ხელოვნური ცნობიერება: როგორ შთავბეროთ რობოტს სული

Admin
მეცნიერება
0
0

მთარგმნელი: ირაკლი მიქავა წყარო ტერმინატორი (TERMINATOR) ჩვენს შესაშინებლად დაიწერა. ვოლ-ი (WAL...

მთარგმნელი: ირაკლი მიქავა

წყარო

ტერმინატორი (TERMINATOR) ჩვენს შესაშინებლად დაიწერა. ვოლ-ი (WALL-E) კი ჩვენს ასატირებლად. რობოტებს არ შეუძლიათ იმ თავზარდამცემი და გულმოსაკლავი რამეების ჩადენა რასაც ფილმებში ვხედავთ, მაგრამ შეკითხვა მაინც არ აყოვნებს; რა იქნება რომ შეეძლოთ?

ცხადია, დღეს ჩვენს ხელთ არსებული ტექნოლოგია არ არის იმდენად განვითარებული, რომ რომელიმე მათგანი რეალობად აქციოს. მაგრამ ხალხი მაინც განაგრძობს კითხვების დასმას. რომელთა შორის უმთავრესი კითხვაა; შესაძლებელია თუ არა მანქანა გახდეს გონიერი? შესაძლებელია თუ არა მათი განვითარება ან დაპროგრამირება ისე, რომ ჰქონდეთ სული? ან ისეთი ალგორითმის შედგენა, რომელსაც სულის მაგვარი მაინც ექნებოდა?

პასუხები ამ კითხვებზე მთლიანად დამოკიდებულია იმაზე თუ როგორ განვმარტავთ მათ. ამ 70 წლის განმავლობაში, რაც ხელოვნური ინტელექტი ჩამოყალიბდა როგორც აკადემიური დისციპლინა, ჩვენ ჯერ კიდევ არ გაგვაჩნია დამაკმაყოფილებელი განმარტებები.

მაგალითისთვის ავიღოთ BBC-ზე ახლახან გამოქვეყნებული სტატია, სადაც სცადეს ხელოვნური ინტელექტის სულთან დაკავშირების იდეას გამკლავებოდნენ. სტატიის ავტორებმა ისე განსაზღვრეს თუ რას ნიშნავს უკვდავი სულის ქონა, რომ საუბარი მაშინვე დაშორდა თეოლოგიის საუფლოს. და ეს რა თქმა  უნდა მშვენიერია, რადგან მართლაც ნაკლებად სავარაუდოა, რომ ზეციდან დაშვებულმა მოხუცმა შთაბერა სული კორტანას. მაგრამ ეს მაინც არ იძლევა მთავარ შეკითხვაზე პასუხს - შეიძლება ხელოვნური ინტელექტი ოდესმე უგონო ხელსაწყოზე მეტი გახდეს?

alexa
ვიქტორ ტანგერმანი, ალექსას დაბადება, ფოტოშოპი, 2018.

BBC სტატიაში მოცემული განსაზღვრების მიხედვით - ხელოვნური ინტელექტის სისტემა რომელიც, მოქმედებს ისე, თითქოს მას ჰქონდეს სული, განისაზღვრება დამკვირვბელის (მნახველის) მიერ. ჩვენს შორის მყოფმა რელიგიურმა და სპირიტუალურმა ადამიანებმა საკმარისად განვითარებული ალგორითმი შეიძლება სულად აღიქვან. როდესაც ეს ადამიანები ნახავენ ხელოვნური ინტელექტის სისტემის შესაძლებლობებს, ემოციების გამოხატვის უნარს, ქცევას, და შესაძლოა ღმერთის რწმენასაც, შეიძლება ეს აღიქვან როგორც რაღაც უკვდავის ნიშანი, რაც შეიძლება განისაზღვროს როგორც სული.

შედეგად, მანქანები რომლებიც შეიცავენ გარკვეული სახის ხელოვნური ინტელექტს, შეიძლება ერთდროულად დანახულ იქნეს როგორც ავტონომიური წარმონაქმნი ან კვლევის ხელსაწყო, გამონდინარე იქიდან თუ ვინ არის დამკვირვებელი. ბევრი რამის მსგავსად, დებატების უმრავლესობა იმაზე, თუ რამ შეიძლება მანქანა შეგნებულად აქციოს, დადის იქამდე, თუ როგორ აღვიქვამთ ჩვენ ალგორითმს.

„მე უფრო პატარა პროტო-არსებების აღზრდა მაინტერესებს ვიდრე კომპიუტერების პროგრამირება“ ამბობს ნენსი ფულდა, ბრიგემის ახალგაზრდული უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერი ფუტურიზმთან საუბარში, „სწორედ ამ შაბლონების აღმოჩენამ, უნიკალური ქცევებით, მიმიზიდა პირველად კომპიუტერულ მეცნიერებაში, და სწორედ მათ გამო ვაგრძელებ საქმიანობას ამ დარგში.“

ფულდამ მოამზადა ხელოვნური ინტელექტის ალგორითმი კონტექსტუალური ენის გასაგებად და ახლა მუშაობს რობოტული გონებრივი თეორიის შემუშავებაზე, რომელსაც მოდელად უდევს ადამიანების (და ზოგიერთი ცხოველის) ფსიქოლოგია, რისი საშუალებითაც ვცნობთ სხვა არსებებს თავიანთი ფიქრებით და განზრახვებით. ოღონდ ამ შემთხვევაში რობოტებისთვის.

„ექნება თუ არა ოდესმე კომპიუტერებს ღვთებრივად შექმნილი სული; ამ საკითხზე არ დავიწყებდი სპეკულირებას,“ დაამატა ფულდამ.

არის ორი მთავარი პრობლემა, რომლის მოგვარებაც საჭიროა. პირველი სემანტიკურია; ძალიან რთულია იმის განსაზღვრა რეალურად რას ნიშნავს იყოს გონიერი ან მგრძნობიარე, ან რას შეიძლება ნიშნავდეს ქონდეს სული ან სულის ფუნქცია, როგორც იმ BBC-ის სტატიაშია აღწერილი.

მეორე ეხება ტექნოლოგიურ პროგრესს; იმ ტექნოლოგიებთან შედარებით რაც საჭირო იქნება ხელოვნური გრძობადობის შესაქმნელად, - როგორიც არ უნდა იყოს ის და როგორი განმარტებაც არ უნდა შევარჩიოთ მისთვის, ჩვენი ყველაზე განვითარებული ინჟინერები ჯერ კიდევ გამოქვაბულში არიან, ჯოხებს აწყობენ ერთად ცეცხლის დასანთებად და მასზე მამონტის სტეიკის შესაწვავად.

შარშან სპეციალისტების ჯგუფში, ბიოლოგი და ინჟინერი კრისტოფერ კოხი შეურთდა დევიდ კელმერს, კოგნიტურ მეცნიერს, იმის განსამარტად თუ რას ნიშნავს იყო გონიერი. საუბარში დაიბადა ექსპერიმენტული აზრები მანქანებზე და ზომბებზე (ისინი, ვინც მოქმედებენ როგორც ადამიანები, მაგრამ არ გააჩნიათ გონება). საუბარში წარმოიშვა ისეთი საკითხებიც რისი დადასტურებაც სამეცნიერო მტკიცებულებებით შეუძლებელია. კელმერის აზრით მანქანებს, ოღონდ დღეს არსებულზე უფრო მეტად განვითარებულებს, შეუძლიათ გახდნენ გონიერები, კრისტოფერ კოხი კი არ ეთანხმება, ნევროლოგიისა და ხელოვნური ინტელექტის განვითარების დღევანდელი დონის გათვალისწინებით.

ნევროლოგია ცნობიერებას განიხილავს როგორც ჩვენი გონების მიერ შეთხზულ ნარატივს, სადაც იწერება ჩვენი შეგრძნებები, ის, თუ როგორ აღვიქვამთ სამყაროს და თუ როგორ ვმოქმედებთ. მაგრამ თუნდაც ამ განსაზღვრებით მათ არ შეუძლიათ განმარტება მისცენ იმას, თუ რატომ ვართ გონიერები (შეგნებულნი) და რა იქნება მისი განმარტება ნერვული ფუნქციონირების თვალსაზრისით. ხოლო რელიგიურებისთვის, არის ეს ცნობიერება იგივე რაც ბოძებული სული? და ეს საერთოდ არ ეხება ტექნოლოგიის თემას.

„ყველას რუტინულად ეშლება სული გონებაში,უფრო კონკრეტულად კი რთული ქცევის მოდელების ჩამოყალიბების შესაძლებლობაში,“ ამბობს ფუტურიზმთნ საუბარში ანდრეი ბერანი, პარდუბიცეს უნივერსიტეტის ფილოსოფოსი და ეთიკისტი.

“როლი, რომელსაც თამაშობს სულის კონცეფცია ჩვენს კულტურაში გადახლართულია კონტექსტთან, როდესაც ვამბობთ, რომ ვიღაცა სულით კეთილი ან ბოროტია.” დაამატა ბერანმა - ანუ მას გააჩნია განსჯის (განკითხვის) ღირებულება. „ჩემი აზრით მთავარი არაა გარღვევა ხელოვნური ინელექტის სფეროში, არამედ კონცეპტუალური ცვლილება. ცვლილება მგრძნობიარობასა და წარმოსახვაში, რომლის საშუალებითაც ადამიანები იყენებენ ენას ერთმანეთთან მიმართებაში.“

ბერანმა მაგალითად მოიყვანა ხელოვნური ინტელექტის მიერ შესრულებული ხელოვნობების ნიმუშები. ხშირად ეს ნამუშევრები გასართობადაა წარმოდგენილი. როდესაც ხელოვნური ინტელექტის მიერ შესრულებულ ნამუშევარს, იქნება ეს სურათი, მელოდია თუ სხვა მნიშვნელოვანი რამ, ვუწოდებთ „ხელოვნებას“, არ ვითვალისწინებთ იმას, რომ მან ეს შექმნა არა მარტო აუდიატორიისთვის, არამედ თავისთვისაც. „ასევე ძალიან ბუნდოვანია, რა არის მნიშვნელოვანი ხელოვნური ინტელექტისთვის“, დაამატა ბერანმა.

მიაღწევს ოდესმე მანქანა ისეთ გრძნობადობას, რომ შეძლოს იფიქროს შინაგანად, უბრალოდ ინფორმაციის მიღებისა და გაცემის ნაცვლად?ან მართლა აუცილებელია ეს რაღაც შინაგანი, რათა ჩვენ ისინი გონიერებად აღვიქვათ? პასუხი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ მივუდგებით შეკითხვას და რა განსაზღვრებებს გამოვიყენებთ.

„მე მჯერა, რომ სული არ არის რაღაც სუბსტანციის მსგავსი“, განაცხადა ფუტურიზმთან საუბარში, ვლადიმერ ჰავლიკმა, ჩეხეთის მეცნიერებათა აკადემიის ფილოსიფოსმა, ვინც ფიქრობს, რომ ხელოვნური ინტელექტის განსაზღვრება აუცელებელია ევოლუციური პერსპექტივიდან. „ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის კოჰერენტული (თანმიმდევრული) არსების მსგავსი, რომელიც იქმნება მუდმივად დროთა განმავლობაში, და ის წარმოადგენს ადამიანს.“ დაამატა მან.

ჰავლიკის აზრით, სულის თეოლოგიურ ასპექტზე დარდის ნაცვლად, ჩვენ შეგვიძლია განვმარტოთ სული, როგორც თავისებური შინაგანი ხასიათი, რომელიც უძლებს დროთა გამოცდებს. და ამ თვალსაზრისით, ის ვერ ხედავს ვერანაირ მიზეზს, თუ რატომ არ შეიძლება მანქანამ ან ხელოვნური ინტელექტის სისტემამ განავითროს ხასიათი - ეს უბრალოდ თავად ალგორითმზეა დამოკიდებული. ჰავლიკის ხედვით ხასიათი ვითარდება ცნობიერებიდან, და ხელოვნური ინტელექტის სისტემისთვის, რომელიც განავითარებს ასეთ ხასიათს, აუცილებელია საკმარისად განვითარებული ტექნოლოგია, რომელიც მათ საშუალებას მისცემს მიიღონ და გამოხატონ გადაწყვეტილებები, წარსული შედეგების სამომავლო მოლოდინებთან შედარების გზით, ისე, როგორც ამას აკეთებენ ადამიანები სამყაროს შესწავლისას.

კითხვა იმაზე, შევძლებთ კი ოდესმე შევქმნათ მანქანა რომელსაც ექნება სული ან ცნობიერება, მნიშვნელოვანია მხოლოდ მათთვის ვინც ეთანხმება მსგავს განმარტებებს. თავისი არსით ხელოვნური ინელექტი არის ხელსაწყო. თუნდაც უფრო სოფისტიკური ალგორითმები, რომლებსაც შეუძლიათ გაიარონ კიდეზე და წარმოჩნდნენ როგორც შეგნებულნი, უბრალოდ შეგნებული არსებების რეპროდუქციებია, და არა ახალი მოაზროვნე, თვითცნობიერი არსებები.

“ჩემი მიდგომა ხელოვნური ინტელექტისადმი არსებითად პრაგმატულია”. განაცხადა ფუტურიზმთან საუბარში ფედერაციის უნივერსიტეტში ხელოვნური ინტელექტის მკვლევარმა პიტერ ვამპლიუმ. „ჩემთვის არა აქვს მნიშვნელობა, ხელოვნური ინტელექტის სისტემას გააჩნია თუ არა ნამდვილი ინტელექტი, ან ნამდვილი ემოცია და ემპათია. მნიშვნელოვანია მხოლოდ ის, რომ მისი ქმედებები სასარგებლოა ჩვენი საზოგადოებისთვის.“

პიტერ ვამპლიუს აზრით შეკითხვა - შესაძლებელია თუ არა მანქანას ქონდეს სული, აზრიანი მხოლოდ იმ შემთხვევაში როდესაც გჯერა სულის, როგორც კონცეფციის. მას არ სჯერა, და შესაბამისად ამ კითხვასაც მისთვის არა აქვს აზრი. ის მიიჩნევს, რომ მანქანები ოდესმე შეძლებენ ემოციების დამაჯერებლად გამოხატვას, და ასევე ადამიანებივით მოქცევას, მაგრამ ამ საკითხში თეოლოგიის ჩარევის მიზეზს ვერ ხედავს. ვამპლიუ არ განეკუთვნება იმათ რიცხვს, ვინც მიიჩნევს, რომ ნამდვილი ცნობიერების აღმოცენება მანქანებში შეუძლებელია.

„მე ძალიან კრიტიკულად ვარ განწყობილი ხელოვნური ცნობიერების იდეისადმი.“ ამბობს ფუტურიზმთან საუბარში ფილოსოფოსი და ხელოვნური ინტელექტის მკვლევარი ბერნარდო კასთრაპი. „ჩემი აზრით ეს ნონსენსია. ხელოვნური ინტელექტი კი მეორე მხრივ, ეს არის მომავალი.“

ცოტა ხნის წინ კასტრაპმა სტატია გამოაქვეყნა Scientific American ში, სადაც ის ამბობს, რომ ცნობიერება ნატურალური სამყაროს ფუმდამენტალური ასპექტია, და ადამიანები იყენებენ ცნობიერების ცალკეულ ფრაგმენტებს, რათა გახდნენ განსხვავებული ინდივიდუალები. მას სჯერა, რომ გენარალიზებული ხელოვნური ინტელექტი - ასე უწოდებს ყოვლისმომცველ ხელოვნურ ინტელექტს რომელსაც ვხედავთ სამეცნიერო-ფანტასტიკურ ფილმებში, შეიძლება ოდესმე შიქმნას, მაგრამ თუნდაც ასეთ განვითარებულ ხელოვნური ინტელექტის სისტემას არასოდეს ექნება პირადი შინაგანი ფიქრები როგორც გააჩნიათ ადამიანებს.

„საუკეთესო შემთხვევაში სოფია უბრალოდ სასაცილოა, და რაც მთავარია, ჩვენც მას ვეპყრობით როგორც სასაცილოს.“ ამბობს ბერანი Hanson Robotic-ის მიერ წარმოებულ ნაწილობრივ გონიერ რობოტზე.

android

და რაც უფრო სამწუხაროა, არსებობს მზარდი ეჭვი, რომ პროგრესული ხელოვნური ინტელექტის შექმნის მცდელობები შეიძლება მალე ჩიხში შევიდეს. ცოტა ხნის წინ The New York Time ში გამოქვეყნებულ სტატიაში საუბარი იყო მრავალრიცხოვან ინჟინრებზე, რომლებიც ფიქრობენ, რომ მანქანების შესწავლა, ან თუნდაც უფრო ღრმა ტექნოლოგიების შესწავლა ისეთივე ტემპით გაგრძელდება როგორც უკანასკნელ წლებში მიმდინარეობდა.

არ ვარ პესიმისტი. მაგრამ რომც მოვაგვაროთ სემანტური საკითხები, იმასთან დაკავშირებით თუ რას ნიშნავს იყოს გონიერი, ან მგრძნობიარე, ან რას ნიშნავს ქონდეს სული, ჩვენ მაინც ძალიან შორს ვართ იმ ტექნოლოგიებისგან რომლებიც ამას რეალობად აქცევენ.
მაგრამ როდესაც ხელოვნური ინტელექტი პირველად გამოჩნდა ვერავინ იწინასწარმეტყველებდა მის დღევანდელ შესაძლებლობებს. შესაძლოა მაშინ ადამიანები ფიქრობდნენ, რომ ოდესმე შეიქმნებოდა ჯეტსონების და ეპკოტების მსგავსი რობოტები, მაგრამ ვერაფრით წარმოიდგენდნენ აქამდე მისასვლელ გზებს. და სწორედ ასევე, დღეს ჩვენ არ ვიცით ის გზები თუ როგორ შევქმნათ მგრძნობიარე, გონიერი და მოაზროვნე რობოტები.

არავითარ შემთხვევაში ეს ყველაფერი ამოცანას არ ხდის შეუსრულებელს - უბრალოდ ჩვენ ჯერ არ ვიცით როგორ შევასრულოთ ის. და ის ფაქტი, რომ ამაზე დებატები ჯერაც არ დასრულებულა საქმეს უფრო ართულებს.

„ჩვენ ჯერ კიდევ გრძელი გზა გვაქვს გასავლელი“ ამბობს ფულდა. და მისი აზრით ალგორითმების კომბინირება არ იქნება გამოსავალი, როგორც ხშირად ვაკეთებთ რთული პრობლემების გადასაწყვეტად.
„არ შეიძლება კაცობრიობის მხოლოდ ერთი პრობლემის გადაწყვეტა“ ამბობს ფულდა, „ეს გეშტალტური პროცესია.“ მაგალითად, ჩვენ ვერ შევძლებთ შემეცნებას აღქმისა და ლოკომოციის გაგების გარეშე. ვერ შევძლებთ აკურატულად წარმოსათქმელი სიტყვის ჩამოყალიბებას, თუ არ ვიცით როგორ გამოვიყენოთ თანაგრძნობა და სოციალური პრობლემები. ფულდას აზრით ამ ყველაფრის თანმიმდევრობით დალაგება რობოტებში, იგივეა რაც მონა ლიზას თავიდან შექმნის მცდელობა, „საჭირო რაოდენობის საღებავების ქილაში ჩასხმის გზით.“

გველოდება თუ არა შედევრი, რომელიც მომავალში უნდა შექმნან რობოტებმა, ეს ჯერ კიდევ გასარკვევია.მაგრამ ეს თუ ასეა,სწორედ ფულდასნაირი მეცნიერები იქნებიან ამ პროცესისთვის ბიძგის მიმცემნი. სანამ ჩვენ პასუხებს ვეძებთ მსგავს შეკითხვებზე ტექნოლოგია განაგრძობს განვითარებას. და როდესაც ვწერთ მანქანებისთვის კოდს, რისი საშუალებითაც ხვალ ისეთი რაღაცეების გაკეთება შეეძლებათ, რისი წარმოდგენაც დღეს არ შეგვიძლია, მაინც აუცილებელია იმის გარკვევა თუ სად გვინდა ამ ყველაფერმა მიგვიყვანოს.

ვინ ვიქნებით ჩვენ, თვითკმაყოფილი ქალური ავტოპორტრეტის მხატვარი და ვინჩი, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში გააღმერთებენ, თუ ღმერთების შემქმნელი ურანუსი, ღმერთების მიერვე განგმირული? კარგია თუ ცუდი, ამ მომენტისთვის ხელოვნური ინტელექტი გააკეთებს იმას რასაც ჩვენ ვეტყვით. მაგრამ თუ ისეთი ალგორითმებისკენ ვისწრაფვით, რომლებიც სულ მცირე იქნებიან მგრძნობიარენი, მაშინ უნდა გავიაზროთ, თუ რას ნიშნავს ეს.

თუ მოგეწონათ, გააზიარეთ...

მსგავსი სტატიები

რატომ მიდის დრო ყოველთვის წინ და არასდროს უკან?


მთარგმნელი: აზა უბირია წყარო რატომ ხდება ისე, რომ შეგვიძლია გავტ...

მეცნიერული სიმართლე "ხორცის ოფლის" შესახებ


სერიალ "მეგობრებში" ერთი ეპიზოდია, სადაც ჯოი მადლიერების დღის ინდ...

ფსიქოდელურ ნივთიერებებს ნამდვილად მივყავართ ცნობიერების „უმაღლეს“ მდგომარეობამდე


მთარგმნელი: ია გოისაშვილი წყარო ადამიანებს, რომლებიც მოიხმარენ ...

კვანტური ფრაქტალის ჰიპოთეზა


ავტორი: იოანე შენგელია   ძვირფასო მკითხველო, მოცემულ სტატიაშ...

ძილის დამბლა: მიზეზები, სიმპტომები და როგორ შევაჩეროთ ისინი


მთარგმნელი: ნინა ფხაკაძე წყარო რა არის ძილის დამბლა? ძილის დამ...

გუგლის კვანტური აღმოჩენა, რომელსაც ინფორმატიკის შეცვლა შეუძლია


მთარგმნელი: ირაკლი კანდელაკი წყარო: The New York Times ოთხშაბათ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff