ჯეიმს ჰოლი - სიზმრების იუნგიანური ინტერპრეტაცია

ჯეიმს ჰოლი
0
0

თავი მეშვიდე

თავი მეშვიდე
 
სიზმრის ძირითადი მოტივები
 
ამ წიგნის ფარგლებში შეუძლებელია სიზმრების ძირითადი მოტივების ენციკლოპედიური სიის წარმოდგენა და მათი მნიშვნელობების დაწვრილებით განხილვა. ამის მცდელობა ერთგვარი "კულინარიული" ინტერპრეტაციის რეცეპტების მიღებას დაემგვანება, რაც ჩვენი მიზანი არ არის. დიდი ალბათობით, მსგავსი დაწვრილებითი განხილვა მცდარი და არასათანადო იქნება.
    
ნებისმიერი სიზმარი და მასში არაცნობიერის მიერ ამოტანილი სიმბოლოები, კონტექსტუალურია. ერთი და იგივე გამოსახულება, შეიძლება ატარებდეს განსხვავებულ მნიშვნელობას იგივე ადამიანის სხვადასხვა სიზმარში. გამოცდილი ანალიტიკოსი აცნობიერებს, რომ სიზმრის მოტივის ნებისმიერი სახით განხილვა ამომწურავი არ არის, არამედ იგი ემსახურება მიზანს, აჩვენოს ინტერპრეტაციის სტილი და შესაძლებლობა, სხვადასხვა კონტექსტში. პერსონალური ანალიზი და გამოცდილი ინტერპრეტატორის მიერ საკუთარი სიზმრების ზედამხედველობა, სიღრმის ფსიქოლოგიაში დღემდე ყველაზე პირდაპირ და პრაქტიკულ გზად რჩება. 
   
ამ თავში განხილული, სიზმრის ძირითადი მოტივების მაგალითები ნაჩვენებია საილუსტრაციოდ, რათა დავინახოთ სიზმრად ნახული ხატ-სახეების სპეციფიკური მნიშვნელობები და გავაცნობიეროთ, რომ ყოველი დეტალის ცვლილებას, განსხვავებული მნიშვნელობა გააჩნია.
   
ინცესტი
  
სიზმრებში ინცესტის გამოჩენა, აუცილებლად ნეგატიურ მნიშვნელობას არ ატარებს. რუბიკონის გადაკვეთამდე და რომში მსვლელობამდე ცოტა ხნით ადრე, ერთ კეისარს საკუთარ დედასთან ინცესტი ესიზმრა. ბრძენმა მრჩევლებმა მისი სიზმარი განმარტეს, რომ ეს იყო დედა-რომში წარმატებით მსვლელობის ნიშანი. (სიზმარი, სავარაუდოდ სწორად იყო ინტერპრეტირებული). რომმა კეისარი სიყვარულით და ზარ-ზეიმით მიიღო. ძველ ეგვიპტეში, ფარაონის ოჯახში და-ძმას შორის ინცესტი მიღებული იყო. ეგვიპტის უმთავრესი არქეტიპული მითის წყვილი, ისისი და ოსირისიც, და-ძმა იყვნენ. სიზმარში ინცესტი შეიძლება განასახიერებდეს სიზმრის-ეგოსა და არქეტიპულ დონეზე პერსონიფიცირებული მშობლის ან და/ძმას შორის კონტაქტს. ეს შეიძლება პერსონალურ ფსიქიკაში ფიქსირებული წერტილის ადგილიდან დაძვრას ნიშნავდეს. ანალოგიურად, სიზმარში იდენტურ სქესთან სექსუალური კავშირი აღნიშნავს ჩრდილოვანი ასპექტების გაცნობიერების საჭიროებას. ასეთ სიზმრებში უშუალოდ სექსი გვიჩვენებს, რომ გაცნობიერების/ინტერგაციის პროცესი, უკვე დაწყებულია. 
    
ახლა განვიხილოთ ნეგატიური მხარეც. სიზმრებში ინცესტის მოტივები, რომლებშიც მშობლები მონაწილეობენ, შეიძლება მიგვანიშნებდეს, რომ დედისეული ან მამისეული ხატ-სახეები უფრო პერსონალურ კომპლექსებშია შერეული და მათი ბალანსირების მცდელობა ხშირად გამოიხატება სიზმრებში ინცესტის სახით. მაგალითისთვის, მამაკაცს, რომელმაც ქალებთან ურთიერთობაში უამრავი სირთულე გამოიარა და მცირე ხნით ადრე დაშორდა ცივ და ძალიან მაკონტროლებელ მეუღლეს, ერთ ღამეს ესიზმრა ორმოცდაათი წლის დედამისი, (სიზმარხილვისას თავადაც დაახლოებით ამ ასაკის იყო), რომელსაც მოეხვია და იგრძნო, რომ დედამისის საშო ვიბრირებდა, თითქოს სექსუალურ ენერგიას სტყორცნიდა. ეს მამაკაცს სიზმარში არ აწუხებდა, მაგრამ როცა გამოეღვიძა ძალიან შეწუხდა. 
   
სიზმარი მამაკაცს დაეხმარა, მოეხდინა ინცესტუალური ელემენტების   იდენტიფიცირება ქალებთან ურთიერთობაში; გარდა ამისა, სიზმარმა მამაკაცს დაანახა მის ფსიქიკაში არსებული ქალწული/მეძავის გახლეჩილი სფერო, დაფუძნებული დედის გადამეტებულ იდეალიზაციაზე, რომელსაც დედა ძალიან არასექსუალურად მიაჩნდა.
     
გლოვა
 
როგორც ჩანს, სიზმრებში გლოვის პროცესი ძალიან ბუნებრივია. გლოვის საკმაოდ მძიმე ფორმას წარმოადგენს სიზმარში გამოჩენილი გარდაცვლილი, საყვარელი ადამიანი. სასარგებლოა დავიმახსოვროთ, რომ რაც უფრო მცირდება მსგავსი სიზმრების სიხშირე, მით უფრო იზრდება მისი სიმბოლური მნიშვნელობა. ფსიქოლოგიაში მიღებულია, რომ გლოვის "ჯანსაღ" ვადას წარმოადგენს ექვსიდან რვა თვემდე შუალედი. გახანგრძლივებული და პათოლოგიური გლოვის შემთხვევაში, როდესაც პიროვნებას არ შეუძლია ან არ სურს მიიღოს გარდაცვლილი ადამიანის სიკვდილის ფაქტი, ხშირად ესიზმრება გარდაცვლილი პიროვნება უარყოფით კონტექსტში - მაგალითად, მასზე გაბრაზებული. 
   
განვიხილოთ კონკრეტული მაგალითი: ქალბატონმა ბავშვობიდან გამოიარა სირთულეები მშობლებთან დაკავშირებით, ზრდასრულობაში კი მისმა მეუღლემ, ერთადერთმა ადამიანმა, ვისთანაც იგი ემოციურ სიახლოვეს გრძნობდა, თავი მოიკლა. მისმა ბევრმა სიზმარმა აჩვენა საკმაოდ მკაფიო მოტივი: ქალი ზოგ სიზმარში მკვდარი იყო, მაგრამ საფლავზე მისი დასამარხი ადგილი არ არსებობდა, ზოგჯერ მისი გარდაცვლილი ქმარი ეუბნებოდა, რომ ახლა ვერ გამოყვებოდა, რადგან ერთად ვერ დაეტეოდნენ და ა.შ. მსგავსი სიზმრის მოტივი მან უკანასკნელად იხილა ხელახლა დაქორწინებიდან (არც თუ ისე წარმატებული ქორწინებიდან) რამდენიმე ხანში. სიზმრის მოტივი მეტად აღარ განმეორებულა.
   
სახლები
 
სახლები, ჩვეულებრივ, სიზმრებში წარმოადგენს ფსიქიკის განსახიერებას. ხშირ შემთხვევაში სახლს გააჩნია უცნობი, შეუსწავლელი ოთახები, რომელიც მიუთითებს სიზმარმხილველის დაფარულ და შეუსწავლელ ტერიტორიებს ეგო-სტრუქტურაში. სახლის სხვადასხვა ნაწილებს შორის განსხვავება, შეიძლება სიმბოლურად ძალიან მნიშვნელოვანი იყოს: სარდაფი, სხვენი, სახურავი, აივანი, საძინებელი და ა.შ. 
  
მაგალითისთვის, ჩვენ ვიცით, რომ სამზარეულო წარმოადგენს პროდუქტის ტრანსფორმაციის ადგილს, ამიტომ, სიზმრები სამზარეულოში ზოგჯერ ასოცირდება ერთგვარ ალქიმიურ ლაბორატორიასთან, რაც ტრანსფორმაციული პროცესის დაწყებას მიანიშნებს. სიზმრები აბაზანაში შეიძლება მიუთითებდეს რაღაცისგან განთავისუფლების, რაღაცის მოშორების სირთულეს. ზოგჯერ, წარსულში ნანახი სიზმრის მოქმედებები, იძლევა დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას, აწ უკვე მოქმედებაში მოსული კომპლექსების წარმოქმნის შესახებ. თავად სახლი, განასახიერებს ეგო-სტრუქტურის სხვადასხვა ნაწილს:
   
"სიზმარში სახლს ვეძებ. სცენა დასავლეთ ტეხასს მაგონებს, გარშემო ფართო ჰორიზონტი და ვრცელი ცა მარტყია. ლამაზი დღეა. მე ვპოულობ სახლს, რამდენიმე ჰექტრის მანძილზე ეს ერთადერთი სახლია. სახლი კომფორტულად გამოიყურება, საცურაო აუზიც აქვს. ირგვლივ დავდივარ და სახლს ვათვალიერებ". 
    
იმავე სესიაზე, სადაც მამაკაცმა სიზმარი დააფიქსირა, მან აღნიშნა, რომ შეეცვალა შეგრძნება ყოველდღიური ცხოვრების მიმართ. სიზმრის აფექტური ტონი მიუთითებს, რომ ეგოს სტრუქტურა, დროთა განმავლობაში გადავა ყოველდღიურობის უფრო რელაქსირებული აღქმის ემოციურ მდგომარეობაში. მან თავი იგრძნო უფრო სტაბილურად, სექსუალურად ნაკლებად აგრესიულად და რაც მთავარია, მივიდა მკაფიო რეალიზაციამდე - მისივე სიტყვებით: "მე აღარ მაქვს სურვილი, ვინმეს რაიმე ვუმტკიცო". 
   
ილუსტრაციისთვის გთავაზობთ კიდევ ორიოდ სიზმარს:
   
1. "მისაღებ ოთახში ძველ წიგნებს ვათვალიერებ. წიგნების უკან კედლის მაგივრად ღრიჭოა, მის მიღმა ცარიელი ოთახი მოჩანს. ცარიელი იმ გაგებით, რომ მასში არავინაა. ოთახი მიტოვებულია. ჩემს ძმას ვეძახი. ღრიჭოს ვაფართოებთ, მაგრამ რატომღაც ოთახში შესვლის გვეშინია".
 
2. "ტყეში ლიანდაგს ფეხშიშველა მივყვები. შინაგანად რაღაც მეუბნება, რომ ლიანდაგს ფეხი არ უნდა დავაბიჯო, თორემ დენი დამარტყამს. ლამაზ ადგილას ვხვდები. პატარა წყლის გუბე და ტყეა. ტყეში შევდივარ. ტყეს მიტოვებულ სახლამდე მივყავარ".
   
ავტომობილები
 
სიზმრებში ავტომობილები და გადაადგილების სხვა საშუალებები წარმოადგენს ეგო-სტრუქტურის მოძრაობას, ცხოვრების სხვადასხვა აქტივობებში. სიზმარში ფეხით სიარულსა და ავტომობილით მგზავრობას შორის, რა თქმა უნდა განსხვავებები არსებობს. ასევე განსხვავებულ მნიშვნელობას ატარებს სიზმარში თქვენი, საკუთარი მანქანის ტარება ან კოლექტიური ტრანსპორტით მოძრაობა. (მაგალითად ავტობუსი). მატარებელი, ავტომობილებისგან განსხვავებით, ფიქსირებულ ლიანდაგზე დგას, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი მიმართულება წინასწარ განსაზღვრულია. ამდენად, სიზმრებში მატარებლით მგზავრობა დაკავშირებულია იძლულებით ან ჩვეულებრივ (რუტინულ) ცხოვრებისეულ აქტივობებთან.  
   
შინაარსობრივად, არც ერთი ტიპის სიზმრებს არ გააჩნიათ სიმბოლოთა იმდენად განსხვავებული პალიტრა, რამდენადაც სიზმრებს ტრანსპორტირების ან მოგზაურობის შესახებ. სიზმარში ავტომობილი შეიძლება მიუთითებდეს თვითშეფასების ხარისხს. გადავხედოთ ერთი ქალბატონის სიზმარს:
   
"მიწისქვეშა ავტოსადგომზე პარკინგის შემდეგ საკუთარი ავტომობილიდან სხვა ავტომობილში გადავჯექი. მივედი ავტომწარმოებელ კომპანიაში და ვიყიდე ძალიან პატარა მანქანა. მალევე ვიგრძენი, რომ ჩემი ძველი მანქანის დათმობა არ მინდოდა". 
    
სიზმარში ავტომობილის მთავარი სიმბოლური მნიშვნელობა დამოკიდებულია იმაზე, არის თუ არა სიზმრადნახული ავტომობილი სიზმარმხილველის, (წარსულში ეკუთვნოდა თუ ახლაც ჰყავს?) თუ სხვას ეკუთვნის? ყველაზე "პოზიტიურ" სიტუაციას წარმოადგენს სიზმარში მძღოლის სავარძელზე ჯდომა, საიდანაც სიზმარმხილველი გამართულად აკონტროლებს ავტომობილის სიჩქარეს და მიმართულებას. თუ სიზმრის-ეგო არ არის "ნაჩვენები" ავტომობილის მართვის პოზიციიდან, მნიშვნელოვანია გაირკვეს, ვინ მართავს მანქანას. (ზოგ შემთხვევაში მას არც არავინ მართავს და მძღოლის ადგილი ცარიელია). ყოველთვის გვახსოვდეს, რომ სიზმრიდან ამოტანილ მცირე დეტალებსაც შეუძლიათ დიდი ინფორმაციის მოწოდება, მაგალითად იმას, თუ სად ზის ავტომობილში სიზმარმხილველი: წინ? უკან? თუ სადმე სხვაგან?
   
ძნელია ხაზგასმით აღვნიშნოთ სიზმარში არსებული ერთი შეხედვით "უმნიშვნელო" დეტალების მნიშვნელობა. პაციენტები ხშირად სპონტანურად და შეგნებულადაც კი არ ახსენებენ მსგავს დეტალებს ანალიზის პროცესში. ამ შემთხვევაში ანალიტიკოსის მხრიდან, ფრთხილი გამოკითხვა ყოველთვის მნიშვნელოვანია. სიზმრები იმდენად უნიკალური და ინდივიდუალურია მღვიძარე-ეგოსთვის, რომ ფხიზელმა ცნობიერებამ ყოველთვის უნდა გამოთქვას სურვილი დაფიქრდეს სიზმრად ნახულ მოტივზე და იმ შეგრძნებებზე, რომელიც მან სიზმარში გამოსცადა.
   
ალკოჰოლი და ნარკოტიკები
 
ალკოჰოლის და ნარკოტიკების გამოსახულებები ხშირად ჩნდება სიზმრებში, როცა სიფხიზლეში მათდამი დამოკიდებულების პრობლემა არსებობს. ქიმიურ დამოკიდებულებებთან ფსიქოლოგიური საშუალებებით მკურნალობა ძალიან რთულ ამოცანას წარმოადგენს. როგორც წესი, მსგავსი მკურნალობის ეტაპი უფრო "პრიმიტიული" თემების გავლით იწყება, როგორიცაა ჯგუფური ზეწოლა და დავალებები. (სამწუხაროდ, ასეთი პროცესი შედეგის სახით ძალიან სამწუხარო და არაფრის მომცემი შედეგით სრულდება, რადგან ერთი შეხედვით შესაძლოა ადამიანმა მართლაც გადალახოს რაიმე კონკრეტული დამოკიდებულება, მაგრამ თითქმის უმრავლესობას გულუბრყვილოდ სჯერა, რომ ყველა არასასიამოვნო ფსიქოლოგიური პროცესის მიზეზი ალკოჰოლი და ნარკოტიკია და მათი "მოცილებით" ყველა პრობლემაც თანდათან ქრება). მაგრამ, როდესაც სიზმრებს ყურადღებით ვაკვირდებით, ზოგჯერ შესაძლებელია დანახვა, როდის არის მზად არაცნობიერი რადიკალური და მნიშვნელოვანი ცვლილებებისთვის, როდის არის ყველაზე "მომწიფებული", რათა შეძლოს გამოკვეთილი დამოკიდებულების გადალახვა, და როდის ახდენს ზეწოლას ცნობიერებაზე, რომ კონკრეტული მოქმედების დასაწყებად, დრო უკვე მოვიდა. 
    
მამაკაცმა, რომელსაც რამდენიმე წლის განმავლობაში ალკოჰოლის გემოც კი არ გაუსინჯავს, ერთხელაც გადაწყვიტა, რომ მეგობრებთან ერთად ბოლომდე "შეებერა". ორი ასეთი შემთხვევისას, მისმა სიზმრებმა მკაფიოდ დაიწუნეს მამაკაცის ასეთი საქციელი. სიზმარში იგი ღებულობდა ტკივილგამაყუჩებელ წამალს, რომელიც რეცეპტულად მისთვის გამოწერილი არ იყო. სხვა მამაკაცს, რომლის ალკოჰოლისადმი დამოკიდებულებაც ნელ-ნელა შეუმჩნევლად გაიზარდა, ამ პრობლემასთან პირისპირ მკაფიოდ შეხვედრამდე თითქმის ერთი წლით ადრე ესიზმრა, რომ მაღაზიაში ლუდის საყიდლად შევიდა და როცა გამოვიდა, საკუთარი ავტომობილი დაკარგული დახვდა. მოგვიანებით, როცა ალკოჰოლის პრობლემა ჯერ კიდევ არ მოგვარებულა, მამაკაცს ესიზმრა ნახევრამდე დაპატარავებული თითი, რომელზეც საქორწინო ბეჭედი ეკეთა. სიზმრის იგივე სერიებში გამოჩნდა მამაკაცთან სექსუალურად მოთამაშე შავკანიანი ქალბატონი, რომელსაც სიზმარმხილველისგან 6.85 $-ად რძის ყიდვა უნდოდა. მამაკაცმა ანალიზისას აღნიშნა, რომ ეს ფასი მისი საყვარელი ალკოჰოლური სასმელის - ბურბონის ღირებულების იდენტური იყო. მისი თქმით ქალს სიზმარში არანაირი ემოციური ინტერესი არ გააჩნდა მამაკაცის მიმართ, მისგან მხოლოდ რძის ყიდვა უნდოდა, მაგრამ სიზმარმხილველმა ქალის მიმართ დაუცხრომელი ლტოლვა იგრძნო. 
   
ერთი ქალბატონი მონდომებით ცდილობდა ალკოჰოლისგან თავის შეკავებას. ერთ მშვენიერ ღამეს მან იხილა ორი სიზმარი. ორივე მათგანი უკავშირდებოდა ქალბატონის შინაგან ბრძოლას, ალკოჰოლისგან თავის შეკავებასთან დაკავშირებით. პირველ სიზმარში მას ხელიდან ჩანთა (ქალური იდენტობა) გაუვარდა და ღრმა წყალში დაიძირა. (უგონო მდგომარეობის, არაცნობიერის სიმბოლო). ქალმა წვალების შემდეგ იპოვა ჩანთა წყლის ფსკერზე. ჩანთა უვნებელი იყო, მაგრამ სველი, ისევე როგორც თავად სიზმარმხილველი. ეს "სისველე" დაკავშირებული იყო ალკოჰოლის "ამოშრობასთან", ანუ მისგან განთავისუფლების მცდელობასთან. მეორე სიზმარში იგი უცნობ გარეუბანში აღმოჩნდა, მკაფიო იყო "დაკარგულობის" შეგრძნება, მაგრამ საბოლოოდ მან იპოვა ბილიკი სახლში დასაბრუნებლად. ჩვენ ვიცით, რომ სიზმრები მსგავსი დასასრულით, პროგნოზირების თვალსაზრისით კარგი ნიშანია, რაც წარმატებულ შედეგთან და სასმელის დამოკიდებულების დაძლევასთან ასოცირდება. 
   
შთამბეჭდავ მაგალითს წარმოადგენს მამაკაცის სიზმრები, რომელსაც მარიხუანაზე დამოკიდებულების გამო ქორწინებაში მძიმე პრობლემები შეექმნა. ანალიტიკური ანალიზის დაწყებიდან მალევე მას დაეწყო საპროტესტო აქციების მსგავსი სიზმრები, რომლებშიც უამრავი ადამიანი იმყოფებოდა და ბევრ მათგანს ხელში ბანერები ეჭირა. ბანერებზე უზარმაზარი ასოებით ეწერა: "არ მოწიო!".
     
სიკვდილი
 
სიზმარში სიკვდილი - მკვლელობის და ურთიერთობის დასასრულის ჩათვლით, კონტექსტუალურად ძალიან ფრთხილად უნდა განიხილებოდეს. სიზმრად ნახული ადამიანების გარდაცვალება (თუნდაც სიზმარმხილველის), უკიდურესად იშვიათად მიუთითებს რეალურ სიკვდილზე. უფრო სავარაუდოა, რომ სიზმარში სიკვდილის მოტივი მიუთითებს ტრანსფორმაციის ღრმა არქეტიპულ პროცესზე.
   
მამაკაცი, რომელიც სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ებრძოდა ოიდიპურ პრობლემებს, ვერ ახერხებდა კომფორტული და სასიამოვნო პაემნების ორგანიზებას. სხვა მხრივ, მას არ უჭირდა პასუხისმგებლობების საკუთარ თავზე აღება და არც ბიზნეს-პარტნიორულ სფეროში მოიკოჭლებდა, მაგრამ პირად ურთიერთობებს ვერაფერი მოუხერხა. ერთ-ერთი "გაუმჯობესების" დროს, მან და მისმა ძმამ სასტუმროში ორი გოგონა აიყვანეს. გოგონასთან მარტო დარჩენისას მამაკაცმა იგრძნო, რომ საერთოდ არ სურდა სქესობრივი კავშირი იმ გოგოსთან, ვისთან ერთადაც იყო. მამაკაცმა შეძლო გულწრფელობის გამომჟღავნება და გოგონას მოუყვა მისი გრძნობების და დამოკიდებულებების შესახებ. მამაკაცის თქმით, მის გონებაში არსებობდა კოლექტიური "მაჩოს" სურათი, რომელიც სექსუალურად ძალიან აგრესიული და დომინანტი იყო. მამაკაცმა აღიარა -  აქამდე რატომღაც არასწორად მიაჩნდა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ქალები ასეთ მამაკაცებს მეტ პატივს სცემდნენ, სინამდვილეში კი ყველაფერი პირიქით აღმოჩნდა. 
   
კომპლექსური ოიდიპური როლებისგან განთავისუფლების პირველი შეგრძნებისას, მან იხილა ორი სიზმარი, რომლებშიც საკუთარი მშობლები დახოცა. პატრიციდი და მატრიციდი (მშობლების მკვლელობა) ნამდვილად საზიზღარი დანაშაულია, მაგრამ სიზმრების კონტექსტში მსგავსი რამ დინამიური პროცესის მსვლელობისას მომხდარ ცვლილებებს განასახიერებს. პირველი სიზმარი საკმაოდ დრამატულად აღწერს "მკვლელობის" მოტივის ტრანსფორმაციულ გარდაქმნას:
   
"მე მოვკალი მამაჩემი, რომელიც მემუქრებოდა. წყალში ვაყურყუმალავე,  სანამ არ დაიხრჩო. მოგვიანებით, სიზმარში მამაჩემი ისევ იმ ადგილას ვნახე, მაგრამ აღარ მემუქრებოდა. მეტიც, თითქოს ჩემს დახმარებას ცდილობდა".
    
სიზმრად ნახული ფიგურა მამამისს არ ჰგავდა, მაგრამ პირადი კომპლექსის პერსონიფიკაციამ მამაკაცი აიძულა, იგი მამის ხატ-სახედ აღექვა. ასოციაციებში მან მამამისი აღწერა, როგორც: "უემოციო, ვიწროდ მოაზეოვნე, მაგრამ სტაბილური". მეორე სიზმარში მან მოკლა დედამისი, მაგრამ გაღვიძებისას "არ ახსოვდა" არც ერთი დეტალი...
    
ზოგადად, სიზმარში მშობლების პერსონიფიკაციების სიკვდილი, მიუთითებს ოიდიპური კომპლექსების სტრუქტურის რადიკალურ ცვლილებებზე, რომლებიც რეგულარულად აფერხებენ პერსონალური ინდივიდუალიზმის მიღწევას. როდესაც "მკვლელი" თავად სიზმარმხილველია, ეს შეიძლება აჩვენებდეს გაცნობიერების ხარისხს, სადაც სიზმარმხილველი აქტიურად არის ჩართული საკუთარი ტრანსფორმაციის პროცესში.   
   
გველები
 
გამოცდილება აჩვენებს, რომ სიზმარში გველები ძალიან ხშირად ჩნდებიან. მსგავსი სიხშირე, თავისთავად მისი არქეტიპული მნიშვნელობის ექსტრემალურად მრავალფეროვნებაზე მიუთითებს. რა თქმა უნდა, შეგვიძლია გველებს ფალოსური მნიშვნელობა მივანიჭოთ, (სიტყვასიტყვით, იგი პენისთან ასოცირდება), მაგრამ ეს განმარტება გველის სიმბოლური პოტენციალის მხოლოდ მცირე ნაწილია. იუნგმა ჩათვალა, რომ გველები შესაძლოა ზოგჯერ წარმოადგენენ ავტონომიური, ცენტრალური ნერვული სისტემის პერსონიფიკაციას. ეს ძალიან საინტერესო კონცეფციაა, მით უმეტეს, უახლესი კვლევების ფონზე, სადაც მეცნიერება ძალიან ახლოსაა თეზისის დამტკიცებასთან, რომ ადამიანური ტვინის ბირთვი წარმოადგენს ერთგვარ "რეპტილიურ ტვინს". (სხვა ძუძუმწოვრების ტვინები ჩვენგან უფრო განსხვავებულია, ვიდრე ქვეწარმავლური. მხოლოდ ადამიანს და ქვეწარმავალს გააჩნია ტვინის ქერქის უნიკალური ცერებრალური გაფართოების უნარი).
   
ხშირად გველები წარმოადგენენ ერთგვარი ინსტიქტური ენერგიის განსახიერებას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სიზმარში ერთდროულად დიდი რაოდენობით ჩნდებიან. გველი შეიძლება ასოცირებულ იქნეს სიბრძნესთან, სულიერი განკურნების პროცესთან და ასევე შეიძლება გააჩნდეს უფრო ღრმა და სერიოზული არქეტიპული მნიშვნელობაც. უძველეს ბიბლიურ ტექსტებში გველი ქრისტეს "წინასახეობად" აღიქმებოდა. გველის სიმბოლური ძლიერების კიდევ ერთ მაგალითს წარმოადგენს გნოსტიკური ტექსტები, (იუნგი მსოფლმხედველობრივ/რელიგიური თვალთახედვით, გნოსტიკოსი გალხდათ) სადაც გველი არამარტო სიბრძნის, არამედ უზენაესი ტრანსცენდეტული ღმერთის სიმბოლოცაა, რომელმაც იალდაბაოთის (ბიბლიაში ე.წ "მამა ღმერთი", ასტროლოგიურად პლანეტა სატურნი) მიერ დატყვევებული ადამი და ევა "უმეცრების ბაღიდან" (ედემი) გაანთავისუფლა და შემეცნების ნაყოფი უბოძა.
   
ეს მრავალჯერადი შესაძლო მნიშვნელობები (მერწმუნეთ, ისინი ბევრად მეტია) გვიჩვენებს არქეტიპული გამოსახულებების სიმდიდრეს და  მრავალმხრივ ბუნებას. ნებისმიერ კონკრეტულ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია აღმოაჩინოთ პაციენტის ასოციაციებთან უფრო ახლოს მყოფი შესაძლო მნიშვნელობა.
  
მაგალითისთვის, ერთ მღვდელს ესიზმრა მუზეუმი, სადაც სიმულაციურ ბუნებრივ გარემოში გველი იყო მოთავსებული. მომენტალურად სცენა შეიცვალა, მას ხელში ეჭირა დიდი გველი, რომლის თავიც მღვდელს ზემოდან უყურებდა და აგრესიის არანაირ ნიშანს არ ავლენდა. მოულოდნელად გველი დაიკლაკნა, რამაც მღვდელი ძალიან შეაშინა და ხელიდან გააგდო. ეს ორი სცენა ვარაუდობს კონფლიქტის წარმოქმნას ყველაფერთან დაკავშირებით, რასაც გველი სიმბოლურად განასახიერებს. სიზმარმა აჩვენა სიზმრის-ეგოს უსაფრთხო მდგომარეობიდან (ხელოვნურ პირობებში მოთავსებული გველი) საფრთხისშემცველ მდგომარეობაში გადასვლა (ცოცხალი გველის ხელში დაჭერა). 
   
იგივე პაციენტმა სიზმრის ინტერპრეტაცია მოახდინა სექსუალური თვალთახედვით, რადგან მას ჰქონდა სექსუალური სახის პრობლემა მასტურბაციასთან დაკავშირებით. მან გველი აღიქვა, როგორც დაფარული/მივიწყებული ცოდვის სიმბოლო. მან აღიარა, რომ მთელი წლის განმავლობაში მოუწია მასტურბაციისგან თავის შეკავება სამღვდელო სემინარის კარგად ჩასაბარებლად. მან გაიხსენა, რომ ბავშვობაში მამამისი მასტურბაციისგან თავის შეკავებაზე საუბრობდა, როგორც "ანგელოზურ სათნოებაზე".  მოგვიანებით მღვდელმა მოძღვართან აღიარა, რომ შხაპის მიღებისას მასტურბირებდა. "დაივიწყე" - უთხრა მოძღვარმა. 
   
ამ შემთხვევაში, სიზმრის მოტივის ინტერპრეტაციას მკაფიო მითითებები ეძლევა, რომ იგი განასახიერებს დიდი ხნის განმავლობაში დაგროვილი შინაგანი კონფლიქტის ილუსტრაციას. მოკლედ რომ ვთქვათ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეს არის სექსუალური სახის პრობლემის კომპლექსური სიზმარი.

 

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff