მთარგმნელი: მამუკა გურული
როგორც ცნობილია, ნებისმიერი მხატვრული ლიტერატურა ერთი ან რამდენიმე გმირის, ან გარკვეული საზოგადოების ინდივიდუაციის (პიროვნული განვითარების) ამა თუ იმ ეტაპს ასახავს, რომელიც შესაძლებელია აღიწეროს არქეტიპების - ადამიანის ფსიქიკის ფუნდამენტური სტრუქტურების მეშვეობით. სწორედ მათ შეისწავლის ანალიტიკური ფსიქოლოგია. განსაკუთრებით მკაფიოდ არქეტიპები უნდა გამოვლინდნენ ფენტეზის ჟანრის ლიტერატურაში, რომელსაც უშუალო მითოლოგიური საფუძველი აქვს...
შესაძლოა მოგეჩვენოთ, რომ ტოლკინის სამყაროს ინტერპრეტაცია არქეტიპების თვალსაზრისით მეტისმეტად რთულია, რადგან განსხვავებით ურსულა ლე გუინის სამყაროსგან, სადაც მიზანი ფსიქიკის სხვადასხვა საწყისებს შორის ჰარმონიის დამყარებაა, ტოლკინის სამყაროში ძირითად საწყისებს სიკეთე და ბოროტება წარმოადგენენ, რომელთა შორის კომპრომისიც შეუძლებელია. თუმცაღა, როგორც შემდგომში გაჩვენებთ, არქეტიპული ახსნა ტოლკინის სამყაროზეც ისევე შესაძლებელია, როგორც ურსულა ლე გუინის წიგნებზე. უფრო მეტიც, ჩვენი აზრით, ტოლკინის წიგნების (და მათ მიხედვით გადაღებული ფილმების) პოპულარობა პირველ რიგში სწორედ მათში აღწერილი მკაფიო არქეტიპული ხატ-სახეებით აიხსნება.
განვიხილოთ არქეტიპების გამოვლინება ტოლკინის სამყაროში. პირველი და მთავარი არქეტიპი - ესაა ძალაუფლების ბეჭედი, ბეჭედი, რომელიც აერთიანებს. ეს ხატ-სახე საკმაოდ ტრადიციულია ლიტერატურასა და მითოლოგიაში: ბეჭედი, წრე - ტრადიციულად მთლიანობას, თვითობას (Self) განასახიერებს. გავიხსენოთ ნიბელუნგების ბეჭედი ვაგნერის ოპერიდან, ან ერრეტ-აკბეს ბეჭედი „ზღვამიწეთის ჯადოქრიდან“. ფაქიზი მომენტია ის, რომ ძალაუფლების ბეჭედი აერთიანებს არა სიკეთის სახელით, არამედ ბოროტების სახელით (განსხვავებით იგივე ერრეტ-აკბეს ბეჭდისგან). მაგრამ ჩვენი აზრით, ეს დაკავშირებულია ტოლკინის პირად გამოცდილებასთან, რომელშიც შესამჩნევ ადგილს იკავებს სწორედ ფაშიზმის საფრთხესთან პირისპირ შეჯახების საფრთხე, რომელიც მიისწრაფვის, რომ „ყველა მოიძიოს, ერთად უხმოს და ერთიანი შავი ნებით შებორკოს“.
ბეჭდის ნეგატიურ როლთან დაკავშირებით უნდა ავღნიშნოთ, რომ თვითობაც აუცილებელი არაა, რომ სიკეთის როლს ასრულებდეს, ის შესაძლოა ბოროტებასაც უკავშირდებოდეს. ამგვარად, ბეჭედი ბოროტების სიმბოლოს როლს ასრულებს, თილისმის როლს - მინუს ნიშნით, რომელსაც ყველასთვის მხოლოდ უბედურება მოაქვს. უფრო მეტიც, ბეჭედი ფაქტიურად წარმოადგენს საშუალებას (გასაღებს) ჩრდილისთვის, რომ დაიმორჩილოს ყოველი - დაფარული ძალაუფლების წყურვილის გარეთ გამოშვებით (ჩნდება ჩრდილი-თვითობის ღერძი). სხვა სიტყვებით, შეიძლება ითქვას, რომ ბეჭედი, მისი მიღება - თვითობისკენ გზას წარმოადგენს, მაგრამ მოკლე გზას, რომლითაც შეუძლებელია გაზრდა, და რომლის ბოლოშიც ბოროტმა საწყისმა (თვითობის დემონურმა მხარემ) შესაძლოასრულიად ჩაყლაპოს ეგო (პიროვნება). გოლუმს სწორედ ასე დაემართა.
სხვა არქეტიპები ვლინდება პირველ რიგში ჰობიტების ისტორიაში, „ბეჭდების მბრძანებელი“ პირველ რიგში სწორედ მათ ზრდას ეხება, - „ჩვენი ამბავი განსაკუთრებით ჰობიტებს შეეხება“ - და მათი ინდივიდუაციის სხვადასხვა ეტაპებს აღწერს. ტოლკინთან, უფრო მკაფიოდ, ვიდრე სხვებთან, ნაჩვენებია, რომ ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემა, რომელიც არა მხოლოდ ჰობიტების წინაშე დგას - ესაა ზე-ფასეულობით შეპყრობის (არქეტიპის ინფლაციის) პრობლემა, როცა მთელი ცნობიერება ივსება ერთადერთი სურვილით, რომელიც როგორც წესი გარკვეულ ნივთს უკავშირდება, ხოლო ყველაფერი დანარჩენი არაცნობიერში განიდევნება. ადრე თუ გვიან ის ამოხეთქავს, და გადაწყვეტილებები არაადეკვატური ხდება, ხშირად მათ გამოარჩევს არაბუნებრივი, ჰიპერტროფირებული სისასტიკე, ზოგჯერ - გაჩერების და სურვილების კონტროლის უუნარობა. უფრო მეტიც, ადამიანი (და ამ ცნებაში შედიან ელფები და ჰობიტებიც) ხშირად ვეღარც კი მართავს საკუთარ თავს.
ხშირად ამ პრობლემის ერთადერთი გადაწყვეტაა - ძალით გაწყვიტო კავშირი ამ ნივთთან ან მისი ფლობის სურვილთან, საკუთარი ეგოს გარკვეული ნაწილის დაკარკვის ფასადაც კი (რაც მითოლოგიურ ლიტერატურაში ხშირად რეალიზდება სხეულის გარკვეული ნაწილის დაკარგვით). სწორედ თითის დაკარგვამ იხსნა ფროდო ბეჭდისგან, რომელმაც უკვე შეიპყრო მისი ცნობიერება. და თითქმის იხსნა მაედროსი - ფინფონმა მისი გადარჩენა მხოლოდ ხელის მოკვეთის შედეგად შეძლო (შეგახსენებთ, რომ შუა საუკუნეებში ფიზიკური არასრულფასოვნება უპირობო დაბრკოლებას წარმოადგენდა კორონაციისთვის), რის შემდეგაც მაედროსმა უარი თქვა ნოლდორის სამ სახლში პირველობაზე. რამაც შერიგების საშუალება მისცა მათ. სხვა თემაა, რომ მაედროსის, ისევე, როგორც ფეანორის სხვა ვაჟების სული ბოლომდე ვერ განიკურნა - მან უარი თქვა ნოლდორის გვირგვინზე, მაგრამ ვერ თქვა უარი გაცილებით უფრო დიდ სურვილზე - სილმარილების დაბრუნებაზე. როგორც ჩანს, ამ სურვილმა მასში და მის ძმებში ბევრად უფრო ღრმა ფესვები გაიდგა. შესაძლოა ეს იმას უკავშირდება, რომ პერსონით შეპყრობილობისგან გათავისუფლება უფრო ადვილია, ვიდრე თვითობით შეპყრობილობისგან: ამ შემთხვევაში ნოლდორთა შორის პირველობის წყურვილი - პერსონას შეესაბამება, სილმარილების ფლობისკენ მისწრაფება კი - თვითობას, რომელიც ჩვეულებრივ რაღაც მისტიურს, არაამქვეყნიურს შეესაბამება.
ფროდოს გზა (რომელიც შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც ეგოს გზა თვითობისკენ) თითქმის ყველა არქეტიპთან შეხვედრას მოიცავს. პირველ რიგში, მას ჰყავს თანამგზავრი, მისი ერთგული მსახური - სემი. არა უბრალოდ მსახური, არამედ ის, ვის გარეშეც მისი მისია ფაქტიურად შეუსრულებელი აღმოჩნდებოდა (მეგზური ცნობიერ და არაცნობიერ სამყაროებს შორის) - სწორედ სემმა შეინახა ბეჭედი, როცა ფროდო კინაღამ მოკვდა. ამგვარად, გმირის თანამგზავრია ის, ვინც ეხმარება ეგოს თვითობასთან დაკავშირებაში.