მთარგმნელი: ანეტ შტრაუსი Ikigai / იკიგაი
მან რეი (დაბადებით ემანუელ რადნიტსკი) ყველაზე უკეთ მისი სურეალისტური ფოტოგრაფიით არის ცნობილი. მაგრამ ის ასევე ხატავდა, იყო მოქანდაკე, და იღებდა ფილმებს. რეი ცდილობდა, რომ დადაიზმი, სურეალისტ მხატვართან, მარსელ დიუკამპთან ერთად, ამერიკაში გაეხადა პოპულარული, თუმცა ის 1921 წელს პარიზში გადავიდა და თავისი ცხოვრების უმეტესობა თანამედროვე პარიზულ წრეში გაატარა.
ამ სტატიაში მოცემულია მისი შეხედულებები სხვადასხვა საკითხის შესახებ.
შთაგონებაზე:
„მე პირადად, ინფორმაციას ყოველთვის ინსპირაცია მერჩივნა“.
ხელოვნებაში იუმორის არსებობაზე:
„ჩემზე ყოველთვის ამბობდნენ, რომ ხუმარა ვიყავი. ყველაზე ღირებული ხელოვნება, ჩემთვის, იუმორს შეიცავს“.
მის რეიოგრაფებზე:
„როცა რამდენიმე წუთი უშედეგოდ ველოდე ფოტოს გამოჩენას, თან ფურცლის გაფუჭებას ვნანობდი, მექანიკურად ავიღე შუშის პატარა ძაბრი, მენზურა და თერმომეტრი, შემდეგ კი სველ ფურცელს დავადე“, - წერს რეი თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში, „ავტო-პორტრეტი“, - „შუქი ავანთე, შემდეგ კი სურათმა თავად დაიწყო ჩამოყალიბება...“
დადაიზმსა და სურეალიზმზე:
„ძალიან დაძაბული იყო. ძალიან არასასიამოვნო იყო. და მასში არანაირი იუმორის გრძნობა არ იდო“.
ჩვეულებრივ, ყოველდღიურ საგნებზე:
„საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიასთან შევჩერდი და ფანჯარაში უთო დავინახე. ჩავილაპარაკე: აქ არის საგანი, რომელიც თითქმის შეუმჩნეველია. იქნებ რამე მოვუხერხო... რა შემიძლია დავუმატო მას ისეთი, რომ პროვოკაციული გავხადო?“
ხედვაზე:
„მე მხოლოდ შეხედვა მჭირდება, ნებისმიერი რამისთვის, და ის მაშინვე მაძლევს იდეას. იქნება ეს სახე, საგანი, თუ მოვლენა... მაგ წამსვე მთავაზობს ფორმას შესაქმნელად.“
დადაიზმსა და სურეალიზმს შორის არსებულ გადამწყვეტ განსხვავებაზე:
„არ იქნებოდა სწორი, რომ სურეალისტური მოძრაობა დადაიზმის გაგრძელებად, ან ევოლუციად მიგვეჩნია. სურეალიზმი, ზუსტადაც რომ მისი საპირისპიროა, რადგან ის არის კონსტრუქციული, როცა დადა თანამედროვე ხელოვნების დესტრუქციული მხარე იყო. სურეალიზმი ჩანაცვლებას ცდილობს, და არა განადგურებას.“
ყოფილი შეყვარებულის დავიწყებასთან დაკავშირებით:
მხატვარ ლი მილერთან დაშორებამ მან რეის ინსპირაცია მისცა, რომ მისი მეტრონომის, Indestructible Object (1923)-ის, განახლებული ვარიანტი შეექმნა.
1932 წლის ვერსიაში, მან რეიმ თან ინსტრუქციებიც დაურთო: „ამოჭერი თვალი იმ ადამიანის ფოტოდან, ვინც გიყვარდა, მაგრამ ახლა აღარ გყავს. დააკარი თვალი მეტრონომის ქანქარას და დაარეგულირე წონა, რომ მოერგოს ტემპს, რომლის გამოყენებაც გსურს. გააგრძელე ლიმიტის ამოწურვამდე. სცადე, რომ ჩაქუჩის ერთი მარჯვე მოქნევით, ყველაფერი ერთიანად გაანადგურო.“