კანონიერია - კვებისთვის მოკვლა?

Admin
ჯანსაღი კვება
0
0

მონაკვეთი მიჰაილ ნაიმის წიგნიდან - "მირდადის წიგნი" მთარგმნელი: მამუკა გურული  როცა შამა...

Hendry County Hunting 1

მონაკვეთი მიჰაილ ნაიმის წიგნიდან - "მირდადის წიგნი"

მთარგმნელი: მამუკა გურული 

როცა შამადამი და ყასაბი წავიდნენ, მაიკაიონმა ჰკითხა ოსტატს:

— და ცხოველთა მოკვლა, მათი ხორცის საჭმელად — კანონის საწინააღმდეგოა?

მირდადი: სიკვდილით კვებით — საკვები ხდები სიკვდილისათვის. და სხვისი ტანჯვის ხარჯზე ცხოვრებით — ნადავლი ხდები ტკივილისათვის. ასე განაგა მან ერთიანი ნებით. იცოდე ეს, და აირჩიე, რა გინდა ჭამო, მაიკაიონ.

მაიკაიონი: მე რომ არჩევანი მქონდეს, ფენიქსივით ვიცხოვრებდი, ცხოველთა და მცენარეთა სურნელებას შევაგროვებდი.

მირდადი: მშვენიერი არჩევანია. დამიჯერე მაიკაიონ, მოვა დღე, როცა შენც არომატით დაიწყებ კვებას, ანუ სულით, და არა ხორცით. შორს არაა ის დღე მათთვის, ვინც ეძებს, ვისაც უნდა - იცოდეს.

მაძიებლებმა ხომ იციან, რომ ხორცი — მხოლოდ ხიდია, უსხეულო ცხოვრებისკენ მიმავალი.
მაძიებლებმა ხომ იციან, რომ უხეში, მატყუარა გრძნობები — მხოლოდ პაწაწინა ფანჯრებია უსასრულოდ წმინდა და მართალი გრძნობების სამყაროში.
მაძიებლებმა ხომ იციან, რომ ხორცი, რომელსაც ნაწილებად გლეჯენ, საბოლოოდ მათი ხორცის ხარჯზე უნდა აღდგეს, და ყოველი დამტვრეული ძვალი მათი საკუთარი ძვლების ხარჯზე აღდგება, დაღვრილი სისხლისთვის კი კვლავაც სისხლით უნდა ვზღოთ. ეს ხომ ხორცის კანონებია.

განთავისუფლდებიან მაძიებელნი ამ კანონთა ტყვეობისგან. უფრო და უფრო ნაკლებ ყურადღებას მიაქცევენ ხორცის მოთხოვნებს, საერთოდ გააუქმებენ, რათა შეამცირონ ვალები ხორცის მიმართ, რომელნიც მათი ტკივილისა და სიკვდილის ვალებია.

თავად შეზღუდავს მაძიებელი საკუთარ თავს, მაშინ როცა ის, ვინც არ ეძებს, სინამდვილეში ელოდება, სხვები როდის აუკრძალავენ. უამრავ რამეს, რასაც ადამიანი კანონიერად თვლის, საკუთარი თავისთვის კანონგარეშედ გამოაცხადებს მაძიებელი.
მაშინ, როცა ზარმაცი რაც შეიძლება მეტს მიიტაცებს, რომ კუჭი და ჯიბეები აივსოს, მაძიებელი მსუბუქად გაივლის თავის გზას და არ დაიმძიმებს ჯიბეებს, და სუფთა იქნება მისი მუცელი ცხოველთა აგონიისა და სისხლისგან.

ის, რასაც არამაძიებელი ნადავლად თვლის, რისკენაც ასე შეგნებულად ისწრაფვის, მაძიებელი სულის სილაღით მოიპოვებს.

მე გეუბნებით თქვენ, თუ ორი უყურებს ყანას, და ერთი მათგანი აფასებს მოსავლის ღირებულებას, ითვლის მონაგარს და წარმოსახვაში ოქროს ხვეტს. ხოლო მეორე თვალებით ხარბად სვამს ყანის სიმწვანეს, ფიქრებში ყოველ ღეროს ჰკოცნის და ყოველ თავთავთან მეგობრობს, მაშინ გეუბნებით თქვენ - მეორეა ყანის კანონიერი პატრონი, პირველი კი მხოლოდ ფულის პატრონია.

მე გეუბნებით თქვენ, თუ ორია სახლში, ერთი მისი პატრონია, მეორე კი - მხოლოდ სტუმარი. და განიხილავს პირველი სახლის ღირებულებას, მის შემადგენლობას, რამდენი დაუჯდა ხალიჩები, ვერცხლის ჭურჭელი, ლამპარნი და სხვა მრავალი. მეორე კი გულით აკურთხებს იმ ხელებს, რომლებმაც ქვა ქვაზე დადეს ამ სახლში, ხალიჩები მოქსოვეს, ჭურჭელი მოჭედეს, ზეთი დაამზადეს, რომელშიც ლამპარში იწვის, და ამაღლდება სულით, ადიდებს რა ამ ყველაფრის შემქმნელ ხელებს. მაშინ გეუბნებით თქვენ, სტუმარი - სახლის პატრონია, პატრონი კი - ცხოველი, რომელიც ამ სახლს ზურგით ატარებს, თვითონ კი შიგნით არ ცხოვრობს.

და თუ ორი მიირთმევს რძეს და აკვირდებიან, როგორ წოვს დედის ჯიქნიდან ბოჩოლა, და ორივე ფიქრობს. ერთი - იმაზე, რომ ნაზი ხბოს ხორცი კარგად მოუხდება სადღესასწაულო მაგიდას შვილის დაბადების დღისთვის. მეორე - რომ ეს ბოჩოლა მისთვის - რძის ძმაა და სიახლოვეს გრძნობს ხბოსთან და მის დედასთან. მაშინ, გეუბნებით თქვენ, რომ ეს უკანასკნელი ჭეშმარიტად გაძღება მისი ხორცით, პირველი კი მოიწამლება.

ბევრი რამით მათგან, რითაც მუცელს ივსებთ, ჯობდა გული აგევსოთ.

ბევრი რამით, რითაც ჯიბეებს ისქელებთ, ჯობდა ცქერით და მოსმენით დამტკბარიყავით, სურნელი გეგრძნოთ.

და ბევრი, რასაც კბილებით ღეჭავთ, ჯობდა ჭკუით დაგეღეჭათ.

რა ცოტა უნდა სხეულს სიცოცხლისთვის. რაც უფრო ნაკლებს აძლევთ მას, მით უფრო მეტს გიბრუნებთ პასუხად.

ჭეშმარიტად, ის მრავალი, რაც საგანძურებსა და კუჭს მიღმაა, უფრო საიმედოდ დაგიცავთ, ვიდრე ის, რაც მათშია გადანახული.

სანამ ისწავლით სურნელით კვებას, აიღეთ ყველაფერი, რაც დაგჭირდებათ, დედა-მიწის გულიდან, მაგრამ ნუ აიღებთ მეტს. მიწა ხომ ასეთი გულიხვი და სტუმართმოყვარეა, თავისი შვილების მიმართ.

მაგრამ რა ქნას დედამიწამ? სად წავიდეს, რომ საკუთარი თავი გამოკვებოს? მიწა თავადაც უნდა იკვებოს. ის - სულაც არაა ღარიბი დიასახლისი. მისი კარი ყოველთვის ღიაა და მისი მაგიდა სანოვაგისგან იზნიქება.

და როგორც მიწა გეპატიჟებათ სტუმრად, და არ გიმალავთ არაფერს, თქვენც ასევე სტუმრად უხმობთ დედამიწას და სიყვარულსა და მადლიერებას გამოთქვამთ.

«ო, დედაო ენით აღუწერელო! როგორც შენ გამიხსენი გული, რათა წყურვილი დამეოკებინა, მეც ასევე გიხსნი გულს, აიღე, რაც გჭირდება!».

და თუ თქვენი სული, რომელსაც მწვერვალისკენ მიჰყავხართ, მიგითითებთ დედამიწის ძღვენით კვებაზე, მაშინ საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, რისი ჭამა შეიძება თქვენთვის და რისი დალევა.

მაგრამ თუ სული მონაწილეობს გადაწყვეტილების მიღებაში, მაშინ გეყოფათ სიბრძნე და სიყვარული, რომ არ წაართვათ დედამიწას მისი შვილები - ყველა ის, ვინც ამ სამყაროში მოვიდა, რათა სიცოცხლის სიხარული, სიკვდილის ტკივილი და დუალობა შეიცნოს. ისინიც ხომ ერთიანობისკენ მიიწევენ, მართალია ნელა, მაგრამ საიმედოდ. და მათი გზა უფრო გრძელია, ვიდრე თქვენი. დააყოვნებთ მათ გზაზე - ისინიც დაგაყოვნებენ თქვენ.

აბიმარი: თუ ჩაფიქრებულია, რომ ადრე თუ გვიან ყველაფერი მთავრდება, რატომ უნდა ვიდარდო, რომ ვიღაცის სიკვდილის მიზეზი გავხდი?

მირდადი: დიახ, შენ მართალი ხარ. ყველა ცოცხალი კვდება, მაგრამ მაინც ვაი მას, ვინც ხელი ასწია ცოცხალზე.

თქვენ ხომ არა მთხოვთ ნარონდას მოკვლას, რადგან იცით, რომ მიყვარს იგი და სისხლის წვეთიც კი არ მწყურია მისი. ასევე არ გთხოვთ ერთიანი ნებაც სხვა ადამიანის ან ცხოველის მოკვლას, თუკი არ ჩაგთვლით მკვლელობისთვის გამოსადეგ იარაღად.

რადგანაც ადამიანი ისეთია, როგორიც გახლავთ, ამ ქვეყნად იქნებიან ყაჩაღებიც, და ქურდებიც, ტყულიც, და ჭორიც, ომებიც, და მკვლელობებიც, ყველანაირი შავბნელი ვნებანი.

მაგრამ ვაი მათ, ვინც იპარავს, კლავს, იტყუება ან ომობს. ვაი მათ, ვისი გულიც სიძულვილითაა სავსე. მათ ხომ ერთიანი ნება იყენებს ტანჯვის მეგზურად.

მაგრამ თქვენ, მეგობარნო, გული უნდა განიწმინდოთ ყოველგვარი ბოროტებისგან, რათა ერთიანმა ნებამ შესაფერისად ჩაგთვალოთ, განდოთ, რომ ბედკრულ ქვეყანას ტანჯვისაგან განთავისუფლების სიხარულის ამბავი ამცნოთ, ადამიანის გამარჯვების, სიყვარულით და ურთიერთგაგებით განთავისუფლების ამბავი.

ასე ვმოძღვრავდი ნოეს.

ასე გმოძღვრავთ თქვენ.

თუ მოგეწონათ, გააზიარეთ...

მსგავსი სტატიები

მსხვილი ნაწლავის შესახებ #1


ავტორი: ვლასი ჯიბლაძე მონელების პროცესში საკვები ყველაზე დიდხანს მ...

როგორ ავიმაღლოთ ჰემოგლობინის დონე ორსულობის დროს?


მთარგმნელი: მარი სოლოღაშვილი წყარო ერთ-ერთი ალბათ ყველაზე ხშირი...

ახალი კარტოფილი


ავტორი: ვლასი ჯიბლაძე ახალი კარტოფილი ნაკლებად კალორიულია, ვიდრე ძ...

კანონიერია - კვებისთვის მოკვლა?


მონაკვეთი მიჰაილ ნაიმის წიგნიდან - "მირდადის წიგნი" მთარგმნელი: ...

სწორი კვება


ავტორი: ვლასი ჯიბლაძე სულხან-საბასთან წერია: ვინათგან ორთა ჯერთა ჭ...

ზეთისხილის შესახებ


ავტორი: ვლასი ჯიბლაძე მაღაზიებში გვხვდება მრავალგვარი ზეთისხილი: მ...

მსხვილი ნაწლავის შესახებ #2


ავტორი: ვლასი ჯიბლაძე ნებისმიერი დაავადების განკურნება, სხეულის სხ...

ქინოა


ქინოა გახლავთ პაწაწინა გრანულები, რომელიც უფრო თესლს ჰგავს, ვიდრე მ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff