ბეოვულფი

Admin
ხელოვნება
0
0

ავტორი: მეკო გელაშვილი

„ბეოვულფს“ - ძველ ინგლისურ ენაზე დაწერილ უდიდეს და უმნიშვნელოვანეს, უძველეს ანგლო-საქსურ ეპიკურ პოემას დიდი გავლენა ჰქონდა ტოლკინის შემოქმედებაზე. გარდა ამისა, ტოლკინს, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ფილოლოგს „ბეოვულფი“ ძველი ინგლისურიდან აქვს თანამედროვე ინგლისურ ენაზე ნათარგმნი. მიუხედავად იმისა, რომ ამ პოემის უამრავი თარგმანი არსებობს, კითხვის მოყვარული საზოგადოება დიდ მადლიერებას გამოხატავს ტოლკინის მიმართ ამ დიდი საგანძურის დატოვებისთვის. მისი თარგმანი რამდენიმე წლის წინ წიგნად გამოსცა ჯონ რონალდ რუელ ტოლკინის შვილმა, კრისტოფერ ტოლკინმა. ტოლკინი თავადვე ამბობდა, რომ გმირი ბეოვულფისა და ურჩხული გრენდელის ისტორიამ დიდი შთაბეჭდილება დატოვა მასზე და ეს ისტორია ბიძგიც კი იყო, რომ მას „ლეგენდარიუმი“ (ტოლკინის ყველა ისტორიისა და ნაწარმოების თავმოყრა, მისი სამყარო) შეექმნა.

შეუძლებელია ამ უმნიშვნელოვანეს პოემაზე ერთ პოსტში ისაუბრო, თუმცა, მოკლედ მოვყვები. „ბეოვულფი“ თავისი შინაარსითა და საზრისით „ბოროტსა სძლია კეთილმან“ ხასიათის კლასიკური ნამუშევარია. ქვეყანა გასაჭირშია, თავს ესხმის ურჩხული და დასახმარებლად ჩნდება რაინდი, რომელმაც თავის თავზე უნდა იტვირთოს ურჩხულის შემზარავი თავდასხმის მოგერიება. მონსტრი კვდება რაინდი ბეოვულფის ხელით და ამ გამარჯვების ნიშნად, ურჩხულის მოგლეჯილი ტორი ბეოვულფის წინ ეცემა, თავად ეს არსება კი თავის გამოქვაბულში იკარგება დაჭრილი. დაისადგურა მშვიდობამ და ყველაფერი კარგადაა, თუმცა, გრენდელის პირსისხლიან დედას შურისძიება სწყურია. ბოროტების წიაღში გაჩენილი პირმშოს მშობელი, რომელსაც სიბნელის დაუშრეტელი წყურვილი აქვს. ბეოვულფი მიაგნებს გრენდელის დედას, ადგილზევე კლავს და, პარალელურად, რწმუნდება იმაში, რომ გრენდელი ნამდვილად მკვდარია. მესამე და კულმინაციური ბრძოლა იმართება მაშინ, როცა ბეოვულფი უკვე ხანშიშესულია. გამოჩნდა საგანძურის მეპატრონე შემზარავი დრაკონი, რომელიც ქვეყანას აწიოკებს. ბეოვულფი მიაგნებს დრაკონის სამფლობელოს, მასაც მოკლავს, თუმცა, თავადაც სასიკვდილოდ დაიჭრება. პოემა სრულდება მეფე ბეოვულფის დაკრძალვით და მასთან გამომშვიდობებით.

ტოლკინმა შექმნა მითოლოგია და მასში გააღვიძა გმირები, რომელთა ქმედებებიც დროის ყველა მონაკვეთში აქტუალურია. ესაა სიყვარულზე, მეგობრობაზე, ერთგულებაზე დაშენებული ისტორია. მსგავსი ნაწარმოებების მთავარი გმირები არიან რაინდები, რომლებმაც აუცილებლად უნდა გაიმარჯვონ. აქ, ისევე როგორც ტოლკინთან, ისევე როგორც შოთა რუსთაველთან, ბოროტება ის მოცემულობაა, რომელიც სიკვდილის ტოლფასია. ან ბოროტება მარცხდება, ან ის გამარცხებს თავად შენ. რაინდმა აუცილებლად უნდა გაიმარჯვოს, რადგან ბრძოლის წამოწყების მიზანი ჭეშმარიტი, ნათელი საწყისია და მხოლოდ და მხოლოდ სიკეთეს ემსახურება. ტარიელი ვერაფერმა ვერ უნდა დაამარცხოს. „ვეფხისტყაოსანში“ ტარიელმა დევების დაპატრონებულ გამოქვაბულში, იმ არეალში, სადაც სიცარიელე ბოროტებას აქვს ამოვსებული სიკეთე უნდა შეიტანოს და იქ დაბინავდეს. ტარიელმა ბოროტების მახვილით დაძრულ მრავალკაციან ჯგუფში მარტომ უნდა გაილაშქროს და გაიმარჯვოს. რატომ? იმიტომ, რომ ის ეძებს ნესტან-დარეჯანს, რომელიც არამხოლოდ ტარიელისთვისაა ძვირფასი, არამედ, თავად სამყაროს სინათლეა. ქვეყანა მოკვდა, ქვეყანა დაუძლურდა, რადგან გარშემო სიბნელეა და გარდაუვალია მისი ვერ ან არდაბრუნება. ტარიელი, არაგორნი და ბეოვულფი უნდა იყვნენ გმირები, რომლებიც ფიზიკურად მიიღებენ დარტყმას, თუმცა, ნაიარევმა მათ სულში ვერ უნდა გაიაროს. მათში არსებული სინდისის ფიალა არც სავსეა და არც ცარიელი, ისინი თავად დაეძებენ ჭეშმარიტებას.

როგორც შოთა რუსთაველთან, ისე ტოლკინთან და ისევე ბეოვულფში, პრობლემა მაშინ იწყება, როცა სამყაროში სიკვდილის ფენომენი ჩნდება. მაშინ, როცა სიცოცხლის ხე დათმეს ადამიანებმა და მიწაზე ჩამოვიდნენ. სამყარო ორი ხაზით, აბელისა და კაენის ხაზით განვითარდა. ერთმა უნდა დათესოს, მეორემ ააოხროს. ერთმა უნდა გაიმარჯვოს, მეორე დამარცხდეს. ერთს უნდა გაუხარდეს და მეორეს შეშურდეს. კაენმა მოკლა აბელი და გაჩნდა სიკვდილი. ამის შემდეგ, სიცოცხლის ხეს მოშორებულ კაცობრიობას გაუჩნდა საზრუნავი, რომ მუდმივად იარსებებს ბოროტება, რომელსაც უნდა შეებრძოლო. ტოლკინისეული სამყაროდან გამოძევებაც ძმათაკვლით იწყება. ამპარტავანი ფეანორი თმობს ედემის ბაღს, კლავს თანამოძმეებს და ტოვებს სამოთხეს. ასევე, გოლუმი კლავს ნათესავს და ეუფლება ბეჭედს. გრენდელი, დედამისი და დრაკონი ტოლკინთან მრავალ გმირში ჰპოვებს გამოძახილს. გრენდელის პროტოტიპია მორგოთი, საურონი, ბალროგი, კარხაროთი, აზოგი და სხვა. გრენდელის დედა ცოცხლდება ორ გმირში, უნგოლიანტი და შელობი. ხოლო დრაკონი ტოლკინთანაც დრაკონის სახითაა წარმოდგენილი და ჰქვია სმაუგი, რომელიც ქვეყნიერებას აოხრებს და ფლობს საგანძურს. ბეოვულფია ყველა ის გმირი, რომელიც ბოროტებას ებრძვის ტოლკინთან და ასეთი გმირი იმდენია, ჩამოთვლა გამიჭირდება, რამდენიმე მაგალითი - არაგორნი, გენდალფი, ელრონდი, გალადრიელი, ბერენი, ლუთიენი, ფროდო, სემი, გლორფინდელი, ფინგოლფინი, ფინროდი და ასე შემდეგ.

ბეოვულფი ისეთივე ზეადამიანია, როგორც გილგამეში, ზიგფრიდი, ტარიელი და ავთანდილი. ბეოვულფი თავად უნდა ეწვიოს ჰადესის სამფლობელოს, წყვდიადით მოცულ გარემოს, გამოქვაბულს და იქვე, იმავე არეალში დაამარცხოს გრენდელი. ისევე, როგორც ქაჯეთის ციხეს უნდა ეწვიოს ტარიელი, ავთანდილი და ფრიდონი, რათა ბოროტება დამარცხდეს და დაგუბებულმა, გაჩუმებულმა სამყარომ სუნთქვა დაიწყოს. ტარიელს და ბეოვულფს არ სჭირდებათ იარაღი. ტარიელს შეუძლია, ლომისა და ვეფხვის შიშველი ხელით დამარცხება. იგივეს აკეთებს ურჩხულთან მიმართებით ბეოვულფი.

საბოლოოდ, თავისუფლების, ჭეშმარიტებისა და სწორი ღირებულებების მაძიებელი ადამიანი ყოველთვის იმარჯვებს ბნელზე. პოსტს დავასრულებ ტოლკინის ციტატით:

“საგმირო საქმეები, თუნდაც მათ ხოტბა არ შეასხა, ყოველთვის საგმირო საქმეებად დარჩება.” - ტოლკინი, „ბეჭდების მბრძანებელი“.

მსგავსი სტატიები

მარიამ მაგდალელის სახე ლიტერატურასა და ყოველდღიურობაში


 მარიამ მაგდალელს დასავლეთის ეკლესია მეძავად თვლიდა, თუმცა აღმოსავლ...

ნარასიმჰა


ნარასიმჰა - კაცი-ლომი, ინდურ პანთეონში უზენაესი ღვთაების ვიშნუს ერთ...

ლისეტე ალკალდე - როდესაც დედამიწას სხეულით გრძნობ


ავტორი: ანა თოფურიძე ეს საოცარი გოგონა ჩემი ერთ–ერთი აღმოჩენაა, ...

რილკეს ვარდის ძალა


1926 წლის 29 დეკემბერს გარდაიცვალა დიდი ავსტრიელი პოეტი რაინერ მარი...

ვენერა ვერტიკორდია


ჩვ.წ. 114 წელს რომაელებმა სიკვდილით დასაჯეს ვესტას სამი ქურუმი ქალი...

ნესტან-დარეჯანის წერილი ვეფხისტყაოსნიდან და მოცარტის ჯადოსნური ფლეიტის ერთი ეპიზოდი


როცა მოცარტის ოპერაში პრინცი ტამინო გამოცდას გადის პირამიდაში, იქ წ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff