„შტორმის შემდეგ“: ის, რაც შტორმის დროს მოხდა

Admin
ხელოვნება
0
0

    „შტორმის შემდეგ“ (After The Storm) - იაპონელი რეჟისორის, ჰიროკაძუ კორეედას მიერ 2...

 

 

„შტორმის შემდეგ“ (After The Storm) - იაპონელი რეჟისორის, ჰიროკაძუ კორეედას მიერ 2016 წელს გადაღებული ფილმი.

 

ავტორები: ფჯოსიდ ვრდოორი, ანეტ შტრაუსი

 

 

ფჯოსიდ ვრდოორი

 

ხელოვანი ადამიანები ბედნიერი ცხოვრებით ვერასდროს დაიკვეხნიდნენ. მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული სახეები კინოში არ მახსენდება, ინტუიციურად ვგრძნობ, კინოშიც კი, ფიქციაში, დიდი ხელოვანი უბედური უნდა იყოს. იმდენად ვგრძნობ ამას, რომ როდესაც ჯარმუშის პატერსონი ვნახე, სკეპტიციზმით განვეწყვე პატერსონისადმი, ჩემთვის მაინც შეუმდგარი ხელოვანი იყო. ტრაგედიის გარეშე დაბადებული პოეტი სად გაგონილა?!


მაგრამ როგორია მაინც ეს ტრაგედია? არ ვიცი, რთული კითხვაა. რეალურ ცხოვრებაში ვერასდროს ვხვდები ხოლმე რა არის ტრაგედია, ვიღაცისთვის ბუნებრივი მოვლენები სხვა ადამიანებისთვის შეიძლება ტრაგედია იყოს. კინო კი სხვა საქმეა. აქ მარტო პერსონაჟი არ არსებობს, აქ მას მისი შემოქმედის აჩრდილიც თან ახლავს. რეჟისორმა კი, პერსონაჟის თავიც და ბოლოც იცის, თუ არ იცის, გრძნობს მაინც. კორეედას თუ დააკვირდებით, პირველ ნახევარ საათშივე მიხვდებით, რომ აქ დიდი ხელოვანის ტრაგიკულ ცხოვრებას ვერ ნახავთ. მართალია, მისი კამერა ყველაზე მეტად ამ პერსონაჟით ინტერესდება, მაგრამ მაინც იჭერს დისტანციას, ბოლომდე არ უხლოვდება, ტემპი ნელია, მუსიკა-მშვიდი და სასიამოვნო. ამას რომ თავი დავანებოთ, რამდენიმე ფილმის ნახვითაც მივხვდებით რეჟისორის ინტერესებს, მას ურთიერთობები აინტერესებს და არასდროს ახდენს ფოკუსირებას მხოლოდ ერთ პერსონაჟზე. მარტივად რომ ვთქვათ, მისი კინო მინიმუმ 2 ადამიანის კინოა, თან ძალიან უბრალო 2 ადამიანის.

MV5BZmQwMDJmYmYtYTlhNS00NjExLTkzOTItMzNlYmMyYjEzYjQ5XkEyXkFqcGdeQXVyNzI1NzMxNzM. V1


თუ სწორად მახსოვს, რეიგადასმა თქვა, კინოში ძალიან უცხოა თუ ჩვეულებრივი ადამიანები გაინტერესებს, როდესაც 2 ჭარბწონიანი ადამიანის სექსი გადავიღე, იფიქრეს, რომ მათ დავცინოდი, არადა, მეტროში ჩასულს უმეტესობა სწორად ასეთი შეგხვდებათ და მათაც აქვთ სექსიო.


კინო შეიძლება ყველაზე მეტად უბრალო ხალხისაა, მაგრამ ეს ძირითადად სოციალური კინოა. რთული გასახსენებლია ფილმები, რომლებშიც აქცენტი პერსონაჟებზე, მათ ურთიერთობებზე კეთდება და არ არიან ექსცენტრიკული, გამორჩეული, განსხვავებული პერსონაჟები. ყველა უინტერესო რეჟისორის ცუდი ფილმია ასეთია, მაგრამ რთულია კარგი ფილმი გადაიღო პერსონაჟებით, რომელთა გვერდითაც ცხოვრობ, რთულია კინო დაინახო ისტორიებში, რომელიც შეიძლება ნებისმიერ შემხვედრს დამართნოდა. კორეედა პოეზიას ხედავს წვიმის დროს ლატარიის ბილეთების ძებნაში, რეიგადასი კი ორი ჩვეულებრივი წარბჭონიანი ადამიანის სექსში.


ამ უკანასკნელის კინოში, დიდ ეკრანზე ხილვა, იმდენად უცხოა, ალბათ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ჩემს გვერდით მჯდომ წარბჭონიან ადამიანს სექსი აქვს. არა, მართალია, წარმოვიდგენდით, მაგრამ ეკრანებზე ამის ხილვა უცხოა. ჩემი ცხოვრების უდიდეს ნაწილს ეს უბრალო ხალხი რომ არ შეადგენდეს და მეტროზე არ ვგიჟდებოდე, კინო ახალ რეალობას შექმნიდა ჩემს თავში, რეალობას, სადაც მათ სექსი არ აქვთ, ნეტავ მახინჯი, მსუქანი შვილები კომბოსტოში იპოვეს?
ბოლოს კი იმასაც მოგახსენებთ, რატომ არის ზოგი მსგავსი ფილმი თრეში, ზოგიც კი პოეზია და რატომ გვინდა ამ ყველაფრის ნახვა მაინცდამაინც ეკრანებზე და არა ჩვენი უბნის პარკში.

 

MV5BM2I5NmVmMjEtODViMC00ZjU3LWI1ZGYtZTYzZDY0NWMzNDg4XkEyXkFqcGdeQXVyNzI1NzMxNzM. V1


ამაზე ჰიჩკოკის ის ფრაზა გამახსენდა, კინოში რომ ჩვენი ცხოვრების მოსაწყენი ეპიზოდებია ამოჭრილი. თუ რაღაც ეგეთი.


ეს ძალიან პრიმიტიული და პრაგმატული მიზეზია, მაგრამ ასეა, ამ ფილმში ნაჩვენები პერსონაჟების მთელი ცხოვრების ნახვა მოსაწყენი იქნებოდა, ამიტომ რეჟისორია ის, ვისაც შეუძლია ყველაზე საინტერესო მომენტები იპოვოს და სწორად ამოჭრას. პირველი მიზეზი სწორედ ესაა, მეორე კი რეჟისორის პერსპექტივაა. რეალობა ობიექტურია, ჩვენ საკუთარი თვალებით ვხედავთ მას, ფილმს კი რეჟისორის პერსპექტივით ვუყურებთ, აი, ეს ქმნის განსხვავებას პოეზიასა და თრეშს შორის.


ყველა თვალი სხვადასხვანაირად აღიქვამს მოვლენებს, ერთი ეს შემიძლია გითხრათ - ჰიროკაძუ კორეედას თვალს რეკომენდაციას ვუწევ.

 

 

ანეტ შტრაუსი

 

კორეედას ფილმები სავსეა ძალიან დამაჯერებელი ისტორიებით, გასაგები და ნაცნობი დიალოგებით, მშვიდი, ატმოსფერული გარემოთი და მუსიკით, რომელიც ზაფხულის ნაზ დღეებს გახსენებს.


„შტორმის შემდეგ“ წარუმატებელ მწერალსა და ამჟამად დეტექტივ, ცოლს გაშორებულ კაცზე, რიოტაზე გვიყვება, რომელიც საკუთარ შვილს თვეში ერთხელ ხვდება და ალიმენტის გადახდა ძალიან უჭირს. პირველივე კადრში ჩნდება რიოტას დედაც, რომელსაც შესანიშნავად ასრულებს კირინ კიკი, რეჟისორის მუზა. „ჩვენი ურთიერთობა რეჟისორისა და მსახიობის კავშირს სცდებოდა. მეგობრები ვიყავით. როცა სცენარს მივუტანდი, მისთვის ჩემი ხედვა ძალიან, ძალიან მკაფიოდ უნდა ამეხსნა.“

ფილმში გვყავს რიოტას შვილიც - შინგო.

MV5BNTllM2UzMWItNWUzNy00YzZhLWEzZTItZTVjOTIwYjVhMDg1XkEyXkFqcGdeQXVyNzI1NzMxNzM. V1

როცა გინდა, რომ ბავშვობაში გადაინაცვლო, ისევ შეგეძლოს თამაშით ტკბობა და სიტყვები „სამყაროსთან ჰარმონიაში ყოფნა“ შენში სიცილს არ იწვევდეს, რას აკეთებ? რას აკეთებ თავის დასავიწყებლად?


მე სახლში მივდივარ. სადაც მე და ჩემი დები ყვავილების გვირგვინს ვაკეთებდით, სადაც მესმოდა ჩემი ახალდაბადებული ძმის ტირილი, სადაც მაღვიძებდა მეორე ოთახიდან შემოსული მკვეთრი შუქი და მშობლების კამათის ხმა. ამ სახლში მე პატარა ვარ, მხოლოდ აქ არ მიდის სწრაფად დრო.

კორეედასთვის ოჯახის თემის ფილმებში გამოყენება უცხო არ არის, მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ 2018 წელს გადაღებული „Shoplifters“, რომელიც ოსკარსა და ოქროს გლობუსზე იყო ნომინირებული და რომელიც ძალიან პოპულარული გახდა. ასევე ოჯახის თემას ეხება ფილმები „Still Walking“, „Our Little Sister“. დაკვირვებულ თვალს არც ის გამორჩება, როგორი ემპათიური, მგრძნობიარეც კი არის მისი კამერა - პერსონაჟებს არ განსჯის, მეტიც, მათი სიყვარულისკენ, უფრო სწორად, გაგებისკენ გვიბიძგებს. კორეედას პერსონაჟებს ყველანი კარგად ვიცნობთ - ასეთი ადამიანები გვინახავს ქუჩაში, სამეზობლოში, ხშირად ჩვენი ნათესავებიც არიან და მათი მოსმენა ძალიან, ძალიან გვბეზრდება. მაგრამ არის მომენტი, როცა ეს ადამიანები გვენანება ხოლმე - ვუყურებთ მათ და ვფიქრობთ: უცნაურია, არასოდეს გვილაპარაკია, მაგრამ თურმე მაინც როგორ დაუმახსოვრებიათ ჩვენთვის თავი. ეს ადამიანები ჩნდებიან დროდადრო, პერიოდულად, ხანდახან კი ლანდებს ემსგავსებიან. რიოტა შვილს ეუბნება, ადვილი არ არის, ის გახდე, ვინც გინდაო.

MV5BODNmNDExZjMtYjNmMi00YjgxLTkwMzEtNGY5ZTMzMjBjZjkzXkEyXkFqcGdeQXVyNzI1NzMxNzM. V1


მართლაც, არ არის ადვილი. ნუთუ გენეტიკა ჩვენი საპყრობილეა? ნუთუ, ვერ ვახერხებთ იმ სახლებიდან სამუდამოდ წასვლას, სადაც კარგი ცოტა რამ გვახსენდება? ფილმში ხშირად გაიგონებთ ფრაზას „არ მინდა, მისნაირი გავხდე“. და შეგვიძლია?

ჩემთვის ფილმში ყველაზე დასამახსოვრებელი ორი სცენაა:


1. როცა რიოტა და დედამისი შუაღამით ლაპარაკობენ. დედა ამბობს, რომ მალე მოკვდება და მკვეთრი შუქის ფონზე, რომელიც განსაკუთრებით დამთრგუნველია შუაღამისას, ფანჯარაში იყურება. ამ დროს დედა-შვილს შორის თითქოს ერთგვარი თანაგრძნობა ჩნდება, თანაგრძნობა იმის გამო, რომ ერთიდაიგივე ბედს იზიარებენ - ადამიანები არიან... და სცენაში ჩნდება სევდა. და მარტოობა. დედა სიკვდილზე რომ ლაპარაკობს, თითქოს გულგრილია, შეგუებული, მაგრამ ეს მაინც გამოთხოვებაა - შვილსა და ყინულებიან ნაყინთან გამოთხოვება.

MV5BMThmMGI2NTktZWIwOC00OGRkLTg5ZGQtY2Y3OWVkMmI0NzE0XkEyXkFqcGdeQXVyNzI1NzMxNzM. V1

2. როცა შინგო და რიოტა პარკში არიან, გარეთ კი წვიმს. მერე კიოკოც მოდის და რიოტა ხვდება, რომ სულ ესაა - ახლა სხვა რამე უნდა დაიწყოს.


ჰიროკაძუ კორეედამ შთამბეჭდავი ფილმი გადაიღო იმედგაცრუებაზე, სიბერეზე, იმედზე და იმაზე, რისიც მგონი ყველას გვეშინია - სინანულზე.

მსგავსი სტატიები

რილკეს ვარდის ძალა


1926 წლის 29 დეკემბერს გარდაიცვალა დიდი ავსტრიელი პოეტი რაინერ მარი...

სილვია პლათი


სილვია პლათი მეოცე საუკუნის გამორჩეული ფიგურაა, რომლის შემოქმედება ...

ლიმბო - პარალელური რეალობა თბილისში


ავტორი: ანა თოფურიძე ფოტოები: თამუნა ჩქარეულის და ან...

რიუნოსკე აკუტაგავას „გაურკვეველი შიში მომავლის მიმართ“


მთარგმნელი: ანეტ შტრაუსი; Ikigai / იკიგაი   რიუნოსკე აკუტა...

„კრედიტის ლიმიტი“ და უმოძრაო კამერა


  ავტორები: ანეტ შტრაუსი და ფჯოსიდ ვრდოორი   ანეტ შტ...

ჟან-მიშელ ბასკიას ქაოსური ბუნება


მთარგმნელი: ანეტ შტრაუსი; Ikigai / იკიგაი      ...

მაგმას რეკომენდებული ფილმები


წარმოგიდგენთ მაგმას მიერ რეკომენდებულ ფილმებს... სია შეადგინა მა...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff