ასტროლოგია - არსობრივი ანალიზი (II ნაწილი)

Admin
ასტროლოგია
0
0

ავტორი: მამუკა გურული მეორე ნაწილი სტატიის პირველ ნაწილში ვისაუბრეთ იმაზე, რომ ასტროლოგია არ ...

astrologer 3

ავტორი: მამუკა გურული

მეორე ნაწილი

სტატიის პირველ ნაწილში ვისაუბრეთ იმაზე, რომ ასტროლოგია არ წარმოადგენს ემპირიულ მეცნიერებას და შესაბამისად არც ის მიზეზ-შედეგობრივი მექანიზმებია ცნობილი, რომლითაც ასტროლოგიაში ვარსკვლავების და პლანეტების ზემოქმედებას ავღწერთ. მაგრამ ფაქტია, რომ ასტროლოგია მუშაობს, და ასტროლოგები დაკვნებს იმ დაკვირვებების და გამოცდილების ხარჯზე აკეთებენ, რომლებიც ცარიელ ადგილზე არ გაჩენილა.

ასტროლოგია პირველ რიგში ოკულტური ცოდნაა, და უძველეს დროში ოკულტისტების მიერ გახსნილი კანონზომიერებები დღემდე გამოიყენება ასტროლოგების მიერ, რომლებიც ამ კანონზომიერებებს უკვე ვეღარ სწვდებიან და მხოლოდ გამოვლინებების და დაკვირვებების სახით იყენებენ. მაგალითად, ასტროლოგიას აქვს გარკვეული სისტემა, თავისი სიმბოლიზმი (უფრო დაწვრილებით იხ. ამ სტატიაში), მაგრამ ის ცოდნა, თუ როგორ მიიღება ეს კანონზომიერებები, მათი მიზეზ-შედეგობრიობა, დღეს უკვე ასტროლოგებს აღარ აქვთ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ძველი ოკულტური ცოდნის დიდი ნაწილი დღეს უკვე მოძველდა, გარკვეულწილად შეიცვალა ძველ სისტემაზე მორგებული ვარსკვლავების განლაგებაც, და ცოტა არ იყოს ხელოვნური მნიშვნელობები და ფუნქციები მიენიჭა იმ ციურ სხეულებს, რომლებიც მოგვიანებით აღმოაჩინეს. ძველად გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭებოდა მზის და მთვარის გავლენას ბუნებაზე და ადამიანზე (ეს მნათობები ემპირიული თვალსაზრისითაც ყველაზე დიდ გავლენას ახდენენ, და ამას არც მეცნიერება უარყოფს), დღეს კი ასტროლოგიაში შემოტანილია უამრავი მნათობი, ფაქტიური თუ ფიქტიური წერტილი, რომელთა მნიშვნელობებიც დღემდე დავის საგანია და ყველა ასტროლოგიური სისტემა და სკოლა თავისებურად უდგება მათ.

ავიღოთ თუნდაც ის, რომ ორი ყველაზე მთავარი მიმართულება ასტროლოგიაში: დასავლური და აღმოსავლური ასტროლოგია, ეყრდნობა ორ განსხვავებულ გაანგარიშებას - ტროპიკულს და სიდერულს. ძალიან მოკლედ, თუ დასავლური ასტროლოგიით თქვენ ხართ მზით ლომი, ჯიოტიშით, ანუ ვედური ასტროლოგიით იქნებით დიდი ალბათობით კირჩხიბი (განსხვავება დასავლურ ასტროლოგიასა და ჯიოტიშს შორის დაახლოებით 23 გრადუსია). და საინტერესო ისაა, რომ ორივე ეს სისტემა მუშაობს, თავისი სხვადასხვა აღქმებით, მიდგომებით, დამოკიდებულებებით... ის, თუ რა დონეზე და როგორ მუშაობს ესა თუ ის სისტემა, ყველამ თავისი დაკვირვებით უნდა განსაზღვროს, რადგან სერიოზული სტატისტიკური კვლევები არც ამ მხრივ არსებობს. ჩემი პირადი გამოცილებით კი ვიტყვი, რომ ჩემზე გარკვეულწილად ორივე რუკამ იმუშავა, და თან იმ დონეზე არცერთს არ უმუშავია, რომ რომელიმეს უპირატესობა გამომეკვეთა. ამასთან შედგენილი მაქვს მრავალი რუკა ჯიოტიშში და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს სისტემა მუშაობს.

სწორედ აქ ჩნდება მთავარი კითხვა: რა განაპირობებს იმას, რომ ასტროლოგია, რომელიც ფსევდომეცნიერებაა, და რომელსაც მრავალი მეტ-ნაკლებად განსხვავებული სისტემა აქვს, მაინც მუშაობს და მაინც ამდენი მიმდევარი ჰყავს? ამ მხრივ მე გამოვყოფ სამ მთავარ ფაქტორს, რომელთაგანაც თვითოეულის წილი სხვადასხვა ასტროლოგის ან სკოლის შემთხვევაში სხვადასხვაა, მაგრამ მეტ-ნაკლებად ადგილი სამივეს აქვს ხოლმე:

1. სისტემური ფაქტორი - ესაა სწორედ უძველესი ოკულტისტების მიერ დატოვებული სისტემის ის რეალური და ობიექტური მხარე, რომელიც მეტ-ნაკლებად შემორჩენილია ასტროლოგიაში. და ის, თუ რამდენად სწორად ხდება მათი ინტერპრეტაცია, და რამდენად ხდება სწორედ მათზე, და არა სხვა ფაქტორებზე აქცენტი ასტროლოგის მიერ, ეს უკვე თავად ასტროლოგზე ან სკოლაზეა დამოკიდებული. და ზუსტად განსაზღვრა იმისა, თუ რა ფაქტორებია ეს და როგორ არ აგვერიოს დანარჩენ ორ ფაქტორში, როგორც მინიმუმ ძალიან ძნელია. უბრალოდ ვიცით, რომ ეს მხარე არსებობს. ალბათ ეს ის ფაქტორებია, რომლებიც მეტ-ნაკლებად ყველა ძველ და ახალ ასტროლოგიურ სკოლას აერთიანებს და ასე ვთქვათ საერთო აქვთ, მაგრამ აქ პრობლემა ისაა, რომ გარკვეულწილად ეს ფაქტორები მოძველებულია და განახლებას საჭიროებს, სისტემის ოკულტური მხრიდან განახლება კი რეალურად ისევ ოკულტისტებს შეუძლიათ და არა ჩვეულებრივ ასტროლოგებს (ვგულისხმობ იმ ასტროლოგებს, რომლებსაც არც ასტროლოგიის მეცნიერების რელსებზე გადაყვანა არ აინტერესებთ, და არც ოკულტური ხედვა აქვთ). და ასევე გასათვალისწინებელია, რომ ეს პირველი ფაქტორი გაცნობიერების და ზუსტი გააზრების გარეშე მეორე ფაქტორში გადადის და მათ შორის ზუსტი ზღვარის გავლება რთული ხდება.

2. მეორე და მნიშვნელობით დღეს უკვე ყველაზე მთავარი ფაქტორია - ასტროლოგიის, როგორც ეგრეგორის გაგება. ამ ფაქტორზე დაწვრილებით მოგვიანებით ვისაუბრებ.

3. ფსიქოლოგიური ფაქტორი - ესაა ასტროლოგიის მუშაობის ის მხარე, რომელიც ყველა ადამიანმა და პირველ რიგში ასტროლოგებმა უნდა გაითვალისწინონ.

psichologi 222

პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ, რომ თავად ფსიქოლოგია (თუ არ ჩავთვლით ფსიქიატრიას) ჯერ კიდევ არაა ემპირიული მეცნიერების რანგში, და მეცნიერების მხრიდან ამ სფეროს მიმართაც ბევრი პრეტენზიაა, მაგრამ ფსიქოლოგია ასტროლოგიაზე სწრაფი ნაბიჯებით მიიწევს მეცნიერებისკენ და ცდილობს თავისი დაკვირვებები მეცნიერულად გაამყაროს. მაგრამ კავშირი, როგორც პირდაპირი, ასევე არაპირდაპირი, ასტროლოგიას რეალურად ფსიქოლოგიასთან უფრო აქვს, ვიდრე იგივე ასტრონომიასთან. და დღეს ვერ იქნები კარგი ასტროლოგი, თუ კარგი ფსიქოლოგი არ ხარ.

არსებობს მრავალი ფსიქოლოგიური ფაქტორი, რომელიც ასტროლოგმაც და მისმა კლიენტმაც უნდა გაითვალისწინოს. პირველ რიგში ესაა ბარნუმის ეფექტი (იგივე ფორერის ეფექტი). ბარნუმის ეფექტი - ესაა ადამიანის განსაკუთრებულობა, სარწმუნოდ აღიქვას პიროვნების ისეთი აღწერები, რომლებიც, როგორც ის ფიქრობს, უშუალოდ მისთვის იწერებოდა, სინამდვილეში კი ბუნდოვანი და საკმაოდ განზოგადებულია. ასეთი ეფექტი შეიძლება აიხსნას ყოველი ადამიანის ინტერესით საკუთარი პერსონისადმი (უფრო დაწვრილებით სტატია ამ ეფექტის შესახებ წაიკითხეთ ამ ლინკზე). და ალბათ დამეთანხმებით, რომ ამ ეფექტის გავლენა ასტრო-ფსიქოლოგიური კონსულტირებისას საკმაოდ დიდია, განსაკუთრებით გარკვეული კატეგორიის ადამიანებში, რომლებიც მიდრეკილნი არიან არაკრიტიკული მინდობისკენ და გულუბრყვილობისკენ. ასევე მათში, ვისაც ძლიერი სტრესი აქვს და სინამდვილეში ფსიქოლოგიური თანადგომა ჭირდება და რეალურად ამ მოტივით მიმართავს ასტროლოგს. ფსიქოლოგიური ეფექტებიდან უნდა გამოვყოთ ასევე ყველასთვის ცნობილი პლაცებოს ეფექტიც

აქ ბევრ ასტროლოგს გაუჩნდება პროტესტი, რომ მსგავსი ეფექტრები და განწყობები თავს იჩენს მაშინ, როცა ზოგადი აღწერები ძალიან ზოგადია და უფრო ყვითელი ასტროლოგიისკენ მიდის, ვიდრე სერიოზული ასტროლოგიისკენ, მაგრამ განსხვავებით „ჰოროსკოპების“ პრიმიტიული გაგებისგან, რუკის კომპლექსურ და დეტალურ გარჩევას მეორე უკიდურესობა გააჩნია - აქ არსებობს ასპექტთა და მნიშვნელობათა იმდენად დიდი და ხშირად ურთიერთგამომრიცხავი სიმრავლე, რომ რეალურად რომლებია მნიშვნელოვანი და რეალური - რბილად რომ ვთქვათ ძალიან სუბიექტურია და საბოლოო ჯამში ბევრ ბუნდოვანობას ტოვებს.

უნდა გავითვალისწინოთ თვითონ ასტროლოგის ფსიქიკა, რომელიც შეიძლება თავის ზრახვებში გულწრფელია და ცდილობს ობიექტური იყოს, მაგრამ მისი ქვეცნობიერი მისგან დამოუკიდებლად აკეთებს დასკვნებს და იღებს გადაწყვეტილებებს. მაგალითად, მასთან მივიდა კლიენტი, იგი აკვირდება ამ კლიენტს და როგორც ცნობიერ, ასევე არაცნობიერ დონეზე გამოაქვს გარკვეული დასკვნები და წინასწარგანწყობები (თუნდაც ერთი შეხედვით, ქვეცნობიერი უკვე „ასკანერებს“ ადამიანს და გარკვეული დასკვნები უყალიბდება). შემდეგ ასტროლოგი იკვლევს რუკას და მისი როგორც ცნობიერი, ასევე არაცნობიერი დასკვნები აუცილებლად მოდის სინქრონში იმ დასკვნებთან, რომლებიც მან პირველადი დაკვირვებისას წინასწარგანწყობით შეიქმნა.

აქ ალბათ ისევ გაჩნდება პროტესტი: კი მაგრამ, ხომ არიან ასტროლოგები, რომლებიც დისტანციურად ადგენენ რუკებს, და საკმაოდ წარმატებულადაც? ჩემი პასუხი იქნება: რამდენად წარმატებულად, ეს საეჭვოა. და თანაც, იგივე ფაქტორი როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ეგრეგორული კუთხით დისტანციურადაც მოქმედებს. მაგალითად, მე მქონდა შემთხვევა, როდესაც ერთმა ჩემმა მეგობარმა მთხოვა მოკლედ გამერჩია იმ ადამიანის რუკა (ვედური ასტროლოგიით), რომელსაც საერთოდ არ ვიცნობდი და სქესი და სახელიც კი არ ვიცოდი. მრავალი ასპექტიდან პირველი, რაც თვალში მომხვდა ის იყო, რომ მეორე სახლი ძალიან დაზიანებული იყო. ამ დაზიანების გამოხატულებად ჩემი ცოდნის პაკეტში ბევრი რამ შემეძლო დამესახელებინა, მაგრამ რატომღაც პირველი, რაც თავში მომივიდა, ეს იყო, რომ პირის აპარატის დაზიანება ექნებოდა, და ვუთხარი კიდეც, ფრთხილად, უფრო კითხვის, ვიდრე მტკიცებულების სახით (ცალსახა მტკიცებებს ასტროლოგები ერიდებიან და ესეც ფსიქოლოგიური თავდაცვის ბუნებრივი მომენტია). მეგობარმა მითხრა, რომ ამ ადამიანს მგლის ხახა თუ რაღაც ამდაგვარი აქვს. მეც აღფრთოვანებული ვიყავი ჩემი ზუსტი დიაგნოზით, მაგრამ მერე რომ დავფიქრდი - ეს არ იყო მხოლოდ ლოგიკურ დასკვნებზე აგებული ინფორმაცია (იმიტომ რომ ლოგიკას თუ მივყვებოდი სხვა უამრავი დასკვნა შეიძლება დამედო, და რატომ მოვიდა პირველივე ეს პასუხი?), ეს იყო ფსიქოლოგიური ეფექტი, რომელსაც მეცნიერული ახსნა ჯერ არ აქვს, და მე ეგრეგორულ მექანიზმებს უფრო ვაკავშირებ (ამაზე, როგორც გითხარით, მოგვიანებით)...

გარდა ამ ეფექტისა, ასტროლოგიური კონსულტაცია ხშირად შეიძლება შეიცავდეს პლაცებო ეფექტებსაც. და რაც მთავარია, როგორც პირადი კონსულტაციის, ასევე საჯარო პროგნოზების განუყოფელი ნაწილია ნეირო-ლინგვისტური პროგრამირება (NLP). პროგნოზირებისას, როგორც კონკრეტული ადამიანის ქვეცნობიერში, ასევე მასის კოლექტიურ ქვეცნობიერში იდება პროგრამა, რომელიც შესაბამისად იმუშავებს კიდეც. ისევ და ისევ ვიმეორებ, ეს არ ხდება ყოველთვის, და შესაძლოა არსებობდეს რეალური (სისტემური) ან ეგრეგორული პროგნოზირების ელემენტები, მაგრამ ეს ფსიქოლოგიური ფაქტორები მაინც ყოველთვის გათვალისწინებულ უნდა იქნეს. რეალურად ასტრო-ფსიქოლოგის ერთ-ერთი ფუნქცია სწორედ ესაა: პოზიტიურად მომართოს ადამიანი და დაეხმაროს დესტრუქციული პროგრამების მოშორებაში, მაგრამ თუ ყველაფერს თავის სახელს დავარქმევთ, ეს რეალურად ფსიქოლოგიის სფეროა და არა ასტროლოგიის. როგორც მინიმუმ თავად ასტროლოგი მაინც უნდა აცნობიერებდეს ამას და ადეკვატურ და გამგებ ხალხთან მაინც ხსნიდეს ამ მექანიზმს (ყველას ამ ენით ვერ დაელაპარაკები და არცაა საჭირო).

ფსიქოლოგიური ფაქტორებიდან ასევე უნდა გამოვყოთ ვექტორული ფსიქოლოგიის კუთხით არსებული მოცემულობა, რომ მინიმუმ 80% (ეს არ ეხება იმ ქვეყნებს, სადაც ასტროლოგია ტრადიციული მემკვიდრეობაა, მაგალითად ინდოეთს) იმ ადამიანებისა, რომლებიც აქტიურად ინტერესდება ასტროლოგიით და ასტროლოგთან (ასევე სხვადასხვა სახის მკითხავებთან და ექსტრასენსებთან) კონსულტაციაზე მიდის, გახლავთ ვიზუალური ვექტორის წარმომადგენელი. ხოლო ამ ფსიქოტიპის აღქმები და დამოკიდებულებები აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული, თუკი რა თქმა უნდა ამ ფაქტორის გათვალისწინება საერთოდ გვსურს. კერძოდ, ესაა ამ ფსიქოტიპის მიდრეკილება მისტიციზმისკენ, რწმენებისა და ცრურწმენებისკენ, შთაბეჭდილებებისკენ და ცნობიერი ან არაცნობიერი მანიპულაციისადმი ყველაზე ადვილი დაქვემდებარებისკენ. ასევე იმისკენ, რომ თუ პიროვნება მოეწონა (მაგალითად ასტროლოგი), მის იდეებს და რჩევებს ადვილად იღებს და კრიტიკულ ანალიზსაც ნაკლებად რთავს. მოკლედ ასეთი ადამიანები ხშირად ადვილად იხიბლებიან ასტროლოგის ან ფსიქოლოგის პიროვნული ქარიზმით, უჩნდებათ ემოციური კავშირი და შემდეგ ყველაფერს ადვილად იჯერებენ. ხშირად აქვთ მიდგომა (რა თქმა უნდა გაუცნობიერებელი): ის კარგი ადამიანია, შესაბამისად რასაც ამბობს სწორია. პლუს სწორედ ასეთ ფსიქოტიპს მოსწონს ყველაზე მეტად, როცა მასზე საუბრობენ, ან თვითონ აღწერენ თავს გარკვეული კუთხით - ასტროლოგია კი დამეთანხმებით, კარგი საშუალებაა საკუთარი თავის და თვისებების სადემონსტრაციოდ. მოკლედ, ასტროლოგიური ჯგუფების წევრთა მინიმუმ 80% ვიზუალური ვექტორის წარმომადგენელია, და ეს უკვე რაღაც კონკრეტულზე მეტყველებს...

სხვათაშორის, ფსიქოლოგების მხრიდანაც ხშირად იყო ასტროლოგიაზე კვლევები. მაგალითად, კარლ იუნგი ცდილობდა დაედგინა, როგორ მოქმედებდა 483 წყვილის ქორწინების სიმყარეზე მზისა და მთვარის განლაგება დაბადების მომენტში. მნიშვნელოვან კავშირებს ამასთან დაკავშირებით მან ვერ მიაგნო.

მინდა აქვე აღვნიშნო, რომ ასტროლოგების არგუმენტები იმასთან დაკავშირებით, რომ მსგავსი კვლევები და სტატისტიკა მხოლოდ გარკვეულ კერძო ასპექტებს ეხება და არ ითვალისწინებს მთლიან რუკას ერთიანობაში, ერთი მხრივ სამართლიანია, მაგრამ მეორე მხრივ მინუსადაც შეიძლება ჩაითვალოს, რადგანაც ნებისმიერ სისტემას გააჩნია გარკვეული ფუნდამენტური ჭეშმარიტებები, ე.წ. ღერძები, რომლებზეც შენდება ყველა დანარჩენი დეტალი. და თუ ასეთი ღერძი მზე და მთვარე - ანუ ყველაზე მთავარი მნათობები არაა, მაშინ სხვა რაღაა? ქირონი და ლილიტი? მოკლედ, ასპექტთა და მნიშვნელობათა დიდი სიმრავლე კარგთან ერთად ცუდ სამსახურსაც უწევს ასტროლოგიას, რადგან ძნელი ხდება გარჩევა იმისა, თუ რომლებია სისტემური, და რომლები - ხელოვნურად „მიერთებული“. ყველა ასტროლოგს აქვს თავისი "Fიშკა", რომელზეც მეტ აქცენტს აკეთებს დანარჩენ ასპექტებთან შედარებით, და ეს "Fიშკა" მისთვის მთავარ ღერძს წარმოადგენს, მაგრამ რაც უფრო მეტია მსგავსი დამოკიდებულებები, მით უფრო მეტ სუბიექტივიზმამდე მივდივართ და ასტროლოგიას, როგორც ერთიან სისტემას, ობიექტურობის სიმყარე აკლდება. სუბიექტივიზმის და განწყობების როლი, და ამ განწყობების სხვა ადამიანებზე მენტალურად გადატანის როლი ფსიქოლოგიაში კი ცალკე და ძალზე ვრცელი თემაა.

სხვათაშორის, იგივე ფსიქოლოგიურ, სისტემურ თუ ეგრეგორულ მექანიზმებში ჩემი დამოკიდებულება და ეს სტატიაც თავისუფლად ჯდება, ამიტომ ჩართეთ მეტი რაციონალიზმი და კრიტიკა, როცა ამ სტატიას კითხულობთ, და ნურც მიიღებთ და ნურც უარყოფთ ბრმად ან მეტისმეტად სუბიექტურად. 

მთავარ ფსიქოლოგიურ ეფექტებზე მოკლედ უკვე ვისაუბრეთ, შემდეგი ნაწილი კი ყველაზე მნიშვნელოვან - ეგრეგორულ გავლენებს შეეხება...

პირველი ნაწილი

მესამე ნაწილი

თუ მოგეწონათ, გააზიარეთ...

მსგავსი სტატიები

იუპიტერის ტრანზიტი სახლებში


ავტორი: იოანე შენგელია შესავალი ნებისმიერი ადამიანის დაბადების ...

ლილიტი მორიელში


ავტორი: ანა თოფურიძე ასტროლოგიის შესახებ მრავალი დისკუსია იმართე...

ასტროლოგია - არსობრივი ანალიზი (II ნაწილი)


ავტორი: მამუკა გურული მეორე ნაწილი სტატიის პირველ ნაწილში ვისაუ...

მზე/მთვარის დაბნელება


„მზის დაბნელება/ახალმთვარეობა“ სტატიის ავტორი:გიორგი ლობჯანიძე ...

პლანეტების ზეგავლენის შესახებ...


გიორგი გურჯიევის მოსწავლის - პიოტრ უსპენსკის წიგნიდან - "მ...

3 ზოდიაქოს ნიშნის შედარებითი ანალიზი


მთარგმნელი: ქეთი ოდიშელი (Omnia) წყარო ვერძი - დაბლა დახრი...

„რეტროგრადული მერკური“


სტატიის ავტორი: გიორგი ლობჯანიძე დღეიდან უკვე პლანეტა მერკური, რ...

თხის რქა


მოამზადა ქეთი ოდიშელმა (omnia) წყარო თხა უხვი სასიცოცხლო ძალები...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff