საკუთარი თავის ცოდნა; შიგნით და გარეთ

Admin
სადჰგურუ
0
0

ტრანსკრიბცია სადჰგურუს ვიდეოდან მთარგმნელი: ლიკა მარღანია კითხვასთან დაკავშირებით, თუ როგორ უ...

inside

ტრანსკრიბცია სადჰგურუს ვიდეოდან

მთარგმნელი: ლიკა მარღანია

კითხვასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მივიქცეთ შიგნით, ანუ შევიმეცნოთ ჩვენი შინაგანი (სამყარო), სადჰგურუ კითხულობს: და ვიცით თუ არა, საერთოდ, რა არის ჩვენს შიგნით, ან ჩვენს გარეთ? ამის გასაგებად, - განმარტავს იგი, - პირველი, რაც უნდა მოვიმოქმედოთ, არის შემდეგი: გადავდოთ გვერდზე ყველაფერი ის, რაც არ ვიცით და ყურადღება მივმართოთ აღქმის სიცხადისკენ.

სრული ტრანსკრიბცია:

კითხვა: ხშირად ვუყურებ თქვენს ვიდეოებს YouTube-ზე, და ახლა, პირველად მომეცა საშუალება პირადად გისმინოთ. ერთი საბაზისო შეკითხვა მაქვს, რომელზე პასუხიც, ვფიქრობ, ყველასთვის, ვინც აქ იმყოფება, საინტერესო უნდა იყოს. ბევრი საუბრობს, მოგეხსენებათ, საკუთარი თავის შეცნობაზე და პირველი აუცილებელი ნაბიჯი სწორედ ჩვენი გულისყურის შიგნით მიმართვაა, ამისთვის ასევე, კარგი საშუალებაა მედიტაცია და როდესაც მე ვცდილობ...

სადჰგურუ: ძალიან გთხოვთ (იცინის), მე არ ვიცი... მე არასოდეს მითქვამს მსგავსი რამ. არ ვიცი, ვინ გყავთ მხედველობაში, როცა ამბობთ, რომ ბევრი საუბრობს ამაზე (სიცილი).

კითხვა: კარგით, მაშინ გვითხარით, როგორ უნდა მივიქცეთ შიგნით?

ვინიტა ბალი: აი, ეს კი კითხვაა (სიცილი).

სადჰგურუ: სად შიგნით? თქვენ უკვე ხართ ამ დარბაზში (სიცილი). რის შიგნით?

კითხვა: ჩვენს საკუთარ თავში.

სადჰგურუ: ოჰჰჰ (იცინის)!

კითხვა: კარგით, თუ მართალია ის, რომ პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, რომ მივიღოთ პასუხები ყველა შეკითხვაზე, თუ ჩვენს საკუთარ თავში ჩაღრმავებაა პასუხი, მაშინ, გვითხარით, როგორ უნდა გავაკეთოთ ეს?

სადჰგურუ: პირველ რიგში, თქვენ უნდა გაიგოთ, თუ რა არის ‘შიგნით’ და რა არის ‘გარეთ’. თუ თქვენ არ გაქვთ წარმოდგენა იმაზე, თუ რას ნიშნავს ‘შიგნით’ და ‘გარეთ’, მაშინ შესაძლოა არასწორ პასუხებთან მიხვიდეთ. ახლა კი, მართლაც რას ნიშნავს ‘შიგნით’? ეს არის თქვენი სხეული - გარკვეული დროის მანძილზე აკუმულირებული, ასე არ არის? ჰო, თუ არა? თქვენ მოგმართავთ...

დამსწრენი: დიახ.

სადჰგურუ: ის, რის აკუმულირებასაც მოახდენთ, თქვენია, მაგრამ ეს ვერ იქნებით თქვენ. გასაგებად ვამბობ?

დამსწრენი: დიახ.

სადჰგურუ: როგორც არ უნდა იყოს. ის, რისი აკუმულირებაც მოახდინეთ, შეიძლება იყოს ‘თქვენი’, მაგრამ ეს ‘თქვენ’ ვერ იქნებით. ასე რომ, ეს სხეული წარმოადგენს გარკვეულ აკუმულირებას. რასაც თქვენ უწოდებთ თქვენს გონებას, რა არის ეს? მთელი მისი შიგთავსი იმის აკუმულირებაა, რაც თქვენ თავს გადაგხდენიათ თქვენი ცხოვრების მანძილზე. ასე რომ, თქვენი სხეული საკვების გროვაა, დიდია ის, თუ მცირე. თქვენი გონება - შთაბეჭდილებების გროვაა, ისევ, დიდი, ან მცირე. ამ ორ გროვას შორის, მითხარით, გეთაყვა, თქვენ სადღა ხართ?

‘შიგნით’, ‘გარეთ’ - დაივიწყეთ ეს სიტყვები, რადგან როცა მათ სხვადასხვა ენაზე გამოთქვამთ, იმდენნაირი ინტერპრეტაცია შეიძლება გაჩნდეს ამ ტერმინების, შესაძლოა სხვა ადამიანებმა სხვა გაგებით გამოიყენონ ეს სიტყვები და ჩვენ ვერ მივხვდებით, თუ რა კონტექსტს გულისხმობდნენ. თქვენ კი ყველა ერთ ქვაბში ’ჩაყარეთ’ და თქვით, რომ „ყველა ასე ამბობს“. მე არ ვიცი, ვინ არიან ეს ‘ყველა’. სხვადასხვა ადამიანები სხვადასხვა მეთოდს იყენებენ გარშემო, აკვირდებიან ადამიანებს თავის გარშემო, ფიქრობენ, რა არის ყველაზე მისაღები ადამიანებისთვის მათ გარშემო, შესაბამისად, სავარაუდოა, რომ მათთვის სწორედ ამ გზით იმუშავებს ეს სიტყვები. თუ საქმე გვაქვს ჭეშმარიტ, გულწრფელ ადამიანებთან, ისინი იურთიერთებენ გარშემო მყოფ ადამიანებთან და არა საიდანღაც მოტანილ კონცეფციებთან.
როგორ.... ავიღოთ ერთი ინდივიდუალური პიროვნება, თქვენ მოიქცევით ისე, როგორც ამას საჭიროდ ჩათვლით სწორედ ამ ადამიანთან მიმართებაში. ის, რასაც თქვენ აკეთებთ ამ ადამიანთან მიმართებაში, შეიძლება გამოუსადეგარი იყოს სხვა ადამიანთან მიმართებაში, რაღაც სხვა გზა უნდა მონახოთ, მაგრამ თქვენ ძალიან განზოგადებულად მსჯელობთ კრებსით ‘შინაგანზე’ და ‘გარეგანზე’. მოდით, პირველ რიგში, განვსაზღვროთ, რა არის ‘შიგნით’ და რა ‘გარეთ’. ამ წუთას ყველაფერი ‘გარეთაა’. სამყარო ‘გარეთაა’, სხეულიც გარე მატერიაა, ყველაფერი, რაც ჩვენს გონებაშია, ასევე ‘გარეთაა’, მაშ რაღა არის ‘შიგნით’, რაზე ვსაუბრობთ? შეიძლება პირველი, რასაც მეტყვით, არის ატმა, პარამატმა, სამშვინველი, აი, ეს. აქედან კი რწმენის სისტემაში ხვდებით. თქვენ არ იცით! იცით, რომ გაგაჩნიათ სხეული, ხომ ასეა? გეკითხებით.

დამსწრენი: დიახ.

სადჰგურუ: ახლა კი, დარწმუნდით, რომ თქვენს გვერდზე მჯდომსაც გააჩნია იგი (სიცილი). მაშ ასე, თქვენ იცით, რომ გაგაჩნიათ სხეული, თქვენ გჯერათ, რომ გაგაჩნიათ გონება (სიცილი). თუმცა, გარკვეული გაგებით, სხვა დანარჩენი რწმენის საკითხია. ჰო, თუ არა?

ვინიტა ბალი: დიახ.

სადჰგურუ: მე არ გეკითხებით, ეს სწორია, თუ მცდარია, მოდით, ამას თავი დავანებოთ, მაგრამ ეს რწმენაა, თქვენ ჯერ არ გაქვთ ასეთი გამოცდილება. თუკი რამეზე საუბრობთ, რაც ჯერ არ გამოგიცდიათ, უხეშად რომ ვთქვათ, თქვენ უბრალოდ იტყუებით, ეს არის სიმართლე. მაგრამ, რადგან ტყუილი წმინდაა, ტყუილი წერია შრომებში, ამ ტყუილს იმეორებენ სხვადასხვა ადამიანები, რომლებიც სხვადასხვანაირად არიან ჩაცმულები და რომლებიც, როგორც მიჩნეულია, წმინდა ადამიანები უნდა იყვნენ, თუმცა ეს სასაცილოა. სწორედ ამის გამო, თქვენ არ უნდა დააყენოთ ეჭვს ქვეშ ეს სიტყვები. სადაც არ უნდა წავიდე, პირველი, რასაც ადამიანები მეუბნებიან არის შემდეგი: „სადჰგურუ, რას გვეტყვი სამშვინველზე“? მე ვეკითხები მათ, „რომელზე, მარჯვენაზე, თუ მარცხენაზე?“ (სიტყვების თამაში: სამშვინველი Soul - გამოითქმის ისევე, როგორც ფეხსაცმლის ლანჩა - Sole- მთარგმნელი) (სიცილი/ტაში). ჰოდა, ამიტომ, მოდით... მოდით, ნუ ვილაპარაკებთ იმაზე, რაც არ გამოგვიცდია ამა თუ იმ დონეზე, თქვენი გონება ხომ გარკვეულწილად თქვენს გამოცდილებას მოიცავს, ხოლო დანარჩენი არ იცით, თუმცა შეგვიძლია ვივარაუდოთ. თუკი მე მოვახერხე ამხელა სხეულის აკუმულირება, თუკი მე მოვახერხე ამხელა გონების აკუმულირება, უნდა არსებობდეს რაღაც უფრო ფუნდამენტური, არა? რაღაც ბევრად უფრო ფუნდამენტური უნდა არსებობდეს, მაგრამ ჩვენ არ ვიცით, რა არის ეს. ამ ჯერზე, მოდით დავარქვათ ამას ‘თქვენ’. როგორ ჩაუღრმავდებით საკუთარ თავს, გეკითხებით თქვენ (სიცილი)? თქვენ შეგიძლიათ შემოხვიდეთ ამ დარბაზში, თქვენ შეგიძლიათ გახვიდეთ ამ დარბაზიდან. მაგრამ, როგორ უნდა ‘შეხვიდეთ’ საკუთარ თავში? გეკითხებით.

მოდით, დავივიწყოთ, ეს არ არის სწორი გზა. თქვენ სწორედ ასე ფიქრობთ. მოდით, ყველაფერი ის, რაც თქვენ არ ხართ, გვერდზე გადადეთ. აი, თუნდაც, დღეს, ვიდრე დაიძინებდეთ, გაწიეთ განზე ყველაფერი ის, რაც თქვენ არ ხართ. შესაძლოა, ის ‘ყველაფერი’ თქვენთვის ძალიან ძვირფასია. თქვენ დაფიქრდებით, ალბათ, ეს თქვენი სახლია, მაგრამ ეს ხომ თქვენ არ ხართ? „ოჰჰ! ჩემი სახლი“ (სიცილი). გასაგებია, თქვენ ძალიან გეძვირფასებათ იგი, მაგრამ მაინც, გაწიეთ განზე. თქვენი ქმარი, ეს თქვენ ხართ? არა, ეს ადვილია - „ის მე არ ვარ“ (სიცილი/ტაში). ჩემი შვილები...ისინი...ეს მე ვარ? ოჰ, ცოტა უფრო რთულია, მაგრამ, არა (სიცილი), ეს მე არ ვარ. ისინი გელაპარაკებიან - თუ მათი რიცხვი თორმეტია, მათ ეს უკვე გითხრეს (სიცილი). მაშ, განვაგრძოთ, აი, ტანსაცმელი, რომელიც გმოსავთ, ეს თქვენ ხართ? არა. სხეული, რომელიც გაგაჩნიათ, ეს თქვენ ხართ? არა. ყველა ფიქრი და ემოცია, რაც გაგაჩნიათ, ეს თქვენ ხართ? არა. ეს ყველაფერი, რაც თქვენ არ ხართ, აიღეთ და ცალკე გადადეთ, ფიზიკურად კი არა, მენტალურად. გადადეთ ეს ყველაფერი გვერდზე, დამანახეთ. ყოველდღე, თქვენ გააკეთებთ ამას. და ერთ მშვენიერ დღეს, როდესაც თქვენ წარმატებით გაწევთ განზე იმ ყველაფერს, რაც თქვენ არ ხართ, დარჩება ის, რაც თქვენ ხართ (ტაში). ჩვენ ძალიან ბევრი აზრი გვაქვს იმასთან დაკავშირებით, რაც არ გვინახავს, ეს დიდი პრობლემაა. ერთხელ, შანკარან პილაი ეწვია ბრიტანულ (სიცილი/ტაში)... შეიძლება, მოგიყვეთ...?

ვინიტა ბალი: თქვენ გიყვართ ისტორიების მოყოლა, რა თქმა უნდა, დიახ.

სადჰგურუ: მოკლედ, შანკარან პილაი მივიდა Britannia Industries-ში (სიცილი) სამსახურის მოსაძებნად, რომ სამსახური ეშოვა. ისინი ეძებდნენ ნიჭიერ, საზრიან გაყიდვების მენეჯერს. გასაუბრებაზე მათ ერთი კითხვა დაუსვეს, „რა უფრო შორსაა, მუმბაი თუ მთვარე?“ შანკარან პილაი დაფიქრდა და უპასუხა, „მუმბაი“. მათ გაიკვირვეს, როგორ, „მუმბაი უფრო შორსაა, ვიდრე მთვარე?“. მან დაბეჯითებით თქვა - „დიახ“. კი მაგრამ, „როგორ?“ კარგით, აგიხსნით, „მე შემიძლია დავინახო მთვარე, მაგრამ მე ვერ დავინახავ მუმბაის“ (სიცილი/ტაში). ამით იმის თქმა მსურს, რომ თუ თქვენ ენდობით თქვენს პირდაპირ აღქმას, აუცილებლად მცდარ დასკვნებს გამოიტანთ. ასე რომ, მოდით, ნუ იჩქარებთ დასკვნების გამოტანას. მოდით, ამას ცოტა მეტი ყურადღებით მოვეკიდოთ. თქვენი ცხოვრება იმსახურებს ამ ყურადღებას, ასე არ არის? ნუ ისწრაფით მიიპყროთ სხვა ადამიანების ყურადღება (სიცილი). მთელი თქვენი ყურადღება მიაპყარით თქვენს საკუთარ ცხოვრებას, ის ხომ ამას იმსახურებს, ასე არ არის? თქვენს საკუთარ თავს დაუთმეთ ყურადღება. თუ საკმარის ყურადღებას დაუთმობთ, ყველაფერს მიხვდებით. ყველაფერს, რასაც მეკითხებით თქვენს შესახებ. თუკი მე გეტყვით, რა გაქვთ თქვენ? თქვენ გაქვთ უფრო მეტი სიტყვები. მეტი სიტყვები გაქვთ, რომლებიც ოდნავადაც ვერ მიგაახლოვებენ ჭეშმარიტებასთან. ერთით მეტი სიტყვა, ან ათით მეტი სიტყვა თქვენ ვერ მიგიყვანთ უფრო ახლოს რეალობასთან, უბრალოდ, მეტი სიტყვები გექნებათ სხვებისთვის სათქმელად. ამგვარი მოარული აზრები გავრცელებულია მთელ მსოფლიოში. ყველამ იცის, სად არის ღმერთი, ვინ არის მისი ცოლი, რამდენი შვილი ჰყავს, როდის აქვს დაბადების დღე, თავისი მისამართი. ყველა საგალობელში ადამიანები მღერიან, თუ სად არის იგი (ღმერთი), და როგორ უნდა მივეახლოთ მას, თუმცა, საერთოდ არაფერი იციან საკუთარი თავის შესახებ. ამგვარი, როგორ ვთქვა, ძალიან ‘ყოვლისმცოდნე’ უგუნურება ძალიან საშიშია (სიცილი), იცით? თუ თქვენ არ იცით, ეს არ არის პრობლემა. როცა მე ვხედავ, რომ „არ ვიცი“, იქ ყოველთვის არის შესაძლებლობა, რომ გავიგო, მივიღო ეს ცოდნა, ასე არ არის? მაგრამ, თუკი მე არ ვიცი და მგონია, რომ ვიცი, ამით ყველა შესაძლებლობას ძირშივე ვანადგურებ. მაშ ასე, ჩვენ შევეხეთ უამრავ საკითხს, რაც ვიცით...ნებისმიერ კულტურაში არსებობს ‘ცოდნა’ ღმერთის ბუნების შესახებ, სად არის ღმერთი, როგორია მისი გარემოცვა და საქმიანობა, ასე არ არის? ჰმმ, თქვენ... ყველამ იცის სად არის სასუფეველი, ხომ ასეა? თქვენც იცით, არა? მაგრამ, ისევ, თქვენ საერთოდ არაფერი იცით საკუთარი თავის შესახებ. დროა, დროა, რომ ამას ყურადღება დავუთმოთ, რადგან ყველაფერი, რაც იცით, თქვენ იცით მხოლოდ იმგვარად, როგორც ეს აღბეჭდილია თქვენს გონებაში. სხვანაირად, თქვენ არაფერი არ გეცოდინებოდათ. ჰო, თუ არა?

დამსწრენი: დიახ.

სადჰგურუ: მაშ ასე, რაც თქვენ უნდა გამოასწოროთ, არის ეს - თქვენ ყველაფერს ხედავთ თქვენი გონების სარკეში, ხოლო სარკე მრუდეა. პირველ რიგში, გამოსაწორეთ ეს, პირველ რიგში გახადეთ იგი სწორი, ბრტყელი, გლუვი, ისე, რომ ყველაფერი მასში დაინახოთ სწორედ ისეთად, როგორიც ის სინამდვილეშია. გაჩვენებთ თუ არა კარგი სარკე ყველაფერს ისე, როგორც არის? ყველაფერი პირიქითაა, ხომ გესმით? თქვენ ის უნდა ამოატრიალოთ, ამას კი ცოტა მეტი მოხერხება უნდა, ზოგი ‘ბლინსაც’ კი ვერ ატრიალებს ტაფაზე (სიცილი). ახლა კი...ამოატრიალეთ მთელი სამყარო, მთელი ცხოვრება, რომელიც აღბეჭდილია თქვენს გონებაში. ფრთხილად ამოტრიალება, ისე, რომ მთელი არ დაიფანტოს ნაწილებად, მეტ ძალისხმევას მოითხოვს. თუმცა, პირველ რიგში, უნდა გააკეთოთ ისე, რომ სარკემ ყველაფერი ზუსტად ისე გაჩვენოთ, როგორც რეალობაშია, და არა სხვაგვარად. ამ წუთას, ყველაფერს სწორედ ისე ვხედავთ, რანდენადაც ჩვენ ვახდენთ ჩვენი თავის იდენტიფიცირებას ამ საგანთან, თუ მოვლენასთან მიმართებაში. ნებიმიერი იდენტიფიკაცია ‘ამახინჯებს’ თქვენი გონების სარკეს და ის გიჩვენებთ თქვენ საგნებს და მოვლენებს აბსოლუტურად სხვა ფორმით, ვიდრე სინამდვილეშია. პირველი, რაც უნდა გააკეთოთ, შეწყვიტეთ იმ საკითხებზე საუბარი, რაც არ იცით - სამშვინველზე, ატმანზე, პარამატმაზე, ღმერთზე, ღვთიურზე, სასუფეველზე - ისაუბრეთ იმაზე, რაც იცით და მოლოდინი და მზაობა შემდეგი ნაბიჯის გადასადგმელად უფრო ნათლად გამოჩნდება. სხვა შემთხვევაში, თუკი თქვენ ისედაც იცით სასუფევლის ადგილსამყოფელი, დარჩა კიდევ რამე, რაც თქვენი ყურადღების ღირსია?

მსგავსი სტატიები

სადჰგურუ - ქორწინების შესახებ


ტრანსკრიბცია სადჰგურუს ვიდეოდან მთარგმნელი: გვანცა მოდებაძე მსო...

რელიგიების შესახებ


ტრანსკრიბცია სადჰგურუს ლექციიდან მთარგმნელი: მამუკა გურული ჩვენ...

სადჰგურუ - ხუთი ელემენტის შესახებ...


მთარგმნელი: ლიკა მარღანია წყარო როდესაც ადი-იოგი გადასცემდა ამ ...

როგორ ვიცხოვროთ ბედნიერად?


ტრანსკრიბცია სადჰგურუს ვიდეოდან მთარგმნელი: გუგა გეგეჭკორი სადჰ...

სადჰგურუ ეკადაშის შესახებ


ტრანსკრიბცია სადჰგურუს ვიდეოდან მთარგმნელი: თეონა ნაცვლიშვილი (...

როგორ ვებრძოლოთ კიბოს


ტრანსკრიბცია სადჰგურუს ვიდეოდან მთარგმნელი: თეონა ნაცვლიშვილი შ...

ტკივილი, მაგრამ არა ტანჯვა


სადჰგურუს წიგნიდან - "შინაგანი ინჟინერია" მთარგმნელი: მამუკა გურ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff