რუდოლფ შტაინერი - მისტიკა ახალი დროის სულიერი ცხოვრების გარიჟრაჟზე

რუდოლფ შტაინერი
0
0

არსებობს ჯადოსნური ფორმულები, რომლებიც სულიერი ცხოვრების ისტორიის განმავლობაში ყოველ ჯერზე ახლებურად მოქმედებენ. საბერძნეთში ასეთ ფორმულად ითვლებოდა აპოლონის გამონათქვამი. ეს არის: „შეიცანი თავი შე...

მაისტერ ეკჰარტი

 MeisterEckhart 600039509 e39d06dc4c6948f190efc75b3626ef7e

მაისტერ ეკჰარტი

მაისტერ ეკჰარტის წარმოდგენათა სამყარო გამსჭვალულია იმ შეგრძნებით, რომ საგნები როგორც უმაღლესი არსნი ხელახლა იბადებიან ადამიანის სულში. ის მიეკუთვნებოდა დომინიკელთა ორდენს, ისევე როგორც შუა საუკუნეების უდიდესი ღვთისმეტყველი, თომა აკვინელი, რომელიც 1225-1274 წლებში ცხოვრობდა. ეკჰარტი იყო თომას უპირობო თაყვანისმცემელი. ეს სრულიად გასაგები ხდება, როდესაც მიმოვიხილავთ მაისტერ ეკჰარტის წარმოდგენათა თავისებურებას. ის თვლიდა, რომ ეთანხმებოდა ქრისტიანული ეკლესიის სწავლებებს ისევე, როგორც ეს თომას შემთხვევაში მიაჩნდა. ეკჰარტს არ სურდა ქრისტიანობის შინაარსიდან რაიმეს ამოღება, და არც რაიმეს დამატება. მაგრამ მას სურდა ამ შინაარსის თავისებურად, ახალი სახით გადმოცემა. მისნაირი პიროვნების მოთხოვნილებებში არ მოიაზრებოდა ამა თუ იმ სახის ახალი ჭეშმარიტებებით ძველის ჩანაცვლება. ის მთლიანად შეზრდილი იყო იმ შინაარსთან, რომელიც მას გადაეცა. მაგრამ მას სურდა ამ შინაარსისათვის ახალი სახე, ახალი სიცოცხლე მიეცა. მას სურდა, ეჭვგარეშე, მართლმორწმუნე ქრისტიანად დარჩენილიყო. ქრისტიანული ჭეშმარიტებანი მისი იყო. მათი დანახვა სხვა სახით სურდა მხოლოდ, ვიდრე ეს თომა აკვინელის შემთხვევაში მოხდა. თომამ შემეცნების ორი წყარო აიღო: გამოცხადება რწმენაში და გონება კვლევაში. გონება შეიცნობს საგანთა კანონებს, ესე იგი სულიერს ბუნებაში. მას ასევე ძალუძს ამაღლდეს ბუნებაზე, და ერთის მხრივ სულში ჩაწვდეს ღვთაებრივ არსს, რომელიც ყოველი ბუნების საფუძველია. მაგრამ ამგვარად ის ვერ უღრმავდება ღმერთის სრულ არსს. მას საპასუხოდ უნდა მოუვიდეს ჭეშმარიტების უფრო მაღალი შემადგენლობა. ის წმინდა წერილში არის მოცემული. ის გვიცხადებს იმას, რისი წვდომაც ადამიანს თავისით არ შეუძლია. წერილის ჭეშმარიტების შინაარსი უნდა მიღებული იქნას ადამიანის მიერ; გონებას შეუძლია მისი დაცვა, მას შეუძლია თავისი შემეცნების ძალებით რაც შეიძლება უკეთ გაიგოს ის; მაგრამ გონებას არ შეუძლია მისი შობა თავად ადამიანის სულისაგან.უმაღლესი ჭეშმარიტება არ არის ის, რასაც სული ჭვრეტს, არამედ შემეცნების უეჭველი შინაარსი, რომელიც სულმა გარედან მიიღო. ნეტარი ავგუსტინე უძლურად აცხადებს საკუთარ თავს, რათა საკუთარ თავში იპოვოს წყარო იმისა, რისიც მას უნდა სწამდეს. ის ამბობს: „მე ვერ ვიწამებდი სახარებას, ამისათვის კათოლიკე ეკლესიის ავტორიტეტს რომ არ ებიძგა ჩემთვის.“

ეს მახარებლის გაგებით, მიგვითითებს გარეგნულ მოწმობაზე: „რომელიც ვისმინეთ და ჩვენი თვალით ვიხილეთ, რომელსაც ვჭვრეტდით და ჩვენი ხელით ვეხებოდით სიცოცხლის სიტყვას... რაც ვიხილეთ და ვისმინეთ, იმას გაუწყებთ, რათა თქვენც ეზიაროთ ჩვენთან ერთად.“მაგრამ მაისტერ ეკჰარტს სურს ქრისტეს სიტყვები უფრო გაამძაფროს ადამიანში: „გირჩევნიათ, რომ მე წავიდე; რადგანაც, თუ არ წავალ, არ მოვა თქვენთან ნუგეშისმცემელი.“ და ის ხსნის ამ სიტყვებს, როდესაც ამბობს: „ჭეშმარიტად, ის იტყოდა თითქოს: თქვენ მეტისმეტად შეჰხარით ჩემს ამჟამინდელ ხატებას, ამგვარად თქვენ არ გექნებათ წილი სულიწმინდისაგან მომადლებულ სრულყოფილ სიხარულთან.“ ეკჰარტს მხედველობაში არ ჰყავს სხვა ღმერთი, თუ არა ის, ვისზეც საუბრობენ ავგუსტინე, მახარობელი და თომა; და მაინც, მათი მოწმობა ღმერთის შესახებ არ არის მისი მოწმობა. „მავანს სურს ღმერთი საკუთარი თვალით იხილოს, ისევე როგორც ძროხას ხედავენ, და სურთ უყვარდეთ ღმერთი, როგორც ძროხა უყვართ. ამრიგად, მათ უყვართ ღმერთი გარეგნული სიმდიდრისა და შინაგანი ნუგეშისთვის; მაგრამ ადამიანებს სწორად არ უყვართ ღმერთი... უბირ ხალხს სჯერა, რომ ღმერთი ისე უნდა დაინახონ, თითქოს ის იქ დგას, ისინი კი აქ. მაგრამ ეს ასე არ არის. ღმერთი და მე ერთნი ვართ შემეცნებაში.“

ეკჰარტის მსგავს აღსარებებს საფუძვლად უდევს სხვა არაფერი, თუ არა შინაგანი გრძნობის შემეცნება. და ეს შემეცნება მას დაანახვებს საგნებს უფრო მაღალ ნათელში. აქედან გამომდინარე, ის თვლის, რომ არ არის აუცილებელი გარეგნული სინათლე უმაღლესი შემეცნების მისაღებად: „ერთი მოძღვარი ამბობს: ღმერთი განკაცდა, ამრიგად ამაღლდა და ღირსებით შეიმოსა მთელი კაცობრიობა. შეგვიძლია გვიხაროდეს, რომ ჩვენი ძმა, ქრისტე თავისი ძალით ამაღლდა ყველა ანგელოზზე და დაჯდა მარჯვენით მამისა. ამ მოძღვარმა სწორად თქვა: მაგრამ, ჭეშმარიტად, ამას დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ. როგორ დამეხმარებოდა მე, თუ მეყოლებოდა ძმა, რომელიც იქნებოდა მდიდარი კაცი, მე კი ვიქნებოდი ღარიბი? როგორ დამეხმარებოდა მე, თუ მეყოლებოდა ძმა, რომელიც იქნებოდა ბრძენი კაცი, მე კი ვიქნებოდი სულელი? ზეციური მამა შობს თავის მხოლოდშობილ ძეს თავის თავში და ჩემში. რატომ თავის თავში და ჩემში? მე და ის ერთნი ვართ; და ის მე არ მომიცილებს. იგივე ქმედებით იღებს სულიწმინდა თავის არსს ჩემგან, ისევე როგორც ღმერთისგან. რატომ? მე ღმერთში ვარ, და თავის არსს არ იღებს სულიწმინდა არც ჩემგან და არც ღმერთისგან. მე არ ვარ გამორიცხული არავითარ შემთხვევაში.“ როდესაც ეკჰარტი იხსენებს პავლეს სიტყვებს: „შეიმოსეთ ქრისტეთი“, ამ სიტყვებში ის გულისხმობს: ჩაუღრმავდით საკუთარ თავს, ჩაიძირეთ თვითშემეცნებაში: და საკუთარი არსების სიღრმიდან ღმერთი გამოგინათებთ; ის თქვენთვის ნათელს მოჰფენს ყოველ საგანს; თქვენ ის საკუთარ თავში იპოვნეთ; თქვენ და ღვთაებრივი არსი ერთი გახდით. „ღმერთი განკაცდა, რათა მე ვიქცე ღმერთად.“ თავის ტრაქტატში „განდგომისათვის“ ეკჰარტი ასე საუბრობს გარეგნული და შინაგანი აღქმის ურთიერთმიმართებაზე: „ აქ უნდა იგებდე, როგორც მოძღვრები ამბობენ, რომ ყოველ ადამიანში ორი ადამიანია: პირველი - გარეგანი ადამიანი, ეს მგრძნობელობაა; ადამიანს ემსახურება ხუთი გრძნობა, და ის მოქმედებს სამშვინველის ძალით. მეორე ადამიანი იწოდება შინაგან ადამიანად, ეს არის ადამიანის შინაგანი მოცემულობა. იცოდე, რომ ყოველი ადამიანი, რომელსაც ღმერთი უყვარს, გარეგან ადამიანზე არ ხარჯავს იმაზე მეტ ძალისხმევას, ვიდრე ეს ხუთ გრძნობას სჭირდება; ხოლო შინაგანი ადამიანი იმდენად უბრუნდება ხუთ გრძნობას, რამდენადაც მათი დამრიგებელი და ხელმძღვანელია და იცავს მათ, რათა ისინი არ ისწრაფვოდნენ ცხოველურის მსახურებისაკენ.“ ვინც ამგვარად საუბრობს ადამიანის შინაგანზე, მას აღარ ძალუძს გრძნობადად მის გარეთ მყოფი საგნების არსზე მიმართოს მზერა. რადგან მისთვის ნათელია, რომ არაფერს გრძნობადს, გარეგნულს არ შეუძლია ამ არსის მისთვის გადმოცემა. ამაზე შეიძლება მივუგოთ: რა მნიშვნელობა აქვს გარესამყაროში არსებული საგნებისთვის, თუ რას მიუმატებ მათ საკუთარი სულიდან? დაეყრდენი მხოლოდ საკუთარ შეგრძნებებს.

მხოლოდ ისინი გაწვდიან ცნობებს გარესამყაროს შესახებ. ნუ დაამახინჯებ სულიერი მინარევით გარესამყაროს სურათს, რომელიც შეგრძნებების მიერ წმინდა სახით, მინარევების გარეშე მოგეწოდება. შენი თვალი გეუბნება, თუ რა არის ფერი; რასაც სული ფერის შესახებ შეიმეცნებს, თავად ფერში ამგვარი არაფერია. მაისტერ ეკჰარტის თვალსაზრისით ასე უნდა ვუპასუხოთ: გრძნობები ფიზიკური აპარატია. მათი შეტყობინებები საგნების შესახებ შეიძლება ეხებოდეს მხოლოდ საგანთა ფიზიკურ მხარეს. და საგნებში ეს ფიზიკური მეცნობება მე ისე, რომ ჩემში აღიძვრება ფიზიკური მოქმედება. ფერი, როგორც გარესამყაროს ფიზიკური მოქმედება აღძრავს ფიზიკურ მოქმედებას ჩემს თვალსა და ტვინში. ამის მეშვეობით აღვიქვამ ფერს. ამგვარად მე ფერის შესახებ მხოლოდ იმას შევიმეცნებ, რაც მასში ფიზიკური, გრძნობადია. გრძნობადი აღქმა თიშავს საგნების შესახებ ყოველივე არაგრძნობადს. ის მოაშორებს საგნებს ყოველივეს, რაც არ არის გრძნობადი მათში. შემდეგ, როდესაც მივდივარ სულიერისკენ, იდეალური შინაარსისაკენ, აღვადგენ მხოლოდ იმას, რაც საგნებში გრძნობადი აღქმამ წაშალა. ამრიგად, გრძნობადი აღქმა არ მიჩვენებს საგნების უღრმეს არსს; ის უფრო მაცილებს ამ არსს. სულიერი, იდეალური წვდომა კი კვლავ მაკავშირებს ამ არსთან. ის მაჩვენებს, რომ საგნები შინაგანად იმავე სულიერი არსს ატარებენ, ჩემსავით. ზღვარი ჩემსა და გარესამყაროს შორის იშლება სამყაროს სულიერი წვდომის მეშვეობით. მე გამიჯნული ვარ გარესამყაროსაგან, რამდენადაც ვარ გრძნობადი საგანი, გრძნობად საგანთა შორის. ჩემი თვალი და ფერი ორი სხვადასხვა არსია. ჩემი ტვინი და მცენარე - ორი სხვადასხვა საგანია. მაგრამ მცენარისა და ფერის იდეალური შინაარსი, ჩემი ტვინისა და თვალის იდეალურ შინაარსთან ერთად, ეკუთვნის ერთიან იდეალურ არსს. ეს ხედვა არ უნდა ავურიოთ საკმაოდ გავრცელებულ ანთროპომორფიზებულ (გაადამიანურებულ) სამყაროს წარმოდგენაში, რომელიც გარესამყაროს საგნების შეცნობას ცდილობს იმგვარად, რომ მათ მიაწერს იმ ფიზიკურ თვისებებს, რომელიც ემსგავსება ადამიანური სამშვინველის თვისებებს. ეს ხედვა ამბობს: სხვა ადამიანთან გარეგნულ მიმართებაში, ჩვენ აღვიქვამთ მხოლოდ გრძნობად ნიშნებს. მე ჩემს გვერდით მყოფ ადამიანში ვერ დავინახავ შინაგანს. მისი შინაგანის, სამშვინველის შესახებ მე ვასკვნი მხოლოდ იქიდან, რასაც ვხედავ და მესმის. სამშვინველს ვერასოდეს აღვიქვამ უშუალოდ. სამშვინველს აღვიქვამ მხოლოდ ჩემი საკუთარი შინაგანი არსის მეშვეობით. ჩემი ფიქრები, ჩემი ფანტაზიის სურათები, ჩემი გრძნობები უხილავია კაცთათვის. როგორც მე მაქვს ასეთი შინაგანი ცხოვრება გარეგნულად აღქმულთან ერთად, ასეთივე აქვთ სხვა დანარჩენ არსებებსაც. ასეთი დასკვნა გამოაქვს მას, ვინც ანთროპომორფიზებულ (გაადამიანურებულ) მსოფლმხედველობას იზიარებს. ის, რასაც გარეგნულად აღვიქვამ მცენარისაგან, უნდა იყოს რაღაც ნაწილი შინაგანისა, სამშვინველისა, რომელიც უნდა ვიგულისხმო ჩემს მიერ აღქმულთან ერთად. და რადგან ჩემთვის მხოლოდ ერთი შინაგანი სამყარო არსებობს, ჩემი საკუთარი, მე სხვა არსების შინაგანი სამყაროს წარმოდგენა მხოლოდ ჩემი შინაგანი სამყაროს მსგავსად შემიძლია. ამგვარად მივდივართ მთელი ბუნების სამშვინველით ავსებამდე (პანპსიხიზმი). ეს ხედვა ეფუძნება იმის ვერგაგებას, რასაც განვითარებული შინაგანი გრძნობა ნამდვილად გვთავაზობს. გარეთ არსებული საგნის სულიერი შინაარსი, რომელიც იშლება ჩემს შინაგან სამყაროში, არ ეხება გარეგნულ აღქმას, ისევე როგორც სხვა ადამიანის სულს. შინაგანი გრძნობით მე აღვიქვამ სულიერ შინაარსს ისევე, როგორც გარეგანი გრძნობით ფიზიკურ შინაარსს. და რასაც ზემოთ შინაგან ცხოვრებას ვუწოდებ, უმაღლესი გაგებით, სულაც არ არის ჩემი სული.

ეს შინაგანი ცხოვრება მხოლოდ შედეგია წმინდა გრძნობადი ქმედებებისა, მეკუთვნის როგორც მხოლოდ სრულიად ინდივიდუალურ პიროვნებას, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა შედეგი მისი ფიზიკური ორგანიზაციისა. როდესაც მე ამ შინაგანს გადავიტან გარეთ არსებულ საგნებზე, მე ფაქტობრივად გამოვიგონებ.ჩემი პირადი მშვინვიერი ცხოვრება, ჩემი ფიქრები, მოგონებები და გრძნობები ჩემშია, რადგან მე სწორედ ამგვარად ორგანიზებული ბუნებრივი არსება ვარ, სრულად განსაზღვრული გონიერი აპარატით, სრულად განსაზღვრული ნერვული სისტემით. ეს ჩემი ადამიანური სამშვინველი არ შეიძლება გადავიტანო საგნებზე. ეს ჩემთვის შესაძლებელი იქნებოდა, თუ სადმე მსგავსი ორგანიზების ნერვულ სისტემას ვიპოვნიდი. მაგრამ ჩემი ინდივიდუალური სამშვინველი არ არის უმაღლესი სულიერი არსის ჩემში. ამ უმაღლესმა სულიერმა არსმა ჩემში ჯერ შინაგანი შეგრძნებით უნდა გაიღვიძოს. და ეს გამოღვიძებული სულიერი ჩემში იგივეა რაც სულიერი ყველა საგანში. ამ სულიერის წინაშე მცენარე წარმოჩინდება უშუალოდ თავისი სულიერებით. მე არ მჭირდება მისი გასულიერება, რომელიც ჩემის მსგავსი იქნება. ამ მსოფლმხედველობისათვის კარგავს თავის მნიშვნელობას საუბარი უცნობ „თავისთავად ნივთზე“. რადგან რაც იშლება შინაგანი შეგრძნების წინაშე, არის სწორედ „ნივთი თავისთავად“. ყოველგვარი საუბარი უცნობ „თავისთავად ნივთზე“ მომდინარეობს იქიდან, რომ მათ, ვინც ამაზე საუბრობს, თავისი შინაგანის სულიერი შინაარსის გათვალისწინებით, არ ძალუძთ „თავისთავადი ნივთის“ შემეცნება. ისინი თვლიან, რომ თავისი შინაგანით არსს მოკლებულ აჩრდილებსა და სქემებს, საგანთა „ცარიელ ცნებებსა და იდეებს“ შეიმეცნებენ. მაგრამ რადგან მათ გარკვეული წარმოდგენა აქვთ „თავისთავადი ნივთის“ შესახებ, სჯერათ, რომ „ნივთი თავისთავად“ იმალება, და რომ ადამიანური შემეცნების უნარს საზღვარი უნდა ჰქონდეს. მათ, ვინც ასეთი რწმენის ტყვეობაში არიან, ვერ დავუმტკიცებთ, რომ „თავისთავად ნივთს“ თავიანთი შინაგანით უნდა მისწვდნენ, რადგან რომც წარმოვუდგინოთ ეს „თავისთავადი ნივთი“, ისინი მას არასოდეს აღიარებენ. მაგრამ ყველაფერი სწორედ ამ აღიარებით იწყება. - ყველაფერი, რასაც მაისტერ ეკჰარტი ამბობს, გამსჭვალულია ამ აღიარებით. „აი, შედარება. კარი იკეტება ანჯამებით. თუ კარის გარეთა ფიცარს გარეგან ადამიანს შევადარებ, ანჯამი შინაგან ადამიანს ჰგავს. როდესაც კარები იღება და იკეტება, გარეთა ფიცარი აქეთ-იქით მოძრაობს, ხოლო ანჯამი თავის ადგილზე რჩება, და არ იცვლება ამის გამო. იგივე ხდება აქ.“ მე შემიძლია საგნების ინდივიდუალური აზრობრივი არსი ყოველმხრივ შევისწავლო - კარი იღება და იკეტება -; თუ მე გარეგან შეგრძნებებს ჩემში სულიერად არ აღვძრავ, არაფერი მეცოდინება მისი არსის შესახებ - ანჯამი არ მოძრაობს -. შინაგანი შეგრძნებით მოწოდებული გამონათება, ეკჰარტის მსოფლმხედველობით, არის ღმერთის შემოსვლა სამშვინველში. შემეცნების სინათლეს, რომელიც ამის წყალობით აღინთება, ის უწოდებს „სამშვინველის ნაპერწკალს“. ადამიანური შინაგანი სამყაროს ადგილი, სადაც გაღვივდება ეს „ნაპერწკალი“, არის „იმდენად წმინდა, იმდენად ამაღლებული, და თავისთავად კეთილშობილი, რომ იქ სხვა ვერავითარი ქმნილება ვერ იქნება, მხოლოდ თავად ღმერთი იმყოფება იქ, თავისი წმინდა ღვთაებრივი ბუნებით“.ვინც ამ „ნაპერწკალს“ თავის თავში გააღვივებს, მისი მზერა აღარ იქნება ისეთი ცარიელი, როგორც ადამიანი გარეგანი შეგრძნებებითა და ლოგიკური გონებით ხედავს, რომელიც შეგრძნებებისგან მიღებულ შთაბეჭდილებებს აწესრიგებს და კლასიფიკაციას უქვემდებარებს, ის ხედავს, თუ როგორი არიან ნივთები თავისთავად. გარეგანი შეგრძნებები და მომწესრიგებელი გონება ხედავენ საგნებისგან გამოცალკევებულ ადამიანს; ისინი აქცევენ მას ინდივიდად სივრცესა და დროში, რომელიც, თავის მხრივ, სხვა საგნებს სივრცესა და დროში აღიქვამს. „ნაპერწკლით“ გასხივოსნებული ადამიანი აღარ არის გამოცალკევებული არსება. ის სპობს თავის განკერძოებას. ყველაფერი, რაც ასხვავებს მას და საგნებს, წყდება. ის რომ აღიქვამს, როგორც ცალკე აღებული არსება, აღარ არის რაიმე მნიშვნელობის. საგნები და ის აღარ არიან განცალკევებულნი. საგნები და ასევე ღმერთი ჭვრეტენ საკუთარ თავს მასში. „ეს ნაპერწკალი არის ღმერთი, ამრიგად ისინი ერთი არიან და საკუთარ თავში ატარებს ხატებას ყოველი ქმნილებისა, ხატებას ხატების გარეშე, და ხატებას აღმატებულს ხატებაზე.“

ეკჰარტი დიდებული სიტყვებით გადმოსცემს განკერძოებული არსების ქრობას: „უნდა ვიცოდეთ, რომ შეიმეცნო ღმერთი და იყო მის მიერ შემეცნებული - ერთი და იგივეა. ღმერთს შევიმეცნებთ და ვხედავთ იმით, რომ ის ჩვენ გვაქცევს მხედველად და შემმეცნებლად. და ჰაერი, რომელიც ანათებს, არის სხვა არაფერი, თუ არა ის, რასაც ანათებს; ის ანათებს, რადგან თავად არის განათებული; ამრიგად შევიცნობთ, რომ შემეცნებულნი ვართ და ის ჩვენ გვაძლევს უნარს შევიმეცნოთ.“ ასეთ საფუძველზე აგებს მაისტერ ეკჰარტი თავის ურთიერთობას ღმერთთან. ეს არის წმინდა სულიერი, და ვერ აიგება რაიმე ხატების მიხედვით, რაც ადამიანურისაგან, ინდივიდუალური ცხოვრებისაგან არის გადაღებული. ღმერთს უყვარს თავისი ქმნილება არა ისე, როგორც ცალკე აღებულ ადამიანს უყვარს სხვა; ღმერთი არ ქმნის სამყაროს ისე, როგორც მშენებელი განასრულებს სახლს. ყოველი მსგავსი ფიქრი ქრება შინაგანი ჭვრეტის წინაშე. ის ეკუთვნის ღმერთის არსს, რომელსაც სამყარო უყვარს. ღმერთი რომელსაც შეეძლო ყვარებოდა ან არა, შექმნილია ინდივიდუალური ადამიანის ხატების მიხედვით. „მე ვსაუბრობ კეთილი ჭეშმარიტებით, და მარადიული ჭეშმარიტებით და მარადმყოფადი ჭეშმარიტებით, რომ ღმერთით უნდა აღივსოს ყოველი ადამიანი, რომელიც ფსკერამდე ჩაღრმავდა; უნდა აღავსოს მთელი თავისი შეძლებით, იმდენად სრულად, რომ თავისი სიცოცხლით და თავისი არსით, თავისი ბუნებით და თავისი ღვთაებრივობითაც კი არაფერი დაიტოვოს თავისთვის; რათა გამოიღოს ნაყოფი, ისე აღავსოს ადამიანი.“ ხოლო შინაგანი გასხივოსნება არის ის, რაც სამშვინველმა აუცილებლად უნდა შეიძინოს, თუ ის საფუძვლამდე ჩაუღრმავდება. უკვე აქედან გამომდინარეობს, რომ ღმერთის ურთიერთობა კაცობრიობასთან არ უნდა წარმოვიდგინოთ როგორც ერთი ადამიანის გამოცხადება მეორის წინაშე. ეს ურთიერთობა შეიძლება არც შედგეს. ერთი ადამიანი მეორის წინაშე შეიძლება ჩაიკეტოს. ღმერთი თავისი არსის მიხედვით უნდაგვატყობინებდეს. „ეს ეჭვშეუტანელი ჭეშმარიტებაა, რომ ღმერთს სჭირდება, რომ ჩვენ გვეძიოს, ჭეშმარიტად, თითქოს მისი ღვთაებრივობა ამაზეა დამოკიდებული. ღმერთი ისევე ვერ იტანს ჩვენს არყოფნას, როგორც ჩვენ - მისას. და თუ ჩვენ ზურგი ვაქციეთ ღმერთს, ღმერთი ჩვენგან არასოდეს მიბრუნდება.“ შესაბამისად, ადამიანის ურთიერთობა ღმერთთან არ შეიძლება იყოს ისე გაგებული, რომ მასში არის რაიმე ხატოვანი, ინდივიდუალური ადამიანურიდან გადმოღებული. ეკჰარტმა იცის, რომ ადამიანურ სამშვინველში საკუთარი თავის პოვნა არის ნაწილი სამყაროს წინარე-არსების სრულქმნისა. ეს წინარე-არსება იქნებოდა არასრულყოფილი, დაუსრულებელი, თუ მას დააკლდებოდა თავისი სისრულის შემადგენელი ნაწილი, რომელიც ცხადდება ადამიანის სამშვინველში. რაც ადამიანში ხდება, ეკუთვნის წინარე-არსებას; და ეს რომ არ მომხდარიყო, თავდაპირველი არსება იქნებოდა ნაწილი საკუთარი თავისა. ამ გაგებით ადამიანი უნდა ვიგრძნოთ როგორც სამყაროს არსების აუცილებელი ნაწილი. ეკჰარტი ამას გამოხატავს, ისე რომ აღწერს თავის შეგრნებას ღმერთისადმი: „მე მადლობას ვწირავ არა ღმერთს, რომ მან შემიყვარა, რადგან მას შეუძლია მე არც ვუყვარდე; მას სურს თუ არა ეს, მისი ბუნება აიძულებს მას... ამის გამო ღმერთს არ ვთხოვ, რომ რაიმე მომცეს, მე მას არც განვადიდებ იმისათვის, რაც მომცა...“

მაგრამ ადამიანის სამშვინველის ურთიერთობა თავდაპირველ არსებასთან ისე არ უნდა გავიგოთ, თითქოს სამშვინველი თავისი ინდივიდუალური არსით ამ თავდაპირველი არსების იგივეობაა. სამშვინველი, რომელიც ჩაძირულია გრძნობად სამყაროში და შესაბამისად სასრულობაში, ჯერ კიდევ არ გააჩნია წინარე-არსების შემადგენლობა საკუთარ თავში. მას ეს ჯერ უნდა განავითაროს საკუთარ თავში, ის უნდა მოისპოს როგორც განკერძოებული არსება. ზედმიწევნით ზუსტად აღწერს ამ მოსპობას მაისტერ ეკჰარტი, როდესაც უწოდებს „ქმნადობისგან განშორებას“(Entwerdung). „როდესაც ვუღრმავდები ღვთაებას, არავინ მეკითხება, საიდან მოვედი და სად ვიყავი, არავის ვაკლივარ, რადგან აქ არის ქმნადობისაგან განშორება.“ ამ ურთიერთობის შესახებ მკაფიოდ საუბრობს ფრაზა: „ვიღებ წყლით სავსე თასს, ვდებ მასში სარკეს და დავდგამ მას მზის სხივების ქვეშ. მზე თავის სხივებს მიმართავს სარკეში და მაინც არ კარგავს მათ. მზის ანარეკლი სარკეში არის მზე მზეში, და სარკე არის ის, რაც არის. ასევეა ღმერთის შემთხვევაშიც. ღმერთი სამშვინველშია თავისი ბუნებითა და თავისი არსით, და თავისი ღვთაებრივობით, და მაინც ის არ არის სამშვინველი. სამშვინველის ანარეკლი ღმერთში არის ღმერთი ღმერთში, და სამშვინველი რჩება იმად, რაც არის.“

სამშვინველი, რომელიც შინაგან გასხივოსნებას ეძლევა, შეიცნობს არა მხოლოდ იმას, თუ რას წარმოადგენდა ის გასხივოსნებამდე; არამედ შეიცნობს იმასაც, რად იქცევა იგი ამ გასხივოსნების მეშვეობით. „ჩვენ არსებითად უნდა შევერთდეთ ღმერთთან; ჩვენ და ღმერთი ერთი უნდა გავხდეთ; ჩვენ ღმერთს სრულად უნდა შევერწყათ. როგორ უნდა შევერთდეთ ღმერთთან არსებითად? ეს უნდა მოხდეს ჭვრეტით და არა არსებობით. მისი არსება ჩვენს არსებად კი არ იქცევა, არამედ ჩვენი სიცოცხლე იქნება.“ უკვე მოცემული ცხოვრება - არსებობა - კი არ უნდა იყოს შეცნობილი ლოგიკურად; არამედ უმაღლესი ცნობიერება - ჭვრეტა - უნდა იქცეს თავად ცხოვრებად; სულიერი, იდეალური იმგვარად უნდა იყოს აღქმული მჭვრეტელი ადამიანის მიერ, როგორც ინდივიდუალური ადამიანური ბუნების მიერ აღიქმება ჩვეული, ყოველდღიური ცხოვრება.

ამგვარი მოსაზრებებიდან გამომდინარე მიდის მაისტერ ეკჰარტი თავისუფლების წმინდა ცნებასთან. სამშვინველი ჩვეულებრივ ცხოვრებაში არ არის თავისუფალი. რადგან ის ქვენა მიზეზთა საუფლოშია ჩაძირული, ასრულებს იმას, რასაც ეს ქვენა მიზეზები მოითხოვენ. „ჭვრეტის“ მეშვეობით ის ამაღლდება ამ მიზეზთა საუფლოზე. ის აღარ არის განკერძოებული სამშვინველი. მასში თავისუფლდება თავდაპირველი არსი, რომელიც განპირობებულია სხვა არაფრით, თუ არა საკუთარი თავით. „ღმერთი არ ძალადობს ნებაზე, ის მას ათავისუფლებს, ნებას სხვა არაფერი სურს, გარდა იმისა, რაც სურს თავად ღმერთს. და სულს სხვა არაფერი სურს, გარდა იმისა, რაც ღმერთს სურს: და ეს არ არის მისი შეზღუდულობა; ეს მისი თავისუფლებაა. თავისუფლება არის ის, რომ ჩვენ არ ვართ შებოჭილნი, რომ ვიყოთ ისეთივე თავისუფალი, სუფთა და შეურყვნელნი, როგორიც ვიყავით მაშინ, როდესაც თავდაპირველად გადმოვედინეთ, და გავთავისუფლდით სულიწმინდაში.“ გასხივოსნებული ადამიანის შესახებ შეიძლება ითქვას, რომ ის თავად არის არსი, რომელიც თავის მხრივ განსაზღვრავს კეთილსა და ბოროტს. მას არ შეუძლია სხვა, თუ არა სრულყოს კეთილი. ის კი არ ემსახურება კეთილს, კეთილი ცოცხლობს მასში. „მართალი კაცი ემსახურება არც ღმერთს, არც ქმნილებებს; რადგან ის თავისუფალია, და რაც უფრო ახლოს არის ის სიმართლესთან, მით უფრო მეტად არის ის თავად თავისუფლება.“ რა უნდა იყოს მაისტერ ეკჰარტისთვის ბოროტი? ეს არის ქმედება, რომელიც ექვემდებარება უმდაბლეს ხედვას; ქმედება სამშვინველისა, რომელმაც არ განიძარცვა ყოველგვარი ქმნადობა. ასეთი სამშვინველი თავისმოყვარეა იმ გაგებით, რომ მას მხოლოდ საკუთარი თავი სურს. მას შეუძლია მხოლოდ გარეგნულად შეუსაბამოს თავისი ნება ზნეობრივ იდეალებს. მჭვრეტელი სამშვინველი ამ გაგებით ვერ იქნება თავისმოყვარე. საკუთარი თავიც რომ სურდეს, იგი ისურვებდა იდეალების ბატონობას; რადგან ის გადაიქცა ამ იდეალად. მას აღარ შეუძლია სურდეს ქვენა ბუნების მიზნები, რადგან მას აღარ აქვს წილი ამ ქვენა ბუნებასთან. მჭვრეტელი სამშვინველისათვის ზნეობრივი იდეალების მიხედვით მოქმედება არ არის იძულება, წართმევა. „ადამიანს, რომელიც ღვთის ნებასა და სიყვარულშია, უხარია ყოველი კეთილი საქმის აღსრულება, რომელიც ღმერთს სურს, და ყოველი ბოროტი საქმის მიტოვება, რომელიც ღმერთს ეწინააღმდეგება. და მისთვის შეუძლებელია არ აღასრულოს საქმე, რომლის აღსრულება ღმერთს სურს. როგორც სიარული იქნებოდა შეუძლებელი მისთვის, ვისაც ფეხები შეკრული აქვს, ისევე შეუძლებელია იქნებოდა ბოროტის აღსრულება ადამიანისათვის, რომელიც ღმერთის ნებაშია.“ ეკჰარტი ხაზგასმით უარყოფს იმას, რომ ამ ხედვით ყველაფერია ნებადართული, რაც ადამიანს სურს. იმით შეიცნობა მჭვრეტელი, რომ აღარაფერი სურს, როგორც განკერძოებულს. „ზოგიერთი ამბობს: თუ მყავს ღმერთი და მაქვს ღმერთის მიერ მოცემული თავისუფლება, ყველაფერი შემიძლია გავაკეთო, რაც მსურს. ეს სიტყვები მათ არასწორად ესმით. თუ შენ შეგიძლია ისეთი რამის აღსრულება, რაც ღმერთისა და მისი მცნების საწინააღმდეგოა, არ გაქვს ღვთის სიყვარული; თუმცა შენ შეგიძლია მთელი სამყარო მოატყუო, რომ ის შენ გაქვს.“ ეკჰარტი დარწმუნებულია, რომ სამშვინველი, რომელიც თავის სიღრმეში ჩადის, ამ სიღრმიდან სრულყოფილ ზნეობრივობას ასხივებს, რომ ყოველ ლოგიკურ წვდომასა და ჩვეული გაგებით მოქმედებას წყვეტს და იწყება ადამიანის სრულიად ახალი ცხოვრების წესრიგი. „რადგან ყველაფერი, რასაც შეიძლება მიწვდეს გაგება და ყველაფერი, რისკენაც ისწრაფვის თანხვედრა, არ არის ღმერთი. სადაც გაგება და თანხვედრა მთავრდება, იქ არის სიბნელე, და გამოანათებს ღმერთი. და სამშვინველში გამოვლინდება ძალა, რომელიც უფრო ვრცელია, ვიდრე შორეული ცა... ნეტარება მართალთა და ნეტარება ღვთისა - ერთი ნეტარებაა; რადგან ნეტარია მართალი, როდესაც ნეტარია ღმერთი.“

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

მზის მანდალა - 108 დღიანი პროგრამა (ჩანაწერები)

🌞 მზის მანდალა - პიროვნული განვითარების 108 დღიანი პროგრამა (ჩანაწერები)

🔥 წამყვანი - მამუკა გურული

🔥 დასრულდა მაგმას ყველაზე ხანგრძლივი (108 დღიანი), ყველაზე მრავლისმომცველი, ყველაზე ეფექტური, და სასერთიფიკატო ონლაინ-ტრენინგი: "მზის მანდალა" 

🔥 დღეიდან შეგიძლიათ უფრო ხელმისაწვდომ ფასად შეიძინოთ ამ ტრენინგის ჩანაწერები (ლაივ რეჟიმთან შედარებით თითქმის ორჯერ უფრო იაფად). შეძენის შემთხვევაში დაგამატებთ ფეისბუქ-ჯგუფში, სადაც ყველა ვიდეო-ჩანაწერი შენახულია. 

🔥 ექსკლუზიურად ამ ტრენინგისთვის - 2 ლექციას მითო-არქეტიპების სისტემაზე (ონლაინ) წაიკითხა „მითოლოგიის ქალღმერთმა“ - ხათუნა თავდგირიძემ (აღწერილობა იხ. ქვემოთ)...

🔥 მათთვის, ვინც სრულად გაივლის ტრენინგს (თუნდაც მხოლოდ თეორიულ ნაწილს) გაიცემა სერთიფიკატები! (სერთიფიკატი გაიცემა ყველა ლაივის ნახვისა და ბოლოს მცირე გასაუბრების შემდეგ)...

🔥 ტრენინგი განკუთვნილია როგორც დამწყებებისთვის, ასევე პროფესიონალი ფსიქოლოგებისთვის, ქოუჩებისთვის, კონსულტანტებისთვის და ა.შ. და რა თქმა უნდა, უბრალოდ საკუთარი თავის შემეცნების მსურველთათვის.

🔥 ამ ტრენინგს 3 მთავარი მიზანი აქვს:

1. სხვადასხვა თვალთახედვისა და სისტემის მეშვეობით (როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ეზოთერული) გამოვიკვლიოთ ჩვენი (და ზოგადად ადამიანის) პირადი არაცნობიერი. ასევე გავერკვეთ კოლექტიური არაცნობიერი მექანიზმების კანონზომიერებებში, არქეტიპებში, ეგრეგორებში და ა.შ.

2. დავამყაროთ ან/და გავაძლიეროთ კონტაქტი ჩვენს შინაგან მზესთან (ზე-მე-სთან, ანუ ზე-ცნობიერთან, უბრალო ენაზე რომ ვთქვათ - „სინდისთან“). 

3. ყველაზე უსაფრთხო, გამოცდილი და ყველასთვის ხელმისაწვდომი პრაქტიკების მეშვეობით გავიჯანსაღოთ ფიზიკური, ენერგეტიკული და ემოციური სხეული, და მოვიშოროთ ყველა ის „ბლოკი“, რომელიც ხელს გვიშლის განვითარებაში და რაც მთავარია - სრულად, ტოტალურად და თავისუფლად ცხოვრებაში. 

🔥 პრაქტიკაში გამოვიყენებთ იმ უნივერსალურ პრინციპებს, რომლებიც ყველა სულიერი განვითარების სისტემას აერთიანებს.

🔥 რაც შეხება თეორიას, პრაქტიკა რომ არ/ვერ გააკეთოთ ან მომავლისთვის გადადოთ, ეს თეორიული ლექციები უკვე ძალიან დიდ შემეცნებით ბაზას მოგცემთ. 

ლექციების ჩამონათვალი:

🌞 შესავალი ლაივი - გაცნობა და პროგრამის წარდგენა; 
🌞 დოქტორ ტორსუნოვის სისტემა; ენერგეტიკული შრეები;
🌞 გურჯიევის სისტემა (ზოგადი მიმოხილვა)
🌞 ვექტორული ფსიქოლოგია (4 ლექცია)
🌞 ვილჰელმ რაიხის „კუნთოვანი ჯავშანი“
🌞 ტრანსპერსონალური ფსიქოლოგია; პერინატალური მატრიცები; 
🌞 მითო-არქეტიპების სისტემა: 5 წრედი და 27 არქეტიპი (2 ლექცია): (1) „ცენტრალური და ბინარული არქეტიპები“; „პიროვნული განვითარების ზღურბლური არქეტიპები; (2) სამყაროსული ფუნდამენტური „ფენომენების არქეტიპები“.. ლექციები წაიკითხა სისტემის ავტორმა - ხათუნა თავდგირიძემ
🌞 ტაროს არქეტიპები - გმირის გზა ტაროს მაღალი არკანების მიხედვით (2 ლექცია)
🌞 ლირი-ვილსონის წრედების სისტემა (2 ლექცია)
🌞 კაჰუნების სიბრძნე (უძველესი შამანური სისტემა) (2 ლექცია)
🌞 ბავშვის ფსიქოლოგია (ლექცია წაიკითხა ლელა ბექაურმა)
🌞 ვედური ფსიქოლოგია
🌞 აიურვედას ძირითადი პრინციპები
🌞 ეგრეგორები
🌞 იუნგიანური ფსიქოლოგია (4 ლექცია)
🌞 სამყაროს მოწყობა სოფოოსის ჩენელინგების მიხედვით (2 ლექცია)
🌞 ჩაკრების სისტემა
🌞 ჯიოტიში - სამყაროს ცხრა ძალა

✅ სულ ჩატარდა 28 თეორიული (საღამოს) და 15 პრაქტიკული (დილის) ლაივი.

✅ თეორიული ლექციების ხანგრძლივობა საშუალოდ - 1.5-დან 2 საათამდე (თემატიკის მიხედვით). ჩანაწერები შეინახება და მათზე წვდომა მუდმივად გექნებათ.

✅ პროგრამას საჩუქრად მოყვება მაგმას ყველა PDF წიგნი ქართულად (სულ 350 ლარის ღირებულების).

☘️ მანდალას ჩანაწერების ღირებულება: 500 ლარი

☘️ მათთვის, ვინც მაგმას რომელიმე მანდალა გაიარა, ან ჩემთან პირადი კონსულტაცია გაიარა, ასევე მაგმას რეგულარული ფინანსური მხარდამჭერებისთვის ფასდაკლებაა - ფასი: 400 ლარი.

☘️ 23 წლამდე სტუდენტებისთვის - ფასი: 300 ლარი

პროგრამის ჩანაწერების შესაძენად მოგვწერეთ მაგმას გვერდზე; ან მეილზე: mamuka.guruli@gmail.com,

ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 598116447

პროგრამის შესაძენად საჭიროა გქონდეთ ფეისბუქ-ექაუნთი.

მონაწილეების შთაბეჭდილებები იხილეთ ამ პოსტის კომენტარებში...

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff