზებული სოლიდარობა თვითშეწირვაში ბუდიზმის დასაცავად.“

ამ პერიოდში ქვეყანაში ბუდიზმს აღიარებდა 70-90%, თუმცა პრეზიდენტი ნგო დინ ზემი კათოლიკე იყო. ის თავის ერთმორწმუნეებს უზრუნველყოფდა უპირატესობით კარიერაში, ბიზნესსა და მიწის გადანაწილებაში, ბუდისტებს და დისკრიმინაციას უწევდა.

კათოლიკე მღვდლები ქმნიდნენ შეიარაღებულ რაზმებს, ძალით ნათლავდნენ ადამიანებს, ანგრევდნენ და ძარცვავდნენ პაგოდებს.

1963 წლის მაისის დასაწყისში ხელისუფლებამ აკრძალა ბუდისტური დროშის ჰიუეს მსვლელობა. მორწმუნეებმა არად ჩააგდეს აკრძალვა, დღესასწაულის დღეს ისინი ხელისუფლების რადიოსადგურს მიდგნენ ხელში დროშით. მთავრობამ ცეცხლი გასხნა, რამდენიმე ადამიანი დაიღუპა. მაგრამ ძალადობაში ნგო დინ ზემმა ვეტკონგი დაადანაშაულა - ჩრდილოეთ ვიეტნამის კომუნისტური არმია. ხელისუფლების წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად თჰიგ კუანგ დიკმა საჯაროდ მოიკლა თავი.

ნიუ იორკ ტაიმსის ჟურნალისტი დევიდ ჰალბერსტამი, რომელიც ესწრებოდა საპროტესტი აქტს საიგონში: „შოკი არ მაძლევდა საშუალებას მეტირა, არ შემეძლო წერა დაბნეულობისგან, არც კითხვბის დასმა, არც ფიქრი შემეძლო გაოგნებული ვიყავი... მას ერთი კუნთიც კი არ შერხევია, ხმაც კი არ გაუღია სანამ იწვოდა, მისი აშკარა თვითკონტროლი მკვეთრად გამოიყოფოდა მის გარშემო ატირებული ადამიანების ფონზე.“

თვითდაწვის აქტზე რეპორტაჟისთვის დევიდ ჰალბერსტამმა და ფოტოგრაფმა მალკოლმ ბრაუნმა პულიცერის პრემია მიიღეს.

Samorazrushenie 2 1024x717

რატომ უნდა მივიტანოთ საკუთარი თავი მსხვერპლად ღვთის წინაშე?

უამრავ კულტურაში კოსმოგონიის იდეა სწორედ „თავდაპირველი მსხვერპლია“. შემოქმედების ნებისმიერი აქტი გულისხმობს მსხვერპლს დაბადებისა და ხელახლა დაბადების (ტრანსფორმაციის) ციკლში და ადამიანის გამოცალკევებას კოსმოსისგან. მსხვერპლი ასევე მორჩილების აქტიცაა ღვთაებრივი მიზნებისადმი, საკუთარი თავის ღვთის ნებისათვის, გამოსყიდვისთვის შეთავაზება. მსოფლიოს სხვა და სხვა მითოლოგიური კულტურის მაგალითებიდან ვიცით, რომ სამყარო შეიქმნა სამსხვერპლო ობიექტების ნაწილებიდან.

უძველეს გერმანელებთან უძველესი ღმერთები კლავენ თავიანთ წინაპარს - ყინულის გოლიათს იმირს, მისი ნაწილებისგან კი სამყაროს ქმნიან: ხორცით - ხმელეთს, სისხლით - წყალს, ძვლებით - მთებს, თმებით - ტყეებს, კბილებით - კლდეებს, ტვინით - ღრუბლებს, ხოლო თავის ქალისგან - ცას.

შუმერულ-ბაბილონურ მითოლოგიაში მლაშე წყლებისა და პირველყოფილი ქაოსის განსახიერება ქალღმერთი ტიამატი იღუპება ღმერთ მარდუქთან ბრძოლაში, მისი ისარი ქალღმერთს შუაზე გაკვეთს. ქალის სხეულისგან მან სამყარო შექმნა და უმაღლესი ღვთაება გახდა. ქვედა ნაწილისგან - მიწა, ზედასგან - ცა, ქალღმერთის თვალები ტიგროსი და ევფრატი გახდნენ, ხოლო ტიამატის კუდი - ირმის ნახტომი.

როდესაც ადამიანი საკუთარ თავს მსხვერპლად იღებს მიღებული სულიერი ენერგია ზუსტად პირდაპირპროპორციულია დაკარგულის მნიშნელობის. ტანჯვის ნებისმიერი ფორმა შესაძლოა სამსხვერპლო გახდეს თუ ისინი გაცნობიერებულია და გაღებულია გულით. მსხვერპლის ფიზიკური და ნეგატიური ნიშნები (იარები, გამათრახება, თვითდამცირება, სასტიკი სასჯელები და უბედურება) - ესაა სიმბოლოები და ღვთაებრივი წესრიგისკენ მისწრაფების შემადგენელი ნაწილი.

ღვთაების თავგანწირვა მსოფლიო კულტურაში არქეტიპული მოდელია. არგენტინელმა დრამატურგმა ხორხე ლუის ბორხესმა თავის სიუჟეტების ტიპოლოგიაში ღმერთის თვითმკვლელობას უწოდა ერთ-ერთი იმ ოთხი ძირითადი ამბიდან, რომელსაც კაცობრიობა გამუდმებით ყვება ხელახლა. დანარჩენი სამი - ესაა ისტორია დაცემისთვის განწირულ ქალაქზე (ტროა), შინ დაბრუნება (ოდისეა), და განძის ძიება (წმინდაა გრაალი, ოქროს საწმისი).

ღვთაების თვითმკვლელობას (ქრისტეს ჯვარცმის ჩათვლით) ბორხესი უწოდებს მითს სკანდინავიური უმაღლესი ღვთაების ოდინის მსხვერპლის შესახებ, რომელიც ყველაზე იდუმალი ფიგურაა პანთეონში. მას მხოლოდ ერთი თვალი აქვს, მეორე გოლიათ მიმირს მისცა სიბრძნის ჭიდან წყლის დალევის სანაცვლოდ. ხოლო მსხვერპლზე კი, რომლესაც ბორხესი აღწრს, მოთხრობილია კრებულში „საუბრებში ამაღლებულზე“ „უფროსი ედა“. იქ მაღალი (ოდინი) ყვება საკუთარი სხეულის შუბით განგმირვით როგორ მიაქვს მსხვერპლად თავისი თავი. ნებისმიერი საკრალური მსხვერპლშეწირვა სამყაროს ცენტრში ხდება, ამიტომაც ოდინი 9 დღე და ღამე სიცოცხლის ხეზე იგდრასილზე ჰკიდია. ამ ვადის გასვლის მერე ღმერთი მიწაზე ეცემა და მაგიურ რუნებს იღებს ჯილდოდ.

ვიცი, ვეკიდე
ხის ტოტზე ქარში
ცხრა გრძელი ღამე
შუბით დაჭრილი.
ზვარაკად დიდი ოდინისათვის
ჩემივ თავისთვის მსხვრპლად მიძღვნილი.
ფესვებით უფსკრულს
გაცდენილ ხეზე.
არც ვინ მაჭმევდა
არც მასმევდა
ძირს დაყრილ რუნებს
ვხედავდი მხოლოდ
და ასაღებად ხელებგაწვდილი
მიწას ვემთხვიე ბოლოს.

ღირსების კოდექსი, თვითმკვლელობა როგორც მოვალეობა

თუ ევროპულ ქრისტიანულ კულტურაში სასტიკად აკრძალულია თვითმკვლელობა, სინტოისტურ იაპონიაში ასეთი არაფერია. ქრისტიანების წარმოდგენაში ადამიანის სხეული მის შემოქმედ ღმერთს ეკუთვნის, ხოლო მისი სიცოცხლის ხელყოფით ადამიანი მის წინააღმდეგ მიდის და დიდ ცოდვას სჩადის. ხოლო იაპონიაში ითვლებოდა, რომ ადამიანის სხეული მის მშობლებს ან ბატონს ეკუთვნოდა და ამ სხეულით მათთვის უნდა ემსახურა. ჰარაკირი ან სეპუკუ - რიტუალური თვითმკვლელობებია, რომელიც მიღებული იყო სამურაებს შორის შუა საუკუნეებში და 20 საუკუნემდე მოაღწია.

სამურაის სხეული მის თავადს ეკუთვნის, ამიტომ სეპუკუ - მმართველთან ურთიერთობის ელემენტია, დამოკიდებულება სუვერენსა და ვასალს შორის.

ამიტომაც რიტუალურ თვითმკვლელობას მიმართავდნენ მაშინ, როცა ბატონი თავის დაქვემდებარებულს ამგვარ განაჩენს გამოუტანდა. თუ სამურაის ცილს დასწამებდნენ და ღალატში დაადანაშაულებდნენ მას შეეძლო ჰარაკირის შესრულება, რომ ამ გზით თავისი უდანაშაულობა და ბატონისადმი ერთგულება დაემტკიცებინა.

თვითმკვლელობის ეს ხერხი გულისხმობს მუცლის გაფატვრას და ძალიან მტკივნეული და მტანჯველია. იაპონელები თვლიდნენ, რომ მუცელი სხეულის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი იყო, სადაც ორგანიზმის სასიცოცხლო ცენტრი მდებარეობდა. ჰარაკირის დროს ადამიანი ამ ცენტრის ლიკვიდაციას ახდენდა.

სეპუკუ უამრავი მოწმის თანდასწრებით სრულდებოდა. თვითმკვლელს თავზე ადგა მეომარი - კაისიაკუ, რომელსაც სასიკვდილო რიტუალის აღსრულების შემდეგ სამურაისთვის თავი უნდა მოეკვეთა, რათა დაღუპულის ტკივილით დაღარული სახე არავის არ ენახა.

იაპონურ საზოგადებაში ასეთი სასჯელი საპატიოდ ითვლებოდა. ეს მხოლოდ სამურაების პრივილეგია იყო. პირველ რიგში ადამიანი თავად ისპობდა სიცოცხლეს და არ იღებდა სიკვდილს სხვისი ხელიდან. მეორეც - ეს იყო წამება, რომელსაც სამურაი ღირსეულად უძლებდა და პატივით იღუპებოდა. თუ ადამიანს მიუსჯიდნენ სეპუკუს მისი ოჯახი არ იდევნებოდა და ინარჩუნებდა სახელსა და ქონებას.

თვითმკვლელობით ერთგულების გამოხატვა შეიძლებოდა არა მხოლოდ იაპონიაში. ქვრივის თვითდაწვა მეუღლის სიკვდილის შემდეგ ჩვეულებრივი ამბავი გახლათ ბევრი ინდოევროპული დასახლებისთვის. ძველ რუსეთში არებობდა ტრადიცია მონა ქალის მისი ბატონის სხელთან ერთად დაწვის. ოდინის ერთ-ერთი შეგონება „საუბრებში ამაღლებულზე“ გვეუბნება: „ქებათა ქება კოცონზე დამწვარ ცოლებს“. ინდუიზმში არსებობს ლეგენდა სატიზე, რომელიც ღმერთ შივას ცოლი გახდა მამამისის წინააღმდეგობის მიუხედავად. სატის მამამ - დაქშამ შეკრიბა ღმერთები იაჯნაზე - მსხვერპლშეწირვაზე. ყველანი შივას გარდა, ამით მან საჯაროდ გამოხატა თავისი დამოკიდებულება ქალიშვილის ქორწინების მიმართ. შეურაცხყოფილი სატი, რომელმაც დამცირება ვერ გადაიტანა, წმინდა ცეცხლში შევიდა და თავი დაიწვა.

ქვრივის თავის დაწვის რიტუალმა ამ ქალღმერთის სახელიდან მიიღო დასახელება. ესაა ცოლის მხრიდან ქმრისადმი ულაპარაკო ერთგულების სიმბოლიზება და მისი სათნოების დადასტურება.

ინდოეთში ქვრივების დაწვის პრაქტიკას ყველგან არ მიმართავენ. ინდური საზოგადოება დღემდე დაყოფილია კასტებად, ხოლო ქვრივების ასეთი სასტიკი თავიდან მოშორების წესი ჯერ კიდევ მოქმედია, ამიტომაც ქალის სოციალურ წარმოშობას დიდი მნიშვნელობა აქვს. სატის რიტუალი დამკვიდრდა იმ დასახლებებში სადაც ჯერ კიდევ აკრძალულია მეორედ დაქორწინება, უმაღლეს კასტებში და მათ შორის ვინც გეგმავს სტატუსი აიმაღლოს, მაგალითად რაჯასტანისა და უტარა-პრადეშის შტატებში. ითვლება, რომ ასეთი არჩევანი ქალმა თავად უნდა გააკეთოს, მაგრამ არის ალბათობა, რომ მასზე საზოგადოება ახდენს გავლენას.

რადგანაც ინდოეთში 6 წლის გოგონას გათხოვებაც შესაძლებელია, სხვაობა ცოლის და ქმრის ასაკს შორის შესაძლოა ძალიან დიდი იყოს, ამიტომ ხშირია როდესაც ქმარი ცოლზე ადრე კვდება. ინდური ტრადიციის თანახმად ქვრივი იჭრის თმას, იხდის ჩვეულ სამოსს და თეთრად იმოსება. მას აღარ აქვს უფლება დღესასწაულებში მონაწილეობის მიღების და საჭმელიც მხოლოდ მკაცრად განსაზღვრული უნდა მიიღოს. ოჯახს შეეძლო უარიც ეთქვა მათზე და ქვრივები იძულებულნი იყვნენ ცივ მიწაზე დაეძინათ და მოწყალება ეთხოვათ.

ასეთი ცხოვრების ალტერნატივა კი მხოლოდ ერთი იყო და ინდოელი ქალის გადმოსახედიდან მრავლისმეტყველი, ერთგულ ცოლს მეორედ დაბადებისას შეეძლო რამდენიმე ინკარნაცია გამოეტოვებინა.

მორწმუნე ინდუსები თვლიან, რომ ნება, რომელსაც ქვრივი ცეცხლზე აჰყავს ეს ქალღმერთ სატის მოქმედებაა და თავად ქალში ამ დროს ქალღმერთი გადადის.

1829 წელს ბრიტანეთის კოლონიალურმა მთავრობამ მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც თვითმკვლელობა დანაშაულს გაუტოლდა. ამის შემდეგ ქვრივების თვითდაწვა თითქოსდა შეწყდა, მაგრამ მიუხედავად ამის ეს შესაძლოა 20 საუკუნეშიც მომხდარიყო.

თანამედროვე სამყაროში ამ რიტუალის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ფაქტი 1987 წელს მოხდა, ქვრივი გახლდათ 18 წლის რუპ კანვარი რომლის ქმარიც აპენდიციტით გარდაიცვალა ქორწინებიდან სულ რაღაც 8 თვის შემდეგ. მეორე დღეს საქორწინო კაბაში გამოწყობილი რუპი თავისი ქმრის დაკრძალვის კოცონში შევიდა. პოლიციამ დააპატიმრა და დაკითხა ასობით თანასოფლელი რადგან ეჭვობდნენ, რომ გოგონაზე ქმრის ნათესავებმა მოახდინეს ზეგავლენა. პრესაში გაჩნდა სტატიები სადაც კიცხავდნენ ამ ანაქრონიზმს და მის მიმდევრებს და ამის დასტურად უძველესი ტექსტებიდან მოჰყავდათ ციტატები. ინდური ხელისუფლების რეაქცია სწრაფი და სასტიკი გახლდათ: ახალი კანონი ითვალისწინებდა სამუდამო პატიმრობას ან სიკვდილით დასჯას მათთვის ვინც შემჩნეული იქნებოდა სატის რიტუალის წაქეზებაში.

Samorazrushenie 3 1024x717

თვითგვემის ფსიქოლოგია: რაში გვჭირდება მსხვერპლობა?

როგორც უკვე დავინახეთ, რელიგია გარკვეული გამონაკლისების გარდა არ იწყნარებს თვითმკვლელობებს. პრაქტიკულად ყველა სწავლება გვეუნება, რომ ადამიანის და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლე პატივისცემის ღირსია, რაც მის შენარჩუნებაში გამოიხატება, თვითმკვლელობა ხომ მიცვალებულის ახლობლებს მწუხარებასა და ნაღველში აგდებთ.

მაგრამ ფიზიკური სუიციდის პარალელურად არსებობს ასევე მენტალური - ფსიქოლოგიური დესტრუქცია, ფსიქოლოგების ენაზე აუტოაგრესიული ქცევა. რელიგია ამას სასოწარკვეთას დაარქმევდა (ესეც ცოდვაა) გაუთავაბელი ტანჯვისა და გამუდმებული თვითგანადგურების ფილოსოფია.

მენტალური თვითმკვლელობა ვლინდება, როგორც ძალადობა საკუთარ თავზე, რაც დამოკიდებულების სხვადასხვა ფორმაში გამოიხატება, იქნება ეს კვების დარღვევა, გადამეტებული ფიზიკური დატვირთვა თუ საკუთარი თავისთვის ფიზიკური ზიანის მიყენების უკიდურესი ფორმები.
ყველაფერი ეს შინაგანი თვითგვემის პოზიციიდან მომდინარეობს, ამასთან მიზეზის ზუსტად დადგენა რთულია. გავლენის მოხდენა შეუძლია აღზრდას, მემკვიდრეობას, ბავშვობის ტრავმებს, ყველაფერს, რაც კონკრეტული ადამიანის გარემომცველ წრეს ქმნის. საკუთარი თავის მიმართ სიძულვილი წარმოიშობა გარკვეული გალენის მზარდი ზეწოლის შედეგად. ეს გავლენა შესაძლოა საზოგადოც იყოს - მაგალითად თანამედროვე სამყაროში გავრცელებული ნარცისიზმის კულტურა. ამ თვალსაზრისიდან გამომდინარე ადამიანი ყველაფერში წარმატებული და რაც მთავარია ლამაზი უნდა იყოს. ხოლო ის ვინც ამ სტანდარტს არ შეესაბამება შესაძლოა დათრგუნულად გრძნობდეს თავს. ხშირად სწორედ წარმატებული და ლამაზი ადამიანები ხვდებიან ფსიქოლოგის კაბინეტში, რადგან საკუთარი სურვილების შეგრძნება არ შეუძლიათ.

წნეხი შესაძლოა მშობლებისგანაც წამოვიდეს, რომლებსაც გარკვეული მოლოდინები აქვთ ბავშვთან დაკავშირებით. თავად მშობლებზე კი ზეწოლას ახდენს საზოგადოება თავისი აღზრდის იდეალური მიდგომებითა და ოჯახის სწორად ფორმირების წესებით. ბავშვი შესაძლოა მიეჩვიოს ასეთ გარემოს და თავს ისევე მკაცრად მოექცეს, როგორც ამას მშობლები აკეთებდნენ. თუ მის მაგივრად გადაწყვეტილებას ყოველთვის სხვა იღებდა, მას აღარ შეუძლია საკუთარ თავს გაუგოს რაც გამუდმებულ დათრგუნულობასა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების შიშით გამოიხატება.

თვითგანადგურებისკენ სწრაფვა, რაც არ უნდა უცნაური იყოს, შეიძლება სხვებისკენ მიმართული აგრესიითაც გამოვლინდეს, რაც მნიშვნელოვანი ურთიერთობების ნგრევას გულისხმობს.

მაგალითად, ადამიანი შეკავებული აგრესიის მდგომარეობაშია, მაგრამ ამის გაცნობიერება არ შეუძლია და საკუთარ დაძაბულობასაც უარყოფს. თუ მას ვინმე დაამცირებს, ის ვერ შეძლებს ამასთან გამკლავებას და მისი აგრესია გამოსავალს ნახავს. მისი სხვისკენ მიმართული აგრესია იქნება ოპონენტის დამცირების შედეგად საკუთარი თავის რეაბილიტირება - ამბობს გეშტალტ-თერაპევტი ე. ანდრეევა.

მსგავსი მაზოხისტური განწყობების ინტენსივობა ხასიათზეა დამოკიდებული, მაგრამ თუ ბიძია ფროიდს და ფილოსოფიის ნათელ გონებას დავუბრუნდებით, გავიხსენებთ, რომ თითოეული ჩვენგანის განვითარება ჩვენივე პირად დრამაზე გადის. ყველასთვის ცნობილია ფრიდრიჰ ნიცშეს გამოთქმა:“რაც არ გვკლავს - გვაძლიერებს“. ფსიქოლოგიაში ამას მოიხსენიებენ ტერმინით „ინსაითი“, ის რაც ანგრევს აღქმას და მას სხვაგვარად აგებს ხელახლა. ეს შეიძლება გამოვლინდეს ემოციის სახით (მრისხანება, ყვირილი, ტირილი), რომლებიც როგორც წესი ანეიტრალებს დათრგუნულობის შეგრძნებას და განმუხტვა მოაქვს.

უფრო ფართო გაგებით მიმართავენ ტერმინ „კათარზისს“. კათარზისს თავიდან ძველ ბერძნულ კულტურაში იყენებდნენ და ნიშნავდა მისტერიის ელემენტს რელიგიურ დღესასწაულებში. ბერძნულ რელიგიურ კურნებაში კათარზისი - ესაა სხეულის განთავისუფლება რაიმე მავნე მატერიისგან, ხოლო სულისა ცოდვისა და ავადმყოფური ეფექტებისგან. ეს ტერმინი გავცელებულია ძველ პითაგორელებში, სადაც მუსიკას სულის განწმენდისთვის იყენებდნენ და ხელოვნების ადამიანზე გავლენას ახასიათებდა ძველბერძნულ ესთეტიკაში.

თავდაპირველად არისტოტელესთან კათარზისი - ესაა შინაგანი წმენდის მდგომარეობა, რომელიც ბერძნული ტრაგედიის მაყურებელს ემართებოდა როდესაც გმირის დრამას ადევნებდა თვალს (რაც როგორც წესი სიკვდილით მთავრდებოდა). თავისი არსით კათარზისი არარეალური მოვლენებით გამოწვეული ძლიერი ემოციური განცდა იყო, ასევე მათი სიმბოლური გამოხატულებებით. არისტოტელეს აზრით ტრაგედია თანაგრძნობას გვაიძულებს და ამით ჩვენი სულის განწმენდაც მოაქვს, ამაღლებს და ზრდის მას. ხოლო პლატონმა წარმოადგინა კათარზისის, როგორც სულის სხეულისგან და მისი სიამოვნებებისგან განთავისუფლების გაგება. გაცილებით უფრო გვიან ფროიდმა და მისმა თანამოაზრემ იოზეფ ბრეიერმა წარმოადგინეს ფსიქიკის პათოგენური ინფორმაციისგან განთავისუფლება, ასევე პაციენტებისთვის მდგომარეობის შემსუბუქება კათარზისის გზით.

კომფორტში არაა განვითარება. მიუხედავად იმისა, რომ ეს მოსაზრება ხშირად მხოლოდ მხატვრების ან ხელოვნების სხვა სფეროს წარმომადგენლებთან კავშირში გვხვდება, როცა ისინი წნეხის გავლენით უეცრად გარღვევას აკეთებენ, მარტივი ჭეშმარიტება ისაა, რომ ნებისმიერი ადამიანი პირადი დრამის წყალობით ვითარდება.

ისევე, როგორც რიტუალური თვითგვემის ფორმები, სულიერ განცდებსაც შეუძლია მნიშვნელოვანი და გარდამტეხი მომენტიც კი შეგვიქმნან ცხოვრებაში. მაგრამ მნიშვნელოვანია ასეთ მდგომარეობებეთან ეკოლოგიური დამოკიდებულება. ნებისმიერი სადარდებელი საჭიროა ბოლომდე გაიარო, თავის მოტყუება თითქოს ყველაფერი კარგადაა საშინელ უკუეფექტს იძლევა. მაგრამ არ უნდა გამოგვეპაროს ზღვარი ფაქტების გულწრფელად აღიარებასა და საკუთარი თავის სიბრალულს შორის. თუ მსხვერპლის მდგომარეობა სხვა კომპლექსებთან ერთად დგება, რომლებიც ერთი მეორისგან წარმოიშობა, მაშინ დაცემის გამოცდილება შესაძლოა მომავლაში კარგი საყრდენი გახდეს.

ტრანსაქციური ანალიზის უდიდესმა თეორეტიკოსმა და პრაკტიკოსმა სტივენ კარპმანმა 1968 წელს აღწერა ტიპიური სოციალურ-ქცევითი თამაშის მოდელი, რომელსაც „კარპმანის სამკუთხედი“ დაერქვა. ამასთან ამ სამკუთხდის თამაშის სამი დრამატული როლი - მხსნელი, ჯალათი და მსხვერპლი - მხოლოდ რეალური ცხოვრების მელოდრამატული გამარტივებაა. კარპმანი ვარაუდობდა, რომ ასეთი სამკუთხედი აიგება იმიტომ, რომ ყოველი მონაწილე აქედან გარკვეულ შინაგან სარგებელს იღებს. სამივე როლის მთავარი მოტივი კი რეალურად მიმდინარე მოვლენებზე პასუხისმგებლობის თავიდან არიდებაა. მეცნიერი ამ მოდელს კლასიკური საბავშვო ზღაპრების მაგალითზე გვიხსნის (წითელქუდა, კონკია და ა.შ) და ხაზს უსვამს, რომ ამ თამაშში ჩათრეული ადამიანი ფანტაზიების სამყაროში ცხოვრობს და რეალობას მოწყვეტილია. რაც უფრო იზრდება ადამიანის გაცნობიერება და პასუხისმგებლობა მით უფრო იშვიათად ვარდება ასეთ სიტუაციაში. სამკუთხედის მონაწილეები აუცილებლად იცვლიან როლებს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ერთი კონკრეტული ადამიანი გადაადგილდება ერთი მდგომარეობიდან მეორეში.

ცეკვა-მოძრაობაზე აგებული ფსიქოლოგიური ტრენინგების წამყვანმა ანა ტრიშმა ამ მოდელს თავისი ტრენინგების ფორმატში სახელები შეუცვალა და მოსწავლე - მასწავლებელი - მოწმის სამკუთხედი მიიღო. საცეკვაო ილეთებით იმპროვიზაციისას ტრენინგის მონაწილეები სხეულებრივად გადიან ყოველ ამ მდგომარეობას და თვალს ადევნებენ ერთიდან მეორეში გადასვლას. მთავარი მიზანი საკუთარი თავის გახსნა და გარშემო მიმდინარე მოვლენების გაცნობიერებაა: რატომ ვაძლევ საშუალებას ასე მომექცნენ და როგორ ვექცევი საკუთარ თავს, რა იწვევს ჩემსკენ მომართულ აგრესიას?

ხოლო თუ ადამიანი მსხვერპლის მდგომარეობაში რჩება და წინ წასვლა არ უნდა ის უსასრულო მაზოხიზმში რჩება. მომღერალი და პიანისტი ტორი ეიმოსი ამბობს, რომ მის კარიერაში გარდამტეხი მომენტი მისი გაუპატიურება გახდა. მოგვიანებით ის სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა ანონიმური კავშირის პრეზიდენტად აირჩიეს.

გამოსავალია მივყვეთ „საშუალო გზას“ როგორც ამას ბუდიზმი გვეუბნება. მივაღწიოთ ოქროს შუალედს სულიერსა და ფიზიკურს შორის, ასკეტიზმსა და სიამოვნებას შორის და არ ჩაავრდეთ უკიდურესობაში.

თუ მოგეწონათ, გააზიარეთ... 

მსგავსი სტატიები

ცხოვრების ოთხი ეტაპი


ავტორი: მარკ მენსონი მთარგმნელი: გუგა გეგეჭკორი წყარო ცხოვრება...

როგორ იცვლება ქალის ტვინი მას შემდეგ, რაც დედა ხდება


მთარგმნელი: სოფია შანიძე წყარო სახლის მოწყობა, ახალშობილის დაბა...

რა არის ფობია?


ინტერვიუ ფსიქიატრ - ვაჟა კენჭაძესთან (ტრანსკრიბცია) მთარგმნელი: ...

ნეიროქიმიური აღმოჩენები და კოგნიტური ფუნქციები


მთარგმნელი: კესო გაგოშიძე წყარო რამდენად რეალურია კოგნიტური ფუნქც...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff