კარლოს კასტანედა - "ზღაპრები ძალაზე"

კარლოს კასტანედა
5
2

  მთარგმნელი: ეკატერინე სამხარაძე ნაწილი 1 - ძალის მოქმედების მოწმობა შეხვედრა ცოდნასთანსიზმრის მხილველი და სიზმარში ნახულიმანათობელ არსებათა საიდუმლო ნაწილი 2 - ტონალი და ნაგვალი უნდა ...

ტონალის დღე

 

ტონალის დღე

რესტორნიდან გამოსვლისას დონ ხუანს ვუთხარი, რომ ის არ ცდებოდა, როცა თემის სირთულეზე მაფრთხილებდა. ჩემი ნაქები ინტელექტი ნამდვილად არ აღმოჩდა საკმარისი მისი ახსნილის გასააზრებლად. ვკითხე, ხომ არ ჯობდა ისევ სასტუმროში წავსულიყავი, ჩემს ჩანაწერებს ჩავჯდომოდი და კიდევ ერთხელ გამეაზრებინა ყველაფერი. მან კი მიპასუხა, რომ მის სიტყვებს ამხელა მნიშვნელობაც არ ჰქონდა.

ამ დროს სუნთქვაშეკრულმა ვიგრძნი საკუთარ თავში რაღაცა ამოუცნობი.

ამის შესახებ ხმამაღლა ვთქვი. დონ ხუანმა დაუფარავი ცნობისმოყვარეობით შემომხედა. ვუთხარი, რომ რაღაცა მსგავსი ადრეც მომსვლია - რაღაც უცნაური ჩავარდნები, წყვეტები აღქმის მდინარებაში. როგორც წესი ყველაფერი სხეულში ბიძგით იწყებოდა, მერე კი თავს ისე ვგრძნობდი თითქოს ჰაერში დავფარფატებდი.

ნელა გავუყევით გზას ქალაქის ცენტრისკენ. დონ ხუანმა მთხოვა დაწვრილებით მომეყოლა ამ „ჩავარდებზე“, მაგრამ მე სიტყვების შერჩევა ძალიან მიჭირდა. მათი აღწერა თავიდან შემდეგი ტერმინებით დავიწყე : „გულმავიწყობა“, „დაბნევა“, „უყურადღებობა“, მაგრამ დონ ხუანმა შემახსენა, რომ ნამდვილად ძალიან ფრთხილი და დაკვირვებული ადამიანი ვარ, მშვენიერი მეხსიერებით.

თავიდან ამ ჩავარდნებს შინაგანი დიალოგის შეჩერებას ვუკავშირებდი, მერე კი გავიხსენე, რომ ასე მემართებოდა მაშინ როცა საკუთარ თავს გაცხარებულია ვესაუბრებოდი. ეს ყველაფერი თითქოს წარმოიშობოდა იმ ადგილიდან, რომელიც სრულიად დამოუკიდებელია ყველაფერ იმისგან რაც ვიცი.

დონ ხუანმა კმაყფილმა გაიღიმა და ბეჭებზე ხელი დამარტყა.

-როგორც იქნა რეალური კავშირების შემჩნევა დაიწყე, - მითხრა მან.

ვთხოვე ეს იდუმალი მოვლენა აეხსნა, თუმცა მან საუბარი მკვეთრად შემაწყვეტინა და მანიშნა გავყოლოდი. ჩვენ ტბასთან პატარა პარკში შევედით.

-აქ შევჩერდეთ, - მითხრა მან და სკამზე ჩამოჯდა, - ეს ადამიანებზე დაკვირვებისთვის იდეალური ადგილია. აქედან გამვლელებსაც დავინახავთ და ეკლესიის მრევლსაც.

მან ფართო, ხალხმრავალ ქუჩაზე და ეკლესიისკენ მიმავალ პატარა, მოხრეშილ ბილიკზე მიმითითა. ჩვენი სკამი ქუჩასა და ეკლესიას შორის ზუსტად შუაში იდგა.

-ეს ჩემი საყვარელი სკამია, - თქვა მან და სკამს ხელი გადაუსვა.

მერე თვალი ჩამიკრა და ღიმილით დაამატა.

-მასაც ვუყვარვარ, აი რატომ არ ჯდება მასზე არავინ, მან იცოდა რომ მოვიდოდი.

-სკამმა იცოდა?

-არა სკამმა არა, ჩემმა ნაგუალმა.

-ნუთუ ნაგუალს მნიშვნელობა აქვს?! ნუთუ ის ნივთებს არჩევს?!

-რა თქმა უნდა, ის ყველაფერს აცნობიერებს. ამიტომაც მაინტერესებს შენი მონაყოლი. ის რასაც ჩავარდნებს და შეგრძნებებს უწოდებ - ნაგუალია. მასზე როცა ვლაპარაკობთ მნიშვნელობები ტონალის კუნძულიდან უნდა ვისესხოთ, ამიტომაც ჯობია არაფერი არ ავხსნათ და უბრალოდ მისი გამოჩენები აღვრიცხოთ.

მინდოდა ამ უცნაური შეგრძნებებზე მელაპარაკა, მაგრამ მან მთხოვა გავჩუმებულიყავი.

-გეყოფა დღეს ნაგუალის დღე არაა - დღეს ტონალის დღეა. კოსტიუმიც ამიტომ ჩავიცვი, დღეს მთლიანად ტონალი ვარ.

ის მე მიყურებდა, მინდოდა მეთქვა, რომ ეს თემა ყველაზე რთული იყო რაც მას აუხსნია. მან კი მითხრა, რომ წინასწარვე გრძნობდა რასაც ვეტყოდი.

-ეს რთულია, - განაგრძო მან, - ვიცი, მაგრამ რადგან ეს თემა შენი უკანასკნელი ბარიერია და ჩემი სწავლების დასკვნითი ნაწილიც, გადაჭარბების გარეშე ვიტყვი, რომ ეს მოიცავს ყველაფერს, რისთვისაც ჩვენი შეხვედრის პირველივე დღიდან გამზადებდი.

დიდხანს ვდუმდი. ვგრძნობდი, რომ უნდა მომეცადა სანამ ახსნას არ დაამთავრებდა, მაგრამ უეცარად შფოთვის მოულოდნელი შეტევა ვიგრძენი და ვკითხე.

-ნაგუალი და ტონალი ჩვენს შიგნითაა?

მან ყურადღებით შემომხედა.

-ძალიან რთული კითხვაა, - მიპასუხა მან , - შენ იტყვოდი, რომ ის შენს შიგნითაა, მაგრამ მე ასე არ ვიტყოდი, თუმცა მართალი მაინც არც ერთი არ ვიქნებოდით. შენი დროის ტონალი მოგიწოდებს, რომ რასაც შენს გონებასა და გრძნობებს უკავშირებ შენს შიგნითაა. ხოლო ჯადოქრების ტონალი საწინააღმდეგოს აცხადებს - ამბობს, რომ ეს ყველაფერი გარეთაა. ვინაა მართალი? არცერთი. შიგნით არიან ისინი თუ გარეთ ამას საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა.

უკან არ ვიხევდი. ვუთხარი, რომ როცა ის ტონალსა და ნაგუალზე ლაპარაკობდა შთაბეჭდილება იქმნებოდა თითქოს მესამე ნაწილიც არსებობდა. მათ თქვა, რომ ტონალი გვაიძულებს ჩვენ „ჩავიდინოთ საქციელები“. მე დავინტერსედი:

-ვის ჩვენ?

მან პირდაპირ პასუხს თავი აარიდა.

-ეს ყველაფერი ასე მარტივი ასახსნელი არაა, - მითხრა მან, - როგორი მოხერხებულიც არ უნდა იყოს ტონალის დაცვა, ნაგუალი ყოველთვის ახერხებს მის გარღვევას და ზედაპირზე ამოსვლას. თუმცა მისი გამოჩენა ყოველთვის წინასწარგანსაზღვრული არაა. ტონალის უმაღლესი ხელოვნება ნაგუალის ნებისმიერი გამოვლინების ჩახშობაა ისე, რომ მისი თანდასწრება ამქვეყნად ყველაზე აშკარა რაიმეც რომ იყოს მაინც შეუმჩნეველი დარჩეს.

-შეუმჩნეველი ვისთვის?

მან ჩაიცინა და თავი გააქნია, მე პასუხი დავიჟინე.

-ტონალისთვის, - მიპასუხა მან, - საუბარი მხოლოდ მასზე. მე საკითხს გარშემო შემოვუვლი ხოლმე, მაგრამ ამან არ დაგაბნიოს. მე ხომ გაგაფრთხილე, რომ რასაც გიხსნი იმის გაგება ძალიან რთულია. მე შენთან ერთად მიწევს ამ სიცარიელეში ჩაშვება, რადგან ჩემი ტონალი აცნობირებს რომ საუბარი მასზეა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩემი ტონალი საკუთარ თავს იყენებს, რომ გაიგოს ის ინფორმაცია, რომლის გადაცემასაც შენი ტონალისთვის ვცდილობ. ასე ვთქვათ, როცა ტონალი აღმოაჩენს რა კარგია საკუთარ თავზე ლაპარაკი, ის ქმნის ტერმინებს „მე“, „ჩემს თავს“ და სხვა მსგავსს, რათა საკუთარ თავზე არა მხოლოდ თავის თავს არამედ სხვა ტონალებსაც ესაუბროს.

შესაბამისად, როცა ვამბობ, რომ ტონალი გვაიძულებს ვაკეთოთ რაიმე მე სულაც არ ვგულისხმობ, რომ არსებობს რაღაც მესამე. ის თავადვე აიძულებს საკუთარ თავს თავისივე შეხედულებებს მიჰყვეს.

გარკვეულ გარემოებებში ტონალი აცნობიერებს, რომ მის გარდა კიდევ რაღაცა არსებობს. ესაა სიღრმიდან ამოსული ხმა, ნაგუალის ხმა. ხომ ხვდები, რომ მთლიანობა ჩვენი ბუნებრივი მდგომარეობაა და ტონალს ამ ფაქტის საბოლოოდ მოშორება არ შეუძლია. ამიტომაც არის ხოლმე მომენტები, განსაკუთრებით მეომრების ცხოვრებაში, როცა ეს მთლიანობა ხილვადი ხდება. სწორედ ასეთ მომენტებში ვაცნობიერებთ ვინ ვართ სინამდვილეში.

-მე იმ ბიძგებმა დამაინტერესა, რომლებზეც შენ ყვებოდი, რადგან სწორედ ასე ამოდის ნაგუალი ზედაპირზე. ასეთ დროს ტონალი საკუთარ მთლიანობას გრძნობს. ასეთი გაცნობიერება ყოველთვის სტრესულია, რადგან ის ჩვენი სიმშვიდის საზღვარს არღვევს. მე მას ისეთი არსების მთლიანობას ვუწოდებ რომელიც მოკვდება, მოკვდავის მთლიანობას. საქმე იმაშია, რომ სიკვდილის მომენტში ნამდვილი წყვდიადის მეორე წევრი - ნაგუალი - მთლიანად მოქმედი ხდება. ყველა გაცნობიერება, მოგონება და აღქმა რაც ჩვენს დუნდულებსა და თეძოებში, მხრებზე, ზურგზე და კისერშია თავმოყრილი გაფართოებას და რღვევას იწყებს, როგორც გაწყვეტილი უსასრულო მძივის თვლები, ისინიც იფანტება შემაერთებელი სასიცოხლო ძაფის გარეშე.

მან მე შემომხედ, მშვიდი მზერა ჰქონდა, თავი უხერხულად და სულელურად ვიგრძენი.

-საკუთარი თავის მთლიანობა ძალიან მძიმე საქმეა, - თქვა მან, - ჩვენი მისი მხოლოდ მცირე ნაწილი გვჭირდება რთული სასიცოცხლო ამოცანების შესასრულებლად. მაგრამ როცა ვკვდებით, ვკვდებით მთლიანები. ჯადოქარს უჩნდება კითხვა, - თუ საკუთარი თავის მთლიანობით ვიხოცებით, მაშინ რატომ არ ვცხოვრობთ მისით?

მან თავის ირგვლივ მოძრავ ხალხზე მანიშნა.

-ყველა ეს ტონალია, - მითხრა მან, - მე შენ ზოგიერთ მათგაზე მიგანიშნებ, რათა შენმა ტონალმა შეძლოს და მათი შეფასებისას საკუთარი თავიც შეაფასოს.

მერე მან ჩემი ყურადღება ორი მოხუცი ქალისკენ მიმართა, ახლახანს რომ გამოვიდნენ ეკლესიიდან. წუთით ისინი გრანიტის კიბის თავზე შეჩერდნენ, მერე კი ნელა დაიწყეს დაშვება ყოველ საფეხურზე შესვენებებით.

-ყურადღებით დააკვირდი ამ ქალებს, - მითხრა მან, - მაგრამ დაათვალიერე ისინი არა როგორც ადამიანები არამედ როგორც ტონალები.

ქალები, როგორც იქნა, ხელჩაკიდულები ჩამოვიდნენ კიბეზე და ფრთხილად გაუყვნენ მოხრეშილ ბილიკს, ისე თითქოს ყინულზე მიდიოდნენ და ნებისმიერი დროს შეიძლებოდა ფეხი დასცურებოდათ.

-შეხედე მათ, - ჩუმად მითხრა დონ ხუანმა, - ძნელია უფრო საცოდავი ტონალის პოვნა.

ორივე ქალი ძვალწვრილი მაგრამ ძალიან მსუქანი იყო. ორმოცდაათ წელს გადაცილებულები იქნებოდნენ, დაქანცული სახეები ჰქონდათ, თითქოს ტაძრის კიბეებზე სიარული მათ ძალებს აღემატებოდა.

როცა ჩვენ გაგვისწორდნენ დაბნეულები შეჩერდნენ, ბილიკზე კიდევ ერთი საფეხური იყო.

-წინ იყურეთ ქალბატონებო! - დრამატულად წამოიძახა დონ ხუანმა და ადგილიდან წამოდგა, ქალებმა აშკარა შეცბუნებით შეხედეს.

-ერთხელ დედაჩემმა აქ მარჯვენა თეძო მოიტეხა, - თქვა მან და გალანტურად მიირბინა რათა საფეხურზე გადაბიჯებაში მიხმარებოდა.

მათ უამრავი მადლობა გადაუხადეს, დონ ხუანმა კი მზრუნველად უთხრა, რომ დაცემის შემთხვევაში გაუნძრევლად წოლილიყვნენ სანამ სასწარაფო დახმარება მოვიდოდა. ქალებმა პირჯვარი გადაიწერეს.

დონ ხუანი მობრუნდა და დაჯდა. თვალები უბრწყინავდა, მერე მომიბრუნდა და ჩუმად მითხრა.

-ეს ქალები არც ისე მოხუცები და სუსტები არიან, თუმცა კი უკვე ინვალიდები. გაჟღენთილნი არიან სიფრთხილით, მთელი მათი ტანისამოსი, სუნი, სიცოცხლესთან დამოკიდებულება... როგორ ფიქრობ რატომ?

-იქნებ ასეთებად დაიბადნენ?

-არა ასეთებად არ იბადებიან - ასეთები ხდებიან. ამ ქალების ტონალი სუსტი და მშიშარაა.

-მე დღეს უკვე ვთქვი, რომ დღეს ტონალის დღეა და მხოლოდ მასთან მსურს საქმის დაჭერა. ამ კოსტიუმით მინდოდა მეჩვენებინა, რომ მეომარი თავის ტონალს განსაკუთრებულად ექცევა. როგორც ხედავ კოსტიუმი მოდურადაა შეკერილი, ტანზე მშვენივრად მადგას და მასში თავს ძალზე ბუნებრივად ვგრძნობ. მაგრამ ამპარტავნება არაფერ შუაშია - მე ის იმიტომ ჩავიცვი, რომ შენთვის მეომრის სული, ჩემი როგორც მეომრის ტონალი მეჩვენებინა.

-დღეს ამ ქალებმა ტონალის პირველი გაკვეთილი ჩაგიტარეს, თუ შენს ტონალს ყურადღებას არ მიაქცევ ცხოვრებაც ზუსტად ასე უმოწყალოდ მოგექცევა. თუ ამ ქალებს საკუთარ თავს შეადარებ, ვფიქრობ შენ უკვე ყველაფერს მიხვდი და ამაზე აღარ გავაგრძელებ.

უცებ ვიგრძენი, რომ ფეხქვეშ მიწა მეცლებოდა და სასოწარკვეთილმა ვთხოვე რა უნდა გამეგო. დონ ხუანმა ხმამაღლა გაიცინა.

-მოდი ამ ბიჭს შეხედე მწვანე შორტებსა და ვარდისფერ პერანგში, - ჩამჩურჩულა მან და ჩვენს წინ მდგარ გამხდარ, გამოკვეთილნაკვთებიან ბიჭზე მანიშნა. ბიჭმა თითქოს არ იცოდა საით წასულიყო, ქუჩისკენ თუ ეკლესიისკენ. ორჯერ გაიშვირა ხელი ეკლესიისკენ თითქოს საკუთარ თავს არწმუნებდა, რომ იქით წასვლა სჯობდა, მერე კი მე მომაჩერდა ცარიელი მზერით.

-შეხედე როგორ აცვია, შეხედე მის ფეხსაცმელს, - ჩამჩურჩულა დონ ხუანმა.

ამ ახალგაზრდების ტანსაცმელი ჭუჭყიანი და დაჭმუჭნული იყო. მისი ფეხსაცმელი კი დიდი ხნის გადასაყრელი გახლდათ.

-ალბათ ძალიან ღარიბია, - ვკითხე მე.

-სულ ესაა რისი თქმაც მასზე შეგიძლია? - მკითხა მან.

მე ამ ახალგაზრდის სიღარიბის ბევრი მიზეზი ჩამოვთვალე: ცუდი ჯანმრთელობა, უიღბლობა, საკუთარი გარეგნობისადმი უყურადღებობა, ბოლოს და ბოლოს შეიძლება ციხიდან ახალი გამოსული იყო.

დონ ხუანმა მითხრა, რომ უბრალოდ ვარაუდებს ვაგებდი, მას კი ჩემს მიერ სხვების გამართლების მცდელობები არ აინტერესებდა, რომ ვითომდა ისინი არასასურველი გარემოებების მსხვერპლნი იყვნენ.

-იქნებ სულაც საიდუმლო აგენტია და ვალდებულია მაწანწალას გავდეს, - ვიხუმრე მე.

ბიჭი არეული ნაბიჯით გაემართა ქუჩისკენ.

-ის ნამდვილად მაწანწალაა, - თქვა დონ ხუნმა, - შეხედე მის დასუსტებულ სხეულს, გამხდარ ხელ-ფეხს, ძლივს დადის. აქამდეც არ შეიძლება თავის მოჩვენება. მის თავს რაღაც ცუდი ხდება, მაგრამ ახლა საქმე ამაში არაა. კიდევ ერთხელ გიმეორებ დღეს შენ ხალხს ისე უნდა უყურო როგორც ტონალებს.

-რას ნიშნავს დავინახო როგორც ტონალები?

-ეს ნიშნავს რომ უნდა შეწყვიტო მისი მორალური მხარის განსჯა/გამართლება მხოლოდ იმიტომ რომ ის ქარში აფრიალებულ ფოთოლს ჰგავს. სხვაგვარად რომ გითხრა უნდა უყურო ადამიანს მაგრამ არ იფიქრო მის უსუსურობასა და უსარგებლობაზე. შენ ზუსტად იცი რასაც ვგულისხმობ. შენ უნდა შეაფასო ის ადამიანი ისე რომ არც გაამართლო და არც დაადანაშაულო.

-ის ძალიან ბევრს სვამს, - ვთქვი მე უცებ, ეს სიტყვები უნებურად ამომხდა თითქოს ვიღაცა სხვამ წამოიყვირა. მინდოდა ამეხსნა, რომ ეს განაცხადიც ჩემი ერთ-ერთი სპეკულაცია იყო.

-ასე არაა, - თქვა დონ ხუანმა, - ამჯერად შენი ხმა დამაჯერებლად ჟღერდა. შენ ხომ არ გითქვამს „იქნებ ის ლოთია“.

აუხსნელი გაღიზიანება ვიგრძენი. დონ ხუანმა გაიცინა.

-შენ ნახე ეს ადამიანი, - მითხრა მან, - ასეთ დროს განაცხადს აკეთებ დაფიქრების გარეშე და დარწმუნებული. ეს ჩვენება იყო. შენ უცებ მიხვდი, რომ ამ ბიჭის ტონალი არაფრად არ ვარგოდა. შენ თვითონაც ვერ მიხვდი ეს როგორ გამოგივიდა.

გამოვტყდი, რომ სწორედ ასე ვგრძნობდი თავს.

-მართალი ხარ, - განაგრძო დონ ხუანმა, - მის ახალგაზრდობას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ის ავადმყოფია, როგორც ის ორი ქალი. ახალგაზრდობა ტონალის განადგურებისთვის ბარიერი არაა, შენ ცდილობდი ამ ადამიანის მდგომარეობა გაგემართლებინა, ამიტომაც უამრავი მიზეზი მოიფიქრე. მე კი ვფიქრობ, რომ მხოლოდ ერთი მიზეზია - მისი ტონალი. ხოლო მისი ტონალი არა მხოლოდ იმიტომაა სუსტი რომ ის სვამს. უფრო პირიქითაა, ის იმიტომ სვამს, რომ სუსტი ტონალი აქვს. სწორედ ეს სისუსტე ხდის მას ისეთად როგორიც არის. რაღაც მსგავსი ამათუ იმ ფორმით ემართება ყველა ჩვენგანს.

-მაგრამ განა ახლა, მისი ტონალის აღწერისას შენ მის საქციელზე არ მსჯელობ?

-გიხსნი, ისე როგორც არავის სხვას არ აუხსნია, მაგრამ ეს არც გამართლებაა არც გამტყუნება. ამ ბიჭის ტონალი სუსტი და შეშინებულია. მაგრამ მხოლოდ ის არაა ასე. ყველა ერთ ნავში ვსხედვართ.

ამ დროს ჩვენ ჩაგვიარა გოროზმა მამაკაცმა ძვირფას, მუქნაცრისფერ კოსტიუმში. პიჯაკი ხელზე გადაეკიდა, პერანგის საყელო შეეხსნა და ჰალსტუხი მოეშვა, ოფლი სდიოდა. ის ძალიან ფერმკრთალი იყო და ეს ოფლს უფრო შესამჩნევს ხდიდა.

-თვალი ადევნე, - მიბრძანა დონ ხუანმა.

მამაკაცი მოკლე მძიმე ნაბიჯებით მიდიოდა, სიარულისას ირწეოდა. ის ეკლესიაში არ ასულა, შემოუარა მას და კუთხეში გაუჩინარდა.

-არ არსებობს არანაირი აუცილებლობა სხეულს ასე საშინლად მოექცე, - თქვა დონ ხუანმა, - მაგრამ რაც არ უნდა სამწუხარო იყოს ყოველ ჩვენგანს შეუძლია საკუთარი ტონალის დასუსტება. მე ამას ინდულგირებას ვეძახი.

მერე ხელი ბლოკნოტზე დამიდო და მთხოვა წერა შემეწყვიტა. რადგან ეს ყურადღებას მიფანტავდა. შემომთავაზა მოვდუნებულიყავი, შინაგანი დიალოგი შემეწყვიტა და „შევრწყმოდი“ ხალხს რომლებსაც ვაკვირდებოდი.

ვკითხე შერწყმაში რას გულისხმობდა. მან კი მიპასუხა, რომ ამის ახსნა შეუძლებელია. ეს ისეთ რამეა რასაც სხეული გრძნობს ან აკეთებს სხვა სხეულებთან ვიზუალური კონტაქტის დროს. მერე კი დაამატა, რომ წინა შემთხევაში ამ პროცესს „ხილვას“ უწოდებდა და ეს ნამდვილი შინაგანი სიმშვიდის მიღებაში მდგომარეობდა, რასაც ჩვენს შიგნით რაღაცის დაგრძელება მოსდევდა. ეს დაგრძელება ეხება და ერწყმის სხვა სხეულებს და კიდევ რაღაცას ჩვენს გონებაში.

ძალიან მინდოდა ეს ყველაფერი ჩამეწერა, მაგრამ მან შემაჩერა და ჩვენს გარშემო მოსიარულე ხალხისგან ცალკეული ადამიანების ამორჩევა დაიწყო. მან ათეულობით ადამიანზე გამამხვილებინა ყურადღება და ქალების, მამაკაცების და ბავშვების ტიპების ფართო დიაპაზონი შექმნა. დონ ხუანი ირჩევდა იმ პირებს, ვისი სუსტი ტონალიც შეესაბამებოდა გარკვეულ კლასიფიკაციის სისტემას და ასე გამაცნო ინდულგირების ნაირგვარობის მრავალი ფორმა.

შეუძლებელი იყო ყველა ამ პირის დამახსოვრება რომლებზეც მან მიმითითა და რომლებიც განვიხილეთ. დავიჩივლე, რომ ჩანაწერების გაკეთების შესაძლებლობა რომ მქონოდა, მისი ინდულგირბის სქემაზე შენიშვნებს გავაკეთებდი. მაგრამ მას აღარაფრის გამეორება აღარ უნდოდა და შესაძლოა თავად აღარც კი ახსოვდა არაფერი.

მან გაიცინა და მითხრა, რომ აღარ ახსოვდა, რადგან ჯადოქრის ცხოვრებაში შემოქმედებაზე ნაგუალი აგებს პასუხს. მან ცას ახედა და მითხრა, რომ უკვე გვიანია და ახლა უკვე მიმართულება უნდა შემეცვალა. სუსტი ტონალების ნაცვლად ახლა უკვე „სწორ ტონალს“ უნდა დავლოდებოდით. აქ მან დაამატა, რომ მხოლოდ მეომარს შეიძლებოდა „სწორი ტონალი“ ჰქონოდა და რომ ჩვეულებრივ ადამიანს საუკეთესო შემთხვევაში „კარგი ტონალი“ ექნებოდა.

რამდენიმე წუთის მერე ხელები თეძოებზე შემოირტყა და ახარხარდა.

-ნახე ვინ მოდიან, - მითხრა მან და ნიკაპით ქუჩაზე მანიშნა,- თითქოს რიგში ჩამდგარან.

ჩვენ სამი ინდიელი გვიახლოვდებოდა. სამივეს მოკლე შალის პონჩო, თეთრი შარვლები, გრძელსახელოებიანი თეთრი პერანგები და გაცვეთილი ჭუჭყიანი შარვლები ეცვათ, თავზე ჩალის ქუდები ეხურათ, სამივეს ზურგზე ჩანთა ეკიდა.

დონ ხუანი ადგა და მათ შესახვედრად გაემართა. დაუძახა. ინდიელებს გაუკვირდათ და ღიმილით მიაუხლოვდნენ. როგორც ჩანს ჩემზე უყვებოდა რაღაცას. სამივემ ჩემსკენ მოიხედა და გამიღიმა. 3-4 მეტრში იდგნენ. ყურადღებით მოვუსმინე, მაგრამ მაინც ვერ გავიგე რაზე საუბრობდნენ.

დონ ხუანმა ჯიბიდან რამდენიმე ასიგნაცია ამოიღო და მათ გაუწოდა. ინდიელები ძალიან კმაყოფილები დარჩნენ.მე ისინი ძალიან მომეწონა. ბავშვებს მაგონებდნენ, ყველას წვრილი თეთრი კბილები და სახის სასიამოვნო ნაკვთები ჰქონდათ. უფროსი ულვაშს ატარებდა. ძალიან კეთილი, მაგრამ დაღლილი თვალები ჰქონდა. ქუდი მოიხადა და სკამთან ახლოს მოვიდა. დანარჩენებიც მას მიჰყვნენ. სამივე ერთხმად მომესალმა და ერთმანეთს ხელი ჩამოვართვით. დონ ხუანმა მთხოვა მათთვის ფული მიმეცა. მათ მადლობა გადამიხადეს და ცოტა ხნის ზრდილობიანი დუმილის შემდეგ დამემშვიდობნენ. დონ ხუანი სკამზე დაჯდა და ჩვენ ისინი მზერით გავაცილეთ ვიდრე ბრბოში არ ჩაიკარგნენ.

დონ ხუანს ვუთხარი, რომ ისინი რატომღაც ძალიან მომეწონნენ.

-არაფერია გასაკვირი, - მითხრა მან, - შენ უნდა გეგრძნო, რომ მათ ძალიან კარგი ტონალი აქვთ. ეს ასეც უნდა იყოს. მაგრამ ჩვენს დროში არა. ალბათ შეამჩნევდი რომ ბავშვებს გავდნენ. ისინი ბავშვები არიან და ეს ძალიან საწყენია. მე ეს შენზე კარგად მესმის, ამიტომ არ შემეძლო სევდის გემო არ მეგრძნო. ინდიელები ძაღლებივით არიან - მათ არაფერი აქვთ, მაგრამ ასეთია მათი ბედი და მე სევდას არ უნდა ვგძნობდე. ჩემი სევდა ეს ჩემი ინდულგირების ხერხია.

-საიდან არიან ისინი დონ ხუან?

-მთებიდან, ბედნიერების საძებრად გადმოხვეწილები. ძმები არიან და უნდათ ვაჭრები გახდნენ. მე ვუთხარი, რომ მეც მთებიდან ჩამოვედი და ვაჭარი ვარ. შენ კი ჩემს კომპანიონად წარგადგინე. ჩვენ რომ ფული მივეცით, თილისმა იყო. მეომარი ყოველთვის უნდა გასცემდეს მსგავს თილისმებს. მათ ძალიან სჭირდებოდათ ფული. მაგრამ თილისმის შემთხვევაში აუცილებლობა არ უნდა იყოს არსებითი არგუმენტი. ყურადღება უფრო გრძნობებს უნდა მიაქციო. პირადად მე სამივე ძმა მომეწონა.

ინდიელები ჩვენს დროში ისინი არიან, ვინც რაღაცას ჰკარგავს. მათი დაცემა ჯერ კიდევ ესპანელების დროს დაიწყო, ახლა კი მათი შთამომავლების მმართველობისას ინდიელებმა ყველაფერი დაკარგეს. არ იქნება გადაჭარბება თუ ვიტყვით, რომ ინდიელემა თავიანთი ტონალი დაკარგეს.

-ეს მეტაფორაა დონ ხუან?

-არა ფაქტია. ტონალი ძალიან მოწყვლადია, ის ცუდ მოქცევას ვერ ითმენს. მას შემდეგ რაც თეთრებმა ამ მიწაზე ფეხი დადგეს, ისინი ანადგურებენ არა მხოლოდ ინდიელების დროის ტონალს არამედ ყოველი ცალკეული ინდიელების ტონალსაც. ადვილი მისახვედრია, რომ საწყალი საშუალო ინდიელისთვის თეთრი ადამიანის მმართველობა ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო. მაგრამ ირონია ზუსტად იმაშია, რომ სხვა ინდიელებისთვის ეს ნამდვილი ხსნა აღმოჩნდა.

-ვისზე ამბობ? ვინ სხვა ინდიელებზე?

-ჯადოქრები. ჯადოქრებისთვის კონკისტადორების გამოჩენა ნამდვილი გამოწვევა იყო. მხოლოდ ისინი ვერ შეურიგდნენ ესპანელებს და ვერც ესპანელებმა გაანადგურეს ისინი. ჯადოქრებმა კონკისტადორები თავიანთ სასარგებლოდ გამოიყენეს.

-ნუთუ ეს შესაძლებელი იყო დონ ხუან? მე მეგონა ესპანელებმა ქვა ქვაზე არ დატოვეს.

-მოდი ასე ვთქვათ, მათ გადაატრიალეს ყველა ქვა რომელიც მათი ტონალის საზღვრებში მოექცა. მაგრამ ინდიელების ცხოვრებაში იყო რაღაც რაც თეთრი ადამიანის აღქმის მიღმა იდგა და ვერც შეამჩნიეს. შეიძლება ჯადოქრებს უბრალოდ გაუმართლათ, შეიძლება ისინი ცოდნამ გადაარჩინა. მას შემდეგ, რაც ინდიელების დროის ტონალი და თითოეული ინდიელის ტონალი გაანადგურეს და ჯადოქრებმა აღმოაჩინეს, რომ ერთადერთი, რაც მათ იჭერდათ - ეს ხელშეუხებლად დარჩენილი ნაგუალი იყო. უფრო გასაგებად რომ ვთქვა, მათი ტონალი მათივე ნაგუალმა შეიფარა. ეს არ მოხდებოდა, რომ არა დამარცხებული ხალხის მტანჯველი ხვედრი.

დღევანდელი ცოდნის ადამიანები ამ პირობების შედეგია. ისინი ნაგუალის ერთადერთი მცოდნეები არიან, რადგან ისინი ნაგუალთან სრულიად მარტონი დარჩნენ. იქ თეთრ ადამიანს არასოდეს შეუხედავს. ფაქტიურად ისინი არც კი ეჭობდნენ ნაგუალის არსებობას.

აქ მე მტკიცება დავიწყე, რომ ევროპული გონისთვის უკვე ცნობილი ის რასაც ის ნაგუალს უწოდებდა და მაგალითად ტრანსცენდენტური ეგოს, იგივე უჩინარი დამკვირვებლის კონცეფცია მოვიყვანე, რომელიც უხილავად მონაწილეობს ყველა ჩვენს ფიქრში, აღქმასა და შეგრძნებაში. მე ავუხსენი დონ ხუანს, რომ სწორედ ამ ეგოს გავლით იმეცნებს ინდივიდი საკუთარ თავს. რადგან მხოლოდ ის არ იცვლება ჩვენში და შეუძლია რეალობა და ჩვენი აღქმის არეალი გახსნას.

დონ ხუანზე ამას არანაირი შთაბეჭდილება არ მოუხდენია, მან გაიცინა.

-რეალობის გახსნა - ტონალია, - გამომაჯავრა ლაპარაკი.

მე დავიჟინე, რომ ტონალი შესაძლოა ემპირიული ეგო ყოფილიყო, რომელიც მხოლოდ ცნობიერების გარდამალ მდინარებისას ჩანს, მაშინ როცა ტრანსცენდენტური ეგო ან ნაკადის მიღმა მდებარეობს.

-დაკვირვებით მე ვვარაუდობ, - ისევ განაგრძობდა ჩემს დაცინვას.

-სწორია, საკუთარ თავზე დაკვირვებით, - ვთქვი მე.

-მე მესმის რასაც ამბობ, - თქვა მან, - მაგრამ შენ არაფერს ამბობ. ნაგუალი არც გამოცდილებაა არც ინტუიცია და არც შემეცნება. ეს ტერმინები და ყველაფერი სხვა, რაც არ უნდა დაასახელო, ტონალის კუნძულის საგნებია. მეორე მხრივ ნაგუალი მხოლოდ ეფექტია. ტონალი დაბადებით იწყება და სიკდილით მთავრდება, ნაგუალი კი უსასრულოა, უსაზღვრო. მე ვთქვი, რომ ნაგუალი ესაა ადგილი სადაც ძალაა - მაგრამ ეს მხოლოდ მისი გადმოცემის ხერხია. მისი გამოვლენის წყალობით ნაგუალის ახსნა ყველაზე კარგად ძალის ტერმინებით შეიძლება. დღეს დილით, მაგალითად, როცა თითქოს დამუნჯდი და საუბრის უნარი წაგერთვა, მე შენ ამ დროს ჩემი ნაგუალის საშუალებით გამშვიდებდი.

-ვინაა ის დონ ხუან?

-არ დამიჯერებ, მაგრამ ამის გაგება შეუძლებელია. მე მხოლოდ ის ვიცი, რომ მთელი შენი ყურადღების მიპყრობა მინდოდა. მერე საქმეში ჩემი ნაგუალი ჩაერთო. მე ვხედავდი მის გამოვლინებას. მაგრამ არ ვიცოდი როგორ მუშაობდა.

დადუმდა. მინდოდა საუბარი გამეგრძელებინა, კითხვაც დავუსვი მაგრამ მან შემაჩერა.

-შეიძლება ითქვას, რომ ნაგუალი შემოქმედებაზე აგებს პასუხს, - თქვა ბოლოს და ყურადღებით დამაკვირდა, - ნაგვალი ერთადერთია ჩვენს არსებაში რასაც შექმნა შეუძლია.

დონ ხუანი მშვიდად მიყურებდა. მე ამ თემამ ძალიან დამაინტერესა და ვთხოვე დაწვრილებით აეხსნა. მან მითხრა, რომ ტონალი მხოლოდ მოწმე და რეგისტრატორი იყო. მერე ვკითხე როგორ ახსნიდა ფაქტს, რომ ჩვენ დიდებულ შენობებს და რთულ მექანიზმებს ვაგებთ.

-ეს შემოქმედება არაა, - თქვა მან, - ეს ფორმირებაა. სხვა ტონალებთან გაერთიანებით იმას შექმნი რასაც გინდა. დიდებულ შენობებსაც მათ შორის, როგორც შენ ამბობ.

-მაშ შემოქმედება რაღაა დონ ხუან?

მან ცერად შემომხედა, ჩაიცინა, მარჯვენა ხელი თავს ზემოთ ასწია და მკვეთრად მოაბრუნა მაჯა, თითქოს კარის სახელურს აღებდა.

-აი შემოქმედება, - მითხრა მან და ხელის გული თვალებთან მომიტანა.

ძალიან დიდხანს ვერ შევძელი მზერის მის ხელზე ფოკუსირება. როგორც ერთხელ უკვე დამემართა უხილავმა ბადემ მთელი სხეული შემიბორკა, თანაც ისე რომ მას თუ არ გავარღვევდი მზერას ხელის გულზე ვერ გადავიტანდი.

იქამდე ვიბრძოდი ვიდრე ოფლის წვეთები თვალებში არ ჩამივიდა. ბოლოს ვიგრძენი თუ გავიგონე ტკაცუნი და განთავისუფლებულმა თავი უნებურად გავაქნიე.

მისი მარჯვენა ხელის გულზე საინტერესო მღრღნელი იჯდა, ციყვს ჰგავდა. თუმცა უხეში, ნემსებით დაფარული კუდი უფრო მაჩვზღარბას მიუგავდა.

-ხელი მოკიდე, - წყნარად მითხრა დონ ხუანმა.

მე ავტომატურად დავემორჩილე და თითი ზურგზე გადავუსვი. დონ ხუანმა ხელი უფრო ახლოს მოიტანა და მე ისეთი რამ შევამჩნიე რამაც ჩემში ნერვიული სპაზმები გამოიწვია; ციყვს ძალიან დიდი კბილები და სათვალე ჰქონდა.

-ის იაპონელს ჰგავს, - ვთქვი მე ისტერიულად ახარხარებულმა.

მღრღნელი დონ ხუანის ხელზე იზრდებოდა და ვიდრე მე სიცილისგან ისევ ცრემლით მქონდა სავსე, თვალები ის იმხელა გახდა, რომ ჩემი მზერის არედან გაქრა. ეს ისე სწრაფად მოხდა, რომ სიცილიც კი ვერ შევწყვიტე. როცა თვალები მოვიწმინდე და დონ ხუანს შევხედე, ის ისევ სკამზე იჯდა, მე კი მის წინ ვიდექი. თუმცა კი თავადაც ვერ გავიგე როგორ ავდექი.

ერთი წამით ჩემი ისტერია უკონტროლო გახდა. დონ ხუანი მშვიდად ადგა, დამსვა, ჩემი ნიკაპი მარცხენა იდაყვსა და მკლავს შორის მოიქცია და მარჯვენა ხელის თითები თავში ჩამიკაკუნა. ამ დარტყმას დენის დარტყმის ეფექტი ჰქონდა და მაშინვე მომიყვანა გონს.

ბევრი რამის კითხვა მინდოდა. მაგრამ სიტყვებს ვერ ვარჩევდი კითხვებისთვის. მივხვდი, რომ სახმო სიმებზე კონტროლი დავკარგე. მაგრამ ამასთან ბრძოლა არ მინდოდა და უბრალოდ სკამის საზურგეზე გადავწექი. დონ ხუანმა მთხოვა ინდულგირება შემეწყვიტა. თავბრუ ოდნავ მეხვეოდა. მთხოვა წერა დამეწყო ბლოკნოტი და ფანქარი სკამის ქვეშიდან გამოიღო და მომაწოდა.

შევეცადე, მთელი ძალა მოვიკრიბე თუნდაც მხოლოდ ერთი სიტყვის სათქმელად, მაგრამ აშკარად ვიგრძენი , რომ რაღაც უხილავი გარსი მაკრავდა. დონ ხუანი მიყურებდა და ხარხარებდა. მე კანიდან ვძვრებოდი, ვკვნესოდი, ვიდრე არ ვიგრძენი თუ გავიგონე ტკაცუნი.

მაშინვე შევუდექი წერას. დონ ხუანმა კი ისე დაიწყო საუბარი თითქოს მკარნახობდა.

-მეომრის ერთ-ერთი პრინციპი იმაში მდგომარეობს, რომ არავის და არაფერს არ უნდა მისცე შენზე ზემოქმედების საშუალება, - მითხრა მან, - ამიტომაც მეომარმა შესაძლოა თავად დემონიც კი ნახოს, მაგრამ მასზე ეს არ აისახება. მეომრის კონტროლი უზადო უნდა იყოს.

ის დამელოდა ვიდრე წერას არ მოვრჩი, მერე კი სიცილით მკითხა.

-ყველაფერი გაიგე?

ამ დროისთვის უკვე მომშივდა და სავახშმოდ რესტორანში გაყოლა ვთხოვე. მან კი მიპასუხა, რომ სწორი ტონალის გამოჩემდე იქ უნდა დავრჩენილიყავით. მერე კი სერიოზულად განაცხადა, რომ თუ დღეს სწორი ტონალი არ გამოჩნდებოდა, ჩვენ ადგილიდან მაინც ფეხი არ უნდა მოგვეცვალა და სკამზე იქამდე დავრჩენილიყავით ვიდრე „სწორი ტონალი“ გამოჩენას არ ინებებდა.

-რა არის სწორი ტონალი?

-ტონალი რომელიც სწორია, ჰარმონიული და გაწონასწორებული. სავარაუდოდ ერთ ასეთს შენ დღეს იპოვი, უფრო სწორედ შენი ძალა მოიყვანს მას ჩვენთან.

-მაგრამ როგორ გავარჩევ მას სხვა ტონალებისაგან?

-არ იფიქრო ამაზე ვიდრე არ გაჩვენებ.

-რას გავს ის დონ ხუან?

-ძნელი სათქმელია, შენზეა დამოკიდებული. ეს წარმოდგენა შენთვისაა ამიტომაც შენვე წაუყენებ საკუთარ თავს პირობებს.

-როგორ?

-არ ვიცი. შენი ძალა, შენი ნაგუალი გააკეთებს ამას. უხეშად რომ ვთქვათ ყოველ ტონალს ორი მხარე აქვს. ერთი გარეთა მხარეა - ხავერდი, კუნძულის ზედაპირი. ეს ნაწილი ქმედებასა და მოქმედებას უკავშირდება - უენერგიო ნაწილია. მეორე ნაწილი მსჯელობა და გადაწყვეტილებაა, შინაგალი ტონალი უფრო რბილი, ნაზი და რთულია.

სწორი ტონალი ისეთია სადაც ორივე მხარე გაწონასწორებულია, ბალანსსა და ჰარმონიაში იმყოფება.

დონ ხუანი დადუმდა. ამ დროს უკვე ძალიან დაბნელდა და წერა მიჭირდა. მან მირჩია მოვდუნებულიყავი და თქვა, რომ დღეს ძალიან მომქანცველი, თუმცა სასარგებლო დღე იყო და რომ დარწმუნებული იყო სწორი ტონალის გამოჩენაში. ათეულობით ადამიანმა ჩაგვიარა. 10-15 წუთი წყნარად ვისხედით მერე დონ ხუანი ადგა.

-ღმერთმანი შენ ეს შეძელი! შეხედე ვინ მოდის! გოგონა!

თავით მანიშნა გოგონაზე, რომელიც პარკს კვეთდა და ჩვენსკენ მოდიოდა. დონ ხუანმა მითხრა, რომ ამ ახალგაზრდა ქალს სწორი ტონალი ჰქონდა და თუ ის ერთ-ერთ ჩვენგანთან დასალაპარაკებლად შეჩერდებოდა ეს უჩვეულო ნიშანი იქნებოდა და ჩვენ ყველაფერი უნდა შეგვესრულებინა რასაც მოისურვებდა.

ქალის სახის ნაკვთები ვერ გავარჩიე თუმცა ჯერ კიდევ არც ისე ჩამობენელებულიყო. მან ორ ნაბიჯზე ჩაგვიარა და ჩვენსკენ არც კი მოუხედავს. დონ ხუანმა მთხოვა დავწეოდი და გამოვლაპარაკებოდი.

მე გავეკიდე და რაღაც მიმართულებაზე შევეკითხე. მასთან ძალიან ახლოს მივედი. ის ახალგაზრდა იყო, დაახლოებით 25 წლის, საშუალო სიმაღლის, ძალიან მომხიბლელი და კარგად ჩაცმული. ნათელი და მშვიდი თვალები ჰქონდა. მიღიმოდა. იყო მასში რაღაცა მიმზიდველი. ისიც ისე ძალიან მომეწონა როგორც ის სამი ინდიელი.

ისევ სკამზე დავჯექი.

-ის ქალი მეომარია? - ვკითხე დონ ხუანს

-არც მთლად ეგრეა, - მიპასუხა დონ ხუანმა,- შენი ძალა ჯერ ისე დამუშავებული არაა, რომ მეომარი მოიხმოს. მაგრამ მას ძალიან კარგი ტონალი აქვს. ისეთი რომელიც თავისუფლად გახდება სწორი ტონალი, მეომრები ასეთი ცომისგან იზილებიან.

მისმა ამ განცხდებამ ძალიან დამაინტერესა. ვკითხე შეეძლოთ თუ არა ქალებს მეომრები გამხდარიყვნენ. მან გაკვირვებულმა შემოხედა.

-რა თქმა უნდა შეუძლიათ, - მიპასუხა, - ისინი მამაკაცებზე უკეთაც კი არიან აღჭურვილნი ცოდნისკენ მიმავალი გზისთვის. მართალია, მამაკაცები შედარებით ცოტა უფრო მეტი სიმტკიცით გამოირჩევიან მაგრამ ქალებს ნამდვილად აქვთ უპირატესობა.

გამიკვირდა, რადგან ქალებზე ცოდნის გზის კონტექსტში არასოდეს გვისაუბრია.

-შენ მამაკაცი ხარ, - მითხრა მან, - ამიტომ შენთან სასაუბროდ მამრობით სქესს ვიყენებდი, ესაა და ეს. დანარჩენი იგივეა.

მინდოდა გამოკითხვა გამეგრძელებინა მაგრამ მან ხელი ისე ჩაიქნია თითქოს ეს თემა დახურა. მერე ზემოთ აიხედა. ცა თითქმის გაშავებულიყო მაგრამ აქა-იქ ჯერ კიდევ დარჩენილიყო ნარინჯისფერი ღრუბლები.

-დღის ბოლო - შენი საუკეთესო დრო, - მითხრა მან, - ამ ქალის გამოჩენა ზუსტად დაღამებამდე ამის საუკეთესო ნიშანია. ჩვენ ტონალზე ვსაუბრობდით, ამიტომაც ეს ნიშანიც შენს ტონალს ეხება.

-რას ნიშნავს ეს დონ ხუან?

-ეს იმას ნიშნავს, რომ შენ ცოტა დრო გაქვს შენი ცხოვრების ორგანიზებისთვის,- მომიგო დონ ხუანმა, - შენი ყველა გეგმა ძალიან მნიშვნელოვანი უნდა იყოს. რადგან დრო აღარ გაქვს, რომ სხვა შეადგინო. შენი იდეები ახლა უნდა განხორციელდეს თუ არადა გამოდის ისინი უსარგებლონი ყოფილან.

გთავაზობ შინ დაბრუნდე, ხელი მოჰკიდო შენს ძაფებს და მათ სიმაგრეში დარწმუნდე. ისინი ძალიან დაგჭირდება.

-რა დამემართება დონ ხუან?

-ერთხელ შენ ფსონი ძალაზე დადე. შენ სწავლების სიძნელეები გაიარე შფოთვის, სიჩქარისა და რაც მთავარია სიზარმაცის გარეშე. ახლა კი დღის ზღვარზე მიხვედი.

-რას ნიშნავს ეს?

-სწორი ტონალისთვის, ყველაფერი რაც ტონალის კუნძულზეა, გამოწვევას წარმოადგენს. უკეთ რომ ვთქვათ მეომრისთვის სამყაროში ყველაფერი გამოწვევაა. რა თქმა უნდა ყველაზე დიდი გამოწვევა ფსონის ძალაზე გაკეთებაა. მაგრამ ძალა ნაგუალიდან მოდის. ხოლო როცა მეომარი უკვე დღის ბოლოსაა მისული, ეს იმას ნისნავს, რომ ნაგუალი უკვე ახლოსაა. მეომრის ძალის წამი ახლოსაა.

-ჯერ კიდევ არ მესმის დონ ხუან. ეს იმას ხომ არ ნიშნავს რომ მალე მოვკვდები?

-თუ სულელი ხარ მოკვდები, - მომიჭრა მან, - მაგრამ უფრო რბილად თუ ვიტყვით მალე შეიძლება ჩაიფსა. ერთხელ უკვე დადე ფსონი ძალაზე, ამის შეცვლა შეუძლებელია. ვერ გეტყვი, რომ აი, ახლა შეასრულებ შენს დანიშნულებას, რადგან არანაირი დანიშნულება არ არსებობს. ერთადერთი რისი თქმაც შემიძლია ისაა, რომ უკვე ახლოს ხარ შენი ძალის მიღებასთან. ეს აშკარა ნიშანი იყო. ეს ახალგაზრდა ქალი დღის ბოლოს მოვიდა შენთან. შენ ძალიან ცოტა დრო დაგრჩა, აი სისულელეების დრო კი საერთოდ აღარ გაქვს. მშვენიერი მდგომარეობაა, მე ვიტყოდი, რომ საუკეთესოა, რაც კი შეიძლებოდა. რადგან ჩვენს ყველაზე უკეთეს ნაწილს მაშინ ვავლენთ, როცა კუთხეში მიგვიმწყვდევენ, როცა ბედისწერის მახვილს ვგრძნობთ ჩვენს თავზე - პირადად მე სხვაგვარად არც ვისურვებდი.

 

 

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff