საპიენსი - კაცობრიობის მოკლე ისტორია

Admin
ისტორია
0
0

მონაკვეთი იუვალ ნოა ჰარარის წიგნიდან - "საპიენსი - კაცობრიობის მოკლე ისტორია" მთარგმნელი: ეკატ...

sapiens1

მონაკვეთი იუვალ ნოა ჰარარის წიგნიდან - "საპიენსი - კაცობრიობის მოკლე ისტორია"

მთარგმნელი: ეკატერინე სამხარაძე

ისტორიის ქრონოლოგია

წლები ჩვენს ერამდე...

13.5 მილიარდი - გაჩნდა მატერია და ენერგია. სათავე დაედო ფიზიკას. გაჩნდნენ ატომები და მოლეკულები. სათავე დაედო ქიმიას.

4.8 მილიარდი - მოხდა დედამიწის ფორმირება.

3.8 მილიარდი - გაჩნდნენ ორგანიზმები. სათავე დაედო ბიოლოგიას.

6 მილიონი - გაჩნდა ადამიანების და შიმპანზეების უკანასკნელი საერთო წინაპარი.

2.5 მილიონი - დაიწყო ჰომოების ევოლუცია აფრიკაში. გაჩნდა პირველი ქვის იარაღები.

2 მილიონი - ადამიანები აფრიკიდან ევრაზიაში გავრცელდნენ. დაიწყო ადამიანების სხვა და სხვა სახეობების ევოლუცია.

500 000 - ნეანდერტალელები განვითარდნენ ევროპასა და შუა აზიაში.

300 000 - დაიწყეს ცეცხლის ყოველდღიურად გამოყენება.

200 000 - ჰომოსაპიენსები განვითარდნენ აღმოსავლეთ აფრიკაში.

70 000 - მოხდა კოგნიტური რევოლუცია. გაჩდნენ ფიქტიური ენები. სათავე დაედო ისტორიას. დაიწყო საპიენსების აფრიკიდან გავრცელება.

45 000 - საპიენსები დასახლდნენ ავსტრალიაში. განადგურდა ავსტრალიის ძირითადი ფაუნა.

30 000 - განადგურდნენ ნეანდერტალელები.

16 000 - საპიენსები დასახლდნენ ამერიკაში. განადგურდა ამერიკის ძირითადი ფაუნა.

13 000 - განადგურდა ჰომო ფლორესი. ჰომო საპიენსი გახდა ადამიანის ერთადერთი გადარჩენილი სახეობა.

12 000 - მოხდა აგრარული რევოლუცია. მოიშინაურეს ცხოველები და მცენარეები, გაჩნდა მუდმივი დასახლებები.

5000 - გაჩნდა პირველი სამეფოები, ხელნაწერები, ფული. წარმოიქმნა პოლითეისტური რელიგიები.

4 250 - გაჩნდა პირველი - სარგონის აქადური იმპერია. გამოიგონეს უნივერსალური ფული - მონეტები.

2 500 - გაჩნდა სპარსული იმპერია თავისი უნიკალური წყობით „ყველა ადამიანის საკეთილდღეოდ“. გაჩნდა ბუდიზმი ინდოეთში ასევე უნივერსალური ჭეშმარიტებით „ყველა ცოცხალი არსების ტანჯვისგან ხსნისთვის“.

2 000 - გაჩნდა ჰანების იმპერია ჩინეთში. აღმოცენდა რომის იმპერია ხმელთაშუაზღვისპირეთში, საფუძველი ჩაეყარა ქრისტიანობას.

1 400 - გაჩნდა ისლამი.

500 - მოხდა მეცნიერული რევოლუცია. კაცობრიობამ აღიარა თავისი უმეცრება და დაიწყო უპრეცედენტო ძალაუფლების მოპოვება. ევროპა ამერიკისა და ოკეანიის მმართველი გახდა. მთელი პლანეტა გახდა ერთიანი ისტორიული არენა. აღმოცენდა კაპიტალიზმი.

200 - მოხდა ინდუსტრიული რევოლუცია. ოჯახი და საზოგადოება სახელმწიფომ და ბაზარმა შეცვალა. დაიწყო მცენარეებისა და ცხოველების მასობრივი განადგურება.

აწმყო დრო - ადამიანები გასცდნენ დედამიწის საზღვრებს. კაცობრიობის სიცოცხლეს ატომური იარაღი ემუქრება. ორგანიზმები სულ უფრო მეტად იხვეწება საგანგებო ჩარევით და არა ბუნებრივი გადარჩევით.

მომავალი - სიცოცხლის ძირითადი პრინციპი ინტელექტუალური გახდება? ჰომოსაპიენსებს ზეადამიანები შეცვლიან?

ნაწილი პირველი - კოგნიტური რევოლუცია

sap 1


ფოტო 1. ადამიანის ხელის ანაბეჭდი შოვე პონ დარკის მღვიმეში სამხრეთ საფრანგეთში, 300 000 წლის წინ. ვიღაც ცდილობდა ეთქვა: „მე აქ ვარ“!

არაფრით გამორჩეული ცხოველები

დაახლოებით 13.5 მილიარდი წლის წინ, დიდი აფეთქების შედეგად, გაჩნდა მატერია, ენერგია, დრო და სივრცე. სამყაროს ამ ფუნდამენტური მოვლენების ისტორიის შესწავლით ფიზიკაა დაკავებული.

თავიანთი წარმოშობიდან 300 000 წლის შემდეგ მატერიამ და ენერგიამ დაიწყეს ურთიერთადაკავშირებული რთული კომპლექსების შექმნა, გაჩნდა ატომები რომლებმაც მერე მოლეკულებად დაიწყეს კომბინირება. მოლეკულების, ატომების და მათი ურთიერთქმედების ისტორიას კი ქიმია შეისწავლის.

დაახლოებით 3.8 მილიარდი წლის წინ გარკვეული მოლეკულები შეერთდნენ და წარმოქმენს დიდი და რთული სტრუქტურები - ორგანიზმები. ორგანული ცხოვრების ისტორიას ბიოლოგია შეისწავლის.

ამასთან 70 000 წლის წინ ორგანიზმებმა, ჰომო საპიენსის სახეობას რომ მიეკუთნებოდნენ, წარმოშვეს რაღაცა გაცილებით დახვეწილი - დღეს ჩვენ მას კულტურას ვეძახით. ხოლო სწორედ ადამიანური კულტურის შემდგომი ბედითაა დაინტერესებული მეცნიერება ისტორია.

ადამიანური ისტორიის მდინარება განსაზღვრა სამმა უდიდესმა რევოლუციამ. ყველაფერი 70 000 წლის წინ კოგნიტური რევოლუციით დაიწყო, რასაც 12 000 წლის წინ აგრარულიც მოჰყვა, მესამე კი სულ რაღაც 500 წლის წინ მეცნიერული რევოლუცია იყო, რომელსაც სავსებით შეეძლო დაესრულებინა კიდევაც ისტორია და რაღაცა უფრო სხვა, უჩვეულოსთვის ჩაეყარა საფუძველი. ამ წიგნში მოთხრობილია, თუ როგორ აისახა ეს სამი რევოლუცია ადამიანებზე და მათ ერთგულ თანამგზავრ, სხვა ცოცხალ ორგანიზმებზე.

ადამიანები ისტორიის დაწყებიდან დიდი ხნით ადრე არსებობდნენ. ცხოველები, რომლებიც დღევანდელ ადამიანებს ძალიან გვანან, პირველად 2.5 მილიონი წლის წინ გაჩნდნენ, თუმცა უთვალავი თაობის მანძილზე ისინი არანაირად არ გამოირჩეოდნენ იმ მილიარდი სხვა არსებისგან, ვისთან ერთადაც საცხოვრებლის გაყოფა უხდებოდათ.

თუ ორიოდე მილიონი წლის წინ აღმოსავლეთ აფრიკაში გაისერნებდით, სრულიად ჩვეულებრივ სურათს წააწყდებოდით; დედები ნაზად იკრავდნენ გულში ჩვილებს, უდარდელი ბავშვები ტალახში დახტოდნენ, სისხლმოჭარბებული ახალგაზრდობა პირობითობის დიქტატურას აპროტესტებდა, დაქანცული მოხუცები კი მოსვენებას ითხოვდენ; მაჩოები მკერდში მუშტის დაშენით ცდილობდნენ ადგილობრივი ლამაზმანის ყურადღების მიპყრობას, ამ ყველაფერს კი უკვე მერამდენედ აკვირდება მოხუცი, ბრძენი მატრიარქი. ამ არქაულ ადამიანებს უყვარდათ, თამაშობდნენ, მხურვალედ მეგობრობდნენ, სტატუსისა და ძალაუფლებისთვის ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ - მაგრამ იგივეს აკეთებდნენ შიმპანზეები, ბაბუინები და სპილოები. არაფერი ამაში განსაკუთრებული არ იყო. ვერავინ, პირველ რიგში კი თავად ეს ადამიანები, ვერც კი დაუშვებდნენ, რომ მათი შთამომავლები მთვარეზე გაივლიდნენ, ატომს გახლეჩდნენ, გენეტიკურ კოდს გაშიფრავდნენ და ისტორიის წიგნებს დაწერდნენ. როცა პრეისტორიულ ადამიანზე ვსაუბრობთ, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ის იყო არაფრით გამორჩეული ცხოველი და გარემოზეც იმაზე მეტ გავლენას ვერ ახდენდა, ვიდრე გორილა, ციცინათელა ან მედუზა.

ბიოლოგები ორგანიზმებს სახეობებისა და გვარები მიხედვით ანაწილებენ. ერთი სახეობის ცხოველებს შეუძლიათ შეჯვარება სხვა სახეობასთან და ნაყოფიერ შთამომავლობას გვაძლევენ. ცხენებს და ვირებს ჰყავთ ერთი საერთო წინაპარი და უამრავი საერთო თვისება აქვთ, თუმცა საერთოდ არ ამჟღავნებენ ერთმანეთის მიმართ სექსუალურ ინტერესს. შეიძლება აიძულო შეჯვარება და შედეგად უჩნდებათ უნაყოფო შთამომავლობა - ჯორი. ეს ნიშნავს, რომ ცხენები და ვირები სხვა და სხვა სახეობას მიეკუთნებიან. თუმცა აი, ბულდოგი და სპანიელი ერთი შეხედვით სულ არ ჰგავს ერთმანეთს, მაგრამ წარმატებით წყვილდებიან და მათ შთამომავლებს კიდევ შეუძლიათ სხვა ჯიშებთან შეჯვარება და ახალი შთამომავლობის მოცემა. ამგვარად ბულდოგი და სპანიელი ერთ სახეობას - ძაღლებს წარმოადგენენ.

სახეობები, რომლებიც ერთი წინაპრისგან წარმოსდგება, გვარში ერთიანდება. ლომი, ვეფხვი, იაგუარი და ლეოპარდი - პანტერას გვარის სხვ და სხვა სახეობებია. ბიოლოგები ცოცხალ ორგანიზმებს ორმაგ ლათინურ სახელს არქმვენ, ერთი გვარს აღნიშნავს მეორე სახეობას. მაგალითად ლომის სახელია - Panthera leo – panthero - გვარი და leo - სახეობა. უეჭველად ამ წიგნის ყველა მკითხველი Homo sapiens - ია ანუ მიეკუთნებიან სახეობას sapiens (გონიერი) და გვარს Homo (ადამიანი).

გვარები თავის მხრივ ერთიანდება ოჯახებში - მაგალითად კატისებრთა ( ლომი, გეპარდი, შინაური კატები), ძაღლისებრთა ( მგელი, მელა, ტურა), სპილოსნაირებთა (სპილო, მამონტი, მასტოდონტი). ნებისმიერი ოჯახის წარმომდგენელს შეუძლია თვალი მიადევნოს თავიანთ წინაპრებს ერთ გარკვეულ ფუძემდებლამდე. ამგვარად ყველა კატა - პაწია შინაური კნუტით დაწყებული და საზარელი ლომით დამთავრებული ერთი საერთო წინაპრამდე მიდიან რომელიც 25 მილიონი წლის წინათ ცხოვრობდა.

Homo sapiens -იც მიეკუთნება თავის ოჯახს, თუმცაღა ძალიან დიდხანს და ჯიუტად არ სურდა ამ ფაქტის აღიარება. Homo sapiens ამჯობინებს საკუთარი თავი თავის გვარში ერთადერთად ჩათვალოს, სხვა ცხოველებისგან გამოყოფილად, ობლად - და-ძმების, ბიძაშვილების და რაც მთავარია მშობლების გარეშე. მაგრამ ეს შეცდომაა. გვინდა ჩვენ ეს თუ არა, ჩვენ ერთ დიდ, ხმაურიან ოჯახს - დიდი მაიმუნების ოჯახს (უმაღლესი პრიმატების) ვეკუთნით. დედამიწაზე ამჟამად მცხოვრებლებს შორის ჩვენი უახლოესი ნათესავები არიან - შიმპანზეები, გორილები, ორანგუტანგები და გიბონები, მათგან კი ყველაზე ახლოს შიმპანზეა. სულ რაღაც 6 მილიონი წლის წინ ერთ მაიმუნს ორი ქალიშვილი გაუჩნდა. ერთი, ყველა დღეს მცხოვრები შიმპანზეს წინაპარი გახდა, მეორე კი ჩვენი დიდი ბებიაა.

ჩონჩხები კარადაში

ჰომო საპიენსი უფრო უარეს საიდუმლოებსაც ინახავს: ჩვენ არა მხოლოდ ველური ნათესავები გვყავს, არამედ ოდესღაც ღვიძლი და-ძმაც გვყავდა. ჩვენ მივეჩვიეთ ვატაროთ სახელი „ადამიანი“, რადგან ბოლო 10 000 წლის განმავლობაში მართლაც ერთადერთი სახეობა ვიყავით ამ გვარში, მაგრამ ოდესღაც ეს გვარი რამდენიმე სახეობას მოიცავდა. და მაინც სიტყვა „ადამიანი“-ს რეალური მნიშვნელობაა „ცხოველი Homo - ს ოჯახიდან“, და ადრე ის გონირი ადამიანის მიღმა ბევრ სხვა სახეობასაც გულისხმობდა. უფრო მეტიც, ამ წიგნის ბოლო თავში დავინახავთ, რომ არც ისე შორეულ მომავალში ჩვენ უნაკლო ადამიანებთან მოგვიწევს ბრძოლა. ამ მომენტის უფრო ცხადად საჩვენებლად მე ხშირად გამოვიყენებ „sapiens” “Homo sapiens” -ის სახეობის განსაზღვრისთვის, ხოლო ტერმინ „ადამიან“-ს მოვიტოვებ Homo -ს გვარის ყველა სახეობის წარმომადგენლისთვის.

ადამიანები პირველად აღმოსავლეთ აფრიკაში 2,5 მილიონი წლის წინ გაჩნდნენ, როგორც მაიმუნების უფრო ძველი გვარის ავსტრალოპითეკების, იგივე „სამხრეთის მაიმუნების“ განშტოება. დაახლოებით ორი მილიონი წლის წინ ზოგიერთმა არქაულმა ქალმა და მამაკაცმა მიატოვა თავისი საცხოვრებელი და ჩრდილოეთ აფრიკის, აზიისა და ევროპის დიდი ტერიტორიები აითვისა. ჩრდილოეთ ევროპის თოვლიან ტყეებში გადასარჩენად სულ სხვა თვისებები იყო საჭირო, ვიდრე ინდონეზიის მცხუნვარე ჯუნგლებში, ამიტომ ადამიანებმა სხვა და სხვა მიმრთულებით იწყეს ევოლუციონირება. ამის შედეგად გაჩნდა რამდენიმე განსხვავებული სახეობა და მეცნიერებმა თითოეულს პომპეზური ლათინური სახელი მიანიჭეს.

sap2

ფოტო 2. ჩვენი და-ძმები, თეორიული რეკონსტრუქციის თანახმად (მარცხნიდან მარჯვნივ) Homo rudolfensis (აღმოსავლეთი აფრიკა), Homo erectus (აღმოსავლეთ აზია), Homo neanderthalensis (ევროპა და დასავლეთ აზია). ყველა ადამიანია.

ადამიანები ევროპიდან და დასავლეთ აზიიდან გახდნენ Homo neanderthalensis (ადამიანი ნეანდერის ველიდან), რომლებიც უფრო ცნობილები არიან სახელით „ნეანდერტალელი“. ნეანდერტალელები, ჩვენზე, საპიენსებზე უფრო მოზრდილი და დაკუნთული ხალხი იყო, უკთესად ეგუებოდნენ დასავლეთ ევრაზიის სიცივეს და გამყინვარების პერიოდებს. აზიის უფრო დასავლეთ ნაწილში ცხოვრობდნენ ჰომო ერექტუსები -„ვერტიკალური ადამიანები“, რომლებიც ამ ტერიტორიაზე თითქმის 2 მილიონი წელი არსებობდნენ, რაც მათ ყველაზე დღეგრძელ ადამიანთა სახეობად აქცევს. ამ განაცხადს ჩვენი სახეობაც კი ვერ დაარღვევეს, საეჭვოა საპიენსმა კიდევ 1000 წელი გაძლოს, ამიტომ 2 მილიონი წელი ნამდვილად რეკორდია ჩვენს ლიგაში.

ინდონეზიაში, კუნძულ იავაზე ცხოვრობდა Homo soloensis „ადამიანი სოლოს ველიდან“, რომელიც შეგუებული იყო ტროპიკებში ცხოვრებას. ინდონეზიის მეორე, პატარა კუნძულ ფლორესზე არქაული ადამიანები ჯუჯებად გადაიქცნენ. პირველი ადამიანები მაშინ მივიდნენ ფლორისზე როცა ზღვის დონე მაქსიმალურად დაბალი იყო და კუნძულზე ძალიან ადვილად გადახვიდოდი მატერიკიდან. როცა ზღვის დონემ ისევ აიწია, ადამიანები რესურსებით არც თუ მდიდარ კუნძულის „ხაფანგში“ აღმოჩნდნენ. დიდი ზომის ადამიანები რომლებსაც ბევრი საკვები სჭირდებოდათ ამოწყდნენ, ხოლო უფრო მომცროები გადარჩნენ. თაობების განმავლიბაში კი ფლორისის მცხოვრებლები ჯუჯებად გადაიქცნენ. ეს უნიკალური სახეობა, რომელიც მეცნიერებისთვის ცნობილია როგორც ჰომო ფლორისი, სიმაღლეში 1 მეტრს აღწევდა და 25 კილოგრამს იწონიდა. მიუხედავად ამისა მათ შეეძლოთ ქვის იარაღების წარმოება, ხან და ხან კუნძულის სპილოების მონადირებასაც ახერხებდნენ, თუმცა აქ პატიოსნად უნდა ვთქვათ, რომ სპილოებიც ჯუჯები გახლდნენ.

2010 წელს კიდევ ერთი ძმა გადაურჩა დავიწყებას, როცა მეცნიერებმა ციმბირში დენისის გამოქვაბულის გათხრებისას გაქვავებული თითის ფალანგი იპოვეს. გენეტიკურმა ანალიზმა დაადასტურა, რომ არტეფაქტი აქამდე უცნობი ადამიანის სახეობას ეკუთნოდა, რომლსაც ჰომო დენისოვი დაერქვა. ვინ მოსთვლის რამდენი დაკარგული და-ძმა ელის კიდევ აღმოჩენას სხვა გამოქვაბულებში, კუნძულებზე და სხვა კონტინენეტებზე.

სანამ ეს ადამიანები ევროპასა და აზიაში ვითარდებოდნენ, არც აღმოსავლეთ აფრიკაში შეწყვეტილა ევოლუცია. კაცობრიობის აკვანი განაგრძობდა სხვა და სხვა ახალი სახეობების გაჩენას, ისეთების როგორიცაა Homo rudolfensis (ადამიანი რუდოლფის ტბიდან), Homo ergaster (მომუშავე ადამიანი) და ბოლოს ჩვენი სკუთარი სახეობა, რომელსაც ყოველგვარი თავმდაბლობის გარეშე ვუწოდებთ ჰომო საპიენსს - ბრძენ ადამიანს.

ამ სახეობების ზოგიერთი წევრი მასიური იყო, ზოგი კი ჯუჯა. ვიღაცა მამაცი მეომარი იყო, ვიღაცა კი თვინიერი მცენარეების შემგროვებელი. ზოგი მხოლოდ ერთ კუნძულზე ცხოვრობდა, მაშინ როცა სხვები კონტინენტიდან კონტინენტზე დაწანწალებდნენ. მაგრამ ყველანი ჰომოთა გვარს მიეკუთნებოდნენ. ყველა ადამიანი იყო.

ძალიან ფართოდაა გავრცელებული შეცდომა, რომ სახეობები ერთი ხაზის მიხედვით ვითარდებოდნენ, რომ ერგასტერმა წარმოშვა ერეკტუსი, ერეკტუსმა ნეანდერტალელი, ხოლო ნეანდერტალელები ჩვენში განაგრძობენ განვითარებას. ეს ხაზოვნი მოდელი მცდარ შეხედულებას გვიქმნის, რომ ნებისმიერ კონკრეტულ მომენტში დედამიწაზე ცხოვრობდა მხოლოდ ერთი გარკვეული ტიპის ადამიანი და ყველა ადრინდელი სახეობა უბრალოდ ჩვენი უფრო ძველი ნიმუშები იყო. სიმართლე ისაა, რომ დაახლეობით 2 მილიონი წლის წინ დაახლოებით 10 000 წლის წინ პერიოდამდე დედამიწაზე ცხოვრობდნენ ადამიანის სხვა და სხვა სახობები. რატომაც არა? დღემდე არსებობს მელიების, დათვების და ღორების ბევრი სახეობა, დედამიწაზე 100 000 წლის წინ დაიარებოდნენ როგორც მინიმუმ 6 სხვა და სხვა სახეობის ადამინები. სულ მალე კი დავინახავთ, რომ სრულიად გასაგები მიზეზები გვაქვს არ გავიხსენოთ ჩვენი გადაშენებული ძმები.

აზროვნების ფასი

მიუხედავად ბევრი განსხვავებისა ყველა ადამიანურ სახეობას გარკვეული საერთო მახასიათებლები აერთიანებს. კერძოდ კი, ადამიანებს სხვა ცხოველებთან შედარებით გაცილებით დიდი ზომის ტვინი აქვთ. 60 კილოგრამიან ძუძუმწოვარს საშუალოდ 200 კუბური სანტიმეტრის ზომის ტვინი აქვს. 2.5 მილიონი წლის წინ მცხოვრებ პირველ ქალებს და მამაკაცებს კი უკვე 600 კუბური სანტიმეტრის ზომის ტვინი ჰქონდათ. თანამედროვე საპიენსის ტვინი საშუალოდ 1200-1400 კუბურ სანტიმეტრს აღწევს. ნეანდერტალელის ტვინი უფრო დიდი იყო. ამ გადასახედიდან შეიძლება თავი ვიმტვრიოთ იმაზე რატომ ხდებოდა ბუნებრივი გადარჩევა ტვინის ზომის მიხედვით. თანაც ისე გვხიბლავს ჩვენი ინტელექტი, რომ გვგონია, როცა საუბარი ტვინის ძალაზეა, უფრო დიდი უფრო უკეთესს ნიშნავს. მაგრამ ასე რომ ყოფილიყო კატისებრთა ოჯახიც გააჩენდა კნუტებს რთული გამოთვლებს ნიჭით. რატომაა ჰომოთა გვარი ერთდერთი ცხოველთა შორის, რომელმაც ასეთი მასიური სააზროვნო მექანიზმები შექმნა?

საქმე იმაშია, რომ გიგანტური ტვინი ეს დიდი ტვირთია სხეულისთვის, მისი ტარება რთულია, განსაკუთრებით თუ ის უზარმაზარ თავის ქალაშია მოთავსებული. ჰომო საპიენსის ტვინი მთელი სხეულის დაახლოებით 2-3% შეადგენს, მაგრამ ის სხეულის ენერგიის 25% მოიხმარს, როცა სხეული ისვენებს. შედარებისთვის სხვა მაიმუნების ტვინს მხოლოდ დასვენების ენერგიის 8% სჭირდება. არქაულ ადამიანს თავისი დიდი გონებისთვის ორგვარად უწევდა გადახდა. ჯერ ერთი, საკვების ძიებას დიდხანს უნდებოდნენ, მეორე - დაიწყო კუნთების ატროფია. როგორც სახელმწიფო გადაიტანს ხარჯებს თავდაცვიდან განათლებაში ისე ადამიანებიც კუნთებიდან ენერგიას ტვინისკენ მიმართავდნენ. ძნელი სათქმელია, რომ ეს კარგი სტრტეგიაა სავანაში გადასარჩენად. შიმპანზე ვერ აჯობებს ჰომო საპიენსს კამათში, მაგრამ თავისუფლად შეუძლია შუაზე გაგლიჯოს როგორც ნაჭრის თოჯინა.

ახლა ჩვენი დიდი ტვინები კარგ სამსახურს გვიწევენ, რადგან შეგვიძლია ისეთი იარაღისა და მანქანების წარმოება, რომლებიც საშუალებას გვაძლევენ შიმპანზეებე სწრაფად ვიმოძრაოთ და უსაფრთხო მანძილიდან ვესროლოთ მათთან ჭიდაობის ნაცვლად. მაგრამ მანქანები და იარაღი სულ ახალი მოვლენაა, ხოლო 2 მილიონი წლის წინიდან მოყოლებული ადამიანის ტვინი იზრდებოდა და იზრდებოდა, თუმცა გარკვეული დანების ნაირსახეობისა და წამახული ჯოხების გარდა ადამიანებს საჩვენებელი ბევრი არაფერი ჰქონდათ. მაშინ რა ეხმარებოდა ადამიანის მასიური ტვინის ევოლუციას მთელი ამ ხნის განმავლობაში? სიმართლე რომ გითხრათ არ ვიცი.

ადამიანის კიდევ ერთი დამახასიათებელი თავისებურებაა ისაა, რომ ორ ფეხზე დადის. ფეხზე მდგარს უკეთესად შეეძლო სავანის სკანირება თამაშისას და მტრის მოახლოებისას, ამასთან განთავისუფლდა ხელები, რომლებსაც უკვე სიარულისთის აღარ იყენებდა და შესაძლებელი გახდა იარაღის ტარება, ქვის სროლა და ა.შ. რაც მეტი საქმის გაკეთება შეეძლოთ ხელებს მით უფრო წარმატებულნი იყვნენ ამ ხელების პატრონები. მიტომ ევოლუციურმა წნეხმა ნერვების კონცენტრაციის გაზრდასთან მიგვიყვანა, ამასთან დაიწყო ხელებსა და ფეხებზე გაჩენილი ახალი კუნთების განვითარება. ახლა ადამიანებს უკვე შეეძლოთ ძალიან რთული ამოცანები შეესრულებინათ ხელებით. კერძოდ ისინი აწარმოებდნენ და მოიხმარდნენ რთულ იარაღებს. იარაღის გამოყენების პირველი მაგალითები დაახლოებით 2.5 მილიონი წლის წინ თარიღდება. სწორედ იარაღების წარმოება და გამოყენებაა ის კრიტერიუმები, რის მიხედვითაც მეცნიერები უძველეს ადამიანებს სცნობენ.

და მაინც, ორ ფეხზე ვერტიკალურად სიარულს მეორე მხარეც გააჩნია. ჩვენი წინაპარი პრიმატების ჩონჩხი მილიონობით წლის მანძილზე ყალიბდებოდა რათა ხელი შეწყობოდა შედარებით პატარა თავის მქონე ოთხზე მოსიარულე არსებას. ორ ფეხზე სიარული ნამდვილი გამოწვევა იყო, განსაკუთრებით მაშინ, როცა მთასვლელს მძიმე თავიც უნდა ეტარებინა. კაცობრიობამ თავისი ხედვებისა და მშრომელი ხელებისთვის ზურგისა და კისრის ტკივილებით გადაიხადა.

ქალები უფრო მეტი გადაიხადეს. ვერტიკალურად სიარული მენჯს ავიწროვებდა და სამშობიარო არხსაც ამცირებდა და ეს სწორედ მაშინ, როცა ჩვილის თავი სულ უფრო და უფრო იზრდებოდა. მშობიარობისას სიკვდილი ქალებისთვის სერიოზული საფრთხე გახდა. ქალები, რომლებიც ნაადრევად მშობიარობდნენ, როცა ჩვილის ტვინი და თავი ჯერ კიდევ პატარა და მოქნილი იყო, უფრო დიდხანს ცოცხლობდნენ და მეტ შვილს აჩენდნენ. შედეგად ბუნებრივი გადარჩევა ნაადრევის მშობიარობის უპირატესობაზე შეჩერდა. მართლაც, ბევრ სხვა ცხოველთან შედარებით ადამიანის ნაშიერი ნაადრევად იბადება, როცა მნიშვნელოვანი სასიცოცხლო სისტემები ჯერ კიდევ განვითარებული არ აქვს. კვიცი თავისუფლად დგება ფეხზე ახალდაბადებული, კნუტს უკვე თავისუფლად შეუძლია ჭამა და საჭმლის მოპოვება დაბადებიდან რამდენიმე კვირის მერე. ხოლო ადამიანის შვილები უმწეონი და დაუცველები არიან მრავალი წლის განმავლობაში, დამოკიდებულნი არიან უფროსებზე და მათგან ელიან არსებობის, გადარჩენისა და განათლების საშუალებებს.

ამ აუცილებლობამ ადამიანში უჩვეულო სოციალური თვისებები განავითარა - და შედეგად ისეთივე უნიკალური სოციალური პრობლემებიც წარმოქმნა. მარტოხელა დედებს ნაკლებად შეეძლოთ საკვების მოპოვება თავისვის და ჩვილისთვის და თან შვილების ტარება. ბავშვების გაზრდა გამუდმებულ დახმარებას მოითხოვდა საზოგადოებისგან და ოჯახის წევრებისგან. ადამიანის გასაზრდელად საჭირო გახდა ჯოგი. ამგვარად ევოლუციამ ხელი შეუწყო მჭიდრო სოციალური თვისებების განვითარებას. ამის გარდა, რადგან ადამიანი ყველაზე ნაკლებად განვითარებული იბადება, მისი სწავლება და სოციალიზაციაც ყველაზე მეტადაა შესაძლებელი.

ძუძუმწოვრების უმარავლესობა დედის საშოდან ისე გამოდის როგორც გამომცხვარი ფუნთუშა ღუმელიდან, მათი გადაკეთების ნებისმიერმა მცდელობამ შეიძლება ზიანი მოუტანოთ. ადამიანები კი გამდნარი შუშასავით იბადებიან - შეიძლება მათი გაწელვა, დახვევა და ნებისმიერი ფორმის მიცემა რასაც ისურვებთ. აი რატომ შეგვიძლია დღეს ჩვენს შვილებს ვასწავლოთ ქრისტიანობა, ბუდიზმი, გავზარდოთ ისინი მშვიდობიან ან მეომარ ადამიანებად, სოციალისტებად ან კაპიტალისტებად.

ჩვენ ვვარაუდობთ, რომ დიდი ზომის ტვინს და იარაღების გამოყენებას, ახლის შესწავლის კარგ უნარებს და რთულ სოციალურ სტრუქტურებს აქვთ დიდი უპირატესობა. აშკარაა, რომ ამ უნარებმა ადამიანები სამყაროში ყველაზე ძლევამოსილ ცხოველებად აქცია. მაგრამ ადამიანები ტკბებოდნენ ამ შესაძლებლობებით თითქმის 2 მილიონი წლის განმავლობაში როცა ჯერ კიდევ სუსტს და მარგინალური არსებებად რჩებოდნენ. ამგვარად მილიონი წლის წინ მცხოვრები ადამიანები, მიუხედავად დიდი ზომის ტვინისა და ბასრი იარაღებისა, მტაცებლების მიმართ გამუდმებულ შიშში ცხოვრობდნენ, იშვიათად ნადირობდნენ დიდ ცხოველზე, ძირითადად მცენარეების შეგროვებით, მწერების ამოთხრით, მცირე ზომის ცხოველებზე ნადირობით და უფრო მოზრდილი ხორცისმჭამელების მოკლული ლეშის ჭამით გაჰქონდათ თავი.

ადრეული ქვის იარაღების ერთ-ერთი ყველაზე გავცელებული გამოყენების საშუალება იყო ძვლების დამსხვრევა და იქიდან ძვლის ტვინის ამოღება. ზოგიერთი მკვლევარი თვლის, რომ ეს ჩვენი ძირითადი საკვები იყო. როგორც კოდალები სწავლობენ ხის ქერქიდან მატლების გამოყვანას, ისე სწავლობდნენ ადამიანები ძვლებიდან ტვინის ამოღებას. რატომ ძვლის ტვინი? წარმოიდგინეთ როგორ აკვირდებით, როგორ ნადირობს ლომი ჟირაფზე და მერე ჭამს მას, შენ მოთმინებით ელოდები სანამ ხორცს შეეშვება, მაგრამ შენი ჯერი ჯერ მაინც არაა, ლომს ტურები და გიენები მოჰყვებიან, შენ არც მათთვის შეგიძლია წინააღდეგობის გაწევა, მხოლოდ მათ შემდეგ შენ და შენნაირებს შეგიძლიათ ფრთხილად მიუახლოვდეთ ლეშის ნარჩენებს, აქეთ -იქით მიმოიხედოთ და მერე მშვიდად შეექცეთ რაც დარჩა.

აქაა ისტორიის და ფსიქოლოგიის გასაღები. ჰომოთა გვარი დიდი ხნის განმავლობაში მყარად იკავებდა საშუალო ადგილს კვებით ჯაჭვში. მილიონი წლის განმავლობაში ადამიანები ნადირობდნენ წვრილ ნადირზე და აგროვებდნენ ყველაფერს რაც საკვებად გამოდგებოდა, თავად კი უფრო მსხვილი მტაცებლების მსხვერპლი ხდებოდნენ. მხოლოდ 400 000 წლის წინ დაიწყეს ადამიანების ზოგიერთმა სახეობებმა რეგულარულად ნადირობა დიდ ცხოველებზე. და მხოლოდ 100 000 წლის წინ გონიერი ადამიანის გაჩენასთან ერთად ადამიანმა კვებითი ჯაჭვის სათავეში ისკუპა.

ამ საშუალო ადგილიდან სათავეში შთამბეჭდავ ნახტომს უზარმაზარი შედეგები მოჰყვა. სხვა ცხოველებმა, მაგალითად ლომებმა და ზვიგენებმა, პირამიდი წვერს ძალიან ნელა მილიონობით წლის განვითარების შედეგად მიაღწიეს. ამან საშუალება მისცა ეკოსისტემას განესაზღვრა ბალანსი და ლომებისა და ზვიგენებისათვის ქაოსის შექმნის საშუალება არ მიეცა. რადგან ლომები უფრო სახიფათონი გახდნენ, ქურციკებმა სწრაფი სირბილის უნარები განივითარეს, რომ ადვილად გაქცეულიყვნენ, ტურებმა მეორეხარისხოვანი „თანამშრომლის“ როლი მოირგეს, მარტორქები უფრო გაველურდნენ. ამის საწინააღმდეგოდ კაცობრიობა პირამიდის წვერს ისე სწრაფად მოექცა, რომ ეკოსისტემამ რეაგირება ვერ მოასწრო. უფრო მეტიც, თავად ადამიანებს გაუჭირდათ შეგუება. პლანეტის საუკეთესო მტაცებლები ღირსეული არსებები არიან, ძალაუფლების მილიონობით წელმა ისინი თავდაჯერებით აღჭურვა. საპიენსი კი პირიქით, უფრო მეტად ბანანის რესპუბლიკის დიქტატორს ჰგავს. რადგან ფაქტიურად ჯერ კიდევ გუშინ ჩვენ ყველაზე სუსტები ვიყავით სავანაში, ჩვენი შიში და შფოთვა ჩვენი ადგილის დაკარგვის გამო არსად წასულა, ამან კი უფრო დაუნდობლები და სასტიკები გაგვხადა. უამრავი ისტორიული უბედურება ომებით დაწყებული და ეკოლოგიური კატასტროფებით დამთავრებული სწორედ ამ დაჩქარებული ნახტომის შედეგია.

მზარეულთა მოდგმა

კვებითი ჯაჭვის სათავისკენ გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ცეცხლის მოშინაურება. ადამიანის რამდენიმე სახეობა შესაძლოა 800 000 წლის წინაც იყენებდა მას დრო და დრო, მაგრამ მისი ყოველდღიური გამოყენება 200 000 წლის წინ დაიწყეს ჰომო ერექტუსმა, ნეანდერტალელმა და ჰომო საპიენსის წინაპრებმა. ახლა ადამიანებს უკვე ჰქონდათ შუქისა და სითბოს საიმედო წყარო და აგრეთვე კარგი იარაღი გარშემო ჩასაფრებული ლომების წინააღმდეგ. არ გასულა დიდი დრო, რაც ადამიანებმა უკვე დაიწყეს გარემოს განზრახ გადაწვა. კარგად მართულ ცეცხლს შეუძლია უანყოფო და გაუვალი ტყეები - საკვებით სავსე ვრცელ მინდვრებად აქციოს. გარდა ამისა, როგორც კი ცეცხლი მიინავლებოდა - ქვის ხანის შემგროვებლებს შეეძლოთ ჯერ კიდევ აკვამლებულ ნარჩენებს შორის შეეგროვებინათ დამწვარი ცხოველების სხეულები, კაკალი და ძირხვენები.

მაგრამ საუკეთესო, რაც ცეცხლით შესაძლებელი გახდა საჭმლის მომზადება იყო. ის საკვები, რომელსაც ბუნებრივი, გადაუმუშავებელი ფორმით ადამიანები ვერ მიიღებდნენ - ხორბალი, ბრინჯი,კარტოფილი და მისთანანი ჩვენი რაციონის ძირითადი ნაწილი გახდა. ცეცხლმა არა მხოლოდ ქიმიურად შეცვალა საკვები მისი ბიოლოგიაც გარდაქმნა. მომზადების შედეგად იხოცებოდა მომწამვლელი მიკრობები და პარაზიტები. ამასთან გაიოლდა უკვე ჩვეული საკვების - ხილის, ლეშის, მწერების და კაკლის ღეჭვაც და მონელებაც. ყურადღებიდან არ უნდა გამოგვრჩეს, რომ შიმპანზე დღეში 5 საათს საკვების ღეჭვას ანდომებს, მაშინ როცა ადამიანს იმავე რაოდენობის მომზადებულ საკვებზე მხოლოდ 1 საათი სჭირდება.

მზარეულობის გაჩენამ ნება მისცა ადამიანებს უფრო მეტი სახეობის საკვები მიეღოთ, ნაკლები დრო დაეხარჯათ ჭამაზე, პატარა კბილებით და მოკლე ნაწლავებითაც იოლად გასულიყვნენ. რამდენიმე მეცნიერი თვლის, რომ მზარეულობის გაჩენას პირდაპირი კავშირი აქვს ნაწლავების დამოკლებასთანაც და ტვინის ზომის გაზრდასთანაც. რადგან გრძელი ნაწლავებიც და დიდი ზომის ტვინიც მოითხოვს ენერგიის დიდი დანახარჯს, რთულია ორივეს ერთად ქონა. ნაწლავების შემცირებითა და მათზე ნაკლები ენერგიის ხარჯვით, მომზადებულმა საკვებმა პარალელურად ტვინის ზომების გაზრდის მიმართულება გახსნა ნეანდერტალელებთან და საპიენსებთან.

ცეცხლმა თავის მხრივ პირველი დიდი უფსკრულიც გააჩინა ადამიანსა და სხვა ცხოველებს შორის. თითქმის ყველა ცხოველის ძალა მათ ფიზიკურ სხეულზეა დამოკიდებული: კუნთების ზომა, კბილების სიგრძე, ფრთების სიგანე და ა.შ. თუმცა კი შეუძლიათ მოერგონ ქარებს და დინებებს, მაგრამ ვერ მართავენ სტიქიების ძალებს და ყოველთვის შეზღუდულები არიან თავიანთი ფიზიკური ფორმით. მაგალითად არწივები იყენებენ სითბურ სვეტებს დედამიწიდან რომ ამოდის - გაშლიან თავიანთ გიგანტურ ფრთებს და ცხელ ჰაერს საშუალებას აძლევენ ზემოთ ატყორცნოს. მაგრამ არწივებს არ შეუძლიათ სითბური სვეტების განლაგების კონტროლი და მათი მაქსიმალური ტვირთამწეობაც ფრთების გაშლის მანძილის პირდაპირპროპორციულია.

როგორც კი ადამიანებმა ცეცხლი მოიშინაურეს მათ შეძლეს გაეკონტროლებინათ დამყოლი და პოტენციურად უსაზღვრო ძალა. არწივებისგან განსხვავებით ადამიანებს შეეძლოთ აერჩიათ სად და როდის აენთოთ ცეცხლი და რა ამოცანის გადასაჭრელად გამოეყენებინათ. ისიც ნუ დაგვავიწყდება, რომ ცეცხლის ძალა არ იზღუდებოდა ადამიანის სხეულის ფორმით, სტრუქტურითა და ძალით. მარტოხელა ქალს ჯოხით და კაჟით შეუძლია გადაწვას მთელი ტყე რამდნიმე საათში. ცეცხლის მოშინაურება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო მომავალში.

ჩვენი ძმების მცველები

ცეცხლის მოტანილი სიკეთეების მიუხედავად 150 000 წლის წინ ადამიანები ჯერ კიდევ მარგინალურ არსებებად რჩებოდნენ. ახლა მათ უკვე შეეძლოთ ლომები დაეფრთხოთ, ცივ ღამეებში გამთბარიყვნენ და იშვიათი ტყეები გადაეწვათ. მაგრამ, მიუხედავად ამისა,თუ ყველა სახეობას ერთად ავიღებთ იმ დროისთვის მხოლოდ მილიონამდე ადამიანი ცხოვრობდა ინდონეზიის არქიპელაგსა და იბერიის ნახევარკუნძულს შორის, უბრალოდ გამოსახულება ეკოლოგიურ რადარზე.

ჩვენი სახეობა, ჰომო საპიენსი, უკვე გამოსული იყო მსოფლიო სცენაზე, მაგრამ კიდევ დიდხანს უბრალოდ საკუთარ საქმეებს მისდევდა აფრიკის კუთხეში. ზუსტად არ ვიცით, თუ სად და როდის, შემდგომად უკვე ჰომო საპიენსებად სახელდებულმა ცხოველებმა, განიცადეს ევოლუცია უფრო ადრინდელი ტიპის ადამიანებისგან. თუმცა მეცნიერების უმრავლესობა თანხმდება იმაზე, რომ 150 000 წლის წინ აღმოსავლეთ აფრიკის ძირითად ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ ჩვენი მსგავსი საპიენსები. ერთ-ერთი მათგანი უცებ მორგში რომ აღმოჩნდეს, ადგილობრივი პათ. ანატომი დიდ სხვაობას ვერც შენიშნავს. დალოცვილი ცეცხლის წყალობით მათ უკვე ჰქონდათ თავიანთ წინაპრებზე პატარა კბილები და ყბები და თითქმის ჩვენნაირი ზომის ტვინი.

მეცნიერები იმაზეც თანხმდებიან, რომ საპიენსენი 70 000 წლის წინ აღმოსავლეთ აფრიკიდან არაბეთის ნახევარკუნძულზე გავცელდნენ და სწრაფად აითვისეს მთელი ევრაზიის მიწები.

როცა ჰომო საპიენსები არაბეთში გადასახლდნენ, ევრაზიის დიდ ნაწილში უკვე სხვა ადამიანები ცხოვრობდნენ. რა დაემართათ მათ? არსებობს ორი ურთიერთგამომრიცხავი თეორია. „შეჯვარების თეორია“ მიზიდულობის, სექსისა და შერევის ისტორიას აღწერს. როცა აფრიკელი ემიგრანტები მთელ მსოფლიოში გავცელდნენ, ისინი სხვა სახეობის ადამიანებს შეერწყნენ და დღევანდელი ადამიანები დღეს ამ შეჯვარების შედეგს წარმოადგენენ.

მაგალითად, როცა საპიენსებმა ახლო აღმოსავლეთსა და ევროპას მიაღწიეს, იქ უკვე ნეანდერტალელები დახვდნენ. ისინი უფრო დაკუნთულები იყვნენ ვიდრე საპიენსი, ჰქონდათ უფრო დიდი ზომის ტვინი და უფრო მეტად შეგუებულნი იყვნენ ცივ კლიმატს. ისინი იყენებდნენ იარაღებს და ცეცხლს, კარგი მონადირეები იყვნენ და როგორც ჩანს ზრუნავდნენ ავადმყოფებსა და უუნაროებზე. (არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ნეანდრტალელების ძვლები, რომლებსაც წლების განმავლობაში ფიზიკური პრობლემებით უწევდათ ცხოვრება, საფიქრებელია, რომ მათზე ნათესავები ზრუნავდნენ). ნეანდერტალელებს კარიკატურებზე ხშირად გამოსახავენ, როგორც არქეტიპულ სასტიკ და უმეცარ ხალხს - „გამოქვაბულის ადამიანებს“, მაგრამ ახლახანს მოპოვებულმა მასალებმა შეცვალეს მათი იმიჯი.

შეჯვარების თეორიის თანახმად, როცა საპიენსები ნეანდერტალელების მიწაზე გავრცელდნენ მათ ერთმანეთთან შეჯვარება დაიწყეს სანამ ეს ორი პოპულაცია ერთმანეთს არ შეერწყა. შესაძლოა ესაა მიზეზი იმისა, რომ დღევანდელი ევრაზიელები არ არიან წმინდა საპიენსები. ისინი საპიენსისა და ნეანდერტალელის ნაჯვარს წარმოადგენენ. ზუსტად ასევე, როცა საპიენსმა აღმოსავლეთ აზიას მიაღწია ერექტუსებთან დაიწყო შეჯვარება და ჩინელები და კორეელები ამ ორი სახეობის ნაჯვარს წარმოადგენენ.

საწინააღმდეგო თვალსაზრისს წარმოადგენს „ჩანაცვლების თეორია“ და სრულიად სხვა ისტორიას გვიყვება - შეუთავსებლობაზე, ზიზღზე და შესაძლო გენოციდზეც კი. ამ თეორიის თანახმად საპიენსს და ადამიანის სხვა სახობებს განსხვავებული ანატომია, საქორწინო ჩვევები და სუნიც კი ჰქონდათ. ისინი ნაკლებ სექსუალურ ინტერესს ამჟღავნებდნენ ერთმანეთის მიმართ. მაშინაც კი, თუ ნეანდერტალელი რომეო საპიენს ჯულიეტას გაუმიჯნურდებოდა, ისინი ვერ შეძლებდნენ ნაყოფიერი შთამომავლობის მოვლინებას რადგან ამ ორი ჯგუფის გამყოფი გენეტიკური უფსკრული უკვე ძალიან ღრმა და გადაულახავი გამხდარიყო. ეს ორი პოპულაცია სრულიად განსხვავებული დარჩა და როცა ნეანდერტალელები ამოწყდნენ თუ ამოწყვიტეს, მათი გენიც მათთან ერთად მოკვდა. ამ თეორიის თანახმად საპიენსმა ჩაანაცვალა ყველა იქამდე არსებული სახოება მათთან შეჯვარების გარეშე. თუ ეს ასეა, მაშინ ჩვენი წარმოშობა შეგვიძლია აღმოსავლეთ აფრიკიდან ავითვალოთ 70 000 წლის წინ და ყველა წმინდა საპიენსი გამოვდივართ.

sap3

რუკა 1: ჰომო საპიენსმა დაიპყრო დედამიწა.

ამ მსჯელობაზე ბევრი რამეა დამოკიდებული. ევოლიციური თვალსაზრისით 70 000 წელი შედარებით მოკლე პერიოდია. თუ ჩანაცვლების თეორია ჭეშმარიტია, მაშინ დედამიწაზე მცხოვრებ ყველა ადამიანს ერთნაირი გენეტიკური მონაცემები უნდა ჰქონდეს და რასობრივი სხვაობა მინიმუმამდე უნდა დაიყვანებოდეს. მაგრამ თუ შეჯვარების თეორიაა ჭეშმარიტი მაშინ სავსებით გასაგები ხდება გენეტიკური განსხვავება აფრიკელებს, ევროპელებს და აზიელებს შორის, რომელიც თავის მხრივ ათასობით წლის სიღმეში მიდის. ეს პოლიტიკური დინამიტია, რომელიც ფეთქებადი რასობრივი თეორიებისთვის მასალებს მოგვცემს.

ბოლო ათწლეულებში ჩანაცვლების თეორია ამ სფეროში ყველაზე რელევანტურად ითვლებოდა. ის მეტად იყო არქეოლოგების მიერ გამყარებული და პოლიტიკურადაც უფრო მართებული (მეცნიერებს რასიზმის პანდორას ყუთის გახსნა არ უნდოდათ, დღვანდელი მოსახლეობის გენეტიკურ სახესხვაობათა მნიშვნელობას არ აღნიშნავდნენ). მაგრამ ამ ყველაფერს 2010 წელს ბოლო მოეღო, როცა გამოქვეყნდა 4 წლიანი კვლევის შედეგი ნეანდერტალელის გენეტიკური რუკის შესახებ. მეცნიერებმა შეძლეს გაქვავებული ნამარხებიდან სუფთა ნეანდერტალელის დნმ საკმარისი რაოდენობის მოგროვება. მერე კი ისინი და თანამედროვე ადამიანების დნმ-ს შეადარეს. შედეგი მთელი სამეცნიერი წრისთვის გასაოცარი აღმოჩნდა.

აღმოჩნდა, რომ ახლო აღმოსავლეთსა და ევროპაში მცხოვრები თანამედროვე ადამიანის ¼ დნმ სწორედ ნეანდერტალელისაა. ეს უზარმაზარი რაოდენობა არაა მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია. ამას მეორე შოკი მოჰყვა რამდენიმე თვის მერე, როცა დენისოვის გამოქვაბულის გაქვავებული თითის დნმ დადგინდა, შედეგებმა დაამტკიცა, რომ თანამედროვე მელანეზიისა და ავსტრალიის აბორიგენების დნმ-ის 6% სწორედ დენისოვის დნმ-ის იდენტურია.

შესაძლოა ეს შედეგები ვალიდური იყოს და ისიც ნუ გამოგვრჩება მხედველობიდან, რომ კვლევები ჯერ კიდევ მიმდინარეობს, ამიტომ შეიძლება ან გამყარდეს ან შეიცვალოს ეს დასკვნა. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩანაცვლების თეორია სრულიად მცდარია. ნეანდერტალელებისა და დენისოველების მიერ ჩვენს დნმ-ში შეტანილი უმნიშვნელო ცვლილებებით შეუძლებელია საპიენსებისა და ადამიანის სხვა სახეობების შერწყმაზე მსჯელობა. მეორეს მხრივ კი მათ შორის სხვაობა არ იყო იმხელა, რომ მათი შთამომავლობა სრულიად გამოვრიცხოთ, მაგრამ საკმარისი იმისთვის, რომ ასეთი კონტაქტების რაოდენობა მინიმუმამადე დავიყვანოთ.

მაშ როგორღა გავიგოთ ნეანდერტალელების, საპიენსების და დენისოველების ნათესაობა? გასაგებია, რომ ცხენებისა და ვირების მსგავსად ისინი სრულიად განსხვავებული სახეობები არ იყვნენ. სხვა მხრივ კი ისინი უბრალოდ ერთი სახეობის განსხვავებული პოპულაციაც არ ყოფილან ბულდოგისა და სპანიელის მსგავსად. ბიოლოგიური რეალობა შავ-თეთრი არაა. მნიშვნელოვან ნაცრისფერ ზონებსაც მოიცავს. ყოველი ორი სახეობა, რომლებმაც საერთო წინაპრისგან განიცადა ევოლუცია, ისე როგორც ცხენებმა და ვირებმა, ოდესღაც ერთი სახეობის ორ პოპულაციას წარმოადგენდნენ, როგორც ბულდოგები და სპანიელები. აუცილებლად დგებოდა მომენტი, როცა ორი პოპულაცია პრინციპულად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან, მაგრამ ისევ ინარჩუნებდა იშვიათ გამონაკლისებს, ჯვარდებოდა ერთმანეთთან და გვაძლევდა ნაყოფიერ შთამომავლობას. მერე კიდევ ერთმა მუტაციამ ეს ბოლო დამაკავშირებელი ძაფიც გაწყვიტა და ისინი თავიანთ განცალკევებულ ევოლუციური გზას გაუყვნენ.

გამოდის, რომ 500 000 წლის წინ საპიენსები, ნეანდერტალელები და დენისოველები ამ ერთიან მოსაზღვრე პუნქტში იმყოფებოდნენ. ისინი უკვე იწყებდნენ გამოყოფას მაგრამ ჯერ ბოლომდე არ იყვნენ ჩამოყალიბებული სხვა და სხვა სახეობებად. შემდეგ თავში შეიტყობთ, რომ საპიენსი უკვე განსხვავდებოდა დენისოველისა და ნეანდერტალელისგან, არა მხოლოდ გენეტიკური კოდით არამედ ფიზიკური ფორმითაც, კოგნიტური და სოციალური უნარებით, მაგრამ ჯერ კიდევ რჩებოდა შესაძლებლობა იშვიათ შემთხვევებში საპიენსებსა და ნეანდერტალელებს შორის კავშირის და ნაყოფიერი შთამომავლობის გაჩენის. ამგვარად სახეობები ერთმანეთს არ შეერწყა, მაგრამ ნეანდერტალელების ზოგიერთი ბედნიერი გენი საპიენს ექსპრესით გაემგზავრა მომავალში. შოკისმომგვრელი და ამაღელვებელია ფიქრი იმაზე, რომ ჩვენ, საპიენსებს შეგვეძლო გვქონოდა სექსი სხვა სახეობის ცხოველებთან და ამქვეყნად შთამომავლობა მოგვევლინა.

sap4

ფოტო 3.ნეანდერტალელი ბავშვის თვალსაჩინო რეკონსტრუქცია. გენეტიკური მტკიცებულებები მიგვანიშნებს, რომ ზოგიერთ მათგანს მაინც ღია ფერის კანი და ქერა თმა ჰქონდა.

მაგრამ თუ დენისოველები, ნეანდერტალელები და სხვა ადამიანური სახეობები საპიენსს არ შეერწყა რატომღა ამოწყდნენ ისინი? ერთი სავარაუდო მოსაზრებაა ისაა, რომ ჰომო საპიენსმა მიიყვანა გადაშენებამდე. წარმოიდგინეთ ჰომო საპიენსების ჯგუფი, რომლებმაც მიაღწიეს ბალკანეთს სადაც ნეანდერტალელები უკვე ათასობით წელი ცხოვრობდნენ. ახალმოსახლეებმა დაიწყეს ირმებზე ნადირობა და კენკრისა და თხილის შეგროვება, რაც ნეანდერტალელების ძირითად საკვებ პროდუქტს წარმოადგენდა. საპიენსები გაცილებით დახელოვნებული მონადირეები და შემგროვებლები იყვნენ, თავიანთი სოციალური უნარებისა და ტექნოლოგიების წყალობით - შესაბამისად ისინი მრავლდებოდნენ და ვრცელდებოდნენ. გაცილებით ნაკლებად მოხერხებულ ნეანდერტალელებს კი სულ უფრო უჭრდათ თავის გატანა. მათი რიცხოვნობა შემცირდა და ნელ-ნელა გადაშენება დაიწყეს, 1-2 გამონაკლისის გარდა, ვინც მეზობელ საპიენსების ტომში გადავიდა.

მეორე შესაძლო მოსაზრებაა, რომ ბრძოლა რესურსებისთვის ძალადობასა და გენოციდში გადაიზარდა. შემწყნარებლობა საპიენსის ღირსებებს შორის არაა. ახლაც კი მცირე განსხვავება კანის ფერში, დიალექტში და რელიგიურ აღმსარებლობაში საკმარისია, რომ საპიენსების ერთი ჯგუფი მეორეს გადაკიდო და ერთმანეთის განადგურება აიძულო. და განა უძველესი საპიენსები რამხელა შემწყნარებლობას გამოიჩენდნენ ადამიანის სრულიად განსხვავებული სახეობის მიმართ? სავსებით შესაძლებელია, რომ როდესაც საპიენსი და ნეანდერტალელი ერთმანეთს შეხვდა შედეგად ისტორიაში პირველი ეთნიკური წმენდა განხორციელდა.

როგორც არ უნდა ყოფილიყო ნეანდერტალელები და სხვა ადამიანური სახეობები ისტორიის ერთი დიდებულ ფურცელს წარმოადგენენ. წარმოიდგინეთ რა მოხდებოდა, თუ ნეანდერტალელები და დენისოველები ჰომო საპიენსებთან ერთად გადარჩებოდნენ. როგორი კულტურები, საზოგადოებები და პოლიტიკური სტრუქტურები წარმოიქმნებოდა დედამიწაზე სადაც ერთმანეთის გვერდით იარსებებდა ადამიანის რამდენიმე სახეობა? მაგალითად როგორ განვითარდბოდა რელიგია? მოგვითხრობდა თუ არა „დაბადება“, რომ ნეანდერტალელები ადამისა და ევასგან წარმოიშვნენ? ან რომ იესო დენისოველების ცოდვების გამო ეწამა? გაუშვებდა კი ყურანი სამოთხეში ყველა მართლმორწმუნეს რა სახეობისაც არ უნდა ყოფილიყვნენ? შეძლებდნენ ნეანდერტალელები რომისთვის ლეგიონებში ან ჩინეთის იმპერიის ბიუროკრატიაში სამსახურს? მიიჩნევდა კი ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაცია თავისთავად ცხადად, რომ ჰომოთა ყველა სახეობა თანასწორია? ან ყველა სახეობის მუშებს მოუწოდებდა თუ არა კარლ მარქსი გაერთიანებისკენ?

ბოლო 10 000 წლის განმავლობაში ჰომო საპიენსი ისე მიეჩვია ადამიანის ერთადერთ სახეობად ყოფნას, რომ ჩვენთვის რამე სხვა ისტორიის წარმოდგენა შეუძლებელია. ჩვენი დებისა და ძმების არ ყოფნა უფრო გვიადვილებს ფიქრს, რომ სამყაროს გვირგვინი ვართ და უდიდესი უფსკრულია ჩვენსა და სხვა ცხოველებს შორის. როცა ჩარლზ დარვინმა აღნიშნა, რომ ჰომო საპიენსი ცხოველის კიდევ ერთი სახეობა იყო - ყველა აღშფოთდა. დღესაც კი ბევრი ეწინააღმდეგება ამ აზრს. ნუთუ ნეანდერტალელბიც რომ გადარჩენილიყვნენ მაინც განსაკუთრებულ არსებებად ჩავთვლიდით თავს? შესაძლოა ჩვენმა წინაპრებმა სწორედ ამიტომ გაწყვიტეს ნეანდერტალელები. ისინი ძალიან გვგავდნენ უგულვებელსაყოფად და ძალიან განსხვავდებოდნენ ასატანად.

მაგრამ მაინც იყო თუ არა ეს საპიენსების ბრალი, მათ ახალ ადგილზე მისვლასთან ერთად ადგილობრივი მოსახლეობა გადაშენებას იწყებდა. ჰომო სოლოენსის უკანასკნელი ნამარხი 500 000 წლით თარიღდება. ამის შემდეგ მალე ჰომო დენისოველიც გაქრა.

ნეანდერტალელებმა დაახლოებით 30 000 წლის წინ დატოვეს ეს ქვეყანა. უკანასკნელი ჯუჯა ხალხი კუნძულ ფლორესიდან 12 000 წლის წინ გადაშენდა. მათგან გარკვეული იარაღები, ძვლები და რამდენიმე გენი დარჩა ჩვენს დნმ-ში და უამარავი უპასუხო კითხვა. მათ უკანასკნელებმა მიგვატოვეს მარტო ჰომო საპიენსი ერთადრთი ადამიანური სახეობა დედამიწაზე.

რაშია საპიენსის წარმატების საიდუმლო? როგორ მოვახერხეთ ასე ადვილად გაგვერთვა თავი ასეთ მრავალფეროვან ეკოლოგიურ გარემოში? როგორ მივეცით დავიწყებას ყველა სხვა ადამიანური სახეობა? როგორ მოხდა, რომ ასე ძლიერმა, ჭკვიანმა და ყინვაგამძლე ნეანდერტალელებმა ჩვენს ზეწოლას ვერ გაუძლეს? დებატები არ წყდება. ყველაზე შესაფერისი პასუხია ის, რაც ზოგადად დისკუსიას შესაძლებელს ხდის, ჰომო საპიენსმა პირველ რიგში თავისი უნიკალური ენით შეძლო მსოფლიოს დაპყრობა.

თუ მოგეწონათ, გააზიარეთ...

მსგავსი სტატიები

ზენობია


ავტორი: ჯოშუა ჯ. მარკი მთარგმნელი: ირაკლი მიქავა წყარო ზენობია...

ეგვიპტური ღმერთები - სრული სია


ავტორი: ჯოშუა მარკი მთარგმნელი: ეკატერინე სამხარაძე წყარო ღმერ...

მეროე


მეროე იყო ძველი სახელწიფოს - ქუშის მდიდარი მეტროპოლისი, რომელიც დ...

ზურვანიზმი


ლეგენდარული ზარათუსტრას მიერ მოტანილი რელიგია - ზოროასტრიზმი ჩვეულე...

ისტორიის ბნელი პერიოდი


ავტორი: სერგო ღამბაშიძე არსებობს ისტორიაში დაახლოებით 1000 წლიან...

გველი როგორც თავდაპირველი ქართულის მცოდნე


ჰერეთის მოსახლეობაში შენარჩუნებული იყო თქმულება, რომ თავდაპირველად ...

საპიენსი - კაცობრიობის მოკლე ისტორია


მონაკვეთი იუვალ ნოა ჰარარის წიგნიდან - "საპიენსი - კაცობრიობის მო...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff