ასტროლოგია - არსობრივი ანალიზი (I ნაწილი)

Admin
ასტროლოგია
0
0

ნაწილი პირველი ავტორი: მამუკა გურული ამ სტატიაში ვეცდები მოკლედ და არსობრივად წარმოვადგინო ას...

astrology1

ნაწილი პირველი

ავტორი: მამუკა გურული

ამ სტატიაში ვეცდები მოკლედ და არსობრივად წარმოვადგინო ასტროლოგია თავისი რეალური სახით, ჩემი ზოგადი ცოდნისა და დაკვირვებების საფუძველზე. ასევე ვეცდები გავაერთიანო ასტროლოგიის მიმართ როგორც მეცნიერული, ასევე ეზოთერული დამოკიდებულება. იმისთვის, რომ ამ სტატიის შინაარსი კარგად გაიგოთ, აუცილებელი წინაპირობაა - ეგრეგორების შესახებ გარკვეული წარმოდგენის ქონა (ეგრეგორების შესახებ სტატიის სანახავად გადადით ამ ლინკზე). სხვაგვარად შეუძლებელი იქნება ასტროლოგიის მუშაობის მექანიზმების რეალური გაგება. ასევე სტატიაში დამატებით შემოგთავაზებთ სხვადასხვა ამონარიდებს შესაბამისი თემატიკის სტატიებიდან და წიგნებიდან (უკვე დაწერილის ხელმეორედ დაწერას აზრი არ აქვს).

პირველ რიგში მინდა დავამშვიდო ასტროლოგები და ასტროლოგიის მოყვარულები და ვუთხრა, რომ ამ სტატიით არ ვცდილობ ასტროლოგიის დისკრედიტაციას, და პირიქით, მსურს ამით წვლილი შევიტანო ასტროლოგიის სწორად გაგებაში და სწორი მიმართულებით განვითარებაში. მე თვითონაც გარკვეული პერიოდი ვიყავი ასტროლოგი და ვადგენდი რუკებს (ვედურ ასტროლოგიაში - ანუ „ჯიოტიშში“), პლუს საკმაო წარმოდგენა თანამედროვე ასტროლოგიაზეც მაქვს, და სიბრმავე იქნებოდა ჩემგან იმის მტკიცება, რომ ასტროლოგია „არ მუშაობს“. მაგრამ ჩემი და ზოგადად MAGMA-ს „Fიშკა“ მოვლენების და სისტემების არსობრივი აღწერაა, შესაბამისად MAGMA-ს პოზიციასაც ამ კუთხით წარმოვადგენ. და ვინაიდან დღეისათვის ეზოთერიის ყველაზე პოპულარული მიმართულება ასტროლოგიაა (და ასტროლოგიის განყოფილება MAGMA-შიც გვაქვს), შესაბამისად ეზოთერული სისტემების აღწერას ასტროლოგიით დავიწყებ, და აქვე დავძენ, რომ დაახლოებით იგივე ეხება მრავალ სხვა ეზოთერულ სისტემასაც. ასევე ეს იქნება მცდელობა, რომ მეცნიერებასა და ეზოთერიას შორის ჩანგრეული ხიდი აღვადგინო (მკითხველების ხედვაში მაინც).

არის თუ არა ასტროლოგია მეცნიერება?

პირველ რიგში შევთანხმდეთ, რომ ასტროლოგია მეცნიერება არაა, ყოველ შემთხვევაში მეცნიერების თანამედროვე განმარტებით. მეცნიერული წრე ასტროლოგიას ფსევდომეცნიერებად მიიჩნევს. და თუ რატომაა ასტროლოგია ფსევდომეცნიერება, ამაზე უამრავი სტატია დევს ინტერნეტ-სივრცეში, ამიტომ დაწვრილებით აღარ დავკონკრეტდები. მხოლოდ მოვიყვან საინტერესო ამონარიდებს სხვადასხვა სტატიებიდან (მეცნიერების თვალით დანახულ ასტროლოგიაზე):

„უძველესი ასტროლოგია გარდუვალი ეტაპი იყო ბუნებათმეცნიერების განვითარებაში. იგი ავლენდა და პროგნოზებისთვის იყენებდა დედამიწის მზის გარშემო წლიური მოძრაობის კავშირს გვალვის და წვიმების, უხვი მოსავლის და შიმშილობის პერიოდებთან, მოკლედ - ამინდთან. მაშინ იგი ჯერ კიდევ არ გამოირჩეოდა ბუნების შესახებ ცოდნის „ინტეგრალური პაკეტიდან“. თავისი სახე, თავისი ინდივიდუალობა და თანამედროვე მნიშვნელობა ასტროლოგიამ მხოლოდ მაშინ მიიღო, როცა ადამიანების ხასიათისა და ბედის პროგნოზირება დაიწყო. ამ მომენტიდან გაჩნდა და დღემდე არ ქრება საზღვარი მასა და მეცნიერებას შორის. ჯერ კიდევ ძველი ბერძენი მათემატიკოსი და ასტრონომი ევდოქსი დაახლოებით 370 წელს ჩვ.წ.აღ-მდე წერდა, რომ „ოდნავაც კი არ უნდა ვენდოთ ქალდეველებს და მათ წინასწარმეტყველებებს და მტკიცებებს ადამიანის შესახებ, რომელიც მის დაბადების თარიღზეა დაფუძნებული“ (წყარო).“

„ხშირად ამბობენ, რომ კეპლერი და გალილეიც კი ნაწილობრვი ასტროლოგები იყვნენ. რაც შეეხება იოჰან კეპლერს, ეჭვი არაა, რომ იგი ჰოროსკოპებს ადგენდა გავლენიანი ადამიანებისთვის. თუმცაღა უნდა გავითვალისწინოთ მისი ცხოვრების ვითარებები და ის, თუ თვითონ როგორ აფასებდა თავის საქმიანობას: „რა თქმა უნდა, ეს ასტროლოგია სულელი გოგოა; მაგრამ, ღმერთო ჩემო, რას იზამდა მისი დედა, ბრძენი ასტრონომია, თუ მას სულელი გოგო არ ეყოლებოდა. საზოგადოება ხომ გაცილებით უფრო სულელია, და იმდენად სულელი, რომ გოგომ თავისი მოხუცი გონიერი დედისთვის უნდა ილაყბოს და მოიტყუოს. და მათემატიკოსების ხელფასი იმდენად მიზერულია, რომ დედა ალბათ იშიმშილებდა, მის ქალიშვილს ფული რომ არ ეშოვნა“.

გამოიმუშავებდა რა საარსებო ფულს როგორც ასტროლოგი, ზოგჯერ კეპლერი საკმაოდ ნეგატიურად აღწერდა ამ საქმიანობას: „ასტროლოგია ისეთი რამეა, რაზეც დროის ხარჯვა არ ღირს, მაგრამ ადამიანები თავიანთი უმეცრებით ფიქრობენ, რომ მისით მათემატიკოსი უნდა დაკავდეს... ასტროლოგებმა 12 სახლად დაყოფა მოიგონეს იმისთვის, რომ სხვადასხვაგვარად უპასუხონ იმ კითხვებს, რომლებზე პასუხსაც ადამიანი ეძებს. მაგრამ მე ამას შეუძლებლად, ცრურწმენად და არაბული მაგიის საწყისად ვთვლი...“ და მაინც, სამყაროსეული ჰარმონიის და ბუნების ძალთა ძიებაში კეპლერი არასწორად თვლიდა იმ დაკვირვებებზე და შესატყვისობებზე უარის თქმას, რომელიც უძველესმა მეცნიერებამ დააგროვა. თავის ერთ-ერთ თხზულებაში იგი აფრთხილებდა მკვლევარებს, რომ „ვარსკვლავებთან დაკავშირებული ცრურწმენების ქარაფშუტულად გადაყრისას წყალთან ერთად ბავშვიც არ გადაეყოლებინათ.“

უნდა ავღნიშნოთ, რომ კეპლერს ჰქონდა ამის თქმის მიზეზები, რადგანაც ასტროლოგიასთან ბრძოლისას მეცნიერების მხრიდან ზედმეტობებსაც ჰქონდა ადგილი. მაგალითად, გალილეო გალილეი არ იღებდა კეპლერის ჰიპოთეზას მთვარის ზღვის მიქცევ-მოქცევებზე ზეგავლენის შესახებ; და ამაში დიდ როლს თამაშობდა გალილეის უარყოფითი დამოკიდებულება ასტროლოგიის მიმართ, რომლითაც კეპლერი იყო დაკავებული (თავად გალილეი ფულს ტელესკოპების დამზადებით შოულობდა). (წყარო)

„ასტროლოგიის პრეტენზიები ჭეშმარიტ წინასწარმეტყველებაზე, პირველივე მეცნიერული ანალიზის მცდელობაზევე იმსხვრევა. მაგალითად, იგივე მიშელ გოკლენმა ჩაატარა შემდეგი ექსპერიმენტი. მან გაზეთში გამოაქვეყნა განცხადება თხოვნით, რომ მისთვის გამოეგზავნათ ინფორმაცია მონაცემებით: სახელი, თარიღი, დაბადების ადგილი. მას უპასუხა 150-მა ადამიანმა. ყველა მათგანს გაეგზავნა 10 გვერდიანი ჰოროსკოპი, ასევე კონვერტი გამგზავნელის მისამართით და ანკეტა. 94%-მა უპასუხა, რომ ჰოროსკოპი მათზე სწორად იყო ასახული, ხოლო 90%-მა აღნიშნა, რომ ეს მოსაზრება გაიზიარეს მათმა მეგობრებმაც და ნათესავებმაც. სინამდვილეში ეს იყო სერიული მკვლელის, დოქტორ მარსელ პეტოიტას ჰოროსკოპი, რომელიც ომის დროს ფაშისტებიდან დამალულ და გადარჩენილ ლტოლვილებს ძარცვავდა, ხოლო მათ გვამებს კირის ნარევში ხსნიდა! ჰოროსკოპები დგება ისე აბსტრაქტულად, რომ სურვილისამებრ ნებისმიერ მათგანში შეგიძლიათ იპოვოთ ნაცნობი მახასითებლები.“ (წყარო)

„როგორ შეიძლება ჩემი დაბადების დროს ამოსულმა მარსმა ჩემზე იმოქმედოს? მე დახურულ ოთახში დავიბადე. მარსიდან წამოსული სინათლე ვერ შემოაღწევდა შიგნით. ერთადერთი რამ, რითიც მარსს შეიძლება ჩემზე გავლენა მოეხდინა, არის გრავიტაცია. მაგრამ ექიმის გრავიტაციული გავლენა უფრო დიდი იყო ჩემზე, ვიდრე მარსის. მარსი ბევრად მასიურია, თუმცა ექიმი ბევრად ახლოს იყო“ - კარლ სეიგანი (წყარო).

მსგავსი სტატიები, სადაც ასტროლოგია ფსევდომეცნიერებადაა გამოყვანილი ბევრია, და ტრადიციული მეცნიერების თვალსაზრისით ისინი სიმართლეს ამბობენ. არ არსებობს სერიოზული მეცნიერული მტკიცებულებები, რომელიც ასტროლოგიის მეცნიერულობას დაასაბუთებდა. დასავლურ ასტროლოგიურ საზოგადოებებში დაიწყო კვლევები ამ მიმართულებით, თუმცა შედეგი ჯერ-ჯერობით უცნობია და ვნახოთ სადამდე მიგვიყვანს. ფაქტი ერთია, რომ თავად ასტროლოგიას უნდა ჰქონდეს პრეტენზია, რომ უფრო მეცნიერულ დისციპლინად აღიქმებოდეს, ვიდრე ოკულტურ დისციპლინად, ამიტომ მტკიცებულებები თავადვე უნდა ეძებოს და თავად ეცადოს, რომ კორელაციაში მოვიდეს მეცნიერებასთან (განსაკუთრებით ასტრონომიასთან). სხვა შემთხვევაში ყოველთვის იქნება კრიტიკა და თავდასხმები მეცნიერების მხრიდან, თუნდაც ერთი მიზეზის გამო - ასტროლოგია მეცნიერულ მიღწევებით აპელირებს და არამეცნიერულ ინტერპრეტაციებს უკეთებს, იგივე მთვარის და მზის დაბნელებას. შესაბამისად, ასეთი აგრესიული და ხისტი დამოკიდებულებაც მეცნიერების მხრიდან გასაგებია და ბუნებრივია.

მთავარი პრეტენზია, რომელიც მე პირადად მაქვს ასტროლოგიის მიმართ, ისაა, რომ არ არსებობს ერთიანი (ყველა სკოლა თავის ვარაუდებს ამბობს) გაგება იმისა, თუ რა მექანიზმებით, რა მიზეზ-შედეგობრივი კავშირებით მოქმედებენ პლანეტები და ვარსკვლავები. ანუ ასტროლოგიაში არსებობს დაკვირვებები (რომ მაგალითად მარსი ასეთ და ისეთ ზეგავლენას ახდენს ადამიანზე), მაგრამ არ არსებობს ზუსტი თეორიები, თუ რატომ ახდენს ასეთ ზეგავლენას, რა მექანიზმებით. და თუ უბრალოდ რწმენის დონეზე და ბრმად მიჰყვებიან უძველესი ოკულტისტების მიერ გახსნილ კანონზომიერებებს (რომლებიც დღეს რეალურად რამდენად და როგორ მუშაობენ, ეს კიდევ სხვა თემაა და ამაზე მოგვიანებით), მაშინ ესეც აღიარონ და მეცნიერებად არ გაასაღონ ასტროლოგია. იმიტომ, რომ მეცნიერების მეთოდი სწორხაზოვანია - იგი ექსპერიმენტებზე და ფაქტებზეა დაფუძნებული, და ყოველ თავის თეორიას მიზეზ-შედეგობრივად ხსნის. სხვაგვარად ეს ვერც იქნებოდა თეორია, არამედ იქნებოდა ჰიპოთეზა, ვარაუდი... იგივე ჯიოტიში (ვედური ასტროლოგია) თავის საფუძველში სულიერი ცოდნაა და სულიერი ცოდნის საფუძვლებზე დგას - გრაჰებს, ანუ ძალებს განიხილავს პირველადად, ხოლო პლანეტებს მათ მხოლოდ ერთ-ერთ გამოვლინებად. იგივე პრეტენზია, რა თქმა უნდა ჯიოტიშთანაც (ვედურ ასტროლოგიასთან) მაქვს, მაგრამ ჯიოტიში თავის საფუძვლებში ამბობს, რომ თუ გსურს რეალურად იცოდე ასტროლოგია, ცნობიერების ძალიან მაღალ დონეს უნდა ფლობდე და ფაქტიურად „წმინდანი“ (სადჰუ) უნდა იყო. და ნამდვილმა ჯიოტიშ-ასტროლოგმა ქირომანტიაც (პალმისტრი) სრულყოფილად უნდა იცოდეს და სხვა ვედური დისციპლინებიც. აქაც სხვა რამემდე მივდივართ, და არა მეცნიერებამდე.

სტატიის შემდეგი ნაწილი ასტროლოგიის ფსიქოლოგიასთან კავშირს შეეხება...

მეორე ნაწილი

მესამე ნაწილი

თუ მოგეწონათ, გააზიარეთ...

მსგავსი სტატიები

რეტროგრადული ურანი


ავტორი: გიორგი ლობჯანიძე მოგესალმებით მეგობრებო, ? დაახლოებით აგ...

მთვარის კვანძები სინასტრიაში


მთარგმნელი: თამთა ბურდული წყარო აღმავალი კვანძი, იგივე რაჰუ (ვე...

ქრისტიანობა და ასტროლოგიური სახლები


ავტორი: იოანე შენგელია მეტ-ნაკლებად, ყველამ ვიცით ქრისტეს ცხოვრე...

სურია (მზე)


ავტორი: ოლეგ ბოკაჩოვი მთარგმნელი: მამუკა გურული ...სადღაც ძალია...

მარსის შეერთება პლუტონთან


მარსის შეერთება პლუტონთან არქეტიპი: კოსმიური მეომარი ამ ადამიანს ...

დირექტული იუპიტერი


 ავტორი: გიორგი ლობჯანიძე მოგესალმებით, მეგობრებო, დაა...

25 სექტემბრის სავსე მთვარე


ავტორი: გიორგი ლობჯანიძე მეგობრებო, გვიახლოვდება სასვემთვარეობა,...

რეკომენდაციები მზით თევზის ნიშნის ქვეშ დაბადებულთათვის


ავტორი: ანა თოფურიძე თუ თქვენ ხართ დაბადებული 20 თებერვლიდან 20 მა...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff