მთვარის კვანძები სინასტრიაში

Admin
ასტროლოგია
0
0

მთარგმნელი: თამთა ბურდული წყარო აღმავალი კვანძი, იგივე რაჰუ (ვედურად), შოკისმომგვრელი და კომპ...

moon3

მთარგმნელი: თამთა ბურდული

წყარო

აღმავალი კვანძი, იგივე რაჰუ (ვედურად), შოკისმომგვრელი და კომპლექსური თემაა ასტროლოგიაში.თითქოს ერთგვარი მეგა მაგნიტია,რომელსაც რაც უფრო მეტად უკავშირდებით,მით უფრო ძლიერად გიზიდავთ თავისკენ. ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ იღვიძებს მის წიაღში დამალული ვულკანი და ამოფრქვევისთვის ემზადება. გარკვეულწილად გადაჭარბებული და თავშეუკავებელი ბუნებისაც არის. მასთან ნებისმიერი პერსონალური პლანეტის ასპექტის ქონის შემთხვევაში ისეთი გრძნობა გეუფლებათ,თითქოს ვიღაც ასობით კოლოფი ღერი სიგარეტის მოწევას გაიძულებთ,მხოლოდ იმის გამო,რომ მალულად ერთი ღერი გასინჯეთ. არ მოგწონთ, წინააღმდეგობას უწევთ,მაგრამ მაინც არ განებებენ თავს იქამდე, სანამ სიგარეტის დანახვისას გული არ აგერევათ.

აღმავალი კვანძი ჭკუას დოზის მეტისმეტად მიღების საშუალებით გასწავლით. რაიმე კონკრეტულს შემადგენელ ნაწილებს იქამდე სწოვს, სანამ მისგან აღარაფერს დატოვებს. ის შენს ცხოვრებას რადიკალურად ცვლის და საოცრად სპირიტულია.

აღმავალი კვანძი წარმოადგენს იმას, რაც ასეთი აუტანელი და უცნობია შენთვის, გიჩენს პროტესტის გრძნობას. გაიძულებას ამ მხრივ წინსვლას, რათა შენი სპირიტული მისია შეასრულო. რაჰუს საპირისპირო კვანძი,კეტუ (იგივე დაღმავალი), ის სფერო და თემებია,რაშიც თავს კომფორტულად გრძნობთ,ნაცნობია,სასიამოვნო,თუმცა სპირიტული მისიის შესრულებაში ძალიან გიშლით ხელს.

როცა სინასტრიაში პარტნიორის აღმავალი კვანძი 0დან 3 გრადუსამდე ორბისით იმყოფება ოპოზიციაში შენს რომელიმე პერსონალურ პლანეტასთან, სერიოზული ცხოვრებისეული ცვლილებები გექნება პარტნიორის დახმარებით. ერთმანეთს დანახვისთანავე მიიზიდავთ. ისეთი განცდა გექნებათ, თითქოს წინასწარგანსაზღვრული იყო თქვენი ურთიერთობა. ნებისმიერი პლანეტა, რომელიც სინასტრიაში აღმავალთან ოპოზიციაში იმყოფება, საოცარ სირთულეებს და უდიდეს პრობლემებს მოიტანს. ერთმანეთს გააწამებთ და ბედნიერების განცდას ჩაუკლავთ.

მაგალითად ავიღოთ ერთი წყვილის ისტორია, რომელთაც ადრეულ ასაკში უყვარდათ ერთმანეთი, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო დაშორდნენ. გოგონას დავიწყება ძალიან გაუჭირდა, წლები დასჭირდა ტკივილის დასაძლევად, ბიჭს კი დრომაც ვერ უშველა. მათ სინასტრიაში შემდეგი ასპექტები ჰქონდათ:

1.გოგონას მთვარე უერთდებოდა ბიჭის დესცენდენტს.ეს ქორწინების ასპექტად ითვლება

2.ჰქონდათ ვერტექსისა და დესცენდენტის შეერთება.ესეც ქორწინების ცნობილი ასპექტია.

3.ჰქონდათ მზე ვენერას შეერთება, მთვარე ვენერას ტრინი, მარსი ვენერას შეერთება.

ერთი შეხედვით იდეალური ასპექტებია არა? ჩნდება კითხვა- მაშინ,რამ გამოიწვია ამ ურთიერთობის დასრულება,რამ დაანგრია ყველაფერი? პასუხი მარტივია-ბიჭის აღმავალი უერთდებოდა გოგონას სატურნს. ეს კი სასიკვდილო მარშის სიმღერასავით ჩაგესმით ურთიერთობის პროცესში.

"მიუხედავად იმისა,რომ ვიცოდი,ამ ასპექტის გამო ჩვენი ურთიერთობა დიდხანს ვერ გასტანდა, ამ ყველაფერმა მაინც უდიდესი გავლენა იქონია ჩემს პერსონალურ ცხოვრებასა და სპირიტულ გზაზე"-ამბობს გოგონა, "ეს იყო კავშირი,რომელმაც პიროვნებად ჩამოყალიბება მაიძულა. მან გამაძლიერა და ცხოვრების სირთულეებთან გამკლავებისთვის მომამზადა. დამანახა ჩემი თავი ისეთი,როგორიც რეალურად ვიყავი და დანახულის შეყვარება მასწავლა.დაშორების შემდეგ საოცრად მოსაწყენი,უხასიათო და ცინიკური გავხდი.თუმცა ამ ყველაფერთან ერთად მოვიდა ზრდასრულობა,რომლის არსსაც აქამდე ვერ ვიაზრებდი.ვისწავლე ცხოვრების არაკომფორტულ,მაგრამ საჭირო გადაწყვეტილებებთან შეგუება,ბრძოლა გადარჩენისთვის.პირისპირ შევეგებე ჩემს ამაზრზენ რეალობას,რომლისაც აქამდე ძალიან მეშინოდა.ვგრძნობდი,წინ კიდევ უფრო რთული პერიოდი მელოდა,რომელიც ზრდასრულ და ჩამოყალიბებულ ინდივიდად მაქცევდა,ჩემმა პარტნიორმა კი ეს პროცესი დააჩქარა.

ურთიერთობის დასაწყისში მას საერთოდ არ ვიცნობდი.უბრალოდ მასთან ერთად ვმუშაობდი და ერთხელაც,როცა შევხედე და დავაკვირდი,მივხვდი,რომ მომწონდა.არ ვიცოდი რატომ და რა მიზეზით.უბრალოდ მომწონდა.ბოლოს მასზე ფიქრი აკვიატებად მექცა.არც ის მახსოვს,საერთოდ გამოვლაპარაკებივარ თუ არა იქამდე,სანამ ამ ყველაფერს გავიაზრებდი,თუმცა ფაქტია გააზრების შემდეგ მისით სერიოზულად ვიყავი გატაცებული.ჩვენ ძალიან ახალგაზრდები და გამოუცდელები ვიყავით.დასაწყისში ძალიან რთული ურთიერთობა გვქონდა.მიუხედავად იმისა,რომ არც მხიარულება გვაკლდა და არც კარგი სექსი,ყველაფერი უფრო და უფრო მძიმდებოდა და ძალიან ბნელი ხდებოდა..."

სატურნი ძალიან რთული ბუნებისაა.იგი რეალობის პლანეტაა.ცივი და მძიმე ფაქტების.მტკივნეული სიმართლის.სატურნს არაფერი სურს,გარდა იმისა,რომ თითოეულ ინდივიდს რეალობა მთელი არსებით შეაგრძნობინოს.მას სურს ფესვები გაიდგა,გაიზარდო,ბოლოს კი ტკბილი ნაყოფი მოისხა.თუმცა მანამდე ბუნების სისასტიკესთან გამკლავება გაქვს სასწავლი.

რომანტიკულ ურთიერთობებში,სატურნი არასდროსაა ის,რაც გსურს.განსაკუთრებით კი დასაწყისში.შენ გსურს შენს ოცნებებს ხორცი შეესხას.პარტნიორთან ერთად ილუზორულსა და იდეალურ სამყაროში იცხოვრო,მარადიული თაფლობის თვე მოიწყო.ნეპტუნის,მთვარისა და ვენერის გარდა ამ დროს სხვა არცერთი პლანეტა არ გჭირდება.უეცრად კი ჩნდება სატურნი,რომელიც ბედნიერებისა და სიხალისის დაუნდობელი მკვლელია და ყოველგვარ მხიარულებას ანადგურებს ურთიერთობის საწყის ეტაპზე.

"იმის მერე,რაც შეყვარებულები გავხდით,ბოროტმა ენებმა მისი ყოფილი პარტნიორების შესახებ დაიწყეს ინფორმაციის მოწოდება-განაგრძობს გოგონა-ჩემი შეყვარებულის ერთ-ერთ საყვარელთან ერთად ვმუშაობდი კიდეც და მეგობრული ურთიერთობაც გვაკავშირებდა.ძალიან მატკინა გული იმის გააზრებამ,რომ არც ერთს არ უთქვამს ჩემთვის, ის,რომ ჩემს პარტნიორთან ჰქონდათ ურთიერთობა.მსურდა თაფლობის თვის პერიოდით დავმტკბარიყავი,თუმცა ძალიან მალე შევეჩეხე აუტანელ რეალობას.გადავწყვიტე ჩემი მეორე ნახევრისთვის არაფერი მეთქვა,სანაცვლოდ კი უარესად დავიტანჯე.სამწუხაროდ,დროის მსვლელობასთან ერთად,უფრო და უფრო მეტ აუტანელ ფაქტს ვიგებდი ჩემს შეყვარებულზე.

ყველანაირი ტიპის მტკივნეული აღმასვლა და დაცემა გამოვიარეთ,იყო გაუგებრობებიც,უთანხმოებაც.მის გვერდით ყოფნისას დეპრესია მეწყებოდა,თუმცა მაინც ძალიან მიყვარდა.ვერაფრით ვხვდებოდი,ასე რატომ მტკიოდა.ვერ ვიგებდი ასე რატომ მომწონდა და ამავე დროს მაღიზიანებდა და აღმაშფოთებდა.ისეთი შეგრძნება მქონდა,თითქოს ის ბავშვი იყო,მე კი ზრდასრული ვიყავი,მიუხედავად იმისა,რომ ჩემზე ერთი წლით უფროსი გახლდათ.მასაც ვტანჯავდი,იმიტომ რომ მეგონა,მისი ცხოვრება ძალიან მარტივი იყო,ჩემი კი მეტისმეტად პრობლემური.ვტანჯავდი,იმიტომ რომ ისიც მტანჯავდა და ბედნიერების შეგრძნების საშუალებას არ მაძლევდა.მინდოდა ზრდასრული და ჩამოყალიბებული ყოფილიყო,მაგრამ იმდენად ბავშვურად იქცეოდა,ჩემში საოცარ გაღიზიანებას იწვევდა.არაფრით გამომდიოდა მასთან თავისუფლად ყოფნა,სულ დაძაბული და აღშფოთებული ვიყავი.ვგრძნობდი კიდეც,რომ ჩემგან წასვლა უნდოდა,მაგრამ ვერ მშორდებოდა. ისევ ჰქონდა ჩემ მიმართ რაღაც სიმპათიები.საშინელება იყო.ჩემი ცხოვრება უფრო და უფრო გამოდიოდა მწყობრიდან.ფულის პრობლემებიც დამეწყო,ოჯახთანაც არ მაკლდა კონფლიქტები,მეგობრებთანაც დამეძაბა ურთიერთობა.ყველაფერმა,რაც აქამდე მეგონა,რომ სტაბილური იყო,ამ ადამიანთან ურთიერთობის დაწყების შემდეგ ნელ-ნელა ნგრევა დაიწყო.თუმცა რეალურად ეს მისი ბრალი არ ყოფილა.უბრალოდ მე ვანადგურებდი თანთადანობით ჩემს ფანტაზიებსა და ილუზიებს.იგი თითქოს ერთგვარი კოსმოსური ხომალდის როლს ასრულებდა,რომელსაც ფანტაზიებით სავსე პლანეტიდან ისეთ ორბიტაზე გადავყავდი,სადაც ჩემი ჭეშმარიტი ადგილი მელოდა.მან მაიძულა დამენახა,ვინ იყო ჩემი ნამდვილი მეგობარი და რა იყო ჩემს ცხოვრებაში სტაბილური და რა არა.

დაშორება ჩემთვის აუტანელი აღმოჩნდა,მისთვის კი შესანიშნავი.ასე დაკარგულად და განადგურებულად თავი არასდროს მიგრძვნია.თითქოს აღარაფერი გამაჩნდა.ყველა,ვინც მეგობრად მიმაჩნდა,ჩემი ოჯახი,ჩემი სახლი,ჩემი თავის აღქმა და ყოველგვარი მიზანი- გაქრა.თითქოს მიწიდან ამომგლიჯეს და ახალ გზას გამიყენეს ნამდვილი,საჩემო ადგილის მოსაძებნად,სადაც სათუთად ჩამრგავდნენ და თავს სრულყოფილად ვიგრძნობდი.

დღემდე არ ვარ დარწმუნებული,ვიპოვე ასეთი ადგილი თუ არა.თუმცა საოცრად მადლობელი ვარ იმისთვის,რომ ჩემი ილუზიები განადგურდა და ფანტაზიების სამყაროდანაც ძალით გამომათრიეს.ზოგჯერ საკმარისად ძლიერი არ ხარ იმისთვის,რომ შენით გაიზარდო.ამ დროს გჭირდება ვინმე,ვინც ამ პროცესში დაგეხმარება.
მასზე წყენა და ბრაზი საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე მქონდა გულში.საბედნიეროდ,ასტროლოგია იმის გააზრებაში დამეხმარა,რომ ის უბრალოდ ჩემი განვითარების ნაწილი იყო,ერთგვარი კატალიზატორი ჩემი სპირიტული ევოლუციის პროცესში.ის ჩემი ნამდვილი მონათესავე სული იყო,რომელიც დამეხმარა უმაღლესი მე-ს შეცნობაში.ვიმედოვნებ,რომ მეც რაღაც რაღაც წვლილი შევიტანე მის განვითარებაში."

იმისათვის,რომ ჭეშმარიტი კარმული ურთიერთობა და მთვარის კვანძების რეალური ძალა შეიგრძნოთ,სინასტრიაში აღმავალ კვანძსა და პლანეტებს შორის ასპექტებისას 0დან 3 გრადუსამდე დაშორება უნდა იყოს. ყველაზე ძლიერია შეერთება და ოპოზიცია. თუ მსგავსი ასპექტი გაქვთ პარტნიორთან,დარწმუნებული იყავით,რომ მონათესავე სული იპოვეთ.შეერთებები ზუსტად ისე მუშაობს,როგორც ზემოთ აღვწერე. ეს ადამიანები გარდაგქმნიან,სხვა პიროვნებად გაქცევენ და განახებენ, შენი ცხოვრების კონკრეტულად რომელი ნაწილი შეცვალეს.

moon2

აღმავალი კვანძის შეერთება:

1.მზესთან

პარტნიორთან ურთიერთობით იცვლება და გარდაიქმნება შენი პიროვნულობა,გემატება თავდაჯერებულობა,ეგო სერიოზულ ცვლილებებს განიცდის.შესაძლოა ცნობილი და პოპულარულიც კი გახდე.შენი სახელი საზოგადოებაში დადებით ასოციაციებს იწვევს.ხალხს შენზე კარგი შთაბეჭდილება ექმნება.გაცილებით უკეთ იაზრებ,თუ ვინ ხარ და რა გსურს ცხოვრებისგან.შენი მიზნებიც გაცილებით უფრო ცხად იერს იძენს.გიმძაფრდება რაიმეს შექმნის სურვილიც.

2.მთვარესთან

შენი ემოციური ბუნება ძლიერდება.ეს ურთიერთობა შენს ემოციურ სამყაროს გარდაქმნის,არყევს,ცვლილებებს მიწისძვრის იერი ეძლევა და შენს ქვეცნობიერს ახალ სამყაროდ აქცევს.შენი გრძნობები პარტნიორის მიმართ იზრდება და იზრდება.ეს ურთიერთობა გაიძულებს შეცვალო ის გზა,რომლითაც ემოციებს უმკლავდები და ახლით ჩაანაცვლო.შენში აქამდე მიძინებული დედა იღვიძებს და დედობრივი ინსტინქტები გერთვება,გიჩნდება ზრუნვის,აღზრდის მოთხოვნილება.გიჩნდება სურვილი დედას დაუახლოვდე,მასთან დაკავშირებული პრობლემები გადაჭრა.

3.მერკურთან

გონებაში დატრიალებული ქარიშხალი.ეს ურთიერთობა შენს გონებას ააქტიურებს.ნებისმიერ მენტალურ პრობლემას,რომელიც აქამდე გქონდა,ახლა გაზვიადებული იერი ეძლევა.სწავლობ კომუნიკაციას,სურვილი გიჩნდება მეტი ან უკეთესად ილაპარაკო.ამ ურთიერთობისას თავს გაცილებით უფრო გონიერად გრძნობ.იძულებული ხდები,ეომო შენს მენტალურ სისუსტეებს და დაამარცხო ისინი.წერ,საუბრობ,ისმენ და სწავლობ გაცილებით ბევრს.

4.ვენერასთან

შენი მგრძნობიარე ბუნება წინა პლანზე გადმოდის და ხილული ხდება.ეს ძალიან კარგი ასპექტია ურთიერთობებში,განსაკუთრებით,თუ ვენერას მფლობელი მდედრობითი სქესისაა,რადგან ეს ასპექტი შენს ფემინურ ბუნებას გააღვიძებს და განავითარებს.ურთიერთობა იზრდება,ღრმავდება და იფურჩქნება.ორივე იაზრებთ მის საჭიროებას.ისეთი შეგრძნება გაქვთ,თითქოს თქვენი კარმული მისია ერთმანეთის სიყვარულია.რაც უფრო დიდხანს ხარ მასთან,უფრო მეტად ხარ ბედნიერი,მხიარული და სიცოცხლით სავსე.შენი პარტნიორი შენი კრეატიულობის კატალიზატორია.ამ ურთიერთობაში თავს საოცრად მომხიბვლელად და სრულყოფილად გრძნობ.მის გვერდით თითქოს გაცილებით უფრო ლამაზი ხდები.ხელოვან ინდივიდად იქცევი და უმშვენიერეს ხელოვნების ნიმუშებს ქმნი.

5.მარსთან

ვნება.ეს ურთიერთობა ან ძალიან კარგია,ან ძალიან ცუდი.ეს ინდივიდი შენს ნებელობას აძლიერებს.უფრო და უფრო გემატება მოტივაცია,რომ იბრძოლო იმ ყველაფრისთვის,რაც მთელი გულით გსურს და გიყვარს.უფრო სპონტანური ხდები,იმპულსური,აგრესიული,სექსუალური და სექსუალურად თავდაჯერებული.გემატება ეგოიზმი.შენი პარტნიორი მეტისმეტად გიზიდავს,მასთან სექსი გსურს ყველგან და ყოველთვის.მას ხშირად გამოჰყავხარ წყობილებიდან,გაბრაზებს,ჭკუიდან გშლის,ძალადობრივ სურვილებს გიღვიძებს.თუ აქამდე პასიური და მშიშარა იყავი,ეს ურთიერთობა გაიძულებს,ეს ყველაფერი გამოასწორო.გაიძულებს იყო ჯიუტი,მტკიცე,ხელში აიღო მმართველობის სადავეები.თუ აქამდე ამ მხრივ პრობლემა არ გქონია და შენი ნაკლი მეტისმეტი აგრესია იყო,ეს ურთიერთობა გაიძულებს,რომ დააოკო სიბრაზე და შენი უზომო ენერგია დადებითი კუთხით გამოიყენო.

6.იუპიტერთან

კარგი იღბალი.ეს ასპექტი ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლება სინასტრიაში.პარტნიორის გვერდით ყოფნა საოცრად იღბლიანია და უდიდესი წარმატება მოაქვს.უფრო სულგრძელი,ხელგაშლილი,გულკეთილი და გონიერი ხდები.შესაძლოა დაინტერესდე რელიგიით და ფილოსოფიით.შენი იღბლის სიძლიერე იზრდება.გიჩნდება სურვილი,დაეხმარო ადამიანებს და სამყარო უფრო მხიარული და სასიამოვნო გახადო.შესაძლოა გამდიდრდე ან გასუქდე კიდეც.იწყებ ეგზისტენციალური კითხვების დასმას,"ვინ ვარ?","აქ რატომ ვარ?","რა არის ჩემი დანიშნულება?".შესაძლოა იმოგზაურო უფრო მეტი და მოიარო მსოფლიო პარტნიორის დახმარებით.

7.სატურნთან

რეალობა.ხელახლა გადახედეთ წინა ნაწილებში მოთხრობილ ამბავს.აქ იძულებული ხდები სიმართლეს პირპისპირ შეეჩეხო.თუ აქამდე რეალობას თვალს ვერ უსწორებდი და ღრუბლებში დაფრინავდი,პარტნიორი მიწაზე დაგანარცხებს.გიძლიერდება პასუხისმგებლობის გრძნობა,ზრდასრული ხდები,თავს უფრო ხნიერად და ჩამოყალიბებულად გრძნობ.თვალები გეხილება და ხედავ,სად გქონდა პრობლემები რეალობასთან დაკავშირებით და რომელ ასპექტში იყავი უპასუხისმგებლო.პარტნიორისთვის ტვირთი ხდები.მის გვერდით ხასიათი გიფუჭდება,იღუშები,პირქუში ხდები.უფრო ძლიერ და მიწიერ ინდივიდად გარდაისახები.რეალობის შეცნობის დიდოსტატად იქცევი.უდიდესი ინტერესი გიჩნდება ბუნების,ნატურალური ქვების,მცენარეების და ცხოველების მიმართ.ეს ასპექტი ძალიან კარგია იმ ადამიანებისთვის,რომლებიც დაკავებულნი არიან ოკულტური ხელოვნებით,იოგით,მედიტაციით,რადგან მსგავსი აქტივობები მიწასთან გაახლოებს.

8.ურანთან

სიახლე.ურთიერთობას ისეთი ამაღელვებელი ცვლილებები მოაქვს შენს ცხოვრებაში,აქამდე რომ არასდროს გამოგეცადა.გამუდმებით იღებ ახალ იდეებს ლურჯი პლანეტისგან.შენი ინტუიცია იზრდება.თავს ანებებ ძველ კავშირებს,ჩვევებს,ტრადიციებს,ურთიერთობებს.სრულიად იცვლი იმიჯს,სტილს და გარეგნობას.აღტაცებული ხარ მომავლით.გექმნება პრობლემები ელექტროობასთან.დაინტერესებული ხდები მეცნიერებით,ტექნოლოგიით.არაპროგნოზირებად ინდივიდად იქცევი.უცნაური ხდები და უჩვეულო ადამიანებთან იწყებ დროის გატარებას.ამ ურთიერთობის პერიოდში,შენი მეგობრები და ოჯახის წევრები ვეღარ გიგებენ,ვეღარც შენ პოულობ მათთან რამე საერთოს.ეს პარტნიორი ისეთი იქნება,მისნაირი აქამდე არასდროს არავინ რომ გინახავს და ვეღარც ვეღარასდროს შეხვდები.დიდია ალბათობა,რომ ამ ურთიერთობამ დიდხანს ვერ გასტანოს,თუმცა იმდენად შეგცვლის და სიახლეებით ისე დაგაჯილდოვებს,რომ ვეღარასდროს დაივიწყებ.

9.ნეპტუნთან

ურთიერთობა ააქტიურებს შენს წარმოსახვის უნარს.შესაძლოა უკიდურესად რომანტიული ურთიერთობა გქონდეთ.რომეოსა და ჯულიეტას სტილში.თუ პარტნიორის გვერდით არ ხარ,თითქოს ყველაფერი უფერულდება და ქრება შენს გარშემო.გიჩნდება ნარკოტიკის გასინჯვის სურვილი.ან ნარკოტიკებს მოიხმარ პარტნიორთან ერთად,ან წარმოსახვით ადგილებში დადიხართ.თუ მწერალი,მხატვარი,მუსიკოსი ან რაიმე ამგვარი ხარ და კრეატივის ნაკლებობით იტანჯები,ურთიერთობა განგკურნავს ამ ყველაფრისგან.წარმოსახვის ისეთ ხვეულებს გაგიღვიძებს,აქამდე რომ ვერც კი წარმოგედგინა.ეს საშიში ურთიერთობაა.ან არაგულრწფელს და მატყუარას გხდის,ან გარშემომყოფები იქცევიან არაგულრწფელებად.ამავდროულად პარტნიორის ჯადოს ქვეშ იმყოფები და რეალობის შეგრძნების უნარს კარგავ.

10.პლუტონი

განსაწმენდელი.ეს ურთიერთობა ღრმაა,სიბნელით მოცული,მახინჯი,ძლევამოსილი და როცა სრულდება,ისეთ სულიერ გასხივოსნებას შეიგრძნობ,აქამდე ოცნებებშიც კი რომ ვერ წარმოგედგინა.იაზრებ შენს სულიერ დანიშნულებას.თითქოს ეს ურთიერთობა ჯოჯოხეთია,რომელიც ცოდვებისგან გწმენდს.იმ საიდუმლოებებს,რომლებსაც აქამდე მონდომებით ფარავდი,ფარდა ეხდება.იძულებული ხდები შენს ბნელ მხარეს თვალებში ჩახედო და პირისპირ შეეგებო.გიძლიერდება ინტერესი ოკულტიზმის მიმართ და ამ მხრივ საოცრად ძლიერი ხდები.პარტნიორის გავლენის გამო შენს ცხოვრებაში საეჭვო და იდუმალი ზრახვების მქონე ინდივიდები ჩნდებიან.თავად პარტნიორს მისტიური ძალები აქვს და არც კი იცი,სანდოა თუ არა.ესაა ურთიერთობა,რომელიც ტრანსფორმაციას განგაცდევინებს და უმაღლეს მიზნებს სიღრმისეულად შეგაგრძნობინებს.

რაც შეეხება ოპოზიციებს,ისინი რეალურად დაღმავალ კვანძთან შეერთებებია და აქ ჩამოთვლილის საპირისპიროდ მუშაობენ.თუ სინასტრიულ რუკაში დაღმავალ კვანძთან შეერთება გაქვთ თქვენ და თქვენს პარტნიორს,დასაწყისში იმ პლანეტის ენერგიას შეიგრძნობთ მთელი სიძლიერით,რომელიც დაღმავალ კვანძს უერთდება.თუმცა სპირიტულ გზასთან და პროგრესთან ერთად,ენერგია იკლებს.პლანეტის მფლობელმა იმიტომ აგირჩია,რომ შენთან თავს კომფორტულად გრძნობს და მზადაა შენთან უმაღლესი სპირიტული მოგზაურობის დასაწყებად.ნეგატიური პლანეტები,როგორიცაა მარსი,სატურნი,პლუტონი და ნეპტუნიც კი,ურთიერთობას დროის მსვლელობასთან ერთად უფრო და უფრო მარტივად შეგაგრძნობინებენ,თუმცა ეს ურთიერთობა მიჩვევას და დამოკიდებულებას იწვევს.უფრო რომანტიკული პლანეტები კი,როგორიცაა ვენერა,მთვარე,იუპიტერი და ასევე ნეპტუნი,დროის მსვლელობასთან ერთად ქრებიან და იცრიცებიან.

დაღმავალი კვანძის შეერთება:

1.მზესთან

პარტნიორი იმიტომ აირჩიე,რომ შენს ეგოს ამაღლებს.დროის მსვლელობასთან ერთად კი,ამ ურთიერთობით გაიაზრებ,თუ როგორი ამაოა ეგოსთან დაკავშირებული საკითხები.შენს ჭეშმარიტ მესთან დაამყარებ კავშირს.

2.მთვარესთან

ეს ინდივიდი იმიტომ აირჩიე,რომ მის გვერდით თავს კომფორტულად გრძნობ.ზრუნავს შენზე და შენს აღზრდაში მონაწილეობას იღებს.სამწუხაროდ დროის მსვლელობასთან ერთად იძულებული გახდები გამოხვიდე კომფორტის ზონიდან და წინსვლა განაგრძო იმისთვის,რომ შენი ჭეშმარიტი ემოციური ბუნება იპოვო.

3.მერკურთან

ის მენტალური სტიმულაცია,რომელსაც პარტნიორი გაძლევს,აღგაფრთოვანებს.სამწუხაროდ,დროის მსვლელობასთან ერთად იაზრებ,რომ ერთმანეთში იმდენ იდეასაც არ იზიარებთ,როგორც თავიდან გეგონა.ურთიერთობა გაიძულებს,სხვანაირად დაიწყო ფიქრი.შესაძლოა ისეთი შეგრძნება გქონდეს,რომ ზედმეტად ბევრს საუბრობთ,შენ კი სიმშვიდე და სიჩუმე გსურს.საბოლოოდ,დაასკვნი,რომ საკმარისად ბევრი ისწავლე,ახლა კი შეგრძნებებისა და ემოციების გამოცდა გსურს მასთან ერთად.

4.ვენერასთან

ეს ადამიანი ბუნებრივად,თანაც ძალიან გიზიდავს.მის გვერდით თავს საოცრად ლამაზად გრძნობ.სამწუხაროდ,დროის მსვლელობასთან ერთად იაზრებ,რომ ეს ადამიანი შენთვის არ არის,ვერ ეწყობი,გაკლია რომანტიკა,სითბო და შენი ბედნიერება სხვა რამეებზეა დამოკიდებული,იმ ყველაფერზე,რომლებსაც პარტნიორი ვერ გაძლევს.თუ აქამდე თავი ლამაზი გეგონა,ახლა ეჭვი შეგეპარება.ამ ურთიერთობით სილამაზის გადაფასებას და განსხვავებულად გააზრებას დაიწყებ.

5.მარსთან

პარტნიორთან საკმარისზე მეტს ჩხუბობ.შესაძლოა მტრებადაც კი იქცეთ,ან დასაწყისში იყოთ მტრები,მოგვიანებით კი გააცნობიერო,რომ ძალიან ბევრი გაქვთ საერთო და მის გვერდით თავს კარგად გრძნობ.ეს ისეთი ტიპის ურთიერთობაა,რომელიც დასაწყისში სავსეა ვნებით,სექსუალურობით,სიმხურვალით,მოგვიანებით კი ცივდება,უფრო მშვიდი და აზრიანი ხდება.ერთმანეთისგან ბევრს სწავლობთ.

6.სატურნთან

შესაძლოა არ იყო დარწმუნებული შენს ფიზიკურ სიძლიერეში და ცოტა არ იყოს მაზოხისტი და სამსახურზე დამოკიდებული ტიპაჟიც იყო.ეს პარტნიორი იმიტომ აარჩიე,რომ არ გჯერა ბედნიერების არსებობის და არც თვლი,რომ ბედნიერებასა და სიყვარულს იმსახურებ.ამ ურთიერთობის შედეგად კი იაზრებ,რომ უკვე იმუშავე საკმარისზე ბევრი და უნდა მოდუნდე,დაისვენო და ბუნების სილამაზე შეიგრძნო ტკივილის დამატებით.

7.იუპიტერთან

ისეთი ტიპის ურთიერთობაა,ძალიან მარტივად რომ იწყება,დროის მსვლელობასთან ერთად კი აუტანლად რთული ხდება.თავდაპირველად პარტნიორი საოცარი იღბლით გაჯილდოებს,საბოლოოდ კი ეს იღბალიც ქრება.ამ ურთიერთობით თავს დაცემულად და დამცირებულად გრძნობ.ისეთი შეგრძნება გაქვს,თითქოს ღმერთი გტოვებს.თუ აქამდე რელიგიური ინდივიდი ან ფანატიკოსი იყავი,ეს ურთიერთობა რელიგიას გაცილებით უფრო რეალისტურად დაგანახებს და თვალებს აგიხელს.

8.ურანთან

გგონია,რომ ძალიან უცნაური ხარ და ეს პარტნიორიც იმიტომ აირჩიე,რომ ეს უცნაურობა უფრო გაგიმძაფროს,თუმცა გადის დრო და იაზრებ,რომ უფრო ემოციური და მიწიერი ხარ,არ ხარ არაამქვეყნიური და უემოციო,არც ადამიანებისგან შორს არ იმყოფები,პირიქით,მათთან იმაზე გაცილებით უფრო მეტად ხარ დაკავშირებული,ვიდრე წარმოგედგინა.პარტნიორის გვერდით რწმუნდები,რომ არაფერია,თუ საზოგადოების ჩარჩოებში მოექცევი და მოერგები მათ,ზოგჯერ კი ხალხსაც გაყვები.

9.ნეპტუნთან

ეს ისეთი ტიპის ურთიერთობაა,რომელიც შენი ილუზიების,მაზოხიზმისა და დელუზიებისგან გათავისუფლებს.თუ ნარკომანი და წამალზე დამოკიდებული ხარ,გაიაზრებ იმ ფაქტს,რომ ნარკოტიკი ორგანიზმს გინგრევს და სიკვდილისკენ მიგაქანებს.იწყებ გამოფხიზლებას და გამოჯანსაღებას.ზოგჯერ ეს ურთიერთობა ფანტაზიის და წარმოსახვის უნარსაც გართმევს.შესაძლოა ერთმანეთი მიწერ მოწერით გაიცნოთ,გეგონოთ,რომ ერთმანეთისთვის ხართ შექმნილი,დროთა განმავლობაში კი უფრო და უფრო ნაკლებად გახდებით ერთმანეთით აღფრთოვანებული.

10.პლუტონთან

ეს ურთიერთობა შეიძლება დაიწყოს სიბნელით,წამებით,ტკივილით,პრობლემებითა და სირთულეებით,დროთა განმავლობაში კი მარტივი,ნათელი,ლამაზი და ზეციურიც კი გახდეს.ამ ადამიანს უბრუნდები და უბრუნდები,რადგან მის მიმართ დანაშაულის შეგრძნება გტანჯავს,საბოლოოდ კი იმასაც ისწავლი,ამ ტანჯვისგან როგორ უნდა გათავისუფლდე.პარტნიორი გასწავლის როგორ უნდა მიუტევო საუთარ თავს და დაგანახებს,რომ ტანჯვა,სიბნელე და იმედგაცრუება დასრულდა.ახლა ახალი,ნათელი დღე დაიწყო!

თუ მოგეწონათ, გააზიარეთ...

მსგავსი სტატიები

ურანი - ღმერთის ხმა


ავტორი: იოანე შენგელია სამეფო კარის თამაშები ეს იყო გაელვება. ე...

მზე/მთვარის დაბნელება


„მზის დაბნელება/ახალმთვარეობა“ სტატიის ავტორი:გიორგი ლობჯანიძე ...

დირექტული იუპიტერი


 ავტორი: გიორგი ლობჯანიძე მოგესალმებით, მეგობრებო, დაა...

რეტროგრადული პლანეტები


მთარგმნელი: თამთა ბურდული რეტროგრადული პლანეტების კარმული მნიშვნ...

ანტარესი - მორიელის გული


ვივიენ რობსონის წიგნიდან - "უძრავი თანავარსკვლავედები და ვარსკვლა...

"მაგმას" პირადი რუქა


ავტორი: იოანე შენგელია მაგმას ძვირფასო მკითხველნო :)) წინამდებარე...

რეგულუსი - ლომის გული


ვივიენ რობსონის წიგნიდან - "უძრავი თანავარსკვლავედები და ვარსკვლა...

პირადი რუკა და პროგნოზირება (ზოგადად)


მოგესალმებით ძვირფასო მკითხველო. ამ სტატიაში მსურს ძალიან ზოგადად ვ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff