კარლოს კასტანედა - "ზღაპრები ძალაზე"

კარლოს კასტანედა
5
2

  მთარგმნელი: ეკატერინე სამხარაძე ნაწილი 1 - ძალის მოქმედების მოწმობა შეხვედრა ცოდნასთანსიზმრის მხილველი და სიზმარში ნახულიმანათობელ არსებათა საიდუმლო ნაწილი 2 - ტონალი და ნაგვალი უნდა ...

აღქმის ფრთები

 

აღქმის ფრთები

მე და დონ ხუანმა მთელი დღე მთებში გავატარეთ. სახლიდან გათენებისას გავედით. მან ძალის ოთხი ადგილი მაჩვენა და ყოველ მათგანზე მომცა განსაკუთრებული ინსტრუქცია თუ როგორ უნდა გამერთვა თავი ამ დავალებებისთვის, ისინი მან ჯერ კიდევ წლების წინ განსაზღვრა როგორც ჩემი ცხოვრებისეული სიტუაციები. შუადღისას გვიან დავბრუნდით. სადილის მერე დონ ხუანმა დონ ხენაროს სახლი დატოვა და დამიბარა, რომ პაბლიტოს დავლოდებოდი. ის ცოტაოდენ ნავთს მოიტანდა ლამპისთვის და მასთან უნდა მესაუბრა.

მე ისე გამიტაცა ჩემი შენიშვნების ჩაწერამ, რომ ვერც კი გავიგე როგორ მოვიდა პაბლიტო - სანამ ის ჩემს წინ არ დადგა. პაბლიტომ ამიხსნა, რომ ის ძალის სიარულში ვარჯიშობდა და ალბათ ამიტომ ვერ გავიგონე მისი ნაბიჯების ხმა, სანამ ჩემი თვალთახევდის არეში არ აღმოჩნდა. მე ყოველთვის მომწონდა პაბლიტო. თუმცა წარსულში არც ისე ბევრი შანსი მომეცა მასთან მარტო დავრჩენილიყავი, ოღონდ მიუხედავად ამისა მაინც კარგი მეგობრები ვიყავით. პაბლიტო ყოველთვის ახერხებდა თავისი შარმით ჩემს აღფრთოვანებას. მისი სრული სახელი იყო „პაბლო“, თუმცა ჩვენ მას მოფერებით „პაბლიტოს“ ვეძახდით და ეს სახელი გაცილებით უფრო უხდებოდა. ის წვრილძვალა იყო თუმცა ძარღვიანი. ის დონ ხენაროსავით გაჩხიკული, მაგრამ თავის გარეგნობასთან შეუფერებლად კუნთიანი და ძლიერი იყო. უკვე თითქმის 30-ისთვის მიეღწია თუმცა 18 წლის ბიჭივით გამოიყურებოდა. საშუალო სიმაღლის, მუქი კანით, თვალები ღია თაფლისფერი, სუფთა და ნათელი ჰქონდა და დონ ხენაროს მსგავსი დამატყვევებელი ღიმილი დასთამაშებდა ოდნავ შესამჩევი ეშმაკობით.

მე მას მის მეგობარ ნესტორზე ვკითხე, დონ ხენაროს კიდევ ერთ მოსწავლეზე. წარსულში მე მათ ყოველთვის ერთად ვხედავდი და ყოველთვის ისეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა, რომ მათ შესანიშნავად ესმოდათ ერთმანეთის მიუხედავად იმისა, რომ ერთი მეორის სრულიად საპირისპირო ნატურებს წარმოადგენდნენ, როგორც გარეგნულად ისე შინაგანად. პაბლიტო მხიარული და გულწრფელი იყო, ხოლო ნესტორი მოღუშული და ჩაკეტილი. ის პაბლიტოზე უფროსიც იყო, უფრო მაღალიც, ძლიერიც და კანიც უფრო მუქი ფერის ჰქონდა.

პაბლიტომ მითხრა, რომ ნესტორიც საბოლოოდ ჩაერთო მისი და დონ ხენაროს საქმიანობაში და რომ ის ახლა ისე შეიცვალა, რომ მე სრულიად ვერ ვიპოვიდი მსგავსებას იმ პიროვნებასთან ადრე რომ ვნახე. მე აღარ მინდოდა მეტი გამეგო ნესტორის საქმიანობაზე და მის პიროვნულ ცვლილებებზე, ამიტომ საუბრის თემა მკვეთრად შევცვალე.

-მესმის რომ ნაგუალი ქუსლებზე გკბენ, - მითხრა მან.

გავოცდი საიდან იცოდა ეს და ვკითხე კიდეც როგორ მიხვდა.

-ხენარო ყველაფერს მიყვება, - მიპასუხა მან.

შევამჩნიე, რომ დონ ხენაროს ჩემსავით ოფიციალურად არ მოიხსენიებდა; ის მას უბრალოდ და შინაურულად ხენაროს ეძახდა. მითხრა, რომ ხენარო მისთვის ძმასავით იყო და ისე ურთიერთობდნენ თითქოს ერთი ოჯახიდან ყოფილიყვნენ. მან გულახდილად განმიცხადა, რომ დონ ხენარო ძალიან უყვარდა. ამან მე მისდამი კარგად განმაწყო. მასთან საუბრისას მივხვდი როგორ გავდა ჩემი და დონ ხუანის ხასიათი ერთმანეთს. ამიტომაც იყო ჩემი და მისი ურთიერთობა უფრო მკაცრი და ფორმალური, დონ ხენაროსა და პაბლიტოსთან შედარებით.

მერე პაბლიტოს ვკითხე რატომ ეშინოდა დონ ხუანის. მას თვალები აენთო. თითქოს დონ ხუანის მხოლოდ ხსენებამაც კი შეაშინა. არაფერი უპასუხია. მეჩვენებოდა თითქოს რაღაც იდუმალი ხერხით მაკვირდებოდა.

-შენ კი არ გეშინია მისი? - მკითხა მან.

მე ვუთხარი, რომ დონ ხენაროსი მეშინოდა, ამაზე მან ისე გაიცინა თითქოს ეს ამქვეყნად ყველაზე უფრო წარმოუდგენელი რამ ყოფილიყოს. მერე კი მითხრა, რომ დონ ხუანი და დონ ხენარო დღე და ღამესავით განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან. ამასთან დონ ხენარო დღე იყო, ხოლო დონ ხუანი ღამე და ამიტომაც ის ისევე საშიში იყო როგორც დედამიწაზე ჩამოწოლილი ღამე. თავისი დონ ხუანისადმი შიშის აღწერისას პაბლიტომ მცირე კომენტარი გააკეთა თავისი როგორც მოსწავლის მდგომარეობის აღწერაზე.

-მე ყველაზე საცოდავ დღეში ვარ, - თქვა მან, - შენ რომ იცოდე ჩემს სახლში რა ხდება, მიხვდებოდი, რომ იმაზე მეტი ვიცი ვიდრე ჩვეულებრივმა ადამიანმა და თუ ნაგუალთან მნახავ მიხვდები რომ არაფერიც არ ვიცი.

მან სწარაფად შეცვალა საუბრის საგანი და ჩემს შენიშვნებზე სიცილი დაიწყო. მომიყვა როგორ ატარებდა დონ ხენარო საათებს ჩემს პაროდირებაში. ისიც დაამატა, რომ დონ ხენაროს ძალიან მოვწონდი ჩემი პიროვნული უცნაურობების მიუხედავად და რომ თავის კეთილგანწყობას იმით გამოხატავდა რომ „protogito” - ს მიწოდებდა.

მაშინ პირველად გავიგე ეს ტერმინი. ის მეორე ტერმინის შესაბამისი იყო, რომელიც დონ ხუანმა ჩვენი ნაცნობობის დასაწყისში შემოიტანა. მან მითხრა, რომ მე მისი „ესკოხიდი - რჩეული ვიყავი, ხოლო სიტყვა „პროტეხიდ“ ნიშნავდა დასაცავს.

მე პაბლიტოს ნაგუალთან მის შეხვედრაზე ვკითხე და მან პირველი შეხვედრის ამბავი მომიყვა. მითხრა თუ როგორ მისცა ერთხელ დონ ხუანმა კალათი. მან კი ეს კეთილი ნების საჩუქრად ჩათვალა და თავისი ოთახის კარის ზემოთ კაუჭზე ჩამოკიდა, ხოლო რადგან ვერავითარი გამოყენება ვერ მოუძებნა მთელი დღე არც კი გახსენებია. თან იფიქრა, რომ კალათი ძალის საჩუქარი იყო და რაღაც განსაკუთრებული დანიშნულებით უნდა გამოეყენებინა.

იმ საღამოს, რომელიც თუ პაბლიტოს დავუჯერებთ, მის ცხოვრებაში ყველაზე უფრო სახიფათო იყო, ის ოთახში შევიდა, რათა პიჯაკი ჩაეცვა. ოთახში ბნელოდა, როცა უკვე კარს მიუახლოვდა, პიჯაკს ხელი დასტაცა და გამოსვლას აპირებდა, ამ დროს კაუჭიდან კალათი ჩამოვარდა და პირდაპირ ფეხებთან მიუგორდა. პაბლიტომ თქვა, რომ შეეცედა სიცილით ჩაეხშო შიში, როცა მიხვდა, რომ ეს მხოლოდ კაუჭიდან ჩამოვარდნილი კალათი არ იყო. ის დაიხარა კალათის ასაღებად და ამ დროს მთელი სხეული შეერყა. კალათი უკან გადახტა და ვიბრირება და წივილი მორთო, თითქოს ვიღაცა აწვებოდა და ატრიალებდა. პაბლიტომ თქვა, რომ სამზარეულოდან ოთახში საკმარისი შუქი ეცემოდა რათა გარშემო ყველაფერი კარგად გაერჩია. წამით მზერა კალათზე გაუშეშდა თუმცა კი იცოდა, რომ ასე არ უნდა მოქცეულიყო. კალათი ცახცახებდა და თითქოსდა მძიმედ სუნთქავდა. პაბლიტო მარწმუნებდა, რომ ხედავდა და ესმოდა როგორ სუნთქავდა კალათი , რომ ის ცოცხალი იყო და მთელ ოთახში არბენინა თან გასვლის საშუალებას არ აძლევდა და გზას უღობავდა. მერე კი კალათმა გაზრდა და გაბერვა დაიწყო. ბამბუკის ყველა რგოლი გაიხსნა და კალათი გიგანტურ ბუშტს დაემსგავსა, ის გამხმარ ბუჩქს დაემგვანა და მისკენ გაგორდა. პაბლიტო ზურგით დაეცა იატაკზე, ბურთი კი ფეხებზე აუგორდა, ამ დროს ის გონზე უკვე აღარ იყო და ისტერიულად კიოდა. ბუშტმა თითქოს მიწაზე დაალურსმა და ფეხებზე ისე უვლიდა თითქოს ნემსებს ასობდა. ის შეეცადა ბურთი მოეშორებინა და მხოლოდ მაშინ შენიშნა, რომ ეს დონ ხუანის სახე იყო გაღებული პირით რომელიც გადასანსვლას უქადდა, აქ მან შიშს ვეღარ გაუძლო და გონი დაკარგა.

პაბლიტომ ძალიან გულწრფელად და ღიად მომიყვა ამ საშინელი შეხვედრების მთელი სერია, რომელიც მას და მის ოჯახის წევრებს გადახდომოდათ ნაგუალთან შეხვედრისას. საუბარში რამდენიმე საათი გავატარეთ. მეჩვენებოდა, რომ ჩემს მსგავს მდგომარეობაში იყო. თუმცა ის ჯადოქრების ტერმინოლოგიის მიმართ ჩემზე გაცილებით მგძნობიარე იყო.

მერე უცებ ადგა და განმიცხადა, რომ დონ ხუანის მოახლოებას გრძნობდა და არ უნდოდა იქ დახვედროდა. საოცარი სისწრაფით გაუჩინარდა, თითქოს ოთახიდან რაღაცამ გაისროლა - „ნახვამდის“ თქმაც კი ვერ მოასწრო ბოლომდე.

მალე დონ ხუანი და დონ ხენარო მოვიდნენ. იცინოდნენ.

-პაბლიტო ისე გარბოდა თითქოს ეშმაკი მისდევდა, - თქვა დონ ხუანმა.

-რატომ?

-მე მგონი მას შეეშინდა როცა დაინახა როგორ დაიყვანა მუშაობით ძვლებამდე ხელები კარლიტომ, - უპასუხა დონ ხენარომ და ჩემი ნაწერის დაცინვა ისევ არ გაუშვა ხელიდან.

მერე მომიახლოვდა.

-ჰეი! ერთი იდეა მაქვს, - მიჩურულა მან, - რადგან შენ ასე გიყვარს წერა, არ გინდა ფანქრის მაგივრად თითით წერა ისწავლო? მაგარი იქნებოდა!

გვერდით მომისხდნენ და სიცილი განვაგრძეთ, თან თითით წერის იდეას განიხილავდნენ. მერე დონ ხუანმა სერიოზული ტონით ძალიან უცნაური რამ თქვა:

-უეჭველად შეძლებს თითით წერას, მაგრამ აი წაიკითხავს კი მერე ამას?

დონ ხენარო სიცილისაგან ჩაიკეცა და დაამატა:

-დარწმუნებული ვარ ყველაფრის წაკითხვას შეძლებს.

მერე წინა ამბავთან სრულიად დაუკავშირებელი ისტორიის მოყოლა დაიწყო, სოფლელ უბრალო ბიჭზე პოლიტიკური გადატრიალების წყალობით დიდი ჩინოვნიკი რომ გახდა. დონ ხენარომ თქვა, რომ მისი ამბის გმირი მინისტრი გახდა, თუ გუბერნატორი, შეიძლება პრეზიდენტიც კი - ზუსტად ვერ ამბობდა, რადგან არ იცოდა რისი გაკეთება შეეძლოთ ადამიანებს თავიანთი სისულელით. ხოლო ამ თანამდებობების წყალობით მან დაიჯერა, რომ ნამდვილად მნიშვნელოვანი პირი იყო და ამ მნიშვნელოვნების შესაფერისი ქმედებებიც დაისწავლა.

აქ დონ ხენარომ პაუზა გააკეთა და როლში შესული დრამატული მსახიობის გამომეტყველებით შემომხედა, თვალი ჩამიკრა და წარბები ასწიდასწია. მან თქვა, რომ მისი ამბის გმირი საუკეთესო იყო საჯარო გამოსვლებში და შეეძლო ძალიან გრძელი სიტყვა სრულიად თავისუფლად ეთქვა, მაგრამ მისი მდგომარეობა აიძულებდა ტექსტი ფურცლიდან ეკითხა. ამ ადამიანმა კი კითხვა არ იცოდა. ამიტომაც ეშმაკობას მიმართავდა, რომ ყველასთვის ეჯობნა ჭკუაში. მას, როცა სიტყვას წარმოთქვამდა, ჰქონდა ნაწერით აჭრელებული ფურცელი და მას ყველას თვალწინ უფრიალებდა. ამგვარად მისი კარგი თვისებები და ეფექტურობა ყველასთვის უეჭველი იყო, ქვეყნის ყველა უბრალო ადამიანს მისი სჯეროდა. მაგრამ ერთხელ მის სიახლოვეს წერა-კითხვის მცოდნე უცხოელი აღმოჩნდა და შეამჩნია, რომ ჩვენს გმირს ფურცალი უკუღმა ეჭირა. მან გაიცინა და ტყუილში საჯაროდ ამხილა.

დონ ხენარომ ისევ პაუზა გააკეთა, ცერად შემომხედა და განაგრძო:

-გგონია ჩვენი გმირი გაება? - არამც და არამც. მან მშვიდად მოავლო თვალი ყველას და იკითხა: „უკუღმა მიჭირავს ? რა მნიშველობა აქვს როგორ დავიჭერ ქაღალდს თუ ვიცი როგორ წავიკითხო?“ და მთელი მისი აუდიტორია დაეთანხმა.

ორივემ გადაიხარხარა. დონ ხენარომ მსუბუქად დამკრა ბეჭებზე. თითქოს მისი ამბის გმირი მე ვიყავი. მე ცოტათი გავღიზიანდი და ნერვიულად გავიცინე. ვიფიქრე, რომ ალბათ აქ რაღაც ფარული აზრი იდო, მაგრამ კითხვის დასმა ვერ გავბედე.

დონ ხუანმა ჩემსკენ მოიწია, დაიხარა და მარჯვენა ყურში ჩამჩურჩულა: „არ ფიქრობ რომ ეს სასაცილოა?“

ზუსტად ამავე დროს მარცხენა ყურში დონ ხენაროს ჩურჩული ჩამესმა: „რა გითხრა?“ მე ავტომატურად მქონდა რეაქცია ორივე კითხვაზე და უნებური რეაქცია გამომივიდა.

-კი მე ვფიქრობ, რომ მან თქვა, რომ ეს სახალისო იყო.

აშკარა იყო, რომ ისინი აცნობიერებდნენ თავიანთი მანევრის ეფექტს და სიცილისაგან ცრემლი წამოუვიდათ. როგორც ყოველთვის დონ ხენაროს რეაქცია ძალიან გადამეტებული იყო. ის ზურგზე დაეცა, რამდენიმე მეტრი ისე იხოხა, ფეხების ზემოთ ქნევით, მერე მუცლზე გადატრიალდა და მიწაზე ბზრიალასავით დატრიალდა და ისე მომიახლოვდა მე. ფეხი მომარტყა მერე უცებ წამოჯდა და სულელურად გაიღიმა.

დონ ხუანს ხელები გვერდებზე მიეჭირა, თითქოს სიცილისაგან სლოკინი ეწყებოდა.

ერთი წუთის მერე ისევ ორივე დაიხარა და ორივე ყურში ჩურჩული დამიწყო. ძალიან ვეცადე მათი სიტყვები დამემახსოვრებინა, მაგრამ ძილს მაინც დავნებდი. ძალიან ბევრ რამეზე მესაუბრებოდნენ. ისინი იქამდე ჩამჩურჩულებდნენ ყურებში სანამ ისევ არ გამოჩნდა გახლეჩვის შეგრძნება. მე, ისვევ როგორც გუშინ, ისევ ყვითელ ნისლად გადავიქეცი, რომელიც ყველაფერს პირდაპირ, უშუალოდ აღიქვამდა. მე უკვე „ვიცოდი“ ყველაფერი. არანაირი ფიქრი და აზრი არ ირეოდა, მხოლოდ უეჭველობა სუფევდა. ამ დროს გამიჩნდა რაღაცა ღრუბლისმაგვარი, რბილი და ზამბარებიანი შეგრძნება; ეს რაღაც ჩემს გარეთ იყო და ამავე დროს ჩემს ნაწილს წარმოადგენდა და „ვიცოდი“, რომ ხე იყო. ვგრძნობდი, რომ ეს ხე იყო, არომატით ვხვდებოდი. მისი სუნი არც ერთი კონკრეტული ხის სუნს არ ჰგავდა , მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა ვიცოდი, რომ ეს განსაკუთრებული სუნი ამ ხის არსებითი ნიშანი იყო.

მე არც ცოდნის ზუსტი შეგრძნება მქონდა, არც ის, რომ ეს ცოდნა გონებიდან მოდიოდა, არც იმის, რომ ეს საღი გონების მიღმიერი გახლდათ. უბრალოდ ვიცოდი, რომ რაღაც მიკავშირდებოდა და ეს რაღაც ჩემს ირგვლივ ყველგან იყო. მეგობრული, თბილი, ყოვლისმომცველი სუნი ასდიოდა რაღაცას რაც არც მაგარი იყო, არც თხევადი, არც არანაირი. ხოლო ყველაფერი ეს როგორც მე „ვიცოდი“ იყო ხე. ვგრძნობდი, რომ ამის ცოდნით რაღაცნაირად მის არსებას ვუახლოვდებოდი. ეს რაღაც არ უკუმაგდებდა, უფრო მიზიდავდა და შერწყმისკენ მიბიძგებდა, ის მითრევდა ან შესაძლოა მე ვითრევდი მას. ჩვენს შორის იყო კავშირი, თანაც ეს კავშირი არც დაძაბული გახლდათ და არც უსიამოვნო.

მერე აღტაცებისა და ეგზალტაციის ტალღამ გადამიარა. მთელი ჩემი არსება თითქოს ელექტროდენის გავლენით ვიბრირებდა. ეს არაჩვეულებრივი შეგრძნება მსიმოვნებდა, მაგრამ მისი განაზღვრა და კლასიფიკაცია შეუძლებელი გახლდათ. მიუხედავად ამისა ვიცოდი, რომ დედამიწასთან ვიყავი კონტაქტში, ჩემი რაღაც ნაწილი ამას დაბეჯითებით აღიარებდა. თუმცა როცა აღქმის ნაკადებში გაცნობიერებულად გარკვევა ვცადე, მაშინვე დავკარგე ჩემი შეგრძნებების დიფერენცირების ყოველგვარი უნარი.

უცებ ისევ საკუთარ თავს დავუბრუნდი. ვფიქრობდი, რომ გადასვლა ისეთი მკვეთრი იყო თითიქოს ძილისგან გამოვფხიზლებულიყავი. მაგრამ ჩემს შეგრზნებებს თითქოს რაღაცა აკლდა და ამას იქამდე მივხვდი სანამ თვალს გავახელდი. გარშემო მიმოვიხედე. ჯერ ისევ სიზმარში არ რომელიმე ხილვაში ვიყავი. თუმცა ჩემი აზრები არაჩვეულებრივად ნათელი იყო. ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ ჩემი ასეთი ძილისმაგვარი მდგომარეობა დონ ხუანისა და დონ ხენაროს გამოწვეული იყო, მხოლოდ მათთვის ცნობილი გარკვეული მიზნებისთვის. მეგონა, რომ სადაცაა მივხვდებოდი კიდეც რა მიზანი იყო. მაგრამ იმ მომენტში რაღაცამ მაიძულა ყურადღება გარემომცველ საგნებზე გადამეტანა. ორიენტირებისთვის დიდი დრო დამჭირდა. მუცელზე ვიწექი იატაკზე. როცა იატაკის თვალიერება დავიწყე შიშისა და გაკვირვების შეგრძნებები მომერია. ვერაფრით ვერ მივხვდი რისგან იყო გაკეთებული, რაღაც უცნობი სუბსტანციის არათანმიმდევრული ზოლები ერთდროულად ძალიან რთული და მარტივი ხერხით იყო ჩალაგებული. ისინი ერთად იყო შეკრებილი მაგრამ მჭირდროდ არც ერთმანეთს ეკვროდნენ და არც იატაკს. ისინი ელასტიურები იყვნენ და ადვილად მომყვებოდნენ როცა მათ გაწევას ვცდილობდი, მაგრამ როგორც კი ხელს ვუშვებდი ისევ ძველ მდგომარეობას იბრუნებდნენ.

შევეცადე ავმდგარიყავი და მივხვდი, რომ გრძნობის ორგანოების წარმოუდგენელი აშლილობით ვიყავი მოცული. საკუთარ სხეულს ვერ ვაკონტროლებდი, ფაქტიურად სხეული ჩემი არ იყო, ინერტული გავმხდარიყავი. ვერც ერთ მის ნაწილს ვერ ვუკავშირდებოდი, ხოლო როცა წამოდგომა შევეცადე ხელის განძრევაც კი ვერ შევძელი და მხოლოდ მოუხერხებლად ვგორდებოდი მუცლით ხან ერთ ხან მეორე მხარეს. ბოლოს და ბოლოს როგორც იქნა ზურგზე გადავგორდი და გარკვევით დავინახე ორი უდიდესი ზომის ფეხი სრულიად წარმოუდგენელი ტერფებით. ეს ჩემი სხეული გახლდათ! თითქოს რაღაც ქსოვილში ვყოფილიყავი გახვეული, თავში გამიელვა, რომ ხილვა მქონდა და იქ საკუთარ თავს ვხედავდი ისე თითქოს დავრდომილი ინვალიდი ვყოფილიყავი. შევეცადე კისერი წამეგრძელებინა და ფეხებისთვის შემეხედა, მაგრამ მხოლოდ ოდნავ შეტოკება შევძელი. ვუყურებდი ღია ყვითელ ლიმონისფერ ცას, ნაპრალებად გასდევდნენ უფრო მუქი ყვითელი ტონები და ურიცხვი დაძარღვა წყლის წვეთებივით რომ ეშვებოდა ზემოდან. ასეთი წარმოუდგენელი ცის ხილვით გამოწვეული ეფექტი გამაოგნებელი იყო. დარწმუნებით ვერ ვიტყოდი იყო ეს წყლის წვეთების მსგავსი სუბსტანციები ღრუბლები იყო თუ არა. ასევე იყო უფრო მუქი ყვითელი ჩრდილების ტონები რომლებიც თავის აქეთ-იქით მიტრიალ მოტრიალებით შევამჩნიე.

მერე კიდევ რაღაცამ მიიპყრო ჩემი ყურადღება. მზე ამ ყვითელი ცის ზენიტზე პირდაპირ ჩემს თავს ზემოთ გაჩერებულიყო. მზე სუსტი იყო, ასე იმიტომ ვიფიქრე, რომ მისთვის თვალის გასწორება შემეძლო. ის მშვიდ, ერთგვაროვან, მკრთალ-მოთეთრო შუქს აფრქვევდა.

ვიდრე მთელ ამ არამიწიერ სურათებს ჩავუფიქრდი, სასტიკად გაოგნებული დავრჩი. ჩემი თავი შეტოკდა და ერთიდან მეორე მხარეს გადაგორდა, ვიგრძენი, რომ ვიღაცამ ამწია. მკვეთრი ხმა და სიცილი გავიგონე და საოცარი სანახაობის მომსწრე გავხდი - ფეხშიშველი ქალი დავინახე. მას უზარმაზარი მრგვალი სახე ჰქონდა, თმა ბიჭივით დაევარცხნა, ხოლო ხელ-ფეხი უზარმაზარი ჰქონდა. მან ამწია და მხარზე თოჯინასავით შემომიდო. ჩემი სხეული უღონოდ ეკიდა. მე ქვემოთ მის წვრილი ძაფების ბადით დაფარულ ზურგს ვუყურებდი. მისი სიმაღლიდან კიდევ ერთხელ შევხედე მშვენიერ იატაკს. მესმოდა როგორ ელასტიურად იზნიქებოდა იმ ქალის უზარმაზარი წონის გავლენით და ვხედავდი მისი ფეხები როგორ ტოვებდა ღრმულების მსგავს კვალს იატაკზე.

მან რაღაც გიგანტური მოწყობილობის, თავისებური შენობის წინ მუცელზე დამაწვინა. ახლაღა შევამჩნიე, რომ სივრცეს ჩვეულებრივად ვეღარ აღვიქვამდი. ვუყურებდი შენობას და არაფრით არ შემეძლო მისი ზომის განსაზღვრა; ის ხან სასაცილოდ პატარა და ხან მონუმეტურად უკიდეგანო მეჩვენებოდა.

გიგანტური ქალი იატაკზე ჩემს გვერდით დაჯდა. მე მის უზარმაზარ ფეხებს შევხედე. მას მარწყვისა და კანფეტის სუნი ასდიოდა. ქალმა ჩემთან საუბარი დაიწყო და თან მოწყობილობაზე მანიშნებდა. მე მივხვდი რასაც მეუბნებოდა ის - მითხრა, რომ მე აქ ვიცხოვრებდი.

სულ მალე პირველმა შიშმა გამიარა და ჩემი აღქმის უნარიც გაიზარდა. შენობის სახურავზე ოთხი უზარმაარი ბუტაფორიული სვეტი დავინახე, ძალიან უბრალო ფორმის, გრძელი, გრაციოზული შვერილები რომლებიც ამ არაჩვეულებრივ ყვითელ ცას ებჯინებოდა. ეს სვეტები მე სილამაზის განსახიერებად ჩავთვალე, ესთეტიური კმაყოფილების შეგრძნებამ სუნთქვა შემიკრა.

კოლონები მონოლითური ჩანდა, არ ვიცოდი რისგან შეექმნათ ისინი. ორი წინა სვეტი თხელი გადასასვლელით ერთდებოდა, რომელიც როგორც ჩავთვალე შესაძლოა ვერანდა ყოფილიყო ფასადს რომ გადაჰყურებდა.

გიგანტურმა ქალმა მაიძულა ზემოდან ამ გიგანტურ მოწყობილობაზე გადავსრიალებულიყავი. მისი სახურავი თხელი, სწორი და სიმეტრიული ხვრელებით იყო დაფარული, საიდანაც ცის ყვითელი შუქი იღვრებოდა და ძალიან რთულ სურათს ქმნიდა. მე იმ სრულყოფილი სილამაზით და ბუნებრიობით რომელიც სახურავის ხვრელებში შემოღწეული ყვითელი ცის შუქით იქნებოდა, შეძრული ვიყავი. მას არც მშვენიერ იატაკზე ყვითელი ჩრდილებით შექმნილი სურათი ჩამორჩებოდა. მას კვადრატული სტრუქტურა ჰქონდა და მთელი ამ გამორჩეული სილამაზის მიღმა ვერაფერს ვეღარ ვიგებდი.

ჩემი ეგზალტაციური მდგომარეობა ისეთი ინტენსიური იყო, რომ ერთ წამს ტირილი და იქ სამუდამოდ დარჩენა მომინდა. მაგრამ რაღაცა გაურკვეველმა ძალამ წამათრია. უცებ სტრუქტურის გარეთ აღმოვჩნდი, ჯერ კიდევ ზურგზე მწოლარე. გიგანტური გოგონა ისევ აქ იყო, მაგრამ აქვე იყო მეორე არსებაც, ისეთი დიდი ქალი, რომ ცამდე აღწევდა და მისი თავი მზის დონეზე მდებარეობდა. მასთან შედარებით ჩემი გიგანტური გოგონა მის პატარა ქალიშვილს ჰგავდა. დიდი ქალი გაბრაზებული ჩანდა, მან ამ გიგანტური მოწყობილობას ერთ სვეტში ხელი ჩაჰკიდა, ასწია, ამოაბრუნა და იატაკზე დადგა. ეს სკამი იყო!

ამან კატალიზატორივით იმოქმედა; რაღაც სხვა ცნობიერების ხატები გაათავისუფლა. სურათების მთელი სერია გავიარე, რომლებიც გამოყოფილი და დაცალკევებული კი იყო მაგრამ შეიძლებოდა მათი მოწესრიგება. ერთმანეთს მიყოლებული გამონათებებით ბოლოს მივხვდი, რომ მშვენიერი და სრულყოფილი იატაკი - ჩალის ტახტი გახლდათ, ყვითელი ცა ოთახის ჭერი, მზე - ელექტრონათურა, ხოლო ის მოწყობილობა ასე რომ წარიტაცა ჩემი წარმოსახვა მხოლოდ სკამი, ბავშვმა რომ ამოაბრუნა რათა სახლობანა ეთამაშა.

თვალწინ კიდევ ერთმა ხილვამ გამიელვა, ეს უკვე თანმიმდევრული, გაცნობიერებული ხილვა იყო, თუმცა ახლა უკვე სხვა იდუმალი და მომნუსხველი ზომის არქიტექტორული მოწყობილობებისა. ის თავისთვის იდგა, ამობრუნებულ ლოკოკინის ნიჟარას ჰგავდა. მისი კედლები გაურკვეველი, უცნაური მასალის ამობრუნებული დაფებისგან აეწყოთ. ყოველ დაფას გარკვეული დანიშნულების შვერილი ჰქონდა.

ყურადღებით დავაკვირდი მოწყობილობას და მივხვდი, რომ ისევე როგორც წინა შემთხვევაში ესეც სრულიად წარმოუდგენელი რამ იყო. ველოდი, რომ შევძლებდი ერთ წამში გამესწორებინა ჩემი აღქმა, რომ ამ მოწყობილობის ნამდვილ არსს ჩავწვდომოდი. თუმცა არაფერი მსგავსი არ მომხდარა. მერე უკვე არეული და აუხსნელი „შეგრძნებების“ რიგი მოვიდა, ამას მოწყობილობასა და ფუნქციებზე „აღმოჩენების“ სერია მოჰყვა. არც ერთ მათგანს არანაირი აზრი არ ჰქონდა რადგან არაფერთან შემეძლო მათი შედარება.

უეცრად ჩემი ჩვეული აღქმა დაბრუნდა. ჩემს გვერდით დონ ხუანი და დონ ხენარო იყვნენ. დაღლილი ვიყავი. საათზე დავიხედე და ვერ აღმოვაჩინე. დონ ხუანმა და დონ ხენარომ უნისონში ჩაიცინეს. დონ ხუანმა მითხრა, რომ არ უნდა მენერვიულა დროზე და მთელი ჩემი ყურადღება მის მიერ მოცემული რეკომენდაციების შესრულებაე გადამეტანა.

მე დონ ხენაროს მივუბრუნდი. მან კი ხუმრობით მითხრა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი რეკომენდაცია იმაში მდგომარეობდა, რომ თითით წერა უნდა მესწავლა რომ თავიც გამომეჩინა და ფანქარიც დამეზოგა.

მერე ცოტა ხანს კიდევ მამასხარავებდნენ თავიანთი შენიშვნებით, სანამ დასაძინებლად არ წავედი.

მეორე დღეს, როცა გამომეღვიძა დონ ხუანმა და დონ ხენარომ ჩემს გამოცდილებაზე დონ ხუანის მითითებით ჩემი გაკეთებული ანგარიში მოისმინეს.

-ხენარო გრძნობს, რომ ეს ამჟამად შენთვის უკვე საკმარისია, - თქვა დონ ხუანმა როცა მოყოლა დავასრულე.

დონ ხენარომ თავი დაუქნია.

-რა მნიშვნელობა აქვს იმას რაც წინა ღამეს განვიცადე.

-შენ მაგიის უდიდეს პრობლემას მიაქციე ყურადღება, - თქვა დონ ხუნმა, - გასულ ღამეს შენ შენს საკუთარ მთლიანობაში ჩაიხედე. მაგრამ ამ მომენტში ეს შენთვის რა თქმა უნდა აზრს მოკლებული განაცხადია. საკუთარი თავის მთლიანობის შეგრძნება აშკარაა რომ არც შენი გადაწყვეტილების და არც შენი თანხმობის შედეგი არაა, არც შენი სწავლის სურვილისა. ხენარო თვლის, რომ შენს სხეულს სჭირდება დრო რათა მასში ნაგუალის ჩურჩულმა შეაღწიოს.

დონ ხენარომ ისევ თავი დაუქნია.

-ძალიან დიდი დრო, - თქვა მან და თავის ქნევა განაგრძო, - 20 ან 30 წელი ან მეტი.

არ ვიცოდი როგორი რეაქცია მქონოდა და დონ ხუანს შევხედე ახსნის მოლოდინში. ორივე ძალიან სერიოზული ჩანდა.

-მე მართლა მაქვს 20 ან 30 წელი? - ვიკითხე მე.

-რა თქმა უნდა არა! - წამოიძახა დონ ხენარომ და ორივე ახარხარდა.

დონ ხუანმა მითხრა, რომ როგორც კი ამას შინაგანი ხმა მიკარნახებდა უნდა დავბრუნებულიყავი. იქამდე კი წესრიგში უნდა მომეყვანა ყველა ის ჩაგონება მათ რომ მომცეს როცა გახლეჩილი ვიყავი.

-როგორ გავაკეთებ ამას? - ვიკითხე მე.

-გამორთე შენი შინაგანი დიალოგი და მიეცი შენში რაღაცას საშუალება რომ წარმოსდინდეს და გაფართოვდეს, - მითხრა დონ ხუანმა.

-ხოლო ეს რაღაც შენი აღქმაა და არც ეცადო გაიგო რა მაქვს მხედველობაში უბრალოდ ნაგუალის ჩურჩულს საშუალება მიეცი წარგმართოს.

მერე კი მითხრა, რომ გასულ ღამეს სრულიად განსხვავებული ხედვების ორი წყება მქონდა. ერთი გაურკვეველი იყო, მეორე კი სრულიად ბუნებრივი და მათი თანმიმდევრულობა რომლებშიც ისინი მიედინებდნენ იმ პირობებზე მიუთითებს რაც ყველა ჩვენგანისთვის დამახასიათებელია.

-ერთი ნაგუალი იყო,მეორე ტონალი, - დაამატა ხენარომ.

მინდოდა თავისი ეს ნათქვამი უფრო დაწვრილებით აეხსნა. მან კი შემომხედა და ზურგზე ხელი დამარტყა.

აქ დონ ხუანი ჩაერია და მითხრა, რომ ჩემი ორი შეგრძნება ნაგუალს უკავშირდებოდა და რომ დონ ხენარომ ხე და მიწა საწყის წერტილებად აირჩია, მეორე ორი კი ტონალის ხედვა იყო, რომელიც თავად დონ ხუანმა აირჩია. ერთ-ერთი მათგანი იყო ჩემი აღქმა როგორც ბავშვის აღქმული სამყაროში.

-ის შენ უცხო სამყაროდ მოგეჩვენა, რადგან შენი აღქმა ჯერ კიდევ არ იყო ისე დახვეწილი, რომ სასურველ ფორმებში გადაღვრილიყო, - მითხრა მან.

-სწორედ ასე ვხედავდი ოდესღაც სამყაროს? - ვკითხე მე.

-რა თქმა უნდა, - თქვა მან, - ეს შენი მეხსიერება იყო.

მერე ვკითხე დონ ხუანს, ის ესთეტიკური აღფრთოვანების გრძნობა რომელმაც მომიცვა ასევე ჩემი მეხსიერების ნაწილი იყო თუ არა.

-ამ თვალსაწიერში ისეთები შევდივართ როგორებიც ახლა ვართ, - მითხრა მან, - შენ ეს სცენები ისე ნახე, როგორც დღეს ნახავდი, მაგრამ ეს აღქის სავარჯიშოები იყო. ეს დროის სცენა იყო, როცა სამყარო შენთვის ის გახდა რაც ახლაა, დროის როცა სკამი გახდა სკამი.

მან არ მოინდომა მეორე სცენის აღწერა.

-ეს ჩემი ბავშვობის აღქმა არ იყო, - ვთქვი მე.

-მართალია, - დამიდასტურა მან, - ეს რაღაც სხვა იყო.

-იქნებ ეს რაღაც ისეთი იყო რასაც მომავალში ვნახავ?

-მომავალი არაა, - წარმოთქვა მან, - მომავალი - ეს მხოლოდ საუბრის ფორმაა. ჯადოქრებისთვის მხოლოდ აქ და ახლა არსებობს.

მან მითხრა, რომ აქ სათქმელი არაფერია, რადგან სავარჯიშოს მიზანი ჩემი აღქმის ფრთების გაშლა იყო. ხოლო მიუხედავად იმისა, რომ ვერ გავფრინდი ამ ფრთებით, მაინც შევეხე ოთხ წერტილს, რომლებსაც ვერანაირად ვერ მივწვდებოდი აღქმის ჩვეულ დონეზე.

მე გასაგზავრებლად ბარგის შეგროვება დავიწყე. დონ ხენარომ გადაწყვიტა ბლოკნოტის ჩადებაში დამხმარებოდა და ამისთვის მთელი კლოუნადა მოაწყო, მან ის ჩემი ხელჩანთი სიღრმეში, ძირში მოათავსა.

-აქ თბილად და მოხერხებულად იქნება, - მითხრა და თვალი ჩამიკრა, - ყოველ შემთხვევაში დარწმუნებული იქნები რომ არ გაცივდება.

მერე დონ ხუანმა თითქოს აზრი შეიცვალა ჩემი გამგზავრების თაობაზე და ჩემს გამოცდილებაზე ჩამოაგდო სიტყვა. მე ავტომატურად ვცადე დონ ხენაროსთვის ხელიდან ჩემი ხელჩანთა გამომეგლიჯა. მაგრამ სანამ შევეხებოდი მას ის იატაკზე დაუვარდა. დონ ხუანი ჩემთან ზურგით იდგა და ლაპარაკობდა. მე ჩანთა გავხსენი და იქ აჩქარებით დავიწყე ჩემი ბლოკნოტის ძებნა, დონ ხენაროს ის მართლაც ისე შეენახა, რომ მოძებნა ძალიან გამიჭირდა. როგორც იქნა მაინც ამოვიღე და წერას შევუდექი. ორივემ მე შემომხედა.

-შენ საშინელ მდგომარეობაში ხარ, - თქვა დონ ხუანმა, - ისე მიეჯაჭვე შენს ბლოკნოტს როგორც ლოთი არაყს.

-როგორც დედა ეჯაჭვება შვილს, - დაურთო დონ ხენარომ.

-როგორც მღვდელი - ჯვარცმას, - არ ჩამორჩა დონ ხუანი.

-როგორც ქალი თავის ტრუსებს, - იყვირა დონ ხენარომ.

ასე განაგრძობდნენ შედარებებს და სიცილით იფხრიწებოდნენ ვიდრე მანქანამდე მიმაცილეს.

 

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff