ტრანსკრიბცია სადჰგურუს ლექციიდან
მთარგმნელი: მამუკა გურული
ჩვენს დროში რელიგია მეტწილად რწმენების ერთგვარ ნაკრებად იქცა... რატომ გაჩნდა რწმენა? რატომ გაქვთ რაღაცის რწმენა? იმიტომ რომ არ შეგიძლიათ აღიაროთ, რომ ამდენი რამე არ იცით ცხოვრებაში. ეს ისეთი გრძნობაა, თითქოს რაღაც იცით. როგორც კი რაღაცის რწმენა გიჩნდებათ, მაშინვე კონფლიქტში მოდიხართ ყველაფერთან, რაც კი არსებობს.
მაგალითად, მე მჯერა, რომ ჩემს ღმერთს ხელები არ აქვს. თქვენ გჯერათ, რომ თქვენსას ის ოთხი აქვს. ჩვენ კარგი მეგობრები ვართ, მეზობლად ვცხოვრობთ, ერთმანეთს ძმებს ვეძახით, და აი ღმერთისადმი თქვენი სიყვარულის გამო გადაწყვიტეთ მისი უზარმაზარი ქანდაკება დაგედგათ ჩიკაგოში. 34 მეტრიან ქანდაკებას დგავთ ოთხი ხელით. გეჩვენებათ, რომ ოთხი ხელით ის უბრალოდ მშვენიერია, ჩემთვის კი ეს მკრეხელობაა. მე ხომ ვიცი, რომ სინამდვილეში ღმერთს ხელები არ აქვს, ეს ოთხი ხელი საშინლად გამოიყურება, შენ კი ჩემი ძმა ხარ და ისეთ უმეცრებაში ხარ, ღმერთს რომ ხელებს აკერებ. და აი, ღამით მივდივარ და ვაშორებ ხელებს, ამ საშინელ და უსარგებლო ხელებს, და მეორე დღეს უცილობლად გახდებით იმის მოწმენი, თუ როგორ დასრულდა ჩვენი ძმური კავშირი. ჩვენ ერთმანეთს მოვკლავთ, სახლებს გადავუწვავთ, ასე არაა? მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ ერთის გჯერათ,სხვას კი მეორის.
ადამიანები ყოველთვის ცდილობენ, რომ ყველა კონფლიქტი სიკეთის და ბოროტების ბრძოლად წარმოაჩინონ, მაგრამ ეს ასე არაა. საქმე ყოველთვის იმაშია, თუ რისი სჯერა ერთს და რისი სჯერა მეორეს. და ასეა მუდმივად: თქვენ ერთი სისულელის გჯერათ, მეორეს კი მეორის - და მიდის უთავბოლო ბრძოლა.
მაგრამ ასე არ დაწყებულა ყველაფერი. ყველა რელიგია იწყებოდა, როგორც სულიერებისკენ მიმავალი გზა, და დროთა განმავლობაში ისინი დაამახინჯეს. ეს გარდუვალი იყო. ასეთი რამ დროთა განმავლობაში ნებისმიერ მსოფლმხედველობას ემართება. ადამიანები ყველაფერს გადააკეთებენ ხოლმე თავიანთი ცრუ წარმოდგენების თანახმად, და რაღაც დროის შემდეგ იგი იმდენად ბრიყვულ ფორმას იღებს, რომ კითხვა გიჩნდებათ: საერთოდ რა საჭიროა ეს ყველაფერი? სწორედ ასეთი კითხვა ჩნდება: რა საჭიროა?
ტაძრების და ეკლესიების დანგრევა ვერ მოაგვარებს პრობლემას, რადგან ისინი იაფფასიანი ფსიქიატრის როლს მაინც ასრულებენ. ისინი ადამიანებს ამშვიდებენ. თუნდაც ეს სრული უაზრობა იყოს, ის მაინც ამშვიდებს. ადამიანები დაბნეულები არიან: „არ იდარდოთ, ღმერთი იზრუნებს თქვენზე“. ეს თავდაჯერებას გმატებთ: „ღმერთი ჩემთანაა“. ადამინები ალას პოულობენ და ცხოვრებას იუმჯობესებენ. მსგავსი რამ ბევრს დამართნია. მათთვის, ვინც ყოველთვის შვებას ეძებს ცხოვრებაში, ეს გამოდგება. მაგრამ მათთვის, ვისაც შეზღუდვების გადალახვა სურს, მთელი ის სისულელე, რაზეც ვსაუბრობდი, მნიშვნელობას კარგავს. თუ უბრალოდ გინდა, რომ გაძლებაზე იცხოვროთ და ერთ მშვეიერ დღეს მოკვდეთ, იპოვეთ რამე, რისი რწმენაც გექნებათ. გააკეთეთ ისე, როგორც უმეტესობა აკეთებს, ასე უფრო მოსახერხებელია. უმცირესობაში ყოფნა პრობლემურია. შეუერთდით უმრავლესობას, დაიჯერეთ რამე სისულელე და ეს ზედაპირზე გამყოფებთ. ეს ვერ დაგაკმაყოფილებთ, მაგრამ გადარჩენაში დაგეხმარებათ.
ასე რომ ამ ყველაფრის დანგრევა ვერ მოაგვარებს პრობლემას. აქ ცალსახად ცვლილებებია საჭირო. ახლა ამან სრულიად სულელური ფორმები მიიღო. ზოგჯერ ისე ხდება, რომ წარმოუდგენელ სისულელეს ეჩეხები. ცვლილებები საჭიროა. მაგრამ ისინი ხომ ღმერთის რჩეული ადამიანები არიან, თავადაც გესმით, მათი შეცვლა შეუძლებელია. მაგრამ ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია გავაკეთოთ ერთი რამ. მსოფლიოში ჯერ არ ყოფილა ისეთი დრო, რომ შესაძლებელი ყოფილიყო ერთდროულად მოგვეგვარებინა ყველა პრობლემა. შესაძლებელია მხოლოდ გადაწყვეტილების მოძებნა, როცა ვიღაც პრობლემას ქმნის. ჩვენ უბრალოდ გვჭირდება, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი განეწყოს პრობლემის გადაჭრისკენ და არა მისი შექმნისკენ. ჯერ-ჯერობით ისინი, ვინც პრობლემებს ქმნიან, მეტნი არიან. ჩვენ უნდა გავამრავლოთ იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც გონივრულ გადაწყვეტებს ეძებენ. ამგვარად მსოფლიოში რარაც წონასწორობა დადგება. და არ იოცნებოთ მსოფლიოზე, სადაც სირთულეები არაა და ყველაფერი იდეალურია. ეს ბრიყვებიოს სამოთხეა. ასეთი რამ არასოდეს მოხდება. ეს იქნება უსასრულო სამუაო წონასწორობის შენარჩუნებისთვის, რათა მსოფლიო მთლიანად არ შეიშალოს.
ამგვარად, თუ რელიგია შუღლს წარმოშობს მსოფლიოში, ამას კი იგი უეჭველად აკეთებს, ეს იმიტომ ხდება, რომ ადამიანები რაღაც რწმენების ნაკრებს იღებენ საკუთარ თავზე და ფიქრობენ, რომ საკმარისია, არ არსებობს არაფერი ჩემს რწმენაზე მაღლა. ყველა, ვინც ამ რწმენას არ მიეკუთვნება, უნდა ვიხსნათ, თორემ კარგი დღე არ დაადგებათ. ბუნებრივია, ამას კონფლიქტებისკენ მივყავართ. ადამიანები საუბრობენ ერთიან მსოფლიო რელიგიაზე. მე ასე არ ვთვლი. მე ვთვლი, რომ მსოფლიოში შვიდი მილიარდი რელიგია უნდა იყოს - ყველასთვის საკუთარი, რადგან ეს სანუკვარი რამაა, რაც ჩვენს შიგნითაა. არაა საჭირო ქუჩებში გამოსვლა და მისი ორგანიზების მცდელობა. ეს ისაა, რასაც ყველა თავის თავში აპრაქტიკებს. რელიგია - ესაა მოძრაობა შიგნითკენ. მასზე არაა საჭირო ქუჩაში ყვირილი ან მიკროფონში ლაპარაკი. ამრიგად, როცა რეიგიურობა დელიკატური ხდება, ის მშვენიერია, მაგრამ დღეისთვის ამან მახინჯი ფორმები მიიღო