თავი მეხუთე
თავი მეხუთე
ინტერპრეტაციის ტექნიკის საკითხები
არსებობს ერთი ძირითადი ჭეშმარიტება ტექნიკის შესახებ: სწორი ტექნიკა არასწორი ადამიანის ხელში არ იმუშავებს, რამდენადაც არასწორი ტექნიკა სწორი ადამიანის ხელში უეჭველად იმუშავებს. ფსიქოთერაპიაში სიზმრების ანალიზის წარმატებული გამოყენება უბრალო ტექნიკური ექსპერტიზის საკითხს წარმოადგენს. არცერთი ტექნიკა არ არის სრულად ადეკვატური, ამ შემთხვევაში ანალიტიკოსისა და პაციენტის თანხვედრა უფრო მნიშვნელოვანია. სწორედ ამ ურთიერთობაში უნდა მოხდეს ყველა სიზმრის ან სხვა თერაპიის განხილვა. თერაპიული ურთიერთობა წარმოადგენს წმინდა ალქიმიურ ურთიერთქმედებას, რომელშიც ღრმად ტრანსფორმაციული პროცესი მიმდინარეობს.
ანალიზი არის პროცესი, რომელიც არ შეიძლება იყოს მთლიანად რაციონალური, იგი წარმოადგენს ისეთ ხელოვნებას, როგორიცაა მუსიკა და პოეზია. ანალიზის პროცესში, პაციენტისთვის ტრანსფორმაციული ცვლილებების მაქსიმიზაციისთვის, მის მიერ გადმოცემული მასალა უნდა განიხილებოდეს ძალიან სიღრმისეულად. გარდა ამისა, კარგად გაწვრთნილმა ანალიტიკოსმა თავად უნდა გაიაროს პირადი ანალიზის ხანგრძლივი პერიოდი რათა უფრო გაცნობიერებულად შეეძლოს საკუთარი კომპლექსების პროექცია პაციენტის მასალაში.
როგორ შედის სიზმრები ანალიტიკური ურთიერთობის ტრანსფორმაციულ ველში? უმეტეს შემთხვევაში, პაციენტი მაქსიმალურად გულწრფელად უყვება მის მიერ ნანახ სიზმარს ანალიტიკოსს, (გულწრფელობაში იგულისხმება ყველა, ერთი შეხედვით "უმნიშვნელო" დეტალის თქმა, რაც მეხსიერებას ახსოვს), რის შემდეგაც ისინი ერთად ეძებენ სიზმრის მნიშვნელობას პაციენტის ცხოვრების ხაზში. არის შემთხვევები, როდესაც სიზმრებთან მუშაობამ შეიძლება ხაზგასმით მოახდინოს გარკვეული სახის ცვლილება კონკრეტულ ნიმუშზე. მსგავსი რამ რეგულარულად ხდება შემდეგ შემთხვევებში:
1) ანალიტიკოსი ჩნდება პაციენტის სიზმარში.
2) პაციენტი ჩნდება ანალიტიკოსის სიზმარში.
3) სექსუალური ტიპის სიზმრები, როგორც ანალიტიკოსსა და პაციენტს შორის, ასევე სხვა ადამიანთან.
არსებობს სხვა შესაძლებლობებიც, მაგრამ, ეს სამი, აჩვენებს ტექნიკის ძირითად საკითხებს, რომლებიც დაკავშირებულია სიზმრების ანალიზის ტრანსფორმაციის ველთან. ნება მომეცით განვიხილოთ ისინი უფრო ფრთხილად და თანმიმდევრობით:
1) ანალიტიკოსი ჩნდება პაციენტის სიზმარში: ასეთ შემთხვევაში, უფრო სავარაუდოა, რომ სიზმარი საუბრობს ობიექტურ სიტუაციაზე, რომელიც ანალიტიკოსის პიროვნულ ხატ-სახეს ასახავს. თუმცა, იგი შესაძლოა სიმბოლურ ფუნქციასაც ასრულებდეს, (წარმოადგენდეს საკუთარი ფსიქიკის ნაწილს, როგორც - "შინაგანი ანალიტიკოსის" სიმბოლო). მსგავსი ტიპის სიზმრები ხშირდება მას შემდეგ, როდესაც მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდება ფსიქიკის "ნევროზულ" ნიმუშებში.
2) პაციენტი ჩნდება ანალიტიკოსის სიზმარში: იუნგიანურ ფსიქოლოგიაში არსებობს ფსიქოლოგიური ტერმინი, რომელსაც "გადაცემა" და "კონტრგადაცემა" ეწოდება. ეს ტერმინი გამოიყენება მაშინ, როდესაც პაციენტი ანალიტიკოსისგან სწორ ურთიერთქმედებას ღებულობს და პროგრესის სახით თავადაც იგივეს უბრუნებს ანალიტიკოსს. თუმცა, იგივე ტერმინი შეგვიძლია საწინააღმდეგო შემთხვევაშიც გამოვიყენოთ, როდესაც პაციენტი ანალიტიკოსს კომპლექსების გარკვეულ ნაკრებს გადასცემს და სანაცვლოდაც ღებულობს ანალიტიკოსის ცხოვრებაში გამოვლენილ კომპლექსს, "კონტრგადაცემის" სახით. ანალიტიკოსის სიზმარში პაციენტის გამოჩენა ხშირ შემთხვევაში სწორედ ამ შემთხვევას უკავშირდება. სიზმარი აფრთხილებს ანალიტიკოსს, სერიოზულად განიხილოს მსგავსი ტიპის დამახინჯებული "კონტრგადაცემის" შესაძლებლობა, რომელიც შესაძლოა აფერხებდეს თერაპიულ პროცესს. სულ მცირე, ასეთი სიზმარი მიუთითებს, რომ ანალიტიკოსმა შეცვალოს ცნობიერი შეხედულება პაციენტის მიმართ. იუნგი ახსენებს სიზმარს, რომელშიც მან ნახა თავისი პაციენტი ქალი, რომელიც სიზმარში უფრო მნიშვნელოვან და დასაფასებელ პიროვნებად გამოიყურებოდა. იუნგმა გაითვალისწინა სიზმრის მითითება ცნობიერ დონეზე.
უნდა განიხილებოდეს მსგავსი სიზმარი ანალიტიკურ პროცესში? ჩემი ზოგადი პასუხია "არა". მიუხედავად იმისა, რომ (როგორც სხვა ყველაფერი) ეს ყოველთვის სწორი არ არის.
როდესაც ადამიანი განიხილავს სიზმარს, რომელშიც მან მისთვის ახლობელი ადამიანი ნახა, არსებობს საშიშროება, რომ მსმენელი პირი, (ის ვინც სიზმარში იყო) მსგავს სიზმარს უფრო "რეალურად" და "მართლად" აღიქვამს, ვიდრე სინამდვილეშია. ეს ჰგავს არასწორად აღქმული არაცნობიერი პროდუქტის შეთავაზებას, რომელმაც შეიძლება კიდევ უფრო გაზარდოს სირთულეების ალბათობა. იგივე ითქმის მეგობრებისთვის გაზიარებულ ან მათგან მოსმენილ სიზმრებთან დაკავშირებით. თუმცა, ისევ გავიმეორებ - არსებობს გამონაკლისები.
ამრიგად, ანალიტიკოსმა უნდა გაზარდოს პაციენტის მიმართ ურთიერთდამოკიდებულება და აიღოს პასუხისმგებლობა სიზმარზე და მის მნიშვნელობაზე. თუ სიზმარი განსაკუთრებით იდუმალია, ანალიტიკოსმა უნდა მოაწყოს ზედამხედველობის საათი კოლეგასთან.
3) სექსუალური ტიპის სიზმრები, როგორც ანალიტიკოსსა და პაციენტს შორის, ასევე სხვა ადამიანთან: განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მსგავსი სიზმრების ანალიტიკური ტექნიკით დამუშავება, რადგან "გადაცემა/კონტრგადაცემის" სექსუალიზაციამ შესაძლოა არასაჭირო გართულებები გამოიწვიოს; განსაკუთრებით მაშინ, (რაც იშვიათად ხდება) როდესაც სექსი სიზმრიდან რეალურ აქტში გადადის. სექსუალური სიზმრების შემთხვევები არც ერთი მხარისთვის არ უნდა იყოს გასაკვირი, რადგან სექსუალური გრძნობები ბუნებრივია ნებისმიერ ურთიერთობაში, როდესაც ემოციური სიღრმე არსებობს. "ტავისტოკის ლექციებში" იუნგი ვარაუდობს, რომ პაციენტის სექსუალური სიზმრები ანალიტიკოსის მიმართ, შეიძლება მიუთითებდეს მათ შორის ემოციური უფსკრულის ამოვსებისა და დაახლოების მცდელობას. სექსუალური სიზმრები ასევე შეიძლება მიუთითებდეს, რომ არაცნობიერში ტრანსფორმაციული პროცესი იწყება (ან პაციენტის, ან ანალიტიკოსის, ან ორივეს არაცნობიერში). არაცნობიერი ხშირად იყენებს სექსუალურ სიმბოლოთა გამოსახულებებს, როდესაც პროცესი ტრანსფორმაციას და სხვადასხვა ურთიერთწინააღმდეგობების გაერთიანებას ეხება, თუმცა "მღვიძარე-ეგო" მიდრეკილია მსგავსი სიზმრების პირდაპირი ინტერპრეტაციისკენ.
მაგალითად: ანალიტიკოს მამაკაცს დაესიზმრა სექსუალური ტიპის სიზმარი, რომელიც ჰქონდა მიმზიდველ ქალ პაციენტთან. სიზმრის ხილვიდან სამი დღის შემდეგ პაციენტმაც დააფიქსირა სიზმრად ნახული იდენტური სცენა. არც ერთ მხარეს არ ჰქონია ერთმანეთის მიმართ სექსუალური ინტერესი და არ აღნიშნულა არც ერთი მაცდუნებელი ფლირტის ელემენტი. მსგავსი სიზმარი აღარ განმეორებულა. კონკრეტულ შემთხვევაში, სიზმარი მიუთითებდა ანალიზის ახალ ფაზას, რომელშიც ტრანსფორმაციული პროცესი დაიწყო.
მედიკამენტები ანალიზში
თუკი ანალიტიკოსი ექიმია, სიზმრებმა შეიძლება მიუთითონ როდის შეწყდეს ფსიქოტროპული მედიკამენტების მიღება ან როდის ჩაერთონ ისინი მკურნალობაში ანალიტიკური პროცესის გაადვილების მიზნით. მსგავსი კითხვები არამედიკოს ანალიტიკოსებსაც გააჩნიათ - შეიძლება თუ არა კონსულტაციისას მედიკამენტების გამოყენება? არსებობენ პურისტები, რომლებიც კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ნებისმიერი სახის მედიკამენტის გამოყენებას ანალიტიკური სამუშაოების დროს, მაგრამ დღევანდელი გადმოსახედიდან, მსგავსი დამოკიდებულება ნაკლებად მისაღებია. ანალიზის ზოგადი მიზანია დაეხმაროს "ეგოს" მოვიდეს ურთიერთქმედებაში საკუთარი ფსიქიკის ტრანსფორმაციულ და ინდივიდუაციურ პროცესთან. გონივრულად გამოყენებული მედიკამენტები კარგი დამხმარეები ხდებიან ამ გზაზე. ხოლო თუ მედიკამენტი ანალიზის ადგილს იკავებს, სწორედ ეს იქცევა დაბრკოლებად.
პაციენტი, რომელსაც ზედმეტად დიდი შფოთქვა აქვს, (ან ძალიან მცირე), რთულია დაუყოვნებლივ ჩაერთოს ანალიზის პროცესში. ასეთ შემთხვევებში აუცილებელია მედიკამენტების გამოყენება. ანალოგიურად, თუ პაციენტი იმდენად დეპრესიულია, რომ მისთვის ღირებული აღარაფერია, ანტიდეპრესანტების მიღება აუცილებელ რეკომენდაციას წარმოადგენს. ფსიქოანალიზთან მიმართებაში, ნებისმიერი მედიკამენტის მიზანია გადაიყვანოს "ეგო" მძიმე ზეწოლიდან, საშუალოსტატისტიკურ დიაპაზონზე, სადაც შფოთვა და დეპრესია არ იქნება იმდენად ძლიერი, რომ თერაპიულ სამუშაოს სერიოზული პრობლემები შეუქმნას. რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, თუ პაციენტი საკმარისად აღშფოთებული ან დეპრესიული არ არის, ანალიზი დიდი ალბათობით სრულიად უმიზნოდ განვითარდება. ხანდახან ჯგუფური თერაპია ანალიზში ამატებს იმ საკითხებს, რომელიც პაციენტს აკლდება ერთი-ერთზე გასაუბრებისას.
სიზმრებს შეუძლიათ მიუთითონ საჭიროა თუ არა მედიკამენტების ჩარევა ან როდის უნდა შეწყდეს მათი მიღება, მაგრამ, მათ არ უნდა დავეყრდნოთ, როგორც ამის განმსაზღვრელი ერთადერთი კრიტერიუმი. წინა თავებში განხილული ახალგაზრდა მამაკაცის შიზოფრენიული პროცესის მიმდინარეობისას, დაფიქსირებული იყო ფსიქიკის გაუარესების გამწვავების პერიოდები, რაც ითხოვდა დამატებით მედიკამენტურ ჩარევას. მის სიზმრებში რამდენიმეჯერ განმეორებული მოტივების გამოჩენის შემდეგ მალევე დაიწყო რეგრესიული ფაზა. (მსგავს ხატ-სახეებს წარმოადგენენ: უმართავი ავტომობილი, მოსიარულე ცხოველი ტყავის გარეშე, დესტრუქციული ხატ-სახეები და შეშლილი ადამიანი, რომელიც სამყაროს განადგურებით ემუქრება).
დეპრესიაში მყოფმა ადამიანმა შეიძლება ისევ განაგრძოს დეპრესიისადმი ჩივილი იმ შემთხვევაშიც, როდესაც ცხადად შეიმჩნევა ძირითადი გაუმჯობესება. ეს, როგორც ჩანს იხსნება "დაავადებული პაციენტის როლის" დათმობაზე უარის თქმით და პასუხისმგებლობის ჩახშობის მცდელობით. ამ შემთხვევაში, სიზმრების "ნორმალურობა" საუკეთესო საწინააღმდეგო მოტივია "ფსევდო დეპრესიული" მდგომარეობის მიმართ, როდესაც ადამიანი დეპრესიას "იბრალებს". სიზმრების "ნორმალურობის" დადგენა საკმაოდ მარტივია:
1. მასში არ ჩნდება ეგო-იმიჯის მიმართ სიზმარში აგრესიულად და მტრულად განწყობილი პიროვნება.
2. სიზმრებში აღარ შეინიშნება წარსულში გამოჩენილი სიმბოლოები, რომლებიც მიუთითებდა ნევროზული კონფლიქტების ჩამოყალიბებასა და გამძაფრებაზე.
რედუქტიული და პროსპექტიული ანალიზი
რედუქტიული ანალიზის ეს ტერმინი შემოღებულია იუნგის მიერ, პირველადი, ტრადიციული ფროიდისტული ფსიქოანალიზის აქცენტირებისთვის. რედუქტიული ანალიზი მოიცავს პაციენტის ცხოვრებაში წარმოქმნილი კონფლიქტური დარღვევების შემცირებას. იუნგს არასოდეს მიუტოვებია რედუქტიული ანალიზი, იგი გრძნობდა, რომ მსგავსი მიდგომა საკმაოდ კარგად შემუშავებული პრაქტიკა იყო ნებისმიერი ასაკისთვის, რაც გულისხმობდა წარსულში მომხდარი მოვლენებისადმი ყურადღების გაძლიერებულად გამახვილებას. იუნგმა ამ ანალიზის რელატივიზაცია მოახდინა, ანუ აჩვენა მისი სპეციალიზებული გამოყენება და აღნიშნა, რომ ეს ანალიზი არ იყო გათვლილი აუცილებლად ყველა ნევროზული ტანჯვის შემსუბუქებისთვის. რედუქტიულისგან განსხვავებით, პროსპექტიული ანალიზი ბევრად უფრო ორიენტირებულია ცხოვრების პროცესზე კითხვების დასმით, იმაზე თუ საითკენ მოძრაობს ცხოვრების მოცემულ ხაზში ადამიანი, ვიდრე იმაზე, რომ იგი იკვლევდეს წარსულში მომხდარ დაბრკოლებებსა და მის მიზეზებს.
რეალურ ანალიტიკურ პრაქტიკაში არსებობს საკითხები, რომელშიც ორივე ანალიზი თანაბრად გამოიყენება. ამ შემთხვევაში სიზმრები განისაზღვრება, როგორც ყველაზე სენსიტიური ინდიკატორი, თუ რომელი ტიპის ანალიზია საჭირო მოცემულ სიტუაციაში.
ერთ მამაკაცს ჰქონდა განმეორებადი დეპრესიის ძალზედ სერიოზული შემოტევები. ამ ფსიქოდინამიკური პროცესის მოახლოებისას მას ეწყებოდა სიზმრები ბავშვობის შესახებ, სიზმრებში ხედავდა ადგილებს, სადაც ადრეული ბავშვობა ჰქონდა გატარებული. უფრო სტაბილურად ყოფნის დროს მსგავსი სიზმრები იშვიათი იყო. ანალიზის შედეგად აღმოჩენილ იქნა ბავშვობაში მიღებული უამრავი ფსიქიკური ტრავმა და კომპლექსი. სიზმრის მსგავსი მოტივი მიუთითებდა ვითარების რედუქტიული ანალიზით განხილვას.
როცა სიზმრად ნახული ხატ-საახეები წარსულს და ბავშვობას არ ეხება, როგორც ჩანს, რედუქტიულ ანალიზზე ფოკუსირება ნაკლებად მნიშვნელოვანია.
აფექტური ეგო და სიზმრები
"სიტყვების ასოცირების ექსპერიმენტის" ნაშრომში, რომელსაც წინ ფროიდთან პირველი შეხვედრა უძღოდა, იუნგმა ნათლად განსაზღვრა კომპლექსის ბუნება ეგოსთან მიმართებაში. როგორც პირველ თავში აღვნიშნეთ, კომპლექსები წარმოადგენს ერთმანეთთან დაკავშირებული გამოსახულებების დაჯგუფებას - ერთად შენახული საერთო ემოციური ტონით, რომელიც არქეტიპულ ბირთვზეა დაფუძნებული. კომპლექსების მიერ ცნობიერებაზე მომხდარი მწვავე ეფექტების განხილვისას, იუნგმა "აფექტური ეგო" განსაზღვრა, როგორც ერთგვარი ფსიქიკური მოდიფიკაცია, რომელიც გამოწვეულია ძლიერ ტონალურ კომპლექსთან კავშირის შედეგად.
ენერგია, რომელიც დაკავშირებულია აქტიურად მოქმედ კომპლექსთან, პერსონალური არაცნობიერიდან ხელს უშლის "ეგოს" შესაძლებლობას, აღიქვას რეალობა უფრო ცხადად; რის გამოც იგი ერთგვარ "აფექტურ" მდგომარეობაში იმყოფება. "ეგო" ობიექტურობის ნაკლებობას განიცდის, რადგან კომპლექსთან დაკავშირებულ აფექტურ მდგომარეობაში იმყოფება, რამაც შეიძლება პერსონალური იდენტობის საკითხს ხელი საგრძნობლად შეუშალოს.
"აფექტური ეგოს" ჩამოყალიბების მდგომარეობა უამრავ სიზმარს ახასიათებს. ჩვეულებრივ, სიზმრებს გააჩნიათ დრამატული სტრუქტურა, რომელთაც ასახავს საწყისი პრობლემა, (ამაში შედის სიუჟეტი და პერსონაჟები), განვითარება, "სიზმრის ეგოს" მიერ რაიმე სახის რეაქცია (ამაში შედის უმოქმედობა და ემოციური რეაქცია, (ან მათი უქონლობა)) და შედეგი.
იმ შემთხვევაში, თუ "სიზმრის ეგო" ჩართულია ძალიან დრამატულ სიზმარში, მაგრამ არანაირ ემოციურ რეაქციას არ ავლენს, (რაც აუცილებლად მოხდებოდა სიზმრად ნახული ცხადში რომ მომხდარიყო), მიუთითებს ემოციური შეგნების პათოლოგიურ უკმარისობაზე, ამ განსაკუთრებულ ეგო-კონსტრუქციაში. სიზმრების ინტერპრეტაციის კლინიკური გამოყენების განსაკუთრებით დახვეწილ ასპექტს წარმოადგენს სიზმრებისადმი ემოციური რეაქციების (ან მისი უქონლობის) შესწავლა. განვიხილოთ ჰიპოთეტური მაგალითი: "სიზმრის ეგოს" თავს ესხმის აგრესიულად განწყობილი ფიგურა, მაგრამ "ეგო" უარს ამბობს თავდაცვაზე და მასთან ჩხუბის ნაცვლად დამეგობრებას ცდილობს. ეს გვიჩვენებს "ეგოს" დამოკიდებულებას ფსიქიკაში არსებული აგრესიული შინაარის წინაშე. შემდეგ რა მოხდება? არაცნობიერი შეიძლება "დაფიქრდეს" ამგვარ დამოკიდებულებაზე. მაგრამ, არ გაგიკვირდეთ თუ შეტევა განახლდება მეტი ენერგიით, რადგან არაცნობიერს შესაძლოა მოუნდეს "სიზმრის ეგოს" უფრო მეტად გააქტიურება საკუთარ დამოკიდებულებებში.
სიზმარში მოვლენების კიდევ ერთ ხშირ განვითარებას წარმოადგენს მასში შექმნილ გამოწვევაში (ან რაიმე ტიპის დავალებაში) ჩაფლავება, როდესაც სიზმარმხილველი ვერ ახერხებს კონკრეტული დავალების შესრულებას. მსგავს შედეგს, მომდევნო სიზმრებში წარმოქმნილი უფრო სერიოზული გამოწვევა მოჰყვება. მაგალითად: სიზმარმხილველი იმყოფება შუა ომის ველზე და ხედავს რომ მტრულად განწყობილი ჯარისკაცი იარაღს ესვრის, "სიზმრის ეგო" კი გამოქვაბულისკენ გარბის საფრთხის თავიდან აცილების მიზნით. მომდევნო სიზმარში სცენა იცვლება... სიზმარმხილველი ახლა შუა ოკეანეში იმყოფება, სადაც ხედავს, როგორ უახლოვდება კბილებდაკრეჭილი ზვიგენი. სიზმრების მსგავსი თანმიმდევრული ცვლილება აჩვენებს, რომ ზვიგენის სიმბოლიკის უფრო პრიმიტიული ხატ-სახე მას შემდეგ გაჩნდება, როცა "სიზმრის ეგო" შეეცდება აირიდოს დაპირისპირება უფრო ადამიანურ დონეზე.
როგორც წესი, როდესაც სიზმარში არსებული კონფლიქტი ადამიანურ დონეზე არსებობს, მისი შესაძლო გადაწყვეტის ალბათობა მაღალია. სიზმრების სერიებზე თვალის მიდევნებით, ზოგჯერ შესაძლებელია დავაკვირდეთ ერთგვარ ევოლუციურ პროცესს. მაგალითად: ბრძოლა პრიმიტიულ ძალებთან (ჯუნგლები, ცხოველები), ან კოსმოსურ ძალებთან, შეიძლება შეიცვალოს უფრო ლოკალური კონფლიქტით, მაგალითად სამოქალაქო ომით, (რომელიც მიუთითებს ფსიქიკის დაპირისპირებული მხარეების პოტენციურ გაერთიანებაზე). საბოლოო ჯამში (და ალბათ საუკეთესო შემთხვევაში) კონფლიქტი შეიძლება გამოვლინდეს არალეტალური სახით, სადაც ორივე მხარეს მხოლოდ წესების დაცვა უწევს. (მაგალითად, სიზმარში ათლეტური შეჯიბრი ან ბურთის თამაში ორ გუნდს შორის).
მიუხედავად იმისა, რომ ეს საკითხი საკმაოდ ფრთხილი დისკუსიის საგანია, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სიზმრები კონფლიქტის მოტივებით, ხშირად ასოცირდება "ეგოსა" და არაცნობიერის დიფერენციაციასთან, ხოლო ინდივიდუაციის უფრო განვითარებული გამოსახულებები, როგორიცაა ალქიმიური ხატ-სახეები ან სიზმრებში სექსუალური მოტივი, "ეგოს" მიერ ავტონომიის მიღწევას განასახიერებს.
გადადებული ინტერპრეტაცია და არა-ინტერპრეტაცია
როდესაც ანალიტიკოსი ეცნობა პაციენტის სიზმრებს კლინიკურ პროცესში, შეიძლება სპეციალიზებულ პრობლემას წააწყდეს. ზოგიერთმა პაციენტმა სიზმრების მრავალფეროვნება შესაძლოა გამოიყენოს ყურადღების იმ სფეროებისგან გადასატანად, რომელიც გადაუდებელ კვლევას საჭიროებს. ანალიტიკოსი ძალიან ყურადღებით უნდა იყოს, ხშირად სიზმრები პატიოსნად ავლენენ წამოჭრილ წინააღმდეგობას.
ხანდახან, პაციენტს ანალიზზე იმდენი სიზმარი მოაქვს, რომ შეუძლებელია მათი ერთდროულად გარჩევა. ამ შემთხვევაში შერჩევითი პროცესი აუცილებელია. ანალიტიკოსმა შეიძლება ჰკითხოს პაციენტს, თავად შეარჩიოს სიზმარი, რომელიც გამორჩეული იყო ყველაზე დიდი აფექტური მუხტით. ხშირად, მსგავსი სიზმრები განხილვის კუთხით პაციენტისთვის ყველაზე ნაკლებ სასურველია, რადგან ისინი დიდი ალბათობით შეიცავენ მტკივნეულ ჩრდილოვან ელემენტებს. თუ პაციენტს სიზმრები წერილობითი სახით მოაქვს, ანალიტიკოსს ეძლევა შესაძლებლობა დააკვირდეს მოტივებს და იპოვოს მსგავსება იმ სიზმრებთან, რომლებიც უკვე განხილულნი არიან. ზოგიერთი სიზმარი შეგვიძლია დროებით განზე გადავდოთ იმის გათვალისწინებით, რომ მას მოგვიანებით მივუბრუნდებით.
როგორც წესი, ანალიზი უნდა ფოკუსირებდეს "აფექტური ეგოს" მიმართ ყველაზე ძლიერმოქმედ სიზმარზე, რომელსაც პაციენტი სიფხიზლეში აფიქსირებს. თუ სიზმარში აღმოჩენილია მსგავსი "ძლიერმოქმედი" მოტივი, მაგრამ პაციენტი ამაზე ხაზგასმით არ საუბრობს, პროცესში უნდა ჩაერთოს სხვადასხვა ტექნიკა; მაგალითად: ცნობილი გეშტალტური ტექნიკა, სადაც ქვეცნობიერს ეძლევა ბრძანება, იყოს "სიზმრის ეგო" და პირველ პირში ისაუბროს ისე, თითქოს მოქმედება აწმყოში ხდება. ასევე ეფექტურ დამხმარე საშუალებას წარმოადგენს ჰიპნოანალიტიკური და აქტიური წარმოსახვის ტექნიკები ან ჯგუფური ფსიქოთერაპია.
დახვეწილ მიდგომას წარმოადგენს საკითხი, თუ როდის არ უნდა მოვახდინოთ სიზმრების ინტერპრეტაცია. ზოგადად, არსებობს ორი ძირითადი მაჩვენებელი, როდესაც სიზმრებს ვტოვებთ ინტერპრეტაციის გარეშე. პირველი: ანალოტიკოსმა იცის, რომ პაციენტი ჯერჯერობით აბსოლიტურად არ არის მზად კონკრეტული სიზმრის გასაგებად. ეს არის კლასიკური სიტუაცია ფსიქოანალიზში - ანალიტიკოსმა იცის ისეთი რაღაც პაციენტის შესახებ, რომლის ცოდნისთვის პაციენტი ჯერ მზად არ არის.
სიზმრის ინტერპრეტაციის დაყოვნების მეორე ინდიკატორი არის სიტუაცია, როდესაც პაციენტს სიზმრის ემოციური გამოცდილება უფრო ესაჭიროება, ვიდრე მისი ანალიტიკური განხილვა. ასეთი შემთხვევები იშვიათია მაგრამ მნიშვნელოვანი, რადგან ამ მომენტში დაზიანებული "ეგო-იმიჯი" შეკეთების ფაზას განიცდის, რაც მაგალითად, ბავშვობიდან ღირსების და დაფასების დაბალმა შეგრძნებამ გამოიწვია. მაგალითად: ქალს, რომელმაც განიცადა მძიმე ემოციური დეპრესია დედამისის მხრიდან, ესიზმრა ქალწული მარიამი, რომელიც მისდამი სიყვარულსა და მზრუნველობას ასხივებდა. სიზმარი ჩაითვალა მცდელობად, "სიზმრის ეგოს" გამოეცადა მზრუნველობისა და თანადგომის ასპექტი დედის არქეტიპის მხრიდან, რომელიც დამახინჯებული იყო პერსონალური დედის ხატ-სახით. ამ სიზმარხილვის დროს პაციენტი არასტაბილურ და დეპრესიულ მდგომარეობაში იმყოფებოდა, (ჰქონდა მცირე ემოციური მხარდაჭერა ოჯახის მხრიდან) რის გამოც ანალიტიკოსმა სიზმრის ინტერპრეტაციაზე უარი თქვა, რადგან გრძნობდა, რომ პაციენტისთვის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი იყო შეგრძნება, რომ მასზე ზრუნავდნენ. მოგვიანებით, ეს სიზმარი დაკავშირდა დედობრივი ასპექტების მქონე სხვა სიზმრებთან და სიზმრების ანალიზის მიმდინარე სერიის ნაწილად იქცა.
დასამახსოვრებელი პრინციპები
1. ანალიტიკური პროცესი მიმართულია ტრანსფორმაციული ველისკენ, რომელშიც დიდ როლს თამაშობს ეგრედწოდებული "გადაცემა/კონტრგადაცემა".
2. შეუძლებელია ანალიტიკოსის არაცნობიერი პროცესები არ იყოს ჩართული ანალიზში, მაგრამ ეს მცირე ფაქტორს უნდა წარმოადგენდეს მასალის შედარების საკითხში.
3. სიზმრები, სადაც ანალიტიკოსთან ჩნდება პაციენტი (ან პირიქით), ითხოვს სპეციალურ ყურადღებას. განსაკუთრებით მაშინ, როცა სიზმარში სახეზეა ძლიერი ეროტიული ელემენტები.
4. სიზმრებმა შეიძლება მოგვაწოდოს მინიშნებები რედუქტიული და პროსპექტიული ანალიზის საჭიროების შესახებ. ასევე მედიკამენტების გამოყენების ან მათი მიღების შეწყვეტის და სხვა კლინიკური ჩარევის შესახებ.
5. სიზმრის ინტერპრეტაცია ყოველთვის არ არის ანალიზის მთავარი ფოკუსირების საგანი.
6. მიჰყევით სიზმრის ინტერპრეტაციას, რომელმაც ყველაზე ძლიერი ეფექტი მოახდინა "აფექტურ ეგოზე".
7. სიზმრის მნიშვბელობა არასდროს არის ამოწურული. იმ შემთხვევაშოც კი, როცა თითქოს სრულიად გააზრებულია.