ოჯახის სისტემური თერაპია
ოჯახის სისტემური თერაპია
დღეს, როდესაც ოჯახის სისტემურ თერაპიაზე ვსაუბრობთ, შეუძლებელია არ გაგვახსენდეს ბერტ ჰელინგერი და მის მეთოდი - ოჯახური განლაგება.
ბერტ ჰელიგერი 1925 წელს გერმანიაში დაიბადა. მისი მშობლების რწმენამ ოჯახი განაცისტებას გადაარჩინა, თუმცა ზუსტად ამავე მიზეზით, ბერტი ახალგაზრდობიდანვე მიოაზრებოდა ხალხის მტრად. ოცი წლისამ მღვდლობისთვის მომზადება დაიწყო. თექვსმეტი წლის განმავლობაში სამხრეთ აფრიკაში ზულუს ტომში მისიონერობდა, სადაც მღვდლად მსახურობდა და სკოლის დირექტორიც იყო.
გამოცდილებები, რომლებმაც ჰელინგერზე დიდი გავლენა მოახდინეს მდიდარი და მრავალფეროვანია. მისი ადრეული გამოცდილება მოიცავდა ომამდელ პერიოდს გერმანიაში, ნაციზმს, რომელზეც მან უარი თქვა, მეორე მსოფლიო ომს და მის შედეგებს. როგორც მღვდელისთვის, მისთვის ნაცნობი გახდა ზულუს ადათ-წესები, რიტუალები და მუსიკა, ეკუმენური ჯგუფური დინამიკის მეთოდი, რომელიც მოიცავდა დიალოგს. ფენომენოლოგია და ინდივიდუალური ადამიანური გამოცდილება მისთვის გარდამტეხი აღმოჩნდა. ოცდახუთწლიანი მსახურების შემდეგ მან დატოვა რელიგიური ორდენი, დაბრუნდა გერმანიაში, დაიწყო ფსიქოანალიზის შესწავლა და დაქორწინდა კიდეც.
ჰელინგერმა შეისწავლა მრავალი თერაპიული მიდგომა. მუშაობდა პირველყოფილი კივილის თერაპიის დამფუძნებელ ცნობილ არტურ იანოვთან, რომლისგანაც ისწავლა სუნთქვაზე და სხეულზე დაფუძნებული თერაპია. ასევე ისწავლა გეშტალტი, ტრანზაქციული ანალიზი, ოჯახის სისტემური თერაპია, ოჯახური განლაგება (რუთ მაკკლენდონი და ლესლი კადისი), ნეირო-ლინგვისტური პროგრამირება (NLP), პროვოკაციული თერაპია (ფრენკ ფარელი) და ჰოლდინგ თერაპია LAS (ირენა პრეკოპი).
ის საკუთარ თავს ფილოსოფოსს უწოდებდა და მარტინ ჰაიდეგერის ფილოსოფიურ მოღვაწეობის გავლენას განიცდიდა.[ინფორმაცია აღებულია საიტიდან www.Hellinger.com]
ჰელინგერს მუდამ წინ მიუძღვოდა თავისი მაძიებლური სული. ის თავის მეთოდს ფენომენოლოგიურს უწოდებს. ეს არის ღრმად ექსპერიმენტული მიდგომა. ემპირიული ტესტირების საშუალებით მან აღმოაჩინა მრავალი წესი, რომელიც ჩვენს ცხოვრებას და ბედს მართავს. თუმცა, როდესაც ჰელინგერი საუბრობს წესებზე, უნდა გავითვალისწინოთ, რომ მაინც არ იზღუდავს თავს მათი ჩარჩოებით, რათა ამით განვითარებისა და სწავლის თავისუფლება არ დაკარგოს. ის მუდმივად თავის წესების გადახედვაშია, ისევე როგორც ყველა, ვინც მის მეთოდს იყენებს. წესები დადასტურებულია, ადაპტირებული და ზოგჯერ უარყოფილია მისი ფენომენოლოგიური მეთოდის ფარგლებში.
ოჯახური სისტემების ძალა
კონკრეტულ ოჯახში დაბადებით ჩვენ მემკვიდრეობით ვიღებთ არა მხოლოდ ბიოლოგიურ გენეტიკას, არამედ რწმენათა სისტემას და ქცევის ნიმუშებს. ჩვენი ოჯახი წარმოადგენს ენერგეტიკულ ველს, რომელშიც ჩართული ვართ და დაბადებიდანვე ვიკავებთ ჩენს უნიკალურ პოზიციას. როგორც თვითმფრინავები განლაგდებიან დატვირთული აეროპორტების თავზე, თითოეული თავის დონეზე და სიჩქარით (რაც მგზავრის პერსპექტივიდან მარადისობასავით იწელება), ასევე ვიკავებთ ჩვენ საკუთარ ადგილს ინდივიდუალურად ოჯახის ენერგეტიკულ ველში კონკრეტულ დონეზე, რომელიც ზღუდავს ან აძლიერებს ჩვენს შესაძლებლობებს და განსაზღვრავს ჩვენი ბედნიერების დონეს, არჩევანის თავისუფლებას, მიზნების მიღწევის ალბათობას, სასიამოვნო ურთიერთობების ჩამოყალიბებას, ჯანმრთელობისა და კეთილდღეობას. შეიძლება ისეთი განცდა დაგვეუფლოს, რომ მარადიულად პრობლემებში ვიმყოფებით. ოჯახური განლაგება შესაძლებლობას გვაძლევს ეს პრობლემები უფრო ღრმა დონეზე გავიგოთ, ვიპოვოთ გამოსავალი ჩვენი შაბლონებიდან და ამით განვიცადოთ სიმშვიდე და ბედნიერება.
ჩვენი ოჯახის ენერგეტიკული ველის ხასიათს აყალიბებს ჩვენი ოჯახის ისტორია, რელიგია და რწმენა, ანუ სინდისი. ამ ველზე თავისი გავლენა აქვს იმ ქვეყანასა და რელიგიას, რომელშიც დავიბადეთ. ჩვენი ოჯახის ენერგეტიკული სფერო ყალიბდება ისეთი ძლიერი მოვლენებით, როგორიცაა მშობლებისა და ბებიების ურთიერთობის ისტორია, ბავშვების ადრეული გარდაცვალება, აბორტები, მუცლის მოშლა, გაშვილება, თვითმკვლელობები, ომები, ქვეყნის დატოვება, რელიგიის შეცვლა, ინცესტი, წინაპრები, რომლებიც იყვნენ მსხვერპლები, ან მოღალატეები, ნდობა, ღალატი და ა.შ. ჩვენი მშობლებისა და წინაპრების ალტრუისტულ და კეთილშობილურ ქმედებებს სარგებელს მოაქვს ამ ველისთის, ხოლო მავნე მოქმედებები აზიანებს მას და საფასურის გადახდა შემდეგ თაობებს უწევთ. მავნე ქმედებების მაგალითებია: არაკეთილსინდისიერად შეძენილი სიმდიდრე, თაღლითობა და ქურდობა, მკვლელობასთან დაკავშირებული პროფესიები (მათ შორის ჯარი), ძალადობის სხვადასხვა ფორმები, ოჯახის წევრების პატიმრობა, ან თავშესაფრებში მოხვედრა, უბედური შემთხვევები, რამაც გამოიწვია სიკვდილი, და საკუთარი რელიგიის უარყოფა. ჩვენი წინაპრების დამოკიდებულება მამაკაცებისა და ქალების მიმართ გავლენას ახდენს ჩვენს უნარზე დავამყაროთ ჯანსაღი ურთიერთობები. წინაპრების მიმართ სათანადო პატივისცემისა და მადლიერების ნაკლებობა ასევე ასუსტებს ველს. ბიბლიური გამონათქვამი ,, მე ვარ უფალი [...] მამათა ცოდვის მომკითხავი შვილებისაგან მესამე და მეოთხე თაობამდე “ დადასტურდა ოჯახურ განლაგებებშიც და გავლენა ამის მიღმაც შეიძლება გაგრძელდეს.
ამ ველში მყოფები ხშირად არაცნობიერები ვართ და ყურადღებას არ ვაქცევთ ჩვენზე მოქმედ გავლენებს, მაშინ როცა დატყვევებულები ვართ ქცევებითა და დამოკიდებულებებით, რომლებიც აღგვემატებიან და გვიბიძგებენ იმ მიმართულებით მოქმედებისკენ, რომლებსაც მოგვიანებით ვინანებთ, ან საერთოდ ვერ გავიგებთ.
ოჯახური განლაგება აჩვენებს, რომ ოჯახი ბედისწერაა. თუმცა, უმწეოდ არ ვართ ჩაფლული ამ ბედში, რადგან განკურნება შეგვიძლია. რაც მთავარია, გვეძლევა უფლება, მექანიზმების გაცნობიერებით, ვაკონტროლოთ ჩვენი ქცევა, რათა ტანჯვა მომდევნო თაობებს არ გადავცეთ.
ფენომენოლოგიური მეთოდი
ჰელინგერი თავის მეთოდს „ფენომენოლოგიურს“ უწოდებს. რას გულისხმობს ამაში?
ოჯახურ განლაგებებთან მუშაობის არსი არის „ვაღიაროთ ის, რაც არის“, რაც ჰელინგერის ერთ-ერთი წიგნის სათაურიცაა. მისი შემუშავებული მეთოდის ფასილიტატორებს არ შეუძლიათ ჰქონდეთ პირადი მიზნები და სურვილები თავიანთი კლიენტებისთვის. მათი ამოცანაა ემსახურონ ენერგეტიკულ ველს. ისინი აკვირდებიან რა მოცემულობაა კონკრეტულ მომენტში. ოჯახური ისტორია კი ხელს უწყობს წარმომადგენლების/რეპრეზენტატორების პოზიციების გარკვევას და გამოიყენება როგორც ფაქტობრივი ინფორმაციის წყარო. ამ პროცესში განსჯა და ინტერპრეტაცია მაქსიმალურადაა თავიდან არიდებული.
ჰელიგერი თავის მეთოდს შემდეგნაირად აღწერს:
სიმშვიდე და აღქმის სიცხადე მიღწევადი ხდება სამყაროს ისეთად მიღებით, როგორიც არის, მისი შეცვლის განზრახვის გარეშე. ეს ფუნდამენტურად რელიგიური დამოკიდებულებაა, რადგან ის მაკავშირებს უფრო დიდ მთლიანობასთან, მისგან გამიჯვნის გარეშე. მე არ მაქვს პრეტენზია, ან იმედი რომ უკეთ ვიცი, ან რაიმე უკეთესს მივაღწევ, ვიდრე სისტემაში უკვე მომუშავე შინაგანი ძალები თავად აკეთებენ. როცა რაღაც საშინელებას ვხედავ, ესეც სამყაროს ასპექტია და ვეთანხმები მას, ასევე ვიქცევი მაშინ, როდესაც მშვენიერებას ვუცქერ. მე ამ დამოკიდებულებას ვუწოდებ „თავმდაბლობას“- თანხმობას სამყაროსადმი, მის მიღებას ისეთად, როგორიც არის. მხოლოდ ეს თანხმობა იძლევა აღქმის შესაძლებლობას. მის გარეშე სურვილები, შიშები, განსჯა-ჩემი კონსტრუქციები-ერევა ჩემს აღქმაში. (Hellinger, Love's Hidden Symmetry [henceforth LHS), p. 91)
ამ მეთოდის არსი არის „აღიაროთ ის, რაც არის“. სწორედ ეს წარმოშობს იმ მოძრაობებს, რომლებიც ჰარმონიას იწვევენ.
სიყვარული: ოჯახური განლაგებების მამოძრავებელი ენერგია
არსებობს სხვადასხვა დონე, რომლებზეც თერაპია ან პიროვნული ზრდა ხდება. მათი დაყოფა შეგვიძლია ეგოს და სულის დონეებად [იხ. ჯოი მანე, სულის თერაპია, North Atlantic Books, 1997]. ეგოს დონეზე ყველას საკუთარი ისტორია გვაქვს: „ქმარმა მიღალატა“, „რთული ბავშვი მყავს“, „დედამ მამაჩემი თვითმკვლელობამდე მიიყვანა“. ჩვევა გვაქვს ადამიანები დავყოთ მსხვერპლებად და დამნაშავეებად. მსხვერპლი უდანაშაულოა, მოძალადე კი უნდა დაისაჯოს, რადგან სწორედ ისაა პასუხისმგებელი ტანჯვაზე. ისტორიები, რომლებსაც ხშირად ვყვებით ჩვენს ოჯახზე და მასში მიმდინარე მოვლენებზე ,,სიმართლეს’’ არ შეესაბამება: ისინი უბრალოდ იმას აჩვენებენ, თუ როგორ განვმარტეთ ის მოვლენები, რომლებიც ვნახეთ ან რომლებშიც ვმონაწილეობდით. ჩვენი ისტორიები ჩვენი საკუთარი აზრებია მომხდართან დაკავშირებით. ოჯახური განლაგებები სიყვარულით და განსჯის გარეშე უყურებენ იმას რაც სინამდვილეშიმოხდა. ისინი ცდილობენ აღმოაჩინონ ოჯახის ენერგეტიკული ველის სტრუქტურა, რამაც გამოიწვია მისი ცალკეული წევრების მსხვერპლებად, ან მოძალადეებად ფორმირება, ავადმყოფობა, ან შეზღუდული შესაძლებლობები და ცდილობენ განკურნონ ეს სტრუქტურა.
სულის დონე წარმოადგენს სუფთა, არაგანმსჯელ და არადამსჯელობით სიყვარულს. მას ახასიათებს პასუხისმგებლობის მკაცრად საკუთარ თავზე აღება. დასადანაშაულებელი ობიექტის ძიების ნაცვლად, ის მის მიღმა იყურება. შეიძლება ჩვენს ოჯახში, შორეულ წარსულში მომხდარი მოვლენა, გვაიძულებს ვიფიქროთ და ვიმოქმედოთ ჩვენი ცნობიერი კონტროლის მიღმა, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ეს ასეა, მაინც არ ვეძებთ საბაბს ვინმე დავადანაშაულოთ. ვიღებთ საკუთარ პასუხისმგებლობას და ხანდახან დანაშაულის შეგრძნების ტარებაც გვიწევს. ოჯახური განლაგების დროს ვსვამთ კითხვებს: რა მოხდა ჩემი, ან ჩემი ქმრის ოჯახში ისეთი, რის გამოც მან მიღალატა? რა ხდება ჩემსა და ჩემს ქმარს, ან ჩვენი ოჯახის ენერგეტიკულ სფეროში ისეთი, რაც იწვევს იმას, რომ რთული ბავშვი გვყავს? რა მოხდა მამაჩემის ოჯახში ისეთი, რასაც მისი სიცოცხლე შეეწირა? ვცდილობთ ეს ყველაფერი გავიგოთ და განვკურნოთ სიყვარულით.