"შეხედე შენს თავს, პატარა ადამიანო!"

ავტორი: Admin
0
(0)

მონაკვეთი ვილჰელმ რაიხის წიგნიდან "შეხედე შენს თავს, პატარა ადამიანო!"

მთარგმნელი: ანკო პირველი

"ძალიან მეშინია შენი, პატარა ადამიანო, რადგანაც შენნაირებზეა დამოკიდებული კაცობრიობის მომავალი. მეშინია შენი იმიტომ, რომ შენი ცხოვრების მთავარი მიზანია - დაემალო საკუთარ თავს. ძალიან, ძალიან სუსტი ხარ პატარა ადამიანო.

შენთვის გაგება „პირადი თავისუფლება“ და „საკუთარი მნიშვნელობა“ ყველანაირ აზრს მოკლებულია, თუმცა ლოზუნგებს - „ნაციონალური თავისუფლება“ და „ნაციონალური ინტერესები“ ისეთივე აღტაცებაში მოყავხარ, როგორსაც ძაღლი განიცდის ძვალს რომ უგდებენ.

მე ვიცი რასაც შენ ღმერთს ეძახი, ნამდვილად არსებობს, მაგრამ არა იმ ფორმით როგორითაც შენს წარმოდგენაშია. ღმერთი პირველ რიგში კოსმიური ენერგიაა, რომელიც თვით შენშია, შენს სიყვარულში, კეთილსინდისიერებაში, გარე და შიდა სამყაროს გაცნობიერებაში.

ძალიან, ძალიან მეშინია შენი, პატარა ადამიანო. თუმცა მე ყოველთვის ასეთი არ ვყოფილვარ, მე თვითონაც ვიყავი პატარა ადამიანი, მილიონობით ერთმანეთის მსგავსი პატარა ადამიანებიდან ერთ-ერთი. შემდგომ გავხდი მეცნიერი და ფსიქიატრი. მე მივხვდი თუ როგორი სუსტიც ხარ და რამდენად საშიში ხარ შენი სისუსტით. მე გავაცნობიერე, რომ მხოლოდ შენი საკუთარი არასრულფასოვნება გამცირებს ყოველ დღე, ყოველ საათს და არანაირი გარე ძალა არ არის აქ გარეული.

შენ ვერ ხედავ და ვერც ამჩნევ რეალურად დიად ადამიანს. მისი განწყობა, განცდები, სიშმაგე და ბრძოლა შენივე სასარგებლოდ, უცხოა შენთვის. ვერც იაზრებ, რომ არსებობბენ ადამიანები, რომელთათვის ორგანულად შეუძლებელია სხვისი ჩაგვრა და შენს პიროვნებაზე ძალადობა, ადამიანები, რომლებსაც შენთვის უნდათ ნამდვილი და ჭეშმარიტი თავისუფლება. შენ არ გიყვარს ასეთი ადამიანები - კაცები ან ქალები, რადგანაც მათი ბუნება შენი საკუთარი ბუნებისგან განსხვავებულია. ისინი ხელმისაწვდომი და გულწრფელები არიან, ხოლო სიმართლე მათთვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც შენთვის სიეშმაკე. ისინი გხედავენ თავიდან ბოლომდე, თუმცა ზიზღს კი არა, არამედ სიბრალულს და მწუხარებას განიცდიან ადამიანური ბუნების არასრულყოფილებაზე;

შენ მხოლოდ მაშინ აცნობიერებ მათ სიდიადეს, როდესაც სხვა პატარა ადამიანები უწოდებენ მათ დიადს. შენ გეშინია დიდი ადამიანების, გეშინია მათი სიახოლოვის და სიყვარულის რეალურ ცხოვრებასთან.

დიდ ადამიანს მაინც უყვარხარ ისე როგორც სხვა ნებისმიერი ცხოველი, ანუ როგორც ცოცხალი არსება. მას არ უნდა, რომ შენ იმავე ტანჯვას განიცდიდე, რომელსაც ათასობით წლების განმავლობაში განიცდიდი. მას არ უნდა, რომ შენ გააგრძელო იმ სისულელეების ლაპარაკი, რომლებსაც ათასობით წლების მანძილზე იმეორებდი. მას არ უნდა, რომ მუშა პირუტყვივით იცხოვრო, რადგან უყვარს სიცოცხლე და უნდა ის დაინახოს ტანჯვისაგან და დამცირებისგან თავისუფალი.

შენ არ გჯერა, რომ ოდესმე შენს მეგობარს შეუძლია შექმნას რაიმე დიდი. შენ გეზიზღება შენი თავი მალულად, ღიადაც კი, როდესაც ხაზს უსმევ საკუთარ ღირსებას, ხოლო რადგან შენივე თავი გეზიზღება, არ შეგიძლია პატივი სცე მეგობარს. შენ იმის წარმოდგენაც კი არ შეგიძლია, რომ ვინმე, ვისთან ერთადაც იჯექი ერთ მაგიდაზე, ცხოვრობდი ერთ სახლში, შეუძლია მიაღწიოს დიდ წარმატებას. აი რატომ არიან ყველა დიადი ადამიანები მარტოსულები.

შენს კომპანიაში, პატარა ადამიანო, რთულია ფიქრი. შესაძლებელია ფიქრი შენზე, შენს მაგივრად, მაგრამ არა შენთან ერთად, რადგანაც ახშობ ყველანაირ კეთილშობილურ დიდსულოვან იდეას.

როგორც დედა, შენს ჩაფიქრებულ შვილს ეუბნები: „ეს არ არის საბავშვო თემა“, როგორც მაგალითად ბიოლოგიის მასწავლებელი წამოიძახებ: „არც ერთი მოაზროვნე სტუდენტი არ მიიღებს სერიოზულად ეჭვი შეგეპაროს ჰაერში მიკრობების არსებობაზე“; როგორც დაწყებითი კლასის მასწავლებელი შენსგან ხშირად გაიგებ: „კარგად აღზრდილი ბავშვი არ დასვამდა ასეთ უადგილო შეკითხვას“; ხოლო როგორ ცოლი დააჭედებ ქმარს: „აღმოჩენა? შენს ადგილზე ვივლიდი სამსახურში და ვეცდებოდი მაინც ოჯახის გამოკვებას“. თუმცა როცა კითხულობ ახალი აღმოჩენის შესახებ, გჯერა, მაშინაც კი როდესაც არც გაგეგება რაზეა საუბარი.

შენ საუკეთესოს შეგრძნება დაკარგე, რომელიც ადრე იყო შენში, პატარა ადამიანო. შენ ის ჩანასახშივე ჩაკალი და როდესაც რაიმე დიადს ხვდები სხვებში: შენს შვილებში, ცოლში, ქმარში, მამასა თუ დედაში, კლავ მას. შენ მეწვრილმანე ხარ, პატარა ადამიანო და არ გინდა გახდე სხვანაირი.

შენ მკითხავ, საიდან ვიცი ეს ყველაფერი? ნება მომეცი მოგიყვე.

მე გიცანი, ვინაიდან იგივე გამოცდილება მქონდა, რაც შენ, მე გიცანი ჩემში. ვიცი როგორი სასოწარკვეთითაც ებრძვი საკუთარ პატიოსნობას, როგორი მომაკვდინებელი შიში გიპყრობს, როდესაც გიხმობენ მიჰყვე შენს საკუთარ, ნამდვილ ბუნებას. ვიცი რომ გაქვს სიდიადის, ენთუზიაზმის და ცნობიერების გაელვებები, თუმცა არ გყოფნის სიმტკიცე მათ შესანარჩუნებლად. შენ გეშინია სიმაღლის და სიღრმის. ეს ჩემამდე დიდი ხნით ადრე ნიცშემ გითხრა, მას უნდოდა აემაღლებინე ზეადამიანის დონემდე, რომელიც გადააჭარბებდა ჩვეულებრივ ადამიანს.

ასეთი ზეადამიანი გახდა შენი ფიურერი ადოლფ ჰიტლერი და მანდვე უცებ შეგახსენეს, რომ შენ ქვეადამიანი ხარ..."

კომენტარები

მსგავსი სტატიები

კორონავირუსის გავლენა ქართულ პოლიტიკურ რეალობაზე (ფსიქო-სოციოლოგიური ანალიზი)

ავტორი: მამუკა გურული ჯერ დავიწყოთ მოცემულობით. ნებისმიერი სახის ეპიდემია...

გაუცნობიერებელი

გაუცნობიერებელი რა უშლის ადამიანს ხელს თვითდაკვირვებასა და თვითანალიზში? -...

ფსიქოლოგიის დაბადება

თარგმანი ტორონტოს უნივერსიტეტის პროფესორის - სტივ ჯორდენსის ონლაინ კურ...

კარლ იუნგის კოგნიტური ფუნქციები

კარლ გუსტავ იუნგი იყო ადრეული 1900-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი ფს...

როგორ გავუმკლავდეთ უარყოფით ემოციებს?

ტრანსკრიბცია მუჯის ვიდეოდან მთარგმნელი: თეონა ნაცვლიშვილი წინააღმდეგობის ...

ცხოვრების 12 წესი

1. დადექი სწორად, მხრებით უკან. 2. მოეპყარი საკუთარ თავს ისე, როგორც ვინმე...