არიადნეს მისტერია

ალქიმიკოსი
ხელოვნება
0
0

არიადნეს მისტერია კადრი გიორგი ალექსიძის სახელობის თბილისის თანამედროვე ბალეტის დადგმიდან, ოვი...

ავტორი: გიორგი დოლიძე 

კადრი გიორგი ალექსიძის სახელობის თბილისის თანამედროვე ბალეტის დადგმიდან, ოვიდიუსის "მეტამორფოზების მიხედვით": დაჩოქებული მინოტავრი, მასზე გამარჯვებული თეზევსი და გვირგვინოსანი არიადნე.

ariadne

 თეზევსი, რომელიც კრეტაზე ჩავიდა, გადის გამოცდას მეფე მინოსთან ცნობილ ლაბირინთში, სადაც გმირი ებრძვის ნახევრად ხარს და ნახევრად ადამიანს, მინოსის ძეს - მინოტავრს. მინოსის ასული, არიადნე შეიყვარებს თეზევსს და დაეხმარება თავისი ძმის დამარცხებაში: ლაბირინთში შესვლისას ძაფის ერთ ბოლოს თეზევსს მისცემს, მეორე ბოლოს კი თვითონ დაიჭერს, რათა თეზევსმა ურჩხულის დამარცხების შემდეგ უკან გამოაღწიოს, შემდეგ კი შეყვარებულები გარბიან კრეტიდან. საინტერესოა, რომ არიადნე დედით ენათესავება კოლხ მედეას, არიადნეს დედა პასიფაე არის ჰელიოსის შვილი და კოლხი აიეტის და, კრეტაზე გათხოვილი. თუ კოლხეთში მედეა ეხმარება ბერძენ გმირ იასონს დაძლიოს მეფის გამოცდა, მოიპაროს ოქროს საწმისი და მოკლას მედეას მადევარი ძმა აბსირტე, კრეტაზე (სადაც არაბერძნული მინოსური, ქართველურთან უფრო ახლოს მდგომი კულტურა იყო გაბატონებული) მისი მამიდაშვილი არიადნე ეხმარება ბერძენ თეზევსს, რათა დაამარცხოს ამ ქალის ძმა და უვნებელი გავიდეს კუნძულიდან. ამ მითების ისტორიული აზრი - მომძლავრებული ელინური კულტურა ჩრდილავს კოლხურ (ქართველურ), მინოსურ და სხვა არაბერძნულ კულტურებს და გადაიბარებს მათ მისტერიულ ცოდნას შემდგომი განვითარებისათვის. პიროვნულ და ინდივიდუალურ დონეზე კი მითის აზრია: ადამიანი(თეზევსი) ცხოვრების მიხვეულ-მოხვეულ გზებზე(ლაბირინთში) იმარჯვებს გრძნობადზე(მინოტავრზე, ხარი ანუ კურო - გრძნობადი, მატერიალური სფერო) და ამაში მას სჭირდება წმინდა ცნობიერების(არიადნეს) შემწეობა... ის, რაც ხალხური თქმულებაა და კოლექტიური ცნობიერებიდან ბუნდოვნად მომდინარეობს სიმბოლოების მეშვეობით, მითოსის გააზრების შემძლე ადამიანი მასში ამატებს თავის სულიერ ძალებს, როდესაც ერკვევა მითოსის არსში, ანუ საკუთარი სულის სიღრმეებში.


"ვინც, მისტიკოსის მსგავსად, მითოსში ეძებდა ჭეშმარიტ შინაარსს, ის აცნობიერებდა, რომ რაღაცას ამატებდა უკვე არსებულ ხალხურ ცნობიერებაში. მისთვის ცხადი ხდებოდა, რომ ის ამაღლდებოდა ხალხურ ცნობიერებაზე, როგორც ბოტანიკოსი ამაღლდება მცენარეზე. ამ დროს გამოითქმებოდა მითოსის ცნობიერების შინაარსისაგან რაღაც სრულიად განსხვავებული, მაგრამ რაც ითქმებოდა, ეკუთვნოდა ღრმა ჭეშმარიტებას, რომელმაც სიმბოლური გამოხატულება ჰპოვა მითოსში. ადამიანი დგას გრძნობადის, როგორც დაპირისპირებული ურჩხულის(მინოტავრი) წინაშე. ის მსხვერპლად სწირავს მას თავისი პიროვნების ნაყოფებს, მატერია კი შთანთქავს მას. ეს გრძელდება იქამდე, სანამ ადამიანში არ გაიღვიძებს გამარჯვებული (თეზევსი). მისი ცნობიერება (არიადნე) ართავს მისთვის ძაფს, რომელიც დაეხმარება მას გზის პოვნაში, როცა შევა გრძნობადის ლაბირინთში, რათა მოკლას მტერი. გრძნობადზე ამ გამარჯვებაში გამოიხატება ადამიანური ცნობიერების მისტერია."(რუდოლფ შტაინერი. "ძველი მისტერიები და ქრისტიანობ")


მაგრამ არიადნეს ამბავი აქ არ მთავრდება. როცა ის და თეზევსი გამოიქცევიან კრეტიდან, კუნძულ ნაქსოსზე შეჩერდებიან, სადაც არიადნეს ჩაეძინება და თეზევსს გამოეცხადება თვით ღმერთი დიონისე და ეტყვის მას, რომ ქალი მასზეა განგების მიერ დანიშნული და ის უნდა დატოვოს კუნძულზე. თეზევსი ჩუმად გაემგზავრება ნაქსოსიდან და ტოვებს არიადნეს ნაქსოსზე. ქალი იღვიძებს და სასოწარკვეთილებაში ვარდება, მზად არის სიყვარულის გამო თავი მოიკლას, მაგრამ მას ეცხადება ახალი სიყვარული - დიონისე, რომელიც მას შეირთავს და შემდეგ ქალღმერთად აქცევს. დიონისე ერთადერთი ღმერთია, რომელიც აღაზევებს ქალებს, რომლებიც ბერძნების მოსვლამდე იყვნენ ღვთაებები და მათი მოსვლის შემდეგ დაკნინდნენ. არიადნე კი ელინებამდე უნდა ყოფილიყო კრეტის მინოსური კულტურის ქალღმერთი და როცა ის დიონისემ უნდა შეირთოს, გამოიღვიძებს, ახალი სიყვარულის ძალით გაიხსენებს რომ ის ქალღმერთია... ისევ ცხადდება პლატონური იდეა: ცხოვრება სხვა არაფერია თუ არა საკუთარი თავის გახსენება - არიადნეც იღვიძებს და იხსენებს, რომ ის ღვთაებაა...
გვირგვინი, რომელსაც არიადნე დაიდგამს თავზე, არის აფროდიტესა და წელიწადის დროთა ქალღმერთების (ჰორების) საჩუქარი - არიადნე, როგორც დავიწყებული ცნობიერება, რომელიც მუდამ მზად არის სიყვარულისთვის თავის გასაწირად, ისევ ღვთაება ხდება და გადედოფლდება აფროდიტეს მიერ მოცემული სიყვარულის გვირგვინით, რომელიც უჭკნობია წელიწადის დროთა მიუხედავად (იგივე, რაც ჩრდილოეთის გვირგვინის თანავარსკვლავედი ცაზე).


დიონისე, ღვინისა და ლხენის გარდა, თეატრისა და დრამის ღვთაებაც არის და ამ ცხოვრების თეატრის დრამატულ წარმოდგენაში როცა შენში დიონისე იღვიძებს უნდა იპოვო შენი არიადნე, რომელიც დავიწყებული, მიტოვებული და მიძინებულია და ის უნდა შეირთო როგორც თავის უფლებებში აღდგენილი, ღვთაებრივი ცნობიერება... ეს ხდება არა უბრალოდ გააზრების სახით, არამედ ქმედითად, ისეთივე ცოცხალი ქმედებით, როგორი ცოცხალი სახითაც მითოსს ხორცს შეასხამენ ხოლმე თეატრის სცენაზე დიონისეს ქურუმები - თეატრალი ხელოვანები...

მსგავსი სტატიები

ვულკანური ელვა


მთარგმნელი: მამუკა გურული წყარო 2015 წელს ფოტოგრაფმა ფრანცისკო ...

რიუნოსკე აკუტაგავას „გაურკვეველი შიში მომავლის მიმართ“


მთარგმნელი: ანეტ შტრაუსი; Ikigai / იკიგაი   რიუნოსკე აკუტა...

ინტერვიუ უინგ შიასთან


მთარგმნელი: ანეტ შტრაუსი    - უინგ შია   &n...

ლიმბო - პარალელური რეალობა თბილისში


ავტორი: ანა თოფურიძე ფოტოები: თამუნა ჩქარეულის და ან...

ინტერვიუ მაქს რიხტერთან


წყარო მთარგმნელი: ანეტ შტრაუსი; Ikigai / იკიგაი   მაქს რიხტ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff