გადახედვა (სტალკინგის პრაქტიკა)

Admin
პრაქტიკები და მედიტაციები კარლოს კასტანედა
0
0

 ავტორი: მამუკა გურული გადახედვის პრაქტიკა ინდიელების მაგიურ ტრადიციას განეკუთვნება და ცნობ...

ავტორი: მამუკა გურული

გადახედვის პრაქტიკა ინდიელების მაგიურ ტრადიციას განეკუთვნება და ცნობილი კარლოს კასტანედას წიგნების პუბლიკაციის შემდეგ გახდა. პრაქტიკის არსი მდგომარეობს ენერგიის უზარმაზარი რაოდენობის გამონთავისუფლებაში, რომელიც ჩვენს მოგონებებშია კონსერვირებული. როდესაც რაღაც ახალს აღვიქვამთ და ემოციურად განვიცდით ამ მომენტს, ამ განცდაზე დახარჯული ენერგია მეხსიერებაში კონსერვირდება და გაუცნობიერებლად განაგრძობს უმეტესწოლად მომწამვლელ ეფექტს ჩვენს პიროვნებაზე. 

დავუშვათ, მოწამლული საჭმელი ვჭამეთ. იმისთვის, რომ ორგანიზმის ენერგია შევინარჩუნოთ, საჭიროა, რომ ღებინების რეფლექსი გამოვიწვიოთ. იგივეა მოგონებებთანაც. არ შეიძლება მათი მეხსიერებაში შენახვა, არამედ საჭიროა გარეთ გამოტანა და დამუშავება. ინტუიტიურად ამას მრავალი ადამიანი აკეთებს, როდესაც თავის ისტორიებს მეგობრებს ან საყვარელ ადამიანებს უყვება, მაგრამ რადგანაც მსმენელებს არ ესმით მსგავსი საუბრების თერაპიული ეფექტის აზრი და მდუმარე მოსმენის ნაცვლად მოვლენების ახალ ინტერპრეტაციებს ქმნიან, და მოგონებების ენერგია კვლავ მეხსიერების სიღრმეებში შედის.

ამბობენ, დრო მკურნალია. ეს ასე არაა. თუ მოგონებებს ჩვენში დავიტოვებთ, ისინი ბოჭავენ ჩვენს ფსიქიკას, რითაც ცნობიერების რესურსებს ფიტავენ. რაიმე მოვლენა, რომელიც 10 წლის წინ შეგემთხვათ და უკვე დაგავიწყდათ, შესაძლოა კვლავაც იხრწნება თქვენს მეხსიერებაში, რითაც მიმდინარე ცხოვრებისთვის საჭირო ენერგიას გართმევთ.

როგორ უნდა გაიგოთ, რომ გადახედვის პრაქტიკა გჭირდებათ? ძალიან მარტივად. არის რამდენიმე სიმპტომი:

• მეხსიერების გაუარესება
• დილით მძიმედ გაღვიძება
• დროის უქონლობა
• მოუსვენარი ძილი
• ემოციური სიჩლუნგე
• ცხოვრების აზრის დაკარგვა და ა.შ.

თუკი თქვენს თავში ამას ამჩნევთ, ე.ი. თქვენი ფსიქიკა საკუთარ თავში ჩაიკეტა და გამოსავალს ვერ პოულობს. თითქოს მიწის მცირე ნაგლეჯზე ცხოვრობთ, გარშემო კი დანაღმული ველია. ეს ნაღმები - თქვენი მოგონებებია. გადახედვა - თქვენი იარაღია მათ წინააღმდეგ.

ამიტომ აუცილებელია ფსიქიკის გაწმენდა გადახედვის მეთოდით. რადგანაც მოგონებები ჩვენს ცხოვრებაში ყოველდღე ჩნდება, ეს ნიშნავს, რომ დანაღმული ველი კიდევ უფრო იზრდება, თქვენი მიწის ნაგლეჯი (ენერგეტიკული რესურსი) კი - კლებულობს. ადრე თუ გვიან აფეთქდებით, რაც შეიძლება გამოიყურებოდეს, როგორც ნევროზი. ნუ მიიყვანთ საკუთარ თავს სავალალო მდგომარეობამდე. აპრაქტიკეთ გადახედვა...

ფრაგმენტები კარლოს კასტანედას წიგნებიდან, რომლებიც შეეხება გადახედვას.

წიგნიდან - "არწივის ძღვენი" (მთარგმნელი: მამუკა გურული)

…ასეთი მდგომარეობა აკმაყოფილებდა ფლორინდას, რადგანაც მას გადახედვა უნდა განეხორციელებინა, ამისთვის კი აბსოლუტური სიჩუმე და მარტოობა სჭირდებოდა. იგი ხსნიდა, რომ გადახედვა სტალკერების ძირითადი ძალაა, ისევე, როგორც სიზმრის სხეულია სიზმარმხილველების ძალა. იგი შედგება საკუთარი ცხოვრების გადახედვისგან - ყველაზე უმნიშვნელო დეტალების ჩათვლით.

მისმა ბენეფაქტორმა მას ყუთი მისცა, როგორც საშუალება და სიმბოლო, რომელიც კონცენტრაციას ასწავლიდა, რადგანაც მას მრავალი წელი მოუწია იქ ჯდომა, სანამ მთელმა ცხოვრებამ თვალწინ არ ჩაუარა, და ამავდროულად ეს იყო ჩვენი პიროვნების ჩარჩოების შეზღუდულობის სიმბოლო. მისმა ბენეფაქტორმა უთხრა, რომ როდესაც იგი თავის გადახედვას დაასრლებდა, ყუთს დაამტვრევდა, რაც იქნებოდა სიმბოლო იმისა, რომ უკვე აღარაა შებოჭილი საკუთარი პიროვნების შეზღუდულობებით.

მან თქვა, რომ სტალკერი იყენებენ ყუთებს ან მიწის საფლავებს იმისთვის, რომ ჩაიკეტონ მათში, სანამ კვლავ განიცდიან, და არა უბრალოდ გადახედავენ თავიანთი ცხოვრების ყოველ მომენტს. მიზეზი, რის გამოც სტალკერებმა უნდა გადახედონ თავიანთ ცხოვრებას ასე წვრილმანებში, მდგომარეობს იმაში, რომ არწივის ძღვენი ადამიანისადმი მოიცავს მის თანხმობას - მიიღოს ნამდვილი ცნობიერების ნაცვლად სუროგატი, თუ ეს სუროგატი სრულყოფილი ასლი იქნება.

ფლორინდამ ახსნა, რომ რამდენადაც ცნობიერება საკვებია არწივისთვის, მას შეუძლია დაკმაყოფილდეს სრულყოფილად შესრულებული გადახედვით ნაცვლად ცნობიერებისა.

შემდეგ ფლორინდამ გადახედვის საფუძვლები მომცა. მან თქვა, რომ პირველი სტადია - ესაა ჩვენი ცხოვრების ყველა იმ შემთხვევის მოკლე გადახედვა, რომლებიც ცხადად ექვემდებარებიან გადახედვას. მეორე სტადია - ესაა უფრო სრული გადახედვა, რომელიც სისტემატიურად იწყება წერტილიდან, როდესაც სტალკერი ყუთში ჩაჯდა და თეორიულაად შეიძლება გაგრძელდეს დაბადების მომენტამდე. მან დამარწმუნა, რომ სრულყოფილ გადახედვას შეუძლია მეომარი ისევე შეცვალოს, თუ არა უფრო მეტად, როგორც სრულმა კონტროლმა სიზმარხილვის სხეულზე. ამ თვალსაზრისით, როგორც სიზმარხილვის ხელოვნებას, ისევე სტალკინგის ხელოვნებას ერთი და იგივე შედეგამდე - მესამე ყურადღებაში შესვლამდე მივყავართ. თუმცაღა მეომრისთვის მნიშვნელოვანია, რომ იცოდეს და აპრაქტიკოს როგორც ერთი, ასევე მეორე. მან თქვა, რომ ქალებს მანათობელი სხეულის სხვადასხვა კონფიგურაცია სჭირდებათ იმისთვის, რომ ოსტატობას მიაღწიონ ერთში ან მეორეში. მამაკაცებს, მეორე მხრივ, შეუძლიათ ერთიც და მეორეც საკმაოდ იოლად გააკეთონ, მაგრამ ისინი ვერასოდეს აღწევენ ოსტატობის ისეთ დონეს, რომლებსაც ქალები აღწევენ თვითოეულ ამ ხელოვნებაში.

ფლორინდამ ახსნა, რომ გადახედვის საკვანძო მომენტს სუნთქვა წარმოადგენს. მისთვის სუნთქვა მაგიური იყო, რადგანაც ეს იყო ფუნქცია, რომელიც სიცოცხლეს იძლეოდა. მან თქვა, რომ გადახედვა ადვილია, თუკი სხეულის გარშემო გამღიზიანებლების სფეროს შემცირებას შეძლებ. სწორედ ამაში მდგომარეობდა ყუთის მნიშვნელობა. შემდეგ სუნთქვა უფრო და უფრო ღრმა მოგონებებს გამოიტანს. თეორიულად სტალკერებმა უნდა გაიხსენონ ნებისმიერი გრძნობა, რომელიც კი ცხოვრებაში ჰქონიათ, ეს პროცესი კი მათთვის სუნთქვით იწყება.

მან გამაფრთხილა, რომ ის საგნები, რომლებსაც მასწავლიდა, მხოლოდ მოსამზადებელია და სხვა დროს და სხვა გარემოებაში უფრო ნატიფ დეტალებს ამიხსნიდა. მან თქვა, რომ მისმა ბენეფაქტორმა დაავალა, ჩამოეწერა იმ მოვლენების სია, რომლებიც უნდა განეცადა. მან უთხრა, რომ პროცესი საწყისი სუნთქვით იწყება. სტალკერი იმით იწყებს, რომ მისი ნიკაპი მარჯვენა მხარზე დევს და ნელ ჩასუნთქვასთან ერთად თავს 180 გრადუსით ატრიალებს. ჩასუნთქვა მარცხენა მხარზე მთავრდება. მას შემდეგ, რაც ჩასუნთქვა დასრულებულია, თავი უკან, მოდუნებულ მდგომარეობაში ბრუნდება. ამოსუნთქვისას სტალკერი წინ იყურება. შემდეგ სტალკერი იღებს მოვლენებს, რომლებიც პირველი უწერია სიაში და რჩება მასთან მანამ, სანამ გათვალისწინებული არ იქნება ყველა გრძნობა, რომლებიც ამ მოვლენაში დაიხარჯა. როდესაც სტალკერი იხსენებს ყველა გრძნობას, რომელიც მან განიცადა იმაში, რასაც იხსენებს, იგი ნელ ჩასუნთქვასთან ერთად თავს მარჯვენა მხრიდან მარცხენასკენ ატრიალებს. ამ ჩასუნთქვის აზრი - ენერგიის აღდგენაა.ფლორინდამ თქვა, რომ მანათობელი სხეული გამუდმებით ქმნის ობობას ქსელისმაგვარ ძაფებს, რომლებიც მანათობელი მასიდან სხვადასხვა ემოციების ზეგავლენით გარეთ გამოდიან, ამიტომ ურთიერთქმედების ნებისმიერი სიტუაცია, ან ნებისმიერი სიტუაცია, სადაც გრძნობა მონაწილეობს, პოტენციურად გამომფიტავია მანათობელი სხეულისთვის. გრძნობების გახსენებასთან ერთად მარჯვნიდან მარცხნივ ჩასუნთქვისას, სტალკერი, იყენებს რა სუნთქვის მაგიას, იმ ძაფებს კრეფს, რომლებიც უკან მოიტოვა. ამას მაშინვე მოსდევს მარცხნიდან მარჯვნივ ამოსუნთქვა. მისი მეშვეობით სტალკერი თავისუფლდება იმ ძაფებისგან, რომლებიც მასში სხვა მანათობელმა სხეულებმა დატოვეს გახსენებულ მოვლენაში მონაწილეობისას.

მან თქვა, რომ ეს სტალკინგის ხელოვნების აუცილებელი წინასწარი ეტაპია, რომელიც მისი პარტიის ყველა მონაწილემ გაიარა, როგორც შესავალი ამ ხელოვნების უფრო რთულ ვარჯიშებამდე. თუ სტალკერებმა არ გაიარეს ეს წინასწარი საფეხური, რათა დაიბრუნონ ის ძაფები, რომლებიც სამყაროში დატოვეს, და განსაკუთრებით რათა გადააგდონ ის ძაფები, რომლებიც მათში სხვებმა დატოვეს, არ არის არანაირი შანსი კონტროლირებადი სისულელის პრაქტიკისა, რადგანაც ეს უცხო ძაფები საფუძველს წარმოადგენენ საკუთარი მნიშვნელოვანების გრძნობის უსაზღვრო ზრდისთვის.

იმისთვის, რომ კონტროლირებადი სისულელის პრაქტიკა შეძლოთ, რადგანაც ეს არაა ადამიანების გასულელების ან მათზე უპირატესობის შეგრძნების მეთოდი, უნდა შეგვეძლოს, რომ საკუთარ თავზე გავიცინოთ. მან თქვა, რომ დეტალური გადახედვის ერთ-ერთი შედეგია გულწრფელი სიცილი მაშინ, როდესაც პირისპირ ეჯახები საკუთარ თავზე შეყვარებულობის მობეზრებულ განმეორებას, რაც ყველა ადამიანური ურთიერთობის არსია.

ფლორინდამ ხაზი გაუსვა, რომ წესმა განსაზღვრა სტალკინგის ხელოვნება და სიზმარხილვის ხელოვნება სწორედ ხელოვნების სახეებად, ამიტომ ისინი რაღაც ისეთს წარმოადგენენ, რასაც ადამიანები ასრულებენ. მან თქვა, რომ სიცოცხლის მომცემი სუნთქვის ბუნება წარმოადგენს იმას, რაც ამავდროულად განწმენდის საშუალებას გვაძლევს სწორედ ეს უნარი აქცევს გადახედვას პრაქტიკულ საქმედ.

წიგნიდან - „უსასრულობის აქტიური მხარე“ (მთარგმნელი: მამუკა გურული)

- დროა დაიწყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი მაგიური პროექტი, - თქვა დონ ხუანმა.

- რა მაგიურ პროექტზე მელაპარაკები, დონ ხუან? - ვკითხე მე.

- მას გადახედვა ეწოდება, - ძველი მაგები მას საკუთარი ცხოვრების მოვლენების ხელმეორედ მოყოლას ეძახდნენ, და მათთვის ეს იწყებოდა, როგორც მარტივი ტექნიკა, დამხმარე საშუალება იმის გასახსენებლად, რასაც ისინი აკეთებდნენ და თავიანთ მოსწავლეებს უყვებოდნენ. მათი მოსწავლეებისთვის ამ ტექნიკას იგივე ფასეულობა ჰქონდა: იგი საშალებას აძლევდა გაეხსენებინათ, რაც მასწავლებლებმა თქვეს და გააკეთეს. საჭირო გახდა საშინელი სოციალური ნგრევები, მაგალითად რამდენჯერმე დამარცხება და დაპყრობილად ყოფნა, სანამ ძველი მაგები მიხვდებოდნენ, რომ მათ ტექნიკას გაცილებით უფრო შორს მიმავალი შედეგები გააჩნია.

- დონ ხუან, შენ ესპანელების მიერ დაპყრობაზე ამბობ? - ვკითხე მე.

- არა, - თქვა მან. – ეს მხოლოდ დამაგვირგვინებელი ნოტი იყო. მანამდე სხვა, უფრო დამანგრეველი რყევებიც იყო. როცა ესპანელებმა აქ მოაღწიეს, ძველი მაგები უკვე აღარ იყვნენ. მათი მოსწავლეები, რომლებმაც სხვა რყევები გადაიტანეს, იმ დროისთვის ძალიან წინდახედულები იყვნენ. მათ იცოდნენ, როგორ ეზრუნათ საკუთარ თავზე. სწორედ მაგების ამ ახალმა თაობამ გადაარქვა სახელი ძველი მაგების ტექნიკას და გადახედვა უწოდა მას.

- დრო საოცრად ძვირი ღირს, - განაგრძობდა იგი. - საერთოდ, მაგებისთვის დრო მატერიალურია. ჩემთვის გამოწვევაა ის, რომ ძალიან შეკუმშულ დროში უნდა ჩავიტიო ყველაფერი, რაც ცნობილია მაგიაზე, როგორც აბსტრაქტულ საქმიანობაზე, მაგრამ იმისთვის, რომ ეს გავაკეთო, მჭირდება საკუთარ თავში ამისთვის საჭირო სივრცის აშენება.

- რა სივრცის? რაზე ლაპარაკობ, დონ ხუან?

- მაგები იქიდან გამოდიან, რომ რაღაცის შესატანად, უნდა არსებობდეს სივრცე, სადაც ამას შეიტან, - თქვა მან. - თუკი სავსე ხარ ყოვეელდღიური ცხოვრების მოვლენებით, მაშინ არაფერი ახალისთვის ადგილი აღარ რჩება. ეს სივრცე უნდა ააშენო. ხვდები, რას ვგულისხმობ? ძველი მაგები თვლიდნენ, რომ საკუთარი ცხოვრების გადახედვა ქმნის ამ სივრცეს. იგი მართლაც აკეთებს ამას, და რა თქმა უნდა, კიდევ ბევრ რამეს.

- მაგები გადახედვას ძალიან ფორმალური სახით აკეთებენ, - განაგრძობდა იგი. – იგი მდგომარეობს ყველა იმ ადამიანის სიის შედგენაში, რომლებსაც კი შეხვედრიან აწმყო მომენტიდან მათი ცხოვრების დასაწყისამდე. როდესაც მათ ეს სია გააჩნიათ, იღებენ პირველ ადამიანს მასში და იხსენებენ ყველაფერს, რისი გახსენებაც შეუძლიათ ამ ადამიანზე. ვგულისხმობ ყველაფერს, ყოველ დეტალს. ჯობია გადახედვა აწმყოდან წარსულისკენ, რადგანაც აწმყოს მოგენებები უფრო საღია, და ამით უფრო ძლიერდება გახსენების უნარი. პრაქტიკოსები იხსენებენ და სუნთქავენ. ისინი ნელა და გაცნობიერებულად ჩაისუნთქავენ, და ამავდროულად თავს მარაოსავით მარჯვნიდან მარცხნივ ატრიალებენ ძლივს შესამჩევი ტრიალით, და ანალოგიურად ამოისუნთქავენ. მან თქვა, რომ ჩასუნთქვები და ამოსუნთქვები ბუნებრივი უნდა იყოს; თუ ისინი მეტისმეტად ჩქრია, ამით შეიძლება იმ რეჟიმში შეხვიდე, რასაც მან დამღლელი სუნტქვა უწოდა: სუნთქვა, რომლის შემდეგაც ნორმალური სუნთქვაა საჭირო, რათა კუნთები მოდუნდეს.

- და რას მთავაზობ ამ ყველაფერთან დაკავშირებით, დონ ხუან? - ვკითხე მე. - დღეიდანვე დაიწყე შენი სიის შედგენა, - მითხრა მან.

- დაყავი იგი წლებით, პროფესიებით, ნებისმიერი წესით შეადგინე, მაგრამ გახადე იგი თანმიმდევრული, დაწყებული ყველაზე ახალი ადამიანიდან, დამთავრებული დედით და მამით. შემდეგ კი გაიხსენე ყველაფერი მათ შესახებ. საკმარისია ლაპარაკი. პრაქტიკასთან ერთად მიხვდები, რასაც აკეთებ.
დონ ხუანისს სახლში შემდგომი ვიზიტისას ვუთხარი მას, რომ კეთილსინდისიერად ვაკეთებდი ჩემი ცხოვრების მოვლენების გავლას, და რომ ძალიან მიჭირდა ასეთი მკაცრი ფორმის დაცვა და ადამიანების სიის თანმიმდევრული რიგით მიყოლა. როგორც წესი, ჩემი გადახედვა ყველა მხარეს მისვრიდა ხოლმე. საშუალებას ვაძლევდი მოვლენებს, რომ ჩემი გახსენების მიმართულება განესაზღვრათ. ჩემი ნებით მივყვებოდი დროის ფართე მონაკვეთებს. მაგალითად, დავიწყე ანტროპოლოგიის ფაკულტეტის ადამიანებით, მაგრამ საშუალება მივეცი ჩემს მოგონებებს, რომ ნებისმიერ ადგილას გადავეყვანე დროში აწმყოდან იმ დღემდე, როდესაც კალიფორნიის უნივერსიტეტში სწავლა დავიწყე. მე მოვუყევი დონ ხუანს, რომ ერთი უცნაურობა აღმოვაჩინე, რომელიც საერთოდ დავიწყებული მქონდა, - რომ თავშიც კი არ მომსვლია კალიფორნიის უნივერსიტეტზე ფიქრი, სანამ ერთხელ კოლეჯში ჩემი მეგობარი გოგოს დაქალი არ ჩამოვიდა ლოს-ანჯელესში და აეროპორტში არ შევხვდით მას. იგი კალიფორნიის უნივერსიტეტში მუსიკათმცოდნეობის შესწავლას აპირებდა. მისი თვითმფრინავი ნაშუადღევს ჩამოფრინდა, და მან მთხოვა, რომ წავეყვანე უნივერსიტეტში, რათა დაეთვალიერებინა ის ადგილი, სადაც თავისი ცხოვრების მომდევნო ოთხი წელის გატარებას აპირებდა. მე ვიცოდი სადაც იყო უნივერსიტეტი, რადგანაც ხშირად გამივლია მის ჭიშკართან სანსეტ-ბულვარზე, სანაპიროსკენ მიმავალ გზაზე. მაგრამ საუნივერსიტეტო ქალაქში არასოდეს ვყოფილვარ. ეს იყო სმესტრებს შორის არდადაგების დრო. რამდენიმე ადამიანს ვკითხეთ და მუსიკალური ფაკულტეტი მიგვასწავლეს. უნიივერსიტეტში ადამიანები არ იყვნენ, მაგრამ მე სუბიექტურად დავაკვირდი იმდენად უჩვეულო მოვლენებს, რომლებიც მანამდე არასოდეს მინახავს. ეს ზეიმი იყო ჩემი თვალებისთვის. მეჩვენებოდა, რომ შენობები თავიანთი საკუთარი ენერგიით ცხოვრობდნენ. წინასწარგანზრახული გაცნობა მუსიკალურ ფაკულტეტთან იქცა უზარმაზარ ტურნედ უნივერსიტეტის მთელ ტერიტორიაზე. მე შემიყვარდა კალიფორნიის უნივერსიტეტი. დონ ხუანს ვუთხარი, რომ ერთადერთი რამ, რაც ჩემს აღტაცებას აფერმკრთალებდა, ეს იყო ჩემი მეგობარი გოგოს გაღიზიანება იმის გამო, რომ დაჟინებით მოვინდომე უნივერსიტეტის მთელი ამ უზარმაზარი ტერიტორიის შემოვლა.

- რა ჯანდაბას ეძებ აქ? – დაიყვირა მან. - თითქოს ცხოვრებაში არ გინახავს უნივერსიტეტები! როცა ერთი ნახე, ესე იგი ყველა ნახე. ვფიქრობ, შენ უბრალოდ გინდა, რომ შთაბეჭდილება მოახდინო ჩემს დაქალზე შენი სენსიტიურობით! მე არ ვცდილობდი, და გაცხარებულმა გულსრფელად ვუთხარი, რომ მართლა აღტაცებული და შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ ამ გარემოს სილამაზით. იმდენ იმედს ვხედავდი ამ შენობებში, იმდენ დაპირებას, და მაინც არ შემეძლო ჩემი სუბიექტური მდგომარეობის გამოხატვა.

- მე თითქმის მთელი ცხოვრება ვსწავლობდი, - გამოცრა ჩემმა მეგობრამა კბილებიდან, - და გული მერევა უკვე ამაზე, დავიღალე. აქ ვერავინ ვერაფერს იპოვნის! აქ მხოლოდ უაზრო ლაყბობაა, და ისინი ადამიანს იმისთვისაც კი ვერ ამზადებენ, რომ თავის მოვალეობებს გაუმკლავდეს ცხოვრებაში. როდესაც ვთქვი, რომ აქ სწავლა მინდოდა, იგი კიდევ უფრო მეტად გაბრაზდა.

- წადი იმუშავე! - დამიყვირა მან. - წადი და გაუმკლავდი ცხოვრებას რვიდან ხუთამდე, და თავი დაანებე ამ სისულელეს! სწორედ ესაა ცხოვრება: რვიდან ხუთამდე მუშაობა, კვირაში ორმოცი საათი! ნახავ, რასაც მოგიტანს ეს! შემომხედე - ახლა მე სუპერგანათლებული ვარ, მაგრამ არ ვვარგივარ მუშაობისთვის.

მე მხოლოდ ის ვიცოდი, რომ არასოდეს მინახავს ასეთი მშვენიერი ადგილი. მაშინ შევპირდი საკუთარ თავს, რომ რადაც არ უნდა დამჯდომოდა ვისწავლიდი ამ უნივერსიტეტში. ჩემს სურვილს პირდაპირი კავშირი ჰქონდა ჩემს საკუთარ თავთან, მაგრამ იგი ნაკარნახევი იყო არა თავად სიამოვნების მოთხოვნილებაში. იგი უფრო მეტად მოწიწებისა და აღტაცების სფეროდან იყო. დონ ხუანს ვუთხარი, რომ ჩემი მეგობარი გოგოს გაღიზიანებამ იმდენად შემძრა, რომ მაიძულა მისთვის სხვაგვარად შემეხედა, და რამდენადაც მახსოვს, ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა ვინმეს სიტყვებმა ჩემში ასეთი ღრმა რეაქცია გამოიწვია. ჩემს მეგობარში ხასიათის ის შტრიხები დავინახე, რომლებიც ადრე არ შემიმჩნევია, შტრიხები, რომლებმაც ძალიან შემაშინეს.

- ალბათ მასზე საშინელი წარმოდგენა შეგიქმენი, - ვუთხარი დონ ხუანს. - უნივერსიტეტში ჩვენი ვიზიტის შემდეგ ერთმანეთს დავშორდით. თითქოს კალიფორნიის უნივერსიტეტი სოლივით ჩადგა ჩვენს შორის. ვიცი, რომ სისულელეა ასე ფიქრი.

- ეს არაა სისულელე, - თქვა დონ ხუანმა. – ეს სრულიად საფუძვლიანი რეაქციაა. დარწმუნებული ვარ, რომმ როდესაც საუნივერსიტეტო ქალაქში დადიოდი, განზრახვას შეხვდი. შენ განიზრახე იქ ყოფნა, და უნდა მოგეშორებინა ყველაფერი, რაც ხელს გიშლიდა ამაში. მაგრამ ნუ გადაამეტებ ამაში, - განაგრძო მან. - მეომარი-მოგზაურების შეხება ძალიან მსუბუქია, თუმცა კი სრულყოფას განიცდის. მეომარი-მოგზაურის ხელი მძიმე რკინის მარწუხებიდან მოჩვენების ხელად, შემოდგომის ობიბის ქსელების ხელად იქცევა. მეომარი-მოგზაურები არანაირ კვალს და ანაბეჭდს არ ტოვებენ. ამაშია გამოწვევა - მეომარი-მოგზაურებისთვის. დონ ხუანის სიტყვებმა საკუთარი თავის დადანაშაულების ღრმა და მოქუფრულ მდგომარეობაში გადამიყვანა, რადგანაც ჩემი მცირე გადახედვიდან გავიგე, რომ ძალიან მძიმე ხელის მოჭერა მაქვს, თავსმოხვევა მიყვარს და დესპოტური ვარ. დონ ხუანს ჩემი ფიქრების შესახებ ვუთხარი.

- გადახედვის ძალა - მითხრა დონ ხუანმა, - იმაშია, რომ იგი მთელი ცხოვრების ნაგავს გადაქექავს და ზედაპირზე გამოაქვს იგი. შემდეგ დონ ხუანმა გაცნობიერებისა და აღქმის იმ ნატიფ დეტალებზე ისაუბრა, რომლებიც გადახედვის საფუძველს წარმოადგენენ. თავიდან თქვა, რომ ახლა იგი გამაცნობდა კონცეფციების სისტემასთან, რომლებიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩამეთვალა მაგების თეორიად, რადგანაც ეს სისტემა შემუშავებულ იქნა ძველი მექსიკის შამანების მიერ, როგორც სამყაროს ენერგიის უშუალო ხედვის შედეგი. მან გამაფრთხილა, რომ გამაცნობდა ამ სისტემის ნაწილებთან ისე, რომ არანაირად არ ეცდებოდა მათ კლასიფიცირებას ან რანჟირებას რომელიმე მანამდე დადგენილი სტანდარტით.

- მე არ მაინტერესებს კლასიფიკაციები, - განაგრძო მან. - შემ მთელი ცხოვრება ყველაფრის კალასიფიკაციას ახდენდი. ახლა მოგიწევს, რომ თავი აარიდო კლასიფიკაციებს. ცოტა ხნის წინ, როცა გკითხე, თუ რა იცოდი ღრუბლებზე, შენ ჩამომითვალე ყველანაირი ღრუბლის დასახელება და ყოველი მათგანისგან მოსალოდნელი ტენიანობის პროცენტი. შენ ნამდვილი მეტეოროლოგი იყავი. მაგრამ როცა გკითხე, იცი თუ არა, შენ პირადად რა შეგიძლია მოუხერხო ამ ღრუბლებს, წარმოდგენაც კი არ გქონდა, რაზე ვლაპარაკობდი.

- კლასიფიკაციას თავისი საკუთარი სამყარო აქვს, - განაგრძობდა იგი. - როდესაც რაღაცის კლასიფიკაციას იწყებ, კლასიფიკაცია ცოცხლდება და გმართავს. მაგრამ რამდენადაც კლასიფიკაციები არ შექმნილან, როგორც ენერგიის მომცემი საგნები, ისინი ყოველთვის მკვდარ ხის მორებად რჩებიან. ეს არაა ხეები; ეს უბრალოდ შეშაა. მან ამიხსნა, რომ ძველი მექსიკის მაგებმა დაინახეს, რომ მთელი სამყარო მანათობელი ძაფებისგან შემდგარი ენერგეტიკული ველებისგან შედგება. რომელ მხარესაც არ უნდა გაეხედათ, უსასრულო რაოდენობით ასეთ ძაფებს ხედავდნენ. მათ ასევე დაინახეს, რომ ეს ენერგეტიკული ველები სტრუქტურირდებიან მანათობელი ბოჭკოების ნაკადებად; ნაკადები, რომლებიც წარმოადგენენ სამყაროს მუდმივ, უსასრულო ძალებს, და რომ ამ მაგებმა იმ ნაკადს, ანუ ძაფების დინებას, რომლებიც გადახედვას უკავშირდება, გაცნობიერების ბნელი ზღვა, ანუ არწივი უწოდეს. მან თქვა, რომ კიდევ ამ მაგებმა დაადგინეს, რომ ყოველი ცოცხალი არსება სამყაროში მიმაგრებულია გაცნობიერების ბნელ ზღვასთან მრგვალი სინათლის ლაქით, რომელიც მაშინ იყო შესამჩნევი, როდესაც ეს არსებები აღიქმებოდნენ, როგორც ენერგია. დონ ხუანმა თქვა, რომ ამ სინათლის ლაქაში, რომელსაც ძველმა მაგებმა შემკრები წერტილი (ფიქსაციის წერტილი) დაარქვეს, აღქმა გაცნობიერების ბნელი ზღვის ასპექტის შენებით გროვდება. დონ ხუანმა განაცხადა, რომ ადამიანისს შემკრებ წერტილში იკრიბება და მასში გაივლის მთელი სამყაროს უთვალავი ენერგეტიკული ველი მანათობელი ძაფების სახით. ეს ენერგეტიკული ველები სენსორულ მონაცემებად გარდაიქმნება, სენსორული მონაცემები კი ინტერპრეტირდება და აღიქმება, როგორც ჩვენთვის ნაცნობი სამყარო. გარდა ამისა, დონ ხუანმა ახსნა, რომ სწორედ გაცნობიერების ბნელი ზღვა აქცევს მანათობელ ძაფებს აღქმად ინფორმაციად. მაგები ხედავენ ამ გარდაქმნას და მას ცნობიერების ნათებას უწოდებენ - ესაა ნათება, რომელიც ორეოლად ვრცელდება შემკრები წერტილის გარშემო. აქ მან გამაფრთხილა, რომ ახლა იმას მეტყოდა, რაც მაგების აზრით ყველზე მნიშვნელოვანია გადახედვის მასშტაბების გასაგებად. გაუსვა რა უჩვეულოდ ხაზი ტავის სიტყვებს, მან თქვა, რომ ჩვენ ორგანიზმების გრძნობებს სხვას არაფერს ვუწოდებთ, თუ არა გაცნობიერების სხვადასხვა დონეებს. თქვა, რომ თუკი ვეთანხმებით იმას, რომ ჩვენი გრძნობები - ეს გაცნობიერების ბნელი ზღვაა, მაშინ უნდა ვაღიაროთ, რომ ინტერპრეტაცია, რომელსაც გრძნობები სენსორული მონაცემებიდან ქმნიან, - ასევე გაცნობიერების ბნელი ზღვაა. მან დაწვრილებით ამიხსნა, რომ ის, თუ როგორ ვხვდებით გარემომცველ სამყაროს, - ინტერპრეტაციის იმ ადამიანური სისტემის შედეგია, რომლითაც ყოველი ადამიანია „დაჯილდოვებული“. მან ასევე თქვა, რომ ყოველ ცოცხალ ორგანიზმის სჭირდება ინტერპრეტაციისს სისტემა, რომელიც გარესამყაროში არსებობის საშუალებას მისცემს მას.

- მაგებმა, რომლებიც იმ აპოკალიფსური ძვრების შემდეგ გამოჩნდნენ, რომლებზეც უკვე მოგიყევი, - განაგრძო მან, - დაინახეს, რომ სიკვდილის მომენტში გაცნობიერების ბნელი ზღვა შემკრები წერტილის მეშვეობით, ასე ვთქვათ, ისრუტავს ცოცხალი არსებების გაცნობიერებულობას. მათ ასევე დაინახეს, რომ გაცნობიერებულობის ბნელი ზღვა რაღაც მომენტში, ასე ვთქვათ, ვიბრირებს, როდესაც იმ მაგებს ხვდება, რომლებმაც თავიანთი ცხოვრების გადახედვა შეასრულეს. არ იცოდნენ რა ამის შესახებ, ზოგიერთმა ეს იმდენად გულდასმით გააკეთა, რომ გაცნობიერებულობის ზღვამ მათი გაცნობიერებულობა მათი ცხოვრებისეული განცდების სახით წაიღო, მაგრამ არ შეეხო მათ სასიცოცხლო ძალას. მაგებმა სამყაროს ძალების შესახებ კოლოსალური ჭეშმარიტება აღმოაჩინეს: გაცნობიერებულობის ბნელ ზღვას მხოლოდ ჩვენი ცხოვრებისეული განცდები სჭირდება, და არა ჩვენი სასიცოცხლო ძალა. ჩემთვის გაურკვეველი იყო, საიდან გამომდინარე ამბობდა დონ ხუანი ამ ყველაფერს. ან, უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვი, რომ ბუნდოვნად, და ამავდროულად ღრმად ვიცოდი, თუ რამდენად პრაქტიკული იყო ის, რისგანაც გამომდინარეობდა მისი ეს ახსნები.

- მაგები თვლიან, - განაგრძობდა დონ ხუანი, - რომ ჩვენი ცხოვრების გადახედვასთან ერთად, მთელი ნაგავი, როგორც უკვე ვთქვი, ზედაპირზე ამოდის. ჩვენ ვაცნობიერებთ ჩვენს წინააღმდეგობებს, განმეორებებს, მაგრამ რაღაც ჩვენში უზარმაზარ წინააღმდეგობას უწევს გადახედვას. მაგები ამბობენ, რომ გზა ხსნილი მხოლოდ კოლოსალური ძვრების შემდეგაა: მეხსიერების ეკრანზე იმ მოგონებების გახსენების შემდეგ, რომლებიც არყევენ ჩვენს საფუძვლებს დეტალების შემზარავი სიზუსტით. ეს მოვლენა ჭეშმარიტად მიგვათრევს იმ მომენტამდე, როდესაც იგი განვიცადეთ. მაგები ამ მოვლენას გამტარს (проводник) უწოდებენ, რადგანაც მის შემდეგ ყოველი მოვლენა, რომელსაც ვეხებით, ხელახლა განიცდება, ნაცვლად მისი უბრალოდ გახსენებისა.
- სიარული ყოველთვის მოგონებებში ძირავს, - განაგრძობდა დონ ხუანი. – ძველი მექსიკის მაგები თვლიდნენ, რომ ჩვენ ყველაფერს, რაც კი განგვიცდია, შეგრძნებების სახით ფეხების უკანა მხარეს ვინახავთ. ისინი ფეხების უკანა ნაწილებს ადამიანის პირად ისტორიად თვლიდნენ. ასე რომ, მოდი ახლა გორებზე გავისეირნოთ.

სანამ თითქმის არ დაბნელდა ვსეირნობდით.

- ვფიქრობ, საკმარისად ბევრი გატარე, - თქვა დონ ხუანმა, როცა სახლში დავბრუნდით, - რათა შეგეძლოს მაგების ამ მანევრის დაწყება შენი გამტარის (проводник) აღმოსაჩენად: შენი ცხოვრების იმ მოვლენის, რომელსაც იმდენად თვალნათლივად გაიხსენებ, და იგი პროჟექტორად გამოგადგება შენს გადახედვაში ყველაფერი დანარჩენის განათებისთვის იგივე ან მსგავსი მკაფიოობით. გააკეტე ის, რასაც მაგები თავსატეხის ნაწილების გადახედვას უწოდებენ. რაღაც მიგიყვანს იმ მოვლენის გახსენებამდე, რომელიც გამტარად გამოგადგება. შემდეგ მარტო დამტოვა, მანამდე კი ბოლო გაფრთხილება მომცა.

...

გამტარის სიცხადემ ახალი იმპულსი მისცა ჩემს გადახედვას. ძველი განწყობა ახლით შეიცვალა. ამ მომენტიდან ჩემი ცხოვრების მოვლენების გახსენება საოცარი სიცხადით დავიწყე. თითქოს ჩემს შიგნით ბარიერი იყო აშენებული, რომლის გამოც მაგრად ვეჭიდებოდი ღარიბ და არამკაფიო მოგონებებს, და გამტარმა სრულიად დაამსხვრია იგი. ამ მოვლენამდე ჩემი მეხსიერება ჩემთვის ბუნდოვანი საშუალება იყო ინფორმაციის მისაღებად იმ საკითხების შესახებ, რომლებიც წარსულში მოხდა და რომელთაგან ბევრის დავიწყებაც მინდოდა. არსობრივად, ჩემთის სრულიად არასაინტერესო იყო ჩემი ცხოვრებიდან რაიმეს გახსენება. ამიტომ, სიმართლე რომ ვთქვა, საერთოდ ვერ ვპოულობდი აზრს გადახედვის ამ უსარგებლო პრაქტიკაში, რომელიც დონ ხუანმა პრაქტიკულად თავს მომახვია. ჩემთვის ეს იყო კატორღა, რომელიც მაშინვე მღლიდა და მხოლოდ ხაზს უსვამდა ჩემს უუნარობას კონცენტრაციაში. მიუხედავად ამისა, მაინც მორჩილად შევადგინე ადამიანტა სიები და შევუდექი მოუწესრიგებელ მცდელობებს, რომ თითქოს გამეხსენებინა ჩემი მათთან ურთიერთობა. მათზე კონცენტრაციისას სიცხადის ნაკლებობა ვერ მაჩერებდა. ვასრულებდი იმას, რასაც ჩემს მოვალეობად ვთვლიდი, მიუხედავად იმისა, თუ რას ვგრძნობდი სინამდვილეში. პრაქტიკასთან ერთად მოგონების სიცხადე გაუმჯობესდა. შემეძლო, ასე ვთქვათ, ჩავსულიყავი ნებისმიერ მოვლენაში საკმარისი სენსიტიურობით, რომელიც თან მაშინებდა და თან ვხედავდი, რომ ძალიან ღირებული იყო. მაგრამ მას შემდეგ, რაც დონ ხუანმა გამტარის იდეას გამაცნო, ჩემი მოგონებების ძალა ისეთი დიდი გახდა, რომ ვერც კი წარმოვიდგენდი. სიით ადამიანების გაყოლამ გადახედვა ძალზე ფორმალური და ძნელად შესრულებადი გახადა, რაც სურდა კიდეც დონ ხუანს. მაგრამ დროდადრო ჩემში რაღაც გამონთავისუფლდებოდა ხოლმე, რაღაც ისეთი, რაც მაიძულებდა ისეთ მოვლენებზე კონცენტრაციას, რომლებიც ჩემს სიას არ ეხებოდა. მოვლენებზე, რომელთა სიცხადეც იმდენად დაუჯერებელი იყო, რომ მე გამოჭერილი და ცაძირული გავხდი მათში, შესაძლოა იმაზე უფრო ღრმადაც კი, ვიდრე მაშინ, როცა ეს მოვლენები განვიცადე. ყოველ ჯერზე, როცა ამ სახით გადავხედავდი ხოლმე, ამას განჯაჭვულობის ფონით ვაკეთებდი, რის წყალობითაც ისეთ რამეებს ვხედავდი, რაზეც მანამდე ყურადღება არ მიმიქცევია მაშინ, როცა სინამდვილეშ ვიტანჯებოდი მათგან.

...

- გადახედვაში არსებობს არჩევანის საიდუმლო შესაძლებლობა, - თქვა დონ ხუანმა. - ზუსტად ისევე, როგორც გეუბნებოდი, რომ არჩევანის საიდუმლო შესაძლებლობა არსებობს სიკვდილში. შესაძლებლობა, რომელსაც მხოლოდ მაგები პოულობენ. სიკვდილის შემთხვევაში საიდუმლო შესაძლებლობა იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანებს შეუძლიათ შეინარჩუნონ თავიანთი სასიცოცხლო ძალა და მხოლოდ საკუთარ გაცნობიერებაზე - თავისი ცხოვრების შედეგზე თქვან უარი. გადახედვის შემთხვევაში არჩევანის საიდუმლო შესაძლებლობა, რომელიც მხოლოდ მაგებმა იპოვნეს, იმაშია, რომ აირჩიონ საკუთარი ჭეშმარიტი გონების განვითარება.

წიგნიდან - "სიზმარხილვის ხელოვნება" (მთარგმნელი: ეკატერინე სამხარაძე)

- შენ ჯერ კიდევ არ ხარ მზად სიზმარხილვის რეალობისა და ყოველდღიური რეალობის შესარწყმელად - მითხრა მან - შენს ცხოვრებას კიდევ უნდა გადახედო.

- მაგრამ მე უკვე ყველაფერს გადავხედე - გავაპროტესტე მე - მე ამას რამოდენიმე წელი ვაკეთებდი არაფერი დარჩა ისეთი რისი გახსენებაც შეიძლება.

- ალბათ კიდევ ბევრი რამე დაგრჩა, - გაიმეორა მან ჯიუტად - წინააღმდეგ შემთხვევაში ყვირილით არ გაიღვიძებდი ხოლმე.
მე სულაც არ მომწონებია ცხოვრების კიდევ ერთხელ გადახედვის იდეა , მე ეს სამუშაო უკვე დავასრულე და მჯეროდა რომ ეს ისე კარგად გავაკეთე რომ ამას აღარ უნდა დავბრუნებოდი.

- ცხოვრების გადახედვა არასოდეს არ უნდა დამთავრდეს , იმისდა მიუხედავად რამდენად კარგად არ უნდა გაგვეკეთებინა ეს ერთხელ - თქვა დონ ხუანმა - მიზეზი, რის გამოც ჩვეულებრივ ხალხს არ შეუძლია საკუთარი ნების მართვა სიზმარხილვაში, იმაში მდგომარეობს რომ მათ არასოდეს გადაუხედავთ თავიანთი ცხოვრებისათვის . ამიტომ მათი სიზმრები გადავსებულია ემოციით როგორებიცაა : მოგონებები , იმედი , შიში და ა.შ.
ჩემები კი გადახდვის წყალობით, შედარებით თავისუფალია მძიმე და შემბორკველი ემოციისგან და თუ რაიმე ხელს უშლის, როგორც ახლა შენს შემთხვევაში , ეს ნიშნავს, რომ იქ, მოგონებებში არის კიდევ რაღაც რასაც ბოლომდე ნათელი არ მოჰფენია.

- გადახედვა ეს ისეთი გულმოდგინე შრომაა დონ ხუან, იქნებ ამის მაგივრად სხვა რამით დავკავებულიყავი?

- არა, სხვა არაფერი არ არის საჭირო, გადახედვა და სიზმარხილვა ხელჩაჭიდებულნი არიან, ჩვენი სიცოცხლის გადახედვით ჩვენ უფრო და უფრო მსუბუქები ვხდებით.
მერე დონ ხუანმა ხანგრძლივი და ნათელი მითითებები მომცა გადახედვაზე რაც იმაში მდგომარეობადა რომ ხელახლა განმეცადა ცხოვრების ყველა მომენტი, წარსულის განცდების ყველა შესაძლო დეტალი გამეხსენებინა . ის გადახედვაში ენერგიის გადაადგილებისა და გააზრებისთვის საიმედო მეთოდს ხედავდა .

- გადახედვა ჩვენში არსებულ ენერგია ათავისუფლებს რის გარეშეც ნამდვილი სიზმრხილვა შეუძლებელია - ამტკიცებდა ის.

რამოდენიმე წლის წინ დონ ხუანმა მთხოვა შემედგინა იმ ხალხის სია რომლებსაც ჩემი ცხოვრების მანძილზე შევხვედრივარ. იგი დამეხმარა, რომ მომეწესრიგებინა ეს სია, დამეყო ის საქმიანობის სფეროებად, როგორიც იყო სხვადასხვა თანამდებობები რომლებსაც ვიკავებდი, სხვადასხვა სასწავლო კურსები რომლებსაც ვესწრებოდი, შემდეგ შემომთავაზა დამეწყო სიაში პირველი ადამიანიდან და გავსულიყავი ბოლომდე , ახლიდან განმეცადა მასთან ყოველი შეხვედრა.

მან ამიხსნა რომ გადახედვისას მოვლენები რეკონსტრუირდება. ფრაგმენტს ფრაგმენტი მოსდევს , გარეგნული დეტალებიდან დაწყებული იმ პიროვნების შინაგან სამყაროზე გადასვლით ვისთანაც საქმე მქონდა და ვამთავრებდი საკუთარი გრძნობების გამოკვლევით.

დონ ხუანი მასწავლიდა მოგონებები რიტმული სუნთქვით გამეცოცხლებინა. თავის ნელ რბილ მოძრაობას მარჯვნიდან მარცხნივ თან ახლავს ღრმა ამოსუნთქვა და მარცხნიდან მარჯვნივ ჩასუნთქვა. ამ თავის ქნევის პროცესს დონ ხუანი მოგონებების მარაოთი განიავებს უწოდებდა, გონება იკვლევს მოგონებეს ბოლომდე მაშინ როცა სხეული ისევ და ისევ ანიავებს იმას, რაზეც ფიქრობს გონება. დონ ხუანმა მითხრა რომ ძველი მაგები, რომლებმაც ეს გადახედვა მოიგონეს სუნთქვას განიხილავდნენ როგორც სასიცოცხლო მაგიურ მნიშვნელობის მოქმედებას და იყენებდნენ მას მისდა შესაბამისად - როგორც მაგიურ შესაძლებლობას. ამოსუნთქვა უარყოფითი ენერგიისგან გასათავისუფლებლად გამოიყენება , რომელიც ამ მოგონებებშია დარჩენილი როგორც შედეგი რომელსაც მოცემულ მომენტში განვიხილავთ, ხოლო ჩასუნთქვა იმ ენერგიის დასაბრუნებლად რომელიც მათ ამ ქმედებების დროს დაკარგეს.

ჩემი აკადემური განათლებისდა მიხედვით მე გადახედვას ვუყურებდი, როგორც ცხოვრების პროცესის ანალიზს. დონ ხუანი მარწმუნებდა რომ ეს ინტელექტუალური ფსიქოანალიზი უფრო იყო. ის გადახედვას განიხილავდა როგორც სატყუარას , რომელსაც მაგი შემკრები წერტილის თუმცა უმნიშვნელო მაგრამ მაინც მუდმივი მაძრაობისთვის იყენებს. მან მითხრა რომ შემკრები წერტილი წარსულის განცდებისა და მოგონებების გავლენით გადაადგილდება იმ მდგომარეობას შორის რომელსაც ახლა იკავებს და იმას შორის რომელიც ჰქონდა ინტეგრირებული გამოცდილების დროს.

დონ ხუანმა მითხრა რომ უძველესი მაგების მიერ გადახედვის გამოყენებას განაპირობებს მათი დარწმუნებულობა იმაში, რომ მთელს სამყაროში არსებობს აუხსნელი ყოვლისშემძლე ძალა, რომელიც ყველა არსებას სიცოცხლითა და ცნობიერებით აჯილდოებს. ამ ძალის ზემოქმედებითვე არსებები იხოცებიან და უკან უბრუნებენ ნასესხებ ცნობიერებას რომელიც უკვე გაძლიერებული და გამდიდრებულია მათივე ცხოვრებისეული გამოცდილებით. უძველესი ჯადოქრების შესაძლებლობების ახსნისას დონ ხუანმა მითხრა, რომ რადგან ეს ძალა დაინტრესებულია ჩვენი განცდებით ამიტომ აუცილებელია ის გავაძღოთ ჩვენი სასიცოცხლო გამოცდილების ასლებით რომლებსაც გადახედვის დროს ვიღებთ. როცა კმაყოფილდება და იმას იღებს რასაც ეძებს ეს ძალა ათავისუფლებს მაგს და აძლევს საშუალებას განავითაროს თავისი გრძნობები და ამით მიაღწიოს დროისა და სივრცის ყველაზე შორეულ ადგილებს.

როცა ისევ გადახედვით დავკავდი დიდი გაოცებით აღმოვაჩინე რომ ჩემი სიზმრხილვის პრაქტიკა ავტომატურად შეჩერდა, ჩემი სურვილის საწინააღმდეგოდ. მე ვკითხე დონ ხუანს ამის მიზეზი.

- ეს მარტივია, სიზმარხილვას მთელი ჩვენი ენერგიის მობილიზება სჭირდება - თქვა მან, - ამიტომ შენს სიზმარხილვაში ღრმად ჩაფლული ვეღარ ახერხებ სიზმარხილვას, შენ ენერგია არ გყოფნის.

- მაგრამ მე ხომ ადრეც ვეფლობოდი ღრმად ჩემს მოგონებეში - ვკითხე მე - ამისდა მიუხედავად ჩემი პრაქტიკა არ შეწყვეტილა.

- საქმე იმაშია რომ ყოველთვის როცა შენ ფიქრობდი რომ მოგონებეში ეფლობოდი გამოდის რომ მხოლოდ ეგოისტურად ღელავდი - გაიცინა მან - ჯადოქრისთვის მოგონებეში ჩაფვლა მისი ენერგიის ყველა წყაროს ამ პროცესში ჩართვას გულისხმობს და პირველად ახლა მოხდა, რომ შენი ენერგიის ყველა რესურსი გამოყენებულია . ხოლო ადრე , მაშინაც კი როცა გადახედვას აწარმოებდი შენ მასში მთლიანად ჩაფლული არ იყავი.
ამჯერად დონ ხუანმა გადახედვისთვის ახალი მეთოდი შემომთავაზა მე რაღაც თავსატეხის მსგავსი უნდა ამომეხსნა, ჩემი ცხოვრების ერთი შეხედვით მეორეხარისხოვანი მოგონებები უნდა შემედგინა სურათების გაფანტული ნატეხებისგან.

- მაგრამ მე ეს არ გამომივა - გავაპროტესტე მე.

- არა, გამოგივა - დამარწმუნა მან -გაუგებრობა მხოლოდ მაშინ დგება როცა შენ შენს წვრილმან ბუნებას მიუშვებ მოგონებების შესარჩევად გადახედვისთვის, მიეცი ამის საშუალება სულს , დამშვიდდი და ის გაიხსენე რაზეც სული მიგანიშნებს .
გადახედვის ამ მეთოდის შედეგებმა მე ყველა მიმართულებით გამაოცეს, გასაკვირი ის იყო, თუ როგორ მივყვებოდი მე დამშვიდებული გონებით ძალას რომელიც არ მემორჩილებოდა, რომელიც უეცრად მძირავდა ჩემი ცხოვრების სრულიად უსაფუძვლო შემთხვევის ხანგრძლივ მოგონებეში. მაგრამ უფრო გასაკვირი იყო ის, რომ შედეგად შემთხვევათა მოწესრიგებული კონფიგურაცია მივიღე, ის რაც ჩემი აზრით ქაოტური უნდა ყოფილიყო, ძალიან შინაარსიანი აღმოჩნდა.
მე ვკითხე დონ ხუანს, რატომ არ შემომთავაზა ეს მეთოდი ადრე, მან მითხრა რომ გადახედვის ორი ძირითადი დონე არსებობს, პირველი მკაცრი და ფორმალურია მეორე ყურადღებით მოძრავი.

მე მიახლოებული წარმოდგენაც კი არ მქონდა, ეს გადახედვა რამდენად განსხვავებული იქნებოდა წარსული გადახედვებისგან. სიზმარხილვის პრაქტიკის დროს გამომუშავებულმა კონცენტრირების უნარმა საშუალება მომცა, ისე ღრმად ჩავშვებულიყავი ჩემს ცხოვრებაში რომ ადრე მსგავსიც კი არაფერი შემეძლო წარმომედგინა. წელიწადზე მეტი დამჭირდა, რომ კიდევ ერთხელ გადამეხედა და განმეცადა ყველაფერი, რაც ჩემს წარსულ ცხოვრებას უკავშირდებოდა. საბოლოოდ იძულებული გავხდი დავთანხმებოდი დონ ხუანს, რომ ჩემი გონების აქამდე მიუღწეველ სიღრმეებში დაფარული იყო უარყოფითი ემოციით დამუხტული ენერგიის ნალექები.
გადახედვის მეორე ეტაპის შედეგად მე ახალი, სიცოცხლესთან უფრო მშვიდი დამოკიდებულება მოვიპოვე.

ვიდეოები გადახედვის თემაზე

 

გადახედვა, ესაა ძირითადი ტექნიკა, რომელიც საშუალებას აძლევს სტალკერებს, რომ

თავდაპირველად გამოჰყონ პირველი ყურადღების ფასადის თავისი ძირითადი ელემენტები. სხვა სიტყვებით, ეს ტექნიკა საშუალებას გვაძლევს გავიგოთ, კონკრეტულად სად ხდება ენერგიის გადინება, ანუ გავიგოთ, თუ როგორ ვრეაგირებთ სამყაროზე, და შესაძლებლობას გვაძლევს, რომ ვმართოთ ჩვენი რეაქციები, ემოციები და გრძნობებიც კი. გადახედვის მეშვეობით ადამიანს შეუძლია თავიდან იპოვოს ღილაკები, რომლებსაც გარშემომყოფები, საზოგადოება, და თავად თვითონ (დიახ, ხშირად ჩვენ თვითონ ვაჭერთ საკუთარ ღილაკებს: შეცოდება, მნიშვნელოვანება, შიშ და ა.შ.) აჭერენ ხელს და ამგვარად გვაიძულებენ ამა თუ იმ სახით რეაგირებას, რითაც ჩვენს განკარგულებაში მყოფი ენერგიის დიდ ნაწილს ვკარგავთ. ხოლო როცა ღილაკები ნაპოვნია, უკვე იქმნება წინაპირობები მათი ნეიტრალიზაციისთვის. ფაქტიურად ადამიანს შეუძლია, რომ პრინციპულად შეცვალოს პირველი ყურადღების ფასადი.

სიზმარმხილველებისთვის კი ეს ძირითადი არხია სიზმარხილვისთვის საჭირო ენერგიის მისაღებად. როგორ ფიქრობთ, რატომ გამოსდის ზოგს სიზმარხილვა და ზოგს არა? ბუნებრივი მონაცემები? - არაფერი მსგავსი! ძირითადი მიზეზი, რის გამოც ადამიანები ვერ ახერხებენ გაცნობიერებული სიზმრების „კეთებას“ - ესაა ის, რომ მათ არასოდეს გაუკეთებიათ გადახედვა. შედეგად უბრალოდ გამოჩნდება ხოლმე თავისუფალი ენერგია სიზმარხილვისთვის.

თავად ტექნიკა უძველესმა მხედველებმა შექმნეს რამდენიმე ათასი წლის წინ ამერიკის კონტინენტზე. მათ აღმოაჩინეს, რომ ცხოვრების მსვლელობის დროს ადამიანის ენერგეტიკული ბოჭკოები გარშემომყოფ დეტალებში ტოვებს (როგორც ფიზიკურში, ასევე ემოციურ-ფსიქოლოგიურში). და დროთა განმავლობაში გამოდის, რომ ბოჭკოების დიდი ნაწილი სადღაც წარსულში ჩარჩა. და სწორედ ეს ენერგია არ გვყოფნის, რომ სტალკინგის ან სიზმარხილვის პრაქტიკები ვაწარმოოთ.

თავად გადახედვის არსი - ესაა საკუთარი ნათების (ენერგეტიკული ძაფების) დაბრუნება. მაშინ ადამიანი უფრო ძლიერი ხდება, მაგრამ კავშირს კარგავს წარსულთან. ზოგიერთს ამის ეშინია. მაგრამ ესაა ტოლტეკების გზა - თავისუფლება ყველაფრისგან, მათ შორის წარსულისგანაც. შიში კი, როგორც ვიცით, ცოდნის ადამიანის პირველი მტერია.

გადახედვის პრაქტიკისთვის საჭიროა, რომ შეადგინოთ ყველა იმ ადამიანის ან მოვლენის სია, რომლებსაც ადგილი ჰქონდათ თქვენს ცხოვრებაში. ამაზე რამდენიმე კვირიდან რამდენიმე თვემდე დრო იხარჯება. თავად სიის შედგენაც კი - უკვე გადახედვის პრაქტიკის ნაწილია. ამით იზრდება განზრახვის ძალა და გამოიყოფა ენერგია. ხშირად სწორედ ამით მიდის ადაიანი პირველ სიზმარხილვამდე.

ტექნიკურად გადახედვის შესრულება საკმაოდ მარტივია. გამოყოფენ რამდენიმე საკვანძო დეტალს: ადგილი, სუნთქვა, სია.

ადგილი განმარტოებული და წყნარი უნდა იყოს. გადახედვას აკეთებენ, როგორც წესი „კარდონის“ ან ხის ყუთში, აწეული და მკერდთან მიტანილი მუხლებით. ზოგჯერ საჭიროა პოზის შეცვლა - ფეხების დაბუჟების გამო. ამისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ იოგას ასანები მედიტაციისთვის (სუქჰასანა, ვაჯრასანა, ნახევარ-ლოტოსი, ლოტოსი, გუპტასანა). ყუთს ვენტილაცია უნდა ჰქონდეს (ზედა მხარეს ხვრელს აკეთებენ ხოლმე). აი, რას წერს კასტანედა: „...სტალკერები იყენებენ ყუთებს ან მიწის საფლავებს, რათა მათში ჩაიკეტონ, სანამ კვლავ ხელახლა განიცდიან, და არა უბრალოდ გადახედავენ თავიანთი ცხოვრების მოვლენებს. მიზეზი, რის გამოც სტალკერებმა ამ სახით უნდა გადახედონ თავიანთ ცხოვრებას, იმაში მდგომარეობს, რომ არწივის ძღვენი ადამიანისადმი მოიცავს მის თანხმობას - მიიღოს ნამდვილი ცნობიერების ნაცვლად სუროგატი, თუკი ეს სუროგატი სრულყოფილი ასლი იქნება.“

სია წინასწარ უნდა იყოს შედგენილი, მაგალითად ცალკე რვეულში. ადამიანები, რომელთა გადახედვაც მოცემულ სესიაზე გადაწყვითეთ, შეგიძლიათ რვეულიდან თეთრ პლასტმასზე ამოწეროთ. გადახედვასთან ერთად პლასტმასიდან სახელებს ჩვეულებრივი საშლელით შლით. ძირითადი სია კი კვლავაც ინახება რვეულში. იგი ისევ გამოგადგებათ, რადგანაც არსებობს გადახედვის რამდენიმე წრე. პირველი წრე - ესაა ყველა ადამიანის და მათთან დაკავშირებული მოვლენების გადახედვა. მეორე წრე - ესაა ყველაფრის გახსენება, თავისი წვრილმანი დეტალებით (ფერები, სუნები, გემოები, აზრები...). ტრადიციულად გადახედვას აწმყო მომენტიდან დაბადებამდე აწარმოებენ. და გადახედვის მესამე წრე - ესაა მოზაიკის შედგენა შემთხვევითი სიუჟეტებით - საკუთარ სულზე მინდობით. ანუ მესამე წრეზე სია ფაქტიურად აღარაა საჭირო. თავად სიის შესადგენად შეგიძლიათ გამოიყენოთ ადამიანთა დაყოფა საქმიანობის სფეროების მიხედვით.

სუნთქვა: არსებობს კასტანედასა და მისი გარემოცვის მიერ აღწერილი სუნთქვის რამდენიმე მეთოდი. მაგრამ არსი ერთია - სუნთქვის მეშვეობით დაკარგულ ენერგეტიკულ ბოჭკოებს (ძაფებს) ვიბრუნებთ. ჩვენ ვიყენებთ რამდენიმე აღწერის შეერთებით სინთეზირებულ სუნთქვის ვარიანტს. ვიღებთ სიაში პირველ ადამიანს. ნიკაპი მარჯვენა მხარზე გვაქვს. თავის ტრიალთან ერთად ვაკეთებთ ჩასუნთქვას და ვაცოცხლებთ ამ ადამიანთან დაკავშირებულ მოვლენებს. შემდეგ პირიქით - ამოსუნთქვასთან ერთად თავი მარცხნიდან მარჯვნივ ტრიალდება. © დონ ხუან მატუსი: ჩასუნთქვა, თავის ტრიალი მარჯვენადან მარცხენა მხარზე, ამოსუნთქვა - თავის ტრიალი მარცხენადან მარჯვენა მხარზე. ჩასუნთქვისას ჩვენ ვიბრუნებთ საკუთარ ენერგეტიკულ ძაფებს, ამოსუნთქვისას სხვებისას ვიშორებთ. როცა მოვლენა გადახედილია (ეს კი უკვე შინაგანი შეგრძნების მიხედვით მოწმდება), ვაკეთებთ თავის ტრიალს მარჯვნიდან მარცხნივ და შემდეგ პირიქით - სუნთქვის გარეშე. ამით ხდება დარჩენილი ენერგეტიკული ძაფების ჩაწყვეტა. გარდა ამისა, თავად გახსენების პროცესი სასურველია რომ დავყოთ სამ ნაწილად:

- მოვლენის დეტალების გახსენება;

- ადამიანების და მათთან ურთიერთობების გახსენება;

- მოცემული მოვლენისადმი საკუთარი დამოკიდებულების გადახედვა;

„ფლორინდამ ახსნა, რომ გადახედვის საკვანძო მომენტს სუნთქვა წარმოადგენს. მისთვის სუნთქვა მაგიური იყო, რადგანაც ეს იყო ფუნქცია, რომელიც სიცოცხლეს იძლეოდა. მან თქვა, რომ გადახედვა ადვილია, თუკი სხეულის გარშემო აგზნების სფეროს შემცირებას შეძლებ. სწორედ ამაში მდგომარეობდა ყუთის მნიშვნელობა. შემდეგ სუნთქვა უფრო და უფრო ღრმა მოგონებებს გამოიტანს. თეორიულად სტალკერებმა უნდა გაიხსენონ ნებისმიერი გრძნობა, რომელიც კი ცხოვრებაში ჰქონიათ, ეს პროცესი კი მათთვის სუნთქვით იწყება“.

არის ერთი ნიუანსი. თუ არ გსურთ რომელიმე კონკრეტულ ადამიანთან ურთიერთობის გაწყვეტა (შეცვლა) - გადადეთ მისი გადახედვა. ჩვენი ურთიერთობები ენერგო-გაცვლას ეფუძნება. ხოლო ამ ადამიანთან (ცოლთან, ქმართან, მეგობართან) ენერგეტიკული ბალანსის (ან დისბალანსის) გაწყვეტით თქვენ ახდენთ ურთიერთობების ცვლილებისს პროვოცირებას. (წყარო)

 

გადახედვის ტექნიკა

(MAGMA-ს რეკომენდაციები)

ზემოთმოყვანილი ტექსტებიდან და ვიდეოებიდან ნახავდით, რომ არსებობს ამ ტექნიკის სხვადასხვა ვარიაციები და სიღრმეები. თქვენთვის აირჩიეთ ის, რომელიც უფრო მოგწონთ და დასაწყისისთვის გიადვილდებათ, მაგრამ ეცადეთ, რომ ქვემოთ ჩამოთვლილ პუნქტებს ძალიან არ გადაუხვიოთ:

1. გადახედვას ვაკეთებთ ბნელ ოთახში და სიჩუმეში. თუ დღეა და ოთახის ჩაბნელება არ გამოგვდის, ჯობია თვალები ნაჭრით ავიხვიოთ. ყუთის დამზადება ქალაქის პირობებში ძნელია, და აუცილებელი არაა, იმიტომ როომ ყუთის მთავარი დანიშნულება ენერგეტიკულ სხეულზე ზეწოლაა, ზეწოლა დღევანდელ ადამიანებს ისედაც არ გვაკლია (ქალაქის პირობებში). სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ ეს ტექნიკა კარადაში, ტუალეტში, აბაზანაში ან სხვა ვიწრო სივრცეშიც შეასრულოთ. ტექნიკა სრულდება მჯდომარე მდგომარეობაში. ხერხემალი გამართული უნდა იყოს.

2. სანამ გადახედვის პრაქტიკას დავიწყებთ, პირველ რიგში ვიღებთ რვეულს ან ბლოკნოტს და ვიწყებთ სიის ჩამოწერას. ვიხსენებთ ყველა ადამიანს, ვისთანაც შეხება გვქონია. ვიწყებთ აწმყოთი და ჩავდივართ წარსულში. შესაბამისად ბოლო ადამიანები სიაში - მშობლები უნდა იყვნენ. ადამიანების კლასიფიკაცია სიაში შეგიძლიათ კატეგორიების, საქმიანობის სფეროების და ა.შ. შესაბამისად. სიის ჩამოწერა ხანგრძლივი პროცესია, ამიტომ ტექნიკას ვაკეთებთ ყოველდღე - და პარალელურად სიასაც ვავსებთ. სიის ჩამოწერა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც ამით ქვეცნობიერს ვაძლევთ ერთგვარ დავალებას - გაიხსენოს მაქსიმალურად ყველაფერი. და ეს დამატებით კარგი სავარჯიშოა მეხსიერებისთვისაც.

3. გადახედვის შესრულება შეგიძლიათ ნებისმიერ დროს, მაგრამ სასურველია, რომ ყოველდღე ეს დრო რეგულარულად ერთი და იგივე იყოს (თუ სხვა გზა არ გაქვთ, შეგიძლიათ დრო შეცვალოთ ხოლმე). პრაქტიკას ეთმობა დღეში მინიმუმ 20 წუთი. თუ დრო და სურვილი გაქვთ, შეგიძლიათ ზოგჯერ დღეში ორჯერაც გააკეთოთ ხოლმე. სასურველია, რომ გადახედვის დროს არც ახალი ნაჭამი იყოთ, და არც იმდენად მშიერი, რომ შიმშილის გრძნობა გაწუხებდეთ. გადახედვის პრაქტიკების პერიოდში თავი შეიკავეთ ასევე ალკოჰოლისგან და სხვა ცნობიერების „მომადუნებელი“ საშუალებებისგან.

4. საწყის ეტაპზე არ გირჩევთ გადახედვის გაკეთებას თქვენს მეუღლეზე, შეყვარებულზე ან სექსუალურ პარტნიორზე, თუკი რა თქმა უნდა მკვეთრი და წინასწარ-გამოუცნობი ცვლილებები არ გსურთ ამ ადამიანთან მიმართებაში. უფრო აქცენტი გააკეთეთ თქვენს წარსულ პარტნიორებზე და მათზე, ვისთანაც ემოციურად მეტად იყავით დაკავშირებულნი.

5. უშუალოდ ტექნიკა სრულდება შემდეგნაირად: ვირჩევთ სიაში ჩვენთვის სასურველ ერთ ადამიანს (მეტზე დრო არ გვეყოფა). ვჯდებით, ვხუჭავთ თვალებს, თავდაპირველად ვაკვირდებით სუნთქვას და ვამშვიდებთ გონებას. შემდეგ ვიწყებთ ამ ადამიანის და მასთან დაკავშირებული დეტალებისა და მოვლენების გახსენებას და უბრალოდ ვაკვირდებით ჩვენს აზრებსა და განწყობას ამ დროს. შემდეგ ნელა და მშვიდად ვიწყებთ რიტმულ სუნთქვას მოძრაობასთან სინქრონში. საწყისი პოზიციაა - თავი მარჯვენა მხარეს. ამ დროს ვიწყებთ ჩასუნთქვას და თავს ნელა ვატრიალებთ მარცხენა მხრისკენ (დაახლოებით 150 გრადუსით). როცა მივაღწევთ მარცხენა მხარეს, ცოტა ხნით ვიკავებთ სუნთქვას და ვასრულებთ საპირისპირო მოძრაობას ამოსუნთქვასთან ერთად. სუნთქვა უნდა იყოს მშვიდი და კომფორტული. თუ საჭიროთ ჩათვლით, ამოსუნთქვა შეგიძლიათ პირითაც შეასრულოთ. ეცადეთ ამ დროს მთელი სხეული, და განსაკუთრებით სახე და პირის აპარატი მოადუნოთ. გაცნობიერებულობის ველი უნდა მოიცავდეს სხეულს, ემოციებსა და აზრებს. ჩაურეველი დამკვირვებელის როლში ვაკვირდებით ყველაფერს, რასაც განვიცდით (ისე, რომ არ ვაკონტროლებთ და არ ვზღუდავთ ამ განცდებს).

6. განზრახვა. მთავარი, რაც ფონად მიჰყვება მთელს ტექნიკას, ესაა განზრახვა - ჩასუნთქვისას დავიბრუნოთ მოცემულ სიტუაციაში გაფანტული „ენერგეტიკული ძაფები“, ხოლო ამოსუნთქვისას დავუბრუნოთ სხვებს მათ მიერ ჩვენში ჩატოვებული ეს „ძაფები“. ეს უნდა იყოს განზრახვა, და არა სურვილი (ან ვიზუალიზაცია). თავიდან ეს ძნელია, მაგრამ პრაქტიკასთან და გამოცდილებასთან ერთად განზრახვის ძალაც იზრდება და მომავალში უფრო კარგად იგრძნობთ, რა განსხვავებაა სურვილსა და განზრახვას შორის.

7. არ გადავდივართ ერთი ადამიანიდან მეორეზე, სანამ ამ ადამიანთან დაკავშირებული ემოციები და მღელვარება არ „ჩაცხრება“ (თუ ეს ვერ მოვახერხეთ, იგივეს სხვა დროს, ახალ წრეზე ვიმეორებთ). მაგალითად, ვიხსენებთ, ადამიანს, რომელზეც წყენა ან აგრესია გვაქვს. ძალიან ძნელია რეალურად, ენერგეტიკულ დონეზე აპატიო ადამიანს, თუ მასთან ემოციურად ისევ დაკავშირებული ხარ. მხოლოდ გაცნობიერებულობა და განზრახვა განაპირობებენ ენერგეტიკული ძაფების დაბრუნებას და ამ კავშირის გაწყვეტას. ვერანაირი სურვილით ამას ვერ შეძლებთ. (გაცნობიერებულობის და განზრახვის თეორიული ახსნაც ძალიან ძნელია, და ამის გაგება რეგულარულ პრაქტიკასთან ერთად თანდათან მოდის).

8. გადახედვის პრაქტიკა სრულდება წრეების მიხედვით. პირველი წრე მინიმუმ 48 დღეს უნდა მოიცავდეს, და იგი შედარებით ზედაპირულია. უფრო მეტი ენერგიის და განზრახვის ძალის დაგროვების შემდეგ სასურველია მეორე წრეზე გადასვლა, სადაც განცდები და დეტალები უფრო მკაფიოდ და ზუსტად აღიქმება და ენერგეტიკული გამთლიანებაც უფრო სრულყოფილად ხდება. მესამე წრეზე ხდება მხოლოდ იმ ადამიანების გადახედვა, რომლებთანაც ყველაზე ღრმა ემოციურ-მენტალური კავშირები გვაქვს. ამ ეტაპზე ვაკეთებთ პირველ წრეს, ამიტომ დანარჩენი წრეების დეტალებს არ ჩავუღრმავდებით.

9. გადახედვის დროს შესაძლოა მეხსიერებამ ჩვენთვის სრულიად მოულოდნელი კადრები ამოყაროს, რომლეებიც საერთოდ არ უკავშირდება სიიდან არჩეულ ადამიანს. ეს ბუნებრივია, და გადახედვის ერთ-ერთი მთავარი მიზანიც სწორედ ესაა. ამ დროს ბოლომდე მივყვებით პროცესს და არ ვცდილობთ სიაში არჩეულ ადამიანზე დაბრუნებას (გარდა იმ შემთხვევებისა, თუ ყურადღება სხვა ისეთი წვრილმანებისკენ გაგვეპარა, როგორებიცაა - „დღეს რა გავაკეთო საჭმელი“? „სამსახურის საქმეს მოვასწრებ“? „იმან გუშინ რატომ შემომხედა სხვანაირად?“ და მისთანანი).

10. გადახედვის პრაქტიკაში ყველაზე მნიშვნელოვანია რეგულარულობა და ნებისყოფა. მაშინაც კი, თუ თავიდან შესამჩნევი არაფერი გამოგდით, ნებისყოფის ძალის ხარჯზე რაღაც პერიოდის შემდეგ მნიშვნელოვანი ძვრები აუცილებლად დაიწყება. მთავარია, არ დანებდეთ და ჯიუტად მიჰყვეთ ინსტრუქციას. ესაა სტალკინგის ის პრაქტიკა, რომელიც მთელი ცხოვრება რომ აკეთოთ, კარგის მეტს არაფერს მოგიტანთ, მაგრამ როგორც მინიმუმ 48 დღე იგი რეგულარული უნდა იყოს და არ უნდა ჩააგდოთ, შემდეგ კი შეგიძლიათ რაღაც პერიოდი შეისვენოთ და როცა საჭიროდ ჩათვლით ისევ განაგრძოთ. 48 დღე ის პერიოდია, რომელიც რაღაც ჩვევის ქვეცნობიერში ღრმად ჩამოყალიბებას სჭირდება.

P.S. სასურველია, რომ პრაქტიკის პერიოდში კვირაში ერთხელ მაინც გადაიკითხოთ ხოლმე მთელი ეს ტექსტი, რადგან მასში ახალ ნიუანსებს აღმოაჩენთ და დამატებით მოტივაციასაც მიიღებთ.

გისურვებთ წარმატებებს!

მსგავსი სტატიები

პირველი მანდალა - სხეულში გამოღვიძება (ახალი ჯგუფი)


მეგობრებო, ჩვენი აუდიტორიის თხოვნით კვლავ გთავაზობთ მაგმას ...

ოქროსფერი სინათლის მედიტაცია


ოშოს წიგნიდან - "ნარინჯისფერი წიგნი" ოქროსფერი სინათლის მე...

სიცილის მედიტაცია


 ოშოს წიგნიდან - "ნარინჯისფერი წიგნი"  მთარგმნელ...

ოშო - ნადაბრამა მედიტაცია


ოშოს წიგნიდან - "ნარინჯისფერი წიგნი" ნადაბრამა – ესაა გუგუ...

იშა-კრია


იშა კრია - სადჰგურუს მედიტაცია წყარო მთარგმნელი: მამუკა გურული ი...

სავარჯიშოების კომპლექსი თვალების სეგმენტის კუნთოვანი ჯავშნის მოსახსნელად


ავტორი: მამუკა გურული იმისთვის, რომ გაერკვეთ, თუ რას ნიშნავს კუნთო...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff