განლაგებების ტიპები
განლაგებების ტიპები
პერსონალური და ინდივიდუალური
განლაგება შეიძლება ეხებოდეს მხოლოდ ოჯახის წევრებს და იმ ადამიანებს, რომლებიც ამ ოჯახთან ურთიერთობდნენ და გავლენა ჰქონდათ მთელს სისტემაზე.
კონკრეტული შემთხვევის მაგალითი
მამის გარდაცვალების შემდეგ ოჯახს მოტყუებით მოპარეს მემკვიდრეობა. ამ შემთხვევაში სცენაზე შეიძლება გამოიყვანონ - მამა, დედა, მათი შვილები, ბებია-ბაბუა და თაღლითები. განლაგებამ შეიძლება გამოავლინოს, თუ როგორ მოხვდა თაღლითი ამ კონკრეტულ ოჯახურ სისტემაში.
ტრანსპერსონალური
განლაგება შეიძლება შეიქმნას აბსტრაქტული ცნებების გამოყენებით. მაგალითად, შეიძლება სცენაზე დააყენონ დაავადებების (მაგალითად, კიბო, დიაბეტი), ქვეყნების, სიკვდილის, სიცოცხლის, ფულის და ა.შ. რეპრეზენტატორები.
კონკრეტული შემთხვევის მაგალითები:
დედას სასიკვდილო დაავადება აქვს. განლაგებაში დაყენებულია სიცოცხლისა და სიკვდილის წარმომადგენლები, ხოლო თვითონ დგას საკუთარი თავის რეპრეზენტატორად.
მამაკაცს აქვს სიმსივნე. განლაგებაში იგი დაყენებულია სიმსივნის რეპრეზენტატორთან ერთად.
პირველ მაგალითში ასევე შესაძლებელი იქნებოდა აბსტრაქტების დაყენება - მაგალითად, ფულის ან საოჯახო ბიზნესის წარმომადგენლების - იმის გასაგებად, თუ როგორ მოხდა თაღლითობა.
გარდაცვლილები განლაგებაში
ოჯახური განლაგება გვაჩვენებს, რომ სიკვდილი ფარდობითია. ცოცხალთა და მიცვალებულთა მიწები ბოლომდე არ არის გამიჯნული. გარდაცვლილი წინაპრები და ბავშვები, რომლებიც ახალგაზრდობაში დაიღუპნენ, გავლენას ახდენენ ოჯახის ენერგეტიკულ ველზე, ისევე როგორც დამნაშავეები და მათი მსხვერპლები იქნებიან ისინი ცოცხალები თუ მკვდრები.
ზოგიერთი გარდაცვლილი მშვიდად არის; სხვები - შფოთავენ. მიცვალებულებს უნდათ აღიარონ, პატივი სცენ და იგლოვონ. განლაგებით მუშაობამ შეიძლება სიმშვიდე აპოვნინოს მიცვალებულებს. მაშინ ცოცხლებიც მშვიდდებიან.
ოჯახური განლაგების მრავალი სარგებელი
აშკარაა, რომ კლიენტებს რომლებსაც სცენაზე გამოაქვთ მათი თემა და მუშაობენ, სარგებელს იღებენ ამით. თუმცა ხშირად ჰგონიათ, რომ წარმომადგენლები და დამკვირვებლები ნაკლებ მოგებულები რჩებიან, ეს მცდარი მოსაზრებაა.
განლაგებები, ფაქტობრივად, თანაბრად ღირებულია როგორც კლიენტებისთვის, ასევე წარმომადგენლებისთვის და დამკვირვებლებისთვის. შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ეს უნივერსალური გამოცდილებაა. ოჯახური განლაგებები კლიენტებს, წარმომადგენლებს და დამკვირვებლებს თანაბარ შანსს სთავაზობენ გაეცნონ ცხოვრებასა და ურთიერთობებს ძალიან ღრმა, გამოცდილებით დონეზე. რეპრეზენტაცია და დაკვირვება გვაძლევს ცხოვრებისეულ გამოცდილებას, რომელიც ისეთივე ღრმაა, როგორც ჩვენი განლაგების გაკეთება. კლიენტები, რომლებიც მხოლოდ საკუთარი განლაგების გასაკეთებლად მოდიან, ბოლომდე ვერ იღებენ ამ პროცესის ყველა სარგებელს. წარმოდგენა და დაკვირვება აძლიერებს ჩვენი, როგორც კლიენტების ინტეგრაციის უნარებს, ხოლო განლაგების ენერგიის ველში ყოფნის გამოცდილება გვიუმჯობესებს ცხოვრებისა და ურთიერთობის უნარებს.
სარგებელი, რომელსაც კლიენტები და მათი ოჯახის წევრები იღებენ
კლიენტებს აქვთ ისტორიები - ისტორიები თავიანთ ოჯახებზე, რომლებსაც მუდმივად ყვებიან: მათი მამა ასეთი იყო, დედა - ისეთი; ასე და ამგვარად იტანჯებოდნენ. გონებაში ჩაბეჭდილი აქვთ სურათი იმის შესახებ თუ ვინ არიან მათ ოჯახში კარგი და ცუდი ტიპი. ეს ისტორიები ასჯერ აქვთ მონაყოლი, მაგრამ ამას არანაირი სასარგებლო ცვლილებები არ მოჰყოლია. ეს ამბები არასოდეს შეესაბამებიან სიმართლეს სულის დონეზე.
საოჯახო განლაგება ათავისუფლებს კლიენტებს ამ პარადიგმისგან. ისინი აღმოაჩენენ წესებს, რომლებიც მართავს მათ ოჯახურ ენერგეტიკულ ველს. განიცდიან, თუ როგორ არიან დაჭერილები სხვადასხვა ოჯახის წევრები და იძულებულნი რომ მოიქცნენ და იმოქმედონ ზუსტად ისე, როგორც მოქმედებენ. (მათ თავისუფალი არჩევანი არ აქვთ). განლაგების ბოლოს რჩებათ განმაკურნებელი გამოსახულება, რომელიც დროთა განმავლობაში შედის მათ ცხოვრებაში და მათი ოჯახის ენერგეტიკულ ველში.
იმის გამო, რომ ეს მეთოდი გავლენას ახდენს მთელი ოჯახის ენერგეტიკულ ველზე, მისი გავლენა აისახება არამხოლოდ იმ ადამიანზე, რომელმაც გამოიტანა განსახილველი საკითხი, არამედ მთელს ოჯახზე. ამ თავში მოცემულ მაგალითში კლიენტმა და მისმა პარტნიორმა ორივენ განიცადეს ის შედეგები, რომელიც განლაგებას მოჰყვა. შეიცვალა ენერგეტიკული ველი. კლიენტს უკვე შეუძლია დაინახოს თავისი პარტნიორი და შეურიგდეს თავის გარდაცვლილ ძმას; ძმა წყვილს კარგად უყურებს. ახლა მათი ერთობლივი ცხოვრება გაუმჯობესდება. ასევე სავარაუდოა, რომ კლიენტის სხვა დედმამიშვილების მდგომარეობა გაუმჯობესდეს. კლიენტის გარდაცვლილ ძმასთან შერიგების ეფექტი სავარაუდოდ აუზში წარმქმნილი ტალღის მსგავსად გავრცელდება და ოჯახის სხვა წევრებთანაც მიაღწევს. თუ მშობლებს ბოლომდე არ უგლოვიათ დაკარგული შვილი, კლიენტის გლოვა გარკვეულწილად მათაც შეუმსუბუქებს მწუხარებას.
სარგებელი, რომელსაც რეპრეზენტატორები იღებენ
რეპრეზენტატორის როლი
წარმომადგენლები დგებიან პიროვნების (კლიენტის დედა, მამა ან შვილი; მსხვერპლი; მოძალადე და ა.შ.) ან აბსტრაქტული ცნების (სიკვდილი, სიცოცხლე, ქვეყანა და ა.შ.) ადგილას და ირჩევიან ფასილიტატორის ან კლიენტის მიერ. არ აქვს მნიშვნელობა ვინ აირჩევა წარმომადგენლად. როგორც წესი, სჯობს მამაკაცები წარმოადგენდნენ მამაკაცებს, ქალები - ქალებს. თუმცა, ავღნიშნავ, რომ ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ორივე სქესის მონაწილეებით სავსე ჯგუფში კლიენტი ირჩევს მამაკაცს ქალის წარმომადგენლად, ან პირიქით. მაშინ ეს არჩევანი მნიშვნელოვანია.
როდესაც ფასილიტატორები ირჩევენ მონაწილეებს, მათ არ იციან როგორ გამოიყურებიან წარმოდგენილი ადამიანები და, შესაბამისად, არანაირი გავლენა არ აქვთ. კლიენტები, სავარაუდოდ, აირჩევენ იმ წარმომადგენლებს, რომლებიც გარკვეულწილად ჰგვანან წარმოდგენილ ადამიანებს. ზოგჯერ უცნაური შემთხვევები ხდება. ერთხელ ამირჩიეს იმ ადამიანის წარმომადგენლად, რომელმაც, მამა მაშინ დაკარგა, როდესაც ექვსი წლის იყო - ზუსტად ჩემი მდგომარეობაა. ასეთი სინქრონულობა ხშირია.
ველში მოთავსების შემდეგ, წარმომადგენლები გრძნობენ იმას, რასაც ოჯახის ცალკეული წევრები გრძნობენ. ეს შეიძლება იყოს ან არ იყოს ცნობილი კლიენტისთვის. ზემოთ მოყვანილ მაგალითში კლიენტის წარმომადგენელი გარდაცვლილი ძმის წარმომადგენლისკენ იყურებოდა, თუმცა თავადაც არ იცოდა, რომ ძმას მასზე ასეთი გავლენა ჰქონდა. სხვა მაგალითში კლიენტის მშობლების წარმომადგენლები ერთმანეთს არ უყურებენ და კლიენტი აღნიშნავს, რომ ეს მართლაც მათი ურთიერთობის სურათია: ის კლიენტისთვის ნაცნობია. ზოგჯერ ოჯახური საიდუმლოებებიც კი ვლინდება:
კონკრეტული შემთხვევის მაგალითი
დედის წარმომადგენელი იატაკს უყურებს. სცენაზე გამოსვლას სთხოვენ გარდაცვლილის წარმომადგენელს, რომ დაწვეს იქ, სადაც ქალი იყურება. დედის წარმომადგენელი ნელა იხრება იატაკისკენ და ტირილით ეხვევა გარდაცვლილს. წარმომადგენლებისთვის გასაგებია, რომ ეს დედის წინა პარტნიორია.
მოგვიანებით კლიენტი ოჯახის წევრებთან დააზუსტებს ამ შემთხვევას და აღმოაჩენს, რომ დედამისი დაქორწინებული იყო მანამ, სანამ მის მამაზე გათხოვდა და რომ მისი პირველი ქმარი ავარიაში გარდაიცვალა.
პირველადი და მეორეული ემოციები
წარმომადგენელი იღებს და განიცდის იმ ადამიანის ღრმა გრძნობებს, რომელსაც ის წარმოადგენს. ბევრ რაღაცას გრძნობს. პირველადი ემოციები ჯერ კიდევ ინტენსიური და ინტიმურია. ისინი არიან ტანჯვის ყველაზე ღრმა წერტილი და ტკივილის ცენტრი. სწორედ მათი საშუალებით ავლენს ოჯახური განლაგება თავის სილამაზეს და ამოძრავებს მას საკითხის მოგვარებისკენ. პირველადი გრძნობების განცდისას არ ხდება მოქმედება.
კონკრეტული შემთხვევის მაგალითი
ომში ერთ-ერთი ქვეყნის გენერლის წარმომადგენელი დგას და უყურებს მის და მეორე ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც დაიღუპნენ. სახეზე ტკივილი აქვს აღბეჭდლი. მხრები მაღლა აქვს აწეული, ხელები კი მკერდზე აქვს შემოხვეული. განიცდის როგორც ფიზიკურ, ასევე მენტალურ ტკივილს და თავს არ იმართლებს.
მეორადი ემოციები გაქცევის ფუნქციას ასრულებენ. ისინი მოქმედების ფორმებია და მოიცავს დრამატულ ტირილს, საკუთარი თავის შებრალებას და ა.შ. ისინი არ ემსახურებიან განლაგებით საკითხის გადაწყვეტას.
კონკრეტული შემთხვევის მაგალითი
მამაკაცის პარტნიორი აბორტს იკეთებს, კაცის ნების საწინააღმდეგოდ. კაცს ამ დროს არ უფიქრია არც ბავშვზე და არც პარტნიორზე, ამის ნაცვლად საკუთარი თავის სიბრალული დაიწყო.
საკუთარი თავის სიბრალული, ახსნის და გამართლების ძიება, გრძნობების შესუსტების საშუალებაა.
წარმომადგენლობა როგორც მსახურების ფორმა
ჩვეულებრივ, ამბობენ, რომ წარმომადგენლები ერთგვარ მსახურებაში არიან. ისინი ემსახურებიან ოჯახის ენერგეტიკულ ველს მისდამი დამორჩილებით და ნებას რთავენ მას მართოს ისინი. ეს ადამიანები საშუალებას აძლევენ ემოციებს, აზრებს და გრძნობებს შევიდეს მათში ენერგეტიკული ველის მეშვეობით და განიცადონ ტკივილი და ტანჯვა, დაავადებები, საჭიროებები, სიყვარულები და შიშები. იმ ადამიანების სიხარული და მწუხარება, რომელსაც ისინი წარმოადგენენ. ხშირად ეს არის ემოციები, რომლებსაც ჩვეულებრივ ვერ გრძნობდნენ. რადგან წარმომადგენლობა შეიძლება იყოს როგორც უსიამოვნო, ასევე სასიამოვნო გამოცდილება, მომსახურების ცნება ძალიან შესაფერისია.
წარმომადგენლები ინფორმაციას აწვდიან ფასილიტატორს და კლიენტს თავიანთი ქმედებების და სიტყვების საშუალებით ან, გადაადგილების, როდესაც უბრალოდ ნებას აძლევენ ველს ამოძრაოს ისინი. ჭეშმარიტად რეპრეზენტატორობა წმინდა ამოცანაა.
სარგებელი, რომელსაც დამკვირვებლები იღებენ
დამკვირვებლების ამოცანაა შეინარჩუნონ ენერგეტიკული ველი, რომელსაც განლაგება ქმნის მათი ყურადღებით.
გარკვეულწილად, დამკვირვებელი ყველაფერს უფასოდ იღებს. რამდენიმე წლის წინ, დიდ ტრენინგზე, რომელსაც ჰელინგერი ხელმძღვანელობდა, მე არც კლიენტი ვიყავი და არც წარმომადგენელი. ღრმა პატივისცემისა და ღრმა სიყვარულის განწმენდის ატმოსფეროში სამი დღის შემდეგ, ვუყურებდი ღრმა ადამიანურ დრამებს, როგორ ხდება მათი გადაწყვეტა, და გავითავისე რა როგორ მუშაობს ადამიანის ცხოვრება სულის დონეზე, თავი ძალიან თავისუფლად ვიგრძენი- თითქოს ჩემი ენერგია გაიწმინდა- ამისთვის კი ერთადერთი რაც გავაკეთე ყურადღებით დაკვირვება იყო.
როგორ ირჩევენ კლიენტებს
კლიენტად არჩევა სხვადასხვა მიზეზების გამო ხდება. ჰელინგერი კლიენტებს ხშირად იმ თემის მიხედვით ირჩევდა, რომელსაც იკვლევდა და ასწავლიდა კონკრეტულ სემინარზე. ეს შეიძლება ყოფილიყო წყვილთა ურთიერთობა, ფიზიკური ავადმყოფობა, ფსიქოთერაპევტებისა და მათი კლიენტების ურთიერთობა, მსხვერპლსა და მოძალადეს შორის ურთიერთობა. როგორ მყარდება მშვიდობა ქვეყნებსა და ჯგუფებს შორის და ა.შ. ჰელინგერის ჯგუფებში ყველა მონაწილე იხდიდა ერთსა და იმავე საფასურს.
ზოგიერთ ჯგუფში მონაწილეები ხვდებიან, რომ საკმარისი დრო არ იქნება ყველას განლაგების დასაყენებლად და საკუთარ თავზე იღებენ იმ რისკს რომ მათი საკითხი შეიძლება არ განიხილონ. ამ მეთოდის მინუსი არის ის, რომ მონაწილეებმა შეიძლება ერთმანეთს კონკურენცია გაუწიონ, რომ ფასილიტატორმა მათი საკითხი აირჩიოს.
კლიენტების შერჩევის კიდევ ერთი გზა ისაა, რომ ისინი მეტს იხდიან. მონაწილეები, რომლებიც მოდიან მსახურების ხალისით, ან უბრალოდ დაკვირვებისთვის, ნაკლებს იხდიან. ამ მეთოდსაც აქვს გარკვეული სისუსტეები. ოჯახური განლაგების მუშაობის საფუძველი ფასილიტატორებისთვის ისაა, რომ ისინი ენერგიით ხელმძღვანელობენ. როგორც ინდივიდუალური, ისევე ჯგუფური ენერგიით და იმითი თუ საით წაიყვანს ეს ენერგია განლაგებას. ადამიანი რომ განლაგებისთვის იყოს მზად, მისი ენერგია კონკრეტულ დონეზე უნდა იყოს. როცა ფასილიტატორები ვალდებულნი არიან იმუშაონ მხოლოდ მათთან, ვინც მეტი გადაიხადა, ნაკლებად თავისუფალნი არიან, რომ ენერგიას მიყვნენ იქ, სადაც ის ვლინდება და იმუშაონ მათთან, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება იმ მომენტში.
შეჯამება
ოჯახური განლაგების მეთოდი შემდეგია:
კლიენტი და ფასილიტატორი განსაზღვრავენ საკითხს.
კლიენტი ან ზოგჯერ ფასილიტატორი ირჩევს წარმომადგენლებს ოჯახის წევრებისთვის.
კლიენტი აყენებს ამ წარმომადგენლებს სივრცეში და აძლევს მათ მიმართულებას.
იქმნება ენერგეტიკული ველი და წარმომადგენლები იწყებენ იმის განცდას, რასაც გრძნობენ ადამიანები, რომლებსაც ისინი წარმოადგენენ.
ფასილიტატორმა შეიძლება ჰკითხოს წარმომადგენლებს, რა ხდება მათ თავს, ან უბრალოდ დაუშვას „სულის მოძრაობა“.
ფასილიტატორი სთხოვს წარმომადგენლებს, უთხრან ერთმანეთს კონკრეტული ფრაზები, რომლებიც შეიძლება ჩაითვალოს ჭეშმარიტების წინადადებებად.
ყველა მოძრაობა ან გამოთქმა განიხილება, როგორც ექსპერიმენტული. თუ ენერგეტიკული ველი იცვლება გარჩევადობისკენ, ჩანს, რომ მოძრაობები ან წინადადებები კარგად არის შერჩეული.
გარკვეულ მომენტში, როგორც წესი, როდესაც განლაგებას უფრო მეტი სიცხადისკენ მივყავართ, კლიენტმა შეიძლება დაიკავოს თავისი ადგილი ამ განლაგებაში და ჩაანაცვლოს რეპრეზენტატორი.
რეზოლუცია/საკითხის გადაწყვეტა ხდება მაშინ, როდესაც წარმოდგენილი ადამიანები სიმშვიდეს მოიპოვებენ. წინასწარ არავინ იცის როგორი იქნება ეს გადაწყვეტები და მომხდარმა შეიძლება ყველა გააკვირვოს.