თავი მეექვსე
თავი მეექვსე
ეგო-იმიჯი და კომპლექსები სიზმრებში
სიზმარში მომხდარი ცვლილებები ერთ-ერთი უმთავრესი ინდიკატორია იუნგიანური ანალიზის კლინიკური კურსის განსაზღვრაში. მნიშვნელოვანია დაიმახსოვროთ, რომ სიზმარი, საგულდაგულოდ დამუშავების შემდეგ, ფრთხილად უნდა მოთავსდეს პაციენტის ამჟამინდელი ცხოვრებისა და ინდივიდუაციის პროცესის კონტექსტში.
ანალიტიკური ფსიქოლოგიის ძირითადი სტრუქტურული კონცეფციები უკვე განვიხილეთ. ესენია: ეგოსა და ჩრდილის, პერსონასა და ანიმა/ანიმუსის იდენტობის სტრუქტურები. სიზმრად ნახული ხატ-სახეები, საკმაოდ ხშირად და ადვილად ავლენენ მსგავს სტრუქტურულ მცნებებს, მაგრამ შეცდომა იქნება იმის თქმა, რომ მხოლოდ მათი აღმოჩენა და იდენტიფიკაცია სავსებით საკმარისია სიზმრის კლინიკურ დანიშნულებაში. სიზმარი უფრო მეტად დახვეწილი და უნიკალურია, ვიდრე ფსიქიკის ნებისმიერი თეორიული მოდელი, სწორედ ამიტომ, მას ამდენად მარტივად არ უნდა მივუდგეთ.
კომპლექსების იდენტიფიკაცია
ბევრ სიზმარში, კომპლექსების ამოცნობა ადვილად შეიძლება, მაგრამ სიზმრები იძლევა ბევრად მეტ ინფორმაციას, ვიდრე უბრალოდ კომპლექსების იდენტიფიცირებაა. ისინი აგრეთვე აჩვენებენ: რას აკეთებს ფსიქიკა კონკრეტულ კომპლექსთან მიმართებაში. თავისუფალი ასოციაციისას ნებისმიერი ინფორმირებული ადამიანი, სიზმარში არასტრუქტურული სტიმულის ან მკაფიო დეტალის დაკვირვებისას კონკრეტულ მონაკვეთში აკუმულირებულ კომპლექსს (ან კომპლექსებს) აღმოაჩენს. სიტყვის ასოცირების ექსპერიმენტის ნაშრომში, იუნგმა აღნიშნა, რომ ფროიდისტულ თავისუფალი ასოციაციის ტექნიკას კომპლექსების გამოვლენა შეუძლია, მაგრამ იგი ვერ ავლენს ღრმა კავშირს სიზმარში გამოვლენილ ხატ-სახეებთან, რომელიც, იუნგის აზრით, მსგავსი ასოციაციური ჯაჭვის დასაწყისია და მის საყრდენ წერტილს წარმოადგენს. ვინაიდან, იუნგს არ სჯეროდა სიზმრის "დაფარული" მნიშვნელობის არსებობა, (რაც ნიშნავდა გამოვლენილი სიზმრის მიღმა არსებულ მნიშვნელობას: იუნგი სიზმრებს ღებულობდა სიმბოლური და არა "შენიღბული" გაგებით), იგი არ ცდილობდა სიზმრის ინტერპრეტაციას მათი სიმბოლოების მიღმა. იუნგი ამტკიცებდა, რომ სიზმრების ინტერპრეტაციის გასაძლიერებლად მათი განხილვა უნდა მომხდარიყო პერსონალურ, კულტურულ და არქეტიპულ დონეზე, რაც სავსებით საკმარისი იყო სიზმრის სიმბოლური დატვირთვის გამოსამჟღავნებლად. მსგავსი "სამგანზომილებიანი" კვლევა სრულად ააშკარავებდა, რა ტიპის ბუნებრივი პროცესები და სიმბოლოები მიმდინარეობდა პაციენტის გონებაში.
კომპლექსების იდენტიფიცირებისას, შეიძლება მოულოდნელად გამოვლინდეს ორი სხვადასხვა კომპლექსის ერთმანეთთან კავშირი. მაგალითად, ახალგაზრდა ქალს, რომელიც სიზმარხილვამდე ცოტა ხნით ადრე განქორწინდა, ესიზმრა:
"მე ვიმყოფები ჩემი ყოფილი ქმრის სახლში. გვიანი ღამეა. ჩემს ძველ საძინებელში ვარ, როდესაც გარედან ხმები მესმის. მე ვხედავ ჩემს ყოფილ ქმარს და მის შეყვარებულს. თითქოს მისთვის ნათქვამი მაქვს, რომ სახლში დავრჩებოდი, თუ ის აღარ შემაწუხებდა. ისინი კიბეებზე ადიან და ერთად შედიან ჩემი ქმრის საძინებელში. ჩემდა გასაკვირად, უეცრად ვხვდები, რომ ჩემი მშობლების სახლში ვარ, ჩემს ძველ საძინებელში, ჩემი ყოფილი ქმარი და მისი შეყვარებული კი ჩემი მშობლების საძინებელში შევიდნენ."
სიზმარმა ახალგაზრდა ქალბატონი ძლიერ შეაკრთო ინდიკატორით, რომ ყოფილი ქმრის მიმართ მის გრძნობებს გარკვეული ოიდიპური ელფერი დაჰკრავდა, რამაც იგი მამის ადგილზე დააყენა. შეშფოთება უფრო დიდი იყო, რადგან მან გააცნობიერა, რომ ასეთმა არაცნობიერმა კავშირმა მასში ყოფილი ქმრის მიმართ სექსუალური ზიზღი გამოიწვია. შედეგის სახით, ეს იყო დამოკიდებულება, რამაც მათი განქორწინება გამოიწვია.
სხვა პაციენტთან აღინიშნა მსგავსი ვითარება აწმყო სიტუაციასთან და დედის მიმართ წარსულ გრძნობებთან დაკავშირებით (აქტიური "დედის კომპლექსი"). ნიმუშის სახით მოვიყვან ორ სიზმარს, რომელიც მას ერთი ღამის განმავლობაში ესიზმრა. გაითვალისწინეთ, რომ დედასთან დაკავშირებული კომპლექსი არ ჩანს პირველ სიზმარში, მაგრამ როდესაც მას მეორე სიზმრის გვერდით დავაყენებთ, დედის კომპლექსი ცხადად ხილვადი ხდება.
პირველი სიზმარი:
"მე ვიდექი კლდის ქიმზე სამ თუ ოთხ ადამიანთან ერთად. ძალიან შეშინებულები ვიყავით. ფეხი დამიცურდა და ოცდაათიოდე მეტრით ქვემოთ, მიწაზე დავვარდი. როცა დავეცი, არ გავნძრეულვარ, რათა დავრწმუნებულიყავი, ყველაფერი რიგზე მქონდა თუ არა. იმედი მქონდა ხალხი არ იფიქრებდა, რომ ამით მხოლოდ ყურადღების მიქცევას ვცდილობდი".
მეორე სიზმარი:
"დედაჩემის სახლის სახურავდე ვიდექი. იქ სხვა ხალხიც იყო. გადახტომის ძალიან მეშინოდა, მაგრამ ჩემს გარდა არავინ ჩანდა აღელვებული".
ამ ორ სიზმარს გააჩნია მსგავსი თუმცა ოდნავ განსხვავებული საწყისი გამოსახულება, რომელიც იდენტურ კომპლექსთანაა დაკავშირებული, მაგრამ გვიჩვენებს ერთმანეთისგან მცირედ განსხვავებულ სტრუქტურასა და ხედებს. პირველ სიზმარში ნანახი კლდის ქიმი, მეორე სიზმარში ნანახი დედის სახლის სახურავის იდენტურია. პირველ სიზმარში არის უნებლიე, წინასწარ გაუთვალისწინებელი დაცემა, რასაც მოსდევს ეგო-იმიჯის დაფიქრება საკუთარ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, ნევროზული ფიქრის ფონზე: "იმედი მქონდა ხალხი არ იფიქრებდა, რომ ამით მხოლოდ ყურადღების მიქცევას ვცდილობდი". მეორე სიზმარში იგი არ ვარდება და სხვა ადამიანებიც არ გამოხატავენ რაიმე სახის შეშფოთებას; დეტალი - "დედაჩემის სახლის სახურავი" მიუთითებს გამომჟღავნებული კომპლექსის ადგილმდებარეობაზე. ფაქტი, რომ ქალბატონი "მეტისმეტად დამცირებულად" გრძნობს თავს, მჟღავნდება სიმბოლოში, სადაც ორივე სიზმარში იგი "მეტისმეტად მაღლა" იმყოფება. ანალიზის შემდეგ მან გაცნობიერებულად დააფიქსირა, რომ მის მიერ მშობლებისადმი იმედგაცრუება გამოიწვია იმ მცირე ყურადღებამ, რომელსაც ისინი ქალბატონის ახალშობილ შვილს (მათ პირველ შვილიშვილს) უთმობდნენ.
სტრუქტურული გადასვლა: საზღვრები სიზმრებში
ერთი ეგო-იდენტობიდან მეორეზე გადასვლა სიზმრებში შეიძლება გამოისახოს როგორც საზღვრის გადაკვეთა, ერთი ქალაქიდან მეორეში ან ერთი ქვეყნიდან მეორე ქვეყანაში ჩასვლა. მსგავს გადასვლას წარმოადგენს ხიდის მეშვეობით მდინარის გადალახვაც. მსგავსი ხატ-სახეები გვიჩვენებს ყოფიერების ორ, კონტრასტულ მდგომარეობას და ეგოს უნარს, გადავიდეს ერთი მდგომარეობიდან მეორეში. ეს არის მისი იდენტობის საფუძველი. მსგავსი კონტრასტი, ერთგვარი ნევროზული მოძრაობის ფონზე მიმდინარეობს, ანუ მსგავსი ცვლილებები სტაბილური ნევროზული შაბლონის ფარგლებში ხდება. რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში თუ სტაბილური ფსიქიკური ნიმუში ნევროზულია, ამ ნევროზული იდენტობის გადასვლა არანევროზულ მდგომარეობაში, "ითარგმნება" როგორც კლინიკური გაუმჯობესება. თუმცა, უნდა ვაღიაროთ, რომ ნებისმიერი ნაცნობი იდენტობის ნიმუშისგან გადასვლა შფოთვას იწვევს იქამდე, სანამ ახალი ნიმუში დასტაბილურდება.
ერთ-ერთი ჯგუფური თერაპიის დროს მამაკაცი ძალიან უხეშად ესაუბრებოდა ერთ-ერთ ქალბატონს, მსგავსი ქცევა მისთვის უჩვეულო იყო, რადგან როგორც ჩვეულებრივ, იგი მალავდა თავის ნეგატიურ გრძნობებს გარშემომყოფების მიმართ, რადგან მსგავსი მიდგომით საკუთარ ჩრდილს დამალულ მდგომარეობაში ამყოფებდა და უარს ამბობდა მის ცნობიერ ინტეგრაციაზე. მამაკაცმა ცუდად იგრძნო თავი იმ ფაქტის გამო, რომ მან უნებლიედ გამოხატა თავისი უარყოფითი გრძნობები და გადაწყვიტა უფრო მეტად ჩაკეტილობით გაეყინა საკუთარი თავი ნევროზულ და უცვლელ მდგომარეობაში. ჯგუფურ თერაპიაში მომხდარი მოვლენიდან მალევე მას ესიზმრა:
"მე საზღვართან ვდგავარ. რაღაც ბერლინის კედელს მაგონებს, მაგრამ თითქოს კედელი პოლონეთში დგას. მე თავისუფლების მხარეს ვდგავარ, მაგრამ თითქოს არა-თავისუფალ მხარეზე მინდა გადასვლა, სადაც დამიჭერენ და დაბრუნება აღარ შემეძლება. ფრთხილად უნდა ვიყო. ირგვლივ ერთი ადამიანიც კი არსაც ჩანს. მეშინია."
არა-თავისუფალ მხარეზე გადასვლის სურვილი აჩვენებს დანაშაულის შეგრძნებას. სტრუქტურულად სიზმარი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მისი პიროვნების "თავისუფალი" და "არა-თავისუფალი" ასპექტები შეიძლება დაკავშირდეს ძირითად ნევროზულ პრობლემასთან და მის მანიფესტაციასთან, მამაკაცის ცხოვრების უამრავ სფეროში.
ურთიერთობის და იდენტობის სტრუქტურები
იუნგის მიერ იდენტიფიცირებული ფსიქოლოგიური სტრუქტურები ძალიან სასარგებლო ინსტრუმენტები არიან თქვენი სიზმრების გასაგებად: პერსონა, ჩრდილი, ანიმა/ანიმუსი, თვითობა, სხვა არქეტიპული ხატ-სახეები და რათქმაუნდა ეგოს სხვადასხვა ფორმები და როლები.
ეს თემები პაციენტთან სიზმრების შესახებ საუბრისას ხშირად არ გამოიყენება. უმეტესწილად, არ გამოიყენება იქამდე, სანამ პაციენტი თავად არ დაინტერესდება ამ კონცეფციებით, მაგრამ თერაპევტის ორიენტაციისთვის ისინი უძლიერეს დამხმარე საშუალებებს წარმოადგენენ. ჩვეულებრივი დისკუსიისას, მსგავსი თემების აქტიურად განხილვა ზრდის რისკს, რომ ინტელექტუალური გაგების გაძლიერების ხარჯზე ფსიქოემოციური ტრანსფორმაციის შესაძლებლობა საჭიროზე ადრე მომწიფდება, რაც მინიმუმ არასასურველია. რა თქმა უნდა, მსგავსი სტრუქტურული კომპონენტების იდენტიფიკაცია სასარგებლოა თერაპიაში, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც პაციენტი მზადაა ამ კონცეფციათა ეფექტურად გასაგებად და გამოსაყენებლად.
პერსონა
პერსონალური როლები ხშირად განიხილება, როგორც ერთგვარი "ნიღაბი". ეგოს მიერ გამოცდილი მისგან რადიკალურად განსხვავებული "ჭეშმარიტი" პიროვნებისგან განსხვავებით, ("მინდა უბრალოდ საკუთარი თავი ვიყო"), ამ "ნიღაბს" ნეგატიური მნიშვნელობა ენიჭება. თუმცა, მსგავსი მიდგომა ნათლად აჩვენებს, რომ პერსონას ფუნქციასთან დაკავშირებით გაუგებრობა არსებობს. პერსონა - ესაა სტრუქტურა, რომელიც კავშირშია კოლექტიურად ცნობიერ სიტუაციასთან. სოციუმში პერსონას "პიროვნული როლი" ეწოდება. ეგომ, როგორც წესი იცის, რომ მას შეუძლია საკუთარი თავის იდენტიფიცირება მოახდინოს ან არ მოახდინოს პიროვნულ როლებთან, მაგრამ ასევე როგორც წესი, საერთოდ არ იცის, რომ ზუსტად იგივენაირად მას შეუძლია საკუთარი თავის იდენტიფიცირება მოახდინოს ან არ მოახდინოს ჩრდილოვან როლებთან, რომელიც ეგოს ნაწილია მაგრამ ეგოს მისი მიღების არანაირი სურვილი არ გააჩნია. პერსონა არასავალდებულოდ გამოიყურება (და ამასთანავე არჩევითად), ხოლო ჩრდილი იძულებითად. სინამდვილეში ორივე მათგანი ეგო-იდენტობის როლია, რომელიც ფსიქიკაში არსებული სხვადასხვა დაძაბულობისა და კომპონენტების მიხედვით იმართება.
სიზმრებში, პერსონას როლები ხშირად გამოიხატება ტანსაცმლის სახით, (რომელიც შეგიძლიათ ჩაიცვათ ან გაიხადოთ), ან, მაგალითად: თეატრალურ დრამაში მონაწილეობის მიღებით. პერსონასთან იდენტიფიკაციამ ეგო შეიძლება მიიყვანოს შეგრძნებამდე, რომ იგი "როლის" მორგების გარეშე შინაგანად ცარიელი და მკვდარია. ეს მდგომარეობა საოცრად ცხადად აისახა არმიის ოფიცრის სიზმარში, რომელშიც ოფიცერი საკუთარ ფორმაში ჩაცმული, კუბოდან აკვირდებოდა სცენას, სადაც სხვა ადამიანები თავიანთ პიროვნულ როლებს თამაშობდნენ. ხალხმრავალ ადგილას სიზმარში შიშველი სიარული არაადეკვატურ პერსონაზე მიუთითებს.
როდესაც პერსონა კარგად ფუნქციონირებს, იგი უბრალოდ აადვილებს ეგოს აქტივობას სოციალურ ურთიერთქმედებაში. პერსონა მნიშვნელოვან როლს თამაშობს ეგოს ტრანსფორმაციაში: არაცნობიერი შინაარსი პირველად შეიძლება გამოიცადოს პერსონალური როლის მეშვეობით და შემდგომში ინტეგრირდეს, როგორც მისი ფუნქციონალური იდენტობის მდუმარე ნაწილი. მარტივი მაგალითისთვის, ფორტეპიანოს შესწავლა მსგავსი ფუნქციონირების გასაგებად კარგი მაგალითია. თავდაპირველი, თავდაუზოგავი ძალისხმევების შედეგად ფორტეპიანოს დაკვრა ავტომატურ და არაცნობიერ სტრუქტურაში გადადის, რაც ცნობიერი გადმოსახედიდან აღიქმება, როგორც შესასრულებლად წარმოუდგენლად რთული ქმედება.
თავისთავად, პერსონა არ არის არც პოზიტიური და არც ნეგატიური.
ჩრდილი
პერსონას მსგავსად, ჩრდილოვანი გამოსახულებებიც ატარებენ ნეგატიურობის განცდას. თუმცა, როგორც ადრე აღვნიშნეთ, ეს ილუზიაა, რომელიც დაფუძნებულია მის თავდაპირველ, ბავშვობის დროიდან მოყოლებულ დისოციაციაზე. ბავშვს გააჩნია ძალიან მცირე დამოუკიდებლობა, რის გამოც მან ოჯახისა და სოციუმის მიერ კრიტიკულად მიღებული ეგო-იდენტობის შემადგენელი ნაწილები შეიძლება სრულყოფილად განდევნოს საკუთარი არსებიდან. თუ ეგო მოგვიანებით ვერ შეძლებს ჩრდილის ნაწილობრივ იტეგრაციას, საეჭვოა, რომ ფსიქიკამ ნორმალურად ფუნქციონირება შეძლოს. ნებისმიერი სახის ფსიქოთერაპია გარკვეულწილად ჩართულია ჩრდილის ნაწილობრივი ინტეგრაციის მცდელობაში. თუ სხვადასხვა მიზეზის გამო ჩრდილის ინტეგრაცია ვერ ხერხდება, ჩრდილოვანი შინაარსი განაგრძობს მისი თვისებების სხვა ადამიანზე პროექციას, (ჩვეულებრივ, იგივე სქესის მქონე ადამიანზე), რაც დაბრკოლებებს შექმნის ინტერპერსონალურ ფუნქციონირებაში.
დავაკვირდეთ ექიმის სიზმარს, რომელსაც ჰქონდა ბევრი ჩრდილოვანი და პერსონალური ხარისხის პრობლემა:
"მე ვიყავი საიდუმლო აგენტი (ფარული იდენტობა) და ვუთვალთვალებდი გერმანიის გესტაფოს (კოლექტიური ჩრდილის სიმბოლო). ჩემს უნიფორმას ყველა სამკერდე ნიშანი უკუღმა ჰქონდა დაკერებული. ("პერსონას" პრობლემა). სამი თუ ოთხი კაცი მეხმარებოდა სამკერდე ნიშნის სწორად განთავსებაში. (ჩრდილის დამხმარე ფუნქცია)."
სიზმარხილვამდე ერთი დღით ადრე მამაკაცმა ტელევიზორში უყურა გადაცემას ძებნილი ნაცისტების შესახებ. იგი გესტაფოში მომუშავე ადამიანებს აღიქვამდა როგორც: "ბოროტებს, გიჟებს, დოგმატისტებს და საზოგადოებისთვის შეუფერებლებს". ეს ასოციაციები გარკვეულწილად, მის საკუთარ ჩრდილს აღწერდნენ, მაგრამ ამავდროულად შიშსაც გამოხატავდნენ. სიზმარმა აჩვენა არაადეკვატური პერსონისა (უკუღმა დამაგრებული სამკერდე ნიშანი) და ჩრდილის პრობლემა.
ჩრდილი შეიცავს მახასიათებლებს, რომლის ინტეგრაციაც ეგოს ჰაერივით სჭირდება. სიზმრებში ჩრდილი ხშირად წარმოადგენს აგრესიულად განწყობილ ფიგურას, როდესაც მღვიძარე-ეგო გარკვეულწილად პასიურია, ხოლო თუ მღვიძარე-ეგო ისედაც აგრესიული და სასტიკია, სიზმრებში ჩრდილი გამოჩნდება როგორც ნაზი და აუღელვებელი ფიგურა.
ანიმა/ანიმუსი
ანიმა/ანიმუსი უპირველეს ყოვლისა ემსახურება ცნობიერების გაფართოების ფუნქციას, რომელიც მოიცავს ეგოს შიდა "სივრცეს", პერსონას, ჩრდილს და თავად ანიმა/ანიმუსს. ცნობიერ სამყაროში ეს ხშირად ხორციელდება ანიმა/ანიმუსის პროექციის საპირისპირო სქესის მქონე ადამიანზე გადატანით, მაგრამ, მსგავს სტრუქტურასთან შეხება შესაძლებელია მედიტაციის, ფანტაზიის და სიზმრების მეშვეობითაც. ხალხური ზღაპრები ანიმა/ანიმუსის გამოსახულებების მდიდარ წყაროს წარმოადგენს. საკუთარი ანიმას (კაცებში) ან ანიმუსის (ქალებში) მიმართ გადაჭარბებული დამოკიდებულება, ეგოს აღარიბებს. მღვიძარე ცხოვრებაში ანიმა/ანიმუსის არსებობა აშკარაა, როდესაც რაიმე სახის ემოციური დამოკიდებულება გვიჩნდება საპირისპირო სქესის მიმართ. ესაა ტენდენცია, რომელსაც ჩვენს ფსიქიკაში არსებული განსხვავებული სქესის მქონე სტრუქტურა იწვევს. ეს ფაქტი ყველამ უნდა აღიაროს, რადგან მსგავსი ხარისხის "სურვილები", "გრძნობები" და "აზრები", ყოველთვის უპიროვნოა.
ანიმასა და ანიმუსის ინტეგრაციის პროცესში პერსონალური ეგო იზრდება, რაც თავის მხრივ, ცნობიერების დიაპაზონსაც ზრდის. პროექციის გაუქმებამ, (მაგალითად: საყვარელ ადამიანთან განშორებამ) შეიძლება გამოიწვიოს ურთიერთობებისადმი ნდობის დაკარგვის და ზედაპირული დამოკიდებულების სურვილი, რაც გამოწვეულია პროექციის მოლოდინების გაუმართლებლობით.
ქვემოთ მოყვანილი ქალბატონის სიზმარი გვიჩვენებს ანიმუსზე ზედმეტ დამოკიდებულებასა და მისდამი გადამეტებულ ნდობას, ვიდრე ეგოსადმი თვითკმარობის განვითარებას. ქალბატონს ესიზმრა, რომ მამასთან ერთად თევზაობდა. ისინი ნავში ისხდნენ. მოულოდნელად ქალის ანკესს რაღაც გამოედო და მიუხედავად იმისა, რომ ეს ანკესი მას ეკუთვნოდა, მამამ ხელიდან გამოართვა და მთელი ძალით ატრიალებდა საჭეს თევზის ამოსაყვანად. გარკვეული დროის მანძილზე ქალი წინააღმდეგობას უწევდა იმ აზრს, რომ იგი ზედმეტად იყო დამოკიდებული მამის ფიგურაზე, იგი უფრო ემხრობოდა ინტერპრეტაციას, რომ როგორც იქნა მამამისმა მისთვის რაღაც სასარგებლო "გააკეთა". ის იყო განსაკუთრებით ინტელექტუალური და კრეატიული ქალბატონი, რომელსაც ზედმეტად ეპარებოდა ეჭვი საკუთარ შესაძლებლობებში. სიზმრის სახით არაცნობიერმა აჩვენა საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღების ინტეგრაციის საჭიროება, ეგოსთან მიმართებაში.
როგორც ადრე აღვნიშნეთ, მამაკაცში ანიმა ასოცირდება არაცნობიერ სენსიტიურ ემოციებთან, რამდენადაც ქალის ანიმუსი ასოცირდება განუვითარებელ ანალიტიკურ აზროვნებასთან. ეს მოკლე განზოგადება შესაძლოა მართალია ტრადიციულ დასავლურ კულტურაში, რომელშიც იუნგმა თავისი კვლევების საწყისი წლები გაატარა, მაგრამ ზემოთაღნიშნული შეიძლება მართალი არ აღმოჩნდეს ინდივიდუალურ კონტექსტში და ანიმა/ანიმუსს განსხვავებული დატვირთვა გააჩნდეს, რაც დამოკიდებულია პერსონასა და ჩრდილის ხარისხზე და განვითარების დონეზე.
თვითობა და ეგო-თვითობის ღერძი
"თვითობა", ფსიქიკის მარეგულირებელი ცენტრი, შესაძლოა გამოჩნდეს სიზმრებში სხვა არქეტიპულ გამოსახულებებთან ერთად. სიზმრებში, ეგოს არქეტიპული ბირთვის, "თვითობის" გამოჩენა, მიუთითებს ეგოს სტაბილიზაციის აუცილებლობაზე. თუ ეგო დაბნეული და არეულია, სიზმრებში "თვითობა" გამოჩნდება უზენაესი წესრიგის სახით, მაგალითად მანდალას სიმბოლოთი. ფსიქოლოგიურად რომ ვთქვათ, მანდალას გამოსახულება არის ის, რაც ხაზს უსვამს რაღაცის მთლიანობას, მასში არსებული ცენტრით.
სიზმრებში "თვითობა" შეიძლება განსხვავებული სახითაც წარმოგვდგეს. მაგალითად: ორი უზარმაზარი შენობა, რომელიც ერთმანეთს ხიდის მსგავსი კონსტრუქციით უერთდება. იგი სიზმარში შეიძლება გამოჩნდეს "ხმის" სახითაც, როცა სიზმარმხილველს სიზმარში ესმის მუსიკა ან საუბარი (ე.წ "ღმერთის ხმა ბიბლიურ კონტექსტში"), რომლიც ერთდროულად ყველა მხრიდან გაისმის. (მისი ყველგანმყოფობის სიმბოლო). კლასიკურ მაგალითს წარმოადგენს მეორე თავში განხილული სიზმარი, სადაც მამაკაცს შემდეგი ფრაზა ჩაესმა: "შენ არ მიყვები შენს ნამდვილ ცხოვრებას!".
შეუძლებელია სიის შედგენა, სადაც აღწერილი იქნებოდა "თვითობის" შესაძლო ხატ-სახეები სიზმრებში. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია განვასხვავოთ ერთმანეთისგან "თვითობა" და მასთან დაკავშირებული სხვა არქეტიპები. როგორც არქეტიპი, "თვითობა" წარმოადგენს მთელი ფსიქიკის მარეგულირებელ ცენტრს, ბევრად, ბევრად უფრო დიდსა და ძლევამოსილს, ვიდრე ეგოა, მაგრამ იგი ყველაზე მჭიდრო კავშირში სწორედ ეგოსთან იმყოფება. "თვითობა", ინდივიდუაციის პროცესის ცენტრალური ფიგურაა და ამავდროულად, ეგოს განვითარების არქეტიპულ საფუძველს წარმოადგენს. კონცეპტუალურად, მთლიანი ფსიქიკის ცენტრირების ხარისხს "თვითობა" განაგებს, ხოლო ცნობიერების ცენტრირების ხარისხს (პერსონალურ სფეროში) ეგო. როდესაც სიზმრებში "თვითობის" გამოჩენაზე ვსაუბრობთ, ეს იგივეა, რომ მთლიანი ფსიქიკის არქეტიპულ გამოსახულებას დავეძებთ.
ტერმინი "ეგო-თვითობის ღერძი", ხშირად გამოიყენება ეგოსა და თვითობას შორის ურთიერთობის აღსაწერად. ეგოსა და თვითობის ურთიერთობა ძალიან მოძრავი და ცვალებადია.
თავის ავტობიოგრაფიაში, იუნგი გვთავაზობს ორ საკუთარ სიზმარს, რათა ილუსტრაციისთვის დაგვანახოს, როგორია ეგო-თვითობას შორის ენიგმატური ურთიერთობა. ერთ-ერთ სიზმარში, იუნგმა გააცნობიერა, რომ თავად იყო მფრინავი თეფშის პროექციის საგანი და არა პირიქით. მეორე სიზმარში, იგი უყურებდა ღრმა მედიტაციაში ჩაძირულ იოგს, რომელსაც იუნგის სახე ჰქონდა: "...ვიცი, როდესაც იგი გაიღვიძებს, მე აღარ ვიქნები". - წერს იუნგი.
თეორიულად, სიზმრებში საკმაოდ ადვილია "თვითობის" განსაზღვრა. ჩვეულებრივ, სიზმარხილვებში იგი წარმოადგენს რაღაცას, რაც ჩვენზე დიდი, ძლევამოსილი და ნუმინოზურია.
არქეტიპული გამოსახულებები
სიზმრად ნანახი არქეტიპული გამოსახულებები ხშირად მიუთითებს ეგოს განვითარების კურსის ცვლილებას, ან იგი ანაზღაურებს არაადეკვატურად ფორმირებულ ეგოს სტრუქტურას.
ვინაიდან, ნებისმიერი კომპლექსის მიღმა არქეტიპული ბირთვი იმალება, ყოველთვის შესაძლებელია კომპლექსის აღმოჩენის შემდეგ კონკრეტული არქეტიპული მოტივის განსაზღვრა. თუმცა, არქეტიპული მოტივები კლინიკურ ანალიზში ყოველთვის თავშეკავებით უნდა იქნას განხილული, რადგან არქეტიპული მოტივის კვლევის გაძლიერებას ხშირად თან ახლავს არასასურველი და ხშირად საშიში გვერდითი ეფექტი, ამ შემთხვევაში ჩვენ არ გვაქვს მარჩიელობის უფლება, გაუძლებს თუ არა პაციენტის ეგო თავს დამტყდარ გახსნილ არქეტიპულ მნიშვბელობას. ბევრი გულუბრყვილო ადამიანი ღიად აცხადებს, რომ მათ ჰქონიათ კონტაქტი ფსიქიკურ სიღრმესთან, რასაც იუნგი "არქეტიპს" უწოდებს. არასოდეს დაიჯეროთ მსგავსი მტკიცებულებები, რადგან არქეტიპულ ბირთვთან შეხება, სიგიჟის ზღვარზე ყოფნის იდენტურია.
პრაქტიკული სახით, ანალიტიკოსს რა თქმა უნდა შეუძლია იმ არქეტიპული გამოსახულებების ინტერპრეტაცია, რისი იდენტიფიცირებაც მან შეძლო. ეს ძირითადად დამოკიდებულია ფოლკლორის, მითოლოგიის, რელიგიის და ზღაპრების სიღრმისეულ ცოდნაზე.
არსებობს ისეთი სიზმრებიც, რომელთა გაგებაც მხოლოდ არქეტიპული ასოციაციების დაკავშირებით შეიძლება. ხშირ შემთხვევაში, არქეტიპები ავლენენ იმ გამოსახულებებს, რომლებიც კოლექტიურად და პერსონალურად ადამიანისთვის ნაცნობია. ქვემოთ მოყვანილ სიზმარში, არსებობს ხატ-სახეები და მოტივები, რომელთა განსაზღვრაც არქეტიპული პერსპექტივიდანაა შესაძლებელი: კუ, (ტოტალურობის, მთლიანობის, სამყაროს საძირკველის სიმბოლო). კვერცხი (შემოქმედებითი, ორიგინალური საწყისების, კოსმიური კვერცხის, აბრაქსასის სიმბოლო). "პირველიდან", "მეორეში" მისტიური მოძრაობა. "დიად დედასთან" კავშირი და იდუმალი ხმა, რომელიც ჭეშმაროტებას ღაღადებს:
"სანაპიროზე ვხედავ კუს ბრჭყვიალა ბაქანს. იქვე დევს ფრინველის კვერცხი, რომელიც ასევე ბრჭყვიალებს. ყურებში უსხეულო ხმა ჩამესმის: "ეს კვერცხს ჰგავს... თუ მას ხელში აიღებ, ორ კვერცხად იქცევა." ხმა ძალიან ღრმაა და არაამქვეყნიური, თითქოს ღმერთი საუბრობს. მე მართლაც ავიღე კვერცხი და რაღაც უცნობი გზით, ხელში ორი კვერცხი შემრჩა. ხმამ თქვა, რომ ორივე კვერცხიდან გამოიჩეკება ერთი დედა ჩიტი და ერთი ბარტყი, ხოლო ბარტყი იპოვის გზას დედის საპოვნელად. იმ წამსვე, მე დავინახე ბარტყი, რომელიც დედა ჩიტისკენ მიბაჯბაჯებდა."
ესეც საშინაო დავალება: იფიქრეთ ამ სიზმრის ინტერპრეტაციაზე.