რუდოლფ შტაინერი - მისტიკა ახალი დროის სულიერი ცხოვრების გარიჟრაჟზე

რუდოლფ შტაინერი
0
0

არსებობს ჯადოსნური ფორმულები, რომლებიც სულიერი ცხოვრების ისტორიის განმავლობაში ყოველ ჯერზე ახლებურად მოქმედებენ. საბერძნეთში ასეთ ფორმულად ითვლებოდა აპოლონის გამონათქვამი. ეს არის: „შეიცანი თავი შე...

ვალენტინ ვაიგელი და იაკობ ბიომე

ვალენტინ ვაიგელი და იაკობ ბიომე

პარაცელსუსს, პირველ რიგში, უნდა გამოემუშავებინა ბუნების შესახებ იდეები, რომლებიც გამსჭვალულნი იქნებოდნენ უმაღლესი შემეცნების სულით. მასთან ახლოს მყოფი მოაზროვნე, რომელმაც წარმოდგენათა მსგავსი საშუალებები გამოიყენა საკუთარი ადამიანური ბუნებისადმი, იყო ვალენტინ ვაიგელი (1533-1588). იგი ისევე აღიზარდა პროტესტანტულ ღვთისმეტყველებაზე, როგორც ეკჰარტი, ტაულერი და სუზო - კათოლიკურზე. მისი წინამორბედები იყვნენ სებასტიან ფრანკი და კასპარ შვენკფელდტი. ისინი გამოდიოდნენ, გარეგნულ შემეცნებაზე მიჯაჭვული საეკლესიო რწმენის საწინააღმდეგოდ, შინაგანი ცხოვრების გაღრმავების სასარგებლოდ. მათთვის ფასეულია არა იესო, რომელიც სახარებებშია გადმოცემული, არამედ ქრისტე, რომელიც ყოველ ადამიანში მისი უღრმესი ბუნებიდან შეიძლება იშვას, რომელიც ხდება მისი მხსნელი ქვენა ცხოვრებისგან და წინამძღოლი იდეალური ამაღლებისკენ. ვაიგელი მშვიდად და მოკრძალებულად უძღვებოდა თავის სამღვდელო მოღვაწეობას ჩოპაუში. მხოლოდ მის მიერ დატოვებული, მეჩვიდმეტე საუკუნეში დაბეჭდილი ნაწერებით გახდა ცნობილი მისი მნიშვნელოვანი იდეების შესახებ, რომელიც მას ადამიანური ბუნების შესახებ ჰქონდა. (მისი ნაწერებიდან შეიძლება დასახელდეს: „ოქროს გასაღები, ანუ: ყოველი საგნის უშეცდომოდ შესაცნობად, მრავალ სწავლულთათვის უცნობი, მაგრამ ყოველი ადამიანისთვის საჭირო ცოდნა.“ „შეიცან თავი შენი.“ – „სამყაროს ადგილის შესახებ.“) ამან აიძულა ვაიგელი, რათა გაერკვია საკუთარი დამოკიდებულება ეკლესიის სწავლების მიმართ. ამან იგი მიიყვანა ყოველი შემეცნების საფუძველთა გამოკვლევამდე. თუ ადამიანს რაიმეს შემეცნება რწმენის სწავლებით შეუძლია, ამას იაზრებს მხოლოდ მაშინ, როდესაც იცის, თუ როგორ შეიმეცნებს. ვაიგელი ამოდის შემეცნების უმდაბლესი სახეობიდან. ის ეკითხება საკუთარ თავს: როგორ შევიმეცნებ მე გრძნობად საგანს, როდესაც ის მხვდება? ამ დროს ის იმედოვნებს, რომ შეუძლია მივიდეს მოსაზრებამდე, სადაც ის გაიაზრებს უმაღლესი შემეცნების შესახებ. გრძნობადი შემეცნების დროს ერთმანეთის პირისპირ დგანან იარაღი (გრძნობის ორგანო) და საგანი, „ობიექტი“. „რადგან ბუნებრივ შემეცნებაში უნდა არსებობდეს ორი საგანი, როგორც ობიექტი, რომელიც უნდა იქნას დანახული და შემეცნებული თვალის მიერ; და თვალი, ანუ შემმეცნებელი, რომელიც ობიექტს ხედავს, და შეიმეცნებს, ამგვარად შეაპირისპირე: ობიექტისგან შემოდის შემეცნება თვალში, თუ დასკვნა, შემეცნება ჩაიღვრება თვალიდან ობიექტში.“(„ოქროს გასაღები, IX თავი) ამ დროს ვაიგელი ეუბნება საკუთარ თავს: შემეცნება ობიექტიდან (საგანი) თვალში რომ ჩაიღვაროს, საჭირო იქნებოდა ერთი და იმავე საგნისგან ერთნაირი და სრულყოფილი შემეცნება შემოვიდეს ყველა თვალში.მაგრამ ეს ასე არ არის, ყველა ხედავს თავისი თვალის მიხედვით. მხოლოდ თვალების, და არა ობიექტის, ბრალი შეიძლება იყოს, რომ ერთსა და იმავე საგნის შესახებ მრავალი განსხვავებული წარმოდგენა შეიძლება არსებობდეს. საგნის ნათლად წარმოსაჩენად, ვაიგელი ერთმანეთს ადარებს ხედვასა და კითხვას. რომ არ არსებობდეს წიგნი, ბუნებრივია, მას ვერ წავიკითხავდი. მაგრამ ის შეიძლება არსებობდეს, მაგრამ მაინც ვერაფერი წავიკითხო მასში, რადგან კითხვა არ ვიცი. მაშასადამე წიგნი უნდა არსებობდეს, მაგრამ თავისთავად ის ვერაფერს მომცემს. ყველაფერი, რასაც ვკითხულობ, მე ჩემი თავიდან უნდა ამოვიღო. ეს არის არსი ბუნებრივი (გრძნობადი) შემეცნებისა. ფერი წარმოგვიდგება როგორც „ობიექტი“. მაგრამ მას არ შეუძლია თავისთავად რამე მისცეს თვალს. თვალმა საკუთარი თავიდან გამომდინარე უნდა შეიმეცნოს, რა არის ფერი. როგორც წიგნის შინაარსი არ არის მკითხველში, ისე ფერიც არ არის თვალში. წიგნის შინაარსი რომ იყოს მკითხველში, მას კითხვა აღარ დასჭირდებოდა. და მაინც კითხვის დროს კი ეს შინაარსი წიგნიდან კი არა თავად მკითხველისგან მოდის. ასე ხდება გრძნობადი საგნის შემთხვევაშიც. რაც ეს გრძნობადი საგანი გარედან არის, მომდინარეობს ადამიანში არა გარედან, არამედ მისი შინაგანიდან გარეთ. ამ მოსაზრებიდან თუ ამოვალთ, შეგვიძლია ვთქვათ: როდესაც ყოველი ადამიდან ყოველი შემეცნება ობიექტში ჩაიღვრება, შევიმეცნებთ არა იმას, თუ რა არის ობიექტში, არამედ მხოლოდ იმას, რაც თავად ადამიანშია. ამ მოსაზრებათა ამომწურავი სურათი იმანუელ კანტის (1724-1804) ხედვამ მოიტანა. (ამ მოსაზრებათა შეცდომები წარმოდგენილია ჩემს წიგნში „თავისუფლების ფილოსოფია“. აქ მე შემოვიფარგლები მხოლოდ იმის ხსენებით, რომ ვალენტინ ვაიგელი თავისი უბრალო, მარტივი წარმოდგენებით უფრო მაღლა დგას ვიდრე კანტი.) - ვაიგელი ეუბნება საკუთარ თავს: შემეცნება რომც მომდინარეობდეს ადამიანისგან, ეს არის მხოლოდ არსი ობიექტისა, რომელიც მოვლითი გზით ადამიანის მეშვეობით ვლინდება. როგორც კითხვის დროს შევიტყობ წიგნის და არა ჩემს საკუთარ შინაარსს, ასევე შევიტყობ თვალის მეშვეობით ობიექტის ფერს, რომელიც არა ჩემს თვალში, ან ჩემში იმყოფება. ვაიგელი საკუთარი გზით მიდის იმ შედეგამდე, რომელიც უკვე შეგვხვდა ნიკოლაუს კუზელის შემთხვევაში. ასე ახსნა ვაიგელმა გრძნობადი შემეცნების არსი. ის მივიდა დასკვნამდე, რომ ყოველივე, რაც გარშემომყოფ საგნებს ჩვენთვის აქვთ სათქმელი, მხოლოდ ჩვენი საკუთარი შინაგანიდან შეიძლება მომდინარეობდეს. ადამიანი ვერ დარჩება პასიური, როდესაც სურს გრძნობადი საგნების შემეცნება, და მისი ზემოქმედება განიცადოს. მან უნდა იღვაწოს და შემეცნება საკუთარი თავიდან ამოიღოს. ობიექტი იღვიძებს მხოლოდ შემეცნების სულში. უმაღლესი შემეცნებისკენ ადამიანი ადის მაშინ, როდესაც სული მისივე ობიექტი ხდება. გრძნობადი შემეცნების დროს ჩანს, რომ არავითარი შემეცნება ადამიანში გარედან ვერ შემოვა. ასევე ვერ შემოვა უმაღლესი შემეცნება გარედან, არამედ მხოლოდ შესაძლებელია მისი გაღვიძება შიგნით. შესაბამისად ვერ იქნება გარეგანი გამოცხადება, იქნება მხოლოდ შინაგანი გამოღვიძება. როგორც გარეთ არსებული ობიექტი ელოდება, თუ როდის შეხვდება მას ადამიანი, რომელშიც ის საკუთარ არსს გამოთქვამს, ასევე უნდა მოიქცეს ადამიანი, როდესაც სურს გახდეს ობიექტი საკუთარი თავისთვის, სანამ მასში საკუთარი არსის შემეცნება არ გაიღვიძებს.მაგრამ თუ გრძნობადი შემეცნებისას ადამიანი უნდა მოქმედებდეს, რათა ობიექტს მიაგებოს მისი არსი, უმაღლესი შემეცნების დროს ადამიანი პასიურად უნდა იქცეოდეს, რადგან ის ამჯერად თავად არის ობიექტი. ის თავის არსს საკუთარ თავში უნდა მიწვდეს. ამიტომ წარმოიდგება მას სულის შემეცნება როგორც ზეგარდმო გასხივოსნება. გრძნობადი შემეცნების საპირისპიროდ ვაიგელი უმაღლეს შემეცნებას უწოდებს „მოწყალების ნათელს“. ეს „მოწყალების ნათელი“ სინამდვილეში სხვა არაფერია თუ არა სულის თვითშემეცნება ადამიანში, ან ცოდნის აღორძინება, ხელახალი შობა ჭვრეტის უმაღლეს საფეხურზე. - თუმცაროგორც ნიკოლაუს კუზელი მიჰყვება თავის გზას ცოდნიდან ჭვრეტამდე, მაგრამ არ აძლევს მოპოვებულ ცოდნას საშუალებას რათა აღორძინდეს უმაღლეს საფეხურზე, არამედ შეცდომით ამ აღორძინებად მიიჩნევს ეკლესიის სწავლებას, რომელშიც ის აღიზარდა, ასე მოხდა ვაიგელის შემთხვევაშიც. ის ადგება სწორ გზას და კვლავ კარგავს მას იმ წამს, როდესაც მას დაადგა. ვისაც სურს იმ გზით სიარული, რომელზეც მიუთითებს ვაიგელი, მისი წინამძღოლად ჩათვლა შეუძლია მხოლოდ ამ წუთამდე.
 
ამოხეთქვა ბუნების საზეიმო ხმისა, რომელიც საკუთარი არსითვე გაოცებულია თავისი ქმნადობის მწვერვალზე, - აი რა ჟღერს გიორლიცელი მეწაღის, იაკობ ბიომეს (1575-1624) ნაშრომებიდან. ჩვენს წინაშე წარმოდგება კაცი, რომლის სიტყვებს ფრთები აქვთ, აღტაცებულს ნეტარი შეგრძნებისაგან, რადგან საკუთარ თავში ცოდნის, როგორც უმაღლესი სიბრძნის ბრწყინვალებას ჭვრეტს. როგორც ღვთისმოსავობას, რომელსაც სურს მხოლოდ სიბრძნე იყოს, რომელსაც მხოლოდ ღვთისმოსავად ცხოვრება სურს, აღწერს იაკობ ბიომე საკუთარ მდგომარეობას:
 
„როდესაც ღვთის შემწეობით ვიბრძოდი და ვომობდი, აღმოუბრწყინდებოდა ჩემს სამშვინველს საკვირველი ნათელი, რომელიც ველური ბუნებისთვის უცხო იყო, მასში მე პირველად შევიცნობდი, რა უნდა იყოს ღმერთი და ადამიანი, და რა უნდა იმოქმედოს ღმერთმა ადამიანისთვის.“ იაკობ ბიომე თავს აღარ გრძნობს როგორც განცალკევებული პიროვნება, რომელიც მის შემეცნებას გამოთქვამს. იგი თავს გრძნობს დიადი კოსმიური სულის ორგანოდ, რომელიც მასში მეტყველებს. საკუთარი პიროვნების საზღვრები მას წარმოუჩინდება არა როგორც საზღვრები სულისა, რომელიც მისგან საუბრობს. ეს სული მისთვის მარად მყოფადია. მან იცის, რომ „სოფისტი მას შეედავებოდა“, როდესაც ის სამყაროს დასაბამისა და შესაქმის შესახებ საუბრობს, „რადგან მაშინ არ ვიყავი და თავად არ მინახავს. მას ვუპასუხებდი, რომ ჩემს მშვინვიერ და ხორციელ ყოფიერებაში, როდესაც მე არ ვიყავი მე, მაგრამ ვიყავი ადამის ყოფიერება, იქ ვიყავი და ჩემი დიდება ადამში თავად დავკარგე.“ მხოლოდ გარეგნულ სიმბოლოებში შეუძლია ბიომეს გადმოსცეს, როგორ შეიჭრა მის სულში ნათელი. ერთხელ ბავშვობაში ის მთის მწვერვალზე იმყოფებოდა და ხედავდა ზემოდან, წითელი ქვები როგორ კეტავდნენ მთას, მის ღია შესასვლელს და მის სიღრმეში ოქროთი გავსებულ ჭურჭელს. ჟრუანტელმა დაუარა მას. და ის გაუდგა თავის გზას ისე, რომ არ შეხებია განძს. მოგვიანებით გიორლიცში ის ერთი მეწაღის შეგირდი გახდა. უცნობი მამაკაცი მოვიდა დახლთან და იკითხა წყვილ ფეხსაცმელს. ბიომეს არ ჰქონდა უფლება პატრონის არყოფნისას მისთვის ფეხსაცმლის მიყიდვის უფლება. უცნობი მოშორდა, ცოტა ხნის შემდეგ გამოიხმო შეგირდი, და ეუბნება: იაკობ, შენ პატარა ხარ, მაგრამ ერთხელაც შენ სრულიად სხვა ადამიანი გახდები, რომელიც სამყაროს გააოცებს. მომწიფებულ ასაკში იაკობ ბიომემ იხილა მზის სხივის ანარეკლი კალის მოსარკულ ჭურჭელზე: სანახაობა, რომელიც ეცხადება, მისთვის ღრმა საიდუმლოს ჩამოხსნის საბურველს. ამ მოვლენისგან მიღებული შთაბეჭდილების შემდეგ ის იჯერებს, რომ ის ფლობს ბუნების იდუმალი ენის გასაღებს. - როგორც განდეგილი ცხოვრობს იგი, მოკრძალებით თავს ირჩენს თავისი ხელობით, და ამასთან, როგორც მისივე მეხსიერებისთვის იწერს ხმებს, რომელიც მის შინაგან სამყაროში ჟღერს, როდესაც ის საკუთარ თავში სულს გრძნობს. ბრმა შეუწყნარებლობა სამღვდელოებისა უმძიმებს მას სიცოცხლეს. მას სურს იკითხოს მხოლოდ ის საღვთო წერილი, რომელიც მის შინაგან მხარეს გააბრწყინებს, ხოლო მას დევნიან და სტანჯავენ ისინი, ვისთვისაც მხოლოდ წერილის გარეგნული მხარე, გაქვავებული დოგმატური ცნობიერებაა მისაწვდომი.
 
იაკობ ბიომეს სამშვინველში კოსმიური გამოცანა მყოფობს როგორც მოუსვენრობა, რომელსაც შემეცნებამდე მივყავართ. მას სწამს, რომ თავისი სულით ის ღვთაებრივ ჰარმონიაში ჩაიძირება. მაგრამ როდესაც გარშემო მიმოიხედება, ღვთაებრივ ქმნილებებში ყველგან უწესრიგობას ხედავს. ადამიანს ეკუთვნის სიბრძნის ნათელი. და მაინც ის ცდომილებაშია შესული. მასში დევს ლტოლვა სიკეთისკენ, და მაინც ისმის მთელი ადამიანური განვითარების განმავლობაში ბოროტის ჟღერა. ბუნებაზე ბატონობენ ბუნების დიადი კანონები. და მაინც მის თანხმობას არღვევს უმიზნობა და ელემენტების ველური ბრძოლა. როგორ მიიღწევა უწესრიგობა ჰარმონიულ კოსმოსში? ეს შეკითხვა სტანჯავს იაკობ ბიომეს. ის დგას მის წარმოდგენათა სამყაროს შუაგულში. მას სურს მოიპოვოს კოსმოსის ხედვა, რომელიც ასევე უწესრიგობას მოიცავს. რადგან როგორ შეიძლება აიხსნას წარმოდგენა სამყაროზე, რომელიც არ ხსნის მოცემულ უწესრიგობას? უწესრიგობა ჰარმონიის, ბოროტი სიკეთის მეშვეობით უნდა აიხსნას. როდესაც ვსაუბრობთ ამის შესახებ, შემოვიფარგლოთ სიკეთითა და ბოროტებით, რომელშიც ვიწრო გაგებით გამოიხატება უწესრიგობა ადამიანთა ცხოვრებაში. იაკობ ბიომე შემოიფარგლება ძირითადად ამით. ეს მას შეუძლია, რადგან მას ბუნება და ადამიანი ეცხადება როგორც ერთიანი არსი. ორივეში ხედავს ის მსგავს კანონებსა და პროცესებს. მისთვის უმიზნო ბუნებაში არის ბოროტი, როგორც ბოროტი არის უმიზნო ადამიანის ბედში. მსგავსი ძალები მართავენ ორივეგან. ვინც ბოროტის საწყისი შეიცნო ადამიანში, მის წინაშე იხსნება ბოროტი ბუნებაშიც. - როგორ შეიძლება ერთი და იმავე წინარე არსიდან ბოროტიც და კეთილიც მომდინარეობდეს? როდესაც იაკობ ბიომეს თვალსაზრისით ვსაუბრობთ, პასუხი იქნება შემდეგი. პირველარსი გადის თავის ყოფიერებას არა საკუთარ თავში. სამყაროს მრავალფეროვნება იღებს მონაწილეობას ამ ყოფიერებაში. როგორც ადამიანური სხეული ცოცხლობს არა როგორც განცალკევებული წევრი, არამედ როგორც წევრთა სიმრავლე, ასევეა პირველარსიც. და როგორც ადამიანური სიცოცხლე ამ წევრთა სიმრავლეში არის ჩაღვრილი, ასევეა პირველარსიც ამ სამყაროს საგანთა მრავალფეროვნებაში.როგორც ადამიანს ერთი ცხოვრება აქვს, ისე ყოველ წევრს თავისი საკუთარი ცხოვრება აქვს. და როგორც ეწინააღმდეგება ადამიანის ჰარმონიულ ცხოვრებას ის, რომ მისი ხელი საკუთარი სხეულის საწინააღმდეგოდ წამოვა და დააზიანებს, ისევე შეუძლებელია, სამყაროს საგნები, რომლებიც პირველარსის ცხოვრებას თავისებურად ცხოვრობენ, ერთმანეთს ეწინააღმდეგებოდნენ. ამგვარად თავდაპირველი სიცოცხლე, ანაწილებს რა სხვადასხვა სიცოცხლეს, გადასცემს შესაძლებლობასაც, რომ ნაწილი მთელის წინააღმდეგ წავიდეს. კეთილისგან კი არ მომდინარეობს ბოროტი, არამედ იმ კეთილის ცხოვრების წესისგან. როგორც ნათელი მხოლოდ ანათებს, როდესაც ბნელში აღწევს, ასე შემოაქვს კეთილს ცხოვრებაში საკუთარი თავი, როდესაც განმსჭვალავს თავის მოწინააღმდეგეს. ბნელის „უსაფუძვლობიდან“ გამოანათებსს ნათელი. გულგრილების „უსაფუძვლობიდან“ შობს საკუთარ თავს სიკეთე.და როგორც ჩრდილში მხოლოდ სინათლე ითხოვს თავის საწყისზე მითითებას, ხოლო სიბნელე თავისთავად სინათლის შემცირებაა, ასევე მოიძებნება სამყაროს ყოველ საგანში კანონზომიერება, და ბოროტი, უმიზნოობა აღქმულია როგორც თავისთავადი. მიუხედავად ამისა, იაკობ ბიომესთვის პირველარსი არის კოსმოსი, მაგრამ სამყაროში ვერაფერს გავიგებთ, თუ პირველარსთან ერთად იმავდროულად მის საპირისპიროსაც არ მივიღებთ მხედველობაში. „სიკეთემ შთანთქა ბოროტი, ანუ საწინააღმდეგო... ყოველი არსება ატარებს საკუთარ თავში კეთილსა და ბოროტს, და თავის გაორებაში, რომელშიც ის ნაწილებად იყოფა, არის თვისებათა წინააღმდეგობა, და ერთი ცდილობს მეორის დაჯაბნას.“ აქედან გამომდინარე, იაკობ ბიომეს აზრით, სამყაროს ყოველ საგანსა და პროცესში უნდა დავინახოთ კეთილი და ბოროტი. მაგრამ, მისი აზრით, კეთილისა და ბოროტის შერევაში არ უნდა დავინახოთ პირველარსი. პირველარსმა უნდა დათრგუნოს ბოროტი. მაგრამ ბოროტი არ არის პირველარსის ნაწილი. იაკობ ბიომე ეძებს სამყაროს პირველსაწყისს. სამყარო კი პირველსაფუძვლის მიერ არარასგან წარმოიშვა. „გარესამყარო არ არის ღმერთი, და არასოდეს იწოდება ღმერთად, არამედ ის არსია, რომელშიც ღმერთი აცხადებს საკუთარ თავს... როდესაც ამბობენ: ღმერთია ყოველივე, ღმერთია ცა და მიწა და მთელი გარესამყარო, - ეს სიმართლეა. რადგან მისგან და მასში მყოფობს ყოველივე. მაგრამ რა უნდა ვქნა ასეთი სიტყვებით, რომელიც არავითარი რელიგია არ არის?“ - ასეთი ხედვით აღაშენებენ საკუთარ თავს იაკობ ბიომეს სულში მისი წარმოდგენები მთელი სამყაროს არსის შესახებ, როდესაც მას არარასგან გარკვეულ საფეხურზე კანონზომიერი სამყარო გამოჰყავს. ეს სამყარო საკუთარ თავს შეადგენს შვიდი ბუნებრივი ხატებისგან. ბნელ სიმწკლარტეში იღებს პირველარსი თავის სახეს, მდუმარედ საკუთარ თავში ჩაკეტილი და უძრავი. მარილისსიმბოლოთი აღნიშნავს ბიომე ამ სიმწკლარტეს. ასეთი აღნიშვნებით ის მიმართავს პარაცელსუსს, რომელიც ბუნების პროცესების სახელებად ქიმიურ პროცესებს არჩევდა. თავისი წინააღმდეგობის შთანთქმით პირველი ბუნებრივი ფორმა გადადის მეორეში. მწკლარტე, უძრავი მოდის მოძრაობაში. ძალა და სიცოცხლე შედის მასში. ამ მეორე ფორმის სიმბოლო არის ვერცხლისწყალი. სიმშვიდისა და მოძრაობის, სიკვდილისა და სიცოცხლის ბრძოლაში ამოიზრდება ბუნების მესამე ფორმა (გოგირდი). ეს საკუთარ თავში მებრძოლი სიცოცხლე ცხადდება. ის აღარ აგრძელებს სიცოცხლეს თავისი წევრების გარეგნულ ბრძოლაში. ის, როგორც ერთიანი მანათობელი ელვა აამაღლებს საკუთარ თავს, გააბრწყინებს თავის არსს (ცეცხლი). ეს მეოთხე ბუნებრივი მდგომარეობა გადადის მეხუთეში, მასში მყოფი ნაწილების ცხოველ ბრძოლაში (წყალი). ამ საფეხურზე შინაგანი სიმწკლარტე და სიმუნჯე არის ისევე, როგორც პირველ საფეხურზე. მაგრამ ეს არ არის აბსოლუტური სიმშვიდე, შინაგან წინააღმდეგობათა დუმილი, არამედ წინააღმდეგობათა შინაგანი მოძრაობა. საკუთარ თავში მკვიდრობს არა მშვიდი, არამედ მოძრავი, რომელიც მეოთხე საფეხურის ცეცხლოვანი ელვით აღენთება. მეექვსე საფეხურზე თავად პირველარსი შეიცნობს საკუთარ თავს, როგორც შინაგან ცხოვრებას. ის თავის თავს აღიქვამს გრძნობების ორგანოებით. გრძნობებით დაჯილდოვებული ცოცხალი არსებები წარმოგვიდგენენ ბუნების ამ ფორმას. იაკობ ბიომე უწოდებს მას „ხმას“ ან „ჟღერადობას“ და გრძნობადი აღქმის სიმბოლოდ ასახელებს ხმის შეგრძნებას. ბუნების მეშვიდე ფორმა არის თავისი გრძნობადი აღქმის საფუძველზე საკუთარ თავზე ამაღლებული სული (სიბრძნე). ის კვლავ იბრუნებს საკუთარ თავს როგორცარარადან ამოზრდილ და ჰარმონიასა და უწესრიგობაში გამოხატული სამყაროს პირველსაფუძველს. “სულიწმინდა არსში მოფენს ბრწყინვალებას დიდებისას, რომელშიც ღვთაებაა გაცხადებული.“  ასეთი ხედვით ცდილობს იაკობ ბიომე შეისწავლოს სამყარო, რომელიც მისთვის, მისი დროის ცოდნის გათვალისწინებით, ფაქტობრივად ითვლება. მისთვის ფაქტებია მისი დროის ბუნებისმეტყველებისა და ბიბლიის მიერ ასეთად დანახული. ერთია მისი წარმოდგენათა სახეობა, ხოლო მეორე - მისი ფაქტების სამყარო. პირველი შეგვიძლია წარმოვიდგინოთ როგორც გამოყენებული სრულიად განსხვავებული ფაქტობრივი ცოდნისთვის. და ასე წარმოჩინდება ჩვენი სულის წინაშე იაკობ ბიომე, როგორსაც შეეძლო ეცხოვრა მეცხრამეტე და მეოცე საუკუნეების მიჯნაზეც. ასეთი იაკობ ბიომე თავისი წარმოდგენათა სახეობით შეისწავლიდა არა ბიბლიურ ექვსდღიან შესაქმეს და ანგელოზთა და ეშმაკთა ბრძოლას, არამედ ლაიელის გეოლოგიურ გამოკვლევებსა და ჰეკელის „ბუნებრივი შესაქმეს ისტორიის“ ფაქტებს.როდესაც წერილი იჭრება იაკობ ბიომეს სულში, ის უნდა მივიდეს ამ დასკვნამდე. (მისი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწერებიდან უნდა დასახელდეს: „ამომავალი განთიადი“, „ღვთაებრივი არსის სამი პრინციპი“, „ადამიანის სამმაგი ცხოვრების შესახებ“, „მოქცეული თვალი“, „Signatura rerum ანუ ყოველი არსების დაბადებისა და აღნიშვნის შესახებ“. „Mysterium magnum”.)

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff