ჯეიმს ჰოლი - სიზმრების იუნგიანური ინტერპრეტაცია

ჯეიმს ჰოლი
0
0

თავი პირველი

თავი პირველი

იუნგიანური ფსიქოლოგიის ძირითადი პრინციპები

იუნგი ფსიქიკის სხვადასხვა ნაწილის აღსაწერად სხვადასხვა ტერმინებსა და ცნებებს იყენებდა როგორც ცნობიერთან, ასევე არაცნობიერთან დაკავშირებით. ეს ცნებები ემპირიულად მომდინარეობდა უზარმაზარი კლინიკური მასალის დამუშავების შედეგად, მათ შორის იუნგის ადრეულ ნამუშევრებიდან - სიტყვების ასოციაციის ექსპერიმენტთან, რომელმაც შემდგომში საფუძველი ჩაუყარა პოლიგრაფის ტესტირებას (თანამედროვე სიცრუის დეტექტორს), და ფსიქოლოგიური კომპლექსების ცნებებს. (იუნგი უკვე ღრმად იყო ჩაფლული სიზმრების ასოციაციის კვლევებში, როდესაც მან პირველად წაიკითხა ფროიდის "სიზმრების ინტერპრეტაცია", (გამოქვეყნდა 1900 წელს)). 

სასარგებლოა რომ მოკლედ განვიხილოთ ძირითადი იუნგიანური კონცეფციები, თუმცა ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ამ კონცეფციათა რამდენიმე კატეგორიას შორის განსხვავებები საკმაოდ თვალშისაცემია (რამდენადაც ისინი ერთი ფსიქიკის შემადგენელი ნაწილები არიან) და ყოველი მათგანი ცალკე განხილვას მოითხოვს. ჩვენს ცოცხალ ფსიქიკაში, სხვადასხვა დონეები და სხვადასხვა სტრუქტურები ფუნქციონირებს როგორც ერთი მთლიანი ორგანიზმი. 
 
არსებობს ორი ძირითადი ტოპოგრაფიული დაყოფა: ცნობიერი და არაცნობიერი. არაცნობიერი იყოფა პირად არაცნობიერად და ობიექტურ ფსიქიკად. იუნგის ადრეულ ნამუშევრებში ობიექტური ფსიქიკა დასახელებულია როგორც "კოლექტიური არაცნობიერი", ეს ტერმინი დღემდე ყველაზე ფართოდ გამოიყენება იუნგიანური თეორიების დისკუსიისას. 
 
ტერმინი ობიექტური ფსიქიკა შემოღებულ იქნა კაცობრიობის სხვადასხვა კოლექტიურ ჯგუფებს შორის დაძაბულობის და გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით. ამ ტერმინით იუნგს უნდოდა განსაკუთრებით გაემახვილებინა ყურადღება იმაზე, რომ ადამიანის ფსიქიკის სიღრმეები ისევე ობიექტურად რეალურია, როგორც კოლექტიური ცნობიერი გამოცდილების გარემო, ანუ "რეალური" სამყარო. 


არსებობს ფსიქიკის ოთხი დონე:


1. პირადი/პერსონალური ცნობიერი ან მეორენაირად - ჩვეულებრივი ცნობიერება.
2. პირადი/პერსონალური არაცნობიერი, რომელიც უნიკალურია ინდივიდუალური ფსიქიკისთვის მაგრამ მიაქციეთ ყორადღება, რომ იგი არ არის ცნობიერი. 
3. ობიექტური ფსიქიკა ან კოლექტიური არაცნობიერი, რომელსაც აქვს აშკარად უნივერსალური სტრუქტურა და ფუნქცია კაცობრიობისთვის. და მეოთხე:
4. კოლექტიური ცნობიერების გარე სამყარო. გაზიარებული ღირებულებებისა და ფორმების კულტურული სამყარო.
      
ამ ძირითადი ტოპოგრაფიული განყოფილებების ფარგლებში არსებობს გენერალური და სპეციალიზებული სტრუქტურები. გენერალური სტრუქტურის ორი ტიპია: არქეტიპული ხატ-სახეები და კომპლექსები. ფიქიკის პირადი, პერსონალური სტრუქტურა, როგორც ცნობიერის, ასევე არაცნობიერის, ოთხი ნაწილისგან შედგება: ეგო, პერსონა, ჩრდილი და სიზიგია, ანუ ანიმა და ანიმუსი. კოლექტიურ არაცნობიერში არსებობს არქეტიპები და არქეტიპული ხატ-სახეები, რომელთა რაოდენობის ზუსტად განსაზღვრებაც შეუძლებელია, მაგრამ არსებობს ერთი შესამჩნევი არქეტიპი: თვითობა/ჭეშმარიტი "მე", რომელიც შესაძლოა მოვიხსენიოთ როგორც წესრიგის უმაღლესი და ცენტრალური არქეტიპი.
  
გენერალური სტრუქტურა

კომპლექსები წარმოადგენს ერთმანეთთან დაკავშირებული გამოსახულებების დაჯგუფებას, ერთად შენახული საერთო ემოციონალური ტონით. იუნგმა აღმოაჩინა ემოციურად გაჟღენთილი კომპლექსები სუბიექტების ასოციაციებში, რაც ვლინდებოდა დაგვიანებულ ან გამოტივებულ პასუხებში სიტყვის ასოცირების ექსპერიმენტისას. მან აღმოაჩინა, რომ თითოეულ ადამიანში მსგავსი ასოციაციები მიდრეკილია დააკლასტეროს გარკვეული თემები, მაგალითად ასოციაციები რომლებიც დაკავშირებულია დედასთან - "დედის კომპლექსი". ტერმინი კომპლექსი დიდი ხანია გადავიდა ზოგად კულტურულ გამოყენებაში. კომპლექსები წარმოადგენენ პერსონალური არაცნობიერის ძირითად შემადგენელს. 


არქეტიპული ხატ-სახეები კოლექტიური არაცნობიერის ძირითადი ნაწილია. თავად არქეტიპები თითქმის არასდროს არის უშუალოდ დაკვირვების საგანი, მაგრამ მათი გავლენა, მაგნიტური ველის მსგავსად შესამჩნევია გონების მიერ ხილულ შინაარსზე, არქეტიპულ გამოსახულებებზე ან პერსონიფიცირებულ კომპლექსებზე. არქეტიპი თავად არის მიდრეკილება, გამოსახოს ჩვენი გამოცდილება გარკვეულ სტრუქტურაში, მაგრამ თავად არქეტიპი არცერთი გამოსახულება ან სტრუქტურა არ არის. არქეტიპის კონცეფციის განხილვისას იუნგმა იგი შეადარა ბროლის ფორმირებას გაჯერებულ ხსნარში: კონკრეტული კრისტალის სტრუქტურა მიჰყვება გარკვეულ პრინციპს (არქეტიპს), რის შედეგადაც კრისტალი ფაქტობრივ ფორმას ღებულობს (არქეტიპული ხატ-სახე), თუმცა კრისტალის ფორმის წინასწარ პროგნოზირება შეუძლებელია. ყველა ადამიანი იბადება გარკვეული გამოსახულებების ფორმირებისკენ მიდრეკილებით, მაგრამ არა თვითონ გამოსახულებებით. არსებობს უნივერსალური ადამიანური ტენდენცია, მაგალითად დედის ხატის, დედის იმიჯის შექმნა, მაგრამ თითოეული ინდივიდუალი აყალიბებს მისთვის განსაკუთრებულ დედის გამოსახულებას თავად ამ ადამიანის უნივერსალურ არქეტიპზე დაყრდნობით. 

არქეტიპული გამოსახულებები არიან ღრმა და ფუნდამენტური ხატ-სახეები, რომლებიც ყალიბდება არქეტიპების მოქმედებით ადამიანური ფსიქიკის აკუმულირებულ გამოცდილებაზე. 
არქეტიპული ხატ-სახეები განსხვავდება კომპლექსებისგან უფრო უნივერსალური და ფართომასშტაბიანი მნიშვნელობის ქონით, ხშირად, ადამიანზე ეფექტის მოხდენის ხარისხითაც. 
არქეტიპული გამოსახულებები, რომლებიც მნიშვნელოვანია ადამიანთა ფართო მასებისთვის, მიდრეკილია ხანგრძლივი დროის განმავლობაში ჩანერგილი იყოს კოლექტიურ ცნობიერებაში. ამ არქეტიპების კულტურულ ფორმას წარმოადგენს მეფე და დედოფალი, ღვთისმშობელი და ისეთი რელიგიური ფიგურები როგორიცაა ქრისტე და ბუდა (ესაა მცირედი უამრავ მაგალითთაგან). უამრავი კოლექტიური ფიგურა და სიტუაცია ატარებს ისეთ არქეტიპულ გავლენებს, რომელიც საზოგადოების მიერ მასზე არქეტიპულ პროექციას იწვევს. ძლიერი ემოციური რეაქციები სოციალური მოღვაწის მკვლელობის, პრეზიდენტის, მეფის, ვარსკვლავის ან რელოგოური ფიგურის გარდაცვალებისას, აჩვენებს, რომ უამრავი ადამიანისთვის კონკრეტული პიროვნება ატარებდა არქეტიპულ პროექციას. 

ნებისმიერ განმეორებად ადამიანურ გამოცდილებას გააჩნია არქეტიპული საფუძველი: დაბადება, სიკვდილი, სექსი, ქორწინება, დაპირისპირებულ ხალხთა კონფლიქტი და ა.შ. მიუხედავად იმისა რომ არქეტიპები ვითარდებიან, ისინი იმდენად ნელა იცვლებიან, რომ ყოველი პრაქტიკული მიზნისთვის მათ შესაძლოა ფიქსირებული ისტორული დრო დასჭირდეთ. 

იუნგის მოდელში "თვითობა" არის მთელი ფსიქიკის მარეგულირებელი ცენტრი, მაშინ, როცა "ეგო" მხოლოდ პერსონალური ცნობიერების ცენტრია. "თვითობა" არის ცენტრი, რომელიც კოორდინაციას უწევს მთელს ფსიქიკურ ველს. გარდა ამისა, ის არის ინდივიდუალური ეგო-იდენტობის არქეტიპული შაბლონი. ტერმინი "თვითობა" გამოიყენება ფსიქიკის, როგორც ერთი მთლიანი ორგანიზმის გამოსახატავად. არსებობს "თვითობის" სამი განსხვავებული მნიშვნელობა:

1. ფსიქიკა, როგორც ერთი მთლიანი ორგანიზმი. ფუნქციონირებს როგორც ერთობა. 
2. ცენტრალური არქეტიპი, რომელიც დანახულია ეგოს გადმოსახედიდან. 
3. ეგოს არქეტიპული საფუძველი. 

იმის გამო, რომ "თვითობა" არის უფრო სრულყოფილი ქმნილება ვიდრე "ეგო", თავად "თვითობა" "ეგოს" მიერ აღიქმება როგორც უმაღლესი ღირებულების სიმბოლო: ღმერთის სიმბოლიკა, მზე - როგორც სოლარული სისტემის ცენტრი, ბირთვი - როგორც ატომის ცენტრი და ა.შ. 

"თვითობის" გამოცდილების ემოციური ტონი აღიქმება როგორც რაღაც ნუმინოზური, ერთდროულად უდიდესი აღტაცების და შიშის მომგვრელი. "ეგო", რომელიც განიცდის "თვითობას" (ანუ საკუთარ თავს), შესაძლოა თავი იგრძნოს უმაღლესი ძალის მქონე ობიექტად. როდესაც "ეგო" არასტაბილურია, "თვითობა" შესაძლოა გამოჩნდეს როგორც წესრიგის სიმბოლო, ხშირად მანდალას სახით. ფიგურა მკაფიო პერიფერიით და ცენტრით, როგორიცაა კვადრატული წრე ან კვადრატი წრეში. აღმოსავლურ რელიგიურ ტრადიციებში მანდალა ხშირად შეიცავს სხვადასხვა ღვთაებების სურათებს და გამოიყენება მედიტაციურ პრაქტიკებში. მიუხედავად იმისა, რომ "თვითობის" ცნება იუნგის კონცეფციებში ყველაზე ნაკლებად ემპირიულია, (რადგან ეს არის სასაზღვრო შესაძლებლობა რისი კლინიკურად აღწერაც შესაძლებელია), ესაა ტერმინი, რომელიც ფსიქოლოგიური ენის გარდა აღუწერელია. მართლაც, ფენომენოლოგიურად, "თვითობა" ძალიან განსხვავდება იმისგან, რასაც ტრადიციულად ღმერთს უწოდებენ. 

პერსონალური და ობიექტური ფსიქიკის ურთიერთობა

ფსიქიკაში ჩვენს საწყის წერტილს წარმოადგენს კომპლექსური ეგო. ამ სტრუქტურას ჩვენ ყოველთვის მივმართავთ, როდესაც ვიყენებთ პირველი პირის მხოლობით ნაცვალსახელს, სიტყვა - "მეს". პერსონალური ფსიქიკის ფენები, რომლებიც არქეტიპულ საფუძვლებს ეყრდნობა, ობიექტურ ფსიქიკაში/კოლექტიურ არაცნობიერში ბინადრობს. პერსონალური სფერო, ცნობიერიცა და არაცნობიერიც, ყალიბდება ობიექტური ფსიქიკის მატრიცასთან მოქმედებაში და მუდმივად დაკავშირებულია ფსიქიკის ამ ღრმა და ორგანულ სფეროსთან, მიუხედავად იმისა, რომ განვითარებული "ეგო" გარდაუვლად მიდრეკილია გულუბრყვილოდ მიიჩნიოს თავი ფსიქიკის ცენტრად. ეს მსგავსია იმისა, რაც დედამიწიდან მოჩანს, რომ მზე ბრუნავს დედამიწის გარშემო, ჩვენ ვიცით რომ ეს პირიქითაც ხდება და დედამიწა ბრუნავს მზის გარშემო. 

ფსიქიკის ღრმა შრეების აქტივობა აშკარად გამოიცდება სიზმრებში, ადამიანის უნივერსალურ გამოცდილებაში, და მისმა ჭარბმა აქტიურობამ შესაძლოა მწვავე ფსიქოზის გამოწვევაც შეძლოს. იუნგის ინტენსიურ ანალიზში ანალიტიკოსი აფასებს ობიექტური ფსიქიკის არსებითად სასარგებლო მოძრაობას ემპირიული ეგოს ინდივიდუაციის პროცესის გასაძლიერებლად. ზოგიერთი ანალიტიკოსი სწავლობს იუნგის კიდევ ერთ ტექნიკას, რომელსაც აქტიური წარმოსახვა ეწოდება, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია განზრახ დაუკავშირდეს ადამიანი ფსიქიკის სიღრმეებს სიფხიზლის დროს. 

სტრუქტურული თვალსაზრისით თითოეული კომპლექსი პერსონალურ სფეროში, (იქნება ეს ცნობიერი თუ არაცნობიერი), ობიექტური ფსიქიკის არქეტიპულ მატრიცაში ფორმირდება. ყოველი ძირითადი კომპლექსი არის არქეტიპი. ეგო ფორმირდება "თვითობის" არქეტიპულ ბირთვზე. პერსონალური დედის კომპლექსის მიღმა არსებობს დიადი დედის არქეტიპი. დედისა და მამის ერთობლივი სურათის მიღმა (და მის ცენტრში) არსებობს ზეციერი მშობლების არქეტიპი; აქ ასევე არსებობს ჩრდილის ღრმა არქეტიპული ფესვები და ბევრი პიროვნული როლი/ნიღაბი. არქეტიპული ფორმები შესაძლოა მოიცავდეს განსხვავებული ფორმების კომბინაციას, მაგალითისთვის, ღვთაებრივ წორწინებას, ან hieros gamos-ს შეუძლია წარმოადგინოს საპირისპირო ურთიერთწინააღმდეგობათა გაერთიანება. ფსიქიკის არქეტიპულ ფენას აქვს უნარი ჩამოაყალიბოს სიმბოლოები, რომლების მოქმედებენ გასაერთიანებლად, რაც შეუთავსებელია პირად, პერსონალურ დონეზე. ობიექტური ფსიქიკის ამ უნარს, ჩამოაყალიბოს ერთმანეთთან შეჯერებული სიმბოლოები, ტრსნსცენდენტური ფუნქცია ეწოდება, რადგან მას შეუძლია გადალახოს დაპირისპირებულთა ცნობიერი დაძაბულობა. ამ პროცესში კონფლიქტები აუცილებლად არ ქრება, ისინი უფრო გადალახულია და რელატივიზებული. 

იმის გამო, რომ პერსონალური ფსიქიკის თითოეული კომპლექსი ობიექტური ფსიქიკის არქეტიპულ საძირკველს ემყარება, არ არსებობს კომპლექსი, რომელიც საკმარისად სიღრმეში შეჭრის შედეგად მის არქეტიპულ ასოციაციებს და გადაჭრის სცენარს არ გამოავლენს. იუნგიანური ანალიზის ხელოვნების დიდი ნაწილი მდგომარეობს იმაში, რომ აძლიერებს გამოსახულებას იმ წერტილამდე, სადაც ეგო განიცდის კავშირს არქეტიპულ სამყაროსთან მისი განკურნების მიზნით, მაგრამ არა იმდენად, რომ იგი ჩაიკარგოს არქეტიპული სიმბოლოების ზღვაში. მაგალითისთვის, იმ შემთხვევაში თუ "ეგოს" აქვს შესაძლებლობა გამოსცადოს "თვითობა", "ეგოსა" და "თვითობის" ღერძი მკაფიოდ ჩამოყალიბდება ცნობიერებაში და ამიერიდან ადამიანი იგრძნობს მის კავშირს ძირითად ფსიქიკაზეც. მაგრამ თუ სუსტ ან განუვითარებელ ეგოს აქვს იგივე გამოცდილება, შესაძლოა განვითარდეს ფსიქიკური ინფლაცია და "ეგომ" დაკარგოს მკაფიო პოზიცია ცნობიერებაში, ან განვითარდეს დროებითი ფსიქოზი. "განღმრთოების" ხშირი გამოცდილება ფსიქოდელიური ნაერთებიდ მიღებისას როგორიცაა LSD ან ფსილოციბინის სოკოები, ესაა "თვითობის" არქეტიპული ბირთვის გამოცდილება, მაგრამ რეალობაში საკმარისი დამიწების გარეშე - სტაბილური "ეგო-თვითობის" ღერძის დასამყარებლად. 

იდენტობის სტრუქტურები: ეგო და ჩრდილი

საბაზისო ეგო-იდენტობა საკმაოდ ადრე ყალიბდება: თავიდან იგი ჩანერგილია დედაშვილურ ურთიერთობაში, მოგვიანებით კი ფართოვდება და ყოველდღიურ ცხოვრებაში გადადის. ეგოს ფორმირების პროცესში, პიროვნების გარკვეული თანდაყოლილი აქტივობები მიიღება დედისა და ოჯახის მიერ, ხოლო სხვა აქტივობები და იმპულსები ნეგატიურად ფასდება, რის გამოც მშობლების მითითებით მათი ჩადენა იკრძალება. ამ ამკრძალავ კრიზისს მოსდევს სხვა უფრო დახვეწილი ურთიერთქმედებები, სადაც მოზარდი ბავშვი იწყებს საკუთარ თავში მისი ან მისივე მშობლების მიერ არმიღებული ნაწილის განდევნას და მისგან განცალკევებას. 
 
ტენდენციები და იმპულსები, რომლებიც განდევნილია, არ იკარგება, არამედ ჯგუფდება და იზრდება, როგორც ერთგვარი ალტერ-ეგო და პერსონალური არაცნობიერის ზედაპირზე ინაცვლებს. ამ ალტერ-ეგოს იუნგი ჩრდილს უწოდებს, რადგან როდესაც ურთიერთწინააღმდეგობათა წყვილის ერთ-ერთი ნაწილი "სინათლის" სახით ადამიანის ცნობიერებას იკავებს, მეორე უარყოფითი ნაწილი მეტაფორულად ვარდება "ჩრდილოვან" არაცნობიერში. 

ვინაიდან ჩრდილის ხარისხი და თვისებები განვითარებადი ეგოს პოტენციური ნაწილები არიან, ჩრდილი განაგრძობს საკუთარ თავში პერსონალური იდენტობის შეგრძნებას, მაგრამ უარყოფილი და შეზიზღებული განწყობით, ჩვენ მის არსებობას ჩვეულებრივ სირცხვილისა და დანაშაულის სახით ვგრძნობთ. ვინაიდან ჩრდილი ნაადრევად და დინამიურად დისოცირდება დომინანტური ეგო-იდენტობის განვითარებისაგან, მის შესაძლო დაბრუნებაზე და შეგნებულ ცხოვრებაში თავის დამკვიდრებაზე ფიქრი ეგოსთვის შფოთვას იწვევს. ფსიქოთერაპიისა და ანალიზის რუტინული ნაწილი მდგომარეობს იმაში, რომ შეიქმნას უსაფრთხო სივრცე, სადაც შესაძლებელი იქნება ჩრდილის შიგთავსის, მისი შემადგენელი ნაწილების ხელახლა გამოკვლევა და მისი ნაწილობრივი ინტეგრირება ცნობიერებასთან, რომელიც მანამდე გახლეჩილ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ფსიქიკის უამრავი ბუნებრივი ატრიბუტი, რომელიც მოზარდობიდან მიუღებელია, აუცილებელია ზრდასრულობაში ჯანსაღი ფსიქიკის ფუნქციონირებისთვის. მაგალითად: აგრესიული და სექსუალური იმპულსები ხშირად არიან დისოცირებულნი, რადგან ბავშვობიდან შეუსაბამონი, კულტურულად მიუღებელნი და შემაშფოთებელნი არიან მშობლებისთვის; მაგრამ ეს თვისებები აუცილებელია ნორმალური, ზრდასრული პიროვნებისთვის. სხვა თვისებებიც, თუნდაც თანდაყოლილი ინტელექტის მარტივი გამოხატვა შესაძლებელია იმყოფებოდეს ჩრდილის შემადგენელ ნაწილში. 

ჩრდილის შემადგენელი ნაწილების შეგნებული ინტეგრაცია ორმაგ ეფექტს ახდენს ეგოს ფუნქციონირებისთვის, მისი მოქმედების სფეროს გაფართოებითა და მანამდე დაბლოკილი აუცილებელი საჭირო ენერგიის გამოთავისუფლებით. ინდივიდი ხშირად გრძნობს ამ გამოცდილებას როგორც ახალი სიცოცხლის დასაწყისს. 

ვინაიდან ჩრდილი პოტენციურად "ეგოა", მასში იდენტური სექსუალობა არსებობს, როგორიც "ეგოში", ანუ მასკულინური - მამაკაცში და ფემინური - ქალში. სიზმრებსა და ფანტაზიებში ჩრდილი საყოველთაოდ პროექტირდება იმავე სქესის მქონე პიროვნებად, რომელიც ხშირად აგრესიულ განწყობას ასხივებს, იწვევს ჩვენი მხრიდან არმოწონებას და გააჩნია ნიშან-თვისებები, რომელიც "ეგო-იდენტობის" იმიჯს საკმარისად განვითარებული არ აქვს.
 
ურთიერთობის სტრუქტურები: ანიმა/ანიმუსი და პერსონა

გაძლიერებული "ეგო-იდენტობა", რომელიც წარმოიქმნება ჩრდილის შემადგენელი ნაწილების ასიმილაციის შედეგად, ნათლად აწყდება სხვა ადამიანებთან ურთიერთობის საჭიროებას. ამ დონეზე იწყება ურთიერთობა კოლექტიურ ცნობიერ სამყაროსა და ობიექტური ფსიქიკის ტრანსპერსონალურ შინაარსს შორის; ორი სტრუქტურული ფორმა, რომელიც აადვილებს ამ ურთიერთდამოკიდებულების ამოცანას, არის ანიმა/ანიმუსი და პერსონა. 

თვისებები, რომლებიც კულტურული საზოგადოებისა და პიროვნების მიერ ჩრდილოვან ალტერ-ეგოშია განდევნილი, მხოლოდ ამ ასპექტით არ შემოიფარგლება. მასში ბინადრობს ჩვენი ფსიქიკის სექსუალური იდენტობის საპირისპირო წარმომადგენელი; მამაკაცური იმიჯი, ანუ ანიმუსი (ქალის ფსიქიკაში) და ქალური იმიჯი, ანუ ანიმა (მამაკაცის ფსიქიკაში). იუნგი აკვირდებოდა მსგავს ხატ-სახეებს მისი პაციენტების სიზმრებსა და წარმოსახვებში, რის შედეგადაც მოახდინა მკაფიო ფაქტის რეალიზაცია: მსგავსი ხატ-სახეები იმდენად მნიშვნელოვანი და საყურადღებოა, რომ მისგან გაუცხოება იწვევს შედეგს, რასაც პრიმიტიულ კულტურაში "სულის დაკარგვას" უწოდებენ. 

ჩვეულებრივი გზა, რისი საშუალებითაც ანიმა ან ანიმუსი ცხოვრებაში გამოიცდება, არის მისი პროექცია, საპირისპირო სქესის მქონე ადამიანზე. ჩრდილის პროექციისგან განსხვავებით, ანიმა/ანიმუსის პროექცია მომხიბვლელად გამოიყურება. საყვარელი ადამიანი "ატარებს" ანიმას პროექციას. "შეყვარებულობა" არის კლასიკური მაგალითი, როდესაც ხდება ანიმასა და ანიმუსის ერთდროული პროექცია წყვილს შორის. ამგვარი ორმხრივი პროექცია უმჯობესდება წყვილს შორის ახლო ურთიერთგაგებით, რომელიც წარმოადგენს სულის გამოსახულებას პროექციული ფორმით, მაგრამ ამ პროექციის დაკარგვას შეიძლება მოჰყვეს სიცარიელის შეგრძნება და ურთიერთობების დასასრული თუ კავშირში პროექცია მყარად არ ნარჩუნდება. ეს ფაზა, საკუთარ ფსიქიკაში სულის ხატის არაცნობიერი პროექციული იდენთიფიკაცია სხვა ადამიანზე - ყოველთვის დროში შეზღუდულია. იგი გარდაუვლად მთავრდება რაღაც ეტაპზე მტრობის და გაუგებრობის სხვადასხვა ხარისხით, რადგან არცერთ ადამიანს არ შეუძლია გაამართლოს ჩვენი ფსიქიკის ფანტასტიკური მოლოდინები, რომელიც პროექციულ ხატ-სახეს ახლავს. არსებობს ორი გზა: ურთიერთობის დასრულება და პროექციების სხვა ადამიანზე გადატანის ძიება, ან ნამდვილი ამოცანის შესრულება, პროექციის დასრულების შემდეგ, პარტნიორთან ჩამოყალიბდეს ჭეშმარიტი ურთიერთობა რეალობაში.
 
როგორც ფსიქიკის სტრუქტურის ნაწილი, ანიმას და ანიმუსის გამოსახულებები (თუნდაც პროექციული), ცნობიერების პერსონალური სფეროს გაფართოების ფუნქციას ასრულებს. ანიმა/ანიმუსი აცოცხლებს ეგოს და მიჰყავს ინდივიდუაციის იმ სფეროებისკენ, რომლებიც ჯერ კიდევ არ არის ინტეგრირებული. პროექციის გაუქმება, თუ თავად პროექციის შემადგენელი ნაწილები ინტეგრირებულია, იწვევს ისეთ მოვლენას, როგორიცაა ცნობიერების ამაღლება. თუ პროექციული ანიმა/ანიმუსი არ არის ინტეგრირებული როდესაც პროექცია სრულდება, სავარაუდოა, რომ იგივე პროცესი კვლავ განმეორდება; ამჯერად სხვა ადამიანთან. 

იმის გამო, რომ ანიმა/ანიმუსი არაცნობიერ სტრუქტურას წარმოადგენს და პერსონალური არაცნობიერის შორეულ ჰორიზონტებში არსებობს, ის არსებითად აბსტრაქტულია და ადამიანი მისი დახვეწილი თვისებებისა და ნიუანსების ნაკლებობას განიცდის. ამ მიზეზით, თუ მამაკაცი სხვა ქალში ამოიცნობს საკუთარ ანიმას, ან ქალი მის ანიმუსს, ცნობიერება კარგავს უნარს, გაუმკლავდეს საპირისპირო მხარის რთულ ნაწილებს. 

ტრადიციულ ევროპულ კულტურაში (რონელშიც იუნგმა თავისი ადრეული ცხივრების უნეტესი ნაწილი გაატარა), მამაკაცის ანიმა როგორც წესი, ატარებს მის არაინტეგრირებულ ემოციურ მხარეს, რაც თავის მხრივ ვლინდება გარკვეულ სენტიმენტალურობაში, ვიდრე სექსუალურად ინტეგრირებულ განცდაში. ანალოგოურად, ტრადიციული ქალის ანიმუსი გამოიყურება არაინტეგრირებულ ინტელექტად, ჩამოუყალიბებელ აზროვნებად, ვიდრე ლოგიკურად ფორმულირებულ აზროვნებად. 

აუცილებელია არ აგერიოთ ეს ისტორიულ-კულტურული სტერეოტიპები ანიმასა და ანიმუსის სულიერი ფუნქციის როლში. მზარდი კულტურული განვითარების პროცესში ქალისა და მამაკაცის ანიმა/ანიმუსი შინაარსობრუვად იცვლება, მაგრამ მისი არსებითი როლი, როგორც "მეგზურის ფუნქცია" ინდივიდუაციის გზაზე, ყოველთვის უცვლელია, რაც ცხადადაა აღწერილი იუნგის ადრეულ განმარტებებში. ანიმა/ანიმუსის ნაწილობრივი ინტეგრაცია (რომელიც შეუძლებელია იმდენად ინტეგრირებულ იქნეს, რამდენადაც ჩრდილი), ხელს უწყობს ინდივიდის უნარს გაუმკლავდეს სხვადასხვა ტიპის სირთულეებს როგორც სხვა პიროვნებასთან, ასევე საკუთარ ფსიქიკასთან ურთიერთობაში. 

პერსონა არის გარეგან, კოლექტიურ სამყაროსთან ურთიერთობის ფუნქცია. ესაა ტერმინი, რომელიც მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან - "ნიღაბი", რაც კლასიკური ბერძნული თეატრალური დრამების შემადგენელი ნაწილი იყო. ნებისმიერ კულტურას გააჩნია საზოგადოების მიერი აღიარებული პიროვნული როლები: დედა, მამა, ქმარი, ცოლი, ექიმი, მღვდელი, ადვოკატი და ა.შ. ესენია როლები, რომლებსაც გააჩნიათ საზოგადოებაში მისაღები ფუნქციონირების გზები, განსხვავებულ კულტურაში სხვადასხვა ჩაცმის, უფლების, ქცევის, სახესხვაობები და ა.შ. განვითარებადი "ეგო" ირჩევს სხვადასხვა როლებს და ახდენს მათთან მეტ-ნაკლებად ეგო-იდენტობის ინტეგრირებას. როდესაც "ეგო" ნამდვილად მოირგებს როლს,, ეს ხელს უწყობს ნორმალურ სოციალურ ინტერაქციას.
 
ჯანსაღ "ეგოს" შეუძლია მეტ-ნაკლებად წარმატებით აითვისოს სხვადასხვა პერსონალური როლები, მოცემული სიტუაციის საჭიროების შესაბამისად. ამისგან განსხვავებით, ჩრდილი რაღაც ძალიან პერსონალურია, რომელიც თავად ჩვენი "ეგოს" შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს (რამდენადაც ეგოს ჩრდილის მიღება არ უნდა). თუმცა, არსებობს გართულებები, რომლებიც შესაძლოა ფსიქიკას პერსონას არასწორად ფუნქციონირების შედეგად გაუჩნდეს და რომელიც ხშირად მოითხოვს ფსიქოთერაპევტის ჩარევას. ამათგან სამი ყველაზე გამორჩეული ვარიანტია: 

1. პერსონას გადაჭარბებული განვითარება.
2. პერსონას არაადეკვატური განვითარება.
3. "ეგოს" პიროვნული იდენთიფიკაცია პერსონასთან, რომელიც შეცდომით გრძნობს თავს სოციალური როლის იდენტურ ქმნილებად. 

პერსონას გადაჭარბებულ განვითარებას შეუძლია გამოიწვიოს სოციალური როლის შევსება, მაგრამ ყოველთვის ტოვებს შეგრძნებას, რომ "შიგნით" არანაირი რეალური პიროვნება არ არსებობს. ამასთანავე, პერსონას არასაკმარისი განვითარება იწვევს პიროვნების ზედმეტად დაუცველობის, უარყოფისა და ტანჯვის შეგრძნებას ან სხვა ადამიანთან მიჯაჭვულობას. ინდივიდუალური ან ჯგუფური ფსიქოთერაპიის ფორმები დიდი დახმარებაა მსგავს მდგომარეობაში. 

პიროვნების იდენტიფიკაცია უფრო სერიოზული პრობლემაა, რომლის დროსაც არსებობს დაუკმაყოფილებლობის განცდა, რადგან ეგო განცალკევებულია სოციალური პიროვნების როლისგან, ასე რომ, ყველაფერი რომელიც უკავშირდება სოციალური როლის პრობლემებს, ამოიცნობა როგორც პირდაპირი საფრთხე "ეგოს" მთლიანობისთვის. არსებობს ე.წ „ცარიელი ბუდის სინდრომი“ — ფსიქოლოგიური აშლილობა და დეპრესია როდესაც  შვილი მიდის სახლიდან - მშობლების როლის ზედმეტი იდენტიფიკაციის შედეგი. მსგავსი ურთიერთქმედებები მიმდინარეობს როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში. ადამიანი რომელიც თავს დაცარიელებულად და დაბნეულად გრძნობს როდესაც სამუშაოს არასწორად ან არადამაკმაყოფილებლად ასრულებს, ესაა მისი სამსახურეობრივი პერსონას როლის შეგრძნება, რადგან მან ვერ გამოიმუშავა პროფესიისთვის შესაბამისი იდენტობისა და კომპეტენტურობის საკმარისი განცდა. ანალიტიკური მკურნალობა ხშირად ესაჭიროებათ ადამიანებს, რომელთაც გააჩნიათ სამსახურეობრივ პიროვნებასთან იდენტიფიკაციის მძიმე პრობლემები.
 
ინდივიდუაცია

ინდივიდუაცია ცენტრალური თემაა იუნგიანურ თეორიაში. იგი უკავშირდება პროცესს, როდესაც პიროვნება ყოველდღიურ ცხოვრებაში შეგნებულად ცდილობს ჩასწვდეს და განავითაროს მისი ფსიქიკის თანდაყოლილი ინდივიდუალური პოტენციალი. ვინაიდან არქეტიპული შესაძლებლობები წარმოუდგენლად უზარმაზარია, ნებისმიერი განსაკუთრებული ინდივიდუაციის პროცესისთვის შეუძლებელია ყველა თანდაყოლილი პოტენციალის გახსნა. სინამდვილეში უდიდესი პოტენციალის გახსნა არც არის მნიშვნელოვანი ფაქტორი, მნიშვნელოვანია საკუთარ ღრმა პოტენციალთან ცნობიერი კავშირი და არა ეგოცენტრულ და ნარცისულ მიდრეკილებებზე მიყოლა, ან თუნდაც კოლექტიური კულტურული როლების იდენტიფიკაცია. 

ეგოს შეუძლია თავი გააიგივოს პერსონალური არაცნობიერის იმ სტრუქტურებთან, რომლებიც ჰარმონიაში არ არიან ინდივიდუაციის პროცესთან. ყველაზე ხშირად მსგავსი შემთხვევა იწვევს ნევროზს - რაღაცისგან დაშორების განცდა, რაღაც ჩვენში არ გრძნობს და არ გვპასუხობს. ბავშვობაში, მშობლური როლის მკაფიო ფიქსაციამ შესაძლოა ისეთი ნერვული განხეთქილება გამოიწვიოს, რომ ადამიანი ცხოვრების წინსვლის ეტაპებზე საგრძნობლად შეჩერდეს, რადგან ადამიანი განვითარების დონის ადრეულ ეტაპზე ფიქსირდება. 

ეგომ შესაძლოა, ასევე დაკარგოს შეხება ინდივიდუაციის პროცესთან, კოლექტიურ როლებთან ზედმეტად თავის გაიგივების გამო; სოციალურ როლებთან იდენტიფიკაციის შედეგად, რომლებიც რამდენადაც ღირებულნი არ უნდა იყვნენ ერთი შეხედვით, არ შეესაბამებიან ინდივიდუაციის გზას. სოციალურ როლთან იდენტიფიკაცია (კონკრეტული "პერსონა"), შესაძლოა მისაღები და დაფასებულია საზოგადოების ფართო სეგმენტის მიერ, მაგრამ არ არის ინდივიდუაციის ნაწილი. იუნგს მიაჩნდა, რომ ჰიტლერი და მუსოლინი ამის თვალშისაცემი მაგალითები იყვნენ; მათ გააჩნდათ კოლექტიური არაცნობიერის პერსონის მიმართ ავადმყოფური თვითიდენტიფიკაცია, რომელმაც მათივე პიროვნება და მთელი კაცობრიობა უდიდეს ტრაგედიამდე მიიყვანა. 

თვით ნეგატიურმა იდენტიფიკაციამაც შეიძლება მიაღწიოს არქეტიპულ პროპორციებს, (ე.წ. "ნეგატიური ინფლაცია“), რაც იწვევს ადამიანში ფსიქოზური დეპრესიის ფორმებს, მაგალითად: "უპატიებელი ცოდვის" ცნებას. როდესაც მათი აღქმით მხოლოდ უფალს შეუძლია ცოდვის მიტევება. 

ძალიან ძნელია ავღწეროთ ინდივიდუაციის წარმატებული ან ტიპიური პროცესი, რადგან ამ შემთხვევაში თითოეული ადამიანის ინდივიდუაცია უნიკალურ შემთხვევად ითვლება. შესაძლებელია ცალკეული "ნორმების" დადგენა, მაგალითად: პროცესის განსაზღვრა მზის ამოსვლასთან დაკავშირებით, როდესაც სიცხადე და ინდივიდუაციის გზა აქტიურად ხელშესახებია სიცოცხლის პირველ ნახევარში, ხოლო მზის ჩასვლისას (დაბერება, სიკვდილის მოახლოება), სიცოცხლის მეორე ნახევარში პროცესის ცხოველმყოფელობა კლებულობს. თუმცა მსგავს განზოგადებებსაც გააჩნიათ გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც საქმე ეხება კონკრეტული პიროვნების ინდივიდუაციის პროცესს.
   
ინდივიდუაციის პროცესის, როგორც ანალიტიკური ფსიქოლოგიის ცენტრალური კონცეფციაზე საუბრისას, იუნგი ხაზს უსვამდა ადამიანის სიცოცხლის უნიკალურობასა და ღრმა მნიშვნელობას. მსგავსი პრიორიტეტი (როგორიცაა ინდივიდუალურ პიროვნებად ყოფნა), ექოდ გაისმის დიდ მსოფლიო რელიგიებში, მაგრამ დაკარგულია უამრავ თანამედროვე მასობრივ მოძრაობაში, სადაც ინდივიდი დაყვანილია სოციალურ, ეკონომიკურ ან სამხედრო ჯგუფის ნაწილად. ამ გაგებით, ინდივიდუაცია არის, ადამიანური ღირებულებების დაკარგვის კონტრპუნქტი, როდესაც ინდივიდი ზედმეტად ორგანიზებულია ტექნოლოგიურ ან იდეოლოგიურ საფუძვლებზე. 

მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში, იუნგი ინარჩუნებდა დიდ ინტერესს რელიგიური გამოცდილებების მიმართ. იგი ჩაფლული იყო აღმოსავლური რელიგიების შესწავლაში, ეცნობოდა ალქიმიას, როგორც არაორთოდოქსულ რელიგიურ და ფსიქოლოგიურ პრაქტიკას და შეისწავლა ტრანსფორმაციის რიტუალები დასავლურ ქრისტიანულ ტრადიციაში. მას შემდეგ, რაც "თვითობა" ცხადდება, როგორც გარკვეული ღვთაება, იგი ფსიქიკაში ფუნქციონირებს როგორც, ღმერთის ხატ-სახე. 

ინდივიდუაციის პროცესი, როგორც ეს იუნგიანურ თეორიაში ესმით, მოიცავს განგრძობით დიალოგს ეგოსა (როგორც ცნობიერების პასუხისმგებლობის ცენტრი) და იდუმალებით მოცულ, მთელი ფსიქიკის მარეგულირებელ ცენტრს შორის; ცენტრს, რომელსაც იუნგი "თვითობას" უწოდებს, ეგოს არსებობის საფუძველიცაა და მისი ტრანსცენდენტური ფუნქციაც, რომელსაც სჭირდება ეგო იმისთვის, რომ ინდივიდუაციის პროცესი განვითარდეს. ჩვენ არ ვიცით როგორია "თვითობის" ბუნება. ესაა კონცეფცია, რომელიც ფსიქიკის აქტივობების დაკვირვებულ განხილვას მოითხოვს, მაგრამ შეუძლებელია მისი არსის პირდაპირ გარკვევა. 

"წარმატებულ" იუნგიანურ ანალიზს ადამიანი მიჰყავს იმ დონემდე, რომ მან დააფასოს ფსიქიკის საიდუმლო ბუნება, რომელიც ერთნაირად ინტიმურად და ტრანსპერსონალურად გამოიყურება, იგი ერთნაირად ვითარდება ინდივიდუალურ ეგოში და ამავდროულად დროსა და სივრცეში ემპირიულად არსებობს. ფსიქიკის ამ საზღვრიდან, ჩვენ ვიმყოფებით იმ ფართომასშტაბიანი კითხვების ზღურბლზე, რომლებზე პასუხიც მხოლოდ კლინიკური დაკვირვების გზით ვეღარ გაიცემა.

 

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff