რა თანმიმდევრობით წავიკითხოთ იუნგის წიგნები?

Admin
ფსიქოლოგია კარლ გუსტავ იუნგი
0
0

კარლ გუსტავ იუნგი

ავტორი: ოლეგ თელემსკი

მთარგმნელი: მამუკა გურული

წყარო

1) პირველ რიგში გირჩევთ წაიკითხოთ სტატიების კრებული - „ადამიანი და მისი სიმბოლოები“, რომელიც იუნგმა თავის საუკეთესო მოსწავლეებთან ერთად დაწერა ანალიტიკური ფსიქოლოგიის ძირითადი იდეების აღსაწერად, ყველაზე მარტივ დონეზე. ამ ნაშრომში მოცემულია სიზმრების ანალიზის საფუძვლები, ისეთი საბაზისო ცნებების ახსნა, როგორებიცაა ჩრდილი, ანიმა, ანიმუსი, არქეტიპები, მოყვანილია ცნობიერების ნებისგან დამოუკიდებელი ფსიქიკის ავტონომიური ცხოვრების მტკიცებულებები.
 
2) “ტავისტოკის ლექციები“ - ესაა იუნგის მიერ წაკითხული ლექციების კურსი, რომელშიც იგი ყველაზე მარტივად ხსნის თავისი სწავლების არსს. ფსიქოლოგიური ტიპოლოგია; სიზმრების ანალიზი; აქტიური წარმოსახვა; არქეტიპები, რომელთა შესახებაც წინა ნაშრომიდან გაიგეთ, აქ გადმოცემულია ცოტა სხვა, უფრო აკადემიური კუთხით, ამიტომ ეს წიგნი დაგეხმარებათ, რომ მნიშვნელოვნად გააღრმავოთ თქვენი ცოდნა. უნდა ავღნიშნოთ, რომ მკითხველს შეუძლია თავისუფლად გაცვალოს ადგილები და ჯერ „ტავისტოკის ლექციებით“ დაიწყოს, შემდეგ კი გაეცნოს კრებულს - „ადამიანი და მისი სიმბოლოები“. 
 
3) მესამე ნაშრომი, რომელსაც რეკომენდაციას ვუწევ, ესაა იუნგის სემინარების სერია ანალიტიკურ ფსიქოლოგიაში. გარკვეული იდეები აქ ტავისტოკის ლექციებიდან მეორდება, თუმცაღა აქ ეს მასალა გაცილებით უფრო დეტალურადაა დამუშავებული, აღჭურვილია მრავალი დამხმარე სქემით, რომლებიც იდეებს თვალსაჩინოს ხდიან, და ასევე მრავალი მნიშვნელოვანი მაგალითით ცხოვრებიდან და ფსიქიატრიული პრაქტიკიდან. 
 
4) ამ ნაშრომების წაიკითხვის შემდეგ მკითხველს უკვე შეუძლია გადაწყვიტოს, რამდენად ახლოსაა მასთან ანალიტიკური ფსიქოლოგია. გაგრძელება ღირს წიგნით - „ინდივიდუაციის ექვსი არქეტიპი“. უკვე ამ წიგნიდან თეორიიდან პრაქტიკაზე გადახვალთ, რადგან აქ იუნგი იძლევა იმ ადამიანების დამაჯერებელ პორტრეტებს, რომლებიც ამა თუ იმ არქეტიპებით არიან შეპყრობილნი. მართლაც, საინტერესოა დავინახოთ, როგორ ვლინდება არქეტიპი და დედის, კორას (ქალწულის), ტრიქსტერის, სულის, ანუ ანიმუსის კომპლექსები, და ბოლოს, უმნიშვნელოვანესი არქეტიპი - ღვთაებრივი ბავშვი, ანუ თვითობა. ამ ბოლოს ანალიზი განსაკუთრებით საინტერესო იქნება მათთვის, ვინც ტელემას სიმბოლიზმს იცნობს და აცნობიერებს, რომ ახალი ეონი - ესაა გამარჯვებული ბავშვის, ჰოროსის ეონი. ბოლო არქეტიპი - ესაა ტრანსფორმაციის არქეტიპი. ტრანსფორმაცია - საკვანძო სიტყვაა თავისუფლების მაძიებლისთვის, ტრანსფორმაცია - ესაა ფსიქიკის ერთი მდგომარეობის გადასვლა მეორეში. რეინკარნაცია, მეტემფსიქოზი, ინიციაცია, ენანტიოდრომია, მოკლედ, ამ სტატიით იხსნება მთელი რიგი იდეებისა, რომლებიც მიღმიერში გადასვლას უკავშირდებიან. 
 
5) ცალკე უნდა ავღნიშნოთ იუნგის ორტომეული, რომელიც ბავშვთა სიზმრებს ეძღვნება. სინამდვილეში სწორედ ამ სემინარებში ხსნის იუნგი განსაკუთრებულად ზედმიწევნით ნებისმიერ სიზმართან მუშაობის თეორიას, აღწერს სიზმრების ანალიზის თეორიულ და პრაქტიკულ ასპექტებს, ასევე მოყვანილი მაგალითებით მკითხველს შეუძლია თავად დააპრაქტიკოს და შეამოწმოს საკუთარი თავი, რამდენად ღრმად იგრძნო სიზმრების გაგების თავად პრინციპი. უპირატესად ეს ორტომეული ყველაზე მნიშვნელოვანია იმ ნაშრომებიდან, რომლებიც სიზმრებს ეხება. გარდა ზემოთმითითებული კრებულისა, იუნგს აქვს სემინარების კიდევ ერთი კურსი, რომელიც სიზმრების ანალიზს ეხება. თუმცაღა წინასგან განსხვავებით, ეს კურსი რეკომენდებულია მხოლოდ წინწასული მკითხველისთვის, რომელიც უკვე საკმაოდ ღრმად იცნობს იუნგიანურ ფსიქოლოგიას, ან ფსიქოთერაპიის გამოცდილება გააჩნია. 
 
6) რამდენადმე უფრო რთულია თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე სტატიების კრებული - „სულის პრობლემები თანამედროვე დროში“. ყოველი სტატია - ესაა პასუხი კონკრეტულ კითხვაზე, რომელიც სათაურშია გამოტანილი, ამიტომ არანაირი დამატებითი კომენტარები არაა საჭირო. „სულის პრობლემები თანამედროვე დროში“, „თანამედროვე ფსიქიატრიის პრობლემები“, „წინააღმდეგობები ფროიდსა და იუნგს შორის“, „ფსიქოლოგიური ტიპოლოგია“, „სული და დედამიწა“, არქაული ადამიანი“, ცხოვრების ზღრურბლი“, „ანალიტიკური ფსიქოლოგია და მსოფლმხედველობა“, „კომპლექსი და მითი“, „სული და სიცოცხლე“, „სულის სტრუქტურა“, „ქორწინება და ურთიერთობის ფსიქოლოგია“ - სტატიების დასახელებები ყველაფერს ამბობენ. ეს ნაშრომი იმითაა მნიშვნელოვანი, რომ მისი მეშვეობით ნელ-ნელა ვუახლოვდებით იუნგიანური სწავლების გულს - საკითხს მსოფლმხედველობის შესახებ. 
 
8) მხოლოდ ზემოთმოყვანილი ოთხი ნაშრომის შესწავლის შემდეგ აქვს აზრი, რომ გადახვიდეთ იუნგის ავტობიოგრაფიის - „მოგონებები, სიზმრები, ფიქრები“ - შესწავლაზე. მომზადებული მკითხველისთვისაც კი მისი წაკითხვა სულისშემძვრელი იქნება, რადგან ის ხედვები, რომლებსაც იუნგი აღწერს, ფაქტობრივად ხიდს დებს ფსიქოლოგიასა და მაგიას შორის; ალქიმიკოსების დიად საქმესა და იუნგის ინდივიდუაციას შორის. „მოგონებები, სიზმრები, ფიქრები“ - წარმოადგენს ხიდს, რომლის გადალახვის შემდეგაც თქვენ აღმოჩნდებით იუნგიანური სწავლების შიგა სასახლეში და მზად იქნებით აღიქვათ მისი გნოსტიკური კვლევები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იუნგის ავტობიოგრაფიის თქვენს ვარიანტში იყოს მისი პირადი გამოცხადება: „შვიდი დარიგება მკვდრებს“, რომელშიც ამ სწავლების სიმბოლური კვინტესენციაა. ზოგიერთი იუნგიანელი ავტობიოგრაფიით დაწყებას გვირჩევს, მაგრამ მე ასეთ მიდგომას არც ისე გონივრულად ვთვლი, რადგან მოუმზადებელი მკითხველისთვის გარკვეული იდეები უბრალოდ გაუგებარი დარჩება. 
 
9) მაგრამ მანამ, სანამ იუნგის სამეფო ნაშრომებზე გადავალთ, რომლებიც უკვე იუნგიანურ გნოზისს უკავშირდება, კარგი იქნება, თუ შეისწავლით მის ორ ნაშრომს. პირველია - „ტრანსფორმაციის სიმბოლოები“, რუსულენოვანი მკითხველისთვის იგი ცნობილია, როგორც «Либидо: метаморфозы и символы». ეს წიგნი გარდამტეხი იყო თავად იუნგისთვის, და სწორედ იგი გახდა ფროიდთან კავშირის გაწყვეტის მიზეზი. მიუხედავად იმისა, რომ მასში გადმოცემული ზოგიერთი იდეა თავად იუნგმა უარყო, ამ წიგნის ღირებულება ძალიან დიდია, რადგან აქ იუნგი გვაფრთხილებს „ბავშვის მსხვერპლად შეწირვის“ აუცილებლობის შესახებ. ანუ მანამ, სანამ არქეტიპების სამყაროში შევალთ, ბოლომდე უნდა დავანგრიოთ ეგოს ინფანტილური პროგრამები, თავი მსხვერპლად უნდა შევწიროთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ინფანტილური ცნობიერებისთვის არაცნობიერის ძალებთან შეხვედრა შესაძლოა სიგიჟით დასრულდეს.
 
10) ასევე გირჩევთ ძალიან ყურადღებით გაეცნოთ ნაშრომს „ეგოსა და არაცნობიერს შორის ურთიერთობის“ შესახებ. ეს ნაშრომი შესანიშნავი დაზღვევაა არქეტიპული ძალით დამთვრალი ცნობიერების ინფლაციის შესაძლებლობისგან. აქ ბრწყინვალედაა აღწერილი ის საფრთხეები, რომელიც შესაძლოა ეგოს ელოდეს არაცნობიერთან შეხვედრისას, ასევე ცნობიერისა და არაცნობიერის ურთიერთობის ის ერთადერთი მოდელი, რომელსაც ინდივიდუაცია ეწოდება. ასევე სწორედ აქ უარყოფს საბოლოოდ იუნგი ფროიდისა და ადლერის ცალმხრივ პოზიციებს. 
 
11) მაგრამ სანამ იუნგის განუზომლად უფრო რთულ ნაშრომებზე გადავალთ, რომლებიც იუნგიანური აზრის „მეორე სართულს“ განეკუთვნება, უნდა შევეხოთ მის, შეიძლება ითქვას, ყველაზე მთავარ ნაშრომს, რომელიც მკვეთრად განსხვავდება ყველაფრისგან, რაც მანამდე და მას შემდეგ დაუწერია. ესაა ლეგენდარული „წითელი წიგნი“. მრავალი წლის განმავლობაში იუნგი ნიძირებოდა თავის არაცნობიერში, ყოველ ჯერზე უფრო და უფრო მეტად სწავლობდა თავისი შინაგანი ცხოვრების დინამიკას და საფუძველს უყრიდა თავის თეორიას. წითელი წიგნი შეგვიძლია სხვადასხვაგვარად გავიგოთ. ვიღაცისთვის ეს აშკარა სიგიჟეა, ვიღაცისთვის ესაა თავად აქტიური წარმოსახვის პრაქტიკის დინამიკის თვალსაჩინო ილუსტრაცია, ვიღაცისთვის კი - ახალი დროის გამოცხადება. ნებისმიერ შემთხვევაში, წითელი წიგნის სტატუსი სრულიად უნიკალურია არამხოლოდ იუნგიანურ დისკურსში, არამედ მეოცე საუკუნის მთელ კულტურაშიც. თუმცაღა მზად იყავით იმისთვის, რომ ამ წიგნის უკიდურესი თვითმყოფადობის გამო, შეიძლება არც მოვიდეს თქვენთან ახლოს, და თუ იგრძნობთ, რომ ის თქვენი არაა - თამამად გადადით შემდეგ პოზიციებზე. 
 
12) “სინქრონულობა“. ექსპერიმენტებმა, რომლებიც იუნგმა ფიზიკაში ნობელის პრემიის ლაურიატთან - ვოლფგანგ პაულისთან ერთად ჩაატარა, შესაძოა შოკში ჩაგაგდოთ. ამ ექსპერიმენტების შედეგად მიამიტური მატერიალიზმი ინგრევა - მოვლენებს შორის მხოლოდ ურთიერთ-ამრეკლავი მიზეზ-შედეგობრივი კავშირი კი არაა, როგორც მარქსიზმი ასწავლის, არამედ სხვა, უფრო ღრმა და საიდუმლო კავშირი - საზრისის კავშირი. ეს აღმოჩენა ყველაფერს უკუღმა ატრიალებს. იუნგმა შეუძლებელი შეძლო - მან მეცნიერულად დაამტკიცა დაოს არსებობა  და მათემატიკურად დაამტკიცა ასტროლოგიის ჭეშმარიტება. 
 
13) ახლა კი, მას შემდეგ, რაც საზრისების ცოდნით აღიჭურვებით, შეგიძლიათ გარისკოთ და ჩაიძიროთ ორი ურთიერთ-წინააღმდეგობის ურთულეს პრობლემაში. საქმე რა თქმა უნდა ეხება იუნგის ერთ-ერთ ურთულეს სამუშაოს - „Aion”-ს. აქ ყველაფერია: გნოსტიკური სიმბოლიზმი, ქრისტეს და ანტიქრისტეს ერთიანობა, ასტროლოგიური ციკლების პარადოქსული კავშირი იმ მოვლენებთან, რომლებიც კაცობრიობის ისტორიაში ხდებოდა. „ეონი“ - ესაა წიგნი, რომელიც აფეთქებს წარმოადგენას რეალობის შესახებ, თუკი მისი გაგების ძალები გაქვთ. რადგან ეს წიგნი ძალზე რთულია, გირჩევთ, რომ მის გაცნობამდე გაეცნოთ ედვარდ ედინგერის წიგნს - „ეგო და არქეტიპი“, რომელიც შედარებით მარტივადაა დაწერილი და ნიადაგს ამზადებს „ეონის“ ურთულესი სისტემის აღსაქმელად. 
 
თუკი საკმარისად იცნობთ მაგიას და ოკულტურ ტრადიციებს, მაშინ შეგიძლიათ სცადოთ და პირდაპირ ამ წიგნით დაიწყოთ. 
 
14) „ფსიქოლოგია და ალქიმია“. დასახელება უკვე ბევრს ამბობს. თქვენ გაიგებთ, თუ როგორ ავლენენ ალქიმიის უძველესი სიმბოლოები თავს თანამედროვე ადამიანების სიზმრებში და რა ურთიერთობაში იმყოფებიან ერთმანეთთან ალქიმია და რელიგია. საკუთარი თვითობის საპოვნელად თანამედროვე ადამიანმა უნდა მიმართოს ალქიმიური და გნოსტიკური სიმბოლიზმის სიმდიდრეს - ამტკიცებს იუნგი ამ ნაშრომში. ალქიმია წარმოდგენილია, როგორც მნიშვნელოვანი სულიერი, რელიგიური სისტემაც კი, რომელიც აკომპენსირებს ქრისტიანობის მიერ მიწიერის უარყოფის ცალმხრივობას. 
 
სანამ იუნგის „ალქიმიურ“ ნაშრომებს წაიკითხავთ, გირჩევთ გაეცნოთ მისი პირდაპირი მოსწავლის - მარია ლუიზა ფონ ფრანცის ნაშრომს - „ალქიმია“. ეს ნაშრომი ძალიან მარტივი ენითაა დაწერილი და კონკრეტულ მაგალითებზე განიხილავს ალქიმიური სიმბოლოების მნიშვნელობას ფსიქიკისთვის, და ხსნის, თუ რატომაა სწორედ ალქიმია ასეთი მნიშვნელოვანი ანალიტიკური ფსიქოლოგიისთვის. 
 
15) თუკი დაგაინტერესათ ალქიმიური სიმბოლიზმის პრობლემამ, გირჩევთ წაიკითხოთ იუნგის რამდენიმე მოკლე ნაშრომი, რომლებშიც იგი ასევე მიმართავს ამ თემას: „მერკურის სული“, „პარაცელსი“. მთავარი, რაც ამ ნაშრომების კითხვისას უნდა გავიგოთ, ესაა ის, რომ ალქიმია - ეს არაა რაღაც არქაული ცრუ მეცნიერება, რომელიც დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა, არამედ ფსიქოლოგიური დინამიკის ცოცხალი და ყველაზე სუფთა ანარეკლია. 
 
16) „ფსიქოლოგია და რელიგია“. ძალიან მნიშვნელოვანი ნაშრომი, რომლის სათაურიც თავის თავზე მეტყველებს. მასში იუნგი ნიადაგს ამზადებს რევოლუციური იდეებისთვის, რომლებიც ცოტა მოგვიანებით იქნება გამოთქმული. 
 
17) მანამ, სანამ  იუნგიანური მეტაფიზიკის მწვერვალზე გადავალთ, იქით უნდა გავიხედოთ, საითაც ყველაზე ყურადღებიანი ფსიქოლოგების და იუნგის დამფასებლების უმეტესობაც კი არ იხედება. ესაა მისი მიმოწერები მრავალ რესპონდენტთან, რომლებმაც ოთხი მსხვილი ტომი შეადგინა. ჩვენს დროში, როცა მიმოწერა ყოფიერების უცვლელი ნაწილი გახდა, და დიდი ხანია აღარ წარმოადგენს ეპისტოლარულ ხელოვნებას, ძალზე რთულია გავიგოთ, რომ იუნგის დროს - ყოველი წერილი - ეს იყო აზრისა და გრძნობის გადმოცემის ხელოვნება, გულიდან გულთან საუბარი, და სწორედ წერილებში აღწევდა აზრი თავის უმაღლეს მწვერვალს. ასევე, ყურადღებას გავამახვილებ იმაზე, რომ იუნგის ისეთი ცნობილი მიმდევრები, როგორიცაა დვარდ ედინგერი, იუნგის ციტირებისას სწორედ მისი მიმოწერების ციტირებას ახდენდნენ, რადგან ისინი უფრო ბოლომდე ასახავდნენ მის გზავნილს. მათ, ვისაც განსაკუთრებულ ინტერესს იუნგისა და ფროიდის ურთიერთობა მათი თანამშრომლობის დაწყებიდან კავშირის გაწყვეტამდე, შემიძლია შემოგთავაზოთ იუნგისა და ფროიდის მიმოწერა ორ ტომად, მიმოწერა, რომელშიც იწრთობოდა არა მხოლოდ ანალიტიკური ფსიქოლოგია, არამედ ფროიდის ფსიქოანალიზიც. ჩემი სუბიექტური აზრით, ეს არაა იუნგის მემკვიდრეობის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, და იუნგის, როგორც პიროვნების, მოაზროვნის და ფსიქოთერაპევტის გასაგებად არც ისე მნიშვნელოვანია, მაგრამ მათთვის, ვისაც სურს მისი განხილვა ფსიქოანალიზის კონტექსტში, ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტი იქნება. 
 
18) „სამების შესახებ მითის ფსიქოლოგიური გარჩევის მცდელობა“. „აი, სამი, და სადაა მეოთხე?“ - კითხულობს გოეთე „ფაუსტში“, იმეორებს რა პლატონის მარადიულ კითხვას. სამების არქეტიპი - ეგვიპტედან ქრისტიანობამდე. სამება და ოთხობა, მეოთხე ელემენტის ინტეგრაცია, ღმერთის და ეშმაკის გაერთიანება ადამიანური სამშვინველის ჭირჭელში - აი, რა საკითხებს აყენებს იუნგი. აქ მსოფლმხედველობის საკითხი კვლავაც აქტუალური ხდება, და ჩვენ ვიწყებთ იმის გაგებას, თუ როგორ ღრმად ემთხვევა ოკულტური და იუნგიანური ხედვები. 
 
19) „ტრანსფორმაციის სიმბოლოები“. ზიარების არქეტიპი - მაიას ცივილიზაციიდან კათოლიკურ ეკლესიამდე. 
 
20) „გაერთიანების მისტერია“ (Mysterium coniunctionis). ალქიმიური სიმბოლიზმის მთელი ისტორიის განმავლობაში ყველაზე ზუსტი აღწერა.
 
21) „პასუხი იობს“. ერთხელ, სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრე, იუნგმა საოცარი ფრაზა თქვა: „რომ მქონდეს იმ ყველაფრის გადაწერის შესაძლებლობა, რაც კი დამიწერია, გავაკეთებდი ამას, და მხოლოდ ერთ წიგნს დავტოვებდი უცვლელად - „პასუხი იობს“.“ ეს წიგნი იუნგიანური მეტაფიზიკის მწვერვალს წარმოადგენს და უმაღლეს საკითხს - ადამიანური არსებობის საზრისს ეხება. იუნგი რისკავს, რომ ძალზე თამამი და არასტანდარტული პასუხი მოგვცეს ადამიანის არსებობის აზრის საკითხზე. მაგრამ აქ მე გავჩუმდები, რადგან ისედაც მეტისმეტად ბევრია ნათქვამი. 
 
„პასუხი იობს“ - ამ წიგნის იდეებს უფრო დეტალურად შლის იუნგის პირდაპირი მოსწავლე და იუნგიანური ანალიზის კრონ-პრინცი - ედვარდ ედინგერი თავის ნაშრომში - „ცნობიერების შექმნა“, რომელსაც სასურველია ზემოხსენებული წიგნის პარალელურად გაეცნოთ. 
 
22) ამ ციკლის ბოლოს მინდა შევეხო იუნგის საერთო მემკვიდრეობისგან ცოტათი გვერდზე მდგომ ნაშრომს. ესაა შედარებით ადრეული, ცოტა ყმაწვილურად მიამიტური ნაშრომი - „მოხსენებების სერია სტუდენტური საზოგადოებისთვის - „ზოფინგია“.“ ამ ნაშრომში ვერც ფსიქოლოგიის და ვერც უმაღლესი სიმბოლიზმის შესახებ ვერ შეიტყობთ. თუმცაღა წინწასული იუნგიანელისთვის მისი წაკითხვა - ესაა სრულიად სხვა სახის სიამოვნება - აქ ჩვენ ვხედავთ იუნგის მსოფლმხედველობის იმ უცვლელ კონსტანტებს, რომლებიც მუდმივად ახლდნენ თან დაბადებიდან სამარემდე. 

თუ მოგეწონათ, გააზიარეთ...

მსგავსი სტატიები

ფსიქოსომატიკა


ავტორი: ანა თოფურიძე ყველაფერი კავშირშია ყველაფერთან. ყველაფერი ...

საკუთარ თავზე შეყვარებული დემონები: მართალია, რომ ნარცისიზმის ეპოქაში ვცხოვრობთ?


მთარგმნელი: ლიკა მარღანია წყარო უთუოდ გექნებათ გაგონილი, თითქოს...

დეპრესია: გამომწვევი მიზეზები, სიმპტომები და მკურნალობა


მთარგმნელი: ირინე ჩუნთიშვილი წყარო დეპრესია, ანუ დიდი დეპრესიულ...

შიშს რომ ნახევარწრე შემოუარო


 ავტორი: ანა თოფურიძე  სამყაროს შეუცნობელი ძალა მართავ...

KEIRSEY ტემპერამენტთა თეორია, სისტემა და ისტორია


მთარგმნელი: კესო გოგოშიძე წყარო ტემპერამენტთა თეორიას ჯერ კიდევ...

მოფიქრალი და მამტკიცებელი


რობერტ ანტონ უილსონის წიგნიდან - "ცნობიერების ევოლუცია" მთარგმნე...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff