იუნგის არქეტიპები და მეფე ლომი

woody180
ფსიქოლოგია კარლ გუსტავ იუნგი
0
0

ავტორი: ჯორდან პიტერსონი ტრანსკრიბცია ლექციიდან (მოკლე ვერსია) ორიგინალი ვიდეო რუსული გახმოვან...

მზის მანდალა - პიროვნული განვითარების 108 დღიანი ონლაინ-ტრენინგი - 25 დეკემბრიდან

სრულად ნახვა...

iung-lion-king

ტრანსკრიბცია ჯორდან პიტერსონის ლექციიდან (მოკლე ვერსია)

მთარგმნელი: მამუკა გურული

დღეს თქვენთან ერთად განვიხილავ „მეფე ლომს“. ესაა საოცრად პოპულარული ანიმაციური ფილმი. მეფე ლომში ცნობიერედაა გამოყენებული არქეტიპები, და სწორედ არქეტიპების გენიალურად გამოყენებამ გახადა ეს ანიმაცია ასეთი პოპულარული. იგივე შეიძება ითქვას წიგნებზე და ფილმებზე, მაგალითად „ჰარი პოტერზე“, ან მარველის სერიებზე. 

პირველი კითხვა ჩნდება იმაზე, თუ რატომაა ლომი მეფე? რა თქმა უნდა ლომი ზე-მტაცემელია, რაც ნიშნავს, რომ იგი კვებითი ჯაჭვის თავშია. ის მზესავით ოქროსფერია, ესეც თავის როლს თამაშობს. მას აქვს ფაფარი, რაც მეტ დიდებულებას სძენს მას, და ფიზიკურადაც ძალიან ძლიერია. ესაა ის, რასაც გაურბიხართ, რისიც გეშინიათ, რისი მოკრძალებაც გაქვთ...

ამრიგად, ფილმი იწყება განთიადით. განთიადი ცნობიერების სფეროსთან იგივდება, ასე რომ ბევრ არქაულ ისტორიაში მზე გმირია, როგორც ჰორუსი, თუ სწორად მახსოვს, რომელიც მზის ღმერთი იყო, ბერძნულ მითოლოგიაში კი აპოლონი. იდეა იმაში მდგომარეობს, რომ მზე იყო გმირი, რომელიც ანათებდა ცას და დღეს. გმირი, სინათლე და გასხივოსნება მეტაფორულადააერთმანეთთან დაკავშირებული. და ღამით მზე  ბნელეთის დრაკონს, ანუ ბოროტებას ებრძოდა, შემდეგ კი დილით გამარჯვებული კვლავ ამოდიოდა. ესაა სიკვდილისა და აღდგომის მითი - ძალიან ძალიან გავრცელებული თემა. მიზეზი იმისა, თუ რატომ ასოცირდება მზე ცნობიერებასთან, ისაა, რომ ჩვენ არ ვართ ღამის არსებები. ჩვენ დღისით ვფხიზლობთ და ძალიან ვიზუალურები ვართ. ჩვენი ტვინის ნახევარი ვიზუალური იმპულსების დამუშავებისთვისაა განკუთვნილი. და გასხივოსნება ნიშნავს ცნობიერების უფრო მაღალ მდგომარეობაში გადასვლას. როგორც მაგალითად ნათურა თავზე. თქვენ არ ამბობთ - „დამიბნელდა“, როცა რაღაცას აღმოაჩენთ, თქვენ ამბობთ - „გამინათდა“...

ამრიგად, ეს ახალი დღეა, ახალი დღის დასაწყისია. დღე - ესაა დროის კანონიკური ერთეული. თქვენ უნდა იცოდეთ, როგორ შეათავსოთ თქვენი არსებობა დღის რეჟიმთან. და აქ შედის მოგზაურობა არაცნობიერიდან ცნობიერში, და პირიქით, ასე რომ თქვენ აპოლონივით იძირებით არაცნობიერში, შემდეგ კი კვლავ ბრუნდებით. და ეს სულაც არაა მეტაფორა, თქვენ მართლაც ჩადიხართ სიბნელისა და სიზმრებისა სამყაროში, და იქ უცნაური ამბები ხდება. შემდეგ თქვენ დილით იღვიძებთ, და ეს ახალი დღეა. შეიძლება ითქვას, რომ სიზმრების სამყარო თქვენი აზრების სორტირებაში გეხმარებათ. თუ დიდი ხნის განმავლობაში არ დაიძინებთ, ჭკუიდან შეიშლებით. სიზმრები დავიწყებაში გეხმარებიან, რადგან დავიწყება ძალიან მნიშვნელოვანია. თქვენ არ შეგიძლიათ დაიმახსოვროთ ყველაფერი, რაც ხდება. ისეთი ქაოსი გექნებათ, რომ ყველაფერი ჩამოგენგრევათ. ასე რომ ყველაფერი დაკვნებამდე დაგყავთ, კომპაქტურად ალაგებთ ინფორმაციას და ყველაფერი უმნიშვნელოსგან თავისუფლდებით.  

ფილმი იწყება. ცხოველები სინათლეზე გამოდიან. ესაა სინათლეზე გამოსვლის მეტაფორა, სადაც ხედვა შეგიძლიათ. იგი ასევე იწყება ძალიან ექსპანსიური, საზეიმო მუსიკით, რათა ფონი დაუდოს ყველაფერს, და აჩვენოს, რომ რაღაც მნიშვნელოვანს დაინახავთ. საწყისი სცენა ნამდვილად გენიალურია ჩემი აზრით. 

თქვენ ხედავთ ამ ადგილს, და ხედავთ კლდეს. ეს ცენტრია, ადგილი, რომელიც გოდოლითაა აღნიშნული. ესაა ცენტრი, ესაა კერა, სახლი, ხე, რომელშიც ცხოვრობთ - ყველაფერი ეს ერთდროულად. და კლდე ტრადიციის სიმბოლოცაა, რადგან ადამიანები მიდრეკილნი არიან, რომ თავიანთი ტრადიციები კლდეებზე ან ქვებზე ამოკვეთონ, ან პირამიდების სახით. ასევე ესაა დომინირების იერარქია - ზე-მტაცებლით სათავეში. სახელმწიფოც ასეთივე იერარქიაა, რაღაცით თავში, რომელიც მოიცავს სივრცეს, განათებულს ცნობიერების სინათლით. და ყველა ცხოველი მოდის იმის სანახავად, თუ რა ხდება პირამიდაში და მის მწვერვალზე. ისინი მოვიდნენ რაღაც მნიშვნელოვანის სანახავად, და ეს იქნება გმირის დაბადება. 

ეს პატარა ფრინველი - „ზაზუ“ - თითქოს ჰორუსია, ეგვიპტური ღმერთი, რომელიც ერთდროულადაა შავარდენიც და თვალიც. ამ ფილმში იგი მეფის თვალია. იგი ყველაფერს ხედავს, და შეუძლია ამცნოს მეფეს. ნაწილობრივ ეს ნიშნავს, რომ პირამიდის თავზე თვალი უნდა იყოს. ამიტომაც ხედავთ თვალს ამერიკული დოლარის პირამიდის თავზე...

თქვენ მრავალ პირამიდაში იქნებით თქვენი ცხოვრების მანძილზე. დომინირების იერარქიებში, ოჯახებში, სახელმწიფოებში და ა.შ. ისინი იერარქიულად ეწყობიან, და ზემოთ იქნება რაღაც მწვერვალი, რომელიც წარმატებული იქნება სხვადასხვა იერარქიებში. ასე რომ იგი არაა დამაგრებული რაღაც ერთ პირამიდაზე. ნაწილობრივ იგი უკავშირდება ხედვას, და შორ მანძილზე ხედვის უნარს. ასევე იმის ხედვის უნართან, რისი დანახვაც არ გინდა, და ამ ინფორმაციის მეფისთვის მიტანასთან. ასე რომ მეფე, თუ ფსიქოლოგიური პერსპექტივით განვიხილავთ, ესაა თქვენი სუპერ-ეგო (ფროიდის თვალთახედვით), ანუ მორალური სისტემა, რომელთანაც შესაბამისობაში მოდიხართ. თქვენი თვალები კი ისაა, რაც ანახლებს მას, თქვენ ეს სამყაროში და სოციუმში ორიენტაციისთვის გჭირდებათ. თქვენი თვალი და ყურადღების ფოკუსირების უნარი იმაზე, რაზეც არ გინდათ ყურადღების გამახვილება, - ესაა ის, რაც გამუდმებით განახლებას უკეთებს ამ მოდელს. 

და ეს ყველაფერი ხატ-სახეებითაა შეფუთული ფილმის პირველივე წუთებში. ამბობენ, რომ სურათი ათას სიტყვას უდრის, და ფილმში ათასი სურათია, მაგრამ სურათი შეიძლება უფრო მეტი იყოს, ვიდრე ყველა ის სიტყვა, რასაც მის აღსაწერად გამოიყენებთ, თუ რა თქმა უნდა სურათი საკმაოდ ღრმაა. 

ამრიგად, ცხოველები ერთად იკრიბებიან. და ცხოველები ასევე იდი-ს განასახიერებენ ფროიდის თვალთახედვით. იდი - ესაა თქვენი ფსიქიკის ის ნაწილი, რომელიც ცხოველისმაგვარია და ფარული ზრახვებითაა სავსე, მათ შორის სექსუალურის და აგრესიულის, როგორც ფროიდი თვლიდა, რადგან ზრახვების ეს ამ წყვილის ინტეგრირება, მაგალითად წყურვილთან და შიმშილთან შედარებით, ადამიანურ არსებასთან უფრო რთულია, და ეს წყვილი როგორც წესი ითრგუნება და არაცნობიერი რჩება. ასე რომ ფროიდის ფსიქოლოგიის, და მე ვიტყოდი ზოგადად ფსიქოლოგიის დიდი ნაწილი, კონცენტრირებულია სექსუალური და აგრესიული იმპულსების ფსიქიკასთან ინტეგრირებაზე. მე ამას დავამატებდი ასევე შფოთვას, რადგან შფოთვა დიდი პრობლემაა. შფოთვა და ემოციები, რომლებიც ტკივილს გვაყენებენ. ცხოველები ამ იდის-მაგვარ იმპულსებს განასახიერებენ, რომლებიც იერარქიულად უნდა დალაგდნენ, სანამ შეძლებთ, რომ ინტეგრირებული პიროვნება გახდეთ.

ამრიგად ზაზუ - მეფის თვალები - მოფრინდა, რომ მეფე შეემოწმებინა. მუფასა ძალიან მეფურად გამოიყურება. იგი პირდაპირ დგას, და მთელ სიმაღლეზე. ეს ნიშნავს, რომ მას სეროტონინის მაღალი დონე აქვს, რადგან გამართულ დგომს სეროტონინი მართავს. თუ დომინანტური ხართ და იერარქიის სათავეში დგახართ, ამ დროს მიდრეკილი ხართ, რომ გაიმართოთ და უფრო დიდად გამოჩნდეთ, ვიდრე მაშინ, როცა მოხრილი იქნებოდით. თუ ნაკლებად დომინანტური პიროვნება ხართ, მაშინ მიდრეკილი ხართ, რომ ისე იაროთ, თითქოს უფრო პატარა და სუსტი ხართ, და საფრთხეს არავისთვის წარმოადგენთ. მაგრამ თუ დომინანტური ხართ, მიდრეკილი ხართ, რომ გამართული იდგეთ, რათა სივრცეს ფლობდეთ. თუ მუფასას სახეს შეხედავთ, იგი საკმაოდ მკაცრია. მას შეუძლია სიკეთის გამოჩენა, მაგრამ ასევე შეუძლია სიმკაცრის ჩვენება და დასჯა. და ასეთია „სუპერ ეგო“. ეს ნიშნავს, რომ მან თავისი აგრესიის ინტეგრირება მოახდინა. და მე ვხედავდი ამას ჩემს კლინიკურ პაციენტებში, რომლებიც მეტისმეტად დამთმობნი იყვნენ. ისინი ისე გამოიყურებოდნენ, როგორც სიმბა გამოიყურება მოგვიანებით, როცა მოზარდია - მას ირემივით მზერა აქვს, და ყველაფერი თიტქოს მასში შედის, და მისგან არაფერი გამოდის. მაგრამ როცა ადამიანი თავისი ჩრდილის ინტეგრირებას ახდენს, და აგრესიულ ნაწილს თავის პიროვნებაში რთავს, სახე უფრო მყარი ხდება. და როცა უყურებთ ადამიანს, თვალნათლივ ხედავთ ამას, რადგან მეტისმეტად დამთმობი ადამიანები ბავშვურად და მიამიტურად გამოიყურებიან, მეტისმეტად აგრესიული ადამიანები კი - ავად და სასტიკად. და მე ვხედავდი, როგორ ეცვლებოდათ ადამიანებს სახე თერაპიის კურსის განმავლობაში. ქალებსაც და კაცებსაც, სახე უფრო ზრდასრული უხდებათ, თითქოს ისინი განსჯიან სამყაროს, გარდა იმისა, რომ ურთიერთქმედებენ მასთან, ნაკლებადდამთმობი ნაწილის ინტეგრაციის შემდეგ. ეს ძალიან საჭიროა, ეს იგივეა, რაც იუნგის ჩრდილთან ან ფროიდის არაცნობიერთან ინტეგრაცია. და მუფასას ეს უკვე გავლილი აქვს. ცხადია, რომ მას შეუძლია ღიმილი, მას შეუძლია ემოციების მთელი სპექტრის გამოხატვა, მაგრამ როგორც პერსონაჟი ძირითადად მკაცრად გამოიყურება. 

ახლა გადავიდეთ ამ ბაბუინზე, რომელიც მასხარა უნდა ყოფილიყო ისტორიის დაწერის მომენტში, მაგრამ თანდათან შამანად იქცა. იუნგის თვალსაზრისით იგი წარმოადგენს „თვითობას“. თვითობა - ესაა ის ყველაფერი, რაც დროის განმავლობაში შეიძლება გახდეთ. წარმოიდგინეთ, რომ ხართ თქვენ, და არის პოტენციალი თქვენს შიგნით. და პოტენციალი - ეს საინტერესო იდეაა, რადგან იგი წარმოადგენს რაღაცას, რაც არაა რეალობა, მაგრამ ჩვენ ისე ვმოქმედებთ, თითქოს ის უკვე რეალურია. ადამიანები გეტყვიან, რომ უნდა გახსნათ თქვენი პოტენციალი, და ეს პოტენციალი ისაა, რაც იქნებოდით, სამყაროსთან მეტი ინფორმაციული ურთიერთქმედება რომ გქონდეთ, რადგან თქვენ ინფორმაციისგან აწყობთ საკუთარ თავს (თუ პიაჟეს ენით ვიტყვით). თუ სხვა გარემოში მოათავსებთ საკუთარ თავს, ახალი გენები ჩაირთვება თქვენს ნერვულ სისტემაში. ისინი ახალ ცილებზეა კოდირებული, ასე რომ თქვენ სავსე ხართ ბიოლოგიური პოტენციალით, რომელიც რეალიზებული არ იქნება, თუ სამყაროს სხვადასხვა ადგილებში და სიტუაციებში არ აღმოჩნდებით. და ეს ააქტიურებს ჯაჭვებს, და თქვენ არა მხოლოდ იღებთ საკუთარ თავში გარე-სამყაროს ინფორმაციას (კონსტრუქტივიზმის თვალსაზრისით), არამედ როცა იხსნებით სხვადასხვა გარემოებისთვის, თქვენ ამით სხვადასხვა ფიზიოლოგიურ მოთხოვნებს უყენებთ საკუთარ თავს, გენეტიკური დონის ჩათვლით. და ეს ვლინდება თქვენს ახალ ელემენტებში. და ერთ-ერთი რაღაც, რაც ადამიანებს ემართებათ, ესაა ის, რომ ერთხელაც აუცილებლად მოგიწევთ მწირობა რაღაც ცენტრალურისკენ, როგორიცაა, მაგალითად სიამაყის კლდე „მეფე ლომში“. თქვენ მიდიხართ პატარა სოფლიდან, მიდიხართ ის „პატარა თქვენ“ რომელსაც ყველა გიცნობთ, და რომელიც არც ისე განვითარებულია, და შემდეგ მიემგზავრებით სიბნელისა და საფრთხეების გავლით ცენტრალური ადგილისკენ და მრავალ თავგადასავალს განიცდით, რომლებიც გაწრთობენ და ბევრ რამეს გწურავენ. თქვენ ხდებით უფრო ინფორმირებული და ფორმირებული ყველა დონეზე.

ევროპის კათედრალურ ტაძრებში, განსაკუთრებით შარტრში, იატაკზე დიდი წრიული ლაბირინთია, რომელიც წარმოადგენს მწირობის სიმბოლოს ადამიანებისთვის, რომლებიც ვერ ანხორციელებენ მას. და ეს უზარმაზარი წრე ოთხადაა გაყოფილი, რაც იუნგის იგივე მანდალას წარმოადგენს. თქვენ შედიხართ ლაბირინთში ერთი წერტილიდან და გიწევთ, რომ ოთხივე მხარე გაიაროთ, სანამ უფრო ცენტრში გადახვალთ. და ცენტრი სიმბოლიზებულია ქვაში ამოკვეთილი ყვავილით. ესაა სიმბოლური მწირობა, რომელსაც ცენტრამდე მიყავხართ. და ეს ჯვრის ცენტრია, რადგან იგი ტაძარში იმყოფება და საკუთარი კეთილი ნებით ტანჯვის მიღების ადგილს წარმოადგენს. იუნგი ამას წრეზე სიარულს უწოდებდა. ქვეყნის ოთხივე მხარეს მიდიხართ, რომ საკუთარი თავი იპოვნოთ. სწორედ ესაა თვითობა, რომელსაც ამ ფილმში ბაბუინი განასახიერებს. იგი ცხოვრობს ხეზე, სიცოცხლის ხეზე. ესაა მარადიული ბრძენი, ასეც შეგვიძლია ვიფიქროთ, და თუმცა მეფეც ასეთია, მაგრამ იგი მაინც უფრო მაღლა მდგომია, ესაა მეფე საზღვრებს მიღმა, რაღაც თვალსაზრისით. იგი უძველესი სიბრძნის მცველია, მეფე კი საშუალებაა, რომლითაც ეს სიბრძნე მოცემულ მომენტში ხორციელდება. და ისინი მეგობრები არიან, რაც ნიშნავს, რომ მეფე კარგი მეფეა, რადგან ის რომ ცუდი მეფე ყოფილიყო, იგი განუდგებოდა საკუთარ თავს, რაც ზედაპირულს და სწორხაზოვანს გახდიდა მას. მას არ ექნებოდა ერთიანობა წარსულის ტრადიციებთან. იმისთვის, რომ კარგი მმართველი გახდეთ, თქვენ გჭირდებათ, რომ საკუთარი მამა მიწისქვეშა სამეფოდან იხსნათ და ამის ინტეგრირება მოახდინოთ. და რა თქმა უნდა, ეს მთავარი თემაა ამ ფილმში. 

ამრიგად, გმირი დაიბადა, და ამომავალი მზე ამის სიმბოლოა. რა საყვარელია არა? (ფოტოზე). და მაინც, მიზეზი იმაშია, რომ თწვენში ბიოლოგიურადაა ჩაქსოვილი, რომ მზრუნველობით უპასუხოთ ყველაფერ სათუთს და საყვარელს. სათუთი - ესაა ღილაკივით ცხვირი, დიდი თვალები, პატარა პირი, მრგვალი თავი, სიმეტრია და უმწეო მოძრაობები. და თქვენ პასუხობთ ამაზე ძუძუმწოვრების მთელ კლასზე, შესაძლოა ქვეწარმავლებზეც: „რა საყვარელია არა?“ „არა, ეს ხვლიკია“. (იცინის). ასე რომ ესეც არქეტიპია. ესაა მოწყვლადი ახალშობილი გმირის არქეტიპი. და ამან უნდა გამოიწვიოს უპირატესად შთაგონების (განსულიერების) სურვილი მამაკაცებში, და ზრუნვის სურვილი ქალებში. მაგრამ ქალები და მამაკაცები საკმაოდ გადაჯვარედინებულნი არიან ადამიანურ არსებებს შორის, ასე რომ პირიქითაც შეიძლება, მაგრამ არქეტიპი მაინც პირველი შემთხვევაა ამ ორიდან. ანიმატორებმა შესანიშნავად დაიჭირეს „საყვარელი არსების“ ძირითადი შტრიხები. 

შემდეგ შამანი მისი ნათლობის რიტუალს ატარებს. იგი იყენებს რაღაცას, რაც მზეს განასახიერებს. ესაა მწიფე ხილის ნაყოფი. ხილი ზოგადად მზეს განასახიერებს, რადგან მას მზის შუქი სჭირდება დამწიფებისთვის. და ისინი მზესავით სფეროესბურნი არიან. როგორც არ უნდა იყოს, ანიმატორები კავშირს ქმნიან ხილსა და მზეს შორის, ასე რომ მას მზითაც ნათლავენ. ესაა ერთგვარი სინათლით ნათლობა, რაც მას გმირად აქცევს. 

შემდეგ ყველა ბედნიერია, და ესაა არსობრივად წმინდა მამა, წმინდა დედა, წმინდა ძე და თვითობა, რომელიც მასზე ზრუნავს. ახალშობილსა და ბებერ ბრძენს შორის კავშირია. ახალშობილი - ესაა მთელი პოტენციალი, რომელიც თვითობაშია რეალიზებული. და არსებობს ძველი იდეა, რომ სრული ზრდასრულობისკენ მიმავალი გზა - ესაა იმის პოვნა, რაც ბავშვად ყოფნისას დაკარგეთ, და ამის დაბრუნება. ეს შესანიშნავი იდეა გამოძახილს ჰპოვებს მრავალ მითსა და ზღაპარში. ეს ნიშნავს, რომ თქვენ უნდა დაიბრუნოთ თქვენი უნარი... როგორც კი დისციპლინირებული გახდით და რაღაცის გაკეთება ისწავლეთ, გჭირდებათ, რომ თამაშისა და საოცრებებით აღფრთოვანების უნარი დაიბრუნოთ. სულის ამ ბავშვისმაგვარი ნაწილის ინტეგრაციით განვითარებულ, ზრდასრულ ნაწილთან, ბავშვი სამყაროში მოწესრიგებული სახით ავლენს თავს. 

ამის მერე შამანი ბრბოს აჩვენებს ახალშობილს. ყველა ცხოველი სპონტანურად იხრის ქედს მის წინაშე. ამავდროულად მზეც ანათებს სიმბას. შეთანხმებულობას მიწიერ და ზეციურ მოვლენებს შორის იუნგი სინქრონულობას უწოდებდა. და ეს სინქრონულობა აიძულებს ცხოველებს რომ მუხლი მოიყარონ. 

შემდეგ „სკარზე“ (ნაიარევზე) გადავდივართ. სკარი - ესაა მუფასას ბოროტი ძმა. მეფეს ყოველთვის ჰყავს ბოროტი ძმა, გმირს კი - მოწინააღმდეგე. მეფეს ყოველთვის ჰყავს ბოროტი ძმა, რაც ნიშნავს, რომ სახელმწიფოს ყოველთვის გააჩნია ტირანული ელემენტი. ტირანული ელემენტი ორი მიზეზით არსებობს. პირველ რიგში, სახელმწიფო თავისთავად ფუჭდება, ეს ენტროპიაა, და ნიშნავს, რომ სახელმწიფო - ესაა წარსულის კონსტრუქცია, მაგრამ აწმყო ისეთივე არაა, როგორიც წარსული. როდესაც წარსული აღარ შეესაბამება თანამედროვეობის მოთხოვნებს, იგი ტირანული ხდება. ასე რომ ეს სახელმწიფოს მუდმივი პრობლემაა. იგი მუდმივად ჩამორჩება ორი ნაბიჯით არსებულ სიტუაციას. ეს ნიშნავს, რომ მოქალაქეების გაცნობიერებულობამ უნდა განაახლოს სახელმწიფო. 

მირჩა ელიადემ, რომელიც რელიგიის შესანიშნავი ისტორიკოსი იყო, შეისწავლა ყველა წარღვნა და წყალდიდობა მსოფლიოში. წარმოიდგინეთ, რომ ახალი ორლეანი წყალდიდობამ გაანადგურა. და თქვენ იტყვით: ეს ღმერთის ნახელავია, შემდეგ კი დაფიქრდებით და ნახავთ, რომ მათ იცოდნენ, რომ ეს წყეული დამბები ვერ გაუძლებდნენ, მათ არ ააშენეს საკმარისად მძლავრი დამბები. ამისთვის გამოყოფილი ფული არასწორად დახარჯეს, და ეს განზრახ ჩადენილი სიბრმავეა, ამიტომ მეტაფორულად შეგიძლიათ თქვათ, რომ ღმერთმა მოახდინა წარღვნა, მაგრამ ასევე შეგიძლიათ თქვათ, რომ აქამდე სახელმწიფოს დეგრადაციამ და პოლიტიკოსების სიბრმავემ მიგვიყვანა... თქვენც გექნებათ წყალდიდობა თქვენს ცხოვრებაში, და ეს იქნება ქაოსის წყალდიდობა ამა თუ იმ ფორმით. და როცა მიზეზებზე დაფიქრდებით (თუმცა ზოგჯერ ეს შეიძება სრულიად შემთხვევითი იყოს, მაგალითად ავადმყოფობა), და იტყვით: მე ვიცოდი, რომ ეს ახლოვდებოდა, ვიცოდი, რომ სათანადო ყურადღებას არ ვუთმობდი და დროულად არ მოვაგვარე ეს ყველაფერი. 

ამრიგად, სკარს ნაიარევი აქვს, და ეს გულისხმობს, რომ მას საკმაოდ მძიმე ცხოვრება აქვს, იგი საკმაოდ გამხდარია, მოკლედ, აქვს მიზეზები რომ წუხდეს. იგი ასევე ინტელექტუალურად ჰიპერ-რაციონალურია, და ეს ერთ-ერთი რამაა, რასაც სახელმწიფოს ბოროტ მოწინააღმდეგეებში შეხვდებით. ამაზე საუკეთესო კომენტარი ჯონ მილტონს აქვს, პოემაში - „დაკარგული სამოთხე“, სადაც მან ლუციფერი რაციონალურობის სულად წარმოაჩინა. მილტონმა შეკრიბა ყველა ძველი ისტორია ბოროტებაზე და სცადა დაეკავშირებინა ისინი. რაციონალურობის პრობლემა იმაშია, რომ მას აქვს მიდრეკილება - შეუყვარდეს თავისი ნაწარმოებები, რის შემდეგაც ქმნის ტოტალიტარულობის თეორიას და ეჭიდება მას. რაციონალურ გონებას ტოტალიტარული ელემენტი გააჩნია. და ჩვენ ეს გარკვეულწილად ვიცით, რადგან რაციონალურობა რაღაც მხრივ მარცხენა ნახევრასფეროზეა ფოკუსირებული. მარცხენა ნახევარსფერო კი მიდრეკილია, რომ სტრუქტურულ წესრიგში ჩასვას სამყარო, და განახლებულ იქნეს მარჯვენა ნახევარსფეროს მიერ. მარჯვენა ნახევარსფერო კი, როგორც წესი მას ნეგატიური ინფორმაციით და ფანტაზიებით ანახლებს ხოლმე. მარცხენა ნახევრასფერო სტრუქტურულ წესრიგში კრავს სამყაროს, რაც სასიცოცხლოდ აუცილებელია, მაგრამ არსებობს დაძაბულობა შეკრულობასა და დასრულებულობას შორის, და ნაწილობრივ სწორედ ამიტომაც გჭირდებათ ორი ნახევარსფერო. ერთი გჭირდებათ სამყაროს წარმოდგენისთვის, ხოლო მეორე იმისთვის, რომ გამონაკლისები დააფიქსიროთ და ნელ-ნელა გამოკვებოთ მათით წარმოდგენების სისტემა, რათა იგი განახლებული იყოს, ქაოსში სრული ჩაძირვის გარეშე. 

სკარს ჩამოკიდებული ყბა და წუწუნა ხმა აქვს. იგი გრძნობს, რომ დაჩაგრეს, და ამის გამო წუწუნებს. გავიხსენოთ ეგვიპტე. ოსირისი სახელმწიფოს ღმერთი იყო, ხოლო სეთი, რომელიც შემდეგ სატანა გახდა (როდესაც იგი კოპტური ქრისტიანობის მიერ იქნა ტრანსფორმირებული). ოსირისი საკმარის ყურადღებას არ უთმობდა სეთს, ისევე როგორც სკარი, სეთიც გამუდმებით ინტრიგებს ხლართავდა, რათა სახელმწიფო გადატრიალება მოეხდინა. და ეგვიპტელები პირდაპირ ამბობენ, რომ მიზეზი იმისა, თუ რატომ დაამხო ოსირისი სეთმა (სეთი ნაწილებად იქნა დაშლილი და ყველა მხარეს გაფანტული, და ტექნიკურად თუ შევხედავთ, ეს ნაწილები ეგვიპტეს პროვინციები იყო), იყო ის, რომ ოსირისი იყო მოხუცი და განზრახ ბრმა. ამ ფილმში იგივე არ ხდება, რადგან მუფასამ იცის სეთის, ანუ სკარის შესახებ, მაგრამ სკარი უფრო ვერაგია, ვიდრე მუფასა ფიქრობს. იგი მუფასამდე მისი შვილის გავლით აღწევს, თამაშობს რა სიმბას იმპულსურობით და ყმაწვილური თვისებებით. 

ცხადია, რომ ამ ორ არსებას შორის ანტაგონიზმია. ეს შეგიძლიათ მათი სახის გამომეტყველებითაც დაინახოთ. სკარს გამომხმარი, წუწუნა, არაკეთილგანწყობილი სახე და ბოროტი ხმა აქვს, რომელსაც ჯერემი აირონსი ასე შესანიშნავად ასრულებს. ის გამუდმებით შემპარავად მოძრაობს, ის ღამის არსებაა. იგი არცერთი თვალსაზრისით არაა დღის არსება. აშკარაა, რომ მუფასა მზესავით ოქროსფერია, სკარი კი - ღამესავით ბნელი. ასეთია შემდგომი მინიშნება. 

აქ უკვე ხეა, სიცოცხლის ხე, რომელზეც უკვე ვისაუბრეთ, და ჩემი აზრით იგი განასახიერებს იმ დონეების მრავალრიცხოვნებას, რომლებზეც თქვენ ერთდროულად არსებობთ, სუბატომურიდან დაწყებული კოსმიურით დამთავრებული. ეს სხვადასხვა განზომილებებია, და ის ადგილია, სადაც თვითობა ბინადრობს, და ზემოთ-ქვემოთ გადაადგილდება ამ განზომილებებში. 

შამანი ამ ხის შიგნით ცხოვრობს. იგი უძველესი ხის სულია, ასეც შეიძლება ითქვას.

მუფასას სიმბა პირამიდის მწვერვალზე მიჰყავს. ესაა იმ თვალის ადგილი, საიდანაც შეგიძლიათ ძალიან შორს დაინახოთ. ალბათ მზეც შეამჩნიეთ, ეს პირამიდის განათებული ნაწილია. 

შემდეგ ისინი საუბრობენ, და მუფასა უხსნის სიმბას, რომ მათი სამფლობელოა ყველაფერი, რასაც სინათლე ეცემა. და ეს ძალიან გონივრულია. თუ სხვა სახლში გადახვალთ, დააკვირდებით, რომ კატასავით ხართ, კატებს არ უყვართ სახლების შეცვლა. მათ ჭირდებათ, რომ ყველაფერი გამოიკვლიონ სახლში, ყოველი კუთხე-კუნჭული, რათა ზუსტად იცოდნენ რა ხდება იქ. სანამ არ გამოიკვლევენ, მანამდე ვერ დამშვიდდებიან. უნდა იცოდნენ, სად შეუძლიათ დამალვა, და სადაა პოტენციური საფრთხე. და შეამჩნევთ, რომ ვერც თქვენ დამშვიდდებით, თუ არ გაწმენდთ ან არ გაარემონტებთ ახალ სახლში ყოველ კვადრატულ სანტიმეტრს. რაც უფრო მეტ ყურადღებას მიაქცევთ, მით უფრო მეტად თქვენი გახდება ეს სახლი. იმისთვის, რომ სადმე თავი კომფორტულად იგრძოთ, და ფლობდეთ ამ ადგილს, ყურადღება უნდა დაუთმოთ მას, და ნათელი მოჰფინოთ ყოველ კუთხე-კუნჭულს. და ასევე უნდა მოექცეთ საკუთარ თავს და საკუთარ ურთიერთობებსაც. 

ამრიგად, მუფასა ეუბნება სიმბას, რომ მისი სამეფოა ყველაფერი, რასაც სინათლე ეცემა. და ეს მართლაც ასეა, და აქ სხვა მეტაფორაც დევს. ყველაფერი, რაც გაიგეთ, და რასაც ნათელი მოჰფინეთ, გარშემორტყმულია სხვა სამყაროთი, სხვა საგნებით, რომლებიც არ გესმით. ზოგიერთი ამ საგნებიდან ბუნებრივი იქნება, ზოგიერთი ტირანული, ზოგიერთი ისეთი რამ იქნება, რისი გაგებაც არ გინდათ საკუთარ თავზე, მაგრამ ისინი იმ ტერიტორიის მიღმა არიან, რასაც სინათლე მოჰფინეთ. სწორედ ამას ეუბნება მუფასა სიმბას: ჩვენ ვცხოვრობთ პირამიდაში, ჩვენ მის მწვერვალზე ვართ, ჩვენს გარშემო სინათის სფეროა, და ეს გამოკვლეული ტერიტორიაა. ამის მიღმა გამოუკვლეველი ტერიტორიაა. ნაწილობრივ ეს არაცნობიერია, რადგან ფანტაზიებით ავსებთ მას, ნაწილობრივ კი ის, რაც უბრალოდ არ იცით. და შემდეგ მუფასა ეუბნება სიმბას (და ეს გარკვეულწილად იმას ჰგავს, როცა ღმერთი ადამს და ევას ეუბნება სამოთხის ბაღში აკრძალული ხილის შესახებ), რომ არსებობს ბნელი ადგილი შენი სამეფოს საზღვრებს მიღმა, და შენთვის არ შეიძლება იქ წასვლა. და ეს საკმაოდ საინტერესოა, რადგან სიმბამ ჯერ არც კი იცის ამ ადგილის შესახებ, ასე რომ მუფასა საკმაოდ წინააღმდეგობრივ რაღაცას აკეთებს: მის ცნობისმოყვარეობას აღვივებს, და ამავდროულად ეუბნება, რომ იქ წასვლა არ შეიძლება, და თითქმის გარანტირებულს ხდის ამას. თქვენ ამას ხედავთ ასევე ფილმში - „პინოქიო“, სადაც პინოქიო ოკეანის სიღრმეში აპირებს გადახტომას, რათა ჟეპედა მიწისქვეშა სამყაროდან ამოიყვანოს. მისი ცნობიერება იქვე იმყოფება - ჭრიჭინა ჯიმინი, და ჭრიჭინა აფრთხილებს ყველა იმ საფრთხის შესახებ, რაც ქვემოთ ელოდება, და რომ ის პირადად თევზის საჭმელი გახდებოდა. და ამ დროს პინოქიო თავის ვირის კუდს ქვას აბამს, რომ ჩაიძიროს, და პატარა ჭრიჭინა ეხმარება ამაში. ანუ თან აფრთხილებს საფრთხეების შესახებ, და თან უბიძგებს ამის გაკეთებისკენ. 

არსებობს კიდევ ერთი პარადოქსული რამ. თუკი ცნობილის მიღმა გახვალთ, ეს თქვენი ცოდნის სტრუქტურას დაარღვევს და ქაოსში ჩაიძირებით. და ამან შესაძლოა დაგანგრიოთ, ამიტომ არ უნდა გააკეთოთ ეს, მაგრამ მეორე მხრივ, თუკი გააკეთებთ ამას, და თუ წარმატებით გააკეთებთ, მაშინ ახალი თქვენ, რომლებიც გაჩნდება, უფრო ახალი, უფრო ძლიერი და მთლიანი იქნება, ვიდრე წინა. ასე რომ თქვენ უნდა გააკეთოთ ეს, და თან არ უნდა გააკეთოთ. ნებისმიერი ჯანსაღად მოაზროვნე იტყვის: არ გინდა, მაგრამ ჯანსაღად აზროვნება არაა საკმარისი, აი, რატომაა საჭირო, რომ იყო უგუნური, რათა იცხოვრო. ჰარი პოტერი კარგი მაგალითია. იგი ყოველთვის არღვევს წესებს, მაგრამ არსებობს საღი აზრი წესების ასეთ დარღვევაში. გმირი არღვევს წესებს უფრო მაღალი სიკეთის მისაღწევად. 

აქ სიმბა სკარს ეცნობა. ამას ორი მნიშვნელობა აქვს. პირველ რიგში, სკარი - ესაა ტირანული ელემენტი, სახელმწიფო, ამიტომ ბავშვობის დროს, როცა თქვენს სოციალიზაციას ახდენენ, თქვენ სახელმწიფოს ტირანიას ეჯახებით. სხვანაირად არ გამოდის. ამის საუკეთესო მაგალითი, ესაა ის, როცა ბავშვები გამუდმებით დარბიან, თამაშობენ და სიამოვნებას იღებენ ამით, ისინი იმპულსურები და სიხარულით სავსენი არიან. ეს ბევრ პრობლემას ქმნის, რადგან პოზიტიური ემოციები ხშირად დამანგრეველნი არიან. ისინი დარბიან, ნივთებს ამტვრევენ, საკუთარ თავს ტკივილს აყენებენ, პრობლემებში ეხვევიან, და თქვენ გამუდმებით ეუბნებით: „დამშვიდდი, დაჯექი, წესიერად მოიქეცი“. ეს არა იმიტომ, რომ ტირიან ან გაბრაზებულები არიან, არამედ იმიტომ, რომ ისეთი ბედნიერები და იმპულსურები არიან, რომ მათი ატანა არავის შეუძლია. და ეს ტირანიაა. სახელმწიფო ზეწოლას ახდენს თქვენზე, რათა თქვენი ნეგატიური და პოზიტიური ემოციები დაარეგულიროს, და ამით თქვენს გატეხვას ცდილობს, სიცოცხლეს გაცლით, და როცა იზრდებით დათრგუნული ხართ. 17 წლის ასაკში სკოლაში ჯდომას გაიძულებდნენ. თქვენ დათრგუნულები ხართ, და ეს გასაკვირი არაა, რადგან დისციპლინირების პროცესში სულს გხდიდნენ. მაგრამ ამის გარეშე სრულიად უსარგებლო იქნებოდით. ეს კიდევ ერთი პარადოქსული კატასტროფაა, რომელსაც ცხოვრებაში შეხვდებით. 

დააკვირდით (ფოტოზე), რა ბედნიერია სიმბა. მან არაფერი იცის, ისეთი გულუბრყვილოა, ისეთი სავსეა სიხარულით და ენთუზიაზმით, და ეს არაა კარგი, რადგან ამ პერსონაჟმა (სკარმა) შეიძლება ცუდად გამოიყენოს იგი. და ასეც იქცევა. სკარი თავს აჩვენებს, რომ მის მხარეზეა (სხვათაშორის სწორედ ამას აკეთებენ გამოცდილი პედოფილები). 

უბრალოდ დააკვირდით ამას. ანიმატორების ოსტატობა ბრწყინვალეა. თითქოს ისეთი არაფერი, ეს უბრალოდ სახის გამომეტყველებაა, მაგრამ ანიმატორებმა სერიოზულად იმუშავეს, რომ ეს შეექმნათ. არცერთი დეტალი არაა შემთხვევითი.

შემდეგ სიმბა ხვდება ანიმას (იხ. ფოტო). ესაა იუნგისეული ანიმა, რომელიც სულის ქალურ მხარეს წარმოადგენს. ანიმას ქედმაღლური, განმსჯელი და მომხიბვლელი გამომეტყველება აქვს. სიმბას დათრგუნვას ცდილობს, და ეს მშვენივრად გამოსდის. სიმბა საერთოდ არაა ამით კმაყოფილი. ანიმა ასწავლის მომდევნო გმირს, რომ ის ყველაფერი არაა, რადაც შეუძლია იქცეს. ესაა ქალის ერთ-ერთი მარადიული მიდრეკილება, რომ მამაკაცები გაცნობიერებულნი გახადონ თავიანთი სექსუალური გადარჩევით. ეს მამაკაცებს უფრო თვითცნობიერს ხდის. და ეს შესაძლოა ერთ-ერთი ის ფენომენი იყო, რომელმაც შექმნა ევოლუციური რბოლა შეიარაღებისთვის სქესების შიგნით, და რაც გახდა კიდეც ჩვენი კორტექსული განვითარების და შიმპანზესგან დაშორების მიზეზი, რომელიც სხვათაშორის არაა შერჩევითი შეწყვილების დროს. 

უბრალოდ შეხედეთ. გინდება, რომ სილა გააწნა. ის მეფის შვილია, ამიტომ ძალიან ძალიან პრივილეგირებულია, მაგრამ თავის პრივილეგირებულობას თავდაჯერებულობაში ურევს, რასაც თქვენც ასევე აკეთებთ, რადგან მეფის შვილები ხართ, ამიტომაც შეგიძლიათ აქ, უნივერსიტეტში ჯდომა. შეხედეთ ამ ბავშვს. მას ჰგონია რომ ყველაფერი იცის, ამიტომ დიდი პრობლემები ელოდება. 

შემდეგ სიმბა და ნალა იბრძვიან, და ნალა ყოველ ჯერზე ზურგზე აწვენს. ერთ-ერთი რამ, რაც ემართებათ ბიჭებს, როცა ისინი ხვდებიან იმ გოგოს, რომელიც ნამდვილად სურთ და რომლითაც აღტაცებულნი არიან, ესაა ის, რომ მყისიერად ახდენენ მასზე იდეალის პროეცირებას. ესაა ანიმას პროექცია, და ეს პროექცია განსჯის მათ, და ისინიც მათ წინაშე დამცირებულად და სულელურად იქცევიან, და ნაწილობრივ მართლაც ასეთები არიან. შემდეგ ისინი გამუდმებით მარცხდებიან იმასთან, რის პროექციასაც გამუდმებით ახდენენ...

შემდეგ ამ სქესთა ურთიერთ-წინააღმდეგობათა შერკინების პროცესში ისინი სამეფოს საზღვარს უახლოვდებიან. ისინი სპილოების სასაფლაოზე აღმოჩნდნენ. გარშემო ძვლებია. ისინი სიკვდილის სამეფოში აღმოჩნდნენ. და ეს ნიშნავს, რომ ეს ორი ბავშვი გაზრდის პროცესში სიკვდილს ეჯახებიან, სინათლის საზღვრებს მიღმა გადიან. 

ეს ძალზე შოკისმომგვრელია მათთვის. რა თქმა უნდა ძალიან აინტერესებთ. მიდიან ჩონჩხების და სხვა რამეების საკვლევად, თუმცა ეუბნებოდნენ, რომ არ გაეკეთებინათ ეს, მაგრამ არ შეუძლიათ, რომ შორს დაიჭირონ თავი სიკვდილისგან. მეტისმეტად ცნობისმოყვარენი არიან. და ანვითარებენ ცოდნას სიკვდილის შესახებ. 

და რა თქმა უნდა, იქ, მკვდრების მიწაზე, გიენებიც არიან, რადგან გიენები მძორს ჭამენ, და შეუძლით კბილებით დაამტვრიონ ძვლები. როცა ხედავთ, თქვენ ალბათ ზიზღი გიჩნდებათ ამ არსებების მიმართ. ჩვენ ევოლუციურ ლანდშაფტს ვინაწილებდით გიენების წინაპრებთან, ძალიან ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, ისევე, როგორც სვავებთან. ძნელია წარმოიდგინო რაღაც სრულყოფილი და ამავე დროს საზიზღარი, ვიდრე სვავია. ყორნებიც მემძორიები არიან. და ყველანი ისინი ისევე საშინლად გამოიყურებიან, როგორებიც არიან, რაც მართლაც საინტერესო მოვლენაა. რა თქმა უნდა, გიენებიც შედიან ამ კატეგორიაში. თან ისინი იცინიან. გიენები ლომების მტრები არიან. ძლიერები არიან, და არა ცალკე, მაგრამ ერთობლივად შეუძლიათ ლომის დამარცხება. და ეს პატარა ბოკვერები რა თქმა უნდა არ არიან მათი თანასწორნი, ამიტომ მალევე დაემუქრნენ.

და ერთ-ერთი გიენა მართლაც შეშლილია. დააკვირდით მის თვალებს, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით მოძრაობენ. შიზოფრენიით დაავადებულ ადამიანებში ვხვდებით ერთ განსაკუთრებულობას. მათ თვალების უნებური მოძრაობა აქვთ. თქვენ გაქვთ ტვინის ცენტრი, რომელიც თვალების ნებელობით მოძრაობას აკონტროლებს, და გაქვთ ასევე სხვა ცენტრი, რომელიც მათ უნებურად აკონტროლებს. სცადეთ, გაიხედეთ წინ და ეცადეთ უწყვეტად (რბილად) გადაანაცვლოთ თვალები მარჯვნივ და მარცხნივ. ვერ შეძლებთ ამას, რადგან ისინი უნებურად იხტუნავებენ, მაგრამ თუკი თითს დაიჭერთ წინ და ისე გააყოლებთ თვალებს, მაშინ ისინი უწყვეტად იმოძრავებენ. და ეს იმიტომ, რომ ტვინი თვალების მარტვისთვის ორ ცენტრს იყენებს: ერთი ნებელობითია, მეორე კი შედარებით არანებელობითი. და შიზოფრენიკებთან არანებელობითი ცენტრი მიდრეკილია, რომ ნებელობითი ცენტრის მუშაობა შეწყვიტოს. და ეს სავარაუდოდ ჰალუციონური პროცესის ნაწილია, რადგან თქვენ გაქვთ ეგო, შიზოფრენიკებთან კი მისი შეფერხება ხდება ღრმა პროცესებით, ფანტაზიებით და ა.შ. და ეს ვლინდება თვალების უნებურ მოძრაობად (როგორც სიზმარში). 

დავუბრუნდეთ ჩვენს გმირებს. ახლა ისინი სერიოზულ საფრთხეში არიან, ხოლო მეფის თვალი, რომელსაც თვალ-ყური უნდა ედევნებინა მათთვის, ცდილობს, რომ ჩაერიოს, მაგრამ შეხედეთ, ის ხომ გემრიელი პატარა ჩიტია, ასე რომ არც ისე კარგად გამოსდის. 

და თქვენ ხედავთ ამ მყისიერ გადასვლას სიკვდილისა და გიენების სამფლობელოს ჯოჯოხეთში. და ყველა, ვინც ამას უყურებს, მშვენივრად ხვდება, რაც ხდება. სტეპში, რომელშიც ჩვენ გარკვეული დროის განმავლობაში განვიცადეთ ევოლუცია, ცეცხლი საფრთხეს წარმოადგენდა. ეს ჯოჯოხეთის კარგი მაგალითია. 

დღეს განვაგრძობთ „მეფე ლომის“ იუნგიანურ ანალიზს. ჩვენ შევჩერდით იმაზე, რომ მუფასამ სიმბა სიამაყის კლდის მწვერვალზე აიყვანა და აუხსნა, რომ სამეფო იმისგან შედგება, რასაც სინათლე წვდება. და ეს შეგვიძლია აღვიქვათ დიდი მამის სამფლობელოდ, რომელსაც გარშემო დიდი დედის სამფლობელო აკრავს, რაც მიწისქვეშა სამყაროს, ან ბუნების ექვივალენტურია. ეს ყველაფერი ერთმანეთს უდრის. და იგი უკრძალავს სიმბას იმის გამოკვლევას, რაც სინათლის საზღვრებს მიღმაა. გარკვეული თვალსაზრისით ეს სწორედ ისაა, რასაც ტრადიცია თქვენთვის აკეთებს. სწორედ ტრადიციაა ის, რაც სინათლის საზღვრებს განსაზღვრავს. 

იყო მორალური ტრადიციის თვალთახედვით, პიაჟეს სიტყვებით იგივეა, რაც წსების დაცვით თამაში. პიაჟე ამბობდა, რომ როცა ბავშვები თამაშს სწავლობენ, ისინი ჯერ სწავლობენ როგორ იმოქმედონ, შემდეგ წესებს სწავლობენ, შემდეგ კი წესებს რაღაც თვალსაზრისით წმინდად თვლიან. თქვენ არ შეგიძლიათ წესების საზღვრებიდან გასვლა. და მოგვიანებით, მორალური განვითარებისას ისინი აცნობიერებენ, რომ წესების და თამაშების ფორმულატორებსაც წარმოადგენენ. და კულტურა გეუბნებათ - არ გახვიდეთ თამაშის საზღვრებს მიღმა. ესაა მორალურობის განსაზღვრება კულტურის ფარგლებს შიგნით. მუფასა სწორედ ამ როლს ასრულებს. და ეს ბრძნულია, რადგან თუ იმის საზღვრებს მიღმა გახვალთ, რაც გესმით, ეს რა თქმა უნდა სახიფათოა. მაგრამ მეორე მხრივ, და ეს შესაძლოა მითოლოგიური მიზეზია იმისა, თუ რატომ არაა მუფასა სკარის შესახებ სათანადოდ ინფორმირებული. მისი ცოდნა შეზღუდულია. იგი საკმარისად არ იცნობს იმას, რაც ამ ცოდნის საზღვრებს მიღმაა, სიკვდილისა და ნგრევის ამ სფეროში. სწორედ ამიტომ შეუძლია სკარს თავისი ძმის დამარცხება. 

აკვირდებით, როგორ ხშირად ემართებათ მსგავსი რამ ადამიანებს, რომლებსაც პოსტტრავმატული სტრესული აშლილობა აქვთ? ერთ-ერთი რამ, რაც არც ისე კარგადაა ცნობილი პოსტ-ტრავმატულ სტრესულ აშლილობაზე, ესაა ის, რომ ეს ხდება მაშინ, როცა თქვენ ხვდებით ისეთ გამოცდილებას, რომელიც თქვენი ცოდნის აქსიომების მიღმა დგას. ეს იმდენად მოულოდნელია, რომ თქვენი მსოფლხმედველობრივი სისტემის ფარგლებში ვერ ხსნით. ეს ხშირად ემართებათ ადამიანებს, როდესაც ისინი რაღაც ჭეშმარიტად ბოროტს ხვდებიან. და ეს შეიძლება იყოს მათ შიგნით, ან სხვა ვინმეს ფორმით, ვინც ცდილობს, რომ დიდი ტკივილი მიაყენოს მათ. ხშირად (მაგრამ არა ყოველთვის) ადამიანები, რომლებიც პოსტტრავმატულ სინდრომს იღებენ, ფრიად გულუბრყვილო ადამიანები არიან. ისინი ვერ აცნობიერებენ სამყაროს მთელ კატასტროფულობას. ამას შეგვიძლია ასეც შევხედოთ. და ისინი ხვდებიან ვიღაცას, ვინც მათთვის ნამდვილი ტკივილის მიყენებას ცდილობს. ან ისინი ხვდებიან საკუთარ ნაწილს, რომელიც ბევრად უფრო ბოროტია, ვიდრე თვითონ წარმოედგინათ. შედეგად რაღაც საშინელებას ჩაიდენენ ხოლმე და არ იციან ამას რა უყონ. დელერმა, კანადელმა გენერალმა, დაწერა წიგნი - „ეშმაკთან ხელის ჩამორთმევა“, იმაზე, რაც ორლანდშ დაემართა, როცა გაეროს ჯარისკაცის სახით იყო დისლოცირებული. იმის თქმა მინდა, რომ დელერი არ იყო გულუბრყვილო, მაგრამ რასაც იქ შეხვდა, ნამდვილი ბოროტება იყო, და ამან ნაწილებად დაშალა. ასეთი რამ ხდება ხოლმე. 

არსებობს გარკვეული სარგებელი იმაში, რომ შემოსაზღვრულ სფეროში დარჩეთ, მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ შესაძლოა არსებობს ინფორმაცია ამ სფეროს მიღმა, რომელსაც უნდა იცნობდეთ. ასე რომ ყოფიერების პრობლემის ნაწილი დაკავშირებულია იმასთან, რომ თქვენ მუდმივად უნდა გააკეთოთ არჩევანი, რამდენად შეინარჩუნებთ სტაბილურობას და რამდენად გამოიკვლევთ. და თქვენ უნდა გამოიკვლიოთ, რადგან თქვენი სტაბილური ნაწილი ძველდება. თუ მეტისმეტად ბევრს ან მეტისმეტად უგუნურად გამოიკვლევთ, მაშინ შესაძლოა შეხვდეთ საგნებს, რომლებიც თავდაყირა ამოგატრიალებენ. ერთ-ერთი პრობლემა იმაშია, რომ გახსნილობის მაღალ ნიშნულზე იყოთ, განსაკუთრებით მაშინ, თუ ნევროტიზმშიც გახსნილი ხართ, რადგან თუ გახსნილი ხართ, თქვენ კრეატიული ხართ, გამუდმებით ეძებთ იდეებს თქვენი მიმდინარე სისტემატური აზროვნების უნარის მიღმა. მაგრამ თუ ნევროტიზმში ხართ გახსნილი, ანუ ბევრ შფოთვას, ემოციურ ტკივილს და ა.შ. განიცდით, მაშინ შეიძლება გამუდმებით გადააყირავოთ ხოლმე თქვენი ვაშლებით დატვირთული ურიკა. 

კიდევ ერთი რამ, რაც გამოგადგებათ რომ იცოდეთ, თუ საქმე ეხება პოლიტიკურ შეხედულებებს, როცა მაღალი გახსნილობა გაქვთ, მაგრამ დაბალი გაცნობიერებულობა, მაშინ მიდრეკილი ხართ ლიბერალობისკენ. თუ დაბალი გახსნილობა და მაღალი გაცნობიერებულობა გაქვთ,  განსაკუთრებით მოწესრიგებულობის მხრივ, მაშინ მიდრეკილი ხართ რომ კონსერვატორი იყოთ. ეს ცოტა უცნაურია, რადგან გახსნილობა და გაცნობიერებულობა არც ისე ძალიან კორელირებენ ერთმანეთთან. მაშინ რატომ განსაზღვრავს ამ ორი შტრიხის შეთანხმება პოლიტიკურ შეხედულებებს? და კავშირი ხასიათსა და პოლიტიკურ შეხედულებებს შორის საკმაოდ ძლიერია. ჩემი აზრით ფუნდამენტური სხვაობა ლიბერალურ-კონსერვატიულ შკალაზე ერთ რამემდე დაიყვანება. იქამდე, თუ რამდენად გახსნილი უნდა იყოს საზღვრები იმასთან შედარებით, თუ რამდენად დახურული უნდა იყოს ისინი. და ეს შეგიძლიათ დაინახოთ ტრამპის მიმზიდველობაში მოსახლეობის უმეტესი ნაწილისთვის. რადგან ის საზღვრების გამაგრებას აპირებს. და კონსერვატორებს უყვართ ეს. მათ უყვართ, რომ საზღვრები საგნებს შორის მყარი იყოს. მათთვის მნიშვნელობა არ აქვს, სახელმწიფოს საზღვრებია ეს, პოლიტიკური საზღვრები, ქალაქების, ეთნიკური, იდეებს შორის, თუ სექსუალურ იდენტობებს შორის საზღვრები. კონსერვატორებს უყვართ, რომ საგნები იმ კოლოფებში რჩებოდნენ, სადაც მათი ადგილია, რადგან ისინი მიდრეკილნი არიან წესრიგისკენ და დაბალი გახსნილობა აქვთ. მათ არ აინტერესებთ რა მოხდება, თუ თქვენს კონცეფციებს გაანთავისუფლებთ. ისინი მხოლოდ ქაოსის ალბათობას ხედავენ. მაშინ, როცა ლიბერალები, რომლებსაც მაღალი გახსნილობა და დაბალი გაცნობიერებულობა აქვთ, ნამდვილ მუხტს ღებულობენ, როცა საგნებს საზღვრებისგან ანთავისუფლებენ, რათა მათთან კრეატიული ურთიერთქმედება შეძლონ. და კითხვა: რომლები არიან მართალნი? პასუხი: თქვენ არ იცით. რადგან ზოგჯერ ერთია საჭრო, ზოგჯერ მეორე. და დიალოგი, რომელიც პოლიტიკურ ლანდშაფტზე ამ ორ საწინააღმდეგო ხედვას შორის ხდება, ძალზე მნიშვნელოვანია. რადგან ზუსტად ვერ იტყვის რომელ დროს რომელია სწორი. გახსნილი დიალოგი შენარჩუნებული უნდა იყოს, რათა მთელ პოლიტიკურ სტრუქტურას შეეძლოს მანევრირება ამ მოძრავი ხაზის გასწვრივ. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ადამიანები თავისი ხასიათის მიხედვით აძლევენ ხმას. მაგრამ საჭიროა სწორი გაგება იმისა, ვინც თქვენი პოლიტიკური საზღვრების საპირისპირო მხარესაა. 

ცოტა ხნის წინ სტატია გავაზიარე კომპანიაზე სახელწოდებით „კემბრიჯ ანალიტიკა“. ისინი დიდი ხუთიანის მოდელს იყენებენ. მათ შეუძლიათ ფეისბუქზე თქვენი ლაიქების მიხედვით განსაზღვრონ დიდი ხუთეულის თქვენი მოდელი. და ისინი დაეხმარნენ ტრამპს, რომ შეექმნა პოლიტიკური გზავნილები ბინის დონემდე, რათა მიემართა ადამიანებისთვის მათი ხასიათის მიხედვით (დიდ ხუთეულში). ეს ყველაფერი ცოტა ხნის წინ მოხდა. ჩვენ ისე სწრაფად ვასწავლით კომპიუტერებს ჩვენს გაგებას, რომ ამის დაჯერებაც კი რთულია. და ჩვენ ვრისკავთ, რომ შევიდეთ ელექტრონულ სამყაროში, სადაც მხოლოდ იმას დაინახავთ, რისი დანახვაც გსურთ. მარკეტოლოგები ცდილობენ, რომ რაც შეიძლება სწრაფად გააკეთონ ეს. მათ სურთ, რომ  მხოლოდ ის რეკლამა გამოგიგზავნონ, რომელიც თქვენთვის საინტერესოა. რადგან თან ძვირი ჯდება და თან სიბრიყვეა გიგზავნონ ის, რაც გაღიზიანებთ, ამიტომ იგნორირებას გაუკეთებთ. ამიტომ მარკეტოლოგები გიჟებივით მუშაობენ იმისთვის, რომ გაიგონ, თუ ვინ ხართ. საფრთხე იმაშია, რომ ეს შეიძლება ახალი ამბების და უფრო ფართო ინფორმაციის სფეროშც მოხდეს. თითქოს ყოველი ჩვენგანი მიკრო-ცნობილი პიროვნება ხდება, გარშემორტყმული ელექტრონული საცეცებით, რომლებიც მხოლოდ იმას მოგვაწვდიან, რისი გაგებაც გვინდა. ეს რეალური პრობლემაა. 

კარლ პოპერმა, ცნობილმა მეცნიერ-ფილოსოფოსმა, თქვა, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რაც უნდა გააკეთოთ, ისაა, რომ ეძებოთ ინფორმაცია, რომელიც თქვენს ამჟამინდელ შეხედულებას ეწინააღმდეგება. ეს მტკივნეულია, ასე არაა? ვის უნდა, რომ მისი აქსიომები უკუაგდონ? ამან შეიძლება გაგტეხოთ. მაგრამ ეს ერთადერთი მეთოდია იმისთვის, რომ დარწმუნებული იყოთ იმაში, რომ სწავლობთ, და ამავდროულად სტაბილურობასაც ინარჩუნებთ. და ეს კიდევ ერთი მიზეზია იმისა, თუ რატომ უნდა შეხვიდეთ დიალოგში ადამიანებთან, რომლებსაც არ ეთანხმებით. რადგან ისინი ისეთ რამეს გეტყვიან, რაც არ იცით. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია თქვენი საკუთარი სტაბილურობის შენარჩუნებისთვის. ერთ-ერთი ყველაზე უარესი, რაც შეიძლება დაგემართოთ, ესაა ის, რომ აღმოაჩინოთ, რომ უკვე აღარავინ გაძლევთ სწორ უკუკავშირს. რადგან სწორედ სწორი უკუკავშირის იმედზე უნდა იყოთ, რომ საღად მოაზროვნედ დარჩეთდა განვითარება განაგრძოთ მუდმივად ცვალებად გარემოში. 

იუნგი ასევე იტყოდა, რომ ის, იმ სფეროში, რომელიც თქვენი გაგების მიღმაა, თქვენ ასევე ეჯახებით კოლექტიური არაცნობიერის არქეტიპებს. ეს მათლაც რთული იდეაა, მაგრამ ის გულისხმობს, რომ თუ თქვენი კომპეტენციის საზღვრებს მიღმა მოგათავსებენ, ფანტაზიების გამოყენებას დაიწყებთ, რომ თქვენი სამყაროს ორგანიზება შეძლოთ. შემიძლია ამის მაგალითი გითხრათ. ალბათ უმეტესობა თქვენგანს გახსოვთ, როგორ ჩამოინგრა ტყუპი ცათამბჯენები. და ამის შემდეგ დღეების განმავლობაშ ყველა გაოგნებული დადიოდა. გაოგნებული იმიტომ, რომ ზუსტად არ იყო გასაგები, რა ჩამოინგრა. ფიზიკურად ცათამბჯენები ჩამოინგრა, მაგრამ ეს პრობლემის მხოლოდ მცირე ნაწილი იყო, რადგან ეს ფიზიკური ცათამბჯენები ჩაშენებული იყო სიმბოლო-მნიშვნელობების ძალიან ძალიან რთულ ქსელში, ასევე პოლიტიკურ ქსელში, ეკონომიკურ ქსელში, სამხედრო ქსელში. ეს თითქოს კვანძებია ძალიან რთულ სისტემებში. და როცა ისინი ჩამოინგრნენ, თქვენ არ იცით - რა ჩამოინგრა. ასე რომ თქვენ გაურკვევლობაში ხართ და ცდილობთ გაიგოთ, რა მოხდა. და ჯორჯ ბუშმა ეს მაშინვე აქცია დრამად სიკეთისა ბოროტების წინააღმდეგ. მაშინვე. და ეს არქეტიპული იდეაა. სწორედ მაშინ შემოიტანა მან ბოროტების ღერძის იდეა. თუ სწორად მახსოვს ეს იყო ირანი, ჩრდილოეთ კორეა და და ერაყი. და მან მაშინვე აქცია პოლიტიკური ლანდშაფტი სიკეთისა და ბოროტების ბრძოლის დრამად. პრინციპში ამით მან მთელ მსოფლიოს უთხრა, რომ ან მისკენ ხართ, ან მის წინააღმდეგ. ეს გარკვეულწილად უფრო მეტად დაცულ ლანდშაფში უკან დახევას ჰგავს. ეს ერთ-ერთი მეთოდია, რითაც ადამიანები ტრავმის საფრთხეს უმკლავდებიან. და მიზეზი, თუ რატომ ხვდებით არაცნობიერს, და კოლექტიურ არაცნობიერსაც კი თქვენი ცოდნის საზღვრებთან, იმიტომ, რომ როცა თქვენი ცოდნის საზღვრება აღწევთ, ამის შემდეგ ფანტაზიების გამოყენებას იწყებთ, რათა უცნობისგან ახალი წესრიგი შექმნათ, რათა მისი გაგება შეძლოთ. და ესაა ის, რასაც შემოქმედები გამუდმებით აკეთებენ. იუნგისეული თვალსაზრისით, ადამიანები, რომელიც კრეატიული საქმიანობით არიან დაკავებულნი, ცოდნის სტრუქტურის პერიმეტრის გასწვრივ იმყოფებიან. და რას აკეთებენ ისინი? ისინი იღებენ აბსოლუტურად უცნობს (რამსფილდის ტერმინოლოგიით - უცნობი უცნობი) და აქცევენ მას ნაწილობრივ ნაცნობ უცნობად. აი, რას აკეთებენ შემოქმედებითი ადამიანები. განსაკუთრებით შედარებით კლასიკოსი მხატვრები, რომლებიც მითოლოგიურ და რელიგიურ თემებთან მუშაობენ. რაც იყო კიდეც ხელოვნების საქმე მეოცე საუკუნის ბოლო პერიოდამდე. ისინი იყენებენ სხვადასხვა მითოლოგიურ იდეებს, რათა გააფართოვონ ადამიანის ცოდნის საზღვრები მის ამჟამინდელ პარამეტრებს მიღმა. ამას აკეთებენ მხატვრებიც, ლიტერატორებიც, დრამატურგებიც, და ისინი გვეხმარებიან ცოდნის გაფართოებაში. ესენი არიან გახსნილი ადამიანები. 

ამას შეგვიძლია სხვანაირადაც შევხედოთ. თქვენ ქალაქში ხართ. და ქალაქში არის ადგილები, რომლებიც ნადგურდება. შეგიძლიათ აღიქვათ ეს, როგორც წესრიგი, რომელიც ქაოსად იქცევა. და მაშინ გახსნილი ადამიანები, რომლებიც კრეატიულები არიან, მოდიან და პოულობენ ადგილებს ქალაქში, რომლებიც განადგურებულია, მაგრამ მაინც გააჩნიათ საინტერესო პოტენციალი. შემდეგ ისინი იქ გადადიან, სადაც ასევე იაფიცაა ყოფნა, და ქმნიან გალერეებს, შემდეგ ამ რაიონში გალერეის გვერდით კაფეები იხსნება, და კვლავ იქმნება ცივილიზაცია. შემდეგ მოდიან უფრო ლიბერალურ-კონსერვატიული ჯგუფები. ისინი კონსერვატორები არიან, მაგრამ მაინც უფრო ლიბერალურნი არიან მოსახლეობის უმეტეს ნაწილთან შედარებით. სწორედ ისინი მოჰყვებიან მხატვრებს და ახდენენ ამ ადგილის ცივილიზაციას. შემდეგ ქსელური მაღაზიებიც მოდიან და ყველაფერი სუპერმარკეტს ემსგავსება. და მაშინ მხატვრები კიდევ სადღაც უნდა წავიდნენ და იპოვონ ადგილები, სადაც ზღვარზე მოუწევთ ცხოვრება. ეს ისევეა ფიზიკური ზღვარი, როგორც ფსიქიკური, რადგან ყოველი ამ პიროვნული შტრიხებიდან (ისინი ხუთია) მეტყველებს გარკვეულ გარემოში, გარკვეულ ეკოლოგიურ ნიშაში ცხოვრებაზე. თუ თქვენ ექსტრავერტული პიროვნება ხართ, თქვენი ნიშა სოციალური გარემოა. თუ ინტროვერტული ხართ, მაშინ ბუნება, მაგრამ ზუსტად არ ვიცი, ჯერ ვერ გავარკვიე ბოლომდე, თუ რასთან არიან ადაპტირებულნი ინტროვერტები, მაგრამ ეს მთლად სოციალური სამყარო არაა. თუ თანამგრძნობი ხართ (friendly/compassionate), თქვენი ნიშა ურთიერთობებია. თუ ხისტი (challenging/callous) ხართ, მაშინ თქვენი ნიშა მეტოქეობაა. თუ შეგნებული ხართ, თქვენი ნიშა ხანგრძლივი გულმოდგინე მცდელობაა. და ეს ნიშები ნაწილობრივ სოციალურია, რადგან ჩვენი გარემოცვის დიდი ნაწილი სოციუმია, მაგრამ ნაწილობრივ ისინი ბუნებრივია, რადგან ჩვენი სოციალური არსებობა ბუნებრივი სამყაროს შიგნით იმყოფება. ასე რომ შეგიძლიათ შეხედოთ დიდ ხუთეულს, როგორც დიდ ადაპტაციებს დიდ ნიშებთან. 

და ამ ნიშას გახსნილი მკვლევარი ადამიანები იკავებენ. როგორც ჩანს ეს მაღალი წესრიგის ფაქტორს ქმნის ექსტრავერტულობისგან და გახსნილობისგან, რომელსაც პლასტიურობა ეწოდება, და რომელიც სტაბილურობის საპირისპირო მხარეა. არსებობს მეტოქეობა ამ ორ რაღაცას შორის, რადგან სტაბილური ადამიანები აშკარად სტაბილურები არიან, მაგრამ პლასტიური ტიპის ადამიანები უფრო დინამიურები არიან და უფრო არიან დაინტერესებული ცვლილებებით. და იმისთვის, რომ სისტემა ოპტიმალურად სტაბილური და დინამიური იყოს, აუცილებელია ამ ფაქტორების გამუდმებული ურთიერთქმედება. რადგან სტაბილურობა არ მუშაობს, ყველაფერი ხომ იცვლება, და ეს პრობლემაა კონსერვატიულობასთან დაკავშირებით. ლიბერალიზმის ფუნდამენტალური პრობლემა კი ისაა, რომ კი, ყველაფერი მუდმივად იცვლება, მაგრამ თქვენ გჭირდებათ რომ მომავალში წარსულის გარკვეული კონსტრუქციები გადაიტანოთ. ძალიან ძნელია ამ ბალანსის სწორად დაცვა. 

ამრიგად, იქ, მიწისქვეშა სამყაროში, იმ ადგილას, რომელიც თქვენი ამჟამინდელი წარმოდგენების მიღმაა, ესაა ბუნების ადგილი, სიკვდილის ადგილი, ადგილი სინათლის საზღვრებს მიღმა, ასევე ესაა ჯოჯოხეთის ადგილი, და როგორ მოახდენთ ამის კონცეპტუალიზაციას? ერთ-ერთი, რასაც დაინახავთ, თუ მსავსი საკითხები გაინტერესებთ, თუკი წაიკითხავთ კოლუმბაინელი მკვლელების ჩანაწერებს, მოზარდებისას, განსაკუთრებით დილან კლიბალდს, რომელიც უკეთ წერდა, კარგად დაინახავთ, თუ სად მივიდა იგი, ზრდიდა რა თავის განცალკევებულობას კაცობრიობისგან, საზღვრებს მიღმა, ქაოსის სფეროში. და იმის გამო, რომ იგი იტანჯებოდა ამით, მისი ნფიქრები საოცრად ბნელ, წარმოუდგენლად ბნელ მიმართულებას იძენენ. 

არის კიდევ ერთი წიგნი, რომელიც შეგიძლიათ წაიკითხოთ - „პანცრამი“ ( https://en.wikipedia.org/wiki/Carl_Panzram ), და ეს ძალიან საინტერესო წიგნია ადამიანზე, რომელმაც თორმეტამდე ასეული მამაკაცი გააუპატიურა. ეს იყო ფიზიკურად საოცრად ძლიერი და სასტიკი ადამიანი. იგი არასრულწლოვანთა გამოსასწორებელ კოლონიაში გაუშვეს, და იქ არც ისე კარგად ეპყრობოდნენ. ეს კანადის ყველაზე უარესი ასიმილაციური ინტერნატი იყო, და როცა იქიდან გამოვიდა, საერთოდ არ ჰგავდა ბედნიერ ბიჭს. და ამის შემდეგ მთელი ცხოვრება ცდილობდა იმდენად დამანგრეველი ყოფილიყო, რამდენადაც შეეძლო წარმოდგენა. ამას აკეთებდა სრულიად ცნობიერად და ბოროტი განზრახვით. იგი ცდილობდა ომი წამოეწყო ბრიტანეთსა და აშშ-ს შორის. ბოლომდე უძღვნიდა თავს ნგრევას და განადგურებას. სიკვდილის წინ, როცა მის ჩამოხრჩობას აპირებდნენ, მან უთხრა ადამიანს, რომელსაც უნდა ჩამოეხრჩო: „იჩქარე ინდიანელო ნაბიჭვარო, რამდენ ადამიანს მოვკლავდი სანამ შენ აქ სახრჩობელაზე მკიდებ“. სწორედ ასეთი ადამიანი იყო. იგი მეგობრობდა თერაპევტთან ციხეში, რომელიც მისი აზრით პირველი ადამიანი იყო, ვინც რაღაც კარგი გაუკეთა. სიგარეტისთვის დოლარი მისცა, თუ სწორად მახსოვს. და თერაპევტმა შთააგონა, რომ ავტობიოგრაფია დაეწერა, და მანაც დაწერა. 

თქვენ ფიქრობთ, რომ ადამიანებს კეთილი ზრახვები აქვთ. განსაკუთრებით მაშინ ფიქრობთ ასე, თუკი გულუბრყვილო და დამთანხმებელი ხართ. მაგრამ ეს ყოველთვის ასე არაა. ადამიანებს შესაძლოა ძალიან ბნელი მოტივაციები ჰქონდეთ, რომლებიც ბოლომდე გაცნობიერებული და გააზრებულია. პანცრამი ძალიან ჭკვიანი იყო. მისი წიგნი კარგადაა დაწერილი, და იგი გვეუბნება,კ თუ რატომ ფიქრობდა ისე, როგორც ფიქრობდა. მისი კრედო იყო: ადამიანები იმდენად მანკიერნი არიან, რომ უნდა განადგურდნენ. ასეთივე მოტივით იყვნენ შეპყრობილნი კოლუმბაინელი მსროლელებიც. და კოლუმბაინელ მკვლელებს გაცილებით უფრო კატასტროფული გეგმა ჰქონდათ, ვიდრე ეს რეალიზებული იყო. და მათ იცოდნენ, რომ ეს იქნებოდა საყოველთაოდ გაბუქებული მედია-ცირკი. ბევრმა ადამიანმა, რომელიც მასობრივ მკვლელობებს ახორციელებს, იცის სხვა მსგავსი მკვლელების შესახებ, და ისინი მონაწილეობენ შეჯიბრებაში, თუ ვინ ჩაიდენს უფრო სასტიკ რამეს და თან უფრო სწრაფად. ასე რომ თქვენ ვერ იფიქრებთ ადამიანებზე ისე, თითქოს მათ კარგი განზრახვა ჰქონდათ, უბრალოდ ფეხი დაუცდათ. და ფრთხილად უნდა იყოთ ასეთ ადამიანებთან შეხვედრისას, რადგან თქვენი გულუბრყვილობით კარგი ლუკმა იქნებით მათთვის. 

ამრიგად, ეს ყველაფერი ისტორიის ამ ნაწილშია. გიენები პატარა ლომებს მისდევენ, და ისინი გაქცევას ცდილობენ. ეს ძალიან ავი სცენებია. და ბოლო მომენტში მუფასა გამოჩნდება და გადაარჩენს მათ. აქ ასევეა მეტაფორა იმის შესახებ, რომ თუკი კომპეტენციის საზღვრებს ცდებით და ეჯახებით იმას, რაც არ გესმით, პირველი, რასაც გააკეთებთ, ისაა, რომ შეხედავთ იმ ცოდნის სტრუქტურას, რომელიც უკვე გაგაჩნიათ ამ ყველაფრის ასახსნელად. სიმბოლური პერსპექტივა, შეიძლება ითქვას, რომ მამის მანიფესტაციაა. და რაც ასევე ძალიან საინტერესოა, და მე ბევრი კლიენტი მყავდა პოსტ-ტრავმული სტრესული აშლილობით, ყოველი მათგანი რომელიმე მტრულიო ფორმით იყო გამოწვეული. მათ უხდებოდათ სიკეთისა და ბოროტების ძალზე რთული ფილოსოფიის შემუშავება იმისთვის, რომ თავი დაეღწიათ ამ ყველაფრისთვის. მათი გაგებით ასეთი რამეები არ არსებობდა. არ არსებობს ისეთი რამ, როგორიცაა სუფთა მტრულობა. და ეს კარგია, სანამ ამას არ შეხვდებით, და როცა ხვდებით, უკვე არ იცით რა გააკეთოთ, და აღარ შეგიძლიათ ცხოვრების გაგრძელება. ვეღარ აკეთებთ ვერაფერს. მხოლოდ ფიქრობთ, ფიქრობთ და ფიქრობთ ამაზე. ეს თქვენს ძილს დაარღვევს, მუდმივად მოქმედებისთვის მზადყოფნაში გამყოფებთ. რადგან თქვენი ტვინის ის ნაწილი, რომელიც ამას ავლენს, არ გაგიშვებთ, სანამ ამას არ გაუმკლავდებით. აი, რა არის არსობრივად პოსტ-ტრავმული სტრესული აშლილობა.

გარკვეულწილად ყველა ბევრ თქვენგანს მოუწევს ამის გადატანა. და თუ დაფიქრდებით საკუთარ წარსულზე, თუკი გაქვთ მოგონებები 18 თვის ზემოთ, და თუ ისინი ნეგატიური ემოციების გარკვეულ რაოდენობას ქმნიან, მაშინ ესაა ადგილი, სადაც მცირე პოსტ-ტრავმული სტრესული პრობლემაა. და რა ხდება ამ დროს? გახსოვთ, გაჩვენეთ იერარქია მცირე მოტორული მოქმედებებიდან მაღალი წესრიგის აბსტრაქციებისკენ. წარმოიგინეთ კარგი ადამიანი პირამიდის თავში, და თქვენ თითქოს იყენებთ ამ სცენარს, რომ სხვა ადამიანები ახსნათ. და ადამიანები საფუძველში კარგები არიან. მაგრამ შემდეგ ვიღაც ცუდს ხვდებით და მთელი სისტემა ინგრევა, რადგან ეს მაღალი წესრიგის აქსიომას არღვევს. ესაა პოსტ-ტრავმული სტრესული აშლილობა. მაშინაც, თუ რაღაც არღვევს უფრო ნაწილობრივ აქსიომას, რომელიც ქვემოთ, მოტორულ მოქმედებებთანაა ახლოს, ეს მხოლოდ ამ ნაწილს ანგრევს, და არა მთელ სისტემას. და იმის შემოწმება, გაქვთ თუ არა ხვრელები ფასეულობათა აღქმის სტრუქტურაში, შეგიძლიათ იმის შემოწმებით, არის თუ არა თქვენში ცოცხალი ნეგატიური ტიპის მოგონებები, რომლებიც იმდენად ძველები არიან, რომ თქვენს პიროვნებაში უნდა იყვნენ ჩაშენებულნი. 

ჩემს ვებ-გვერდზე არის ერთი პროგრამა, რომელსაც ეწოდება წარსულის ავტორობა, სადაც თქვენ წერთ ავტობიოგრაფიას. და იმ ნეგატიური საგნების გააზრება, რომლებიც წარსულში გადაგხდათ, კარგი საშუალებაა მათ აღმოსაფხვრელად. თქვენ უნდა გაიგოთ რა მოხდა, და გაიგოთ, რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ ეს აღარ განმეორდეს. თქვენ ცდილობთ, რომ ერთგვარი მიზეზ-შედეგობრივი ანალიზი ჩაატაროთ: როგორ მოვხვდი იმ სიტუაციაში, სადაც მოწყვლადი გავხდი? შესაძლოა ეს იმიტომ მოხდა, რომ 4 წლის იყავით და თავს ვერ დაიცავდით, და ახლა უნდა განაახლოთ ეს. ან შესაძლოა არსებობს რაღაცეები თქვენს პიროვნებაში, რაც უნდა გაიაზროთ და შეცვალოთ. ერთმა კლიენტმა მითხრა, რომ მასზე სექსუალურად იძალადა მისმა უფროსმა ძმამ. მან ისე მომიყვა ისტორია, რომ შთაბეჭდილება შემექმნა, თითქოს ის 8 წლის იყო, მისი ძმა კი დაახლოებით 17-ის. როცა ჩემთან მოვიდა 27-ის იყო. შემდგომი გამოკითხვით დავადგინე, რომ მაშნ ის 4 წლის იყო, მისი ძმა კი 6-ის. და მე ვიფიქრე, მას დღემდე აქვს გონებაში ისტორია, სადაც უფრო ასაკოვანი ადამიანის მიერ ძალადობას ექვემდებარება. და მე ვუთხარი: არსებობს სხვა თვალთახედვაც ამაზე. თქვენ ორივენი იყავით ბავშვები ძალიან ცუდი მეთვალყურეობის ქვეშ. რადგან, ღმერთო ჩემო, ის ხომ ექვსი წლის იყო, ის პატარა ბავშვი იყო. ეს არ ნიშნავს, რომ რაც დაემართა ნაკლებად ტრავმატული გახდა ამით. მაგრამ ის ხომ არ იყო ჩვიდმეტის. ეს ისტორია განხვავდებოდა იმისგან, რაც გონებაში ჰქონდა. და როცა ამ საუბრის მერე წავიდა, ამ ქალმა შეცვალა მიდგომა. ეს საკმაოდ საინტერესოა, რადგან თქვენ წარსულზე ფიქრობთ, როგორც რაღაც უცვლელზე, და რაღაც თვალსაზრისით ასეცაა, მაგრამ თქვენ გახსოვთ წარსული არა მისითვის, რომ გააკეთოთ მომხდარის ობიექტური ჩაწერა, არამედ იმისთვის, რომ წარსულის ინფორმაცია მომავლისთვის მოსამზადებლად გამოიყენოთ. და თქვენი გონება არ გაგიშვებთ, სანამ ამას არ გააკეთებთ. ასე რომ თუკი რაღაც ნეგატიურს ხვდებით და არ იცით რატომ ხდება ეს, და მოუხერხოთ ამას, თუკი კვლავ განმეორდება, მაშინ ეს პრობლემა თქვენთან რჩება. და ეს თქვენს ფიზიოლოგიურ დატვირთვასაც ზრდის. 

ერთმა ფიზიოლოგმა, სახელს ვერ ვიხსენებ, თქვა: წარმოიდგინეთ, რომ თქვენი ტვინი გამუდმებით რაღაც მსგავსს აკეთებს. გარკვეული თვალსაზრისით მას თქვენი ავტობიოგრაფიული გამოცდილებების ყველა ჩანაწერი აქვს. ის ითვლის, რამდენად ხშირად იყავით წარმატებული და წარუმატებელი. და რაც უფრო მეტია წარმატება, მით უფრო მაღლა ხართ დომინირების იერარქიაში. ეს ნიშნავს, რომ თქვენი სეროტონინი იზრდება და უფრო მშიდად ხართ. ასევე გონივრულია ივარაუდოთ, რომ გარემო, რომელშიც იმყოფებით, ნაკლებად სახიფათოა. თქვენი ტვინი გამუდმებით ცდილობს კალიბრირება გაუკეთოს იმას, თუ რამდენად სახიფათო სიტუაციაში ხართ. იგი ითვლის თანაფარდობას თქვენს წარსულ გამარჯვებებსა და მარცხებს შორის. თუ თქვენს წარსულში წარუმატებლობები ჭარბობს, მაშინ თქვენს ტვინს თქვენი სხეული გამუდმებული მზადყოფნის მდგომარეობაში მოჰყავს. რადგან თუკი ყველაფერი, რაც გააკეთეთ, კატასტროფულად დამთავრდა, ე.ი. თქვენ ძალიან სახიფათო ადგილას იმყოფებით. როგორც ცხოველი, რომელზეც ნადირობენ, და რომელიც მზადაა ნებისმიერი მიმართულებით გაიქცეს. და წარმოიდგინეთ რამდენად ხართ დამოკიდებული, როგორც ასეთი ცხოველი, ნაწილობრივ თქვენი ნევროტულობის ხარისხზე, ნაწილობრივ თქვენს წარმატებებზე, სხვა ადამიანების შეფასებებზე, რადგან ისინი დომინირების იერარქიაში ზემოთ წამოგწევენ, თუ წარმატებული ხართ, და ასევე წარსულში თქვენი წარმატებებისა და წარუმატებლობების თანაფარდობაზე. შეგიძლიათ დაბრუნდეთ წარსულში და ნახოთ, სადაა ხვრელები თქვენს სტრუქტურაში, რომლის მეშვეობითაც სამყაროს უყურებთ. და შეგიძლიათ ამოკემსოთ ეს ხვრელები. გარკვეულწილად სწორედ ესაა ის, რასაც ფსიქოთერაპიაში აკეთებთ. ნაწილობრივ ესაა გახსნილობა იმ საგნებისადმი, რისიც გეშინიათ, რის მიმართაც ზიზღს განიცდით და ცდილობთ გაექცეთ, ეს დიდი ნაწილია ამისა, მაგრამ თუ დაბრუნდებით წარსულში და გამოთქვამთ ამ ყველაფერს, ეს იგივეა, უფრო აბსტრაქტულად განხორციელებული. 

ფროიდმა, რომელიც კლიენტებთან თავისუფალი ასოციაციის თავის მეთოდს იყენებდა, აღმოაჩინა, რომ თუ ის უბრალოდ ლაპარაკის საშუალებას მისცემდა მათ, მათი საუბარი წრეებს დაარტყამდა და დაუბრუნდებოდა იმ ადგილს, სადაც ფეხი დაუცურდათ და ეჭვებით სავსენი არიან. შედეგად მათ ჰქონდათ ემოციური ექსპრესია, და ფროიდის აზრით სწორედ ეს ემოციური ექსპრესია გახლდათ განკურნება, მისი ტერმინით - კათარზისი. მოგვიანებით ჯეიმს პენებეკერმა, რომლის ნაშრომებზეცაა დაფუძნებული ეს წერილობითი სავარჯიშოები, რომელზეც მე ვისაუბრე, აღმოაჩინა, რომ თუკი კოლეჯის სტუდენტებს ლაბორატორიაში დასვამ და აიძულებ, რომ სამჯერ, სამი დღის განმავლობაში 15 წუთი წერონ იმაზე, რაც ყველაზე უარესი გადახდათ, ან ყველაზე უარესი ჩაიდინეს, ისინი ცუდად ხდებოდნენ მოკლე პერსპექტივაში, მაგრამ უკეთესად ხდებოდნენ გრძელ პერსპექტივაში. ისინი უფრო იშვიათად მიმართავდნენ ექიმებს და მათი ფიზიკური ჯანმრთელობა უმჯობესდებოდა. ისინი უფრო ჯანმრთელნი ხდებოდნენ, რადგან არსობრივად მშვიდდებოდნენ მას შემდეგ, რაც ნეგატიურ მოგონებებს აანალიზებდნენ. ისინი აღარ გამოიმუშავებდნენ იმდენ კორტიზოლს, როგორც მანამდე. კორტიზოლი კი თქვენს იმუნურ ფუნქციას თრგუნავს. ესაა ყველაფერი, რაც სიბნელის სფეროზე უნდა მეთქვა. 

ამ კადრში ვხედავთ სიმბას და ნალას. ისინი საკმაოდ შეშინებულნი არიან მომხდარით, რადგან თითქოს სულელურად გადახტნენ უცნობში. და ეს ავლენს იუნგის სხვა არქეტიპს. ესაა ტრიქსტერის არქეტიპი. ტრიქსტერი მასხარას ჰგავს სამეფო კარზე. ესაა ის, ვინც სულელი იქნება, ან სულელის როლს ითამაშებს. სულელის არსი იმაშია, რომ იგი ახლოსაა ჭეშმარიტებასთან, რადგან თქვენ ვერ ისწავლით რამეს, თუ მზად არ ხართ, რომ სულელი იყოთ. თქვენ ზუსტად იცით როგორია ეს. თქვენ უნდა დაეუფლოთ ახალ უნარს, მაგრამ გაურბიხართ ამას, რადგან იცით, რომ ცუდად გამოგივათ, როცა პირველად გააკეთებთ. თუ პერფექციონისტი ხართ იტყვით: „მე ვერ მივცემ თავს უფლებას, რომ რაიმეში ცუდი ვიყო. არ შემიძლია ვიყო სულელი“. და ეს არაა გასაკვირი, მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ როცა რაღაც ახალს ცდით, თქვენ ყოველთვის სულელი ხართ. თუ მზად არ ხართ, რომ სულელი იყოთ, რაღაც ახალს ვერ ისწავლით. ამიტომ იუნგი არქეტიპულად ტრიქსტერს განიხილავდა როგორც მხსნელის წინამორბედს, რადგან ვერ გააკეთებთ რაღაცას სწორად, თუკი მზად არ ხართ, რომ ჯერ სულელი იყოთ. ეს ნამდვილად უნდა იცოდეთ. ცხოვრებაში ბევრჯერ გადახვალთ სხვადასხვა საფეხურებზე, და თავს თვითმარქვიად იგრძნობთ, როცა ახალ სამსახურს, ახალ თანამდებობას მიიღებთ. და ასეცაა, რადგან რა იცით იმ დროს, როცა პირველად აკეთებთ ამ გადასვლას. ამ დროს შესაძლოა სირცხვილის გრძნობა გქონდეთ, მაგრამ უნდა იცოდეთ, რომ თქვენ სულელი ხართ, როცა რაღაც ახალს სინჯავთ. და კიდევ უფრო მეტად სულელი ხართ, თუკი არ გამოცდით ამას. ეს არ ნიშნავს, რომ ისე უნდა იმოქმედოთ, თითქოს ყველაფერი იცით, როცა დაგაწინაურეს ან სტატუსი შეგიცვალეს. უნდა შეგეძლოთ შეცდომების დაშვება იმისთვის, რომ განვითარდეთ. ცოტა ხნის წინ ერთ მწერალს ვესაუბრე იმაზე, თუ როგორ მიმდინარეობდა მისი წერის პროცესი. მან მრავალი წიგნი დაწერა. ის თავიდან ძალიან ძალიან ძალიან ცუდ შავ მასალას წერს, და ეს კარგი საშუალებაა - იფიქროთ იმაზე, თუ რას გააკეთებთ ცხოვრების განმავლობაში. თქვენ საკუთარი თავის მომდევნო შავ მასალას დაწერთ, და დავუშვათ, რომ ის საკმაოდ ცუდია, მაგრამ ყველაფერი რიგზეა, რადგან ის არ გახდება უკეთესი, თუკი პირველ რიგში უცნობის სფეროში არ ჩაიყენებთ თავს. და შესაძლოა ეს ცუდად დამთავრდეს, როგორც აქ მოხდა. 

განვაგრძოთ. მუფასა სიმბას ესაუბრება. ეუბნება, რომ ის გააკეთა, რაც არ უნდა გაეკეთებინა. თუმცა ამ სიტუაციაშიც სასჯელი მუფასას მხრიდან პარადოქსულია, რადგან მისმა ნაწილმა იცის, ის ხომ საკმაოდ ბრძენია, რომ წესების ასეთი დარღვევა სინამდვილეში საჭიროა. თუმცა თქვენ მაინც უნდა თქვათ: ითამაშე ამ ჯანდაბა წესებით. მაგრამ კარი ღია უნდა დატოვოთ, რომ წესების დარღვევა შესაძლებელი იყოს სათანადო დოზით. ამრიგად, იგი პატიობს სიმბას, მათ შორის ზავია და შემდეგ ისინი ღამის ცას უყურებენ. და ღამის ცა ძალიან საინტერესოა, რადგან იქ იმყოფება აბსოლუტური უცნობი. 

ერთ-ერთი რამ, რაზეც იუნგი ბევრს წერდა, ასტროლოგია იყო, რაც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, (სლეშ - ასტრონომია). იუნგის ერთ-ერთი მტკიცებულება, და თანაც საკმაოდ საინტერესო, გახლდათ, რომ რადგან ღამის ცა უცნობი იყო, ადამიანებს შეეძლოთ მასზე საკუთარი ფანტაზიების პროეცირება მოეხდინათ. და ეს გაუკეთეს ასტროლოგიას. ასტროლოგია - ესაა აკუმულირებული ფანტაზია, რომელიც უხეშად რომ ვთქვათ ღრმა არაცნობიერში იმყოფება და ცაზეა პროეცირებული. ასე რომ თუკი ასტროლოგიურ ნაშრომებს აანალიზებთ, სინამდვილეში უძველეს ფანტაზიებს აანალიზებთ, და ამის წყალობით შეგიძლიათ შეიმუშავოთ გონების სტრუქტურის გარკვეული გაგება. მან იგივე გააკეთა ალქიმიაზეც, თავის გვიანდელ ნაშრომებში, რომლებიც ძალიან ძალიან ძნელია გასაგებად, მაგრამ ძალიან ღირებულია. 

ამრიგად, დავუბრუნდეთ ჯოჯოხეთის სფეროს. მე ვამბობდი, რომ ეს სფერო ცოდნის საზღვრებს მიღმა, შეგიძლიათ დაარქვათ მას მიწისქვეშა სამყარო, ან ბუნება, კერძოდ მისი ნეგატიური ელემენტი, მე ვახსენე, რომ იგი ჯოჯოხეთის მსგავსია, და სწორედ ამას გვიჩვენებს ფილმი ამის შემდგომ.  ვუბრუნდებით იმ სფეროს, რომელსაც სკარი, მტერი ან უარყოფითი მეფე მართავს. შეგიძლიათ იხილოთ, როგორაა გარშემორტყმული მწვანე ფერის ცეცხლით და კვამლით. ამ კადრებში ფილმი ფაქტობრივად ნაციზმის სიმბოლიზმს ეყრდნობა, ან როგორც მინიმუმ ტოტალიტარული სახელმწიფოების სიმბოლიზმს. დაფიქრდით ტოტალიტარულ ქვეყნებზე, ნაცისტებზე მათი მწყობრი სამხედრო ნაბიჯებით. ყოველი ჯარისკაცი ხდება ერთეული, და რაღაც თვალსაზრისით ყველა დიქტატორის იმიტაციას ახდენს აბსოლუტურად იდეალური ფორმით. და დიქტატორს სურს, რომ მკაცრად ჩააცვას უნიფორმა მთელ პოპულაციას. ეს წესრიგია. და ერთ-ერთი რამ, რაც აღმოვაჩინეთ, გახლავთ ის, რომ მგრძნობელობა ზიზღისადმი ასოცირდება წესრიგისკენ მიდრეკილებასთან და გაცნობიერებულობასთან. ჰიტლერის ერთ-ერთი თვისება იყო, რომ იგი ძალიან მგრძნობიარე იყო ზიზღისადმი. და მისი არაარიელებისადმი სიძულვილის დიდი ნაწილი გულისხმობდა, რომ შიგნით არიელების ბირთვია, რომელიც მთლიანად უნიფორმაშია, გარშემო კი პარაზიტები და მტაცებლები არიან. ასე რომ ეს ზიზღის გამოხატულებაა და არა შიშის. თუკი წაიკითხავთ ჰიტლერის სამაგიდო საუბრებს, თქვენ დაინახავთ, რომ არიული რასის მეტაფორა მისთვის სხეული იყო, სუფთა სხეული, პარაზიტებისგან და მტაცებლებისგან ხელშეუხებელი. და იგი ცდილობდა კედელი შემოერტყა მის გარშემო. 

ჟურნალ Plos One-ში ( https://journals.plos.org/plosone/ ) რამდენიმე წლის წინ გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც წესით უფრო მეტ ყურადღებას იმსახურებდა. იგი აჩვენებდა, რომ თუკი წახვალთ და დააკვირდებით პოლიტიკურ პოზიციებს სხვადასხვა ქვეყნებში, ან ერთი ქვეყნის ფარგლებშიც კი, აღმოაჩენთ, რომ რაც უფრო მეტია ინფექციური ავადმყოფობების გავრცელება, მით უფრო მეტია ალბათობა ტოტალიტარული პოლიტიკური პოზიციებისა ადგილობრივ დონეზე. როცა არსებობს ინფექციური დაავადება, თქვენ გინდათ იგი შემოსაზღვროთ, თქვენ არ გსურთ თავისუფალი მოძრაობა იდეებსა და ადამიანებს შორის. რადგან გარკვეულწილად სწორედ ასე ვრცელდება ავადმყოფობა. ასევე გექნებათ უფრო მკაცრი სექსუალური წესები, რადგან ესეც მშვენიერი საშუალებაა ავადმყოფობისთვის გასავრცელებლად. და მანამ, სანამ ჰიტლერი თავის რისხვას დაატეხდა არაარიელებს, მან გაასუფთავა ყველა ფაბრიკა, მათი დეზინფექცია მოახდინა. ასევე მწერებიც გაანადგურა და ამისთვის ციკლონ B გამოიყენა. ესაა ინსექტიციდი, რომელიც მან შემდეგ გაზის კამერებშიც გამოიყენა. ანუ თავიდან ეს იყო მწერები და ვირთხები, შემდეგი ნაბიჯი კი ევთანაზია გახლდათ, იძულებითი ევთანაზია. და მოტივი აქ თანაგრძნობა იყო. ესეც დიდი კომპანია იყო გერმანიაში, და ამის შემდეგ დაიწყო რასობრივი წმენდა. ასე რომ ეს ზიზღის თემა ძალიან მნიშვნელოვანია. ხშირად ადამიანები ფიქრობენ, რომ კონსერვატორები უფრო მგრძნობიარენი არიან შფოთვის მიმართ, ვიდრე ლიბერალები, ამიტომ ისინი ჩაკეტილნი არიან თავის იდეებში, მაგრამ ეს არასწორი ჩანს. პირველ რიგში კონსერვატორები უფრო ნაკლებად ნევროტულები არიან, ვიდრე ლიბერალები, თუმცა ეფექტი არც ისე დიდია. ასევე ისინი უფრო კარგად გრძნობენ თავს. სხვათაშორის ყველაზე ნაკლებად ბედნიერი ადამიანები ლიბერალი მამაკაცები არიან. კონსერვატორებზე ხშირად ფიქრობენ, რომ მათ ეშინიათ და ამიტომაც თრგუნავენ სხვა ადამიანების აზრებს. მაგრამ ეს არ ჩანს სწორი. ეს დაბალი გახსნილობა და მაღალი მოწესრიგებულობაა. და როგორც ჩანს ეს დაკავშირებულია ზიზღთან, ზიზღი კი როგორც ჩანს დაკავშირებულია რაღაცასთან, რასაც გახანგრძლივებულ იმუნურ სისტემას უწოდებენ, რაც წარმოადგენს ადამიანების მიდრეკილებას, რომ თავი შორს დაიჭირონ ინფექციის პოტენციური წყაროებისგან. ეს მართლაც საშიშად გამოიყურება, რადგან ხშირად ადამიანები გერმანიაზე ამბობენ, რომ ეს ცივილიზებული ქვეყანა იყო და ამის მიუხედავად იგი მაინც ბარბაროსობამდე დაეცა. მაგრამ გაცნობიერებულობა - ესაა კარგი წინაპირობა გრძელვადიანი წარმატებისთვის. ასე რომ შეიძლება ითქვას, რომ ცნობიერი საზოგადოებები უფრო ცივილიზებულნი არიან, მაგრამ ასევე უფრო მოწესრიგებულნიც, და ეს მათ ზიზღისადმი მიდრეკილს ხდის. ასე რომ შესაძლოა გერმანია ცივილიზაციის სიჭარბემ მიიყვანა ამ შედეგებამდე, და არა მისმა ნაკლებობამ. და ეს ბევრად უფრო შემაშინებელი ვარაუდია. და ჩემი აზრით ეს უფრო სწორი შეხედულებაა. 

ჰიტლერი დღეში ოთხჯერ ბანაობდა, და ის ასევე აღტაცებული იყო ნების ძალით, და შეეძლო მარჯვენა ხელი წინ და ზემოთ ჰქონოდა გაშვერილი რვა საათის განმავლობაში, ავტომობილში ჯდომისას. ცნობიერი ადამიანები ნებაზე ორიენტირებულები არიან. ასე რომ თუკი არ გაგიმართლათ და ქრონიკულად დაავადდით ვინმე ცნობიერი ადამიანის სახლში, განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს ფსიქიკური დაავადებაა, მაშინ უფრო დიდი ალბათობით გექნებათ რეციდივი, ანუ ავადმყოფობის დაბრუნება, რადგან ცნობიერი ადამიანები განგიკითხავენ იქნებიან და გეტყვიან, რომ თუკი მაგალითად შიზოფრენიკი ხართ, შენ რომ უფრო ორგანიზებული იყო, დილით ადრე დგებოდე და მეტს ცდილობდე, გადალახავდი ამას, რაც რა თქმა უნდა სიმართლეა, მაგრამ თქვენ არ შეგიძლიათ, რადგან შიზოფრენიკი ხართ. ასე რომ წნეხი, რომლითაც აგრესიითა და ზიზღით გაწვებიან, კიდევ უფრო ზრდის რეციდივის ალბათობას. ასე რომ მოწესრიგებული ადამიანები საკმაოდ განმკითხველნი არიან. და მოწესრიგებულება საკმაოდაა დაკავშირებული ანორექსიასთან. და ესაა შემთხვევა, როცა ვიღაც იმდენად მგრძნობიარეა ზიზღისადმი, რომ საკუთარი სხეულის ატანაც კი არ შეუძლია. 

მაშ ასე, რა ხდება სკარის სამფლობელოში? აქ ყველაფეი ტოტალიტარულ სახელმწიფოდ იქცევა. და იგი აქ ნაცისტის მაგვარ ლიდერს ჰგავს. კათოლიკურ ეკლესიასა და რაციონალიზმს შორის მუდმივად არსებობდა გარკვეული ანტაგონიზმი. ეს ანტაგონიზმი დიდი ხანია არსებობს და დასავლური ცივილიზაციის მინიმუმ ბოლო ათასი წელი გრძელდება. და ადამიანები, რომლებიც კათოლიკებს მეცნიერების მოწინააღმდეგედ განიხილავენ და აკრიტიკებენ მათ ამისთვის, მათ შეხედულებებს დამღუპველ ცრურწმენებად აღიქვამენ. და ეს საკმაოდ სამართლიანია. და უფრო ღრმა დონეზე აქ ხდება რაღაც უფრო მნიშვნელოვანი. ესაა დაკვირვება, რომ რაციონალიზმს ერთი დიდი პრობლემა აქვს. იგი ადვილად შეიძლება გახდეს ქედმაღლური და დაიჯეროს საკუთარი თეორიები. ასე რომ, თუკი გონიერები ხათ, ზოგიერთ თქვენგანს გამოგარჩევთ ის, რომ უფრო ჭკვიანები ხართ, ვიდრე ადამიანების უმეტესობა, და შესაძლოა ამაზე დააფუძნეთ თქვენი იდენტობა, და ზედმეტად გადააფასეთ ინტელექტი და რაციონალურობა. თქვენ ქმნით მსოფლხედველობას, თეორიას, რომელსაც 100% ზუსტად თვლით. ესაა მიდრეკილება საკუთარი თეორიების შეყვარებისკენ. და სწორედ ესაა, რასაც აკეთებენ ტოტალიტარისტები. ტოტალიტარისტი ამბობს: ეს თეორია სრული ჭეშმარიტებაა, და შენ მას სიტყვასიტყვით შეასრულებ, ხოლო თუ არ შეასრულებ, მაშინ შენთვის განსაკუთრებული სიურპრიზები გვაქვს. ერთ-ერთი ყველაზე საშინელი რამ, რასაც შევეჩეხე, როცა ტოტალიტარიზმის შესახებ ვკითხულობდი, ეს განსაკუთრებით ეხება სტალინის დროინდელ საბჭოთა კავშირს, ის იყო, რომ მისი ჭეშმარიტი მხარდამჭერები, და ისინი ბევრნი იყვნენ, საშინელ პოზიციაში იყვნენ, რადგან მათივე საკუთარი დოქტრინის თანახმად ისინი უკვე ჩართულები იყვნენ პროცესში, რომელიც კაცობრიობას უტოპიამდე მიიყვანდა. პრობლემები უკვე გადაწყვეტილია, მაგრამ ბევრი მათგანი საშინლად იტანჯება, როგორც ინდივიდი. მაგრამ თუ თქვენ უტოპიის გჯერათ, თქვენი საკუთარი ტანჯვა ერესად იქცევა, რადგან სწორედ თქვენი ტანჯვაა ინდიკატორი იმისა, რომ თეორია სწორი არაა. რის შემდეგაც საშნელ პოზიციაში ხართ, რადგან ან აღიარებთ, რომ პოზიცია არასწორია, და შედეგად იხლიჩებით, ან შესაძლოა სასჯელიც კი მიიღოთ ამისთვის, ან უნდა გაემიჯნოთ საკუთარ ტანჯვებს და მოიტყუოთ მათ შესახებ. და სწორედ ეს მოხდა ისეთ ადგილებში, როგორიც საბჭოთა კავშირია, სადაც ყველა გამუდმებით იტყუებოდა ყველაფერზე. ატყუებდა საკუთარ თავს, ოჯახის წევრებს, მეგობრებს. მთელი სისტემა ტყუილით იყო გამსჭვალული. თქვენ ღებულობთ ასეთ საშინელ ადგილს, რომელსაც სკარი მართავს, რომელიც ტოტალიტარულია, სისხლიანია, შურისმაძიებელია და ამპარტავანია. 

კოლუმბაინელი ბიჭები მაგალითად, როცა ისინი საკუთარ დანაშაულს ამართლებდნენ, გამუდმებით იმეორებდნენ, რომ ადამიანები ჩაგრავდნენ მათ და შეურაცხყოფას აყენებდნენ. მათ ისე არ აბულინგებდნენ, როგორც ეს პრესამ გააბუქა, ეს არ ხდებოდა იმაზე მეტად, ვიდრე სტანდარტულად ხდება ხოლმე, სკოლებში, მაგრამ მათ მწვავედ აღიქვეს თავიანთი იზოლირება, გარშემომყოფების პათოლოგიურობა დაინახეს. და მათი განადგურება გადაწყვიტეს. 

დააკვირდით სკარის მანკიერ ღიმილს სახეზე. ის ერთდროულად ბოროტულიცაა და კმაყოფილიც, მაგრამ მასში არაა შიში. უფრო პირიქით. 

და აი, სხვა გამოსახულებები, რომლებიც არსობრივად ჯოჯოხეთის ხატ-სახეს იყენებენ. ეს დაკავშირებულია ნახევარმთვარესთან. ნახევარმთვარე თავისი არსით სიბნელის და მიწისქვეშა სამყაროს სიმბოლოა, ასე რომ...

ამრიგად, ჩვენ ვნახეთ მიწისქვეშა სამყარო, ვნახეთ, რა ხდება სინათლის საზღვრებს მიღმა. ჩვენ ფაქტობრივად ჯოჯოხეთის ფრაგმენტი ვნახეთ, და ეს ყველაფერი ისტორიაშია ჩართული. ახლა სკარს გეგმა აქვს, მას მეფის მოკვლა სურს. და ამის გაკეთება სურს იმის საფრთხეში ჩაყენების მეშვეობით, ვინც მეფეს ყველაზე მეტად უყვარს. სკარი ხეობაში იტყუებს სიმბას, მისი ქვეშევრდომები კი ანტილოპების პანიკური გაქცევის პროვოცირებას ახდენენ, რათა სიმბა საფრთხის ქვეშ დააყენონ. შემდეგ სკარი მუფასას ატყობინებს საფრთხის შესახებ და ყველანი ხეობისკენ გარბიან. სიმბას გადასარჩენად. შემდეგ ჩვენ ვხედავთ მუფასას, რომელიც სიმბას გადარჩენას ცდილობს და ამ უგუნური ჯოგის წინ ცდილობს ყოფნას. შემდეგ კლდეზე აძრომას ცდილობს, და როცა მწვერვალს აღწევს, სკარი ზემოთ ელოდება. და მუფასა დახმარებას თხოვს, სკარი კი სანამ მოკლავს აჩვენებს, რომ ღალატობს მას, ბრჭყალებს ასობს თათებში. და ხეობაში აგდებს. 

ეს ისტორიის ძალიან ტრაგიკული ნაწილია, განსაკუთრებით ბავშვებისთვის, რადგან მამა მოკვდა. და რომელი ბავშვი არ იტირებს ამ სცენაზე, სადაც სიმბა ძალიან გამწარებულია. ინტერპრეტაციისთვის ეს ისტორიის საკმაოდ რთული ნაწილია, და არ ვიცი, ინტერპრეტაციის უნარი არ მყოფნის თუ ისტორია რთულ შემობრუნებას აკეთებს. გაურკვევლობაა იმასთან დაკავშირებით, არის სიმბა უმანკო მსხვერპლი, რომელსაც მუფასას სიკვდილი მიაკერეს, თუ გარკვეულ დანაშაულს ატარებს ამის გამო. ის ხომ არღვევდა გარკვეულ წესებს. ასე რომ მთლად უდანაშაულოს პოზიციაში არაა. მაგრამ ამავდროულად იგი რა თქმა უნდა სკარმა მოატყუა. ნებისმიერ შემთხვევაში სკარი ეუბნება, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ მისი დანაშაულია. ამიტომ მოუწევს, რომ წავიდეს, გაიქცეს. 

მსგავს მოტივს ალბათ საკმაოდ ხშირად ხედავთ გმირების ისტორიებში, სადაც გმირი სამეფოს საზღვრებს გარეთ უნდა გაიზარდოს. ასე დაემათა მეფე არტურსაც, ჰარი პოტერსაც. ეს ძალიან გავრცელებული თემაა, და ეს ნიშნავს ორ რამეს: პირველ რიგში თქვენ საკუთარი კულტურისგან მოკვეთილი ხართ რაღაც დონით. აქ სხვანაირად არ გამოვა, რადგან კულტურა ბოლომდე არ შეგესაბამებათ. ის ძველია, გარკვეულწილად გაფუჭებულია, და გმიჯნავთ იმ დროს, როცა გაფორმირებთ. თქვენ ხედავთ ამას რიტორიკაში თაობებს შორის, სადაც ახალი თაობა ადანაშაულებს ძველ თაობას იმაში, რაც რიგზე არაა მიმდინარე სისტემაში. და ეს სამართლიანია. თქვენ მართლაც იღებთ მემკვიდრეობად ყველაფერს ურიგოს, ისევე, როგორც ყველაფერს რიგიანს. საქმე იმაშია, რომ თქვენ არ შეგიძლიათ არ გაემიჯნოთ პატრიარქატს, რადგან ის ბოლომდე არ შეგესაბამებათ და ტირანული ელემენტი გააჩნია. მაგრამ არსებობს კიდევ ერთი პრობლემა. შესაძლოა თქვენ. არ ხართ წარმატებული მიმდინარე სისტემის სიდიდეებსა და ფასეულობებში, და თქვენ შეგიძლიათ თქვათ: „ეს იმიტომ, რომ სისტემა უსამართლოდაა მოწყობილი“. კარგი, მაგრამ ამის მიზეზი შეიძლება ისიც იყოს, რომ თქვენ არც ისე კარგი ხართ ამ ფასეულობებზე დაფუძნებულ მოქმედებებში. თქვენ არ აკეთებთ იმას, რაც შეგიძლიათ, თქვენი საკუთარი წესებითაც კი არ თამაშობთ საჭიროებისამებრ. ანუ წარუმატებელი ხართ თქვენი საკუთარი არასრულფასოვნების გამო. და ფილმში ორივე ვარიანტია გათამაშებული. ცხადია, რომ სიმბა მოატყუეს, მაგრამ ასევე ცხადია, რომ ისიც არაა უმანკო. 

რაც არ უნდა იყოს, იგი ძალიან გატეხილია ამით და ეს არც ისე გასაკვირია. ეს ასევე ყმაწვილობაში გადასვლის მანიშნებელი მომენტიცაა, რადგან როცა ბავშვი ხართ და ნაცნობი სტრუქტურის შიგნით ხართ მყუდროდ, მაშინ ამ სისტემის წესების შიგნით ცხოვრობთ, მაგრამ როცა ყმაწვილობაში გადადიხართ, როცა ბევრად მეტი მიდრეკილება ჩნდება, რომ განთავისუფლდეთ და წესები დაარღვიოთ. ასე რომ გარკვეულ წილად ესეც ჰგავს მამის სიკვდილს და განვითარების აუცილებელი სტადიაა. 

ამრიგად, სკარი ხეობაში ჩადის, და ყველაფერი ბურუსშია, რადგან ეს ყველაფერი სიკვდილს უკავშირდება. იგი ეუბნება სიმბას, რომ ეს მისი დანაშაულია, და რომ უნდა წავიდეს. 

შემდეგ სკარი გიენებს ავალებს, რომ დაეწიონ სიმბას და მოკლან. ზაზუ ბრუნდება და დანარჩენ ლომებს უყვება მომხდარის შესახებ. სკარი კი სიამაყის კლდეზე ადის. და ახლა მეფის ბოროტმა მხარემ მოიპოვა ძალაუფლება. 

ბრძენი მეფე საკმარის ყურადღებას არ აქცევდა, ამიტომ კონტროლი სახელმწიფოს ბოროტმა მხარემ მოიპოვა. ეს ძალიან ძველი იდეაა. მე იგი მინიმუმ რამდენიმე ათასი წლის წინ დავაფიქსირე. თქვენ შეგიძლიათ იგივე ნახოთ ეგვიპტურ მითოლოგიაში. იდეა იმაშია, რომ როცა სოციალური სტრუქტურა რთულდება, იგი რთული ფუნქციონალური სისტემის დაცვას გთავაზობთ, მაგრამ ასევე იზრდება მისი ტირანიად ქცევის ალბათობაც. იმის გამო, რომ იგი უფრო და უფრო ძლევამოსილია, მისი ტირანიის ალბათობაც მეტია. და მაშინ რჩება კითხვა: რომელი ფაქტორები იწვევენ მის ტირანიად ქცევას? პირველი ფაქტორი იქნება, რომ მისი ბრძენი ნაწილი საკმარის ყურადღებას არ უთმობს მის ბოროტ ნაწილს. და თქვენ შეგიძლიათ თქვათ, რომ ეს მათალია სახელმწიფოს დონეზე, მაგრამ ეს ასევე მართალია ინდივიდის დონეზე. თქვენ უნდა დააკვირდეთ სხვა ადამიანების გამწარების საკუთარ მიდრეკილებას. ყურადღება უნდა მიაქციოთ ამას, წინააღმდეგ შემთხვევაში მან შესაძლოა კონტროლი მოიპოვოს. და ერთ-ერთი მახასიათებელი ბრძენი მეფისა, რომელსაც ტირანი ამხობს ისაა, რომ მას ბოროტი ძმა ჰყავდა და საკმარის ყურადღებას არ უთმობდა მას. ამიტომ ბოროტი მეფე უპირატესობას იღებდა და სწორედ ეს მოხდა აქ. 

დააკვირდით, იგი ძალაუფლებას სიამაყის კლდეზე მზის სინათლეზე კი არ იღებს, არამედ ღამით, ასე რომ ღამის სიმბოლო მის მმართველობას არაცნობიერი პროცესების და ბოროტების მმართველობასთან აკავშირებს. 

ამრიგად სიმბა სამეფოდან გარბის და უდაბნოში აღმოჩნდება. როცა მოსეს ებრაელები ეგვიპტიდან გამოჰყავდა, ისინი უდაბნოში აღმოჩნდნენ. რატომ? იმიტომ, რომ როცა სამეფოს ტოვებთ, მიუხედავად იმისა, რამდენად ტირანულია იგი, მაინც ქაოსში აღმოჩნდებით, უდაბნოს მსგავს ადგილას, სადაც ცივილიზაცია არაა. ეს დაემართა ერაყს ამერიკელების მოსვლის შემდეგ. იცით, ამერიკელები, ნეოკონსერვატორები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ერაყელები გაშლილი ხელებით შეხვდებოდნენ და მოხდებოდა რბილი გადასვლა დემოკრატიისკენ. იგივე იდეა იყო ლიბიაზეც. მაგრამ არა, ამის ნაცვლად მოხდა სახელმწიფოს დაცემა უდაბნოს ქაოსამდე. და შესაძლოა ამის შემდეგ შეძლოთ წესრიგის შექმნა, მაგრამ საეჭვოა. 

სიმბამ დატოვა სამეფო და პირველი რაც ხდება ისაა, რომ იგი თითქმის კვდება უდაბნოში. ასე რომ იცოდეთ. თუ თქვენ გაქვთ რწმენათა ძველი სისტემა და იგი კარგად არ მუშაობს, ამიტომ უარს ამბობთ მასზე, ეს კარგია, რწმენათა ძველ სისტემაში აღარ ხართ, მაგრამ სამაგიეროდ ახლა აღარსად აღარ ხართ. ერთ-ერთი, რაც ალკოჰოლ დამოკიდებულებს ან ნარკოდამოკიდებულებს ემართებათ... წარმოიდგინეთ რომ ალკოჰოლის გადაგდება გინდათ. შესაძლოა მკურნალობის გავლა მოგიწიოთ, რომ ცუდად არ გახდეთ ალკოჰოლზე უეცრად თავის დანებებისგან. და ვალიუმს ან რამე ამდაგვარს გაძლევენ, გამოფხიზლების პირველი სტადიები რომ გაიაროთ. ორი კვირის შემდეგ ფიზიოლოგიურად უკვე აღარ ხართ დამოკიდებული ალკოჰოლზე. იგივეა კოკაინზეც, მაგრამ თუ სამკურნალო ცენტრიდან ჩვეულ სამყაროში დაბრუნდებით, მაშინვე უბრუნდებით ალკოჰოლს. რა არის ამის მიზეზი?

დავუშვათ, რომ 20 წლის განმავლობაში იყავით ალკოჰოლიკი. ესაა ყველაფერი, რასაც გასართობად აკეთებთ - სვამთ, და ყველა თქვენი მეგობარი ალკოჰოლიკია. ასე რომ, თუ სმისთვის თავის დანებება გინდათ, უნდა განთავისუფლდეთ არა მხოლოდ ფიზიოლოგიური დამოკიდებულობისგან, არამედ მოგიწევთ, რომ სრულიად სხვა სახის ცხოვრება ისწავლოთ. მოგიწევთ, რომ ყველა მეგობარს ჩამოშორდეთ, რადგან ისინი ყველანი სვამენ. ასე რომ სრულიად ახალი სოციალური ქსელის აწყობა მოგიწევთ. აღარ იცით როგორ გაერთოთ, თქვენი მთავარი გართობა ბარშ ან სახლში დალევა იყო. შესაბამისად თქვენს ცხოვრებაში უზარმაზარი ხვრელი გაჩნდა. თქვენ ადაპტაციის ძველი, პათოლოგიური საშუალება მიატოვეთ, მაგრამ ამან ყველაფრის გარეშე დაგტოვათ, და გიწევთ რომ ყველაფერი ნულიდან დაალაგოთ. ეს ძალიან ძნელია. ამიტომაც ბევრი ადამიანი მარცხს განიცდის, როცა მძიმე დამოკიდებულობასთან გამკლავებას ცდილობს. 

ამრიგად, სიმბამ ოჯახი და კომფორტი სახლში დატოვა და იგი პუმბამ და ტიმონმა იპოვეს. ესაა მისი გადასვლა სიყმაწვილეში. ეს უფრო ბიჭების სიყმაწვილეში გადასვლას ჰგავს, რადგან გოგოები სქესობრივად ბევრად უფრო ადრე მწიფდებიან. ბიჭები, რომლებიც არც ისე მიმზიდველები არიან სიყმაწვილეში, როცა სქესობრივ მომწიფებას იწყებენ, მიდრეკილნი არიან, რომ ბანდებში მოხვდნენ და გაუმკლავდნენ გადასვლას დაახლოებით 7 წლის განმავლობაში. და სწორედ ეს ხდება აქაც. სიმბა მცირე ბანდაში მოხვდება. ესენი კარგი ბიჭები არიან, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ პირველყოფილ მხარეზე არიან. ერთი მათგანი, შეიძლება ითქვას, მოსიარულე კუჭ-ნაწლავის ტრაქტია, მეორე კი, ასევე ცუდი ბიჭი არაა, მაგრამ ერთი ფუტი სიმაღლისაა, და რაში უნდა გამოადგეს. ასე რომ იპოვა მეორეხარისხოვანი კომპანიონები. ბავშობა დამთავრდა და სიყმაწვილის ასაკში შეაბიჯა. და ძალიან მალე პატარა ბავშვიდან სრულ სიყმაწვილეში გადადის. დაახლოებით 5 წუთიან მონაკვეთში. 

და აი, ის ამ სამოთხეშია, რადგან სიყმაწვილე ხომ პიკნიკი არაა. მაგრამ აქ იდეა იმაშია, რომ ის არანაირ პასუხისმგებლობას არ ატარებს. არანაირს. და ეს სიყმაწვილესთან დაკავშირებული ერთ-ერთი საკითხია. ცხოვრების იმ სტადიაშც კი, რომელშიც თქვენ იმყოფებით (მიმართავს სტუდენტებს), ბევრი საქმე გაქვთ, მაგრამ არ გაქვთ პასუხისმგებლობა არავიზე, გარდა საკუთარი თავისა. და შესაძლოა საკმაოდ დატვირთული იყოთ მიმდინარე პასუხისმგებლობით, ეს მაინც არაფერია იმასთან შედარებით, როცა პასუხისმგებელი იქნებით, მაგალითად ბავშვებზე, ან იმ ადამიანებზე, რომლებიც თქვენზე მუშაობენ. ესაა ასევე იმპულსურობის პერიოდი. და ასეთები არიან მოზარდები. ჩვენ გვყავდა უფროსკლასელები, რომლებიც ცდილობდნენ გაევლოთ პროგრამა - „მომავლის ავტორობა“, სადაც უწევდათ, რომ 3-5 წლის შემდგომი გეგმები გაეაზრებინათ. დაივიწყეთ. მათ უბრალოდ არ შეუძლიათ ეს. მაშინვე მიხვდებით, რამდენად ცოტა იციან უფროსკლასელებმა 15-16 წლის ასაკში. 3-5 წლით ადრე? დაივიწყეთ, მათ არ აქვთ იმდენი ცოდნა სამყაროზე, რომ საკუთარი თავის პროექცია ასე დიდ ვადაში მოახდინონ. ასე რომ ჩვენ გავაკეთეთ ვერსია უფროსკლასელებისთვის, რომელიც ეხმარება მათ, რომ მომავალი 3-5 თვით ადრე განსაზღვრონ. და ესეც საკმაოდ რთულია. მოზარდები კი უფრო იმპულსურები არიან და უფრო მეტად ცხოვრობენ მომენტით. ამაში არის გარკვეული სარგებლობა. ანუ იმპულსურობა და აწმყო მომენტში ცხოვრება ერთ-ერთია, რასაც მოზარდობის სიმწიფემდე მიყავხართ. ეს ერთ-ერთი ის მექანიზმია, რომლებიც სახეობების გამრავლებას უწყობს ხელს. ასე რომ პოზიტიური ემოციები და იმპულსურობა საკმაოდ დიდ კავშირშია ერთმანეთთან. ის იქ მოზარდულ დელუზიურ ფანტაზიაშია, შეიძლება ითქვას, მაგრამ რაც უფრო მნიშვნელოვანია, მაგრამ რაც უფრო მნიოშვნელოვანია, ის იმყოფება სფეროში, სადაც ჭარბობს წამიერი იმპულსები. ისინი მღერიან სიმღერას - „აკუნა მატატა“. აკეთე რაც გინდა, ხვალინდელი დღე თავისთავზე იზრუნებს. რაღაც მსგავსი. ანუ ეს ძალიან იმპულსური და უპასუხისმგებლო ქცევაა. 

ერთ-ერთი რამ, რაც მინდა გირჩიოთ, თუკი გინდათ თავი დაიცვათ იდეოლოგიური შეპყრობილობისგან: როცა უსმენთ პოლიტიკოსების გამოსვლებს, და ისინი არაფერს ამბობენ თქვენს მოვალეობებზე, უნდა შეწყვიტოთ მოსმენა. რადგან თუ ისინი რაღაცას გთავაზობენ და ამას არ ახლავს ექვივალენტური საფასური, ეს ნიშნავს, რომ რაღაც თქვენგან დაფარულია, და ისინი თქვენს იმ ნაწილს მიმართავენ, რომელიც საუკეთესო შემთხვევაში მოზარდობას ეკუთვნის. 

ამრიგად, ის მოზარდობის სამოთხეშია თავის მოსულელო მეგობრებთან ერთად. დავუბრუნდეთ სიამაყის კლდეს. იქ ყველაფერი ცუდადაა. სკარი, რომელიც ქედმაღალია და უარს ამბობს სწავლაზე, და არ ქმნის კეთილგონივრულ ურთიერთობებს ქალებთან, არამედ მხოლოდ ტირანობს მათზე, იქამდე მიდის, რომ გაუდაბურებულ ლანდშაფტს მართავს. ეს არსობრივად ისაა, რაც ტოტალიტარულ სახელმწიფოებს ემართებათ. და რაც ძალიან საინტერესოა, ჩვენ ვიცით, რომ ეკონომიკური განვითარების პროგნოზის ერთ-ერთ საშუალებას სახელმწიფოში წარმოადგენს ქალთა უფლებების დაცვის დონე. შეიძლება ითქვას, რომ თუ საკუთარ ქალები გყავთ ტირანიის ქვეშ, მაშინ ყველაფერი გეყოლებათ: იდეები, სტრუქტურები. და იმის ალბათობა, რომ ეს ყველაფერი ეკონომიკურ სარგებელს მოიტანს, ძალიან მცირეა. როგორც საბჭოთა კავშირში იყო. 1989-ში მისი დაშლის ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ იგი უბრალოდ ვეღარ მიდიოდა წინ. ეს თითქოს ძალიან რთული მექანიზმია, რომელიც ბოლომდე გამოიფიტა, რომელსაც არავინ უვლიდა და იგი უბრალოდ დაიჟანგა. თუ ტოტალიტარისტი ხართ და არ განაახლებთ თქვენ სისტემას, იგი გამოიფიტება და არაპროდუქტიული გახდება. და ძნელია იმის თქმა, თუ რა ხდის საზოგადოებას პროდუქტიულს. შეიძლება თქვათ: ბუნებრივი რესურსები, ან რაღაც ამდაგვარი. პირველ რიგში: ბუნებრივი რესურსები ძალიან ხშირად წყევლაა სახელმწიფოსთვის, რადგან ისინი კორუფციას ქმნიან. ამას ჰოლანდიურ ავადმყოფობას უწოდებენ, და ამას აქვს მიზეზები, მაგრამ ბუნებრივი რესურსები თავისთავად არაა გარანტია იმისა, რომ ქვეყანა კეთილდღეობაში იცხოვრებს. იაპონიას საერთოდ არ გააჩნია ბუნებრივი რესურსები, და იგი ნამდვილად მდიდარია. პირველი უმნიშვნელოვანესი ბუნებრივი რესურსი - ესაა პატიოსნება, მეორე კი - ნდობა. და თუკი შეძლებთ დააფუძნოთ საზოგადოება, რომელშიც ადამიანები საკმაოდ პატიოსნები არიან, ანუ აკეთებ იმას, რაც თქვეს, და სადაც პირველადი პოზიცია მოლაპარაკებების დროს - ნდობაა, მაშინ ალბათობა იმისა, რომ ეს კულტურა მდიდარი გახდება, ძალიან ძალიან მაღალია. და ასევე ფუნქციონალურ-სამართლებრივი სისტემა - ესეც უზარმაზარი მნიშვნელობის ბუნებრივი რესურსია. ამიტომაცაა, რომ მაგალითად, მდიდარი ჩინელები თავიანთი ფულით უძრავ ქონებას ჩრდილოეთ ამერიკაში გიჟებივით ყიდულობენ. რადგან თუ უძრავ ქონებას ჩრდილოეთ ამერიკაში ყიდულობთ, ზუსტად იცით, რომ მათი მფლობელი ხართ. იგი თქვენი იქნება 20 წლის შემდეგაც და 30 წლის შემდეგაც. ეს ეჭვგარეშეა. ასე რომ ფლობის ეს ფაქტი ჩაშენებულია სამართლებრივ სისტემაში, და სწორედ ეს აძლევს ამ ქონებას უზარმაზარ ფასს. 

ამრიგად, კიდევ ერთი რამ სკარის შესახებ. მან ეს პატარა ჩიტი გალიაში ჩაკეტა. ეს ჩიტი მეფის მზერაა, მაგრამ მას არაფრის ცოდნა არ სურს. ისედაც ყველაფერი იცის, რაში ჭირდება ეს სულელი ჩიტი, რომელიც აქეთ-იქით დაფრინავს და უყვება რაც გარშემო ხდება. სკარს ყველაზე ნაკლებად აინტერესებს, რა ხდება გარშემო. სტალინი. მას თუ ცუდ ამბებს მიუტანდით, ან კარგს, შეიძლება მოეკალით. და ეს სერიოზული პრობლემაა. რადგან თუკი სჯით იმ ადამიანებს, რომლებსაც თქვენთვის ცუდი ამბები მოაქვთ, ვერასოდეს ვერაფერს ისწავლით. და ასეთი სიტუაციაა აქაც:

მისი პატარა ქვეშევრდომები, გიენები, უკმაყოფილონი არიან, რადგან საჭმელი არაფერი აქვთ. ამის მიზეზი იმაშია, რომ მათ ბოლომდე დააცარიელეს ლანდშაფტი. წამიკითხავს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის წინ, მისი მთელი ტერიტორიის 10-15% ცხოვრებისთვის უსარგებლო გახდა საწარმოო დაბინძურების გამო. არ მახსოვს, შედიოდა თუ არა ამაში ჩერნობილი, სადაც ეს საშინელი ავარია მოხდა, მაგრამ არსებობს უზარმაზარი დაცარიელებული ადგილები ამ ქვეყნებში, რომელთა აღდგენასაც ასობით წლები დაჭირდება. როგორც არ უნდა იყოს: როცა სკარი მართავს, ყველა შიმშილობს. 

ახლა კი დავუბრუნდეთ ამათ სამოთხეს. შეხედეთ ერთი, რა საცოდავი შეიძლება გახდე. დააკვირდით მისი სახის გამომეტყველებას. დანაყრებულია, თითქოს გალონი ნაყინი შეჭამა. და აქ ისეთი საცოდავი, თვითკმაყოფილი, გულუბრყვილო და უმეცარი ღიმილი აქვს სახეზე. ეს ანიმატორების ბრწყინვალე ნამუშევარია. გინდება, რომ სახეში გაარტყა. და სწორედ ესაა, რაც ხდება. რაც არ უნდა იყოს, იგი განაგრძობს გაუცნობიერებელ სულელად ყოფნას, სანამ მისი საზოგადოება ინგრევა. ყველაფერი გარშემო იძირება, და საქმე იმაშია, თქვენ რას უშვრებით ამას, ბრმა გაუცნობიერებლობაში რჩებით, რომ მომდევნო სადილი მიიღოთ, თუ გამოიღვიძებთ და რამეს მოუხერხებთ ამას. ეს თვითობის ძახილია. 

ახლა ვუბრუნდებით რაფიკის. მან იცის, რა ხდება სამეფოში. იგი თვითობის სიმბოლოა. და იგი ასევე ხვდება, რომ სიმბა ჯერ კიდევ ცოცხალია. ასე რომ მეფის ძე ისევ ცოცხალია, მიუხედავად იმისა, რომ სამეფოს ტირანი მართავს. იუნგიანური თვალთახედვით არ არსებობს დიდი განსხვავება თვითობასა და ბავშვს შორის. თვითობა - ესაა ყველა შესაძლებლობის ერთგვარი ჯამი, ხოლო ბავშვი - თავად შესაძლებლობაა. 

დავუშვათ მოზარდები ხართ. ყველანი ცინიკურები ხართ და თქვენს გარშემო ყველაფერი ინგრევა, რაც ადამიანის ტიპიური მდგომარეობაა, ასე არაა? რა უნდა გააკეთოთ, რომ ამას რამე მოუხერხოთ? პირველ რიგში სიბრძნის ხმამ უნდა მოგიხმოთ, და ასევე კვლავ უნდა იპოვოთ თქვენი ის ნაწილი, რომელიც ბავშვს ჰგავს, და მზეს უკავშიდება, და ასევე სიმბას იმ პირველ გახსნას მზის წინაშე. კვლავ უნდა იპოვოთ ეს და მიენდოთ იმას, რომ ერთგვარმა ბავშურმა ცნობისმოყვარეობამ და რწმენის მცირე გამოვლინებამ შესაძლოა სხვა ადგილას მიგიყვანოთ. ასე ხდება ბაბუინთან, ხესთან, ნახატთან დაკავშირებით. 

რაც არ უნდა იყოს, მან ახლა იცის, რომ სიმბა ცოცხალია, და მის საძებნელად მიემართება. ამასობაში კი სიმბა და მისი მოსულელო კომპანიონები ხოჭოებზე ნადირობენ. ის ხომ ლომია. ის არ უნდა ჭამდეს ხოჭოებს. მაგრამ ეს უფრო ადვილია. თქვენ ხედავთ სცენას, სადაც პუმბა ხოჭოს მისდევს. აქ ჩნდება ძუ ლომი და შესაჭმელად გაეკიდება მას. ეს საინტერესო მომენტია, რადგან ერთ-ერთი რამ, რაც გვიანდელ სიყმაწვილეში ხდება, შემდეგია: მამაკაცთა ბანდის სტრუქტურა ხშირად ინგრევა ბანდის ერთი ან რამდენიმე წევრის მიდრეკილებით - ჩაერთოს პირად რომანტიულ ურთიერთობებში. იდეა იმისა, რომ ძუ ლომი ხორცისმჭამელია და გუნდს დაშლის, სრულიად მართალია. 

ისინი პანიკაში არიან. ამ დროს სიმბა გამოჩნდება და ძუ ლომს ებრძვის თავისი მოსულელო მეგობრების დასაცავად. შედეგად ნოლა, რომელიც აღმოჩნდა ეს ძუ ლომი, ზემოდან მოექცევა მას, რაც გვახსენებს ისტორიის დასაწყისს, როცა ნოლა ყოველ შეხვედრაზე ერევა სიმბას. იგი ანიმას ფიგურას წარმოადგენს. მაშინვე არცხვენს მას. სწორედ ანიმაა კარიბჭე ცნობიერების მაღალ მდგომარეობაში. სწორედ იგი ხდის მას თვითცნობიერს. მაგრამ იგი ასევე ფსიქოლოგიური ფიგურაცაა. წარმოიდგინეთ, რომ ახალგაზრდა მამაკაცი ურთიერთობას აყალიბებს ახალგაზრდა ქალთან. ის შეყვარებულია - თავისი იდეალის პროეცირებას ახდენს მასზე. და ეს იდეალი ურთიერთობებში ნაწილობრივ განხორციელდება, ან შეიძლება სრულიად დაინგრეს. მოკლედ, იდეალის პროეცირებას ახდენს მასზე, წინააღმდეგ შემთხვევაში მისდამი ლტოლვა არ ექნებოდა, მაგრამ ეს იდეალი განსჯის მას - აიძულებს რომ თვითცნობიერად და უსარგებლოდ იგრძნოს თავი. ამით უბიძგებს, რომ გაიზარდოს. რადგან თქვენ საჭიროებას უნდა ხედავდეთ იმისთვის, რომ გაიზარდოთ. გაზრდა - ესაა პასუხისმგებლობის აღება საკუთარ თავზე. და თქვენ ვერ იგრძნობთ ამ მოთხოვნილებას, თუკი პასუხისმგებლობის აღება რამე სარგებელს არ მოგიტანთ. ქალები მიდრეკილნი არიან, რომ პარტნიორები თავის გასწვრივ ან მაღლა აირჩიონ დომინირების იერარქიაში. ურჩევნიათ ის მამაკაცები მიიზიდონ, რომლებსაც სარგებლობა მოაქვთ. ამიტომ, თუ ისეთ მამაკაცს ხვდებიან, რომელიც სრულიად უსარგებლოა, როგორც მინიმუმ ბედნიერები არ იქნებიან ამით. ვფიქრობ, ამის მიზეზი ეკონომიკური და ბიოლოგიურია. ქალი პირველ რიგში ბავშვებზე ზრუნვის პოზიციაში იმყოფება. ჩვილი ძალიან მძიმე ტვირთია, და ის ქალიც კი, რომელიც უფრო კომპეტენტურია, აღმოაჩენს, რომ უფრო შეზღუდულია შესაძლებლობებში, თუკი ჩვილი ბავშვი ყავს. ამიტომ ეძებს ვინმეს, ვინც ტვირთის ნაწილს გაიზიარებს. ეს სრულიად გონივრულია. და თქვენ ვერ გაინაწილებთ ამ ტვირთს, თუ სრულიად უსარგებლო ხართ. ასე რომ, ქალის ინტერესებშია, რომ საქმე ორ ბავშვთან არ ჰქონდეს, უხეშად თუ ვიტყვით. 

ამრიგად, ნოლა „მიჯირყვნის“ სიმბას, და იგი აღშფოთებულია ამით. რადგან ის სერიოზულად ესაუბრება მას მის სულელ მეგობრებზე, მის იმპულსურობაზე და იმაზე, რომ ამ სამოთხეში ეძებს ტკბობას, მაშინ, როცა სერიოზული პრობლემები უნდა გადაჭრას. და შეხედეთ მას, იგი აღშფოთებულია და უსარგებლოა. შევიწროებას და პასუხისმგებლობის დიდ ტვირთს გრძნობს, ისეთი სახე აქვს, რომ კიდევ გინდა სილა გააწნა. და ნოლა გაკვირვებული ეკითხება: სად წავიდა ის სიმბა, რომელსაც იცნობდა? და იგი ეჭვებითაა სავსე ამ სიტუაციის შემდეგ.

ანიმატორებმა შესანიშნავად შეასრულეს სამუშაო. შეამჩნევდით, რომ მისი წარბები ცენტრისკენ ზემოთაა მიმართული. მამამისის წარბები კი ცენტრთან ქვემოთ ეშვებოდა. ესაა განსხვავება ამ მდგომარეობას შორის, რომელიც ამბობს, რომ ყველაფერი თავისით, ინერციით ხდება, და იმ მდგომარეობას შორის, როცა მე აღვასრულებ ჩემს ნებას მოვლენებზე. ეს მოუმწიფებელი სახეა და ანიმატორებმა შესანიშნავად დაიჭირეს ეს. 

აქ ნოლა კვლავ არცხვენს სიმბას და ეუბნება, როგორ მოწონდა, როცა პატარა იყო და პოტენციური მეფე იყო. და როგორ ტკივა გული, როცა ასეთ უსარგებლოს და შთაგონებადს (მოწყვლადს), იმპულსურს და სიამოვნებებზე მაძიებელს ხედავს. 

ეუბნება, რომ ენატრებოდა, და კაცმა არ იცის რატომ... რადგან შეხედეთ კიდევ ერთხელ - სრულ განზიდვას იწვევს. 

შემდეგ მოდის შემდეგი არქეტიპული მდგომარეობა. მათ უყვარდებათ ერთმანეთი და ეს სამოთხისეული სურათები კარგადაა გამოკვეთილი. ისინი თამაშობენ, ნოლა სახეზე ლოკავს, და ეს ჩემი აზრით ანიმატორების შექმნილი ერთ-ერთი საუკეთესო კადრია, რადგან იგი აშკარად უბიძგებს მოვლენებს უფრო შორს, ვიდრე ამას სიმბა ხვდება. ყველა კლასში, სადაც ეს კადრი მიჩვენებია, ყველა იცინის. და ეს კარგი მაგალითია. ფროიდი ამბობდა, რომ ხუმრობა - კარგი გზაა არაცნობიერისკენ. ეს სახის არქეტიპული გამომეტყველებაა, და ყველამ იცის, რას ნიშნავს იგი. იგი ძალიან სექსუალური და მომხიბვლელია, და ძლიერ ეფექტს ახდენს სიმბაზე. 

დააკვირდით ამ დროს ტიმონის სახეს. ამ ბიჭებმა იციან, რომ ყველაფერი დასრულდა. როგორც არ უნდა ეცადონ სიმბას დაბრუნებას, ნოლასთან (მაცდური ფოტო) ვერაფერს გახდებიან. მასთან შედარებით ყველაფერი ფერმკრთალდება. სიმბამ მიიღო იმპულსი, თუ რა ელოდება ნოლასგან, თუკი გაიზრდება. იგი ცდილობს გაამართლოს თავისი სრულიად უსარგებლო ცხოვრება, და ფიქრობს, რომ არანაირ პასუხისმგებლობას არ ატარებს თავისი გაკოტრებული სამეფოს გამო. და ის იქაა, სადაც „აკუნა მატატაა“ - ანუ შემიძლია ვაკეთო რაც მინდა, და იმპულსურად მივეცე სიამოვნებებს. 

ნოლა თვლის, რომ ის საცოდავ მდგომარეობაშია, და ეუბნება, რომ იმედგაცრუებულია მისით. ეს აღიზიანებს სიმბას, რაზეც მოწმობს მისი აგრესიული სახე, მაგრამ მასში მაინც არაფერია ნებელობის და ძალაუფლების. ის უბრალოდ გაღიზიანებულია და ადემონსტრირებს: „მე გაბრაზებული ვარ“. მისგან არანაირი ძალა არ მოდის და ამ სიტუაციაშიც განზიდვას იწვევს. ამრიგად, ნოლა მკაცრად განსჯის მას და მიატოვებს, რაც აიძულებს სიმბას, რომ იფიქროს, თვითცნობიერს ხდის მას, რადგან ამ გოგოს, რომლითაც იგი აღტაცებულია, არანაირი ურთიერთობა არ სურს მასთან. თავიდან ფიქრობს: იქნებ უბრალოდ ყველა ქალი შევიძულო? რაც საკმაოდ საცოდავი დასკვნაა, მაგრამ საკმაოდ ხშირი. შემდეგ კი ფიქრობს, რომ შესაძლოა მის თავს ყველაფერი რიგზე ვერაა, ეს კი თვითანალიზის საკმაოდ მტკივნეული ნაწილია. და ბოლოს იგი მამას მიმართავს: „შენ ხომ შემპირდი, რომ მუდამ ჩემთან იქნები, მაგრამ არ ხარ!“

იგი აცნობიერებს, რომ მისი ყმაწვილური ფასეულობათა სისტემა არასრულია, და რაღაც მეტი უნდა, რაც არის კიდეც დაკავშირებული მამასთან თვითგაიგივებასთან. მაგრამ მამას ვერ პოულობს. ის გარდაცვლილია. როგორც პინოქიო წავიდა ოკეანის სიღრმეში ჯეპეტოს ამოსაყვანად, ასეთივე სიტუაციაში აღმოაჩინა საკუთარი თავი სიმბამ. მისი მამა მკვდარია და სიღრმეებიდან უნდა ამოიყვანოს. 

ფილმში აქ იწყება გზა ინიციაციის არქეტიპული ცერემონიისკენ. ამგვარად, ის ამბობს, რომ სურს შეიცვალოს. და ერთ-ერთი რამ, რაც კარლ როჯერსმა აღმოაჩინა, იყო ის, რომ თუ ვინმე ფსიქოთერაპევტთან მიდიოდა, რამდენიმე რამ უნდა მომხდარიყო მის იქ მისვლამდე. ერთ-ერთი - ეს იყო აღიარება, რომ რაღაც რიგზე ვერაა, და სურვილი - შეიცვალოს. 

და რა ხდება აქ? სიმბამ ფაქტიურად გადააგდო თავისი პატივმოყვარეობა და ზემოთ იყურება. რაღაც მაღალს უყურებს, და სურს შეცვალოს საკუთარი თავი. და სვავს კითხვას: „როგორ გავხდე უკეთესი?“ და პასუხს ვერ პოულობს. 

შემდეგ კი ჩნდება რაფიკი. და რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, რომ როგორც კი აღიარებთ, რომ რაღაცაში არ ხართ მართალი, და კარი გაუღეთ პოტენციურ ცვლილებებს, თქვენი ნაწილი გიპასუხებთ. წარმოიდგინეთ, რომ საკუთარ თავს უსვავთ კითხვას, შემდეგ კი პასუხებს თვითონვე პოულობთ. გააზრება მართლაც მუშაობს. „კარგი, მე მეგონა რომ კარგი ვიყავი, როცა ჩემს პატარა იმპულსურ სამოთხეში ვცხოვრობდი, მაგრამ აღმოჩნდა რომ უბრალოდ ბრიყვი ვარ, და მინდა შევცვალო ეს“. და საკითხი უკვე ფორმულირებულია. და როგორც იუნგი იტყოდა, თქვენი ღრმა ნაწილი, ის ნაწილი, რომელიც ჯერ გაუხსნელ პოტენციალს შეიცავს, გიპასუხებთ ამ ფორმულირებულ კითხვაზე, შეცვლის თქვენს ხედვას საგნებზე. თქვენი მოქმედება შეიცვლება, რათა შეძლოთ თქვენი იმ ნაწილების გამოყენება, რომლებიც ჯერ არ განვითარებულა. და თქვენ ცალსახად აკეთებთ ამას ფსიქოთერაპიის დროს. 

იუნგი ამბობდა, რომ ფსიქოთერაპია შეიძლება ჩანაცვლებულ იქნეს მაღალი სულიერი ძალისხმევებით. და ამაში გულისხმობდა, რომ თუკი მართლა გსურთ, რომ რაღაცეები უკეთესობისკენ შეიცვალოს, უნდა აღიაროთ, რომ არასრულფასოვანი ხართ მოცემულ მდგომარეობაში. თქვენ ფიქრობთ პრობლემაზე და იაზრებთ, რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ წესრიგში მოიყვანოთ თავი. არსებობს რაღაც თქვენში, რაც წარმართავს განვითარების პროცესს. ესაა თვითობა. ეს რაღაც თვალსაზრისით უმაღლესი მეა. ესაა ის, რაც უცვლელი რჩება ტრანსფორმაციის პროცესში. რადგან ჯერ ერთი ხართ, მერე კი სხვა ხდებით, მაგრამ არსებობს რაღაც ამის მიღმა, რაც წარმართავს მთელ ამ პროცესს. სწორედ ესაა თვითობა - ის, რაც შეიძლება გახდეთ. შეგიძლიათ ურთიერთობა გქონდეთ იმასთან, რაც შეიძლება გახდეთ. და ეს ძალზე საოცარი უნარია, რაც ადამიანებს გააჩნიათ. 

ამრიგად, ჩნდება რაფიკი (ბაბუინი), სიმბა კი წყლის პირას ზის და თვითანალიზს ეწევა. წყალში პატარა კენჭი ვარდება, რათა მისი ყურადღება მიიპყროს, და ჩნდება თვითობა. რაფიკი ტრიქსტერია. იგი უცნაურ ხუმრობებს უყვება და ერთი-ორჯერ ჯოხითაც ურტყამს. და დიდება ზეცას, რადგან ვინმეს უნდა გაეკეთებინა ეს. და რაღაც სულელურ ხუმრობებს უყვება ბანანების შესახებ, რათა აიძულოს სიმბა, რომ გაყვეს მას.  აგებინებს მას, რომ საიდუმლო აქვს, და აცდუნებს, რომ გაყვეს. სიმბა უეცრად რაღაცით დაინტერესებული ხდება. ასე რომ, თუკი საკუთარ თავს კითხავთ, რომელია განვითარების შემდეგი საფეხური, უცებ იმ საკითხებით ხდებით დაინტერესებული, რომლებიც ამ შემდეგ საფეხურამდე მიგიყვანენ. და ეს ასე თუ ისე გაუცნობიერებლად ხდება. 

მაშ ასე, რაფიკი აცდუნებს მას, და სიმბაც სირბილით მიჰყვება. და აქ იგი ავლენს საკუთარ თავს, როგორც ბრძენს, ეუბნება სიმბას,  რომ გაყვეს მას, და მიწის ქვეშ ჩადის. ეს ინიციაციის სცენაა, რომელზეც კურსის დასაწყისში ვისაუბრეთ. ეს მიწისქვეშა სამყაროში ჩასვლაა. და ეს აუცილებელი პირობაა რადიკალური პიროვნული ტრანსფორმაციისთვის. 

ამრიგად, იგი ჩადის ამ საშიშ მიწისქვეშა გვირაბულ სისტემაში, სადაც ყველაფერი ჩახლართულია. როცა ქაოსში ჩავარდნილხართ, იქ ყველაფერი ჩახლართულია. ეს გადახლართული უწესრიგობაა. ფონად საშიში მუსიკა უკრავს. იგი უფრო და უფრო ღრმად ჩადის, სანამ რაფიკი ქაოსის შიგნით ღრმა ტბას არ იპოვის. ეს თვითობის კიდევ ერთი სიმბოლოა. ეს ღრმა არაცნობიერია. იქ, სიღრმეში, რაღაც ცოცხალი ცხოვრობს, რაღაც, რაც ზედაპირზე უნდა იქნეს ამოტანილი. 

რაფიკი ტბას აჩვენებს მას, და სიმბა, რომელიც საკმაოდ შეშინებულია ამ მომენტისთვის, იყურება ტბაში, და პირველი რასაც ხედავს - საკუთარი თავია. მხოლოდ საკუთარ ანარეკლს ხედავს. რაფიკი ეუბნება - „სიღრმეში ჩაიხედე“. და შეხედეთ, რას აკეთებენ ანიმატორები. ეს ძალიან მაგარია. 

აი, სიმბა, და აი ანარეკლი, მაგრამ ამ ანარეკლში იგი უკვე ნახევრად მამამისია. დააკვირდით სხვაობას წარბებში და მზერაში. ვლინდება მოკუმული ყბა და სახის სიმტკიცე. ეს ნიშნავს, რომ იგი ხედავს მამაკაცს, რომელიც შეუძლია იყოს სიყმაწვილის ზღვარს მიღმა. 

შემდეგ უეცრად სრულიად სხვა სახე ჩნდება. ეს სახე ძალიან განმსჯელია. იგი არანაირად არაა მიამიტური. ჩვენ ხომ ვიცით, რომ მისი მამა კარგი იყო, ანუ ამაში არის რაღაც არქეტიპული. ანუ ის ხედავს მამაკაცს, რომელიც შეიძლება გახდეს, და რომელიც მას უყურებს. 

შემდეგ ჩვენ გადავდივართ ცაზე, და მუფასა თავს ავლენს, როგორც მზიური მამა. და იგი ეუბნება სიმბას, რომ მას დაავიწყდა, ვინაა სინამდვილეში, რომ ის მეფის შვილია, და რომ უნდა ახსოვდეს ეს, და სათანადოდ უნდა მოიქცეს. ეს არქეტიპული იდეაა. ასე რომ თუ თქვენ უსარგებლო მოზარდი ხართ და დაგავიწყდათ ვინ ხართ, შედეგად სახელმწიფომ თქვენს გარშემო დაიშლება და თქვენ არაფერს არ გააკეთებთ იმისთვის, რომ გამოასწოროთ ეს. ვერავინ იქნება თქვენს იმედად, და თქვენ იწუწუნებთ და განაწყენებული იქნებით. შედეგად კი ყველაფერი გაუარესდება. არსობრივად სწორედ ამას ეუბნება მუფასა...

და სიმბა გაოგნებულია ამ ხილვით, რადგან ის ხედავს, ვინ შეიძლება გახდეს, და ასევე ხედავს, თუ ვინ არაა, რაც საკმაოდ შემაშინებელია. 

ამრიგად, შტორმი მთავრდება, და ჩნდება რაფიკი, სიმბა კი ბევრად უფრო მეტად ჩაფიქრებულია. იგი ახლა აღარაა ისეთი წუწუნა და ნაწყენი. სიმბამ უკვე იცის, რა უნდა გააკეთოს. მან უნდა მიიღოს მორალური პასუხისმგებლობა, რომ სახელმწიფო წესრიგში მოიყვანოს.

ამრიგად, სიმბა უდაბნოს გავლით უკან, თავის სამეფოში ბრუნდება. და მისი სამეფო არც ისე კარგად გამოიყურება. ფაქტიურად მკვდარია, რადგან ბოროტებას და ქაოსს დაუტოვა იგი. 

ის გაოგნებულია მომხდარით, და ეს კიდევ უფრო უძლიერებს დანაშაულის გრძნობას. შემდეგ ნალა ჩნდება, და გადაწყვეტენ რამე მოუხერხონ ამ ყველაფერს. 

ამ დროს სიმბას დედა სკარს შესჩივლებს, რომ სამეფოში საკვები აღარაა. სკარს არ უნდა ამის მოსმენა, ამიტომ უტევს მას. და სიმბა ომს უცხადებს მას. აქ ის იღვიძებს, აქ ის ნებაყოფლობით ეხება ჩრდილს, და სკარს ბრძოლაში იწვევს. ეს აღელვებს სკარს, რადგან სიმბა ახლა უკვე საკმაოდ შთამბეჭდავად გამოიყურება, თანაც მკვდარი ეგონა. ამიტომ ცდილობს ვერაგობა, მლიქვნელობა და სუბორდინაცია გამოიყენოს, რათა კონფლიქტს თავი აარიდოს. ამავდროულად მზაკვრულად გეგმავს, რომ მოიშოროს იგი. სიმბა უბრძანებს, რომ წავიდეს მისი სამეფოდან, როგორც სკარმა გაუკეთა ადრე, მაგრამ სკარი უარს ამბობს. 

აქ ჭექა-ქუხილი იწყება და მეხი კლდის ქვეშ ბუჩქნარში ხანძარს აჩენს. ეს ჯოჯოხეთის იმიტაციაა. მათ მძიმე ბრძოლა აქვთ, და სიმბა იმავე მდგომარეობაში აღმოჩნდება, რომელშიც მუფასა იყო. ამ დროს სკარი ჩასჩურჩულებს, რომ ეს მან მოკლა მამამისი, სიმბა კი მთელი ამ დროის განმავლობაში ფიქრობდა, რომ ეს მისი ბრალი იყო. და რაღაც თვალსაზრისით ასეც იყო, მაგრამ ამის ქვეშ უფრო არქეტიპული თემა თამაშდებოდა, რადგან საზოგადოება ყოველთვისაა დაქვემდებარებული ბოროტების საფრთხისადმი. რაღაც თვალსაზრისით ეს არაა დამოკიდებული სიმბას გადაწყვეტილებებზე, ან მათ არარსებობაზე. 

როგორც არ უნდა იყოს, სკარი ეუბნება ამას, რადგან ჰგონია, რომ გაიმარჯვა. ეს კი მეტ ძალას აძლევს სიმბას გადამწყვეტი ბრძოლისთვის. ის თავს იძვრენს, სკარს გაიგდებს და ყელზე აწვება. ძუ ლომებიც დასახმარებლად მოდიან. სიმბა კვლავ ეუბნება, რომ უნდა წავიდეს. მათ ისევ მძიმე ბრძოლა აქვთ. აქ განსაკუთრებულად კარგი ანიმაციაა, და კარგად ჩანს სკარის დემონური ასპექტი - ერთგვარი ჯოჯოხეთის მეფის ხატ-სახე. მაგრამ ის მარცხდება კლდიდან ვარდება და გიენების, თავისი ყოფილი ქვეშევრდომების ნადავლი ხდება. 

სკარის დამარცხების შემდეგ მაშინვე წვიმა იწყება. და რას ნიშნავს ეს? იმას, რომ როცა სამეფოში სათანადო წესრიგი აღდგენილია, ყველაფერი კვლავ აყვავებას იწყებს. ამრიგად, წვიმა იწყება, და სანამ წვიმს, სიმბა კლდის ქიმზე ადის. ახლა ის სრულიად მომწიფებულია. სახის ის საცოდავი გამომეტყველება სრულიად გაქრა. ახლა უფრო გამართულია, რადგან სეროტონინით სავსეა სკარზე გამარჯვების შემდეგ. ის სიამაყის კლდეზე ადის და ძუ ლომები გამარჯვების ღრიალით ხვდებიან. 

შემდეგ მზე გამოდის. არსობრივად ეს ნიშნავს, რომ თუ ინდივიდს კეთილი ნებით შეუძლია თავისი ჩრდილისა და ბოროტი ძალების გამოწვევის მიღება, შედეგად ჰარმონია შესაძლებელია აღდგეს და ყველას შეუძლია კარგად იგრძნოს თავი. შემდეგ დასაწყისში ვბრუნდებით. სიმბა და ნოლა ახლა წყვილი არიან. მათ ბოკვერი ჰყავთ. ჩნდება რაფიკი, და იმავე რიტუალს იმეორებს, რაც დასაწყისში მოხდა. 

აქ მოცემული იყო არქეტიპული ისტორია, და ერთ-ერთი, რასაც იუნგი აღნიშნავდა, აქ რომ ყოფილიყო, ისაა, რომ ფილმის ნახვისას თქვენ ხვდებით ამ ყველაფერს, რადგან რაღაც დონეზე ამ ეს ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია. მაშინაც კი, თუ პატარა ბავშვი ხართ, ეს ყველაფერი თქვენს სიმებს ეხება. და სწორედ ეს სიმებია არქეტიპები. რადგან თქვენში ეს რაღაც რომ არ ყოფილიყო, ამ ყველაფერს ვერ იგრძნობდით. 

ესაა დამოუკიდებელი ინდივიდის განვითარების ისტორია, ესაა გმირის არქეტიპი. და რაღაც ფორმით ადამიანები მაინც იღებენ ასეთ ისტორიებს, ასეთი ფილმების სახით. ალბათ ტკბებოდით ამ ფილმით, როცა ბავშვები იყავით, ან ახლაც ტკბებით. 

მსგავსი სტატიები

ჯორდან პიტერსონი: რატომ არიან ახალგაზრდები განაწყენებულები და ცინიკურები


ტრანსკრიბცია ჯორდან პიტერსონის ვიდეოდან (ვიდეო იხ. ტექსტის ბოლო...

ფსიქოლოგიის დაბადება


თარგმანი ტორონტოს უნივერსიტეტის პროფესორის - სტივ ჯორდენსის ...

თვითშეფასება


ავტორი: ნანა აბესაძე რა ფაქტორები განაპირობებს მოტივაციის გაქრობ...

ადამიანთა სისტემის ევოლუციური არქეტიპები


ავტორი: იოანე შენგელია ძვირფასო მკითხველო, მოცემული ტექსტი წარმო...

იუნგის არქეტიპები და მეფე ლომი


ავტორი: ჯორდან პიტერსონი ტრანსკრიბცია ლექციიდან (მოკლე ვერსია) ორ...

ფსიქოლოგიური ეფექტები


მთარგმნელი: ელისო აბულაშვილი წყარო ადამიანის ცხოვრება ძალიან რთ...

არსებობს თუ არა მხოლოდ 16 ფსიქოტიპი?


არსებობს თუ არა ადამიანების მხოლოდ 16 კატეგორია? რა თქმა უნდა, არ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff